დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კონკურენციის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6148-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.05.001.016710 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (22/06/2012 - 06/09/2013)
თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი ადგენს თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის პრინციპებს, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია.
2. ამ კანონით განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდველი ქმედებები, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენცია .
3. ეს კანონი ვრცელდება:
ა) ისეთ ქმედებაზე, რომელიც ხორციელდება შესაბამის ბაზარზე და არამართლზომიერად ზღუდავს საქართველოს საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე არსებულ თავისუფალ ვაჭრობასა და კონკურენციას;
ბ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ ქმედებაზე ან/ და გადაწყვეტილება ზე, ან იმ სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს ან შეუძლია მნიშვნელოვნად შეზღუდოს კონკურენტული გარემო და თავისუფალი ვაჭრობა.
4. ეს კანონი არ ვრცელდება:
ა) ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე;
ბ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობაზე;
გ) თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მოქმედი ეკონომიკური აგენტის საქმიანობაზე;
დ) ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან ობიექტზე;
ე) შრომით ურთიერთობაზე;
ვ) ბაზარზე, რომლის საბაზრო ბრუნვა არ აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25 პროცენტს;
ზ) თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის საჭირო საქონელსა და მომსახურებაზე.
5. ამ კანონის რეგულირების სფერო არ არის ფასწარმოქმნა.
ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, კერძოდ:
ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა;
ბ) ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა;
გ) ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა;
დ) ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა;
ე) დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა;
ვ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას;
ზ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ეკონომიკური აგენტი – პირი, რომელიც, განურჩევლად რეზიდენტობისა, საწარმოს სამართლებრივი ფორმისა, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი და სხვა გაერთიანება , რომლებ იც არიან ბაზრის მონაწილეები ან/და ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას;
ბ) კონკურენცია – შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად;
გ) კონკურენტი ეკონომიკური აგენტი – შესაბამის ბაზარზე მოქმედი ან პოტენციური ეკონომიკური აგენტი;
დ) პოტენციური კონკურენტი ეკონომიკური აგენტი − დაინტერესებული ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს დასაბუთებული განზრახვა შესაბამის ბაზარზე შესასვლელად;
ე) არაკონკურენტი ეკონომიკური აგენტი − ეკონომიკური აგენტი, რომელიც არ არის კონკურენტი ეკონომიკური აგენტი;
ვ) ურთიერთჩანაცვლებადი საქონელი და მომსახურება – საქონელი ან საქონელთა ჯგუფი ან/და მომსახურება ან მომსახურებათა ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების, მოთხოვნის არსებითად დაკმაყოფილების ან სხვა მახასიათებლების მიხედვით შეიძლება მეორით ჩანაცვლდეს მოხმარების ან/და საწარმოო პროცესში;
ზ) შესაბამისი ბაზარი – არეალი, სადაც ხდება ურთიერთჩანაცვლებადი საქონლის ან/და მომსახურების მიმოქცევა და რომელიც მოიცავს საქართველოს საბაჟო საზღვარს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში აღემატება კიდეც მას. შესაბამისი ბაზრის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაუკვირვებადი ეკონომიკური საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შესაბამისი ბაზარი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით;
თ) დაუკვირვებადი ეკონომიკური საქმიანობა – წარმოება, რომელიც არ ექვემდებარება სტატისტიკურ აღრიცხვას, მათ შორის: წარმოება საკუთარი მოხმარების მიზნით ან შინამეურნეობის არაორგანიზებული წარმოება გაყიდვის მიზნით, რომლის ერთობლივმა საბაზრო წილმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს შესაბამის ბაზარზე. დაუკვირვებადი ეკონომიკური საქმიანობა ასევე შეიძლება მოიცავდეს ორგანიზებულ წარმოებას, რომელიც არ ექვემდებარება სტატისტიკურ აღრიცხვას, თუ სექტორის სტრუქტურული მახასიათებლების გამო რთულია მისი სტატისტიკური კლასიფიკაცია შესაბამისი ბაზრისათვის მიკუთვნების მიზნით;
ი) დომინირებული მდგომარეობა – შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/აგენტების ისეთი მდგომარეობა, როდესაც მის/მათ მოქმედებასა და ეკონომიკურ გადაწყვეტილებაზე არსებით გავლენას ვერ ახდენენ კონკურენტი ეკონომიკური აგენტები (მათ შორის, პოტენციური კონკურენტი ეკონომიკური აგენტები), მიმწოდებლები და მყიდველები და იგი/ისინი ფლობს/ფლობენ მნიშვნელოვან საბაზრო წილს. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დომინირებული მდგომარეობა განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება;
კ) მნიშვნელოვანი საბაზრო წილი − შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის ან ურთიერთდამოკიდებული ეკონომიკური აგენტების მიერ შესაბამისი ბაზრის (საბაზრო ბრუნვის) არანაკლებ 40 პროცენტის ფლობა;
ლ) ურთიერთდამოკიდებული პირები – ურთიერთდამოკიდებული პირები განისაზღვრება, როგორც:
