ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ

  • Word
ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.016763
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
90
07/03/2012
ვებგვერდი, 14/03/2012
340170000.10.003.016763
ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/03/2012 - 17/05/2013)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 90

2012 წლის 7 მარტი

. თბილისი

ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-6 მუხლის პირ­ველი პუნქტის საფუძველზე, „სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმო­მცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის დამტკი­ცე­ბის თა­ობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №1756 განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად დამ­ტკი­ც­დეს თანდარ­თული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესი“.

მუხლი 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართვე­ლო­ბის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსა­თის ეროვნული სააგენტო ან საინსპექციო ორგანო იმ ბიზნესოპერატორის ჰიგიენური პირობების შემოწმების მიზნით, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, ვალ­დებულია იხელმძღვანელოს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით დამტკიცებული „სურსა­თის/ცხოველის საკვების მწარ­მოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგა­დი წესით“ (დანართი №1), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №282 დადგენილე­ბით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი სა­წარ­მოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესითა“ და ამ დადგე­ნი­ლებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპე­ციალური წესით“.

მუხლი 3. დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგუ­ლად ჩა­ითვალოს ნორმატიული აქტები ცხოველური წარმოშობის სურსათის წარ­მო­ებასთან, გადამუშავებასა და დისტრიბუციასთან დაკავშირებული ჰიგი­ენის პირობების შესახებ, გარდა „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოე­ბელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებ­ლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედ­ველო­ბის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დად­გენი­ლებისა და „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დი­სტ­რი­ბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის შესახებ“ საქართველოს მთა­ვრო­ბის 2010 წლის 10 სექტემბრის №282 დადგენილებისა.

მუხლი 4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართვე­ლო­ბის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურ­სათის ეროვნული სააგენტო ან საინსპექციო ორგანო, ამ დადგენი­ლებით დამ­ტკიცებული ჰიგიენური პირობების შემოწმების მიზნით ბიზნეს­ოპერა­ტორთა ინსპექტირების დროს ამავე დადგენი­ლებით დამტკიცებული „ცხო­ველური წარ­მოშობის სურსათის ჰიგიენის სპე­ციალური წესის“ მე‑5 და მე‑6 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუ­საბამობის აღმოჩენის შემთხ­ვევაში, უფლე­ბა­მო­სილია გასცეს მხოლოდ რეკო­მენდაციები შეუსაბამობის გა­მოსასწორე­ბ­ლად 2014 წლის 31 დეკემბ­რამდე.

მუხლი 5. უფლებამოსილი პირი სახელმწიფო კონტროლის განხორ­ციე­ლებისას ამ დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურ­სათის ჰიგიენის სპეციალური წესის“:

ა) მე‑4 მუხლის მე‑2 და მე‑3 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში – უფლებამოსილია გასცეს მხოლოდ რეკომენდაციები შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში;

ბ) 29‑ე მუხლის მე‑3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსა­ბა­მობის აღმოჩენის შემთხვევაში – უფლებამოსილია გასცეს მხოლოდ რეკო­მენ­და­ციები შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით ამ დადგენილების ამოქ­მე­დებიდან 2 წლის ვადაში;

გ) 33‑ე მუხლის მე‑2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსა­ბა­მობის აღმოჩენის შემთხვევაში – უფლებამოსილია გასცეს მხოლოდ რეკომენ­დაციები შეუსა­ბამობის გამოსწორების მიზნით ამ დადგენილების ამოქ­მე­დებიდან 2 წლის ვადაში.

მუხლი 6. დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის“ 21‑ე მუხ­ლის მე‑3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, ასევე 27‑ე მუხლისა, ამოქმედ­დეს „სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კოდექსის ძა­ლა­ში შესვლისთანავე.

მუხლი 7. ამ დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის“:

ა) 21‑ე მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს დად­გენილების ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში;

ბ) 27‑ე მუხლი ამოქმედდეს დადგენილების ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში;

გ) 37‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, ასევე მე‑4 პუნქტი – ევროკავშირში ექსპორტიორი ბიზნესოპერატორებისათვის ამოქ­მედ­დეს დადგენილების ამოქმედებისთანავე, ხოლო ყველა სხვა ბიზნესოპე­რა­ტორისათვის – დადგენილების ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში;

დ) 42‑ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს დადგენილების ამოქ­მედებისთანავე იმ ბიზნესოპერატორებისათვის, რომლებიც ეწევიან ცხოველ­თა მოშენებას და, ამასთანავე, მოშენებული ცხოველებისგან მიღებული ნედ­ლი რძის წარმოებას, ხოლო ყველა სხვა ბიზნესოპერატორისათვის – დადგე­ნი­­ლების ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში;

ე) 28‑ე მუხლის მე‑2 და მე‑3 პუნქტები, 46‑ე მუხლი და 53‑ე მუხლის მე‑2 და მე‑3 პუნქტებით განსაზღვრული, ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელ­დება იმ ცხოველური წარმოშობის სურსათის მიმართ, რომელიც ბაზარზე განთავსდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „ცხოვე­ლური წარმოშობის სურსათის ჰი­გიე­ნის სპეციალური წესის“ ამოქმედებამდე.

პრემიერ-მინისტრი      . გილაური

 

ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესი (შე­მ­დგომში – წესი) ადგენს სპეციალურ ჰიგიენურ მოთხოვნებს ბიზნესოპერა­ტო­­­­­რი­სათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარ­მო­ე­ბას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.

2. ბიზნესოპერატორის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ წესი­საგან განსხვავებული პირობები იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორი და­უ­საბუთებს ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირს, რომ განსხვავებული პი­რო­­ბების მეშვეობით ცხოველური წარმოშობის სურსათის სპეციალურ ჰი­გი­ენურ მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყოფილია.

3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა სა­ქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორად რეგისტრი­რე­ბუ­ლი პი­რი­სათვის (შემდგომში – ბიზნესოპერატორი), რომელიც ახორ­ციე­ლებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუ­შა­ვებას ან/და დისტრიბუციას.

4. ეს წესი არ ვრცელდება:

ა) ოჯახური წარმოების სუბიექტზე;

ბ) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელსაც „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კოდექსის შესა­ბა­მი­სად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;

გ) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გა­და­მუ­შა­ვებას ან/და დისტრიბუციას, პირველად წარ­მოებას ტრადიციული მეთოდების გამოყენებით;

დ) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც მაღალმთიან რეგიონში არა­ქარ­ხნული წესით ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გა­და­­მუ­შავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას;

ე) საცალო ვაჭრობის პუნქტზე, გარდა იმ საცალო ვაჭრობის პუნქ­ტებისა, სადაც ხორციელდება თევზჭერის შედეგად მოპოვებული პროდუქტის რეა­ლი­ზაცია საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით;

ვ) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ეწევა მცენარეული წარმოშობის სურსათის წარმოებას (მათ შორის, პირველად წარმოებას), გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას;

ზ) სურსათზე, რომელიც მიიღება ამ წესის შესაბამისად მიღებული ცხო­ველური წარმოშობის პროდუქტების შემდგომი გადამუშავების შედეგად.

5. ამ მუხლის მე‑4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სურ­სათის მწარმოებელ ბიზნესოპერატორზე ეს წესი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სურსათის წარმოების/გადამუშავების პროცესში ბიზნესოპე­რატორი თავად ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათთან დაკავ­შირებულ ოპერაციებს ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით (როგო­რიცაა: ცხოველის დაკვლა, გატარებული ხორცის, დამზადებული ხორცის, მექანიკუ­რად განცალკევებული ხორცის წარმოება, მოლუსკებისა და თევზ­ჭერის შე­დეგად მიღებული პროდუქტების მოპოვება, მოშენება ან/და გადა­მუშა­ვება, რძის პირველადი წარმოება, ნედლი რძის წარმოება და ამ წესით გან­­საზღვ­რული სხვა ოპერაციები).

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვ­ნებ­ლო­ბის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ საქართველოს კოდექსით და ამ მუხლით განსაზღვრული ტერმინები, რომლებსაც აქვს შემ­დეგი მნიშვნელობა:

ა) ცხოველური წარმოშობის სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვ­ნილი გა­და­მუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი, რომელიც მიიღება სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველისაგან. ცხოველური წარ­მოშობის პროდუქტი ასევე მოიცავს თაფლს, სისხლს, ცოცხალ ორსაგდუ­ლიან მოლუსკებს, ცოცხალ კანე­კლიანებს, ცოცხალ ტუნიკატებს და ზღვის ცოცხალ მუცელფეხიანებს, რომლებიც გან­კუთვნილია ადამიანის საკვებად;

ბ) ფერმა – ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა ცხოველის მოშენებას;

გ) ხორცი – მოიცავს შემდეგი ცხოველებისგან მიღებულ ადამიანის საკ­ვებად განკუთვნილ ცხოველის ნაწილებს:

გ.ა) შინაური ჩლიქოსანი ცხოველი – შინაური მსხვილფეხა ცხოველი, ღო­რი, ცხვა­რი და კენტჩლიქიანები, ასევე გარეული ცხოველი, რომელიც მო­შენებულია ფერ­მაში, როგორც შინაური ცხოველი;

გ.ბ) ფრინველი – შინაური ფრინველი, ასევე გარეული ფრინველი, რომე­ლიც მო­შე­ნებულია ფერმაში, როგორც შინაური ფრინველი;

გ.გ) ბოცვრისნაირები – კურდღელი, ბოცვერი და მღრღნელები;

დ) ცხოველის ტან‑ხორცი – ცხოველის სხეული მისი დაკვლისა და გა­მოში­გვ­ნის შემდეგ;

ე) ახალი ხორცი – ხორცი, რომელსაც არ გაუვლია შენახვისათვის საჭი­რო არც ერთი პროცედურა, გარდა გაცივებისა, გაყინვისა და სწრაფად გაყინ­ვი­სა, მათ შორის, ვაკუუმში ან შესაბამის კონტროლირებად ატმოსფერულ პირობებში შენახული ხორ­ცი;

ვ) შიგნეული – ახალი ხორცი შინაგანი ორგანოებისა და სისხლის ჩათვ­ლით, ცხო­ველის ტან‑ხორცის გარდა;

ზ) შინაგანი ორგანოები – გულმკერდის, მუცლისა და მენჯის ღრუს ორ­გა­ნოები, ასევე ტრაქეა და საყლაპავი მილი (ფრინველის შემთხვევაში – ჩი­ჩახვი);

თ) გატარებული ხორცი – ძვლებგამოცლილი ხორცი, რომელიც ფრაგ­მენტებად დაქუცმაცდა და შეიცავს 1%‑ზე ნაკლებ მარილს;

ი) მექანიკურად განცალკევებული ხორცი – ხორცი, რომელიც მექანიკუ­რი სა­შუ­ა­ლებების გამოყენებით განცალკევებულია ძვლისაგან, რაც იწვევს ცხოველის კუნ­თოვანი სტრუქტურის შეცვლას;

კ) დამზადებული ხორცი (ფარში) – ახალი ხორცი, მათ შორის, ფრაგმენ­ტებად დაქუცმაცებული ხორცი, რომელსაც დაემატა საკვები საშუალებები, საკაზმი ან სა­კვებ­დანამატი, ან რომელმაც გაიარა კუნთის სტრუქტურის შე­ცვლისათვის გადამუ­შავების არასაკმარისი პროცესი იმგვარად, რომ ახალი ხორცის მახასიათებლები არ დაუკარგავს;

ლ) სასაკლაო – ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა ცხოველის დაკვ­ლას;

მ) ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკი – ფირფიტალაყუჩიანი მოლუს­კი;

ნ) ზღვის ბიოტოქსინები – მომშხამველი ნივთიერება, რომელიც გროვ­დება ორ­სა­გდულიან მოლუსკში პლანქტონის შემცველი ტოქსინებით კვების შედეგად;

ო) კონდიცირება – ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების შეფუთვის ან დაფა­სოების წინ სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად მისი რე­ზერვუარში ან სხვა ტიპის დანადგარში შენახვა, რომელიც შეიცავს ზღვის სუ­ფთა წყალს, ასევე მისი სხვა ბუნებრივ ადგილზე განთავსება, რათა მოშო­რებულ იქნეს ქვიშა, შლამი და ჭუჭყი, მისი ორგანოლეპტიკური თვისებების შენარჩუნების ან გაუმჯობესების მიზნით;

პ) რეტრანსლაცია – ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ბუნებრივი გაწ­მენდა ზღვას ან ლაგუნაში გადაყვანის გზით მათი დაბინძურების შემცი­რე­ბისათვის საჭირო დროის განმავლობაში. ეს არ მოიცავს იმ ზონებს, სადაც მოლუსკების გადატანა ხდება მათი შემდგომი გაზრდისა და გასუქებისათვის;

ჟ) თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქტი (შემდგომში – თევზ­ჭერის პროდუქტი) – ზღვასა და მტკნარ წყლებში მოპოვებული გარეული ან მოშენებული ცხოველები და მათი საკვებად გამოსაყენებელი ნაწილები (ცოც­ხალი ორსაგდულიანი მოლუსკების, ცოცხალი კანეკლოვანების, ცოცხალი ტუ­ნი­კატების, ზღვის ცოცხალი მუ­ცელფეხოვანი მოლუსკების, ყველა ძუძუმ­წოვ­რის, ცივსისხლიანისა და ბაყაყის გარ­და);

რ) მექანიკურად განცალკევებული თევზჭერის პროდუქტი – ნების­მიე­რი პრო­დუქტი, რომელიც მიიღება მექანიკური საშუალებებით თევზჭერის პროდუქტისაგან რბილობის განცალკევებით, რაც იწვევს თევზჭერის პრო­დუქ­ტის ხორცის სტრუქტუ­რის შეცვლას;

ს) ახალი თევზჭერის პროდუქტი – თევზჭერის გადაუმუშავებელი პრო­დუქტი, ვაკუუმში ან შესაბამის ატმოსფერულ პირობებში შენახული პრო­დუქტის ჩათვლით, რომელსაც გაცივების გარდა არ გაუვლია შენახვისათვის საჭირო არც ერთი პროცე­დურა;

ტ) დამზადებული თევზჭერის პროდუქტი – თევზჭერის გადაუმუშა­ვებელი პრო­დუქტი, რომელმაც გაიარა პროცედურები, რის შედეგადაც დაირ­ღვა მისი ანა­ტო­მიური მთლიანობა, მათ შორის, გამოშიგვნა, თავის მოცლა, დაჭრა და დაქუცმაცება;

უ) ნედლი რძე – მოშენებული ცხოველისაგან მიღებული რძე, რომელიც არ გა­ცხელებულა 40°C‑ზე მეტ ტემპერატურაზე ან არ გაუვლია ეკვივალენ­ტური ეფექტის მქონე სხვა სახის დამუშავება;

ფ) კვერცხი – კვერცხი, რომელიც მიღებულია მოშენებული ფრინვე­ლი­საგან, არ არის გატეხილი და რომელიც გამოსადეგია სურსათის დასამზა­დებ­ლად ან საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით;

ქ) თხევადი კვერცხი – გადაუმუშავებელი კვერცხის შიგთავსი ნაჭუჭის მოშო­რე­ბის შემდეგ;

ღ) გაბზარული კვერცხი – კვერცხი, რომელსაც დაზიანებული აქვს ნა­ჭუჭი, თუ­მცა შენარჩუნებული აქვს მემბრანის მთლიანობა;

ყ) ლოკოკინა – Helix pomatiaLinné, Helix espersaMuller, Helix lucorum სა­ხეობის ხმელეთის მუცელფეხიანები და აქადინების კლასი;

შ) ხორცის პროდუქტი – გადამუშავებული პროდუქტი, რომელიც მიი­ღება ხორ­ცის გადამუშავებით ან ამ გადამუშავებული პროდუქტის შემდგომი გადა­მუშა­ვების პროცესის შედეგად და რომელსაც აღარ აქვს ახალი ხორცის მახასიათებლები;

ჩ) რძის პროდუქტი – გადამუშავებული პროდუქტი, რომელიც მიიღება ნედლი რძის გადამუშავებით ან ამ გადამუშავებული პროდუქტის შემდგომი გადამუშავების შედეგად;

ც) კვერცხის პროდუქტი – გადამუშავებული პროდუქტი, რომელიც მიი­ღება კვერცხის გადამუშავებით ან ამ გადამუშავებული პროდუქტის შემდგო­მი გადამუ­შავების პროცესის შედეგად;

ძ) გადამუშავებული თევზჭერის პროდუქტი – გადამუშავებული პრო­დუქ­ტი, რო­მელიც მიიღება თევზჭერის პროდუქტის გადამუშავებით ან ამ გადამუშავებული პროდუქტის შემდგომი გადამუშავების პროცესის შედე­გად;

წ) ცხოველის გადამდნარი ცხიმი – ცხიმი, რომელიც მიიღება ხორცის (ძვლის ჩა­თვლით) გადადნობის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ადა­მიანის მიერ მოხ­მა­რებისათვის;

ჭ) ხიწიწი – წყლისა და ცხიმის ნაწილობრივი განცალკევების შემდეგ მი­ღე­ბული ცხოველის გადამდნარი ცხიმის პროტეინის შემცველი ნარჩენი;

ხ) დამუშავებული კუჭი, შარდის ბუშტი და ნაწლავები – მუცლის ღრუ, შარ­დის ბუშტი და ნაწლავები, რომლებმაც მოპოვებისა და გაწმენდის შემდეგ გაიარა და­მუშავება, კერძოდ, დამარილება, თერმული დამუშავება ან გაშ­რობა;

ჯ) სასმელი წყალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გან­სა­ზღვ­რული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი წყალი;

ჰ) სუფთა წყალი – ზღვის, მდინარის ან სხვა არასასმელი წყალი, რომე­ლიც არ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლოა პირდაპირი ან არა­პირდაპირი გავლენა მოახდინოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებ­ლობაზე.

