არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 235
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 22/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 080240000.08.002.016470
235
22/03/2012
ვებგვერდი, 22/03/2012
080240000.08.002.016470
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №235

2012 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს თანდართული არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგია.

2. საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს და 2012 წლის 31 დეკემბრისათვის საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი

 

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგია

შესავალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ არსებობდა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ერთიანი პოლიტიკა და სტრატეგია და დანაშაულის პრევენციის მაკოორდინირებელი ორგანო. ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების აუცილებლობა, სხვადასხვა უწყებაში მოქმედი ცალკეული პრევენციული პროგრამების განვითარებისა და დახვეწის საჭიროება დაედო საფუძვლად წინამდებარე სტრატეგიის შემუშავებას.

სტრატეგიის მიზანია ერთიანი ეროვნული პრევენციული პოლიტიკის ჩამოყალიბება, ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გატარების გზით არასრულწლოვანთა დანაშაულის შემცირება ქვეყანაში, აგრეთვე სამართალდამრღვევ არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია საზოგადოებაში.

ეს სტრატეგია ქმნის არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ჩარჩოს და ასახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპებსა და ნორმებს, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტანდარტებს, მათ შორის, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს არასრულწლოვანთა დელინქვენტური ქცევის პრევენციის შესახებ, გაეროს მინიმალურ სტანდარტულ წესებს არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ და სხვა სტანდარტებს. ამასთან, სტრატეგია ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილებასა და პრაქტიკას.

არასრულწლოვანთა დანაშაული რთული ფენომენია, მას მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს. შესაბამისად, არასრულწლოვანთა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების ერთიან ძალისხმევას.

სტრატეგიაში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ღონისძიებები დაყოფილია მიზნობრივი ჯგუფისა და პრობლემის განვითარების სტადიის მიხედვით: ა) პირველადი/ადრეული პრევენცია მიმართულია ყველა არასრულწლოვანზე მთელი ქვეყნის მასშტაბით; ბ) მეორე დონის პრევენცია ორიენტირებულია დანაშაულის ჩადენის ზღვარზე მყოფ არასრულწლოვნებზე რისკჯგუფებისა და დანაშაულის გამომწვევი ფაქტორების შემცირებაზე; გ) მესამე დონის პრევენცია გამიზნულია განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებაზე, სამართალდამრღვევ არასრულწლოვანთა გამოსწორებაზე, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაზე.

სტრატეგიის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის პრინციპები და მიდგომები, მომდევნო ნაწილებში პრევენციის დონეების მიხედვით მოცემულია ძირითადი მიზნები და რეკომენდაციები.

შენიშვნა: ამ სტრატეგიის მიზნებისათვის , არასრულწლოვანი განიმარტება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, კერძოდ, არასრულწლოვნად ითვლება ის , ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი , მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი .

 

პირველი ნაწილი

სტრატეგიის ძირითადი პრინციპები

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტ ინტერესზე დაფუძნებული მიდგომა

მოზარდის განვითარებასა და ქცევაზე სხვადასხვა გარემოების ერთობლიობა ახდენს გავლენას, მათ შორის, ინდივიდუალური ფაქტორები, მშობლები, საზოგადოება, გარემო და სხვ . ამიტომ მნიშვნელოვანია, პრევენციული ღონისძიებები მიმართული იყოს, როგორც თავად არასრულწლოვანზე, ისე მის სოციალურ გარემოზე. დანაშაულის ჩადენის მიზეზების შემცირება გულისხმობს ისეთ სოციალურ ფაქტორებზე მუშაობას, როგორებიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, საცხოვრებელი ადგილის არქონა, განათლების დაბალი დონე, სოციალური იზოლაცია და სხვ . შესაბამისად, ამ სტრატეგიის მიზანია კომპლექსური, მრავალმხრივი მიდგომის ჩამოყალიბება საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით.

