ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25(32), 02/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 050.030.000.05.001.000.592
2110
22/06/1999
სსმ, 25(32), 02/07/1999
050.030.000.05.001.000.592
ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

    მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის – ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის რეგისტრაციასთან, გამოყენებასა და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ქონებრივ და პირად არაქონებრივ ურთიერთობებს.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინტეგრალური მიკროსქემა (შემდგომში – იმს) – ელექტრონული ფუნქციის შემსრულებელი ნაკეთობა დასრულებული ან შუალედური ფორმით, რომლის ელემენტები, რომელთაგან ერთი მაინც აქტიურია, და მათ შორის არსებული ზოგიერთი ან ყველა ურთიერთშეერთება განუყოფლადაა ფორმირებული ნაკეთობის მასალის მოცულობაში ან/და ზედაპირზე;

ბ) ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია (შემდგომში – ტოპოლოგია) – იმს-ის ელემენტთა, რომელთაგან ერთი მაინც აქტიურია, და მათ შორის არსებული ზოგიერთი ან ყველა ურთიერთშეერთების რაიმე სახით გამოსახული სამგანზომილებიანი განლაგება, ან იმს-ის წარმოებისათვის მომზადებული სამგანზომილებიანი განლაგება;

გ) მოწმობა ტოპოლოგიაზე (შემდგომში – მოწმობა) – ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული, ტოპოლოგიის მფლობელის სახელზე გაცემული და მისი განსაკუთრებული უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განაცხადი – ტოპოლოგიის რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ე) „საქპატენტი” – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში სამართლებრივად უზრუნველყოფს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებს;

ვ) სააპელაციო პალატა – „საქპატენტთან“ არსებული, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის განმხილველი ორგანო.

    მუხლი 3. განსაკუთრებული უფლების წარმოქმნა

1. ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლება წარმოიქმნება „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციით.

2. რეგისტრირებული ტოპოლოგიის მფლობელის სახელზე გაიცემა მოწმობა.

    მუხლი 4. განსაკუთრებული უფლების მოქმედების ვადა

ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების მოქმედების ვადა შეადგენს 10 წელს „საქპატენტში“ ტოპოლოგიის რეგისტრაციის თარიღიდან.

    მუხლი 5. ტოპოლოგიის ორიგინალობა

1. ამ კანონის თანახმად რეგისტრირდება ორიგინალური ტოპოლოგია.

2. ტოპოლოგია ორიგინალურია, თუ ის შეიქმნა ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად და არ იყო საყოველთაოდ ცნობილი შექმნის თარიღისათვის.

3. ტოპოლოგია, რომელიც შედგება მისი შექმნის თარიღისათვის ცნობილი ელემენტებისაგან, ითვლება ორიგინალურად, თუ წარმოადგენს ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგს და მთლიანობაში არ არის ცნობილი.

4. ტოპოლოგია ორიგინალურად ითვლება საპირისპიროს დამტკიცებამდე.

5. ტოპოლოგიის გამოყენება ტოპოლოგიის ავტორის მიერ (ან სხვა პირის მიერ, რომელსაც განაცხადის შეტანის თარიღისათვის მოწმობის მიღების უფლება აქვს), ან მესამე პირის მიერ, რომლისთვისაც აღნიშნული ტოპოლოგია ავტორისაგან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გახდა ხელმისაწვდომი, განაცხადის მიწოდების თარიღამდე 2 წლის განმავლობაში არ მოქმედებს ტოპოლოგიის ორიგინალობაზე. სხვა შემთხვევაში ტოპოლოგია არ მიიჩნევა ორიგინალურად.

    მუხლი 6. ტოპოლოგიის ავტორი (თანაავტორი)

1. ტოპოლოგიის ავტორად (შემდგომში – ავტორი) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგადაც შეიქმნა ტოპოლოგია.

2. თუ ტოპოლოგია შექმნილია რამდენიმე ფიზიკური პირის ერთობლივი შემოქმედებითი შრომის შედეგად, თითოეული მათგანი მიიჩნევა თანაავტორად.

3. ავტორს უფლება აქვს მოითხოვოს მოწმობაში მისი სახელის მითითება.

    მუხლი 7. მოწმობის მიღების უფლება

1. მოწმობის მიღების უფლება აქვს ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს.

2. რამდენიმე პირის შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნილ ტოპოლოგიაზე მოწმობის მიღების უფლება აქვს როგორც ყველა ავტორს ერთობლივად, ისე თითოეულ მათგანს დანარჩენი ავტორების მიერ მოწმობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სპეციალური დავალებით შემუშავებულ ტოპოლოგიაზე მოწმობის მიღების უფლება ეკუთვნის სამუშაოს მიმცემს, თუ მას და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. თუ მოწმობის მიღების უფლება სამუშაოს მიმცემს ეკუთვნის, მუშაკს უფლება აქვს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სამუშაოს მიმცემისაგან მოითხოვოს დამატებითი ფარდი გასამრჯელო.