    მუხლი 3. ბიზნესოპერატორის ზოგადი ვალდებულებები

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურ­სათის წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ვალდებულია დაიც­ვას საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენი­ლებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარ­მოს/დი­სტ­რიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესი“ (დანართი №1) და ამ წესით გათ­ვალისწინებული ჰიგიენური მოთხოვნები.

2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ცხოველური წარმოშობის სურ­სათის გადამუშავებისას გამოიყენოს სასმელი წყალი, რომელიც აკმაყოფი­ლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

3. ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებისას (გადამუშავებამდე), მათ შორის, თევზისა და სხვა ზღვის პროდუქტების გასარეცხად, შესაძლე­ბელია სუფთა წყლის გამოყენება.

    მუხლი 4. ჯანმრთელობის ნიშანდება და საიდენტიფიკაციო ნიშანი

1. სარეალიზაციოდ განკუთვნილ ცხოველური წარმოშობის სურსათს უნდა გააჩნდეს საქართველოს მთავრობის დად­გენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმ­წიფო კონტროლის განხორციე­ლების წესის“ შესაბა­მისად მინიჭებული ჯანმ­რთელობის ნიშანდება.

2. სარეალიზაციოდ განკუთვნილ ცხოველური წარმოშობის სურსათს, რომე­ლიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ საჭიროებს ჯან­მრ­თელობის ნიშანდებას, უნდა ჰქონდეს საიდენტიფიკაციო ნიშანი ამ წესის 28‑ე, 47‑ე და 53‑ე მუხლებით გათვალისწინებულ პროდუქტებზე (ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკი, ნედლი რძე და რძის პროდუქტები, კვერცხის პროდუქტების პარტია, თხევადი კვერ­ცხი).

3. საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთ­ხო­ვნებს:

ა) საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა დაისვას, ვიდრე პროდუქტი და­ტოვებს წარ­მოების ადგილს;

ბ) საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა იკითხებოდეს და იოლად არ იშლე­ბოდეს;

გ) საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინ­ფორ­მაციას:

გ.ა) იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი წარმოებულია საქართველოში, სა­იდენ­ტიფიკაციო ნიშანი უნდა მოიცავდეს ISO 3361 სტანდარტის მიხედვით სა­ქართველოს 2‑ასოიან კოდს – GE;

გ.ბ) საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა შეიცავდეს ბიზნესოპერატორად რეგი­სტრაციის ნომერს;

დ) საიდენტიფიკაციო ნიშანი შესაძლოა განთავსდეს უშუალოდ პრო­დუქ­ტზე, პროდუქტის შესაფუთ ან შესახვევ მასალაზე, ან ასევე შესაძ­ლებე­ლია საიდენტი­ფიკაციო ნიშანზე ამ მუხლის მე‑3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია განთავსდეს პროდუქტის ეტიკეტზე იმის მიხედვით, თუ პროდუქტი როგორი სახითაა განკუთვნილი რეალიზაცი­ისა­თვის. საიდენტიფიკაციო ნიშანი შე­იძლება ასევე იყოს გამძლე მასალი­საგან დამზადებული იარლიყი;

ე) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შემთხვევაში, რომლებიც ტრანს­პორ­ტირებისათვის მოთავსებულია კონტეინერებში ან დიდ შესაფუთ მასალაში და განკუთვნილია შემდგომი დამუშავებისათვის, გადამუშავების, შეხვევის ან შეფუთ­ვისათვის, საიდენტიფიკაციო ნიშანი შეიძლება დაისვას კონტეინერის ან შეფუთვის ზედაპირზე;

ვ) ცხოველური წარმოშობის თხევადი, გრანულირებული და ფხვიერი პრო­დუქ­ტების შემთხვევაში, რომელთა ტრანსპორტირება ხდება დიდი ოდე­ნობით, ასევე დიდი ოდენობით ტრანსპორტირებული თევზჭერის პრო­დუქ­ტის შემთხვევაში, საიდენტიფიკაციო ნიშანი აღარ არის აუცილებელი, თუ პროდუქტის თანდართული დოკუმენტაცია მოიცავს ქვეყნის 2‑ასოიან კოდს ამ მუხლის მე‑3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით;

ზ) როდესაც ცხოველური წარმოშობის პროდუქტი მოთავსებულია შე­ფუთვაში და, ამასთანავე, ის განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის პირდაპირ მისაწო­დებ­ლად, საკმარისია, რომ საიდენტიფიკაციო ნიშანი და­ერ­თოს მხოლოდ პროდუქ­ტის შეფუთვის ზედაპირს.

    მუხლი 5. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო  წერტილების სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. თუ ბიზნესოპერატორი წარმოადგენს სასაკლაოს ან ახორციელებს ნედ­ლი რძის თერმულ დამუშავებას, იგი ვალდე­ბულია დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა „სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინა­რიისა და მცენარეთა დაცვის შესა­ხებ“ სა­ქართველოს კოდექსით გათვალის­წინებულ პრინციპებზე დაყრდ­ნობით.

2. სასაკლაოზე საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტი­ლების (HACCP) სისტემის დანერგვის შედეგად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემ­დეგი:

ა) მიღებულ ცხოველს ან ცხოველთა პარტიას უნდა ახლდეს ამ წესის მე‑6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ან აღნიშნული ინფორმაცია სასაკლაოს მიეწოდოს ცხოველის ან ცხოველის პარტიის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;

ბ) არ უნდა მოხდეს ცხოველის ან ცხოველთა პარტიის მიღება საკა­რანტინო ზონი­დან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ნებადარ­თულია სურსათის ეროვ­ნული სააგენტოს მიერ;

გ) სასაკლაოსთვის ჩაბარებული ცხოველი ან ცხოველთა პარტია უნდა იყოს ჯანმრ­თელი, რამდენადაც სასაკლაოს შეუძლია აღნიშნულის განსა­ზღვრა.

    მუხლი 6. ცხოველური წარმოშობის სურსათის საწარმოო ჯაჭვის  შესახებ ინფორმაცია მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად

1. ბიზნესოპერატორმა, რომელიც წარმოადგენს სასაკლაოს, უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ცხოველური წარმოშობის სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის წარ­­მოება მისთვის ჩაბარებულ ცხოველზე ან ცხოველის პარ­ტიაზე ამ მუხლით დად­გენილი წესით.

2. სასაკლაო ვალდებულია მის მიერ მიღებული ცხოველის ან ცხოველის პარ­ტიის შესახებ ფლობდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) ცხოველის ან ცხოველის პარტიის მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მო­ნაცემებს, ფაქტობრივი მისამართისა და ცხოველის ან ცხოველის პარტიის ჩაბარების თარიღის მითითებით;

ბ) მიღებული ცხოველისათვის გამოყენებული ვეტერინარული პრეპა­რა­ტების ან ცხოველის მკურნალობასთან დაკავშირებით ჩატარებული ღონის­ძიებების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) მიღებული ცხოველის მიერ გადატანილი სხვადასხვა დაავადებების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გავლენა იქო­ნიოს აღნიშნული ცხოველისაგან მიღებული ხორცის უვნებლობაზე;

დ) მიღებული ცხოველისგან აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) მიღებულ ცხოველზე ჩატარებული დაკვლისწინა და დაკვლისშემ­დგომი შე­მოწმების შედეგების შესახებ;

ვ) სასაკლაოზე ცხოველის დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწ­მებისათვის პასუხისმგებელი ვეტერინარი ექიმის სახელს, გვარს და სურ­სათის ეროვნული საა­გენტოს მიერ მისთვის მინიჭებულ საიდენტიფიკაციო კოდს.

3. ამ მუხლის მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარ­მო­ება და მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული საშუალებებით.

თავი II

ჰიგიენის სპეციალური მოთხოვნები შინაური ჩლიქოსანი ცხოველის ხორცის მიმართ

    მუხლი 7. ცოცხალი შინაური ჩლიქოსანი ცხოველის ტრანსპორტირება სასაკლაომდე

1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია განახორციელოს ცოცხალი შინაუ­რი ჩლი­ქოსანი ცხოველის სასაკლაომდე ტრანსპორტირება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანების გარეშე, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ამ ცხოველისაგან მიღებული ხორცის უვნებლობაზე.

2. ბიზნესოპერატორმა არ უნდა განახორციელოს დაავადებული ცოც­ხალი შინაური ჩლიქოსანი ცხოველის ტრანსპორტირება სასაკლაომდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ნებადართულია ვეტერინარი ექიმის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 8. მოთხოვნები შინაური ჩლიქოსანი ცხოველის სასაკლაოს მიმართ

1. სასაკლაოს უნდა ჰქონდეს დასაკლავად განკუთვნილი ცხოველი­სა­თვის მოსაცდელი სადგომები (რომელიც შესაძლოა იყოს სასაკლაოს გარეთ, თუ კლიმატური პირობები ამის საშუალებას იძლევა). მოსაცდელი სად­გო­მე­ბი უნდა იძლეოდეს მათი დასუფთავებისა და დეზინფიცირების შე­საძ­ლებ­ლობას.

2. სასაკლაოს საკანალიზაციო დრენაჟმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას და­კლული ცხოველისაგან მიღებული სურსათის უვნებლობას.

3. სასაკლაოს უნდა ჰქონდეს განცალკევებული ადგილი დაავადებუ­ლი ან სავარაუდოდ დაავადების მქონე ცოცხალი შინაური ჩლიქოსანი ცხო­ვე­ლის განსათავსებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა ცოც­ხალი ცხო­­ველების ინფიცირება.

4. სასაკლაო ვალდებულია შინაური ჩლიქოსანი ცხოველის ხორცის და­ბინძურების თავიდან აცილების მიზნით უზრუნველყოს:

ა) საჭირო ადეკვატური სამუშაო სივრცე საქმიანობის განსახორციელებ­ლად;

ბ) შემდეგი პროცესების დროში ან სივრცეში განცალკევებულად გან­ხორ­ციე­ლება:

ბ.ა) ცოცხალი ცხოველის გაბრუება და სისხლგართმევა, ღორის შემთხ­ვევაში – მისი დამდუღვრა, ჯაგრის გაცლა, გაფხეკა და ორთქლში გატარება;

ბ.ბ) გამოშიგვნა და შემდგომი გაწმენდა;

ბ.გ) ნაწლავებისა და გულმკერდის დამუშავება;

ბ.დ) შიგნეულის დაფასოება;

გ) ხორცის იატაკსა და კედელთან შეხების შეძლებისდაგვარად თავიდან აცი­ლება;

დ) ადამიანის საკვებად უვარგისი ხორცის საკვებად განკუთვნილი ხორცისაგან განცალკევებულად შენახვა;

ე) ცოცხალი ცხოველის ტრანსპორტირების საშუალებების დასუფთავე­ბის, სა­რეცხი და სადეზინფექციო საშუალებების განცალკევებულად შენახვა;

ვ) დაფასოებული და დაუფასოებელი ხორცის ერთმანეთისაგან გან­ცალკევებულად შენახვა;

ზ) დაკვლის პროცედურებისათვის განკუთვნილი სივრცეები (საწარმოო ხაზები) ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თავიდან იქნეს აცილებული ამ სივ­რცეებს შორის ჯვარედინი დაბინძურება. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმა­ვე სასაკლაოში მიმდინარეობს ცხოველის დაკვლასთან დაკავშირებული სხვა­დასხვა პროცედურები, საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს ამ პროცედუ­რების დროში ან სივრცეში განცალკევება ჯვარედინი დაბინძურების თავი­დან აცი­ლების მიზნით.

5. სასაკლაოს უნდა გააჩნდეს საქმიანობასთან დაკავშირებული იარა­ღების დეზინფიცირების საშუალება ცხელი წყლით (არანაკლებ 82 0C‑ისა) ან უნდა გააჩნდეს ანალოგიური ეფექტის მქონე ალტერნატიული საშუალება.

6. იმ შემთხვევაში, თუ ხდება ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორ­ცის სასაკლაოში შენახვა, სასაკლაოს უნდა გააჩნდეს ხორცის შენახვისა­თვის საჭირო გასაყინი საშუალება.

7. სასაკლაოს უნდა გააჩნდეს სათავსოები იმ ხორცისათვის, რომელიც მიჩნეულია უვარგისად ადამიანის მიერ მოხმარებისათვის.

8. რეკომენდებულია, სასაკლაოს გააჩნდეს დაავადებული და სავარაუ­დოდ დაავადების მქონე ცხოველის განადგურებისათვის იზოლირებული სივრცე. იმ შემთხვევაში, თუ სასაკლაოს არ გააჩნია დაავადებული ან სავა­რაუდოდ დაავადების მქონე ცხოველის განადგურებისათვის იზოლირე­ბული სივრცე, ასეთი ცხოველის განადგურებისათვის გამოყენებული სივრცე, დანა­დგარები და აღჭურვილობა უნდა გაიწმინდოს, გაირეცხოს და მოხდეს მათი დეზინფიცირება აღნიშნული სივრცის, დანადგარებისა და აღჭურვი­ლობის ხე­ლახლა გამოყენებამდე.

9. თუ ნაკელი ინახება სასაკლაოში, ამისთვის უნდა არსებობდეს სპეცია­ლურად გამოყოფილი ადგილი ან ტერიტორია.

    მუხლი 9. მოთხოვნები იმ ბიზნესოპერატორების მიმართ,  რომლებიც ეწევიან ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცის დაჭრას

ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა ცხოველის დაკვლის შედეგად მი­ღე­ბული ხორცის დაჭრას, ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ხორცის დაბინძურების თავიდან აცილება;

ბ) უზრუნველყოს დაფასოებული ხორცის დაუფასოებელი ხორცისაგან დროში ან სივრცეში განცალკევებულად შენახვა ისე, რომ შესაფუთი მასალა ან ხორცის შენახვის მეთოდი არ გახდეს დაბინძურების წყარო;

გ) გააჩნდეს ამ წესის მე‑11 მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელებისათვის საჭირო აღჭურვილობა;

დ) გააჩნდეს საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღების დეზინფი­ცი­რების საშუალება ცხელი წყლით (არანაკლებ 82 0C‑ისა) ან ანალოგიური ეფე­ქტის მქონე ალტერნატიული საშუალება.

    მუხლი 10. ჰიგიენური მოთხოვნები დაკვლის პროცესის მიმართ

1. ადამიანის მიერ მოხმარების მიზნით სასაკლაომ უნდა ჩაიბაროს მხო­ლოდ ცოცხალი ცხოველი ამ წესის მე‑12 მუხლით გათვალისწინებული შემთ­ხვევის გარდა.

2. ფიზიკური ტრავმის გამო სასაკლაოში დაკლული ცხოვე­ლის ხორცი შეიძ­ლება გამოყენებულ იქნეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, თუ დაკ­ვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ასე­თი ცხოველის დაკვ­ლის შედეგად მიღებული ხორცი უვნებელია ადამია­ნის მიერ მოხმა­რებისათვის.

3. სასაკლაო ვალდებულია აწარმოოს ცხოვე­ლური წარმოშობის სურ­სა­თის საწარმოო ჯაჭვის შესახებ საინფორმაციო დოკუმენტაცია მიკვლევა­დობის უზრუნველსაყოფად ამ წესის მე‑6 მუხლის შესაბამისად.