საგულისხმოა, რომ მოზარდთა დიდი ნაწილისათვის ანტისოციალური ქცევისადმი მიდრეკილება დროებითი ფენომენია. გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები არასრულწლოვანთა დელინქვენტური ქცევის პრევენციის შესახებ (შემდეგში გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ) მიუთითებს, რომ სოციალური ნორმებიდან გადახვევა უფრო ხშირად არასრულწლოვნის ზრდისა და განვითარების პროცესის ნაწილია. უმრავლეს შემთხვევაში, ეს ტენდენცია ქრება ზრდასრულობის მიღწევისთანავე. უმეტესობა მოზარდებისა, რომლებიც ანტისოციალური ქცევით ხასიათდებიან, ზრდასრულ ასაკში აღარ ამჟღავნებენ ამგვარ ქცევას. აქედან გამომდინარე, დანაშაულის ადრეული პრევენცია, რისკჯგუფებთან მუშაობა, სამართალდამრღვევი მოზარდების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამების დანერგვა ძალზე მნიშვნელოვანია.

პრევენციული პროგრამებით შესაძლებელია დანაშაულის შემცირება, თუმცა, ცხადია, შეუძლებელია დანაშაულის ფენომენის გაქრობა. ამიტომ, როდესაც პრევენციული პოლიტიკის მიუხედავად, არასრულწლოვანი მაინც ჩაიდენს დანაშაულს, მნიშვნელოვანია ამ ფაქტზე სწორი რეაგირება, რათა დროულად და მართებულად მოხდეს ჩარევა მოზარდის განვითარებაში. ამ კუთხით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომები, განრიდებისა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დადასტურებულია, რომ ამ ტიპის ალტერნატივები, რიგ შემთხვევაში, უფრო ამცირებს რეციდივის რისკს, ვიდრე თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, სახელმწიფოს პრიორიტეტია საპატიმრო ღონისძიებების გამოყენება არასრულწლოვნების მიმართ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და ამავდროულად დანაშაულის კლების ტენდენციისა და ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება. ამ მიზნით უკვე შეიქმნა და დაინერგა არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამები.

არასრულწლოვნისათვის თავისუფლების აღკვეთა უნდა იყოს უკიდურესი ზომა, თუმცა, ზოგჯერ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსება გარდაუვალი აუცილებლობაა. ამ დროს გადამწყვეტია არასრულწლოვანთა რეაბილიტიაციისა და რეინტეგრაციის პროგრამები, რათა მოხდეს მათი სწორი განვითარება და განმეორებითი დანაშაულის პრევენცია. ამ მიზნით, არასრულწლოვანთა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაინერგა ინდივიდუალური მიდგომები. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა შესაბამის დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში უზრუნველყოფს არასრულწლოვნის შეუფერხებელ განვითარებას, მის განათლებას, საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, მასზე ყოველდღიურ ზრუნვასა და, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო-ფსიქოლოგიურ დახმარებას.

 

კვლევა და ანალიზი

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს კვლევასა და ანალიზს, მათ შორის, დანაშაულის სტატისტიკას, დანაშაულისა და დელინქვენტური ქცევის გამომწვევი ფაქტორების შესწავლას და არსებული პროგრამების შედეგების შეფასებას. გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, პროგრამების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მათი სწორად დაგეგმვა, მუდმივი მონიტორინგი, შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, მოდიფიცირება. შესაბამისად, პრევენციული პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს პროგრამების შეფასებას, არსებული სერვისების, რესურსების ანალიზსა და სწორად დაგეგმვას.

ბოლო დრომდე არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა არ იყო საკმარისად დეტალური და სრულყოფილი. სისხლის სამართლის სტატისტიკის ახალი მიდგომები და მეთოდოლოგია, ასევე სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა და მისი სტატისტიკური მოდული სამომავლოდ უზრუნველყოფს დეტალური, ყოვლისმომცველი სტატისტიკის წარმოებას.

