ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ

  • Word
ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 21/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016014
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2
21/02/2012
ვებგვერდი, 24/02/2012
320110000.17.010.016014
ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/02/2012 - 11/05/2012)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება № 2

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის 71 პუნქტის ა) ქვე პუნქტის და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების თანდართული

წესები.

2. დამტკიცდეს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №1).

3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი

                           კ.კვიტაიშვილი

                           ა.სიხარულიძე

                           ი.მოსეშვილი

ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესები

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. მიზანი და ამოცანა

1. ამ წესების მიღების მიზანია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების განსაზღვრა.

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) ამ წესების შესაბამისად:

) გასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას და ადგენს სანებართვო პირობებს;

) უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, წინამდებარე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი წინამდებარე წესებით განსაზღვრულ პირებს.

თავი II

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვება

    მუხლი 2. ნუმერაციის რესურსის სარგებლობის უფლების მოპოვების ზოგადი წესი

1. ნუმერაციის რესურსი გაიცემა კომისიის მიერ, წინამდებარე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ (შემდგომში „ავტორიზებული პირი“) ან/და არაავტორიზებულ პირებზე, კომისიის გადაწყვეტილებით, ნებართვით, ან მინიჭების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ავტორიზებულ პირებზე.

3. ექსტრემალური სამსახურებისთვის ( სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი, საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სამნიშნა ევრონომერი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთიანი სამნიშნა ნომერი, გაზის საავარიო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი, საპატრულო პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი), ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების და სანიაღვრე საავარიო სამსახურებისთვის გამოყოფილი ერთიანი ფორმატის მოკლე ნომრები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“.

    მუხლი 3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის წესი

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა და ნებართვის მაძიებლის განცხადება ნებართვის მიღების თაობაზე.

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი უკვე ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, დადასტურება იმისა, რომ ნებართვის მაძიებლის მიერ ათვისებულია კომისიის მიერ მასზე უკვე გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%.

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

4. განცხადების, ან განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია ნებართვის მაძიებელს განუსაზღვრავს დამატებით ვადას არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღისა, რა ვადაშიც ნებართვის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. თუ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ნებართვის მაძიებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სანებართვო განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

5. სრულყოფილი სანებართვო განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნებართვის მაძიებელს უგზავნის შეტყობინებას მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსის გაცემის შესაძლებლობის თაობაზე. შეტყობინებაში მიეთითება ნებართვის მაძიებლის მიერ გადასახდელი სანებართვო მოსაკრებლის და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ყოველწლიური საფასურის ოდენობა და გადახდის წესი.

6. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია კომისიისგან შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში წარუდგინოს კომისიას სანებართვო მოსაკრებლის და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტაცია; იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებლის მიერ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სანებართვო მოსაკრებლისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

7. კომისია გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის შესახებ იღებს ნებართვის მაძიებლის მიერ სანებართვო მოსაკრებლისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენიდან 15 დღის ვადაში და გასცემს სანებართვო მოწმობას.

8. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე ნუმერაციის რესურსზე ერთდროულად შემოსულია ორი ან მეტი განაცხადი, უპირატესობა მიენიჭება პირველად შემოსულ განაცხადს.

    მუხლი 4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი

კომისია უარს ეტყვის ნებართვის მაძიებელს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე, თუ:

ა) მის მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსი არ არის თავისუფალი;

ბ) წინამდებარე წესების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, უკვე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ნუმერაციის იმ რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, რომელიც მოითხოვა ნებართვის მაძიებელმა;

გ) ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადასტურდა, რომ ნებართვის მაძიებლის მიერ, რომელიც უკვე ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, არ არის ათვისებული (იმავე გეოგრაფიულ ზონაში – გეოგრაფიული ნუმერაციის რესურსის შემთხვევაში) კომისიის მიერ მასზე იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%;

დ) ნებართვის მაძიებელმა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა სანებართვო მოსაკრებლისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

    მუხლი 5. ნებართვის საფუძველზე გასაცემი ნუმერაციის რესურსი

1. კომისია ნებართვით გასცემს შემდეგი სახის ნუმერაციის რესურსს:

ა) გეოგრაფიული ნომრები (რომლის სრული ფორმატი 9-ციფრიანია, შედგება ეროვნული დანიშნულების კოდისაგან (NDC – 2 ან 3 ციფრი) და აბონენტის ნომრისაგან (SN – 6 ან 7 ციფრი), მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; გეოგრაფიული ნომრებისათვის ეროვნული დანიშნულების კოდი (NDC) განსაზღვრულია ციფრებით „3“ და „4“) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის; ნებართვა გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;

