დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2175 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/06/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26(33), 06/03/2000 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 22/08/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.04.001.000.614 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №31-33, მუხ. 671) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საყოველთაო საარჩევნო უფლება
1. საქართველოს პარლამენტის არჩევნები საყოველთაოა: არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, ხოლო არჩეული შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, განათლებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა.
2. პარლამენტის წევრად არჩეული არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობს საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. არჩევნების ჩატარება საარჩევნო კომისიების მიერ საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფენ ამ კანონით დადგენილი წესით შექმნილი საარჩევნო კომისიები.“.
3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება აქვთ:
ა) ამ კანონით დადგენილი წესით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ პარტიათა საარჩევნო ბლოკს;
გ) ამ კანონით დადგენილი წესით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს –მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში.“.
4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან
პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
5. მე-10 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მეორე წინადადება.
6. მე-11 მუხლის:
ა) სათაურში სიტყვები „არჩევნების კანონის“ შეიცვალოს სიტყვებით „საარჩევნო კანონმდებლობის“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების კანდიდატებს, აგრეთვე ოლქში წარდგენილ კანდიდატებს, რომლებიც გადაამეტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი საარჩევნო ფონდის ზღვრულ ოდენობას ან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგენენ არჩევნებში გამოყენებული სახსრების ანგარიშს, ეკრძალებათ საქართველოს პარლამენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით საარჩევნო ბარიერგადალახულ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებს და პარლამენტის წევრად არჩეულ დამოუკიდებელ კანდიდატებს ჩამოერთმევათ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული მანდატები. ასეთი დარღვევების საქმეებს არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამებიდან არა უგვიანეს 3 დღისა ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არჩევნებში მონაწილე პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგინების საფუძველზე 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს უზენაესი სასამართლო.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (გარდა იმ დადგენილებებისა, რომლებიც შეეხება საკადრო და პერსონალურ, აგრეთვე არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის და არჩევნების შედეგების შეჯამების საკითხებს) არის ნორმატიული აქტი.“.
8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. არჩევნების დანიშვნა
პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 40 დღისა და არა უგვიანეს 15 დღისა. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.“.
9. მე-13 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიები რეგისტრაციაში უნდა გატარდნენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. პარტიამ, რომელსაც სჭირდება 50 000 მხარდამჭერი ამომრჩევლის სიის წარდგენა, განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნების წლის არა უგვიანეს 1 ივლისისა და 30 დღის ვადაში უნდა წარადგინოს მხარდამჭერთა სია. პარტიამ, რომელსაც არჩევნების დანიშვნის მომენტისათვის ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 55-ე დღისა. კომისიას უნდა წარუდგინონ პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება და პარტიის რეგისტრაციის მოწმობის ასლი. განცხადების ფორმას ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სახელწოდება, რომლითაც იგი რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში, ხელმძღვანელი პირის (პირების), რწმუნებულის და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლების მქონე პირის (პირების) სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი.
2. ზემოთ ჩამოთვლილი პირობების შესრულებიდან 6 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია წყვეტს პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხს და აძლევს სათანადო ცნობას მის რწმუნებულს. რეგისტრაციაში არ გატარდება პარტია, რომლის საქმიანობა შეჩერებულია კანონით დადგენილი წესით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, ფორმდება დადგენილებით. დადგენილებაში სრულად უნდა აისახოს ის გარემოებანი, რომელთა გამოც პოლიტიკურ გაერთიანებას უარი ეთქვა საარჩევნო რეგისტრაციაზე ან გაუუქმდა იგი.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-4 და მე-5 პუნქტებად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაციაში გატარებული პარტიის შესაბამისი დეპუტატის სხვა პარტიულ სიაში აღმოჩენის შემთხვევაში, თუ პარტიის მიერ წარდგენილ სიაში რეგისტრაციის მომენტისათვის არ იქნა პარლამენტში მისი სხვა წარმომადგენელი, ამ პარტიას (საარჩევნო ბლოკს) უუქმდება პარტიული სია და საარჩევნო რეგისტრაცია.“.