5. თუ ტოპოლოგია შექმნილია სახელმწიფო დაკვეთით ან ორგანიზაციათა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისას, მოწმობის მიღების უფლება განისაზღვრება შესაბამისად დაკვეთის ან ხელშეკრულების პირობით.

    მუხლი 8. განსაკუთრებული უფლების ფარგლები და დარღვევა

1. ტოპოლოგიის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება, თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ტოპოლოგია ან აკრძალოს მისი გამოყენება. ამასთან, განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება ტოპოლოგიის ან მის საფუძველზე შექმნილი იმს-ის განხორციელების იდეაზე, ხერხზე, სისტემაზე, ტექნოლოგიაზე ან კოდირებულ ინფორმაციაზე.

2. ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევად მიიჩნევა შემდეგ ქმედებათა უნებართვო განხორციელება:

ა) მთლიანად ტოპოლოგიის ან მისი ნაწილის (გარდა იმ ნაწილისა, რომელიც არ არის ორიგინალური) ასლის გადაღება მის საფუძველზე იმს-ის შექმნის ან სხვა მიზნით;

ბ) ტოპოლოგიის ან მის საფუძველზე შექმნილი იმს-ის გამოყენება, იმპორტირება, გასაყიდად შეთავაზება, გაყიდვა ან სამეურნეო ბრუნვაში სხვაგვარად ჩართვა.

    მუხლი 9. გამაფრთხილებელი აღნიშვნა

ტოპოლოგიის მფლობელს შეუძლია იმს-ზე ან მის შემცველ ნაკეთობაზე გამოსახოს სპეციალური გამაფრთხილებელი აღნიშვნა, რომელიც მოიცავს:

ა) წრეში ჩასმულ ასო „T“-ს;

ბ) ტოპოლოგიის რეგისტრაციის თარიღს;

გ) ტოპოლოგიის მფლობელის დასახელებას.

    მუხლი 10. გამოყენება, რომელიც განსაკუთრებული უფლების დარღვევად არ მიიჩნევა

1. ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევად არ მიიჩნევა:

ა) ტოპოლოგიის, მის საფუძველზე შექმნილი იმს-ის ან ამ იმს-ის შემცველი ნაკეთობის გამოყენება პირადი მიზნებისათვის მოგების მიღების გარეშე, აგრეთვე ანალიზის, კვლევის ან სწავლების მიზნით;

ბ) ტოპოლოგიის მფლობელის მიერ ან მისი თანხმობით გავრცელებული ტოპოლოგიის საფუძველზე შექმნილი იმს-ის ან ამ იმს-ის შემცველი ნაკეთობის შემდგომი გავრცელება;

გ) ნებისმიერი ქმედება უნებართვოდ გამეორებული ტოპოლოგიის საფუძველზე შექმნილი იმს-ის მიმართ, აგრეთვე ამ იმს-ის შემცველი ნაკეთობის მიმართ, იმ შემთხვევებში, როდესაც პირმა ასეთ ქმედებათა განხორციელებისას არ იცოდა და იმს-ის ან ნაკეთობის შეძენისას არც შეიძლებოდა გარემოებათა გამო სცოდნოდა უნებართვოდ გამეორებული ტოპოლოგიის შესახებ. მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირი მიიღებს დასაბუთებულ შეტყობინებას ტოპოლოგიის უნებართვო გამოყენების შესახებ, მას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი ქმედება არსებული მარაგის ან შეკვეთილი პროდუქციის მიმართ. ამასთან, იგი ვალდებულია ტოპოლოგიის მფლობელს აუნაზღაუროს გონივრული გასამრჯელო, რომელიც გადახდილი იქნებოდა ასეთი ტოპოლოგიის გამოყენებაზე ლიცენზიის ნებაყოფლობით შეძენის შემთხვევაში.

2. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ქმედებათა განხორციელება არ მიიჩნევა ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევად შემდეგ შემთხვევებში:

ა) სხვა პირის მიერ ოფიციალურ ბიულეტენში რეგისტრირებული ტოპოლოგიის გამოქვეყნებამდე დამოუკიდებლად შემუშავებული იდენტური ორიგინალური ტოპოლოგიის გამოყენება;

ბ) სხვა პირის მიერ გაუმჯობესებული ტოპოლოგიის შექმნა ცნობილი ტოპოლოგიის გამოკვლევის საფუძველზე, თუ ახლად შექმნილი ტოპოლოგია აკმაყოფილებს ორიგინალობის მოთხოვნებს.