4. სასაკლაომ ცოცხალი შინაური ჩლიქოსანი ცხოველის დაკვლისას უნდა და­იცვას შემდეგი ჰიგიენური მოთხოვნები:

ა) ცხოველი დაკვლისას უნდა იყოს სუფთა;

ბ) განახორციელოს ცოცხალი ცხოველის დაკვლისწინა და დაკვლისშემ­დგომი შემოწმების შედეგად ვეტერინარი ექიმის მიერ გაცემული მითი­თე­ბები;

გ) ცხოველის გაბრუების, სისხლგართმევის, გატყავების, გამოშიგვნისა და შემდგომი დამუშავებისას თავიდან აიცილოს ხორცის დაბინძურება, კე­რ­ძოდ:

გ.ა) ტრაქეა და საყლაპავი მილი დაუზიანებლად უნდა შენარჩუნდეს სისხლ­გარ­თმევის დროს, გარდა რელიგიური ტრადიციის მიხედვით განხორ­ციელებული დაკვლის პროცესისა;

გ.ბ) ტყავისა და ბალნის საფარის (ჯაგრის) მოშორების დროს თავიდან იქნეს აცილებული:

გ.ბ.ა) ტყავის ზედაპირისა და ცხოველის ტან‑ხორცის შეხება ერთმა­ნეთთან;

გ.ბ.ბ) ტყავის ზედაპირსა და ბალანთან (ჯაგართან) შეხებაში მყოფი აღჭურვილობის ხორცთან შეხება;

გ.გ) ცხოველის გამოშიგვნის დროს უნდა იქნეს მიღებული ზომები კუჭ‑ნაწლავის ტრაქტის შიგთავსის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად და, ამასთანავე, ტან‑ხორცის გამოშიგვნა უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 45 წუ­თისა ცხოველის გაბრუებიდან და არა უგვიანეს 30 წუთისა მისი სისხლ­გართმევის შემდეგ;

გ.დ) ცხოველის სარძევე ჯირკვლის ამოღებისას არ უნდა მოხდეს რძის გაჟონვა და ხსენის მინარევის შეღწევა ცხოველის ტან‑ხორცში;

დ) ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველის ტანი და მისი სხვა ნაწილები სრულად უნდა გატყავდეს, გარდა ღორისა, ხოლო ცხვრის, ვირის და ხბოს შემ­თხვევაში – გარდა მისი თავ‑ფეხისა. თავ‑ფეხი ისე უნდა დამუშავ­დეს, რომ არ მოხდეს ცხო­ველის სხვა ხორცის დაბინძურება;

ე) თუ ღორის გატყავება არ ხდება, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ჯაგ­რის მოცილება მდუღარე წყლის საშუალებით, რათა ხორცის დაბინძურების სა­ფრთხე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. დამდუღვრის შემდეგ ღორის ტან‑ხო­რცი სასმელი წყლით უნდა გაირეცხოს;

ვ) ცხოველის ტან‑ხორცს არ უნდა ჰქონდეს ფეკალური დაბინძურება, ნების­მიერი ასეთი აშკარა დაბინძურება მოცილებული უნდა იქნეს;

ზ) ცხოველის ტან‑ხორცი და შიგნეული არ უნდა იყოს შეხებაში იატაკსა და კედელთან;

თ) ადამიანის საკვებად უვარგისი ხორცი არ უნდა იყოს შეხებაში ადამიანის საკვებად განკუთვნილ ხორცთან;

ი) დაკვლისშემდგომი შემოწმების დასრულებამდე დაკლული ცხოვე­ლის დაკვლისშემდგომ შემოწმებას დაქვემდებარებული ნაწილები:

ი.ა) უნდა იყოს იდენტიფიცირებადი ისე, რომ გარკვეული იყოს, თუ რო­მელი ცხოველისგან მიღებულ ტან‑ხორცს მიეკუთვნება აღნიშნული ნაწი­ლები;

ი.ბ) არ უნდა იყოს შეხებაში სხვა ცხოველისგან მიღებულ ტან‑ხორცთან, შიგ­ნე­უ­­ლობასა და შინაგან ორგანოებთან, მათ შორის, იმ ნაწილებთან, რომ­ლებ­მაც უკვე გაიარეს დაკვლისშემდგომი შემოწმება;

კ) ორივე თირკმელი უნდა იქნეს ამოღებული თავისი ცხიმსაფარიდან. შინაური მსხვილფეხა ცხოველის, ღორისა და კენტჩლიქიანი ცხოველის შე­მთხ­ვევაში პერირენალური მემბრანა ასევე უნდა იქნეს ამოღებული ცხოვე­ლის ტან‑ხორციდან;

ლ) დაკვლისშემდგომი შემოწმების შემდეგ:

ლ.ა) შინაური მსხვილფეხა, კენტჩლიქიანი ცხოველებისა და ღორის ნუშისებრი ჯირკვლები უნდა იქნეს ამოღებული ცხოველის ტან‑ხორციდან;

ლ.ბ) დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად ადამიანის მიერ მოხმარე­ბისათვის უვარგისად მიჩნეული ცხოველის ნაწილები, შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა იქნეს გატანილი საწარმოს სუფთა ადგილიდან;

ლ.გ) დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად ადამიანის მიერ მოხ­მარებისათვის ცხოველის უვარგისად მიჩნეული ნაწილები და ასევე ადამია­ნის საკვებად ცხოველის გამოუყენებელი ნარჩენები არ უნდა იყოს კონტაქ­ტში დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად ადამიანის მიერ მოხმარები­სათვის ცხოველის ვარგისად მიჩნეულ ნაწილებთან;

მ) ცხოველის დაკვლისა და დაკვლისშემდგომი შემოწმების დასრუ­ლების შემდეგ ხორცი უნდა შეინახოს ამ წესის მე‑13 მუხლით განსაზღვ­რული მოთხოვნების შესაბამისად;

ნ) ხორცის შემდგომი დამუშავების შემთხვევაში:

ნ.ა) კუჭი უნდა დაიმდუღროს ან გაიწმინდოს;

ნ.ბ) ნაწლავები უნდა დაიცალოს და გაიწმინდოს;

ნ.გ) თავ‑ფეხი უნდა გატყავდეს ან დაიმდუღროს და მოხდეს დეპი­ლა­ცია;

ო) დაავადებული ან სავარაუდოდ დაავადების მქონე ცხოველის განა­დგურების მიზნით მისი განადგურებისას გამოყენებული სივრცე, დანადგა­რები და აღჭურვილობა უნდა გაიწმინდოს, გაირეცხოს და მოხდეს მათი დეზინფიცირება აღნიშნული სივრცის ხელახლა გამოყენებამდე, იმ შემთხვე­ვაში, თუ სასაკლაოს არ აქვს გამოყოფილი სპეციალური ადგილი დაავადე­ბული ან სავარაუდოდ დაავადების მქონე ცხოველის განადგურებისათვის.

    მუხლი 11. ჰიგიენური მოთხოვნები ხორცის დაჭრის და ძვლების გამოცლის პროცესის მიმართ

1. ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ შინაური ჩლიქოსანი ცხო­ველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცის დაჭრა და ძვლების გა­მოცლა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

ა) შინაური ჩლიქოსანი ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ტან‑ხორცი უნდა დაიჭრას ორ ნაწილად ან მეოთხედ ნაწილებად, ხოლო ორ ნაწილად დაჭრილი ტანხორცის თითოეული ნაჭრის დაჭრის შემთხვევაში თითოეული ნაწილი უნდა დაიჭრას არა უმეტეს სამ ნაჭრად. ხორცის შემდ­გო­მი დაჭრა და ძვლების გამოცლა უნდა განხორციელდეს ხორცის დასაჭ­რე­ლად განკუთვნილ ადგილას;

ბ) შინაური ჩლიქოსანი ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებულ ხორც­ზე მუშაობა ისე უნდა განხორციელდეს, რომ თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ხორცის დაბინძურება. ამისათვის ბიზნესო­პე­რატორმა უნდა უზუნველყოს:

ბ.ა) ხორცის დაჭრა, ძვლებისაგან გამოცლა, შეხვევა და შეფუთვა ისე, რომ შიგნეულის ტემპერატურა შენარჩუნდეს არა უმეტეს 3 0C–5 0C‑ზე, ხოლო ხორცის სხვა ნაწილების ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს არა უმეტეს 7 0–10 0C-ზე;

ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე ბიზნესოპერატორის მიერ ხო­რციელდება სხვადასხვა სახეობის ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორ­ცის დაჭრა, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სხვა­დასხვა სახეობის ცხოველის ხორცის დაჭრა განხორციელდეს დროში ან სი­ვრცეში განცალკევებულად.

2. ხორცი შეიძლება დაიჭრას და ძვლები გამოეცალოს მანამ, სანამ ხო­რცის ტემპერატურა მიაღწევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუ­ნქ­ტით განსაზ­ღვრულ ტემპერატურას, ამ წესის მე‑13 მუხლის პირველი პუნ­ქ­ტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

3. ხორცი შეიძლება დაიჭრას და ძვლები გამოცლილ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტემპერატურის მიღ­წევა­მდე, თუ ხორცის დაჭრა ხორციელდება სასაკლაოში. ასეთ შემთხვევაში დაკვლის ადგილიდან ხორცი პირდაპირ უნდა განთავსდეს დაჭრისათვის გან­კუთვნილ სპეციალურ ადგილას ან შესაძლებელია ხორცი გრილ ან გაყი­ნულ ოთახში გარკვეული მოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ გადა­ტანილ იქნეს დაჭრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას. როგორც კი ხორცი დაიჭრება ან დაფასოვდება, ის უნდა გაგრილდეს ამ მუხლის პირ­ველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტემპერატურამდე.

    მუხლი 12. ცხოველის გადაუდებელი დაკვლა სასაკლაოს გარეთ

1. იმ შემთხვევაში, თუ შინაურ ჩლიქოსან ცხოველს გააჩნია ისეთი ფი­ზიკური ტრავმა, რომლის გამოც შეუძლებელია მისი ტრანსპორტირება სასაკ­ლაომდე, ის შეიძლება დაიკლას სასაკლაოზე მიყვანის გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ვალ­დებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

ა) ცხოველს უნდა ჩაუტარდეს დაკვლისწინა შემოწმება ვეტერინარი ექიმის მიერ;

ბ) დაკლული და სისხლგართმეული ცხოველი უნდა იქნეს გადაყვა­ნილი სასაკლაოში;

გ) სასაკლაოში გადაყვანამდე შეიძლება მხოლოდ ცხოველის კუჭის და ნაწლავების ამოღება ცხოველის ტან‑ხორციდან ვეტერინარი ექიმის ზედამ­ხედველობით;

დ) დაკლული ცხოველისგან მოშორებული შინაგანი ორგანოების ნების­მიერი ნაწილი უნდა იქნეს გადატანილი სასაკლაოში და იდენტიფიცი­რე­ბუ­ლი, როგორც სასაკლაოს გარეთ დაკლული ცხოველის შიგნეულობა;

ე) თუ ცხოველის დაკვლასა და სასაკლაოზე მიყვანას შორის შუალედი აღემატება ორ საათს, დაკლული ცხოველი უნდა გაგრილდეს, გარდა იმ შემ­თ­ხვევისა, როდესაც კლიმატური პირობები დაკლული ხორცის გრილად შე­ნახვის შესაძლებლობას იძლევა;

ვ) დაკლულ ცხოველს, ამ წესის მე‑6 მუხლით გათვალისწინებული ინ­ფორმაციის გარდა, სასაკლაოში მიყვანისას თან უნდა ჰქონდეს ვეტერინარი ექიმის მიერ გაცემული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გან­საზღვრული ჯანმრთელობის სერტიფიკატი დაკვლისწინა შემოწმების და­დებითი შედეგების შესახებ, გადაუდებელი დაკვლის თარიღის, დროს და მი­ზეზების მითითებით;

ზ) დაკლული ცხოველისგან მიღებულ ხორცს სასაკლაოზე მიტანისას უნდა ჩაუტარდეს დაკვლისშემდგომი შემოწმება.

    მუხლი 13. ხორცის შენახვა და ტრანსპორტირება

1. ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს შინაური ჩლიქოსანი ცხო­ველების ხორცის შენახვისა და ტრანსპორტირების განხორციელება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) დაკვლისშემდგომი შემოწმებისთანავე ცხოველის ხორცი უნდა გაგ­რილდეს სასაკლაოში ისე, რომ შიგნეულის ტემპერატურამ მიაღწიოს არა უმე­ტეს 3 0C–5 0C‑ს, ხოლო ხორცის სხვა ნაწილების ტემპერატურამ მიაღწიოს არა უმე­ტეს 7 0C–10 0C-ს და, ამასთანავე, უზრუნველყოფილ იქნეს ტემპერატურის უწ­ყვეტი კლება. თუმცა ხორცი შეიძლება დაიჭრას და ძვლები გამოეცალოს გაგ­რილების პროცესში, ამ წესის მე‑11 მუხლის მე‑3 პუნქტის შესაბამისად;

ბ) გაგრილების პროცესში, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ადეკვა­ტური ვენტილაცია, რათა არ მოხდეს ხორცის ზედაპირზე კონდენსაცია;

გ) შიგნეულისა და ხორცის სხვა ნაწილების ტემპერატურამ უნდა მიაღ­წიოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტემპერატურას და აღ­ნიშნული ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს შენახვის მთელი პერიოდის გან­მავლობაში;

დ) შიგნეულისა და ხორცის სხვა ნაწილების ტემპერატურამ უნდა მიაღწიოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტემპერატურას მის ტრანსპორ­ტირებამდე და შეინარჩუნოს ეს ტემპერატურა ტრანსპორტირების განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორტირება გრძელ­დება არა უმეტეს ორი საათისა.

2. გაყინვისთვის განკუთვნილი ხორცი უნდა გაიყინოს დაყოვნების გა­რე­შე, საჭიროების შემთხვევაში, გაყინვამდე საჭირო სტაბილიზაციის პერიო­დის გათვალისწინებით.

3. დაუფასოებელი ხორცის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს დაფასოებული ხორცისაგან განცალკევებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდე­საც დაუფასოებელი და დაფასოებული ხორცის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება სხვადასხვა დროს ან ისე, რომ დასაფასოებელი მასალა და შენახვისა და ტრანსპორტირების მეთოდი ვერ გახდება ხორცის დაბინძურების წყარო.

    მუხლი 14. მოშინაურებული გარეული ცოცხალი ჩლიქოსანი ცხოველი

ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა გარეული ცოცხალი ჩლიქოსანი ცხო­ველის მოშენებას და/ან დაკვლას, ვალდებულია დაიცვას ამ წესით დად­გენილი მოთხოვნები.

თავი III

ჰიგიენის სპეციალური მოთხოვნები ფრინველისა და ბოცვრისნაირების მიმართ

    მუხლი 15. ცოცხალი ფრინველისა და ბოცვრისნაირების ტრანსპორტირება სასაკლაომდე

1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია განახორციელოს ცოცხალი ფრინ­ველი­სა და ბოცვრისნაირების დაკვლის ადგილამდე ტრანსპორტირება ჯან­მრთელობის ისეთი დაზიანების გარეშე, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ამ ცხოველისგან მიღებული ხორცის უვნებლობაზე.

2. ბიზნესოპერატორმა არ უნდა განახორციელოს დაავადებული ცოც­ხალი ფრინველისა და ბოცვრისნაირების ტრანსპორტირება დაკვლის ადგი­ლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ნებადართულია ვეტე­რინარი ექიმის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. დაუშვებელია ცოცხალი ფრინველისა და ბოცვრისნაირების ტრანს­პორტირება საკარანტინო ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშ­ნული ნებადართულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

    მუხლი 16. ჰიგიენური მოთხოვნები დაკვლის პროცესის მიმართ

1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს დაავადებული და სავარაუდოდ დაავადების მქონე ცოცხალი ფრინველისა და ბოცვრისნაირების ცალკე განთავსება, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა ცოცხალი ცხო­ველის ინფიცირება.

2. ბიზნესოპერატორმა ფრინველისა და ბოცვრისნაირების ხორცის და­ბინძურების თავიდან აცილების მიზნით უნდა უზრუნველყოს:

ა) საჭირო ადეკვატური სამუშაო სივრცე საქმიანობის განსახორცი­ელებ­ლად;

ბ) შემდეგი პროცესების დროში ან სივრცეში განცალკევებულად განხო­რ­ციელება:

ბ.ა) ცოცხალი ფრინველის ან ბოცვრისნაირების გაბრუება/გათიშვა და სისხ­ლგართმევა;

ბ.ბ) თმის საფარისაგან (ბუმბულისაგან) გაპუტვა ან გატყავება და და­მდუ­ღვრა;

ბ.გ) ფრინველის ან ბოცვრისნაირის ხორცის დაჭრა და გამოშიგვნა;

გ) ხორცის იატაკსა და კედელთან შეხების თავიდან აცილება;

დ) დაკვლის პროცედურებისათვის განკუთვნილი სივრცეების (საწარ­მოო ხაზები) ისეთი მოწყობა, რომ თავიდან იქნეს აცილებული ამ სივრცეებს შორის ჯვარედინი დაბინძურება. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე სივ­რ­ცეში მიმდინარეობს ფრინველის ან ბოცვრისნაირების დაკვლასთან დაკავში­რებული სხვადასხვა პროცედურები, საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს ამ პროცედურების დროში ან სივრცეში განცალკევება ჯვარედინი დაბინძურე­ბის თავიდან აცილების მიზნით;

ე) საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღების დეზინფიცირება ცხელი წყლით (არანაკლებ 82 0C‑ისა) ან უნდა გააჩნდეს ანალოგიური ეფექტის მქონე ალტერნატი­ული საშუალება;

ვ) ხორცის შენახვისათვის საჭირო გასაყინი საშუალების არსებობა იმ შემთხვევაში, თუ ხდება ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცის შენახვა;

ზ) ადამიანის საკვებად უვარგისი ხორცის განთავსებისათვის სპეცია­ლური სათავსოების არსებობა;

თ) ცოცხალი ფრინველის ან ბოცვრისნაირების ტრანსპორტირებისათვის ისეთი საშუალებების არსებობა, რომლებიც იძლევა მათი დასუფთავების, გარეცხვისა და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინფიცირების შესაძლებლობას.

3. ბიზნესოპერატორმა ცოცხალი ფრინველის და ბოცვრისნაირების დაკ­ვლისას უნდა დაიცვას შემდეგი ჰიგიენური მოთხოვნები:

ა) ადამიანის მიერ მოხმარების მიზნით უნდა დაიკლას ცოცხალი ფრინ­ველი ან ბოცვრისნაირები;

ბ) შეასრულოს ცოცხალი ფრინველის ან ბოცვრისნაირის დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად ვეტერინარი ექიმის მიერ გაცე­მული მითითებები;

გ) ფრინველის ან ბოცვრისნაირების გათიშვის, სისხლგართმევის, გატ­ყავების ან გაპუტვის, გამოშიგვნისა და შემდგომი დამუშავებისას თავიდან აიცილოს ხორცის დაბინძურება, კერძოდ: უნდა მიიღოს ზომები კუჭნა­წლავის ტრაქტის შიგთავსის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, გამოშიგვნა უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 45 წუთისა გაბრუებიდან და არა უგვიანეს 30 წუთისა სისხლგართმევის შემდეგ;

დ) დაკვლისშემდგომი შემოწმების შემდეგ:

დ.ა) დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად ადამიანის მიერ მოხმა­რებისათვის უვარგისად მიჩნეული ფრინველის ან ბოცვრისნაირების ნაწი­ლები შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა იქნეს გატანილი საწარმოს სუფთა ადგილიდან;

დ.ბ) დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად ადამიანის მიერ მოხმა­რებისათვის ფრინველის ან ბოცვრისნაირების უვარგისად მიჩნეული ნაწი­ლები და ასევე ადამიანის საკვებად ფრინველის ან ბოცვრისნაირების გამოუ­ყენებელი ნარჩენები არ უნდა იყოს კონტაქტში დაკვლისშემდგომი შემოწ­მების შედეგად ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ფრინველის ან ბოცვრის­ნაირების ვარგისად მიჩნეულ ნაწილებთან.