10. მე-14 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში რიცხვი „25“ შეიცვალოს რიცხვით „36“;
ბ) მე-4 პუნქტის პირველი წინადადებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საარჩევნო კომისიის წევრთა და“, ხოლო მეორე წინადადებიდან – „საარჩევნო კომისიის წევრი და“;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ბლოკს უფლება აქვს უარის მიღებიდან 2 დღის ვადაში გაასაჩივროს კომისიის დადგენილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“.
11. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. საარჩევნო უბნები
1. პარლამენტის არჩევნების დროს კენჭისყრის მოსაწყობად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქები იყოფა საარჩევნო უბნებად. საარჩევნო უბნები იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის არჩევნებამდე არა უგვიანეს 55 დღისა. ძნელად მისადგომ ადგილებში, საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე საარჩევნო უბნები იქმნება იმავე ვადაში, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში – არჩევნებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას საარჩევნო უბნები.
2. საარჩევნო უბნებს ქმნიან ან/და შექმნილი უბნების საზღვრებს აზუსტებენ საოლქო საარჩევნო კომისიები რაიონის (ქალაქის, ქალაქის რაიონის) ტერიტორიაზე მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების წარდგინების გათვალისწინებით. არჩევნების დღეს საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში – დისლოკაციის ადგილის მიხედვით, ნაოსნობაში მყოფ გემებზე – გემის მიწერის ნავსადგურის ადგილის მიხედვით საარჩევნო უბნები იქმნება იმავე წესით. სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში საარჩევნო უბნები იქმნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით. საარჩევნო ოლქისათვის ამ უბნების მიკუთვნების საკითხს წყვეტს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
3. საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, აგრეთვე ძნელად მისადგომ ადგილებში ხმის მიცემა შეიძლება მოხდეს გადასატანი ყუთის მეშვეობით.
4. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნის შექმნიდან 5 დღის ვადაში ადგილობრივ გაზეთებში, ადგილობრივი რადიოთი და ტელევიზიით აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, მათ საზღვრებს, საუბნო საარჩევნო კომისიებისა და ხმის მისაცემი შენობების მისამართებს.“.
12. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. საარჩევნო კომისიის შემადგენლობა
1. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში არჩეული ან დანიშნული შეიძლება იყოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე.
2. საარჩევნო კომისიებში ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თითო წევრს ნიშნავს პროპორციული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით 5 საუკეთესო შედეგის მქონე პარტია (საარჩევნო ბლოკი).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პარტიები ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში წევრებს ნიშნავენ 4 წლის ვადით არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 30 დღისა, საუბნო საარჩევნო კომისიებში – არჩევნებამდე არა უგვიანეს 45 დღისა, მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი – არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა უფლებამოსილება წყდება უბნებში არჩევნების შედეგების შეჯამებისთანავე.
4. თუ კომისიის წევრი დანიშნული იყო ბლოკის მიერ და მორიგ არჩევნებში ეს ბლოკი არ ღებულობს მონაწილეობას, მაშინ მის მაგივრად წევრის დანიშვნის უფლება თანამიმდევრულად ენიჭებათ ბლოკის სიაში დასახელებულ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პარტიებს.
5. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლება არ გამოიყენა რომელიმე პარტიამ (საარჩევნო ბლოკმა), ამ შემთხვევაში კომისიის წევრს ნიშნავს ზემდგომი კომისია, ხოლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში –პარლამენტი.
6. თუ ერთსა და იმავე კომისიაში თავისი წარმომადგენელი დანიშნა ერთზე მეტმა პარტიულმა ორგანომ, კომისიის წევრად ჩაითვლება ზემდგომი ორგანოს მიერ დანიშნული პირი.
7. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული ან არჩეული პირი მის წევრად ჩაითვლება საარჩევნო კომისიაში დანიშვნის ან არჩევის მომენტიდან.
8. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ დანიშნული კომისიის წევრები საარჩევნო კომისიის წევრებად ჩაითვლებიან შესაბამის კომისიაში გამოცხადების მომენტიდან, ხოლო ზემდგომი კომისიის მიერ დანიშნული პირები – დანიშვნის მომენტიდან.
9. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება დაინიშნონ საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა წევრები, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატები, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რწმუნებულები, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირები.
10. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან წევრის უფლებამოსილება წყდება:
ა) გადადგომის შემთხვევაში (განცხადება გადადგომის შესახებ წარედგინება ზემდგომ საარჩევნო კომისიას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირისათვის კი თვით ამ კომისიას და დაკმაყოფილდება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას იღებს საქართველოს პრეზიდენტი);
ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
გ) უფლებამოსილების ჩამორთმევისას;
დ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას;
ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
ვ) გარდაცვალებისას.
11. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს.
12. კომისიის წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი ნიშნავს (ირჩევს) შესაბამის წევრს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.“.
13. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საარჩევნო კომისიებში ყველა სახის დოკუმენტის მიღება წარმოებს 18 საათამდე.“.
14. მე-20 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვის „მდივანს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და კომისიის წევრებს“;
ბ) მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალ ყველა პირს“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უფლებამოსილების განხორციელების მანძილზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.“.
15. 21-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „არანაკლებ 20 წევრისაგან“ შეიცვალოს სიტყვებით „14 წევრისაგან“, ხოლო პუნქტს დაემატოს შემდეგი წინადადებები „ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი არის სახელმწიფო მოხელე. მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.“;
ბ) მე-2 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს პარლამენტი ყოველი საპარლამენტო არჩევნების წლის საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს 4 წლის ვადით დადგენილებით ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 5 წევრს, რომელთაგან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი არ უნდა იყოს სამზე მეტი.“;
გ) მე-3–6 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-4–7 პუნქტებად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრს და პარლამენტის თანხმობით – თავმჯდომარეს 5 წლის უფლებამოსილების ვადით, ხოლო სესიათაშორის პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე და მის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს შეკრებისთანავე.“;
დ) მე-5 პუნქტში რიცხვი „23“ შეიცვალოს რიცხვით „17“;
ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს.“;
ვ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს პარტიები ნიშნავენ ამ კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.“.
16. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) ქვეპუნქტები დალაგდეს ანბანის მიხედვით;
ბ) „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ორი მესამედის“;
გ) „გ“ ქვეპუნქტში სიტყვები „ორ-ორ“ შეიცვალოს სიტყვებით „ოთხ-ოთხ“.
17. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. საოლქო საარჩევნო კომისია
1. საოლქო საარჩევნო კომისია იქმნება თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნისა და 7 წევრისაგან.
2. ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და 4 წევრს საპარლამენტო არჩევნების წლის მაისის თვეში 4 წლის ვადით, ხოლო 5 წევრს ნიშნავენ ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პარტიები. საოლქო საარჩევნო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს.
3. საოლქო საარჩევნო კომისია თავის და ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობას, მისამართებსა და ტელეფონის ნომრებს შექმნიდან 3 დღის ვადაში აქვეყნებს შესაბამისი ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
4. პარტიები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავენ ამ კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.“
18. 24-ე მუხლის:
ა) ქვეპუნქტები დალაგდეს ანბანის მიხედვით;
ბ) „გ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ორ“ შეიცვალოს სიტყვით „ოთხ“;
გ) „ზ“ ქვეპუნქტში სიტყვის „რწმუნებულს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ოლქში წარდგენილი კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირს“.
19. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 25. საუბნო საარჩევნო კომისია
1. საუბნო საარჩევნო კომისია იქმნება არჩევნებამდე არა უგვიანეს 45 დღისა თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნისა და 7 წევრისაგან.
2. საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და 4 წევრს. თუ საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები თანაბრად გაიყო, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია. საუბნო საარჩევნო კომისიის 5 წევრს ნიშნავენ ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პარტიები.
3. საუბნო საარჩევნო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს.
4. საუბნო საარჩევნო კომისია თავის შემადგენლობას, კომისიის მისამართსა და ტელეფონის ნომრებს აქვეყნებს დაუყოვნებლივ.
5. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება მთავრდება ოლქში არჩევნების შედეგების შეჯამებისთანავე.
6. პარტიები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავენ ამ კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.“.
20. 27-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს;“;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) შესაბამის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრს.“;
გ) მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას დაემატოს სიტყვები „აგრეთვე ამ პირის თანხმობა საარჩევნო კომისიაში წარდგენაზე (დანიშვნაზე)“.