ამასთან, ოფიციალური სტატისტიკა არ არის საკმარისი სრული სურათის შესაქმნელად. მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა დანაშაულის შესწავლა, რისკფაქტორების იდენტიფიცირება და დანაშაულის გამომწვევი მიზეზების ანალიზი სოციოლოგიური კვლევების საფუძველზე. ოფიციალური სტატისტიკის შევსება უნდა ხდებოდეს კვლევის შედეგებით.

გარდა ამისა, საერთაშორისო დონეზე დაგროვილია კარგი გამოცდილება იმის თაობაზე, თუ რა მეთოდებია შედეგიანი არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია ამ ცოდნის სწორად გამოყენება, პროგრამებისა და მიდგომების ადაპტაცია და საქართველოს რეალობაზე მორგება. ამ ფაქტორს მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული პრევენციული სამოქმედო გეგმის შემუშავებისას.

 

არასრულწლოვანთა მონაწილეობა

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, სახელმწიფომ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე მოზარდი უნდა უზრუნველყოს თავისი მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმისა და იმ საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლებებით, რომლებიც მას ეხება.

მოზარდთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი აზრი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის პოლიტიკისა და პრევენციული პროგრამების შემუშავების პროცესში. მოზარდებს დიდი პოტენციალი აქვთ და შეუძლიათ წვლილის შეტანა უკეთესი გადაწყვეტილებისა და ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვაში. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნები უკეთესად აცნობიერებენ და აფასებენ მათთვის განკუთვნილი პროგრამის საჭიროებასა და ეფექტიანობას.

 

ძირითადი მიზნები და პრინციპები:

გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასრულწლოვანთა ჩაბმულობა, მათგან შეხედულებებისა და ინფორმაციის მიღება;

არასრულწლოვნების მონაწილეობა პროგრამების შემუშავებაში;

რეგულარული კონფერენციების, შეხვედრების, სემინარების მოწყობა, სადაც მოზარდებს ექნებათ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა;

მოზარდების ინიციატივების წახალისება, პრობლემის იდენტიფიცირებისა და მისი მოგვარების გზების ძიების ხელშეწყობა;

მოზარდის პატივისცემა მისი ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის, გონებრივი შესაძლებლობებისა და სხვა ფაქტორების მიუხედავად;

მოზარდის ნებაყოფლობითი მონაწილეობა.

 

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლი

დანაშაულის პრევენციის პროცესში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვინაიდან მათი გავლენა არასრულწლოვანთა განვითარებასა და ქცევაზე დიდია. გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები მიუთითებს, რომ მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ხელს უნდა უწყობდეს უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ძალადობის, ნარკოტიკის/ალკოჰოლის თუ სხვა ანტისოციალური ან დანაშაულებრივი ქცევის მიმართ. ამასთანავე, მედია ამ კუთხით ხელს უწყობს პრევენციულ პროგრამებში სამოქალაქო საზოგადოების ჩაბმულობის გაზრდას, დანაშაულის პრობლემების და მისი მასშტაბების შესახებ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლასა და ცნობიერების ამაღლებას.

საზოგადოებაში პრევენციული პროგრამებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების შექმნის მიზნით აუცილებელია მოქალაქეებისათვის ამ პროგრამების მნიშვნელობის, საჭიროებებისა და მათი შედეგების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება.

 

მეორე ნაწილი

უწყებათაშორისი კოორდინაცია და პასუხისმგებელი უწყებები

 

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია საჭიროებს მრავალი უწყების ერთობლივ ძალისხმევას, მულტიდისციპლინურ მიდგომასა და თანამშრომლობას სამთავრობო, სამოქალაქო თუ კერძო სექტორს შორის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ერთიანი მიდგომა, მჭიდრო კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლა უმნიშვნელოვანესია პრევენციული პოლიტიკის დაგეგმვისა და იმპლემენტაციის პროცესში.

სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. ამავდროულად, სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მიღწევა არ არის შესაძლებელი მხოლოდ სახელმწიფოს რესურსებით, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩაბმულობისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე.