ბ) არაგეოგრაფიული ნომრები (რომლის სრული ფორმატი 9 ციფრიანია, შედგება ეროვნული დანიშნულების კოდისაგან (NDC – 2 ან 3 ციფრი) და აბონენტის ნომრისაგან (SN – 6 ან 7 ციფრი), მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; არაგეოგრაფიული ნომრებისათვის ეროვნული დანიშნულების კოდი (NDC) განსაზღვრულია ციფრებით „5“, „7“, „8“, „9“):

ბ.ა) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნებართვა გაიცემა მინიმუმ 10 000 (ათი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;

ბ.ბ) უსადენო შეღწევის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნებართვა გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;

ბ.გ) პერსონალური ნომრებით მომსახურებისთვის ნებართვა გაიცემა მინუმუმ 100 (ასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;

ბ.დ) VOIP – ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნებართვა გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;

ბ.ე) ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებითი ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ნებართვა გაიცემა ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;

ბ.ვ) საბარათე სისტემით მომსახურებისათვის ნებართვა გაიცემა მინიმუმ ნუმერაციის 1 და მაქსიმუმ 10 ნუმერაციის თანმიმდევრულ რესურსზე;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდი (რომლის ფორმატი 4-ციფრიანია (10-XX), მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე; არჩევის კოდის შემდეგ აბონენტი ეროვნულ ზარებს ახორციელებს ეროვნული პრეფიქსის „0“ -ის და ეროვნული (მნიშვნელოვანი) ნომრის საშუალებით, ხოლო საერთაშორისო ზარებს საერთაშორისო პრეფიქსის „00“-ის, ქვეყნის კოდის და გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომრის საშუალებით) ნებართვა გაიცემა – 1 კოდზე;

დ) მოკლე ნომრები (რომლის სრული ფორმატი 4 ან 5-ციფრიანია, მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეროვნული დანიშნულების კოდისა და ეროვნული პრეფიქსის გარეშე; ნებართვა მოკლე ნომრების გამოყენებაზე გაიცემა როგორც სატელეკომუნიკაციო (17XX), ასევე არასატელეკომუნიკაციო (16XXX) მომსახურების მისაწოდებლად):

დ.ა) არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად, ნებართვა გაიცემა  1 ნომერზე;

დ.ბ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად, ნებართვა გაიცემა 1 ნომერზე;

2. კომისიის მიერ ერთი ნებართვით შეიძლება გაიცეს ნუმერაციის რესურსი მხოლოდ ერთი და იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის.

    მუხლი 6. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მოქმედების ვადა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის წესი

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა უვადოდ, ყოველწლიური განახლებით.

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე. ამ შემთხვევაში კომისიას ნებართვის განახლების შესახებ ინფორმაცია შეაქვს კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენილ ვადაში კომისიისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაუქმებულად ითვლება.

3. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის ვადის დადგომისას, მომდევნო წლის საფასური გადაიხადოს ნებართვით გაცემული ნუმერაციის რესურსის ნაწილზე, რომლის ოდენობა არ უნდა იყოს ამ წესებით განსაზღვრულ მინიმალურ ოდენობაზე ან მის ჯერადზე ნაკლები. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა, ნებართვით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის იმ ბლოკ(ებ)ზე, რომლით სარგებლობის უფლების განახლებისთვისაც არ იქნა გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური, ითვლება გაუქმებულად; ამ შემთხვევაში კომისია გასცემს განახლებულ სანებართვო მოწმობას.

    მუხლი 7. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაუქმება

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაუქმების საფუძველია:

ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნა;

ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობა;

გ) სანებართვო პირობების დარღვევა ნებართვის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

2. ნებართვის გაუქმების შემთხვევაში ნებართვის მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

3. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს კომისიას მოსთხოვოს ნებართვის გაუქმება იმ მოტივით, რომ ნუმერაციის რესურსს უთმობს სხვა პირს. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი და ნებართვის მაძიებელი ერთობლივი განცხადებით მიმართავენ კომისიას. კომისია განცხადებას განიხილავს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

    მუხლი 8. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური:

ა) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს – 0,10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;

ბ) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს – 0,10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;

გ) უსადენო შეღწევის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს – 0,10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;

დ) პერსონალური ნომრებით მომსახურებისთვის შეადგენს – 10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;

ე) VOIP – ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს – 0,10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;

ვ) ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს – 1 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე;

ზ) საბარათე სისტემით მომსახურებისათვის შეადგენს – 50 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე;

თ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდზე შეადგენს – 5 000 ლარს ნუმერაციის 1 რესურსზე ;

ი) ხუთციფრა მოკლე ნომრებზე არასატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად შეადგენს – 1500 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე;

კ) ოთხციფრა მოკლე ნომრებზე სატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად შეადგენს – 1500 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე.