21. 28-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვა „მე-8“ შეიცვალოს სიტყვით „მე-10“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-3 და მე-4 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-2 და მე-3 პუნქტებად;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიაში შემავალი პირის მოვალეობისაგან გათავისუფლებისას ან მისი გარდაცვალებისას კომისიაში ამ კანონით დადგენილი წესით ახალ წევრს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით, არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 30 დღისა, ნიშნავს ის ორგანო, რომელსაც დანიშნული ჰყავდა კომისიიდან გამოკლებული წევრი.“.
22. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება ხდება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა – საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 3 დღისა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
23. 30-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების სავარაუდო ოდენობას განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც არჩევნების წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში აისახება ცალკე მუხლით.“;
ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს ორი კვირისა, მაგრამ არჩევნებამდე არა უგვიანეს 58 დღისა ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტში არჩევნებისათვის გამოყოფილი თანხის ჩარიცხვას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე.
3. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველი პარტია, საარჩევნო ბლოკი და ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი ქმნის საარჩევნო ფონდს ბანკში საანგარიშსწორებო ანგარიშის გახსნით, რისთვისაც მათ უფლება აქვთ გამოიყენონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, თავიანთი სახსრები, მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა (რომლებშიც არ არის სახელმწიფოს წილი), საქართველოს მოქალაქეთა და პოლიტიკურ გაერთიანებათა შემოწირულობანი.“;
გ) მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებაში სიტყვები „პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატი“ შეიცვალოს სიტყვებით „ხოლო პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატის ფონდს განაგებს კანდიდატის მიერ დანიშნული ფონდის გამგებელი“;
დ) მე-6 პუნქტში სიტყვები „უნდა ჩარიცხოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 50 დღისა“ შეიცვალოს სიტყვებით „უნდა ჩარიცხოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 47 დღისა“;
ე) მე-8 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები, საარჩევნო ბლოკები და პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო პარტიები და საარჩევნო ბლოკები, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით გადალახეს ბარიერი, აგრეთვე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით პარლამენტის წევრად არჩეული დამოუკიდებელი კანდიდატები არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს“;
ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სახელმწიფო მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები საარჩევნო კომისიების განკარგულებაში უფასოდ გადასცემენ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობებსა და მოწყობილობებს. სატელეფონო საუბრები ანაზღაურდება არჩევნების ხარჯებიდან. საარჩევნო კომისიები, როგორც წესი, არ უნდა იყვნენ განთავსებულნი იმავე შენობებში, რომელშიც განთავსებული არიან სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ან/და პარტიები.“.
24. 31-ე მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საარჩევნო კომისიების სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს შესაბამის საარჩევნო ოლქში, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული იმ პარტიების თითო წარმომადგენელს, რომლებსაც შესაბამის კომისიაში არ დაუნიშნავთ კომისიის წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული საზოგადოებრივი გაერთიანებების თითო წარმომადგენელს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ აკრედიტებულ პრესის, ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლებს (რეგისტრაციისა და აკრედიტაციის შესახებ განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 10 დღისა არჩევნების დღემდე. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილება გამოაქვს განცხადების წარდგენიდან 6 დღის ვადაში), მეთვალყურეებს სხვა სახელმწიფოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ხოლო არჩევნების დღეს ხმის მისაცემ შენობაში, ხმის მისაცემი შენობების გახსნიდან არჩევნების შედეგების შეჯამების დამთავრებამდე, – პარლამენტის წევრობის კანდიდატების, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ დანიშნულ თითო მეთვალყურესაც. პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რწმუნებულის უფლებამოსილების ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტით.“.
25. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. ამომრჩეველთა სია და მისი შედგენის წესი
1. ამომრჩეველთა სია თითოეული უბნის მიხედვით დგება ორ ცალად. სიას ყველა გვერდზე ხელს აწერენ საუბნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
2. სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები არჩევნებამდე არა უგვიანეს 55 დღისა უზრუნველყოფენ დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა, მათ შორის იმათი, ვისაც არჩევნების დღისათვის უსრულდება 18 წელი, აღრიცხვას და გადასცემენ საარჩევნო კომისიებს იმ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა ამომრჩეველთა სიების შესადგენად. ამომრჩეველთა სიაში შედის ამომრჩევლის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მისამართი.