ლ.ა) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და ამავე დროს სხვა ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია , რაც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი;
ლ.ბ) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ამავე დროს ფლობს სხვა ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს , განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი;
ლ.გ) პირი, რომელიც ფლობს მნიშვნელოვანი ხმის უფლებას და ამავე დროს სხვა ეკონომიკური აგენტის მნიშვნელოვანი ხმის უფლებას, რაც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი;
მ) კონტროლი – ისეთი მდგომარეობა , როდესაც პირს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკური აგენტის გადაწყვეტილებაზე და ამავე დროს:
მ.ა) პირი ფლობს ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, დანიშნოს მმართველი ორგანოს წევრთა უმრავლესობა;
მ.ბ) პირი ფლობს საოპერაციო აქტივებს მთლიანად ან მათ მნიშვნელოვან ნაწილს;
მ.გ) პირი არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;
მ.დ) პირს აქვს მნიშვნელოვანი ხმის უფლება გარიგებებზე;
ნ) განმცხადებელი – პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომ ირღვევა კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, თუმცა ამის შედეგად მას უშუალოდ არ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც განცხადებით მიმართავს კონკურენციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;
ო) მომჩივანი – ეკონომიკური აგენტი, რომელსაც მიაჩნია, რომ კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მას უშუალოდ მიადგა ქონებრივი ზიანი, რაზედაც საჩივრით მიმართავს კონკურენციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;
პ) ჰორიზონტალური შეთანხმება – კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული შეთანხმება, რომლის საგანია საქონლის ან/და მომსახურების მიწოდების პირობები;
ჟ) ვერტიკალური შეთანხმება – იმ არაკონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული შეთანხმება, რომლებიც მონაწილეობენ საქონლის ან/და მომსახურების წარმოების ან/და მიწოდების მთლიანი ციკლის სხვადასხვა ეტაპზე, რომლის საგანია საქონლის ან/და მომსახურების მიწოდების პირობები და რომელიც გავლენას ახდენს საბოლოო პროდუქტის მიწოდებაზე;
რ) სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკური სფეროები – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი სფეროები, რომლებშიც დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილი არიან , განახორციელონ სატარიფო პოლიტიკა, ასევე მუნიციპალური მომსახურების სფეროები, რომლებშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრება რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად და ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას;
ს) სახელმწიფო დახმარება (სუბსიდია) – ეკონომიკური აგენტის მიმართ მიღებული ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს გადასახადისაგან განთავისუფლებას , გადასახადის შემცირებას ან გადავადებას, ვალის ჩამოწერას, რესტრუქტურიზაციას, სესხის ხელსაყრელი პირობებით გაცემას, საოპერაციო აქტივების გადაცემას, ფულადი დახმარების გაწევას, მოგების მიღების გარანტიას და სხვა ექსკლუზიური უფლებების მინიჭებას. სახელმწიფო დახმარება არ გულისხმობს პრივატიზებას, ლიცენზიების ან/და ნებართვების გაცემას, ასევე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების დახარჯვას;
ტ) სახელმწიფო დახმარების გამცემი – სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფოს 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო ან სახელმწიფოს სახელით მოქმედი შუამავალი ეკონომიკური აგენტი, რომელიც სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ იყენებს უფლებამოსილებას;
უ) ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი ობიექტი – ობიექტი, რომლის მეშვეობითაც ხდება არათავისუფლად ბრუნვადი საქონლის წარმოება ან/და მიწოდება და რომელიც ფუნქციური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების უზრუნველყოფისათვის;
ფ) არათავისუფლად ბრუნვადი საქონელი – საქონელი, რომლის წარმოება, იმპორტი, მიწოდება და მოხმარება ხდება შეზღუდული (სპეციფიკური), განსაკუთრებული პირობებით, რაც შეიძლება განპირობებული იყოს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსებით ან/და მიწოდების საშუალებების შეზღუდვით.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №65 44 - ვებგვერდი, 04 .0 7 .2012წ.
1. ამ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
2. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. ს ააგენტოს სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების დროს დამოუკიდებელია.
5. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
თავი II. ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის შეზღუდვა და კონცენტრაცია
მუხლი 5. დომინირებული მდგომარეობა
1. ეკონომიკური აგენტის/აგენტების მიერ შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ფლობა დასაშვებია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეკონომიკური აგენტი/აგენტები ბოროტად იყენებს/იყენებენ აღნიშნულ მდგომარეობას ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
2. ეკონომიკური აგენტის მიერ შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების განსაზღვრისას მნიშვნელოვანი საბაზრო წილის ფლობა აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი წინაპირობაა.