4. გამოშიგვნისა და ვეტერინარი ექიმის მიერ დაკვლისშემდგომი შემო­წმებისთანავე დაკლული ფრინველი ან ბოცვრისნაირები უნდა გასუფთავდეს და გაცივდეს არა უმეტეს 4 0C-ზე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორცის დაჭრა ხდება მისი დაკვლისთანავე.

 5. დაავადებული ან სავარაუდოდ დაავადების მქონე ფრინველის ან ბოც­ვრისნაირების განადგურების მიზნით მისი განადგურებისას გამოყენე­ბული სივრცე, დანადგარები და აღჭურვილობა უნდა გაიწმინდოს, გაირეც­ხოს და მოხდეს მათი დეზინფიცირება აღნიშნული სივრცის ხელახლა გამო­ყენებამდე იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორს არ აქვს გამოყოფილი სპეციალური ადგილი დაავადებული ან სავარაუდოდ დაავადების მქონე ფრი­ნველის ან ბოცვრისნაირების განადგურებისათვის.

 6. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა ფრინველის ან ბოცვრის­ნაი­რების მოშენებას ან/და დაკვლას, ვალდებულია აწარმოოს საწარმოო ჯაჭვის შესახებ საინფორმაციო დოკუმენტაცია ამ წესის მე‑6 მუხლის მე‑2 და მე‑3 პუნქტების შესაბამისად.

    მუხლი 17. ჰიგიენური მოთხოვნები ხორცის დაჭრისა და ძვლების გამოცლის პროცესის მიმართ

1. დაკლული ფრინველის ან ბოცვრისნაირებისაგან მიღებული ხორცის დაჭრის პროცესის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი ჰიგიენური მოთხოვ­ნები:

ა) თავიდან იქნეს აცილებული ხორცის დაბინძურება;

ბ) უზრუნველყოფილ იქნეს დაფასოებული ხორცის დაუფასოებელი ხორცისაგან დროში ან სივრცეში განცალკევებულად შენახვა ისე, რომ შესა­ფუთი მასალა ან ხორცის შენახვის მეთოდი არ გახდეს დაბინძურების წყარო;

გ) უნდა არსებობდეს საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღების დეზინ­ფიცირების საშუალება ცხელი წყლით (არანაკლებ 82 0C‑ისა) ან ანა­ლო­გიური ეფექტის მქონე ალტერნატიული საშუალება;

დ) ფრინველის ან ბოცვრისნაირების დაკვლის შედეგად მიღებულ ხორცზე მუშაობა ისე უნდა განხორციელდეს, რომ თავიდან იქნეს აცილე­ბული ან მინიმუმამდე დაყვანილი ხორცის დაბინძურება. ამისათვის:

დ.ა) ბიზნესოპერატორმა ხორცის დაჭრა, ძვლებისაგან გამოცლა, შეხვევა და შეფუთვა უნდა განახორციელოს ისე, რომ ხორცის ტემპერატურა შენა­რ­ჩუნდეს არა უმეტეს 4 0C­‑ზე;

დ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე ბიზნესოპერატორის მიერ ხორციელდება სხვადასხვა სახეობის ფრინველის ან ბოცვრისნაირების დაკ­ვლის შედეგად მიღებული ხორცის დაჭრა, ჯვარედინი დაბინძურების თავი­დან აცილების მიზნით საჭიროა სხვადასხვა სახეობის ფრინველის ან ბოცვ­რისნაირების ხორცის დაჭრა განხორციელდეს დროში ან სივრცეში განცალ­კევებულად.

2. ხორცი შეიძლება დაიჭრას და ძვლები გამოცლილ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტემპერატურის მიღწე­ვამდე, თუ ხორცის დაჭრა ხორციელდება იმავე საწარმოში, სადაც განხორ­ციელდა მისი დაკვლა. ასეთ შემთხვევაში დაკვლის ადგილიდან ხორცი პირდაპირ უნდა განთავსდეს დაჭრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას ან შესაძლებელია ხორცი გრილ ან გაყინულ ოთახში გარკვეული მოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ გადატანილ იქნეს დაჭრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას.

3. როგორც კი ხორცი დაიჭრება და, საჭიროების შემთხვევაში, დაფა­სოვდება, ის უნდა გაგრილდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქ­ტით განსაზღვრულ ტემპერატურამდე.

4. დაუფასოებელი ხორცის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს დაფასოებული ხორცისაგან განცალკევებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაუფასოებელი და დაფასოებული ხორცის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება სხვადასხვა დროს ან ისე, რომ დასაფასოებელი მასალა და შენახვისა და ტრანსპორტირების მეთოდი ვერ გახდება ხორცის დაბინძურების წყარო.

    მუხლი 18. მოშინაურებული გარეული ფრინველები და ბოცვრისნაირები

ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა გარეული ფრინველებისა და ბოცვ­რისნაირების მოშენებას და/ან დაკვლას, ვალდებულია დაიცვას ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.

თავი IV

სპეციალური ჰიგიენური მოთხოვნები გატარებული ხორცის, დამზადებული ხორცისა და მექანიკურად განცალკევებული ხორცის მიმართ

    მუხლი 19. მოთხოვნები ხორცის მწარმოებელი საწარმოებისათვის

ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს დამზადებულ ხორცს, გატა­რე­ბულ ხორცს ან მექანიკურად განცალკევებულ ხორცს, უნდა უზრუნ­ველ­ყოს:

ა) ხორცის ან/და ხორცის პროდუქტების დაბინძურების თავიდან აცი­ლება;

ბ) დაუფასოებელი ხორცის ან/და ხორცის პროდუქტების შენახვა დაფასოებული ხორცის ან/და ხორცის პროდუქტებისაგან განცალ­კევებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაუფასოებელი და დაფასოებული ხორცის ან/და ხორცის პროდუქტების შენახვა ხდება სხვადასხვა დროს ან ისე, რომ დასაფასოებელი მასალა და შენახვის მეთოდი ვერ გახდება ხორცის ან/და ხორცის პროდუქტის დაბინძურების წყარო;

გ) საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღების დეზინფიცირების შე­საძლებლობა ცხელი წყლით (არანაკლებ 82 0C‑ისა) ან უნდა გააჩნდეს ანა­ლო­­გიური ეფექტის მქონე ალტერნატიული საშუალება.

    მუხლი 20. მოთხოვნები ნედლი მასალისადმი

1. ნედლი მასალა, რომელიც გამოიყენება გატარებული ხორცის საწარ­მოებლად:

ა) უნდა აკმაყოფილებდეს ახალი ხორცის მახასიათებლებს;

ბ) უნდა იქნეს მიღებული საყრდენ‑მამოძრავებელი სისტემის კუნთე­ბი­საგან, მათ შორის, მაკავშირებელი ცხიმოვანი ქსოვილისაგან;

გ) არ უნდა იყოს წარმოებული:

გ.ა) სხვა ნაწილებისა და ნარჩენი ნაჭრებისაგან, გარდა ერთიანი კუნთო­ვანი ნაჭრისა;

 გ.ბ) ხორცისაგან, რომელიც შეიცავს ტყავს ან ძვლის ნაწილებს;

გ.გ) თავის ხორცისაგან, გარდა საღეჭი კუნთისა, ლოყის არაკუნთოვანი ნაწილისა, მაჯისა და თათის არისა, ძვლოვანი კოვზისა და დიაფრაგმის კუნ­თებისა.

2. დამზადებული ხორცისათვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგი სახის ნედლი მასალა:

ა) ახალი ხორცი;

ბ) ხორცი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გან­სა­ზღვრულ მოთხოვნებს.

3. მექანიკურად განცალკევებული ხორცის წარმოებისას:

ა) გამოყენებული ნედლი მასალა უნდა აკმაყოფილებდეს ახალი ხორცის მახასიათებლებს;

ბ) არ უნდა იქნეს გამოყენებული შემდეგი ნედლი მასალა:

ბ.ა) ფრინველის შემთხვევაში – ფეხები, კისრის კანი და თავი;

ბ.ბ) სხვა ცხოველების შემთხვევაში – თავ­‑ფეხის, კუდის, ბარძაყის, წვი­ვის, მხრის, წინა მხრის, მაჯის და იდაყვის ძვლები.

    მუხლი 21. წარმოების და წარმოების შემდგომი ჰიგიენური მოთხოვნები

1. ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს გატარებულ ხორცს, დამზა­დებულ ხორცს ან მექანიკურად განცალკევებულ ხორცს, უნდა უზრუნ­ველ­ყოს წარმოების პროცესში პროდუქტის დაბინძურების საფრთხის თავი­დან აცილება ან მინიმუმამდე შემცირება ისე, რომ ფრინველის ხორცის ტემპე­რა­ტურა შენარჩუნდეს არა უმეტეს 4 0C‑ზე, შიგნეულობის ტემპერატურა – არა უმეტეს 3 0C‑ზე და სხვა სახის ხორცის ტემპერატურა – არა უმეტეს 7 0C‑ზე.

2. გატარებული ხორცისა და დამზადებული ხორცის წარმოებაზე ვრცე­ლ­დება შემდეგი მოთხოვნები:

ა) გაყინულ ან ღრმად გაყინულ ხორცს, რომელიც გამოიყენება გატარე­ბული ხორცისა და დამზადებული ხორცის საწარმოებლად, უნდა გამოეცა­ლოს ძვლები;

ბ) თუ გატარებული ხორცი მზადდება გაცივებული ხო­რ­ცისაგან:

ბ.ა) ფრინველის შემთხვევაში – უნდა მომზადდეს ფრინველის დაკვ­ლი­დან არა უმეტეს 3 დღეში;

ბ.ბ) ყველა სხვა ცხოველის შემთხვევაში – უნდა მომზადდეს ცხოვე­ლის დაკვლიდან არა უმეტეს 6 დღეში;

ბ.გ) ძროხისა და ხბოს ძვალგამოცლილი, ჰერმეტულად შეფუთული ხორ­ცის შემთხვევაში – უნდა მომზადდეს ძროხის ან ხბოს დაკვლიდან არა უმეტეს 15 დღეში;

გ) წარმოების შემდეგ გატარებული ხორცი და დამზადებული ხორცი და­უყოვნებლივ უნდა შეიფუთოს ან შეიხვიოს და, ამასთანავე:

გ.ა) გატარებული ხორცის შემთხვევაში პროდუქტი უნდა გაცივდეს იმ­გვარად, რომ პროდუქტის ტემპერატურამ მიაღწიოს არა უმეტეს 2 0C‑ს, ხოლო დამზადებული ხორცის შემთხვევაში – არა უმეტეს 4 0C‑ს; ან

გ.ბ) გატარებული ხორცი ან დამზადებული ხორცი უნდა გაიყინოს იმ­გვარად, რომ პროდუქტის ტემპერატურამ მიაღწიოს არა უმეტეს ‑18 0C‑­ს;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტემპერატურა უნ­და შენარჩუნდეს გატარებული ხორცისა და დამზადებული ხორცის ტრან­ს­პორტირებისა და შენახვის დროს.

3. შემდეგი მოთხოვნები ვრცელდება მექანიკურად განცალკევებული ხორცის წარმოებასა და გამოყენებაზე, როდესაც მის საწარმოებლად გამოი­ყენება ისეთი ტექნიკა (მეთოდი), რომელიც არ ცვლის მექანიკურად განცალ­კევებული ხორცის საწარმოებლად გამოყენებული ძვლების სტრუქტურას და რომლის კალციუმის შემცველობა მნიშვნელოვნად არ აღემატება გატარე­ბული ხორცის კალციუმის შემცველობას:

ა) მექანიკურად განცალკევებული ხორცი მიიღება ტან‑ხორციდან გამოც­ლილი იმ ძვლებისაგან, რომელთაგანაც ვერ ხერხდება ხორცის ბოლომდე გამოცლა, ხოლო ტან‑ხორციდან ძვლების გამოცლა უნდა მოხდეს ცხოველის დაკვლიდან არა უმეტეს 7 დღეში, ფრინველის შემთხვევაში კი – მისი დაკვ­ლი­დან არა უმეტეს 3 დღეში;

ბ) მექანიკური გამოცალკევება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ტან‑ხორ­ციდან ძვლების გამოცლის შემდეგ;

გ) თუ მექანიკურად განცალკევებული ხორცის გამოყენება არ ხდება მისი მიღებისთანავე, ის უნდა შეიხვიოს ან შეიფუთოს და შემდეგ გაგრილ­დეს არა უმეტეს 2 0C‑მდე ან გაიყინოს იმგვარად, რომ მექანიკურად გან­ცალ­კევე­ბული ხორცის ტემპერატურამ მიაღწიოს არა უმეტეს ‑18 0C‑ს. ტემპერა­ტუ­­რასთან დაკავშირებული პირობები უნდა შენარჩუნდეს მექანიკურად გან­ცალკევებული ხორცის შენახვისა და ტრანსპორტირების დროს;

დ) იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის მიერ ჩატარებული ლაბო­რა­ტორიული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მექანიკურად განცალკე­ვებული ხორცი შეესაბამება გატარებული ხორცისათვის საქართველოს კა­ნონ­მდებლობით გათვალისწინებულ მიკრობიოლოგიურ კრიტერიუმებს, მექანიკურად განცალკევებული ხორცი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამ­ზადებული ხორცის საწარმოებლად, რომელიც არ არის განკუთვნილი ადა­მიანის მიერ მოხმარებისათვის მის თერმულ დამუშავებამდე და ასევე სხვა ხორცის პროდუქტების საწარმოებლად;

ე) მექანიკურად გამოცალკევებული ხორცი, რომელიც არ შეესა­ბამება ამ მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიძ­ლება გამოყენებულ იქნეს თერმულად დამუშავებული ხორცის პრო­დუქ­ტის საწარმოებლად.

4. შემდეგი მოთხოვნები ვრცელდება იმ მექანიკურად განცალკევებული ხორცის წარმოებასა და გამოყენებაზე, რომლის საწარმოებლად გამოიყენება ამ მუხლის მე‑3 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკისაგან განსხვავებული ტექ­ნიკა (მეთოდი):

ა) მექანიკურად განცალკევებული ხორცი მიიღება ტან‑ხორციდან გამო­ც­ლილი იმ ძვლებისაგან, რომელთაგანაც ვერ ხერხდება ხორცის ბოლო­მდე გა­მოცლა, ხოლო ტან‑ხორციდან ძვლების გამოცლა უნდა მოხდეს ცხოველის დაკვლიდან არა უმეტეს 7 დღეში, ფრინველის შემთხვევაში კი – მისი დაკ­ვლი­დან არა უმეტეს 3 დღეში;

ბ) თუ მექანიკური გამოცალკევება არ ხდება დაუყოვნებლივ ძვლების ტან‑ხორციდან გამოცლის შემდეგ, ხორციანი ძვლები შენახული და ტრან­სპორტირებული უნდა იქნეს ტემპერატურაზე, რომელიც არ აღემატება 2 0C‑ს ან, გაყინვის შემთხვევაში, ტემპერატურაზე, რომელიც არ აღემატება ‑18 0C‑ს;

გ) თუ არ მოხდა მექანიკურად განცალკევებული ხორცის გამოყენება მისი მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში, მექანიკურად განცალკევე­ბუ­ლი ხორცი უნდა გაგრილდეს დაუყოვნებლივ არა უმეტეს 2 0C‑ს ტემ­პე­რა­ტურამდე;

დ) თუ მექანიკურად განცალკევებული ხორცი არ იქნა გადამუშავე­ბუ­ლი მისი გაგრილებიდან 24 საათის განმავლობაში, ის უნდა გაიყინოს 12 საა­თის განმავლობაში და აქედან 6 საათის განმავლობაში მექანიკურად გან­ცალ­კევებული ხორცის ტემპერატურამ უნდა მიაღწიოს არა უმეტეს ‑18 0C‑ს;

ე) გაყინული მექანიკურად განცალკევებული ხორცი უნდა შეიხვიოს ან შე­იფუთოს მის შენახვამდე ან ტრანსპორტირებამდე. მისი შენახვა არ უნდა მოხდეს 3 თვეზე მეტი ვადით და, ამასთანავე, ტრანსპორტირებისა და შენახ­ვის დროს მექანიკურად განცალკევებული ხორცის ტემპერატურა შენარჩუნე­ბული უნდა იქნეს ‑18 0C‑ზე;

ვ) ამ მუხლის მე‑4 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკით (მეთოდით) მიღებული მექანიკურად განცალკევებული ხორცის გამოყენება შეიძლება მხო­ლოდ იმ ხორცის პროდუქტების საწარმოებლად, რომლებიც საჭიროებენ თერმულ დამუშავებას.

    მუხლი 22. ეტიკეტირება

ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებ­ლო­­ბით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნებთან შესაბამისობა.