3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილთა სიას საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს არჩევნებამდე 55 დღით ადრე. თუ დევნილის სტატუსის მქონე პირი აღმოჩნდება რეგისტრირებული რომელიმე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, იგი ამოღებულ იქნება დევნილთა საარჩევნო სიიდან. დევნილთა სიები საარჩევნო ოლქის მიერ კეთდება იმ რაიონების მიხედვით, სადაც ცხოვრობდნენ დევნილი ამომრჩევლები და გადაეცემა შესაბამის უბანს მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ამომრჩეველთა სიებს საარჩევნო უბნების მიხედვით, რომლებიც შექმნილია საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, აგრეთვე არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე და სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში, ადგენენ შესაბამისი საუბნო კომისიები ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და გემების კაპიტნების მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე.“.
26. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამომრჩეველთა სიაში შეაქვთ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც აქვს საარჩევნო უფლება და რომელიც სიის შედგენის მომენტისათვის რეგისტრირებულია მოცემული საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები საარჩევნო სიებში შეაქვთ მათი დისლოკაციის ადგილის მიხედვით. იძულებით გადაადგილებული პირები საარჩევნო სიებში შეაქვთ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მათთვის დგება ცალკე სია და ისინი მონაწილეობას არ იღებენ ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში.“.
27. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. მოქალაქეთათვის ამომრჩეველთა სიების გაცნობა და ამომრჩეველთა სიაში უსწორობის გასაჩივრების უფლება
1. საარჩევნო სიები ქვეყნდება არჩევნებამდე 30 დღით ადრე. პრეტენზიები საუბნო საარჩევნო კომისიაში მიიღება არჩევნებამდე არა უგვიანეს 20 დღისა. პრეტენზიებს საუბნო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ გადასცემს საარჩევნო ოლქს, რომელსაც პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამომრჩეველი შეყავს ამომრჩეველთა სიაში, რომელიც ქვეყნდება არჩევნებამდე 10 დღით ადრე. თუ პრეტენზია არ დაკმაყოფილდა, ამომრჩეველს უფლება აქვს 3 დღის ვადაში სარჩელი შეიტანოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საქმეს განიხილავს 3 დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამომრჩეველი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეყავთ ამომრჩეველთა სიაში.
2. ამომრჩეველთა დამატებით სიაში შეყვანილი იქნებიან კომისიის წევრები, რომლებიც კომისიის წევრად დანიშნულნი არიან იმავე ოლქის სხვა საუბნო საარჩევნო კომისიაში. ამ შემთხვევაში ამომრჩეველი ხმას აძლევს ხმის მიცემის მოწმობის საფუძველზე. თუ პირი დანიშნულია სხვა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად, იგი მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში.“.
28. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან
საქართველოს პრეზიდენტი, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები და მათი მოადგილეები, რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის, რაიონის ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები (მდივნები), საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები, მოსამართლეები და მათი თანაშემწეები, საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრები (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები), საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები, თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე და მოადგილეები, აგრეთვე პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები არ შეიძლება წარდგენილ იქნენ პარლამენტის წევრობის კანდიდატად, თუ რეგისტრაციამდე განთავისუფლებულნი არ იქნებიან დაკავებული თანამდებობიდან.“.
29. 37-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტში სიტყვები „რიცხვს, რომელიც ტოლია ერთმანდატიან ოლქებში პარტიის, ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების რაოდენობისა და 150-ის ჯამისა“ შეიცვალოს რიცხვით „235“;
ბ) მე-6 პუნქტში რიცხვი „30“ შეიცვალოს რიცხვით „36“, ხოლო მე-2 წინადადებას სიტყვის „იყოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი, ორი ფოტოსურათი და“.