    მუხლი 9. ავტორიზებული პირების მიერ ნუმერაციის რესურსის აბონენტზე გაცემა

1. ავტორიზებული პირის მიერ გეოგრაფიული სააბონენტო ნომრები გაიცემა გეოგრაფიულ ზონაში რეგისტრირებულ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებზე.

2. ავტორიზებული პირი არ არის ვალდებული მონიტორინგი გაუწიოს აბონენტის მიერ წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული სააბონენტო ნომრით სარგებლობისას გეოგრაფიული ზონის ფარგლების დაცვას.

3. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია აბონენტზე გასცეს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსიდან შემოკლებული ნომერი.

    მუხლი 10. ნუმერაციის რესურსის მინიჭების წესი

 

1. ნუმერაციის რესურსის მინიჭების საფუძველია ნუმერაციის თავისუფალი რესურსის არსებობა და დაინტერესებული პირის განცხადება;

2. ნუმერაციის რესურსის მინიჭება ხორცილდება კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე წინამდებარე წესებით განსაზღვულ შემთხვევებში და ვადით, ავტორიზებულ ან/და არაავტორიზებულ პირებზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3. ნუმერაციის რესურსის მინიჭების მიზნით დაინტერესებული პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

4. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) საზოგადოებრივი სამსახურისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების შემთხვევაში – შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს რეკომენდაცია;

5 . განცხადების, ან განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებით ვადას არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღისა, რა ვადაშიც განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. თუ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

6 . კომისია გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ იღებს კომისიაში განცხადების წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში.

7 . იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე ნუმერაციის რესურსზე ერთდროულად შემოსულია ორი ან მეტი განაცხადი, უპირატესობა მიენიჭება პირველად შემოსულ განაცხადს.

    მუხლი 11. მინიჭებას დაქვემდებარებული ნუმერაციის რესურსები

1. ნუმერაციის რესურსი ნებართვის გარეშე ენიჭებათ ავტორიზებულ პირებს შემდეგი შემთხვევებში და ვადით:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებების მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებულ პირებს საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებების მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზაციის ვადით;

ბ) სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფის ვალდებულების მქონე ავტორიზებულ პირებს პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისათვის (დამისამართების პრეფიქსები, რომლის სრული ფორმატი მობილურ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში 3-ციფრიანია, ხოლო ფიქსირებულ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში 4-ციფრიანი) – პორტაბელურობის ვალდებულების გაუქმებამდე;

გ) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, ქსელების სისიგნალო წერტილების იდენტიფიცირებისათვის (კოდები – ქვეყნის მობილური კოდი (MCC) „282“ გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ, ხოლო კომისიის მიერ ხდება მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდის (MNC) მინიჭება) – შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით;

დ) საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი (ISPC) (რომლის ფორმატი 5-ციფრიანია და შედგება 14 ბინარული თანრიგისაგან; სასიგნალო ქსელების ზონის საერთაშორისო კოდი (SANC) გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ, ხოლო კომისიის მიერ ხდება სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორის მინიჭება) – შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით ;

ე) ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი (NSPC) (რომლის ფორმატი 5-ციფრიანია და შედგება 14 ბინარული თანრიგისაგან და მისი სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ, ხოლო კომისიის მიერ ხდება სასიგნალო ქსელების ზონალური კოდის (SANC) გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის სასიგნალო ურთიერთჩართვის წერტილის მინიჭება) – შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით .

2. ნუმერაციის რესურსი არაავტორიზებულ პირებს ნებართვის გარეშე ენიჭებათ შემდეგ შემთხვევებში და ვადით:

ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ – უვადოდ;

ბ) საზოგადოებრივი (ევრონომერი) სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 6-ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე) – შესაბამისი საქმიანობის ვადით;

გ) საინფორმაციო-საცნობარო (ევრონომერი) სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 5- ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე) – შესაბამისი საქმიანობის ვადით;

დ) საფოსტო კავშირით მომსახურების განმახორციელებელ პირებს საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის (რომლის სრული ფორმატი 5-ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე) – შესაბამისი საქმიანობის ვადით;

ე) რკინიგზის სადგურების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტებს საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 4-ციფრიანი) – შესაბამისი საქმიანობის ვადით.