თავი V

ცხოველის ორგანოები, რომლებიც არ უნდა იქნეს გამოყენებული ხორცის პროდუქტის საწარმოებლად

    მუხლი 23. ცხოველის ორგანოები, რომლებიც არ უნდა იქნეს გამოყენებული ხორცის პროდუქტის საწარმოებლად

ბიზნესოპერატორმა ხორცის პროდუქტის წარმოებისას არ უნდა გამოი­ყენოს:

ა) სასქესო ორგანოები, კვერცხუჯრედების გარდა;

ბ) შარდსასქესო ორგანოები, თირკმლებისა და შარდის ბუშტის გარდა;

გ) ხორხის ხრტილი, ტრაქეა და ლობულარული ბრონქი;

დ) თვალები და ქუთუთოები, ფრინველის თვალების და ქუთუთოების გარდა;

ე) რქოვანი ქსოვილი;

ვ) ფრინველის შემთხვევაში – თავი (ბიბილოს, ყურების, თვალებისა და ქუთუთოების გარდა), მომნელებელი ტრაქტი, ჩიჩახვი, ნაწლავები და სას­ქესო ორგანოები.

თავი VI

სპეციალური ჰიგიენური მოთხოვნები ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების მიმართ

    მუხლი 24. მოქმედების სფერო

1. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება იმ ბიზნესო­პე­რატორებზე, რომლებიც ახორციელებენ ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუს­კების მოპოვებას, მოშენებას და/ან გადამუშავებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბიზნესოპერა­ტორების გარდა, ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები ასევე ვრცელ­დება იმ ბიზნესოპერატორებზე, რომლებიც ახორციელებენ ცოცხალი კანეკ­ლოვანების, ტუნიკატების და ზღვის მუცელფეხოვანების მოპოვებას, მოშე­ნებას და/ან გადამუშავებას.

    მუხლი 25. ზოგადი მოთხოვნები რეალიზაციისათვის განკუთვნილი ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების მიმართ

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა ცოცხალი ორსაგდულიანი მო­ლუ­ს­კების მოპოვებას, მოშენებას ან წარმოებას მისი სხვა ბიზნესოპერა­ტო­რისა­თვის მიწოდების მიზნით, ვალდებულია ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუს­კების პარტიას დაურთოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) საიდენტიფაკაციო მონაცემები და ფაქტობრივი და იურიდიული მი­სამართი;

ბ) ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების მოპოვების ან მოშენების შე­დეგად მისი მიღების თარიღი;

გ) ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების სახე და რაოდენობა;

დ) კონდიცირების/რეტრანსლაციის ხანგრძლივობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. ბიზნესოპერატორი, რომელსაც მიეწოდა ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების პარტია, ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზ­ღვ­­რული ინფორმაცია შეინახოს ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ვარგი­სია­ნობის ვადის განმავლობაში.

    მუხლი 26. ჰიგიენური მოთხოვნები ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების მოპოვებასა და შემდგომ გადამუშავებაზე

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა ცოცხალი ორსაგდულიანი მო­ლუსკების წარმოებას ან მოპოვებისთანავე მის შემდგომ გადამუშავებას, ვალ­დებულია თავიდან აიცილოს ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების მო­პოვე­ბისა და შემდგომ გადამუშავებასთან დაკავშირებული საშუალებებით ცოც­ხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ნიჟარისა და ქსოვილის დაბინძუ­რება ან მნიშვნელოვნად დაზიანება.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორი ახორციელებს ცოცხალი ორ­საგდულიანი მოლუსკების რეტრანსლაციას, რეტრანსლაციის პერიოდი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 2 თვეს და სხვადასხვა სახის ცოცხალი ორსაგ­დუ­ლიანი მოლუსკების პარტიები უნდა განთავსდეს განცალკევე­ბულად დროში ან სივრცეში.

3. გაწმენდის (რეტრანსლაციის ან კონდიცირების) დაწყებამდე ცოცხა­ლი ორსაგდულიანი მოლუსკები უნდა გაირეცხოს სუფთა წყლით ჭუჭყისა და დაგროვილი ნარჩენების მოშორების მიზნით.

4. ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების გაწმენდის (რეტრანსლაციის ან კონდიცირების) პროცესში უნდა შენარჩუნდეს მისი კვების აქტივობა, ხო­ლო გაწმენდის შემდეგ უნდა შენარჩუნდეს შენახვისათვის, შეფუთვისა და ტრანს­პორტირებისათვის განკუთვნილი ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუს­კე­ბის სიცოცხლისუნარიანობა.

5. ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების გაწმენდისათვის (რეტრანს­ლა­­­ციი­სა­თვის ან კონდიცირებისათვის) განკუთვნილ ავზში სხვადასხვა სა­ხე­­ობის მოლუსკები უნდა მოთავსდეს დროში ან სივრცეში განცალკევე­ბუ­ლად.

6. ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების დამუშავება, განსაკუთრებით კონდიცირება, შეფუთვა და დაფასოება, არ უნდა იწვევდეს პროდუქტის და­ბინძურებას ან მოლუსკების სიცოცხლისუნარიანობაზე უარყოფით ზემოქმე­დებას.

    მუხლი 27. მოთხოვნები ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ჯანმრთელობის მიმართ

1. ბიზნესოპერატორმა, რომელიც ეწევა ცოცხალი ორსაგდულიანი მო­ლუსკების მოპოვებასა და წარმოებას მისი რეალიზაციის მიზნით, უნდა უზ­რუნ­ველყოს მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მიკრო­ბიო­ლო­გიურ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. ცოცხალ ორსაგდულიან მოლუსკს უნდა გააჩნდეს საქართველოს კა­­ნონ­მდებლობით განსაზღვრული სიახლისა და გამძლეობის ორგანოლეპ­ტი­კური მახასიათებლები.

3. ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკი არ უნდა შეიცავდეს ზღვის ბიო­ტოქსინების ისეთ რაოდენობას (რაც იზომება როგორც მთელი სხეული­დან, ასევე საკვებად გამოსაყენებელი ნებისმიერი ნაწილიდან), რომელიც აღე­მა­ტება დადგენილ ზღვრებს:

ა) კიბოსებრთა პარალიტიკური მომშხამველი ნივთიერება – 800 მიკრო­გრამი ერთ კილოგრამზე;

ბ) კიბოსებრთა ამნეზიური მომშხამველი ნივთიერება – 20 მილიგრამი დომოუმის მჟავა (domoic acid) ერთ კილოგრამზე;

გ) ოკადიუმის მჟავა (okadaic acid), დინოფიზის ტოქსინები (dinophy­sistoxins) და პეკტენოტოქსინები (pectenotoxins) ერთად – 160 მიკროგრამი ერთ კილოგრამზე;

დ) ესოტოქსინები (yessotoxins) – ერთი მილიგრამის ეკვივალენტი ერთ კილოგრამზე;

ე) აზასპირისმჟავა – 160 მილიგრამის ეკვივალენტი ერთ კილოგრამზე.

    მუხლი 28. საიდენტიფიკაციო ნიშნის დასმა და ეტიკეტირება

 

1. ორსაგდულიანი მოლუსკების ეტიკეტზე განთავსებული უნდა იყოს ამ წესის მე‑4 მუხლის მე‑2 და მე‑3 პუნქტებით განსაზღვრული საიდენტი­ფიკაციო ნიშანი. ეტიკეტი, საიდენტიფიკაციო ნიშნის ჩათვლით, არ უნდა იშლებოდეს წყალთან მისი შეხების შემთხვევაში.

2. ეტიკეტზე ასევე განთავსებული უნდა იყოს შემდეგი სახის ინ­ფორ­მაცია:

ა) ორსაგდულიანი მოლუსკის სახეობა (გავრცელებული სახელი და სამეცნიერო სახელწოდება);

ბ) შეფუთვის თარიღი (სულ მცირე დღისა და თვის მითითებით).

3. ეტიკეტზე ასევე შესაძლებელია ვარგისიანობის მინიმალური ვადის ნაცვლად გაკეთდეს შემდეგი შინაარსის წარწერა: „ეს პროდუქტი უნდა გაი­ყიდოს ცოცხალ მდგომარეობაში“.

თავი VII

სპეციალური ჰიგიენური მოთხოვნები თევზჭერის პროდუქტების მიმართ

    მუხლი 29. მოქმედების სფერო

1. ამ თავით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება:

ა) პირველად წარმოებაზე, რომელიც თევზჭერის პროდუქტებთან მი­მარ­თებაში მოიცავს თევზჭერის პროდუქტების მოშენებას, მოპოვებასა და შეგროვებას მათი რეალიზაციის მიზნით;

ბ) პირველად წარმოებასთან დაკავშირებულ ისეთ ოპერაციებს, როგო­რიცაა:

ბ.ა) თევზსაჭერი გემის ბორტზე:

ბ.ა.ა) თევზჭერის პროდუქტის გაგუდვა;

ბ.ა.ბ) თევზჭერის პროდუქტისაგან სისხლგართმევა;

ბ.ა.გ) თევზჭერის პროდუქტისათვის თავის მოცილება;

ბ.ა.დ) თევზჭერის პროდუქტის გამოშიგვნა;

ბ.ა.ე) თევზჭერის პროდუქტისათვის ფარფლების მოცილება;

ბ.ა.ვ) თევზჭერის პროდუქტის გაცივება;

ბ.ა.ზ) თევზჭერის პროდუქტის შეხვევა;

ბ.ბ) ხმელეთზე განთავსებულ თევზის ფერმაში (თევზსაშენში) იმ თევ­ზჭერის პროდუქტის შენახვა ან თევზის ფერმებს შორის ტრანსპორ­ტი­რება, რომელიც მნიშვნელოვნად არ ცვლის პროდუქტის ბუნებას, ცოცხა­ლი თევზ­ჭერის პროდუქტის ჩათვლით;

ბ.გ) თევზჭერის პროდუქტის ტრანსპორტირება წარმოების ადგილიდან (თევზსაჭერი გემიდან) ხმელეთზე განთავსებულ საწარმომდე, რომლის დრო­საც პროდუქტის ბუნება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ცოცხალი თევზჭე­რის პროდუქტის ჩათვლით.

2. ამ თავით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ორსაგდულიან მოლუსკებზე, კანეკლოვანებზე, ტუნიკატებსა და ზღვის მუცელფეხოვანებზე, თუ ისინი ბაზარზე განთავსებულია ცოცხალ მდგომარეობაში. იმ შემთ­ხვე­ვაში, თუ ორსაგდულიანი მოლუსკები, კანეკლოვანები, ტუნიკატები და ზღვის მუცელფეხოვანები მოპოვებულია ამ წესის VII თავის შესაბამისად და, ამასთანავე, ბაზარზე არ არის განთავსებული ცოცხლად, მათზე ვრცელ­დება ამ თავით დადგენილი მოთხოვნები, გარდა ამ წესის 31‑ე, 32‑ე და 33‑ე მუხ­ლებით გათვალისწინებული პირობებისა.

3. ამ წესის 34‑ე მუხლის პირველი პუნქტით, 35‑ე მუხლის, 36‑ე მუხლის პირ­ველი პუნქტითა და 37‑ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ასევე ვრცე­ლ­დება საცალო ვაჭრობის პუნქტზე.

    მუხლი 30. მოთხოვნები თევზსაჭერი გემის მიმართ

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც გემის საშუალებით ახორციელებს თევ­ზჭერის პროდუქტის მოპოვებას ან მის მოპოვების შემდგომ დამუშავებას ან გადამუშავებას, ვალდებულია დაიცვას ამ წესის 31‑ე მუხლით გათვალის­წი­ნე­ბული სტრუქტურასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებული მოთხოვ­ნები.

2. ოპერაციები, რომლებიც ხორციელდება თევზსაჭერი გემის ბორტზე, უნდა განხორციელდეს ამ წესის 32‑ე მუხლით გათვალისწინებული ჰიგიე­ნური მოთხოვნების დაცვით.

    მუხლი 31. თევზსაჭერი გემის სტრუქტურასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ნებისმიერი გემი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება თევზჭერის პროდუქტის მოპოვება ან მისი მოპოვების შემდგომი დამუშავება ან გადამუ­შავება, უნდა აკმაყოფილებდეს გემის სტრუქტურასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იყოს დაპროექტებული და აგებული იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული თევზჭერის პროდუქტის დაბინძურება ტრიუმის წყლით, დაბი­ნ­ძურე­ბული წყლით, გამონაბოლქვით, ნავთობით, საწვავი საშუალებით, ზე­თით და სხვა მსგავსი ნივთიერებებით;

ბ) თევზჭერის პროდუქტთან შეხებაში მყოფი ნებისმიერი ზედაპირი უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, ამასთანავე, ზედაპირის საფარი არ უნდა იყოს ტოქსიკური ნივთიერების შემცველი;

გ) თევზჭერის პროდუქტთან შეხებაში მყოფი აღჭურვილობა უნდა იყოს ისეთი მასალისაგან დამზადებული, რომელიც იძლევა მისი გაწმენდისა და დეზინფიცირების შესაძლებლობას;

დ) იმ შემთხვევაში, თუ გემზე თევზჭერის პროდუქტის დამუშავება ხდება გარემოდან წყლის შემომყვანი დანადგარიდან მიღებული წყლით, გემ­ზე წყლის შემომყვანი დანადგარი ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ არ მოხ­დეს წყლის მომარაგების სისტემის დაბინძურება.

2. გემი, რომელიც დაპროექტებულია და აღჭურვილია ახალი თევზჭე­რის პროდუქტის შესანახად 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში, ამ მუხ­ლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყო­ფილებდეს სტრუქტურასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა გააჩნდეს კონტეინერები ან სხვა შესანახი საშუალებები, რომ­ლებიც უზრუნველყოფს თევზჭერის პროდუქტის ამ წესის 39‑ე მუხლის პი­რველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტემპერატურაზე შენახვას;

ბ) თევზჭერის პროდუქტის შესანახად განკუთვნილი კონტეინერები ან სხვა შესანახი საშუალებები უნდა უზრუნველყოფდეს თევზჭერის პროდუქ­ტების შენახვას ამ წესის 32‑ე მუხლით გათვალისწინებული ჰიგიენური პი­რობების დაცვით და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოფდეს, რომ კონტეინერში ყინულის დნობის შედეგად მიღებული წყალი შეხებაში არ დარჩეს თევზჭერის პროდუქტთან;

გ) ის კონტეინერები ან სხვა შესანახი საშუალებები, სადაც ხდება თევ­ზჭერის პროდუქტების გაცივება ცივი სუფთა წყლით, უნდა იძლეოდეს თევ­ზჭერის პროდუქტისა და სუფთა წყლის შენახვის შესაძლებლობას გემის ბორტზე ჩამოტვირთვიდან 6 საათის განმავლობაში 3°C ტემპერატურაზე, 16 საათის შემდეგ კი – 0°C ტემპერატურაზე და, ამასთანავე, იძლეოდეს ტემპერა­ტურის მონიტორინგის შესაძლებლობას;

დ) გემზე, რომელიც აღჭურვილია თევზჭერის პროდუქტის სუფთა წყალში გაგრილებისათვის, ამ მიზნისათვის განკუთვნილი ავზი ან კონტეი­ნერი უნდა იძლეოდეს მასში ერთნაირი ტემპერატურის მიღწევის შესაძ­ლებ­ლობას. ამგვარი ავზის ან კონტეინერის საშუალებით თევზჭერის პრო­დუქტის გემზე ჩამოტვირთვიდან 6 საათის შემდეგ მიღწეული უნდა იქნეს თევზისა და სუფთა წყლის ტემპერატურა არა უმეტეს 3°C‑ისა და 16 საათის შემდეგ – არა უმეტეს 0°C‑ისა. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს ტემპერა­ტურის მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მისი აღრიცხვა.

3. გემი, რომელზეც ხდება თევზჭერის პროდუქტის გაყინვა, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფი­ლებდეს სტრუქტურასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთ­ხოვნებს:

ა) უნდა გააჩნდეს ისეთი აღჭურვილობა, რომელიც იძლევა თევზჭერის პროდუქტის ტემპერატურის ‑18°C‑მდე სწრაფად დაყვანის შესაძლებლობას;

ბ) უნდა გააჩნდეს ისეთი აღჭურვილობა, რომელიც იძლევა თევზჭერის პრო­დუქტის შენახვის შესაძლებლობას შესანახ საშუალებებში არა უმეტეს ‑18°C ტემპერატურაზე და, ამასთანავე, უნდა იძლეოდეს აღნიშნული ტემ­პერა­ტუ­რის მონიტორინგის შესაძლებლობას;

გ) კონტეინერები ან სხვა შესანახი საშუალებები, რომლებიც განკუთვ­ნილია თევზჭერის პროდუქტის 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შენახვი­სათვის, უნდა უზრუნველყოფდეს თევზჭერის პროდუქტების შენახვას ამ წე­სის 32‑ე მუხლით გათვალისწინებული ჰიგიენური პირობების დაცვით და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოფდეს, რომ კონტეინერში ყინუ­ლის დნობის შედეგად მიღებული წყალი შეხებაში არ დარჩეს თევზ­ჭე­რის პროდუქტთან.