3. მნიშვნელოვანი საბაზრო წილი განისაზღვრება ეკონომიკური აგენტის მიერ შესაბამის ბაზარზე, როგორც წესი, წინა 3 ფინანსური წლის განმავლობაში გაყიდვების რაოდენობის წილის მიხედვით, სააგენტოს მიერ შემუშავებული მნიშვნელოვანი საბაზრო წილის გამოთვლის მეთოდოლოგიის საფუძველზე.
4. გარკვეულ შემთხვევებში სააგენტომ შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრისას სათანადო დასაბუთების საფუძველზე, ამ ბაზრის ციკლურობის გამო შეიძლება გაითვალისწინოს 3 ფინანსურ წელზე მეტი ან 3 ფინანსურ წელზე ნაკლები პერიოდი.
5. თუ მნიშვნელოვანი საბაზრო წილის განსაზღვრისათვის აღებული ფინანსური წლის შემდეგ, საქმის განხილვის პერიოდისათვის ეკონომიკური აგენტის საბაზრო მდგომარეობა შეიცვალა, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს ეკონომიკური აგენტის საქმის განხილვის პერიოდისათვის არსებული საბაზრო მდგომარეობა.
6. მნიშვნელოვანი საბაზრო წილის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაუკვირვებადი ეკონომიკური საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. სააგენტოს უფლება აქვს, შესაბამის ბაზარზე დაუკვირვებადი ეკონომიკური საქმიანობის წილის განსაზღვრისათვის აწარმოოს კვლევა, ასევე გამოიყენოს არსებული კვლევა ან/და საექსპერტო შეფასება.
8. დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პოტენციური კონკურენტი ეკონომიკური აგენტი.
მუხლი 6. დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება
1. ეკონომიკური აგენტის მიერ შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია.
2. ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება გულისხმობს:
ა) სავაჭრო პირობების არსებით და მიზანმიმართულ ცვლილებას , რაზედაც გავლენას ვერ ახდენენ კონკურენტი ეკონომიკური აგენტები და რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მომხმარებელს;
ბ) წარმოების, საქონლისა და მომსახურების ბაზრების ან ტექნოლოგიების განვითარების მიზანმიმართულ შეზღუდვას ან/და კონტროლს, რომლის მიზანია სხვა ეკონომიკური აგენტების კონკურენტუნარიანობის შეზღუდვა;
გ) გარკვეულ სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით მიზანმიმართულად დისკრიმინაციული პირობების დაწესებას იდენტურ ტრანზაქციებზე, რითაც ხდება აღნიშნული სავაჭრო პარტნიორების არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;
დ) მიზანმიმართულად გარიგების ისეთი პირობის დაწესებას, რომელიც გარიგების სხვა მხარეს დამატებით ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავაჭრო პირობების არსებით და მიზანმიმართულ ცვლილებად არ განიხილება ისეთი ცვლილება, რომელიც გამოწვეულია საბაზრო პირობებთან ადაპტაციით (შესაბამის ბაზარზე არსებული მოთხოვნით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, წარმოების პირობების ცვლილებით ან სხვა გარემოებებით, რომლებიც დაკავშირებულია შესაბამისი ბაზრის ფუნქციონირებასთან).
მუხლი 7. კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება
აკრძალულია ეკონომიკურ აგენტებს შორის დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება (შემდგომ – ხელშეკრულება), რომელიც მიზანმიმართულად და არამართლზომიერად ზღუდავს კონკურენციას, კერძოდ:
ა) მიზანმიმართულად აწესებს შეთანხმებულ ფასს, რაზედაც გავლენას ვერ ახდენენ კონკურენტი ეკონომიკური აგენტები და რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მომხმარებელს;
ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში მონაწილეობისას წინასწარ, მიზანმიმართულად აწესებს სატენდერო წინადადების შეთანხმებულ პირობებს შესყიდვებში მონაწილე ურთიერთშეთანხმებული ეკონომიკური აგენტებისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია;
გ) სხვა ეკონომიკური აგენტის კონკურენტუნარიანობის შესაზღუდავად მიზანმიმართულად ზღუდავს წარმოებას, საქონლისა და მომსახურების ბაზრებს ან ტექნოლოგიების განვითარებას;
დ) გარკვეულ სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით მიზანმიმართულად აწესებს დისკრიმინაციულ პირობებს იდენტურ ტრანზაქციებზე, რითაც ხდება აღნიშნული სავაჭრო პარტნიორების არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;
ე) მიზანმიმართულად აწესებს გარიგების ისეთ პირობას, რომელიც გარიგების სხვა მხარეს დამატებით ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან.