    მუხლი 12. საზოგადოებრივი სამსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების პირობები

1. საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსები (ევრონომრები) გამოიყენება შემდეგი მომსახურებისთვის:

ა) დაკარგული ბავშვების ცხელი ხაზი – 116 000;

ბ) ბავშვთა დახმარება – 116 111;

გ) ბავშვთა ფსიქოლოგიური სატელეფონო დახმარება – 116 123.

2. საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) გამოყენებით მომსახურების მიმწოდებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით;

ბ) მომსახურება უნდა იყოს უფასო;

გ) მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მომსახურების არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

    მუხლი 13. საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების პირობები

1. საინფორმაციო-საცნობარო სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი - 118XX) გამოყენებით მომსახურების მიმწოდებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ენაზე;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას;

გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული;

დ) მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია.

    მუხლი 14. ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

ნუმერაციის რესურსის მინიჭების გაუქმების საფუძვლებია:

ა) ნუმერაციის რესურსის მფლობელის განცხადება;

ბ) შესაბამისი სამსახურის გაუქმება;

გ) მინიჭებული ნუმერაციის რესურსის არადანიშნულებისამებრ და ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოყენება;

თავი III

ანგარიშსწორების წესი და პირობები

    მუხლი 15. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელ პირებს შორის ანგარიშსწორების წესი

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელ პირებს შორის ნუმერაციის რესურსის გამოყენებით საქმიანობის განხორციელებისას ურთიერთანგარიშსწორება ხორციელდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შემდეგი პირობების შესაბამისად:

ა) ავტორიზებული პირი, რომლის აბონენტმაც წამოიწყო ზარი, ვალდებულია აუნაზღაუროს იმ ავტორიზებულ პირს, რომლის ქსელშიც იმყოფება ზარის მიმღები აბონენტი, ზარის დაასრულების საფასური;

ბ) ნუმერაციის რესურსის გამოყენებით, სატელეკომუნიკაციო და არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირი, რომლის მიმართულებითაც წარმოიქმნება ტრაფიკი, ვალდებულია აუნაზღაუროს ავტორიზებულ პირს, (რომლისგანაც მიიღო შესაბამისი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება – ზარის წამოწყება, დასრულება, ტრანზიტი) ამ მომსახურების საფასური;

გ) ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების (800 ნუმერაციის რესურსი) მიწოდებისას, აბონენტისთვის ზარი არის უფასო, ხოლო ავტორიზებული პირებისთვის ზარის წამოწყების, დასრულებისა ან/და ტრანზიტის მომსახურების საფასურის ანაზღაურებას უზრუნველყოფს აღნიშნული ნუმერაციის რესურსით მოსარგებლე არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი;

დ) ინტელექტუალური ქსელებით განაწილებული ხარჯებით მომსახურების (801 ნუმერაციის რესურსი) მიწოდებისას, ზარის განხორციელების ხარჯები ნაწილდება აბონენტსა და აღნიშნული ნუმერაციის რესურსით მოსარგებლე არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს შორის;

ე) 900 - 903 ნუმერაციის რესურსების გამოყენებით მიწოდებული შესაბამისი მომსახურებების საფასური შეიცავს დამატებით ღირებულებას;

ვ) ავტორიზებული პირი, რომლის აბონენტმაც წამოიწყო ზარი, ვალდებულია უზრუნველყოს გაწეული მომსახურების საფასურის ამოღება აბონენტისგან, ოპერატორის არჩევის კოდის მფლობელის, ასევე სხვა სატელეკომუნიკაციო ან არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით. აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირი და მომსახურების მიმწოდებელი შესაძლებელია შეთანხმდნენ მომსახურების საფასურის განაწილებაზე. მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი მომსახურების საფასურიდან აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ მოთხოვნილი წილი (მომსახურების საფასურის განაწილების შემთხვევაში) ან აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ დადგენილი თანხის ამოღების მომსახურების საფასურის ოდენობა უნდა იყოს არადისკრიმინაციული და გონივრული; კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, გამოითხოვოს მომსახურების საფასურიდან აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ მოთხოვნილი წილის (მომსახურების საფასურის განაწილების შემთხვევაში) ან აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ დადგენილი თანხის ამოღების მომსახურების საფასურის გაანგარიშებები და იმ შემთხვევაში, თუ კომისია მიიჩნევს, რომ აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ დადგენილი თანხის ამოღების მომსახურების საფასური ან მის მიერ მომსახურების მიმწოდებლისათვის შეთავაზებული მომსახურების საფასურის განაწილების პირობები, მათ შორის, ოდენობა, ზღუდავს მომსახურების მიმწოდებლის დაშვებას, ან ითვალისწინებს არაგონივრულ მოგებას, კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოსთხოვოს აბონენტის მფლობელ ავტორიზებულ პირს თანხის ამოღების მომსახურების საფასურის ან მომსახურების მიმწოდებლისათვის შეთავაზებული მომსახურების საფასურის განაწილების პირობების, მათ შორის, ოდენობის კორექცია ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესითა და პირობებით;

