საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6059-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.016700
6059-Iს
24/04/2012
ვებგვერდი, 07/05/2012
040030000.05.001.016700
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (შემდგომ – ორგანიზაცია) შექმნა, მისი სამართლებრივი ფორმის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრინციპების განსაზღვრა.

    მუხლი 2. ორგანიზაციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

ორგანიზაციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, ორგანიზაციის დებულება და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

თავი II

ძირითადი დებულებები

  მუხლი 3. ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი

1. ორგანიზაცია არის ამ კანონით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ორგანიზაციის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა Georgia’s Reforms and Partnership Enterprise (GRAPE).

   მუხლი 4. ორგანიზაციის მიზანი და საქმიანობის სფერო

1. ორგანიზაციის მიზანია საერთაშორისო საზოგადოებისათვის საქართველოში განხორციელებული რეფორმების (შემდგომ − ქართული რეფორმები) და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის კოორდინირებულად მიწოდება, ცალკეულ დაინტერესებულ სახელმწიფოებში ქართული რეფორმებისა და ინოვაციების გავრცელების უზრუნველყოფა, ქართული რეფორმებისა და ინოვაციების, როგორც ქართული ბრენდის, მსოფლიოში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა და, საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, განვითარების საერთაშორისო პოლიტიკაში წვლილის შეტანა.

2. ორგანიზაციის საქმიანობის სფეროა ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და განზოგადება, მათი საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებისა და პოპულარიზაციის უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში სხვა სახელმწიფოსთვის ტექნიკური, ფინანსური თუ სამაშველო დახმარების გაწევა, რაც ხელს შეუწყობს განვითარებადი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, აგრეთვე მათ მიერ კრიზისული სიტუაციების დაძლევას.

   მუხლი 5. ორგანიზაციის ფუნქციები

1. ორგანიზაციის ფუნქციებია:

ა) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და განზოგადება, სხვა სახელმწიფოებში მათი პოპულარიზაციისათვის უნივერსალური მოდელების შექმნა;

ბ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე ინფორმაციის სხვა სახელმწიფოებში გავრცელებაში და მათ პოპულარიზაციაში საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და უწყებების ხელშეწყობა;

გ) სათანადო ქართული რეფორმისათვის საბრენდო სახელწოდების, სლოგანისა და გამოყენების სავარაუდო არეალის განსაზღვრა;

დ) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობა მათ სახელმწიფოში ქართული რეფორმებისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;

ე) განვითარების საერთაშორისო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის საჭიროების შეფასების საფუძველზე და საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, დონორ ორგანიზაციათა კოორდინირებულ საქმიანობაში ჩართვა;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მათთვის ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად ორგანიზაცია უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და უწყებებიდან მათ მიერ განხორციელებული რეფორმების ან დანერგილი ინოვაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას (მათ შორის, შესაბამის ენებზე თარგმნას);

ბ) საჭიროების შემთხვევაში თითოეული ქართული რეფორმისა და ინოვაციის თაობაზე სამუშაო ჯგუფების შექმნას;

გ) ქართულ რეფორმებთან და ინოვაციებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეხვედრების (სემინარები, სიმპოზიუმები და სხვა) ორგანიზებას;

დ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე სხვა სახელმწიფოების საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთათვის საზაფხულო სკოლების მოწყობას;

ე) პარტნიორი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევას განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის და მდგრადი განვითარების სფეროებში;

ვ) პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის დახმარების გაწევას ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან დახმარების სქემების კოორდინაციით;

ზ) მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორი ქვეყნებიდან ახალგაზრდა პროფესიონალებისა და საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სპეციალური ტრენინგების, სემინარებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებით;

თ) საჯარო მოხელეების საზღვარგარეთ ტრენინგებზე, სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა კურსებზე გაგზავნას;

ი) გრანტების გაცემას;

კ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების გავრცელებისათვის ხელის შეწყობის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

3. ორგანიზაციის მიერ გრანტების გაცემის წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

  მუხლი 6. ორგანიზაციის მართვა და წარმომადგენლობა

1. ორგანიზაციას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. ორგანიზაციის თავმჯდომარე არ შეიძლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე შედიოდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ, საკონტროლო და სარევიზიო ორგანოებში. ორგანიზაციის თავმჯდომარეს იმავდროულად შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში.

3. ორგანიზაციის თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს ორგანიზაციას;

ბ) წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს (გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს) ორგანიზაციის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ორგანიზაციის თანამშრომლებს;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ორგანიზაციის სახსრებსა და ქონებას;

ვ) ახორციელებს ორგანიზაციის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და საქმიანობის სტრატეგიას განსაზღვრავს მმართველი საბჭო. მმართველ საბჭოს ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მმართველი საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები და სპეციალისტები.

  მუხლი 7. ორგანიზაციის სტრუქტურა

ორგანიზაციის სტრუქტურა და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანიზაციის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

   მუხლი 8. ორგანიზაციის ქონება

ორგანიზაციას საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 9. ორგანიზაციის დაფინანსება

1. ორგანიზაციის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;

გ) კრედიტები და გრანტები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება ორგანიზაციის მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.

  მუხლი 10. ორგანიზაციის სახელმწიფო კონტროლი

ორგანიზაციის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, რომელიც ზედამხედველობს ორგანიზაციის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას, ეფექტიანობას და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას და უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მისი არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

  მუხლი 11. ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის წესი

ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 12. გარდამავალი დებულებები

1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დებულება.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში თანამდებობაზე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების ორგანიზაციისათვის გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 13. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-11 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი−მე-11 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 24 აპრილი.

№6059-Iს