მუხლი 8. კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველი ხელშეკრულება
ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, თუ:
ა) ჰორიზონტალური ხელშეკრულების მხარეთა ერთობლივი საბაზრო წილი შესაბამის ბაზარზე არ აღემატება 25 პროცენტს;
ბ) ვერტიკალური ხელშეკრულების თითოეული მხარის საბაზრო წილი შესაბამის ბაზარზე არ აღემატება 40 პროცენტს;
გ) ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული ხელშეკრულება მოიცავს როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ხელშეკრულების მახასიათებლებს, რის გამოც რთულია მისი კლასიფიკაცია ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ ხელშეკრულებად, და ამ ხელშეკრულების მხარეთა ერთობლივი საბაზრო წილი შესაბამის ბაზარზე არ აღემატება 40 პროცენტს.
მუხლი 9. კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისები
1. ამ კანონის მე-7 მუხლი არ ვრცელდება იმ კატეგორიის ხელშეკრულებაზე, რომელიც ზღუდავს შესაბამის ბაზარზე კონკურენციას, მაგრამ მომხმარებელი იღებს სარგებელს ასეთი ხელშეკრულების შედეგიდან, რადგან ეს ხელშეკრულება მიზნად ისახავს:
ა) წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებას;
ბ) ტექნიკური და ეკონომიკური პროგრესის ხელშეწყობას.
2. ამ კანონის მე-7 მუხლი არ ვრცელდება ინფრასტრუქტურის სფეროში არსებულ იმ კატეგორიის ხელშეკრულებასა და გადაწყვეტილებაზე, რომლებიც, შესაბამისი ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიძლება განიხილებოდეს კონკურენციის შემზღუდველ ხელშეკრულებად, მაგრამ რომელიც მიზნად ისახავს:
ა) წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებას;
ბ) ტექნიკური და ეკონომიკური პროგრესის ხელშეწყობას.
3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე განსაზღვროს კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისები შეიძლება განისაზღვროს გარკვეული ვადით და პერიოდულად გადაიხედოს.
დაუშვებელია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ:
ა) ეკონომიკური აგენტისათვის დააწესოს ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათები, რომლებიც კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს მას და იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) აკრძალოს, შეაჩეროს ან სხვაგვარად შეაფერხოს ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო საქმიანობა და დამოუკიდებლობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა;
გ) მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტის დომინირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას, თუ ამით არსებითად იზღუდება კონკურენცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა.
1. კონცენტრაცია გულისხმობს:
ა) ორი ან ორზე მეტი დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის შერწყმას, რომლის დროსაც ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი უერთდება მეორეს ან ორი ან ორზე მეტი ეკონომიკური აგენტი ერთიანდება ერთ ეკონომიკურ აგენტად;
ბ) შემთხვევას, როდესაც პირი, რომელიც აკონტროლებს სულ მცირე ერთ ეკონომიკურ აგენტს, გარიგების საფუძველზე მოიპოვებს სხვა ეკონომიკურ აგენტზე პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონცენტრაცია არის კონცენტრაცია, რომლის შედეგად იქმნება ან ძლიერდება დომინირებული მდგომარეობა.
3. კონცენტრაცია არ იკრძალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი იწვევს შესაბამის ბაზარზე კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას და ხდება დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
4. კონცენტრაციად არ განიხილება შემთხვევა, როცა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები ხორციელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად და ლიკვიდაციის პროცესში, ასევე არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიული პირების შერწყმის ან ერთ-ერთის მიერ მეორეზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში.
5. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეკონომიკური აგენტების შერწყმასა და წილის შეძენასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით.
6. ეკონომიკურ აგენტს, რომელიც კონცენტრაციის შედეგად მოიპოვებს შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის განმსაზღვრელ საბაზრო წილს, ან კონცენტრაციის შედეგად შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკურ აგენტს, თუ იგი მოიპოვებს სხვა ეკონომიკურ აგენტზე პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლს, შეუძლია სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეტყობინება დაგეგმილი ან არსებული კონცენტრაციის შესახებ.
7. სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს, რომელიც კონცენტრაციის შედეგად მოიპოვებს დომინირებულ მდგომარეობას, მოსთხოვოს იმ გარიგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება გარკვეული პერიოდულობით, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს შესაბამის ბაზარზე არსებული კონკურენცია.