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მაკოორდინირებელი უწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტროა, რომელიც ქვეყანაში განსაზღვრავს სისხლის სამართლის პოლიტიკას. სტრატეგიის შესრულების მონიტორინგსა და ზედამხედველობას ახორციელებს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში საბჭო).

პასუხისმგებელი უწყებები წელიწადში ორჯერ საბჭოს წარუდგენენ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს.

 

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის არსებული პროგრამები

ამჟამად დანაშაულის პრევენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ნაწილია. გეგმის შესაბამისად, რამდენიმე უწყება ახორციელებს პრევენციულ პროგრამებს, თუმცა ამ პროგრამების უმრავლესობა საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს, ბევრს არ აქვს შეფასების მექანიზმი და, რაც მთავარია, პროგრამები არ არის კონცეპტუალურად გაერთიანებული ერთიანი ეროვნული პოლიტიკის ქვეშ.

პროგრამების ჩამონათვალი იმ უწყებების მიხედვით, რომლებსაც არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში წამყვანი როლი ენიჭებათ, ამგვარია:

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო:

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა;

განრიდება საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობებით;

განრიდება დანის ტარებისათვის;

ჩემი უფროსი მეგობარი;

არჩევანი შენზეა;

ელექტრონული წიგნის პროგრამა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:

უსაფრთხო სკოლის პროგრამა;

განათლება სასჯელაღსრულების სისტემაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

იცხოვრე ნარკოტიკის გარეშე;

სამართლებრივი განათლების პროგრამა;

მომავლის თასი;

ერთი დღე პოლიციელის ცხოვრებით.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო:

სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმები არასრულწლოვანთათვის;

სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამები.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო:

ახალგაზრდული ბანაკი პატრიოტი ;

მწვანე ყუთი;

მე ვეხმარები!

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:

ბავშვზე ზრუნვის პროგრამები.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც მაკოორდინირებელი უწყების როლი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში განმსაზღვრელია. ამასთანავე, ხშირად ეს უწყება არის ახალი ინიციატივებისა და კონცეფციების ავტორი, რომელთა იმპლემენტაცია სხვა უწყებების მიერ ხორციელდება. საქართველოს პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ კუთხით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წამყვანია ადრეულ, პირველი დონის პრევენციაში, ვინაიდან პრევენციული ღონისძიებების უმეტესობა სკოლის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლი მნიშვნელოვანია მეორე დონის პრევენციაში. უნდა მოხდეს ამ უწყების ფარგლებში არსებული რეფერალური სისტემის გაძლიერება, რათა მოიცვას უფრო მეტი რისკჯგუფები და გაიზარდოს სისტემის ეფექტიანობა.

ახლახან შექმნილმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განმსაზღვრელი როლი უნდა შეასრულოს ახალგაზრდული პოლიტიკის, საზოგადოებრივი პროგრამების, სხვადასხვა სოციალური აქტივობის განვითარებაში და ამ გზით ხელი შეუწყოს სტრატეგიის იმპლემენტაციას.

მესამე დონის პრევენციაში წამყვანია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, რომელშიც არსებობს უკვე კარგად განვითარებული რეაბილიტაციის სისტემა არასრულწლოვნებისათვის. მნიშვნელოვანია ამ სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება და სრული იმპლემენტაცია, რაც ხელს შეუწყობს რეციდივის პრევენციას არასრულწლოვნებში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე სტრატეგიის მიზანი არ არის მრავალი სხვადასხვა პროგრამის შემუშავება მათი შედეგებისა და ეფექტიანობის ანალიზის გარეშე. მნიშვნელოვანი რესურსი უნდა დაეთმოს არსებული პროგრამების შედეგების შეფასებასა და პილოტირებას. უნდა დაინერგოს მხოლოდ ის პროგრამები, რომელთა შედეგი დადასტურდება.