4. გემი, რომელზეც ხორციელდება ამ წესის 29‑ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერაციები, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს სტრუქტურასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გემის ბორტის ის ნაწილი, სადაც ხდება მოპოვებული თევზჭერის პროდუქტის პირველადი განთავსება, უნდა იძლეოდეს ბორტის ამ ნაწილის გაწმენდის საშუალებას და უზრუნველყოფდეს თევზჭერის პროდუქტის მზისა და დაბინძურებისაგან დაცვას;

ბ) ბორტის ის ნაწილი, სადაც ხდება თევზჭერის პროდუქტის ჰიგიე­ნური მომზადება და გადამუშავება, უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ იძლეოდეს გაწმენდისა და დეზინფიცირების საშუალებას და, ამასთანავე, თევზ­ჭე­რის პროდუქტის დაბინძურებისაგან დაცვის შესაძლებლობას;

გ) ბორტის ის ნაწილი, სადაც ხდება საბოლოო პროდუქტის შენახვა, უნდა იძლეოდეს გაწმენდის შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესო­პერატორი ბორტზე ახორციელებს ნარჩენების გადამუშავებას, მან უნდა უზ­რუნველყოს ნარჩენების განცალკევებულად შენახვა;

დ) თევზჭერის პროდუქტის შესაფუთი საშუალებების შენახვა უნდა მოხდეს თევზჭერის პროდუქტის მომზადებისა და გადამუშავების პროცესი­საგან განცალკევებულად;

ე) უნდა გააჩნდეს სპეციალური აღჭურვილობა ნარჩენების ან ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად მიჩნეული თევზჭერის პროდუქტის ზღვაში ჩასაშვებად ან, თუ შექმნილი ვითარება მოითხოვს, გააჩნდეს ამ მიზნისათვის განკუთვნილი წყალგაუმტარი ავზი ან კონტეინერი. იმ შემთხ­ვევაში, თუ ნარ­ჩენების შენახვა და გადამუშავება ხდება ბორტზე, ამისათვის უნდა გამოიყოს სპეციალური ადგილი;

ვ) გემზე წყლის შემომყვანი დანადგარი, ასეთის არსებობის შემთხვე­ვაში, ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ არ მოხდეს წყლის მომარაგების სის­ტემის დაბინძურება;

ზ) იმ შემთხვევაში, თუ გემზე ხორციელდება თევზჭერის პროდუქტის გაყინვა, გემი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე‑3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე‑4 პუნქტით განსაზღვრულ გემის ბორტზე ხორციელდება მოლუსკებისა და კიბოსებრთა დამზადება, გაცივება და შეფუთვა, ამ მუხლის მე‑4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება აღნიშნულ პროცესებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშ­ნული გემის ბორტზე ხორციელდება მოლუსკებისა და კიბოსებრთა დამუშა­ვებისა და გადამუშავების სხვა ფორმები.

    მუხლი 32. ჰიგიენური მოთხოვნები

1. გემის ბორტის თევზჭერის პროდუქტის შენახვისათვის განკუთვნილი ნაწილი და კონტეინერები უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში, კერძოდ, არ უნდა მოხდეს მათი დაბინძურება საწვავითა და ტრიუმის წყლით.

2. თევზჭერის პროდუქტების ბორტზე მოთავსების მომენტიდან შეძლე­ბის­და­გვარად სწრაფად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი დაცვა დაბინ­ძუ­რებისა და მზის ან სითბოს სხვა წყაროს ზეგავლენისაგან. იმ შემთხვევაში, თუ ხდება თევზჭერის პროდუქტების გარეცხვა, გამოყენებული უნდა იქნეს სას­მელი წყალი ან სუფთა წყალი.

3. თევზჭერის პროდუქტები, გარდა ცოცხლად შესანახისა, ბორტზე ჩამოტვირთვის მომენტიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გაცივდეს, ხოლო თუ გაცივება შეუძლებელია, თევზჭერის პროდუქტების ხმელეთზე ჩამოტვირთვა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა მოხდეს.

4. ყინული, რომელიც გამოიყენება თევზჭერის პროდუქტის გაცივე­ბისათვის, უნდა იყოს დამზადებული სასმელი ან სუფთა წყლისაგან.

5. როდესაც ხდება თევზჭერის პროდუქტისათვის თავის მოცილება ან მისი გამოშიგვნა, აღნიშნული უნდა განხორციელდეს თევზჭერის პროდუქ­ტის დაჭერის მომენტიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად. ამასთან, თევზ­ჭერის პროდუქტი უნდა გაირეცხოს სასმელი ან სუფთა წყლით. თევზჭერის პროდუქტის შინაგანი ორგანოები და ის ნაწილები, რომლებიც მავნებელია ადა­მიანის ჯანმრთელობისათვის, შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა მოსცილდეს პროდუქტს და ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი პროდუქტისაგან განცალკევებულად უნდა განთავსდეს. ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ღვიძლისა და ქვირითის შენახვა უნდა მოხდეს ყინულში ან ყინულის დნობის ტემპერატურაზე (0–2°C) ან უნდა მო­ხდეს მისი გაყინვა.

6. როდესაც მთლიანი თევზის მარილხსნარში გაყინვა ხორციელდება მისი დაკონსერვების მიზნით, პროდუქტის ტემპერატურა არ უნდა აღემა­ტე­ბოდეს ‑9°C‑ს და, ამასთანავე, მარილხსნარი არ უნდა გახდეს თევზის და­ბი­ნ­ძურების წყარო.

    მუხლი 33. მოთხოვნები თევზჭერის პროდუქტის ხმელეთზე ჩამოტვირთვისა და ჩამოტვირთვის შემდგომი პროცესის მიმართ

1. თევზჭერის პროდუქტის გადმოტვირთვისა და ხმელეთზე ჩამოტ­ვირთვის (განთავსების) დროს დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება თევზჭერის პროდუქტის გად­მო­ტვირთვისა და ხმელეთზე ჩამოტვირთვისათვის, უნდა იძლეოდეს მისი გაწმენდისა და დეზინფიცირების საშუალებას;

ბ) თევზჭერის პროდუქტის გადმოტვირთვისა და ხმელეთზე ჩამოტ­ვირთვის (განთავსების) დროს თავიდან უნდა იქნეს აცილებული თევზჭერის პროდუქტის დაბინძურება შემდეგნაირად:

ბ.ა) თევზჭერის პროდუქტის გადმოტვირთვა და ხმელეთზე ჩამოტვი­რთვა უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად;

ბ.ბ) თევზჭერის პროდუქტი ხმელეთზე ჩამოტვირთვის შემდეგ უნდა განთავსდეს ამ წესის 39‑ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტემპერა­ტურაზე;

ბ.გ) არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი აღჭურვილობა, რომელიც თევ­ზჭერის პროდუქტის ადამიანის საკვებად განკუთვნილ ნაწილებს მიაყე­ნებს ისეთ დაზიანებას, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს პროდუქტის უვნებლობაზე.

2. ბიზნესოპერატორმა, რომელიც ეწევა საბითუმო ვაჭრობას, უნდა უზ­რუნველყოს შემდეგი მოთხოვნების შესრულება:

ა) უნდა გააჩნდეს ჩასაკეტი მოწყობილობები თევზჭერის პროდუქტების გაყინულ მდგომარეობაში შენახვისათვის და ცალკე ჩასაკეტი მოწყო­ბილო­ბები იმ პროდუქტების შესანახად, რომლებიც მიჩნეულია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად;

ბ) თევზჭერის პროდუქტის შენახვისათვის განკუთვნილი სივრცე არ უნდა გამოიყენებოდეს სხვა მიზნებისათვის;

) თევზჭერის პროდუქტი დაცული უნდა იქნეს მანქანა‑დანადგარების გამონაბოლქვის მავნე ზემოქმედებისაგან;

დ) თევზჭერის პროდუქტის შენახვისათვის განკუთვნილ ტერიტორია­ზე არ უნდა იქნეს დაშვებული ცხოველები.

3. იმ შემთხვევაში, თუ გემის ბორტზე ვერ განხორციელდა თევზჭერის პროდუქტის (გარდა ცოცხალი თევზჭერის პროდუქტებისა) გაცივება, ხმელე­თზე ჩამოტვირთვის მომენტიდან თევზჭერის პროდუქტმა შეძლებისდაგვა­რად სწრაფად უნდა გაია­როს გაცივების პროცედურა და, ამასთანავე, შენა­ხული უნდა იქნეს ყინულის დნობის ტემპერატურაზე (0–2 0C).

    მუხლი 34. მოთხოვნები იმ საწარმოებისა და გემების მიმართ, რომლებიც ეწევიან თევზჭერის პროდუქტების გადამუშავებას

1. ახალი თევზჭერის პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთ­ხოვნებს:

ა) იმ შემთხვევაში, თუ დაუფასოებელი თევზჭერის პროდუქტის დის­ტრიბუცია, მომზადება ან გადამუშავება არ განხორციელდა ხმელეთზე არსებულ საწარმოში მისი მიღებისთანავე, ის უნდა შეინახოს ყინულში. ყინუ­ლის გამოცვლა უნდა ხდებოდეს საჭიროებისდა მიხედვით. დაფასოებული ახალი თევზჭერის პროდუქტი უნდა გაცივდეს ყინულის დნობის ტემპერა­ტურაზე (0–2 0C);

ბ) თევზჭერის პროდუქტის თავის მოცლა და გამოშიგვნა უნდა გან­ხორციელდეს სუფთად, პროდუქტი უნდა გაირეცხოს სასმელი წყლით ან, გემის ბორტის შემთხვევაში, სუფთა წყლით აღნიშნული პროცესების დასრუ­ლებისთანავე;

გ) თევზჭერის პროდუქტის ფილედ ან ნაჭრებად დაჭრა უნდა გან­ხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფილეს და ნაჭრების დაბინძურება. თევზჭერის პროდუქტისაგან მიღებული ფილე ან მისი ნაჭ­რები უნდა შეიხვიოს და საჭიროების შემთხვევაში გაცივდეს შეძლების­და­გვარად სწრაფად;

დ) კონტეინერი, რომელიც გამოიყენება ყინულში მოთავსებული შეუ­ფუ­თავი ახალი თევზჭერის პროდუქტის დისტრიბუციისათვის ან შენახვი­სათვის, უნდა უზრუნველყოფდეს, რომ კონტეინერში ყინულის დნობის შე­დე­გად მიღებული წყალი შეხებაში არ დარჩეს თევზჭერის პროდუქტთან;

ე) მთლიანი და გამოშიგნული ახალი თევზჭერის პროდუქტი შესაძლე­ბულია ტრანსპორტირებული და შენახული იყოს გრილ წყალში გემის ბორ­ტზე. აღნიშნული პროდუქტის გრილ წყალში ტრანსპორტირება შესაძ­ლე­ბე­ლია გაგრძელდეს პროდუქტის ხმელეთზე ჩამოტვირთვის შემდეგ მისი და­ნიშნულების ადგილამდე მიტანის პროცესში.

2. იმ შემთხვევაში, როცა თევზჭერის პროდუქტის გაყინვა ხორცი­ელდება ხმელეთზე არსებულ საწარმოში, გაყინული თევზჭერის პრო­დუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის 31‑ე მუხლის მე‑3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორი აწარმოებს მექანიკურად გან­ცალ­კევებულ თევზჭერის პროდუქტს, იგი ვალდებულია დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) მისი წარმოებისათვის საჭირო ნედლი მასალის მიმართ:

ა.ა) მექანიკურად განცალკევებული თევზჭერის პროდუქტის საწარ­მოებ­ლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მთლიანი თევზი ან თევზის ფილედ დაჭრის შემდეგ მიღებული ძვლები, რომელთაგან მთლი­ანად ვერ მოხდა ხორცის გამოცლა;

ა.ბ) ნედლი მასალა გასუფთავებული უნდა იყოს შიგნეულობისაგან;

ბ) წარმოების პროცესის განმავლობაში:

ბ.ა) თევზჭერის პროდუქტის მექანიკურად განცალკევება უნდა მოხდეს მისი ფილედ დაჭრისთანავე;

ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ მექანიკურად განცალკევებული თევზჭერის პრო­დუქტის საწარმოებლად გამოიყენება მთლიანი თევზი, ის უნდა გაი­რეცხოს და გამოიშიგნოს მის გამოყენებამდე;

ბ.გ) წარმოების შემდეგ მექანიკურად განცალკევებული თევზჭერის პრო­დუქტი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გაიყინოს ან გამოყენებულ იქნეს იმ პროდუქტის საწარმოებლად, რომელიც განკუთვნილია გასაყინად.

    მუხლი 35. მოთხოვნები პარაზიტების შემცირებისა და აღმოფხვრის მიზნით

1. ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ თევზჭერის პრო­დუქ­ტის საწარმოებლად გამოყენებული ნედლი მასალა ან საბოლოო პრო­დუქტი გაიყინოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ვიზუალურად შესამჩნევი პარაზიტების აღმოფხვრა იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა პრო­დუქტის წარ­მოებას მდინარის თევზისაგან ან თავფეხიანი მოლუსკებისაგან და რომელიც ამას­თანავე:

ა) განკუთვნილია უმად მოხმარებისათვის; ან

ბ) მარინადში ჩაიდო ან დამარილდა და ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ვიზუა­ლურად შესამჩნევი პარაზიტების აღმოფხვრისათვის.

2. პარაზიტების (გარდა ტრემატოდებისა) აღმოფხვრის მიზნით თევზ­ჭე­რის პროდუქტის გაყინვა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ თევზჭერის პრო­დუ­ქტის ყველა ნაწილში ტემპერატურამ მიაღწიოს სულ მცირე:

ა) ‑20 0C‑ს არანაკლებ 24 საათის განმავლობაში; ან

ბ) ‑35 0C‑ს არანაკლებ 15 საათის განმავლობაში.

3. ბიზნესოპერატორისაგან, რომელიც ეწევა ამ მუხლის პირველი პუნქ­ტით გათვალისწინებულ საქმიანობას, არ მოითხოვება თევ­ზჭერის პრო­დუქ­ტის გაყინ­ვა, თუ:

ა) თევზჭერის პროდუქტმა, ადამიანის მიერ მის მოხმარებამდე, გაიარა ან უნდა გაიაროს თერმული დამუშავება, რომელიც კლავს ვიზუალურად შესამჩნევ პარაზიტებს. პარაზიტების შემთხვევაში (გარდა ტრემატოდებისა), პროდუქტი უნდა გაცხელდეს 60 0C ან მეტ ტემპერატურაზე სულ მცირე ერთი წუთის განმავლობაში;

ბ) თევზჭერის პროდუქტი შენახული იყო გაყინულ მდგომარეობაში ისე ხანგრძლივად, რომ ეს საკმარისი აღმოჩნდა ვიზუალურად შესამჩნევი პარა­ზი­ტების აღმოფხვრისათვის;

გ) არსებობს ეპიდემიოლოგიური მონაცემები, რომ თევზჭერის პროდუ­ქ­ტის წარმოშობის ადგილი არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობი­სათვის საშიშ პარაზიტებს.

4. ბიზნესოპერატორის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც აღ­ნიშ­ნულია, რა ტიპის გაყინვის პროცესი გაიარა ამ მუხლის პირველი პუნქ­ტით გათვალისწინებულმა თევზჭერის პროდუქტმა, თან უნდა ახლდეს აღნიშნულ თევზჭერის პროდუქტებს ბაზარზე განთავსებისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება პროდუქტების მიწოდება საბოლოო მომხმა­რებ­ლისათვის.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალის­წინებული მდინარის თევზი ან თავფეხიანი მოლუსკი მოპოვებულია ისეთი გარემოდან, რომელზეც არსებობს ეპიდემიოლოგიური მონაცემები იმის თაო­ბაზე, რომ წარ­მოშობის ადგილი არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელო­ბისათვის საშიშ პარაზიტებს და, ამასთანავე, აღნიშნული პროდუქტი განკუთვნილია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის მისი გაყინვის ან რაიმე სხვა სახის დამუშავების გარეშე, რომელიც საჭიროა პარაზიტების აღმოსაფხვრელად, ბიზნესოპე­რატორი ვალდებულია მიუთითოს თევზჭერის პროდუქტის თანმ­ხლებ დოკუმენტაციაში ამ მუხლის მე‑3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალის­წი­ნებული ინფორმაცია.

    მუხლი 36. მოთხოვნები გადამუშავებული თევზჭერის პროდუქტის მიმართ

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა კიბოსებრთა და მოლუსკების და­მ­ზადებას, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) კიბოსებრი და მოლუსკი დამზადების შემდეგ სწრაფად უნდა გაცივ­დეს. მათი გაცივებისას გამოყენებული უნდა იქნეს სასმელი წყალი, ხოლო იმ შემ­თხვევაში, თუ აღნიშნული პროცედურა ხორციელდება გემის ბორტზე, შესაძლებელია სუფთა წყლის გამოყენება. გაცივება უნდა განხორციელ­დეს ყინულის დნობის ტემპერატურაზე (0–2 0C), თუ შენახვის სხვა მეთოდის გა­მოყე­ნება შეუძლებელია;

ბ) გარე საფარველის (მათ შორის, ნიჟარის) მოშორება უნდა განხორ­ციელ­დეს სუფთად პროდუქტის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით;

გ) გარე საფარველის (მათ შორის, ნიჟარის) მოშორების შემდეგ დამზა­დებული პროდუქტი მაშინვე უნდა გაიყინოს ან შეძლებისდაგვარად სწრაფად გაცივდეს ამ წესის 39­‑ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენი­ლი ტემპერატურის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორი ეწევა თევზის ზეთის წარმოე­ბას, თევზის ზეთი უნდა იყოს ნაწარმოები იმ თევზჭერის პროდუქტისაგან, რომელიც აკმაყოფილებს ამ თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 3. ბიზნესოპერატორს შეუძლია არ დაიცვას ამ წესის 39‑ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ თევზის ზეთის წარმოება ხდება იმ თევზჭერის პროდუქტისაგან, რომლის დამუშავება ხდება მისი ხმელეთზე გადმოტვირთვიდან 36 საათის განმავლობაში და, ამასთანავე, დაუმუშავე­ბელი თევზჭერის პროდუქტის სიახლის მაჩვენებლები და ამონიუმის შემცვე­ლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

    მუხლი 37. მოთხოვნები თევზჭერის პროდუქტის ჯანმრთელობის მიმართ

1. ბიზნესოპერატორმა, რომელიც მოიპოვებს, აწარმოებს ან გადაა­მუშავებს თევზჭერის პროდუქტს მისი რეალიზაციის მიზნით, უნდა უზრუნ­ველყოს თევზჭერის პროდუქტის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგე­ნილ მიკრობი­ო­ლოგიურ და ამ მუხლის მე‑2 პუნქტით გათვალის­წინებულ მოთხოვ­ნებთან.