თავი III. სახელმწიფო დახმარება
მუხლი 12. სახელმწიფო დახმარება
1. სააგენტოსთან შეთანხმებით შეიძლება დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დახმარება, რომელიც მნიშვნელოვნად არ ზღუდავს კონკურენციას ან არ ქმნის მისი მნიშვნელოვნად შეზღუდვის საშიშროებას და რომელიც გაიცემა შემდეგი მიზნით:
ა) გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის განვითარებისათვის;
ბ) გარკვეული ეკონომიკური სექტორის განვითარებისათვის.
2. დასაშვებია და სააგენტოსთან შეთანხმებას არ საჭიროებს:
ა) სახელმწიფო დახმარება, რომელიც გაიცემა ფორსმაჟორულ შემთხვევაში;
ბ) სოციალური დახმარება, რომელიც გაიცემა ინდივიდისათვის;
გ) ქვეყნის რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული სახელმწიფო დახმარება;
დ) კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობასთან დაკავშირებული სახელმწიფო დახმარება;
ე) ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან ობიექტთან დაკავშირებული სახელმწიფო დახმარება;
ვ) სამეცნიერო კვლევასთან დაკავშირებული სახელმწიფო დახმარება;
ზ) ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარება, რომელიც გაიცემა უმნიშვნელო ოდენობით. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
თ) გადასახადის შემცირებისა და რესტრუქტურიზაციის შემთხვევები, თუ აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა;
ი) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების, უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერებისა და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შემთხვევები.
მუხლი 13. სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურის ზოგადი წესი
1. სააგენტო შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურის ზოგად წესს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წესის საფუძველზე სახელმწიფო დახმარების გამცემი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზნის, სახელმწიფო დახმარების ფორმისა და სახელმწიფო დახმარების მიმღების თაობაზე.
3. სახელმწიფო დახმარების გამცემმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად სააგენტოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება, რომ გასაცემი სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად არ ზღუდავს კონკურენციას.
4. სახელმწიფო დახმარების გამცემმა სააგენტოს უნდა აცნობოს სახელმწიფო დახმარების გაცემის პირობების არსებითი ცვლილების თაობაზე.
მუხლი 14. სახელმწიფო დახმარების შეთანხმება
1. სააგენტო მისთვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ადგენს გასაცემი სახელმწიფო დახმარების შესაბამისობას ამ კანონის დებულებებთან და არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა ამზადებს სამართლებრივ დასკვნას, თუ აღნიშნული სახელმწიფო დახმარება არ შეესაბამება ამ კანონის დებულებებს. სამართლებრივი დასკვნის გაუცემლობა ჩაითვლება თანხმობად.
2. სახელმწიფო დახმარების გამცემის ქმედების ამ კანონის დებულებებთან წინააღმდეგობის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო დახმარების გამცემს მოსთხოვოს დამატებითი დასაბუთება ან/და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაცია.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამართლებრივ დასკვნას და რეკომენდაციას სააგენტო წარუდგენს საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო დახმარების გამცემს.
4. საქართველოს მთავრობა, რომელსაც წარედგინა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი დასკვნა და რეკომენდაცია, იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე.
მუხლი 15. გაცემული სახელმწიფო დახმარების გასაჩივრება
თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს შესაბამის ბაზარზე კონკურენციას ან/და დარღვეულია კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურასთან დაკავშირებით, პირს, რომელსაც უშუალოდ მიადგა ზიანი, შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს გაცემული სახელმწიფო დახმარება.
მუხლი 16. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) ეკონომიკის ყველა სექტორში კონკურენციის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
ბ) ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენციის დარღვევის ფაქტების გამოვლენა;
გ) სახელმწიფოს მიერ კონკურენციის შემზღუდველი ქმედებებისა და გადაწყვეტილებების გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავება;
დ) კონკურენციის შემზღუდველ სახელმწიფო დახმარებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება;
ვ) სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოში თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი 17. სააგენტოს საქმიანობის პრინციპები
1. სააგენტოს საქმიანობის პრინციპებია: დამოუკიდებლობა, არადისკრიმინაციულობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.
2. სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მისი გადაწყვეტილება საჯარო უნდა იყოს.
მუხლი 18. სააგენტოს უფლებამოსილებები
1. სააგენტო ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით უფლებამოსილია:
ა) აწარმოოს საქმის მოკვლევა წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე;
ბ) კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით შესაბამის ეკონომიკურ აგენტს და სხვა დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში მოკვლევის მიზნით სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე;
დ) საჩივრის არსებობის შემთხვევაში მოიწვიოს მხარეები მათგან ზეპირი ახსნა-განმარტების მისაღებად და, საჭიროების შემთხვევაში, მოაწყოს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან;
ე) მოკვლევის მიზნით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, ადგილზე შეამოწმოს საქმეში ჩართული ეკონომიკური აგენტი;
ვ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაუწესოს ადმინისტრაციული ჯარიმა;
ზ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
თ) მიმართოს სასამართლოს ეკონომიკური აგენტის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებული ქმედების ან მიღებული გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების ან დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში − მისი ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე;
ი) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტები საქმის მოკვლევის პროცესში;
კ) მიზანშეწონილობის შემთხვევაში აწარმოოს კვლევა დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების დასადგენად შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის განმსაზღვრელი საბაზრო წილის განსაზღვრის მიზნით.