 

მესამე ნაწილი

ადრეული პრევენცია

პირველი დონე

 

მიმოხილვა და მიზნობრივი ჯგუფი

პირველადი/ადრეული პრევენციის ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ყველა არასრულწლოვანზეა ორიენტირებული. აქცენტი კეთდება ბავშვის სწორ აღზრდასა და სოციალიზაციაზე, განათლებაზე, თავისუფალი დროის სწორად და პროდუქტიულად განაწილებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაზე, ახალგაზრდებს შორის სწორი ღირებულებების სისტემის ჩამოყალიბებაზე.

მიზნები:

ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პროგრამების შემუშავება და დანერგვა სკოლებში;

არასრულწლოვანთა უნარ-ჩვევებზე ორიენტირებული ტრენინგპროგრამების შემუშავება და დანერგვა სკოლებში, როგორებიცაა, მაგალითად, სოციალური უნარების ტრენინგი, ემოციების მართვის, კრიტიკული აზროვნების, პიროვნებათაშორისი პრობლემების გადაწყვეტის ტრენინგი;

სკოლის ფარგლებში თანატოლებს შორის პოზიტიური ურთიერთობის ხელშეწყობა და ამ მიზნით პროგრამების განვითარება, როგორიცაა, მაგალითად, უფროსი მოსწავლის ინსტიტუტის შემოღება;

არასრულწლოვანთათვის საგანმანათლებლო აქტივობების დანერგვა, განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, როგორებიცაა, მაგალითად, შეჯიბრებები, ოლიმპიადები, კონფერენციები და სხვ.;

არასრულწლოვანთათვის კულტურული და სოციალური აქტივობების განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია;

მშობლებისათვის/ოჯახისათვის სპეციალური პროგრამების შემუშავება ისეთ საკითხზე, როგორიცაა, მაგალითად, მშობელთა განათლება/ტრენინგი ბავშვის აღზრდაში მოზარდის განვითარების სტადიების მიხედვით და სხვ.;

არასრულწლოვნებზე გავლენის მქონე უფროსებისათვის, მაგალითად, მასწავლებლები, აღმზრდელები, მწვრთნელები, მეურვეები და სხვ. სხვადასხვა ტიპის ტრენინგის შემუშავება;

მედიაციისა და სხვა მსგავსი ინიციატივების შემუშავება და განვითარება, რომლებიც ორიენტირებულია არასრულწლოვანთა შორის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე;

ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და პოპულარიზაცია;

სკოლის შემდგომი, რეკრეაციული აქტივობების განვითარება, რომელთა მიზანია თავისუფალი დროის შევსება და სწორი დაგეგმვა;

სკოლის ფარგლებში სპორტული კლუბების შექმნა და განვითარება, სკოლებს შორის რეგულარული შეჯიბრებების ორგანიზება;

სკოლამდელი პროგრამების შექმნა და განვითარება, როგორებიცაა მასწავლებელთა ტრენინგი, კონფლიქტებთან მშვიდობიანი გზით გამკლავების, ქცევის მართვისა და სხვა საკითხებზე;

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება არასრულწლოვანთა დანაშაულისა და მისი მასშტაბების შესახებ. არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართ ძლიერი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება საზოგადოებაში ზომების შემუშავება, რომლებიც მიმართულია ფასეულობების, დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლისაკენ საზოგადოებაში;

ვანდალიზმის, ბულინგის, ძალადობის, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოება;

სკოლაში კონსულტანტის/მრჩევლის ინსტიტუტის შემოღება, რომლის ფუნქციებში შეიძლება შევიდეს, მაგალითად: ა) მოსწავლისათვის განათლებასთან დაკავშირებული ან სხვა პირადი საკითხების მოგვარებაში დახმარების გაწევა; ბ) მოსწავლეებისათვის პოზიტიური მაგალითის მიცემა; გ) ინდივიდუალური კონსულტაცია არასრულწლოვანთან, კონფლიქტების მოგვარებაში დახმარება; დ) არასრულწლოვანთა საჭიროებებზე მშობლებთან/მეურვეებთან/მზრუნველებთან, მასწავლებლებთან, სკოლის თანამშრომლებთან საუბარი და კონსულტაციის გაწევა; ე) პროგრამებში ჩაბმის მიზნით არასრულწლოვნის გადამისამართება.