2. ბიზნესოპერატორმა, რომელიც მოიპოვებს, აწარმოებს ან გადაამუ­შავებს თევზჭერის პროდუქტს მისი რეალიზაციის მიზნით, უნდა უზრუნ­ველყოს:

ა) თევზჭერის პროდუქტის ორგანოლეპტიკური შეფასება მისი სიახლის მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ბ) ჰისტამინის ოდენობის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან;

გ) გადაუმუშავებელ თევზჭერის პროდუქტში ამონიუმის (TVB- n) და ტრი­მეთილამინის (TMA- n) კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შესაბა­მისობა;

დ) დათვალიერება თევზჭერის პროდუქტის ვიზუალურად შესამჩნევი პარაზიტების აღმოჩენის მიზნით.

3. ამ მუხლის მე‑2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებუ­ლი მოთხოვნები არ ვრცელდება იმ თევზჭერის პროდუქტზე, რომელიც გამოიყე­ნება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი თევზის ზეთის მისა­ღებად.

4. დაუშვებელია შხამიანი თევზების („Tetraodontidae“, „Molidae“, „Diodon­ti­­dae, Ca nthigasteridae“) ოჯახის წარმომადგენელთაგან წარმოებული თევზჭე­რის პროდუქტის ბაზარზე განთავსება.

5. თევზჭერის პროდუქტი, რომელიც შეიცავს ისეთ ბიოტოქსინს, როგო­რი­ცაა კუნთების დამბლის გამომწვევი ტოქსინები ან ციგუატოქსინი, არ უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებული.

    მუხლი 38. თევზჭერის პროდუქტის შეხვევა და შეფუთვა

1. კონტეინერი ან სხვა შესანახი საშუალება, რომელშიც ახალი თევზ­ჭერის პროდუქტი ინახება ყინულში, უნდა იყოს წყალგაუმტარი და უზრუნ­ველყოფდეს, რომ ყინულის დადნობის შედეგად მიღებული წყალი არ დარჩეს შეხებაში აღნიშნულ პროდუქტთან.

2. თევზჭერის პროდუქტის გემის ბორტზე გაყინული პარტია უნდა იყოს ადეკვატურად შეხვეული მისი ხმელეთზე ჩამოტვირთვამდე.

3. იმ შემთხვევაში, თუ თევზჭერის პროდუქტის შეხვევა ხორციელდება გემის ბორტზე, ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ შესაფუთი მასალა:

ა) არ წარმოადგენდეს დაბინძურების წყაროს;

ბ) ხელმეორედ გამოყენების შემთხვევაში, იძლეოდეს გაწმენდისა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დეზინფიცირების საშუალებას.

    მუხლი 39. თევზჭერის პროდუქტის შენახვა

თევზჭერის პროდუქტის შენახვის პროცესი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ახალი თევზჭერის პროდუქტი, გადაუმუშავებელი თევზჭერის პრო­დუქტი და კიბოსებრთა და მოლუსკებისაგან მიღებული დამზადებული და გაცივებული პროდუქტი შენახული უნდა იქნეს ყინულის დნობის ტემპერა­ტურაზე (0–2 0C);

ბ) გაყინული თევზჭერის პროდუქტი უნდა ინახებოდეს არა უმეტეს ‑18 0C ტემპერატურაზე, ხოლო დაკონსერვებისათვის განკუთვნილი მარილ­წყალში გაყინული მთლიანი თევზჭერის პროდუქტი – არა უმეტეს ‑9 0C ტემ­პერა­ტურა­ზე;

გ) თევზჭერის პროდუქტის ცოცხლად შენახვის შემთხვევაში პრო­დუქტი განთავსებული უნდა იქნეს ისეთ ტემპერატურაზე, რომელიც უარ­ყოფით გავლენას არ მოახდენს მისგან წარმოებული სურსათის უვნებ­ლო­ბაზე.

    მუხლი 40. თევზჭერის პროდუქტის ტრანსპორტირება

1. თევზჭერის პროდუქტის ტრანსპორტირების პროცესში:

ა) ახალი თევზჭერის პროდუქტისათვის, გადაუმუშავებელი თევზჭერის პროდუქტისა და კიბოსებრთა და მოლუსკებისაგან მიღებული დამზადე­ბუ­ლი და გაცივებული პროდუქტისათვის შენარჩუნებული უნდა იქნეს ყი­ნუ­ლის დნო­ბის ტემპერატურა (0–2 0C);

ბ) გაყინული მთლიანი თევზჭერის პროდუქტი, გარდა დაკონსერვები­სათვის განკუთვნილი მარილწყალში გაყინული თევზჭერის პროდუქტისა, ტრანს­პორტირებისას უნდა იყოს განთავსებული არანაკლებ ‑18 0C ტემპერ­ატუ­რაზე (შესაძლებელია ‑15 0C ტემპერატურაზე).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირების ხანგრძლივობა არ აღემატება 2 საათს და, ამას­თანავე, გაყინული თევზჭერის პროდუქტი განკუთვნილია იმ საწარ­მო­სათვის, სადაც პროდუქტის მიღებისთანავე ის უნდა გალღვეს მისი შემ­დგომი წარმოების ან/და გადამუშავების მიზნით.

3. იმ შემთხვევაში, თუ თევზჭერის პროდუქტი ინახება ყინულში, ყინუ­ლის დნობის შედეგად მიღებული წყალი არ უნდა დარჩეს შეხებაში აღნიშ­ნულ პროდუქტთან.

4. იმ შემთხვევაში, თუ თევზჭერის პროდუქტი ბაზარზე ცოცხლად უნდა განთავსდეს, ტრანსპორტირების პროცესმა არ უნდა მოახდინოს უარ­ყო­ფითი გავლენა მის უვნებლობაზე.

თავი VIII

სპეციალური ჰიგიენური მოთხოვნები ნედლი რძისა და რძის პროდუქტების მიმართ

    მუხლი 41. მოქმედების სფერო

ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება იმ ბიზნესო­პერა­ტორზე, რომელიც ეწევა ნედლი რძის წარმოებას ან/და შეგროვებას.

    მუხლი 42. სიჯანსაღის მოთხოვნები ნედლი რძის წარმოების მიმართ

1. ბიზნესოპერატორმა, რომელიც ეწევა რძის პირველად წარმოებას, უნდა უზრუნველყოს, რომ ნედლი რძე მიღებული იყოს იმ ცხოველისაგან:

ა) რომელსაც არ აღენიშნება ადამიანისათვის რძის მეშვეობით გადამ­დები ინ­ფექციური დაავადებების სიმპტომები;

ბ) რომელიც ჯანმრთელია და არ აღენიშნება ისეთი დაავადების სიმპ­ტო­მები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს რძის დაბინძურება, კერძოდ: არ აღენიშ­ნება სასქესო ორგანოს ინფიცირება, რომელსაც თან ახლავს გამონა­დენი, ენტერიტი, რომელსაც თან ახლავს დიარეა და სიცხე, ან სარძევე ჯირ­კვლის შესამჩნევი ანთება;

გ) რომელსაც არ აქვს დაზიანებული სარძევე ჯირკვალი, რამაც შესაძ­ლებელია უარყოფითი გავლენა მოახდინოს რძის უვნებლობაზე;

დ) რომელსაც არ მიუღია ისეთი ნივთიერება (მათ შორის, ვეტერინა­რული პრეპარატები), რომლის გამოყენებაც აკრძალულია საქართველოს კა­ნონ­მდებ­ლობით;

ე) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნივთიე­რებების (მათ შორის, ვეტერინარული პრეპარატები) მიღების შემთხვევაში, აღნიშნული ნივთიერებები სრულად აქვს გამოდევნილი ორგანიზმიდან, თუ აღნიშნული სავალდებულოა ამ ცხოველისგან მიღებული რძის უვნებლობის უზრუნველსაყოფად.

2. ნედლი რძე უნდა იქნეს მიღებული:

ა) იმ ძროხის ან კამეჩის ნახირიდან, სადაც არ არის აღმოჩენილი ბრუ­ცელოზის ნიშნები;

ბ) იმ თხის ან ცხვრის სადგომიდან, სადაც არ არის აღმოჩენილი ბრუცელოზის ნიშნები;

გ) იმ ძროხის ან კამეჩის ნახირიდან, სადაც არ არის აღმოჩე­ნილი ტუ­ბერ­კულოზის ნიშნები.

3. იმ შემთხვევაში, თუ თხა განთავსებულია სადგომში ძროხასთან ერ­თად, თხას უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა ტუბერკულოზზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული ძროხის ან კამეჩის ნახირი და თხის ან ცხვრის სადგომი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე‑2 პუნქტით გან­საზღვრულ მოთხოვნებს, ასეთ ნახირში ან სადგომში განთავსებული ცხოვე­ლებისაგან მიღე­ბული ნედლი რძის გამოყენება შესაძლებელია, თუ ცხოვე­ლების სათითა­ოდ გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ:

ა) ძროხის ან კამეჩის შემთხვევაში – არ აღინიშნება ტუბერ­კულოზის ან ბრუცელოზის ნიშნები და, ამასთანავე, ასეთი ცხოველისაგან მიღებული რძის თერმული დამუშავების შემდეგ ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ნედლ რძესაც არ აღენიშნება ბრუცელოზის ნიშნები;

ბ) ცხვრის ან თხის შემთხვევაში – არ აღინიშნება ბრუცელოზის ნიშნები ან ის აცრილი იყო ბრუცელოზზე და, ამასთანავე:

ბ.ა) ყველის წარმოების შემთხვევაში, ყველის დაძველება ხდება სულ მცი­რე 2 თვის ვადით; ან

ბ.ბ) ასეთი ცხოველისაგან მიღებული რძის თერმული დამუშავების შემ­დეგ ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ნედლ რძესაც არ აღე­ნიშნება ბრუცელოზის ნიშნები.

5. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველისგან მიღებული ნედლი რძე არ შეე­საბამება ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ: თუ ნახირში ან სადგომში განთავსებულ თითოეულ ცხოველს მისი გამოკვლევის შედეგად აღმოაჩნდა ბრუცელოზის ან ტუბერკულოზის ნიშნები, მისგან მიღებული რძე არ უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის.

6. ამ მუხლის პირველი და მე‑2 პუნქტებით გათვალისწინებული დაავა­დებით დაავადებული ან სავარაუდოდ დაავადების მქონე ცხოველის განთა­ვსება უნდა მოხდეს იზოლირებულად, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა ცხოველისგან მიღებულ რძეზე აღნიშნული დაავადებებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი გავლენა. ამასთან, ამ მუხლის პირველი და მე‑2 პუნ­ქ­ტებით გათვალისწინებული დაავადებით დაავადებული ან სავარაუდოდ დაავადების მქონე ცხოველის მიმართ უნდა გატარდეს საქართ­ველოს კანონ­მდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

7. ბიზნესოპერატორი ვალდებულია დაიცვას ნედლი რძის საქართვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმები.

    მუხლი 43. ჰიგიენური მოთხოვნები რძის მწარმოებელი ბიზნესოპერატორის მიმართ

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა რძის წარმოებას, უნდა აკმაყო­ფილებდეს რძის წარმოების ადგილსა და აღჭურვილობასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) რძის საწველი საშუალებები, ასევე წარმოების ადგილი, სადაც ხდება რძის შენახვა, დამუშავება ან გაგრილება, უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე შემცირდეს რძის დაბინძურების რისკი;

ბ) ადგილი, რომელიც გამოიყენება რძის შესანახად, უნდა იყოს:

ბ.ა) მავნებლებისაგან დაცული;

ბ.ბ) ცხოველის სადგომისაგან გამოცალკევებული;

ბ.გ) აღჭურვილი შესაბამისი რძის გასაცივებელი საშუალებებით;

ბ.დ) საჭიროების შემთხვევაში, უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე‑2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) იმ აღჭურვილობის (რძის საწველი, შესაგროვებელი და გადასაზიდი საშუალებები, ჭურჭელი, კონტეინერები და ა.შ.) ზედაპირი, რომელიც შეხე­ბა­შია რძესთან, უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევა­ში, იძლეოდეს დეზინფიცირების შესაძლებლობას;

დ) აღჭურვილობა (კონტეინერი, ჭურჭელი და ა.შ.), რომელიც გამოიყე­ნება რძის ტრანსპორტირებისას, გამოყენების შემდეგ უნდა გაიწმინდოს და, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს მისი დეზინფიცირება ხელახლა გამოყე­ნე­ბამ­დე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელახლა გამოყენება ხდება დრო­ის მოკლე მონაკვეთში.

2. რძის წველის პროცესი, რძის შეგროვება და ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს შემდეგი ჰიგიენური მოთხოვნების დაცვით, რათა უზრუნ­ველყოფილ იქნეს:

ა) რძის წველის დაწყებამდე სარძევე ჯირკვლისა და მისი მიდამოების სისუფთავე;

ბ) საჭიროების შემთხვევაში ცხოველისაგან მიღებული რძის შემოწმება ორგანოლეპტიკური ან ფიზიო‑ქიმიური ანომალიების გამოვლენის მიზნით ან იმავე შედეგის მომცემი სხვა მეთოდის გამოყენება აღნიშნული ანომა­ლიების გამოსავლენად. აღნიშნული ანომალიების აღმოჩენის შემთხვევაში რძე არ უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის;

გ) ადამიანის მიერ მოხმარებისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული იმ ცხოველისაგან მიღებული რძე, რომელსაც აღენიშნება სარძევე ჯირკვლის დაავადების კლინიკური ნიშნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშ­ნულს დასაშვებად თვლის ვეტერინარი ექიმი;

დ) მკურნალობის პროცესში მყოფი ან ვაქცინირებული ცხოველის იდენ­ტი­ფიკაცია, ვინაიდან მკურნალობის შედეგად შესაძლებელია რძეში სამკურ­ნალო პრეპარატის ნარჩენების დაგროვება. აღნიშნული ცხოველის რძე, ვაქცი­ნაციის შემთხვევაში (ვაქცინის სპეციფიკიდან გამომდინარე) ან მკურნა­ლობი­სათვის გამოყენებული ვეტერინარული პრეპარატის ცხოველი­სგან სრულ გა­მო­­დევნამდე, არ უნდა იქნეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის გამოყე­ნე­ბული.

3. რძის მოწველის დასრულებისთანავე რძე უნდა განთავსდეს სუფთა ადგილას მისი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით. რძის მოწველის დასრულებისთანავე რძე უნდა იქნეს გაგრილებული არა უმეტეს 8°C ტემპერატურაზე.

4. ტრანსპორტირების განმავლობაში რძე უნდა იქნეს შენარჩუნებული გრილ მდგომარეო­ბაში და დანიშნულების ადგილზე მიტანისას რძის ტემპე­რატურა არ უნდა აღემატებოდეს 10°C‑ს.

5. ბიზნესოპერატორი არ არის ვალდებული დაიცვას ამ მუხლის მე‑3 და მე‑4 პუნქტებით განსაზღვრული პირობები იმ შემთხვევაში, თუ რძე აკმა­ყოფი­ლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნედლი რძის კრი­ტერიუმებს და, ამასთანავე:

ა) რძე გადამუშავდა მისი მოწველიდან 2 საათის განმავლობაში; ან

ბ) ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე, რძის გარკვეული პრო­დუ­ქ­­ტის წარმოებისათვის საჭიროა ამ მუხლის მე‑3 და მე‑4 პუნქტებით გათ­ვა­ლის­წინებულზე უფრო მაღალი ტემპერატურა.

    მუხლი 44. მოთხოვნები რძის პროდუქტების მიმართ

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა რძის გადამუშავებას, ვალდე­ბულია უზრუნველყოს რძის მიღებისთანავე მისი გაგრილება არა უმეტეს 6°C ტემპერა­ტურაზე და შეინარჩუნოს აღნიშნული ტემპერატურა რძის გადამუ­შავებამდე.

2. ბიზნესოპერატორს შეუძლია რძე შეინახოს ამ მუხლის პირველი პუ­ნქ­ტით დადგენილზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) რძის გადამუშავება ხორციელდება რძის მოწველისთანავე ან საწარ­მოში რძის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში; ან

ბ) ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე, რძის გარკვეული პრო­დუ­ქტის წარმოებისათვის საჭიროა ამ მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მაღა­ლი ტემპერატურა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორი ახორციელებს ნედლი რძის ან რძის პროდუქტის ბაზარზე თერმულ დამუშავებას, იგი ვალდებულია დაიც­ვას შემდეგი პირობები:

ა) თერმული დამუშავების ნებისმიერი პროცესის დროს, რომელიც გა­მოი­ყენება გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტის მიმართ, თა­ვიდან უნდა იქნეს აცილებული პროდუქტის დაბინძურება;

ბ) შეამოწმოს პროდუქტის ტემპერატურა, წნევა, ჭურჭლის ჰერმეტულო­ბა და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები;

გ) თერმული დამუშავების პროცესი (მაგ.: პასტერიზაცია) შეესაბამებო­დეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

4. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორი ახორციელებს ნედლი რძის თერმულ დამუშავებას, იგი ვალდებულია, ამ მუხლის მე‑3 პუნქტით განსაზ­ღვრული პირობების გარდა, დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტი­კული საკონტროლო წერტილების სისტემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბა­მისად.