30. 38-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „ყოველ საინიციატივო ჯგუფს“ შეიცვალოს სიტყვებით „არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიას, საარჩევნო ბლოკს და საინიციატივო ჯგუფს“, ხოლო სიტყვები „მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა“ – სიტყვებით „იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო არჩევნებში არჩეული იყო პარლამენტის წევრად“;
ბ) მე-3 პუნქტში რიცხვები „50“ და „45“ შესაბამისად შეიცვალოს რიცხვებით „40“ და „36“, ხოლო მე-2 წინადადებას სიტყვის „იყოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი, ორი ფოტოსურათი“;
გ) მე-5 პუნქტში რიცხვი „40“ შეიცვალოს რიცხვით „36“.
31. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მაგრამ არა უგვიანეს არჩევნებამდე 34-ე დღისა“.
32. მე-40 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტში სიტყვების „პრეზიდენტობის კანდიდატად“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატად“, სიტყვები „პოლიტიკური გაერთიანების“ შეიცვალოს სიტყვებით „პარტიის ან“, ხოლო სიტყვები „ან პარტიული სიითა და ამომრჩეველთა მიერ წარდგენილ კანდიდატად კენჭისყრაზე“ ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 პუნქტს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „პარტიისა და“, ხოლო სიტყვები „არჩევნების დღის წინა დღის 12 საათამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „არჩევნებამდე არა უგვიანეს 2 დღისა“;
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ოლქში წარდგენილი კანდიდატებისა და პარტიული სიების რიგითობის დასადგენად წილისყრის ჩატარების წესს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.“.
33. 41-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში სიტყვები „კენჭისყრის წინა დღის 12 საათამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა“, ხოლო პირველ პუნქტში სიტყვა „რეგისტრაციის“ – სიტყვებით „უფლებამოსილების ცნობის“.
34. 42-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საარჩევნო ბიულეტენის ფორმას დადგენილებით ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.“;
ბ) მე-3 პუნქტის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყოველ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა შესაბამის საარჩევნო ოლქში, უბანში ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისი ბიულეტენები“.
35. 47-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტში სიტყვები „შესაბამისად დაისჯება“ შეიცვალოს სიტყვებით „ისჯება საქართველოს კანონმდებლობით“;
ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღის დანიშვნის შესახებ ცნობის გამოქვეყნების დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების კანდიდატებს, აგრეთვე ოლქში წარდგენილ კანდიდატებს, მათ რწმუნებულებსა და ნდობით აღჭურვილ პირებს მათი სახელით ეკრძალებათ გადასცენ ამომრჩევლებს ფულადი სახსრები, საჩუქრები და სხვა სახის მატერიალური ფასეულობანი, ჩაატარონ საქონლის შეღავათიან ფასებში გაყიდვა, მიაწოდონ ან უფასოდ გაავრცელონ ნებისმიერი საქონელი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული პროპაგანდისტული მასალისა, აგრეთვე დააინტერესონ ამომრჩევლები მათთვის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით. ასეთი ფაქტის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურების შემთხვევაში არჩევნებში მონაწილე ამ პარტიის, საარჩევნო ბლოკის, პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით.“.
36. 48-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტში რიცხვი „15“ შეიცვალოს რიცხვით „25“;
ბ) მე-4 პუნქტში რიცხვი „14“ შეიცვალოს რიცხვით „10“.
37. 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში და საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრა დამთავრებულად გამოაცხადოს ნებისმიერ დროს, თუ ხმა მისცა სიაში შეტანილმა ყველა ამომრჩეველმა.“.
38. 50-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პასუხისმგებლობა კენჭისყრის ორგანიზაციისათვის, ამომრჩეველთა ნების ობიექტური გამოვლინების, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და შენობის მოწყობისათვის ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიას, ხოლო პერსონალურად – კომისიის თავმჯდომარეს. არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მასზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. წესრიგის დაცვის მიზნით მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა კენჭისყრის შენობაში დასწრების უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის. ხმის მისაცემ შენობაში დაუშვებელია შეიარაღებულ პირთა შესვლა. ხმის მისაცემ შენობაში წესრიგის დასაცავად გამოყოფილი პოლიციელი დარღვევების თავიდან აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში და მისი პირადი პასუხისმგებლობით. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.“;
ბ) მე-5 პუნქტში სიტყვები „პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენისას“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენისას. ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა სიაში შეიტანება პირადობის მოწმობის ნომერი.“;
გ) მე-8 პუნქტში სიტყვები „დღის 12 საათამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „წინა დღის 18 საათამდე“.