 

მეოთხე ნაწილი

დანაშაულის პრევენცია რისკჯგუფებში

მეორე დონე

 

მიმოხილვა და მიზნობრივი ჯგუფი

მეორე დონის პრევენციის ღონისძიებები მიმართულია დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნებისადმი და მიზნად ისახავს დანაშაულის გამომწვევი ფაქტორების შემცირებას. მეორე დონის პრევენციის განსაკუთრებული მნიშვნელობა ვლინდება მაშინ, როდესაც ადრეული პრევენციის ფარგლებში მიღებული ზომები არ არის საკმარისი არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

არსებობს მთელი რიგი რისკფაქტორებისა, რომლებიც გავლენას ახდენს არასრულწლოვანთა ქცევაზე და უბიძგებს მათ დანაშაულისაკენ.

 

რისკფაქტორების საილუსტრაციო ჩამონათვალი

ოჯახი:

მშობლის უყურადღებობა, ოჯახური კონფლიქტი, ძალადობა;

სიღარიბე;

ოჯახის წევრის მიერ ალკოჰოლის/ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება;

ოჯახის წევრის ნასამართლობა.

 

სკოლა:

მუქარა, დაშინება, ბულინგი;

დაბალი აკადემიური მოსწრება;

დისკრიმინაცია;

სისტემატური გაცდენა.

 

საზოგადოება/თანატოლები:

ნარკოტიკული ნივთიერებების, ალკოჰოლისა და იარაღის ხელმისაწვდომობა;

კრიმინალური გარემო, კრიმინალური წარსულის მქონე თანატოლებთან ურთიერთობა;

მედიის მიერ ძალადობის გაშუქება.

 

ინდივიდუალური მახასიათებლები:

სისტემატური ანტისოციალური ქცევა, ბრაზი, აგრესია, ჰიპერაქტიურობა;

ჩაკეტილობა;

ადრეული ვიქტიმიზაცია;

ალკოჰოლის/ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება;

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;

საკუთარი თავის მართვის სუსტად განვითარებული უნარი (იმპულსური ქცევა);

საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბალი ჩაბმულობა.

 

ჩამოთვლილი რისკფაქტორები ქმნის არასრულწლოვანთა რისკჯგუფებს, როგორებიცაა, მაგალითად:

 

რისკჯგუფები:

მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვნები;

დევნილები, იძულებით გადაადგილებული პირები;

მიუსაფარი ბავშვები;

სასწავლო პროცესის გარეთ მყოფი არასრულწლოვნები, სკოლიდან გარიცხულები;

ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვები, მოძალადე ბავშვები;

ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მომხმარებლები;

ძალადობის მსხვერპლი ბავშვები.

 

შენიშვნა: საილუსტრაციო ჩამონათვალი ეფუძნება საერთაშორისო დოკუმენტებსა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, თუმცა რისკფაქტორთა/რისკჯგუფთა ეს ნუსხა არ არის ამომწურავი. გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული რისკფაქტორის არსებობა ყველა შემთხვევაში არ იწვევს არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენას. რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა კი ზრდის დანაშაულის ჩადენის ალბათობას.

მეორე დონის პრევენციის ძირითადი მიზანია რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა სათანადო იდენტიფიცირებისა და რეფერალური მექანიზმის შემუშავება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის პრევენციის პროცესში თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანთა სტიგმატიზაცია, რაც მოითხოვს ღონისძიებების დაგეგმვისას არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დაცვას.

მეორე დონის პრევენციის მიზნები მოიცავს როგორც დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ყველა არასრულწლოვანზე მიმართულ ზოგად, ისე კონკრეტულ რისკჯგუფებზე ორიენტირებულ მიზნებს.