2. სააგენტო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მიმართებით უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ამ კანონის დებულებათა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
ბ) ამ კანონის დამრღვევ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარუდგინოს წერილობითი დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაცია მ ის მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების თაობაზე ;
გ ) საქართველოს მთავრობას მიმართოს რეკომენდაციით შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და დისკრიმინაციული ბარიერების არსებობის და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე ;
დ) საქართველოს მთავრობას მიმართოს რეკომენდაციით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების გაუქმების თაობაზე, თუ ისინი ზღუდავს კონკურენციას;
ე) საქართველოს მთავრობას მიმართოს სამართლებრივი დასკვნით და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციით, თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას;
ვ) უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება;
ზ) უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია;
თ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე იდენტიფიცირებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 19. სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები
1. სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პერიოდულად ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. სააგენტო განცხადებას ან/და საჩივარს განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად.
3. სააგენტო არ არის პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რომელიც შეიძლება დადგეს სააგენტოს მიერ განცხადების ან/და საჩივრის განხილვაზე უარის თქმის გამო, თუ განცხადება ან/და საჩივარი არ შეესაბამება სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, ან სხვა დასაბუთებული საფუძვლის გამო.
4. სააგენტო არ არის პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რომელიც შეიძლება დადგეს შესაბამის ბაზარზე, მიუხედავად იმისა, მიმართა თუ არა განმცხადებელმა ან/და მომჩივანმა აღნიშნულ საკითხზე სააგენტოს.
მუხლი 20. ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
1. სააგენტო ვალდებულია:
ა) დაიცვას ეკონომიკური აგენტის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც შეიცავს კომერციულ ან/და საგადასახადო საიდუმლოებას;
ბ) დაიცვას იმ პირის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, რომელიც არის ინფორმაციის მიმწოდებელი და სააგენტოს მიმართავს მისი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნით;
გ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და გაუვრცელებლობა.
2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა და გავრცელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
3. დაუშვებელია სააგენტოში დასაქმებულთა მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება, მათ შორის, პირადი, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობის განსახორციელებლად .
4. სააგენტოში დასაქმებულთა მიერ ამ მუხლის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
5. განზოგადებული ინფორმაცია შესაბამისი ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები ეკონომიკური აგენტების რაოდენობის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების თაობაზე არ შეიძლება კონფიდენციალური იყოს.
1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა იყოს დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
2. თუ, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით, არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთობები სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო ახორციელებს საქმის მოკვლევას, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.
3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობაზე და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე.
4. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 22. განცხადების ან/და საჩივრის წარდგენის უფლების მქონე პირები
1. სააგენტოში განცხადების წარდგენის უფლება აქვს განმცხადებელს. განმცხადებელი მხარედ არ განიხილება.
2. სააგენტოში საჩივრის წარდგენის უფლება აქვს მომჩივანს. მან სააგენტოში საჩივართან ერთად უნდა წარადგინოს მტკიცებულებები. მომჩივანი მხარედ განიხილება და ეკისრება მტკიცების ტვირთი.
1. სააგენტო განცხადების ან/და საჩივრის მიღებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სწავლობს განცხადების ან/და საჩივრის დასაშვებობის საკითხს.
2. თუ განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს განცხადების განხილვაში შესაბამისი ეკონომიკური აგენტის მონაწილეობა და მისცეს მას განცხადების თაობაზე საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა.
3. თუ საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო ვალდებულია საჩივარი აცნობოს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს. მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარუდგინოს საჩივრის თაობაზე საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები.
4. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს წარუდგენს საჩივრის თაობაზე საკუთარ შენიშვნებსა და მოსაზრებებს, სააგენტო საქმის მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
5. სააგენტო განმცხადებელს ან/და მომჩივანს აცნობებს განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების ან მის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე.
6. სააგენტოს უფლება აქვს, მოსთხოვოს განმცხადებელს ან/და მომჩივანს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ვადა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.