39. 51-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველი პუნქტი ჩაითვალოს მე-2 პუნქტად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი პუნქტი:
„1. საარჩევნო ბიულეტენი მოწმდება საარჩევნო კომისიის ორი წევრის ხელმოწერითა და კომისიის ბეჭდით.“;
გ) მე-4 პუნქტში სიტყვა „ამომრჩეველს“ შეიცვალოს სიტყვებით „ამომრჩეველსა და საარჩევნო ყუთთან მდგომ კომისიის წევრს“;
დ) მე-6 პუნქტში სიტყვები „თითო სხვადასხვა ფერის“ შეიცვალოს სიტყვებით „კანონმდებლობით დადგენილი რაოდენობის“, ხოლო სიტყვები „ამომრჩეველი ვალდებულია დააკმაყოფილოს“ – სიტყვებით „ისინი ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ“;
ე) პუნქტები შესაბამისად გადაინომროს.
40. 52-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ქვეპუნქტები დალაგდეს ანბანის მიხედვით;
ბ) „ე“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მაინც“;
გ) „ი“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი“;
დ) „კ“ ქვეპუნქტში სიტყვების „თითო ცალი“ წინ დაემატოს სიტყვა „ოქმების“.
41. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 53. არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით ადგენს გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობას, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას, ნამდვილად და ბათილად ცნობილი და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას, თითოეული კანდიდატისათვის მიცემული ხმების რაოდენობას, არჩევნების შედეგებს.
2. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობდა ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი მაინც.
3. საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა ერთი მესამედისა.
4. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს ოქმს.
5. ოქმის ცალთა რაოდენობა ორით უნდა აღემატებოდეს ოლქში დასახელებული კანდიდატების რაოდენობას. ოქმის ყველა ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი და წევრები და მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი.
6. საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმი და საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმების თითო ცალი არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, თითო ცალი ინახება თვით საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი გადაეცემა პარლამენტის წევრობის კანდიდატთა ნდობით აღჭურვილ პირებს.
7. საუბნო საარჩევნო კომისიების იმ ოქმების თითო ცალი, რომლებშიც შეჯამებულია პარტიული სიებით ჩატარებული არჩევნების შედეგები, დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით.
8. საარჩევნო უბანში არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიაში შედგენილ უნდა იქნეს არჩევნების დღეს 07-დან 20 საათამდე. განცხადებას თან უნდა დაერთოს დარღვევის შესახებ ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პირის შესახებ; დარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; მოწმეთა გვარები და მისამართები; დამრღვევის ახსნა-განმარტება და სხვა დამატებითი ცნობები.
9. საუბნო საარჩევნო კომისია ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას ოქმთან ერთად არჩევნების მომდევნო დღეს გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც განცხადებას განიხილავს 2 დღის ვადაში და თავის მოსაზრებას არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ დაუყოვნებლივ წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
10. ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით შედგენილი და წარდგენილი განცხადება არ განიხილება.“
42. 54-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვის „მაინც“ შემდეგ ტექსტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას დაემატოს სიტყვები „ხოლო თუ საუკეთესო ერთნაირი შედეგი აღმოაჩნდა რამდენიმე კანდიდატს ან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატს, მეორე ტურში გადის ყველა აღნიშნული კანდიდატი“, ხოლო პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება „თუ ყველა კანდიდატმა ერთნაირი შედეგი მიიღო, მაშინ არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მიიღო ხმათა მეტი რაოდენობა“;
გ) მე-3 პუნქტში რიცხვი „20“ შეიცვალოს რიცხვით „10“;
დ) მე-10 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვები „უბნებში არჩევნების შედეგს შეუძლია არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა“ შეიცვალოს სიტყვებით „ამ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეტია საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატისა და მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა სხვაობის რაოდენობაზე“, ხოლო სიტყვების „რაოდენობა ამ უბნებში“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „საქართველოს“;
ე) მე-11 პუნქტში სიტყვის „აგრეთვე“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „მათში“;
ვ) მე-12 პუნქტში სიტყვის „ცნობას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ოქმში მოცემული“.