 

მიზნები:

რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა ადრეული, სწრაფი და ეფექტიანი იდენტიფიცირების მექანიზმის შემუშავება და დანერგვა;

რეფერალური მექანიზმის, მათ შორის, რისკის შეფასების სისტემის, ინტერვენციის ზომების დაგეგმვისა და მათი შედეგების შეფასების მექანიზმის შემუშავება და იმპლემენტაცია;

რეფერალური მექანიზმის ფარგლებში პასუხისმგებელ უწყებათა შორის ეფექტიანი და კოორდინირებული თანამშრომლობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

რისკფაქტორების იდენტიფიცირებისა და რეფერალურ მექანიზმში ჩაბმული პერსონალის გადამზადება.

 

ოჯახი:

რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა ოჯახებისათვის მხარდაჭერის გაწევისა და მათი კონსულტაციის მიზნით ზოგადი ინტერვენციული მოდელის შემუშავება და განვითარება;

რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა ოჯახების კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათ შორის, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა, დასაქმების ხელშეწყობა; ოჯახის კეთილდღეობაზე პასუხისმგებელ თვითმმართველობის ერთეულებსა და ოჯახებს შორის კავშირის დამყარება; არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით, ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახებისაგან განცალკევებით განთავსების თავიდან არიდება და სხვ.;

პრევენციულ ღონისძიებებში რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა მშობლების ჩაბმულობის დონის გაზრდა, მათ შორის, მშობლის ინფორმირება სისტემატური გაცდენის, ანტისოციალური ქცევის ან/და ალკოჰოლის/ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შესახებ;

მშობელთათვის ტრენინგებისა და სემინარების შემუშავება ბავშვის აღზრდის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების, არასრულწლოვანთა დელინქვენტობისა და რისკფაქტორების შესახებ;

ოჯახიდან მომდინარე რისკფაქტორების (მაგალითად, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება, ძალადობა) შემცირებაზე მიმართული რეაგირების შესაბამისი მექანიზმების შემუშევება.

 

ინდივიდუალური რისკები:

ანტისოციალური ქცევის, ნარკოტიკის/ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების, აგრესიის, ძალადობისა და სხვა ქცევითი პრობლემების აღკვეთის მიზნით სწრაფი და ეფექტიანი ზომების მიღება, ასევე შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განვითარება;

საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში არასრულწლოვანთა მიერ სისტემატური გაცდენის და/ან დაბალი აკადემიური მოსწრების აღკვეთის მიზნით სათანადო ზომების მიღება, მათ შორის, ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმების შემუშავება;

სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში რისკის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების ჩაბმულობის უზრუნველყოფა;

რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთათვის საგანმანათლებლო და სამუშაო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე არასრულწლოვანთათვის სათანადო ფსიქოლოგიური დახმარების უზრუნველყოფა;

არასრულწლოვან დაზარალებულთა მხარდაჭერა, მათ შორის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დახმარება, საკონსულტაციო ცენტრების შექმნა და სხვ.;

საკუთარი თავის მართვის გაუმჯობესების, იმპულსური ქცევის კონტროლის, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ტრენინგების, ასევე ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციების ჩატარება და სხვ.;

არასრულწლოვანთა სკოლიდან გარიცხვის შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება, მაგალითად, ინდივიდუალური მიდგომების, მენტორული პროგრამების, საკონსულტაციო ჯგუფებისა და სხვა ღონისძიებების შემუშავება;

სკოლიდან გარიცხულ არასრულწლოვანთათვის ალტერნატიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დახვეწა.

 

მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი, დევნილი, იძულებით გადაადგილებული და უმცირესობათა წარმომადგენელი ბავშვები

მიუსაფარი ბავშვების რაოდენობის შემცირების მიზნით სათანადო ზომების მიღება, როგორებიცაა მაგალითად, მათთვის ხელსაყრელი საცხოვრებელი და სხვა პირობების შექმნა;

მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი, დევნილი, იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის სათანადო მზრუნველობისა და საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა;

საგანმანათლებლო, სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებში მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი, დევნილი, იძულებით გადაადგილებული და უმცირესობათა წარმომადგენელი ბავშვების ჩაბმულობის უზრუნველყოფა;

მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი, დევნილი, იძულებით გადაადგილებული და უმცირესობათა წარმომადგენელი ბავშვების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა.