7. განცხადებისა და საჩივრის ფორმებს, მათი წარდგენის წესს და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ვადებს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
8. განმცხადებელი ან მომჩივანი იხდის სააგენტოს მიერ განცხადების ან საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურს (შემდგომ – საფასური) განცხადების ან საჩივრის წარდგენასთან ერთად. საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
9. საფასური გადაიხდება სააგენტოს საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 24. საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. განცხადება ან/და საჩივარი არ მიიღება, თუ წარმოდგენილი არ არის ამ კანონის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. სააგენტო უარს ამბობს განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ:
ა) საჩივარი არ წარმოუდგენია უფლებამოსილ პირს;
ბ) არ არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;
გ) ამ კანონის 2 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულ ვადაში არ არის წარმოდგენილი გამოთხოვილი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება;
დ) წარმოდგენილი განცხადება ან/და საჩივარი არ შეესაბამება ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს ;
ე) მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მომჩივანს უფლება აქვს, კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით მიმართოს სასამართლოს.
4. სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შემთხვევაში ამ კანონის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საფასური არ ბრუნდება.
მუხლი 25. საქმის მოკვლევის წესი
1. სააგენტო მის მიერ საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იწყებს საქმის მოკვლევას და იღებს გადაწყვეტილებას არა უმეტეს 6 თვის ვადაში.
2. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 15 თვისა.
3. სააგენტო განმცხადებელს ან/და მომჩივანს გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე ატყობინებს საქმის მოკვლევის გაგრძელების თაობაზე.
4. სააგენტოს უფლება აქვს, საქმის მოკვლევის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტები.
5. სააგენტოს უფლება აქვს, საქმის მოკვლევის პროცესში შესაბამისი ეკონომიკური აგენტისაგან გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები.
6. საქმის მოკვლევის პროცესში სააგენტო იწვევს დაინტერესებულ მხარეებს მათგან ახსნა-განმარტების მისაღებად.
7. სააგენტოს უფლება აქვს, ადგილზე შეამოწმოს ეკონომიკური აგენტი, რომლის მიმართაც არსებობს განცხადება ან/და საჩივარი.
8. სააგენტო უფლებამოსილია მოტივირებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების მიზნით, თუ:
ა) ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საშუალებით შეუძლებელია საქმის მოკვლევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების მიღება;
ბ) არსებობს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის განადგურების ან/და დამალვის საშიშროება;
გ) მხარეები არ ასრულებენ ინფორმაციისა და დოკუმენტების მიწოდების ვალდებულებას;
დ) საჭიროა მატერიალური აქტივების ვიზუალური დათვალიერება.
9. მხარის მიერ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის მიწოდება ან მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად.
10. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმება მოიცავს:
ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტების, გაცნობას, მათი კონფიდენციალურობის მიუხედავად;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლების გადაღებას;
გ) ადგილზე ახსნა-განმარტებების მიღებას;
დ) ეკონომიკური აგენტის იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე დაშვებას.
11. თუ საქმის მოკვლევის დაწყების შემდეგ მომჩივანმა უარი განაცხადა საჩივარზე, საქმის მოკვლევა წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცებულება, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად იზღუდება.
12. თუ მომჩივანი არ ეთანხმება სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება მას შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში.
13. საქმის მოკვლევის წესსა და პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
მუხლი 26. კონკურენციის შეზღუდვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები
1. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) სასამართლოს მიმართოს მოთხოვნით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება იწვევს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას;
ბ) მოსთხოვოს ეკონომიკურ აგენტს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა სააგენტოს მიერ დადგენილი პერიოდულობით.
2. სააგენტო არ მიმართავს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, თუ შესაბამისი ეკონომიკური აგენტი აღიარებს საქმის მოკვლევის შედეგად გამოვლენილ კონკურენციის დარღვევას და სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წყვეტს კონკურენციის შემზღუდველ ქმედებას. ამ შემთხვევაში სააგენტოს გადაწყვეტილება საბოლოოა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო, კონკურენციის მნიშვნელოვნად შემზღუდველი ქმედების აკრძალვასთან ერთად, შესაბამის ეკონომიკურ აგენტს აკისრებს ამ კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ჯარიმას.
მუხლი 27. დავის ხანდაზმულობის ვადა
ამ კანონის დარღვევის თაობაზე დავის ხანდაზმულობის ვადაა დარღვევის ჩადენიდან არა უმეტეს 3 წელი.
მუხლი 28. უფლებამოსილი სასამართლო
1. პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს ამ კანონის დარღვევის თაობაზე სააგენტოსათვის მიმართვის გარეშე.
2. ამ კანონის დარღვევის თაობაზე დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
3. მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება არის ამ კანონის დარღვევისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის საფუძველი.