43. 57-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 57. ხელახალი არჩევნები იმ ერთმანდატიან ოლქში, სადაც არჩევნები არ შედგა გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად, და უკანასკნელის ადგილმონაცვლის განსაზღვრის წესი“;
ბ) პირველ პუნქტში სიტყვების „საქართველოს პარლამენტის მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით არჩევნების ჩაუტარებლობის შემთხვევაში“.
44. 58-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს სიტყვები „5 წლის განმავლობაში მაინც“.
45. კანონის „გარდამავალი დებულებანი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი VIII
გარდამავალი დებულებანი
„მუხლი 59
აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე და საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნებისათვის აუცილებელი პირობების შექმნამდე:
ა) 1992 წლის არჩევნების შედეგად აფხაზეთიდან არჩეულ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის არიან პარლამენტის წევრები, უგრძელდებათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. აფხაზეთში ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების ჩატარებისა და მათი უფლებამოსილების ცნობისთანავე უფლებამოსილებაგაგრძელებული პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეწყდება;
ბ) თუ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრი რეგისტრირებული იქნება პარლამენტის წევრობის კანდიდატად, მას უფლებამოსილება არ უგრძელდება.
მუხლი 60
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია კომპლექტდება შემდეგი წესით:
ა) საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში 5 წლის ვადით ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრს და პარლამენტის თანხმობით – კომისიის თავმჯდომარეს;
ბ) საქართველოს პარლამენტი ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 5 წევრს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადითა და წესით, რომელთაგან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს;
გ) კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში თითო წევრს ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადით;
დ) კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითო წევრს ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პროპორციული სისტემით 1998 წლის არჩევნებში (ქალაქების თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის და რაიონების საკრებულოების შედეგების მიხედვით) 7 საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია (საარჩევნო ბლოკი). ამ წევრების უფლებამოსილება გრძელდება 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5 საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიიდან (საარჩევნო ბლოკიდან) ერთ-ერთის მიერ თავისი წევრის დანიშვნამდე.
მუხლი 61
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და 6 წევრს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ მე-60 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიები (საარჩევნო ბლოკები) ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადით.
მუხლი 62
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და 6 წევრს ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ მე-60 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიები (საარჩევნო ბლოკები).
მუხლი 63
ამ კანონის გარდამავალი დებულებების მიხედვით დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება იწყება ამ კანონის ამოქმედებიდან 30-ე დღეს. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების არსებული შემადგენლობის უფლებამოსილება წყდება ამ კანონით დადგენილი წესით ფორმირებული შესაბამისი საარჩევნო კომისიის პირველი შეკრებისთანავე.
მუხლი 64
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება გაიცემა ამ კანონით დადგენილი წესით შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების დაწყებიდან.
მუხლი 65.
საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება მოხდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 45 დღის ვადაში.
მუხლი 66.
1. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა სიები დგება ამომრჩეველთა რეგისტრაციის საფუძველზე, რომლის წესსა და ვადებს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
2. 1999 წლის არჩევნებისათვის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენისას. ბიულეტენის გაცემისას, ამომრჩეველთა სიაში შეიტანება პირადობის მოწმობის ნომერი“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული სურათიანი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო დევნილთათვის აგრეთვე დევნილის მოწმობის წარდგენისას.“.
მუხლი 67
1. პარტიებმა, რომლებსაც ამ კანონის მიღებამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გავლილი აქვთ საარჩევნო რეგისტრაცია, ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხელახალი რეგისტრაციისათვის განცხადებით უნდა მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 55 დღისა.
2. იმ არასაპარლამენტო პარტიებმა, რომელთაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ გაუვლიათ საარჩევნო რეგისტრაცია, ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით მხარდამჭერთა სიების წარსადგენად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით უნდა მიმართონ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
III. ამ კანონის I მუხლის 45-ე პუნქტით გათვალისწინებული „მუხლი 59.“ ამოქმედდეს 1999 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 25 ივნისი.
№2175–IIს
დოკუმენტის კომენტარები