აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

  • Word
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2349
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40(47), 11/08/1999
სარეგისტრაციო კოდი 020.060.040.05.001.000.670
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2349
23/07/1999
სსმ, 40(47), 11/08/1999
020.060.040.05.001.000.670
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/08/1999 - 22/04/2005)

საქართველოს კანონი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

თავი I.

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შეფასება – სპეციალურად უფლებამოსილი პირის მიერ საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებისა და გადასახდელი კომპენსაციის განსაზღვრა;

ბ) ექსპროპრიატორი – პირი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება;

გ) ხარჯები – ექსპროპრიაციისას და სამართალწარმოებისას გაწეული დანახარჯები, რომლებიც მოიცავს მიწის შეფასების ხარჯებსა და სხვა ხარჯებს;

დ) ექსპროპრიაციის უფლება – საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერადი უფლება სათანადო კომპენსაციის გადახდით;

ე) ექსპროპრიაცია – საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევა, ჩამორთმეული ქონების სათანადო კომპენსაციით.

    მუხლი 2. კანონის მიზანი

1. ამ კანონის მიზანია განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება შემდეგი სამუშაოების წარმოების მიზნით:

ა) გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის;

ბ) რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის;

გ) ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისათვის;

დ) ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის;

ე) წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანისათვის;

ვ) სატელეფონო ხაზების გაყვანისათვის;

ზ) სატელევიზიო კაბელების გაყვანისათვის;

თ) საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის;

ი) ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოებისათვის.

თავი II.

 ექსპროპრიაციის განხორციელება

    მუხლი 3. ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების საფუძველი

1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.

2. ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას კომპენსაციის გადახდის აუცილებლობის თაობაზე.

    მუხლი 4. ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება

1. ყველა მესაკუთრეს, რომლის ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გამოქვეყნების შემდეგ ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლების, აგრეთვე ტერიტორიისა და, სავარაუდოდ, საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერას.

2. პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა მესაკუთრეს უნდა ეცნობოს აგრეთვე სასამართლოში განცხადების შეტანისა და სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის თარიღი.

    მუხლი 5. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებაზე

1. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს საოლქო სასამართლო.

2. ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს საოლქო სასამართლოს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე. განცხადებაში უნდა აღინიშნოს:

ა) საოლქო სასამართლოს დასახელება;

ბ) განმცხადებლის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

გ) წარმომადგენლის სახელწოდება, სახელი, გვარი და მისამართი, თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს;

დ) განმცხადებლის მოთხოვნა;

ე) გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი აგებს თავის მოთხოვნას;

ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;

ზ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა.

3. განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს:

ა) იმ პროექტის დეტალური აღწერა, რომლის განსახორციელებლად მოითხოვება ექსპროპრიაციის უფლება;

ბ) პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება;

გ) საექსპროპრიაციო ქონების დეტალური აღწერა;

დ) ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების დამადასტურებელი საბუთი.

4. საოლქო სასამართლო განცხადებას განიხილავს ამ კანონის შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში და წესით. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით.

    მუხლი 6. ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები

1. ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3-4 მუხლების შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საკომპენსაციო თანხისა და მისი გადახდის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს ქონების მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით, აფასებს ქონებას და განსაზღვრავს სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად.

2. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე, ექსპროპრიატორი წარუდგენს ქონების მესაკუთრეს წინადადებას ქონების შეძენისა და კომპენსაციის გადახდის წესის შესახებ. შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა არ უნდა იყოს ექსპროპრიატორის მიერ შეფასების შედეგად განსაზღვრულ თანხაზე ნაკლები. ექსპროპრიატორი ქონების მესაკუთრეს შეფასებას წარუდგენს წერილობითი ფორმით, სადაც აღინიშნება საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის საფუძველი.

3. საკომპენსაციო თანხის შესახებ შეთანხმების დადებისას აკრძალულია ექსპროპრიატორის მიერ მოლაპარაკებისათვის ან საკომპენსაციო თანხის გადაცემისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე სხვა რაიმე ძალდატანებითი ზემოქმედება ქონების მესაკუთრის მიმართ.

4. ქონების შეძენის შესახებ წინადადება უნდა ითვალისწინებდეს აგრეთვე იმ ქონების კომპენსაციასაც, რომლის ზომა, ფორმა და მდგომარეობა უმნიშვნელოა ან არაეკონომიურობის გამო – ნაკლებად ღირებული, მაგრამ დაკავშირებულია შესაძენ ქონებასთან და ამ ქონების გარეშე გამოუსადეგარია.

    მუხლი 7. ექსპროპრიაციამდე ჩასატარებელი მოქმედებები

1. ექსპროპრიატორს ან ექსპროპრიატორის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს უფლება აქვს ქონების შეფასების მიზნით, ქონების მესაკუთრის თანხმობით, დაათვალიეროს ქონება, ჩაატაროს კვლევა, აიღოს ნიმუშები და განახორციელოს სხვა მოქმედებები.

2. ექსპროპრიაციის დაწყებამდე ექსპროპრიატორი გადასცემს ქონების მესაკუთრეს წერილობით დოკუმენტს, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) დასაბუთებას ქონების ჩამორთმევისათვის საზოგადოებრივი აუცილებლობის არსებობის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება და სასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძველზედაც ექსპროპრიატორს მიენიჭა ქონების ჩამორთმევის უფლება;

ბ) დასაბუთებას, ქონების საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის გამოყენების შესახებ;

გ) საექსპროპრიაციო ქონების მდებარეობისა და მოცულობის დეტალურ აღწერას; საკომპენსაციო თანხის ოდენობას ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 8. დავა ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე

1. თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ექსპროპრიატორის სარჩელს თან უნდა დაერთოს:

ა) საექსპროპრიაციო ქონების დეტალური აღწერა;

ბ) ქონების ექსპროპრიაციისათვის საზოგადოებრივი აუცილებლობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის განსახორციელებელი პროექტის შესახებ დოკუმენტები;

დ) საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

    მუხლი 9. სასამართლოს მიერ ქონების შეფასება

სასამართლო უფლებამოსილია ქონების შეფასების მიზნით დანიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტი განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს სასამართლოს დასკვნას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის, აგრეთვე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საექსპროპრიაციო ქონების საკომპენსაციო თანხის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო.

    მუხლი 10. ექსპროპრიატორის ვალდებულებანი

ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.

    მუხლი 11. სასოფლო-სამეურნეო მიწის შეფასება

სასოფლო-სამეურნეო მიწის შეფასებისას, მასზე არსებული ნათესების საკომპენსაციო თანხა განისაზღვრება იმ შემოსავლის გათვალისწინებით, რომელსაც ქონების მესაკუთრე მისგან მიიღებდა მიმდინარე სამეურნეო წლის განმავლობაში. თუ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე თესვა განხორციელდა ქონების შეფასების შემდეგ, მათი ღირებულება არ გაითვალისწინება საკომპენსაციო თანხის განსაზღვრისას.

თავი III.

დასკვნითი დებულება

    მუხლი 12. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 23 ივლისი.

№2349