მუხლი 29. სასამართლოსათვის საქმის გადაცემა
1. თუ საქმის მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ამ კანონის დებულებების დარღვევა, სააგენტო საქმეს გადასცემს სასამართლოს შემდგომი განხილვისათვის და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს მოთხოვნით ეკონომიკური აგენტის მიმართ გამოსაყენებელი ჯარიმის თაობაზე.
3. სააგენტო სასამართლოში საქმის განხილვისას გამოდის, როგორც მოსარჩელე.
4. პირი, რომლის საჩივრის საფუძველზედაც სააგენტომ განახორციელა საქმის მოკვლევა, სასამართლოში გამოდის, როგორც მესამე პირი, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
5. მესამე პირს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იდავოს ზიანის ანაზღაურებაზე სამოქალაქო საქმის განხილვის წესის შესაბამისად.
6. ამ კანონის VII თავით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თავი VI. სააგენტოს და დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობა
სააგენტო და შესაბამისი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო თანამშრომლობენ სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლის პროცესში.
მუხლი 31. თანამშრომლობის ფორმები
1. თუ სააგენტოში წარდგენილ იქნა საჩივარი სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე, ეს საჩივარი სააგენტომ უნდა გადაუგზავნოს შესაბამის დამოუკიდებელ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს.
2. დამოუკიდებელმა ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევის შესწავლისათვის საქმის დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს.
3. სააგენტო უფლებამოსილია დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე შეიმუშაოს საექსპერტო მოსაზრებები სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევების თაობაზე დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსათვის წარსადგენად.
4. დამოუკიდებელ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს შეუძლია კონკურენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციისათვის მიმართოს სააგენტოს.
5. სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისათვის შესაძლებელია შეიქმნას სააგენტოს და შესაბამისი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლებით დაკომპლექტებული ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.
6. დამოუკიდებელმა ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ შესაძლოა მიმართოს სააგენტოს სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევის შესწავლის პროცესში სააგენტოს მიერ მონაწილეობის მიღების მიზნით.
7. სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში მესამე მხარის ქსელში დაშვებასა და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და არ არის ამ კანონის რეგულირების სფერო.
8. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წინასწარ რ ეგულირებას, ასევე ავტორიზებულ პირთა მიერ მათთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს და მათ აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით . კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით არეგულირებს, განიხილავს და წყვეტს ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილ, მათ შორის, ავტორიზებული პირებისათვის დაკისრებულ შესაბამის სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებულ დავებს.
მუხლი 32. სააგენტოსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა
სააგენტოსათვის ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე.
1. ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის მიერ მიღებული მოგების 10 პროცენტს.
2. ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ბრუნვის 2 პროცენტს, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ეკონომიკურ აგენტს იმავე ფინანსურ წელს მოგება არ მიუღია.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი, დარღვევის ხანგრძლივობა და მოცულობა.
თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 34. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. 2016 წლის 1 იანვრიდან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე (გარდა ამ კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებისა) და კონკურენციის შემზღუდველ ხელშეკრულებაზე, გადაწყვეტილებასა და შეთანხმებულ ქმედებაზე გავრცელდება „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის აღსრულებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს განახორციელებს სააგენტო.
2. ეს კანონი არ ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არსებულ იმ ხელშეკრულებასა და გადაწყვეტილებაზე, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლებიც შესაბამისად დადებულია და მიღებულია 2016 წლის 1 იანვრამდე.
3. ეს კანონი არ ვრცელდება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სფეროებში 2018 წლის 31 დეკემბრამდე დადებულ ხელშეკრულებაზე და მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ სფეროებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
4. ეს კანონი არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სახელმწიფო დახმარებაზე და აღნიშნული სახელმწიფო დახმარების პირობების ცვლილება არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას.
5. საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობის განსაზღვრის შესახებ − 2012 წლის 30 ივნისამდე;
ბ) სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ − 2012 წლის 1 დეკემბრამდე.
6. სააგენტომ შეიმუშაოს ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურის ზოგადი წესის შესახებ − 2012 წლის 30 ივნისამდე;
ბ) საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის შესახებ − 2012 წლის 1 ნოემბრამდე;
გ) განცხადებისა და საჩივრის ფორმების, მათი წარდგენის წესისა და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების შესახებ − 2012 წლის 1 დეკემბრამდე.
7. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 27.06.2005, მუხ. 188).
8. სააგენტოს ის უფლებამოსილება, რომლის აღსასრულებლადაც აუცილებელია ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტის მიღება, სრულად ამოქმედდეს შესაბამისი კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტის მიღებისთანავე.
9. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №65 44 - ვებგვერდი, 04 .0 7 .2012წ.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6148-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1 . საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №65 44 - ვებგვერდი, 04 .0 7 .2012წ.
დოკუმენტის კომენტარები