    მუხლი 11. განაცხადი და მისი განსახილველად წარდგენა

1. განაცხადის „საქპატენტში“ შეტანა ხდება უშუალოდ ავტორის ან მისი უფლებამონაცვლის (შემდგომში – განმცხადებლის) ან მათი წარმომადგენლის მიერ.

2. უცხო ქვეყნის პირები ან მათი წარმომადგენლები „საქპატენტთან“ ურთიერთობას წარმართავენ „საქართველოს საპატენტო კანონის“ 65-ე მუხლის შესაბამისად.

3. განაცხადი უნდა ეხებოდეს მხოლოდ ერთ ტოპოლოგიას.

4. განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) დადგენილი წესით შედგენილ განცხადებას ტოპოლოგიის რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: განმცხადებლის სრული სახელი (სახელწოდება), მისამართი და მიმოწერის მისამართი, ან წარმომადგენლის სრული სახელი და მისამართი, თუ განაცხადის შეტანა ხდება წარმომადგენლის მიერ;

ბ) ტოპოლოგიის სრულად ამსახველ მასალებს, რეფერატის ჩათვლით;

გ) განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს;

დ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემულ მინდობილობას, თუ განაცხადის შეტანა ხდება წარმომადგენლის მიერ.

5. განაცხადი „საქპატენტში“ შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როდესაც წარდგენილია განცხადება ტოპოლოგიის რეგისტრაციის თაობაზე და ტოპოლოგიის სრულად ამსახველი მასალები, რეფერატის ჩათვლით.

    მუხლი 12. განაცხადის განხილვა, გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა

1. „საქპატენტი“ ატარებს განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რის შედეგადაც გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მოწმობის გაცემის თაობაზე.

2. „საქპატენტი“ განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასურის გადახდის შემთხვევაში.

3. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ტოპოლოგიის რეგისტრაციის შესახებ.

4. ტოპოლოგიის რეგისტრაციაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში, „საქპატენტი“ აწარმოებს ტოპოლოგიის რეგისტრაციას „ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგიების რეესტრში“, გასცემს მოწმობას და აქვეყნებს მონაცემებს „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში.

5. მონაცემების გამოქვეყნებამდე განმცხადებელს უფლება აქვს „საქპატენტის“ მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით შეავსოს, დააზუსტოს და შეასწოროს განაცხადის მასალები.

6. განაცხადის განხილვისას „საქპატენტს“ შეუძლია განმცხადებლისაგან მოითხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა და განაცხადში ცვლილებების შეტანა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია მისი განხილვა.

7. განაცხადის ექსპერტიზასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 13. საფასური

1. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, ტოპოლოგიის რეგისტრაციის, მოწმობის გაცემის, მონაცემების გამოქვეყნების, ძალაში შესანარჩუნებელი წლიური და სხვა იურიდიულად მნიშვნელოვანი ქმედებებისათვის გადაიხდება საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დასაშვებია საფასურის გადასინჯვა საერთაშორისო ნორმების, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებისა და ინფლაციის გათვალისწინებით.

    მუხლი 14. უფლებათა გადაცემა

1. ტოპოლოგიის მფლობელს შეუძლია ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლებების გადაცემა.

2. ტოპოლოგიის მფლობელს უფლება აქვს გასცეს სხვა პირზე ლიცენზია ტოპოლოგიის გამოყენებაზე. ლიცენზიის გაცემა და რეგისტრაცია ხორციელდება „საქართველოს საპატენტო კანონის“ 59-ე და 62-ე მუხლების შესაბამისად.

3. დასაშვებია იძულებითი ლიცენზიის გაცემა ტოპოლოგიის გამოყენებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი გამოყენება ნაკარნახევია სახელმწიფო არაკომერციული ინტერესებით ან განპირობებულია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღსაკვეთად მიმართული სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით.

    მუხლი 15. დავა

1. ტოპოლოგიის მფლობელს ან დაინტერესებულ პირს უფლება აქვს „საქპატენტის“ ან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივროს „საქართველოს საპატენტო კანონის“ 68-69-ე მუხლების შესაბამისად.

2. ტოპოლოგიის მფლობელს განსაკუთრებული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს:

ა) იმ ქმედებათა შეწყვეტა, რომლებიც არღვევენ უფლებებს ან ქმნიან მათი დარღვევის საფრთხეს;

ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით;

გ) კომერციული მიზნით გამოყენებული ტოპოლოგიის საფუძველზე შექმნილი იმს-ის ჩამორთმევა ან განადგურება.

    მუხლი 16. კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობა

უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები სარგებლობენ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ან ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე.

    მუხლი 17. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი

№2110-IIს