 

მეხუთე ნაწილი

განმეორებითი დანაშაულის პრევენცია

მესამე დონე

 

მიმოხილვა და მიზნობრივი ჯგუფი

მესამე დონის პრევენცია ორიენტირებულია კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობის გზით რეციდივის თავიდან აცილებაზე. სტრატეგიის ეს ნაწილი მიზნად ისახავს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის შემცირებას არასრულწლოვნებში. შესაბამისად, მესამე დონის პრევენციის მიზნობრივი ჯგუფია სამართალდამრღვევი არასრულწლოვნები.

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციაზე მიმართული პროგრამები წამყვან როლს ასრულებს მესამე დონის პრევენციაში. საერთაშორისო პრაქტიკა მოიცავს ფსიქოლოგიურ დახმარებას (ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულთა კლინიკების ჩათვლით), დასაქმების ხელშეწყობასა და ზედამხედველობას. ბოლო წლებში შემოღებული სასჯელის ახალი ფორმები ორიენტირებულია რეაბილიტაციაზე და მიზნად ისახავს პატიმრობის ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებას (ე.წ. საზოგადოებრივი სასჯელი). ამ სფეროში არსებული ახალი მიდგომებია პრობაციაში ინტენსიური ზედამხედველობა, დამნაშავე-დაზარალებულის მედიაცია, მოძალადე დამნაშავეებისათვის ტრენინგკურსების უზრუნველყოფა, სავალდებულო ტრენინგი სოციალურ უნარებში და სხვ .

 

მიზნები:

სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატივების (როგორებიცაა განრიდების პროგრამები) განვითარება და განვრცობა და ამ გზით დანაშაულის ჩამდენ მოზარდთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის უზრუნველყოფა;

სამართალდამრღვევ არასრულწლოვანთა ბრაზისა და სტრესის მართვის, აგრეთვე კომუნიკაციის უნარების ტრენინგებში ჩაბმულობის უზრუნველყოფა;

წინასწარ პატიმრობაში მყოფ მოზარდთა განათლების პროგრამების განვითარება;

სასჯელის ინდივიდუალური გეგმების განვითარება და დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით;

ინდივიდუალური რეაბილიტაციის პროცესში ოჯახის ჩაბმულობის უზრუნველყოფა;

მსჯავრდებული მოზარდებისათვის არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განმტკიცება და მათი ამ პროგრამებში ჩაბმულობის წახალისება;

პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვანთა ტრენინგის უზრუნველყოფა სოციალურ და დასაქმებისათვის საჭირო უნარებში;

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში არასრულწლოვანთა სოციალური, კულტურული და სპორტული აქტივობების განვითარება და ხელშეწყობა;

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში არასრულწლოვანთათვის კონსულტირებისა და ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული დახმარების პროგრამების დანერგვა;

პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვანთა სამაგალითო ადამიანებთან შეხვედრების და ურთიერთობის მიზნით პროგრამების განვითარება და დანერგვა;

სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამების დანერგვა და განვითარება;

სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანთათვის შესაბამისი ზოგადი და პროფესიული განათლების ან/და დასაქმების ხელშეწყობა;

საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანთა სტაბილური საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

არასრულწლოვანთა დანაშაულის შესახებ კვლევების განხორციელება, როგორებიცაა მაგალითად, რეციდივი, ლატენტური დანაშაული, დანაშაულის გამომწვევი რისკფაქტორები და სხვ.;

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის პერსონალის ტრენინგი არასრულწლოვნებთან ურთიერთობის საკითხებზე.