    მუხლი 45. თხევადი რძის პროდუქტის შეფუთვა

მომხმარებლისათვის განკუთვნილი თხევადი რძის პროდუქტის შეფუ­თ­­ვის დალუქვა უნდა განხორციელდეს ჩამოსხმისთანავე იმ საწარმოში, სა­დაც გაიარა საბოლოო თერმული დამუშავება. ამასთან, თხევადი რძის პრო­დუქტის შეფუთვის დალუქვა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული პრო­დუქტის და­ბინ­ძურება.

    მუხლი 46. ეტიკეტირება

1. ნედლი რძისა და რძის პროდუქტის ეტიკეტირება უნდა განხორ­ციელ­დეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ამასთან, ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) ნედლი რძის შემთხვევაში, თუ ის პირდაპირ მიეწოდება საბოლოო მომხ­მარებელს, ეტიკეტზე უნდა აღინიშნოს სიტყვები „ნედლი რძე“;

ბ) იმ პროდუქტის შემთხვევაში, რომელიც იწარმოება ნედლი რძისაგან და რომლის წარმოების პროცესი არ ითვალისწინებს პროდუქტის თერმულ დამუ­შა­ვებას ან სხვა რაიმე სახის ფიზიკურ ან ქიმიურ დამუშავებას, ეტიკეტ­ზე უნდა აღინიშნოს სიტყვები „დამზადებულია ნედლი რძისაგან“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელ­დება იმ ნედლი რძისა და რძის პროდუქტის მიმართ, რომლებიც განკუთვ­ნი­ლია საცალო ვაჭრობისათვის.

    მუხლი 47. საიდენტიფიკაციო ნიშანი

1. ნედლ რძეს და რძის პროდუქტებს უნდა ახლდეს ამ წესის მე‑4 მუხ­ლის მე‑2 და მე‑3 პუნქტებით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო ნიშანი.

2. ნედლი რძის და რძის პროდუქტის შემთხვევაში, დასაშვებია ამ წესის მე‑4 მუხ­ლის მე‑2 და მე‑3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისგან გან­სხ­ვავე­­ბუ­ლი წესის გამოყენება, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნიშანზე შე­საძ­ლოა გაკეთ­დეს მითითება შეფუთვაზე ან შეხვევაზე განთავსებული ბიზ­ნესოპე­რატორად რეგისტრაციის ნომრის განთავსების ადგილის შესახებ.

თავი IX

ჰიგიენის სპეციალური მოთხოვნები კვერცხისა და კვერცხის პროდუქტების მიმართ

    მუხლი 48. მოთხოვნები კვერცხის მიმართ

1. ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს კვერცხის სუფთა და მშრალ მდგომარეობაში შენახვა, დაზიანებისა და მზის სინათლისაგან დაცვა.

2. მომხმარებლისათვის კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მი­სი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხის შენახვა ხდება 0°C‑დან 10°C‑მდე, შესაძლოა მომხმარებლისთვის კვერცხის მიწოდება მოხ­დეს მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში.

    მუხლი 49. მოთხოვნები კვერცხის პროდუქტების მიმართ

ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს კვერცხის პროდუქტის წარმოებას, ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი პროცესების დროში ან სი­ვრცეში განცალკევებულად წარმოება:

ა) კვერცხის გარეცხვა, გაშრობა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დე­ზინფიცირება;

ბ) კვერცხის გატეხვა, გატეხილი კვერცხის შემადგენელი ნაწილების შე­გ­როვება და მისთვის ნაჭუჭისა და მემბრანის მოშორება.

    მუხლი 50. მოთხოვნები კვერცხის პროდუქტის საწარმოებლად განკუთვნილი ნედლი მასალის მიმართ

ბიზნესოპერატორი, რომელიც აწარმოებს კვერცხის პროდუქტს კვერ­ც­ხის ნედლი მასალით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კვერცხის პროდუქტისა და თხევადი კვერცხის საწარმოებლად გან­კუთვნილი კვერცხის ნაჭუჭი არ უნდა იყოს გატეხილი, გარდა იმ შემთ­ხვე­ვისა, როდესაც გაბზარული კვერცხი სწრაფად გამოიყენება კვერცხის პრო­დუქტის ან თხევადი კვერცხის საწარმოებლად;

ბ) თხევადი კვერცხი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც ნედ­ლი მასალა კვერცხის პროდუქტის წარმოებისათვის, რომელიც უნდა აკმა­ყოფილებდეს ამ წესის 51‑ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დად­გენილ მოთხოვნებს.

    მუხლი 51. ჰიგიენის სპეციალური მოთხოვნები კვერცხის პროდუქტის წარმოების მიმართ

ბიზნესოპერატორმა, კვერცხის პროდუქტის წარმოების, დამუშავებისა და შენახვის დროს უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობების დაცვა კვერ­ცხის პროდუქტის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით:

ა) კვერცხი გატეხვამდე უნდა იყოს სუფთა და მშრალი;

ბ) კვერცხის გატეხვა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მისი და­ბინძურების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს, ხოლო გატეხილი კვერცხი შე­ძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გადამუშავდეს;

გ) ქათმის, ინდაურისა და ციცარის კვერცხისაგან დროში ან სივრცეში განცალკევებით უნდა მოხდეს სხვა ფრინველის კვერცხის დამუშავება და გადამუშავება. ყველა ხელსაწყო უნდა გაირეცხოს და მოხდეს მისი დეზინფი­ცირება, ვიდ­რე გაგრძელდება ქათმის, ინდაურისა და ციცარის კვერცხის გა­და­მუშავება;

დ) გატეხვის შემდეგ თხევადი კვერცხის დამუშავება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად მიკრობიოლოგიური დაბინძურების რისკის თავიდან ასაცილებლად ან დასაშვებ დონემდე შესამცირებლად. არასაკმარისად გადა­მუშავებული თხევადი კვერცხის პარტია ხელახლა და დაუყოვნებლივ უნდა გადამუშავდეს იმავე საწარმოში, თუ პროცესის შედეგად პროდუქტი ვარგისი გახდება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის;

ე) კვერცხის ცილის გადამუშავება არ არის აუცილებელი, როდესაც ის გამოიყენება მშრალი ან კრისტალიზებული ალბუმინის საწარმოებლად, რო­მე­ლიც შემდგომში გაივლის თერმულ დამუშავებას;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ კვერცხის გატეხვისთანავე არ ხდება მისი გა­დამუშავება, თხევადი კვერცხი შენახული უნდა იქნეს ან გაყინულ მდგომა­რეობაში ან არა უმეტეს 4°C ტემპერატურაზე. 4°C ტემპერატურაზე შენახვის პერიოდი მის გადამუშავებამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს;

ზ) კვერცხის პროდუქტი, რომლის შენახვაც ვერ მოხდება ოთახის ტემ­პერატურაზე, უნდა გაცივდეს არა უმეტეს 4°C ტემპერატურაზე;

თ) კვერცხის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია გასაყინად, უნდა გაიყინოს გადამუშავების შემდეგ შეძლებისდაგვარად სწრაფად.

    მუხლი 52. ანალიტიკური სპეციფიკაციები

1. 3-ჰიდროქსილ-ბუტირის მჟავის კონცენტრაცია არ უნდა აღემატე­ბოდეს 10 მგ‑ს გადაუმუშავებელი კვერცხის მშრალ ნაწილში.

2. რძემჟავის შემცველობა ნედლ მასალაში, რომელიც კვერცხის პრო­დუქტის წარმოებისთვისაა გამიზნული, არ უნდა აღემატებოდეს 1 გრამს კვე­რ­ცხის მშრალი ნაწილის 1 კგ‑ზე. ფერმენტირებული პროდუქტებისათვის ეს მა­ჩვენებელი უნდა უდრიდეს ფერმენტაციის პროცესამდე აღრიცხულ მაჩ­ვენებელს.

3. ნაჭუჭის ნარჩენების, კვერცხის გარსის (მემბრანის) და კვერცხის სხვა ნაწილაკების რაოდენობა დაუმუშავებელი კვერცხის პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ/კგ.

    მუხლი 53. ეტიკეტირება და საიდენტიფიკაციო ნიშანი

1. კვერცხის პროდუქტის პარტიას, რომელიც განკუთვნილია არა საცა­ლო ვაჭრობისათვის, არამედ ინგრედიენტის სახით სხვა პროდუქტის საწარ­მო­ებლად, უნდა ჰქონდეს ამ წესის მე‑4 მუხლის მე‑2 და მე‑3 პუნქტე­ბით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო ნიშანი.

2. კვერცხის პროდუქტის პარტიას, რომელიც განკუთვნილია არა საცა­ლო ვაჭრობისათვის, არამედ ინგრედიენტის სახით სხვა პროდუქტის საწარ­მოებლად, ასევე უნდა ჰქონდეს ეტიკეტი კვერცხის პროდუქტის შენახვი­სათ­ვის საჭირო ტემპერატურისა და შენახვის ვადის მითითებით.

3. თხევადი კვერცხის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი და მე‑2 პუნ­ქ­ტებით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, ეტიკეტზე ასევე უნდა გან­თავსდეს კვერცხის გატეხვის თარიღი და საათი და შემდეგი წინადადება: „არაპასტერიზებული თხევადი კვერცხი – დამუშავდეს დანიშნულების ადგი­ლას“.

თავი X

ჰიგიენის სპეციალური მოთხოვნები ბაყაყის კიდურებისა და ლოკოკინების დამზადების პროცესის მიმართ

    მუხლი 54. მოთხოვნები ბაყაყის კიდურებისა და ლოკოკინების დამზადების პროცესის მიმართ

ბიზნესოპერატორმა, რომელიც ახორციელებს ბაყაყის კიდურების ან ლო­კოკინების წარმოებას ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, უნდა უზრუნ­ველყოს შემდეგი პირობების დაცვა:

ა) საწარმოში ცოცხალი ბაყაყის შენახვა, გარეცხვა, დაკვლა და სისხლ­გართმევა უნდა მოხდეს დამზადების პროცესისაგან დროში ან სივრცეში გან­ცალკევებულად;

ბ) ადამიანის მიერ მოხმარებისათვის არ უნდა დამზადდეს ისეთი ბა­ყაყი და ლოკოკინა, რომლებიც არ იქნა მოკლული/დაკლული საწარმოში;

გ) ბაყაყებს და ლოკოკინებს უნდა ჩაუტარდეთ ორგანოლეპტიკური შე­ფასება ნიმუშის აღების გზით. თუ ასეთი შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ბაყაყი ან ლოკოკინა შესაძლოა შეიცავდეს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთე­ლობისათვის, ისინი არ უნდა იქნენ გამოყენებული ადამიანის მიერ მოხმარე­ბისთვის;

დ) დამზადებისთანავე ბაყაყის კიდურები უნდა გაირეცხოს სასმელი წყლით და გაცივდეს ყინულის დნობის ტემპერატურაზე (0–2°C), გაიყინოს ან გადამუშავდეს;

ე) მოკვლის შემდეგ ლოკოკინას უნდა მოსცილდეს და არ უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანის მიერ მოხმარებისთვის ღვიძლი და პანკრეასი, თუ ის წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

თავი XI

ჰიგიენის სპეციალური მოთხოვნები ცხოველის გადამდნარი ცხიმისა და ხიწიწის მიმართ

    მუხლი 55. მოთხოვნები იმ ბიზნესოპერატორთა მიმართ, რომლებიც  ახორციელებენ ცხოველის გადამდნარი ცხიმისა და ხიწიწის  საწარმოებლად საჭირო ნედლი მასალის შეგროვებასა და  გადამუშავებას

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველის გადამდნარი ცხიმის და ხიწიწის საწარმოებლად განკუთვნილი ნედლი მასალის შეგრო­ვებას, ვალდებულია უზრუნველყოს ნედლი მასალის შეგროვების ადგილისა და სატრანსპორტო საშუალების (რომლითაც ხდება ნედლი მასა­ლის ტრან­სპორტირება საწარმომდე მისი გადამუშავების მიზნით) აღჭურვა, რათა შე­სა­ძლებელ იქნეს ნედლი მასალის შენახვა იმგვარად, რომ პროდუქ­ტის ტემ­პერა­ტურამ მიაღწიოს არა უმეტეს 7°C‑ს.

2. ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს ცხოველის გადამდნარი ცხიმისა და ხიწიწის საწარმოებლად განკუთვნილი ნედლი მასალის გადამუ­შავებას, უნდა გააჩნდეს:

ა) გასაყინი აღჭურვილობა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი აღჭურვილობა იმ პროდუქ­ტე­ბის დასამზადებლად, რომლებიც მოიცავს ცხოველის გადამდნარი ცხიმისა და სხვა სურსათის ან/და სანელებლების ნარევს.

3. ბიზნესოპერატორი არ არის ვალდებული დაიცვას ამ მუხლის პირ­ველი პუნქტითა და მე‑2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთ­ხოვნები, თუ ნედლი მასალისაგან ცხიმის გამოდნობა მოხდა 12 საათის გან­მავ­ლობაში მისი მოპოვების მომენტიდან.

    მუხლი 56. ჰიგიენის მოთხოვნები ცხოველის გადამდნარი ცხიმისა და ხიწიწის დამზადების პროცესის მიმართ

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველის გადამდნარი ცხიმის და ხიწიწის დამზადებას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხო­ვნები გამოყენებული ნედლი მასალის მიმართ, კერძოდ:

ა) ნედლი მასალა უნდა შეიცავდეს ცხოველის ცხიმს ან ძვლებს, რო­მე­ლიც უნდა იყოს სისხლგართმეული და სუფთა;

ბ) ნედლი მასალა, მის გამოდნობამდე, ტრანსპორტირებული და შენა­ხული უნდა იქნეს სუფთად და იმგვარად, რომ ნედლი მასალის შიდა ტემ­პერატურა არ აღემატებოდეს 7°C‑ს. თუმცა, ნედლი მასალის ტრანსპორ­ტი­რება და შენახვა შესაძლებელია აქტიური გაცივების გარეშე, თუ მისგან ცხი­მის გამოდნობა მოხდა 12 საათის განმავლობაში ნედლი მასალის მოპოვე­ბის მომენტიდან.

2. გამოდნობის პროცესში აკრძალულია ორგანული გამხსნელების გა­მოყენება.

3. ცხოველის გადამდნარი ცხიმი სახეობების მიხედვით უნდა აკმაყო­ფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვ­ნებს.

4. ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ხიწიწის შენახვისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები ტემპერატურის მიმართ:

ა) იმ შემთხვევაში, თუ ხიწიწის გამოდნობა ხდება არა უმეტეს 70°C ტემპერატურაზე, მისი შენახვა უნდა მოხდეს:

ა.ა) არა უმეტეს 7°C ტემპერატურაზე არა უმეტეს 24 საათის განმავ­ლო­ბაში; ან

ა.ბ) არა უმეტეს – 18°C ტემპერატურაზე;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ხიწიწის გამოდნობა ხდება 70°C‑ზე მეტ ტემპე­რატურაზე და, ამასთანავე, ტენიანობის შემცველობა შეადგენს 10% (მ/მ) ან მეტს, მისი შენახვა უნდა მოხდეს:

ბ.ა) არა უმეტეს 7°C ტემპერატურაზე არა უმეტეს 48 საათის განმავლო­ბაში ან დროისა და ტემპერატურის ისეთ ფარდობაზე, რომელიც ეკვივალენ­ტური შედეგის მომცემია; ან

ბ.ბ) არა უმეტეს – 18°C ტემპერატურაზე;

გ) თუ ხიწიწის გამოდნობა ხდება 70°C‑ზე მეტ ტემპერატურაზე და, ამას­თანავე, ტენიანობის შემცველობა შეადგენს 10%‑ზე (მ/მ) ნაკლებს, ამ შემ­თ­ხ­ვევაში აღნიშნული პროცესის ტემპერატურის მიმართ არ ვრცელდება რაი­მე სახის მოთხოვნები.

თავი XII

სპეციალური ჰიგიენური მოთხოვნები დამუშავებული კუჭის, შარდის ბუშტისა და ნაწლავების მიმართ

    მუხლი 57. სპეციალური ჰიგიენური მოთხოვნები დამუშავებული კუჭის, შარდის ბუშტისა და ნაწლავების მიმართ

1. ბიზნესოპერატორმა, რომელიც ეწევა ცხოველის კუჭის, შარდის ბუშ­ტისა და ნაწლავების დამუშავებას მათი ბაზარზე განთავსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:

ა) კუჭი, შარდის ბუშტი და ნაწლავები უნდა იყოს დამარილებული, თერ­მულად დამუშავებული ან გამომშრალი;

ბ) კუჭის, შარდის ბუშტისა და ნაწლავების ამ მუხლის პირველი პუნ­ქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამუშავების შემდეგ, მათი და­ბინ­ძუ­რების აცილებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

2. დამუშავებული კუჭი, შარდის ბუშტი და ნაწლავები, რომელთა შე­ნახ­ვა შეუძლებელია გარემომცველ ტემპერატურაზე, ბაზარზე განთავსე­ბამდე შენა­ხული უნდა იყოს გაცივებულ მდგომარეობაში. კუჭი, შარდის ბუშ­ტი და ნაწლავები, რომლებიც არ არის დამარილებული ან გამომშრალი, უნდა იქნეს შენა­ხული არა უმეტეს 3oC ტემპერატურაზე.