    მუხლი 16. ანგარიშსწორებების წესი ექსტრემალური ნომრებით მომსახურებისას

ანგარიშსწორების წესი ექსტრემალურ ნომრებთან დაკავშირებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“.

თავი IV

სანებართვო მოწმობა

    მუხლი 17. სანებართვო მოწმობის ფორმა

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა მტკიცდება კომისიის

მიერ;

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოწმობა შეიცავს:

ა) ნებართვის ნომერს;

ბ) ნებართვის სახეს;

გ) ნებართვის მფლობელის დასახელებას;

დ) ნებართვის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს;

ე) ნებართვით მინიჭებულ ნუმერაციის რესურსს;

ვ) ნებართვით სარგებლობის გეოგრაფიულ ზონას;

ზ) სანებართვო პირობებს;

თ) ნებართვის გაცემის თარიღს და ნებართვის მოქმედების ვადას.

    მუხლი 18. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი კომისიას მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე; განცხადებას თან უნდა დაერთოს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი .

2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში კომისია გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში.

3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

თავი V

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 19. გარდამავალი დებულებები

1. პირებს, რომლებიც ფლობენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას, კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა შეუძლიათ აიღონ პირველ რიგში ნუმერაციის იმ თავისუფალი რესურსიდან, რომელსაც ითვალისწინებდა მათზე გაცემული ლიცენზია და რომლით სარგებლობის უფლებაც მათი მოთხოვნის საფუძველზე დათმობილ იქნა.

2. პირებს, რომლებზედაც 2012 წლის 1 თებერვლამდე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, უფლება აქვთ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართონ კომისიას მათ სარგებლობაში არსებულ ნუმერაციის რესურსზე ნებართვის გაცემის მოთხოვნით.

3. პირებს, რომლებზედაც 2012 წლის 1 თებერვლამდე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, უფლება აქვთ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე დათმონ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ, რა დროსაც კომისიას ცვლილება შეაქვს კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში.

4. პირებს, რომლებიც კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე ფლობენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ნუმერაციის არასრულ ბლოკზე, უფლება აქვთ აიღონ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა, მათ სარგებლობაში არსებული ბლოკის შესავსებად საჭირო ნუმერაციის თავისუფალ რესურსზე.

დანართი 1

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის

სანებართვო მოწმობა

ნებართვის ნომერი:

 

ნებართვის სახე:

 

ნებართვის მფლობელი:

 

მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემები:

 

ნუმერაციის რესურსი:

 

სარგებლობის გეოგრაფიული ზონა:

 

სანებართვო პირობები:

 

ნებართვის გაცემის თარიღი:

 

ნებართვის მოქმედების ვადა:

 

კომისიის თავმჯდომარე:

 

კომისიის წევრები:

 

ბ.ა.

      დამკვეთი:                დამამზადებელი:             სფს -ს რეგისტრაციის №

11. 29/12/2022 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 6 - ვებგვერდი, 30/12/2022 10. 30/12/2021 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 31/12/2021 9. 23/04/2020 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 24/04/2020 8. 12/12/2019 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 17/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 25/12/2018 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 8 - ვებგვერდი, 26/12/2018 6. 22/02/2018 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 2 - ვებგვერდი, 26/02/2018 5. 03/09/2015 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 9 - ვებგვერდი, 08/09/2015 4. 09/07/2015 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 2 - ვებგვერდი, 14/07/2015 3. 03/01/2013 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 2 - ვებგვერდი, 10/01/2013 2. 22/06/2012 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 8 - ვებგვერდი, 27/06/2012 1. 11/05/2012 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 15/05/2012