„საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1270
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/02/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 05/03/2002
სარეგისტრაციო კოდი 110.030.060.05.001.001.029
  • Word
1270
12/02/2002
სსმ, 4, 05/03/2002
110.030.060.05.001.001.029
„საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

ამ კანონით შეტანილია ცვლილებები და დამატებები ,,საკონსტიტუციო     სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,       №5-6,  24.04.96)

    მუხლი 1

პირველი მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „კანონის“ შეიცვალა სიტყვებით „ორგანული კანონის“, ხოლო სიტყვა „ნაწილებში“ – სიტყვით „პუნქტებში“.

    მუხლი 2

მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „ოდენობა“ შეიცვალა სიტყვით „რაოდენობა“.

    მუხლი 3

მე-6 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ამოღებულია;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„4. საქმის განხილვის მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს გადადებული ან შეჩერებული საქმის განხილვის დასრულებამდე მონაწილეობა მიიღოს სხვა საქმის განხილვაში.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია გადაწყვიტოს კონსტიტუციური სარჩელის ან/და კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი სასამართლოს პლენუმის/კოლეგიის მიერ სხვა კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის ან განხილვის დროს.“.

    მუხლი 4

მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„2. საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს უფლება არა აქვს მონაწილეობა არ მიიღოს კენჭისყრაში და თავი შეიკავოს კენჭისყრისას.“.

    მუხლი 5

მე-9 მუხლში სიტყვა „კანონის“ შეიცვალა სიტყვებით „ორგანული კანონის“.

    მუხლი 6

მე-10 მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „კანონის მე-19 მუხლსა და მე-20 მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილი“ შეიცვალა სიტყვებით „ორგანული კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული“;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები „კანონის 21-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით“ შეიცვალა სიტყვებით „ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებით“.

    მუხლი 7

მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „კანონით“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ორგანული კანონით“.

    მუხლი 8

მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „კანონის 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე და        მე-40“ შეიცვალა სიტყვებით „საქართველოს ორგანული კანონის 33-ე – მე-40“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„ბ) მხარეთა წარმომადგენლები – ნდობით აღჭურვილი პირები, რომელთათვისაც მხარეებს კანონით დადგენილი წესით გადაცემული აქვთ თავიანთი უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნა სავალდებულოა, თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტან პირთა რაოდენობა ორზე მეტია. წარმომადგენლის რწმუნებულება უნდა დამოწმდეს სანოტარო ან შესაბამისი დაწესებულებისთვის დადგენილი წესით;“;

ა.გ) „გ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატა შემდეგი წინადადება: „მათი დანიშვნის უფლება აქვს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ წარდგინებებს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს წარდგინების ავტორთა და მათ წარმომადგენელთა გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მიიწვიოს წარდგინების ავტორები, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკითხზე დასკვნის მომზადებისას – შესაბამისი თანამდებობის პირებიც და მოისმინოს მათი განმარტება, მაგრამ ამ პირებს მხარედ არ აღიარებს.“.

    მუხლი 9

მე-13 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატა სიტყვები „გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა“;

ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები „კანონის მე-19 მუხლის „თ“ პუნქტით“ შეიცვალა სიტყვებით „ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, თუ იგი ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.“.

    მუხლი 10

მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებად ითვლება განმწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ან კოლეგიის მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკითხზე (იმავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) შეიტანება კონსტიტუციური წარდგინება, ხოლო დანარჩენ საკითხებზე – კონსტიტუციური სარჩელი.“.

    მუხლი 11

მე-16 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

        „მუხლი 16

1. კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელეთა მიერ (თუ მოსარჩელე საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული წესით) და მასში მითითებული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელება და მისამართები;

გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი, ან რომელთა დარღვევითაც იქნა მიღებული/გამოცემული, ხელმოწერილი, გამოქვეყნებული ან ამოქმედებული საქართველოს საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს პარლამენტის დადგენილება;

ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას;

ვ) მოთხოვნის არსი;

ზ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;

თ) კონსტიტუციურ სარჩელზე დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთვოდეს:

ა) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;

ბ) მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი მათი მისამართების მითითებით;

გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ.

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეტანილი კონსტიტუციური წარდგინება ხელმოწერილი უნდა იყოს წარდგინების ავტორთა მიერ (თუ წარდგინების ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით აღნიშნული წესით) და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა დასახელება და მისამართები;

გ) სადავო საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების დასახელება, მისი ხელმომწერის დასახელება და ხელმოწერის თარიღი, თუ წარდგინება ეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხს, ან თანამდებობის პირის დასახელება, თუ წარდგინება ეხება იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკითხს;

დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება, ან რომლებიც, მათი აზრით, დაარღვია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა თანამდებობის პირმა;

ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების ავტორთა აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;

ვ) მოთხოვნის არსი;

ზ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც წარდგინების ავტორებს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;

თ) კონსტიტუციურ წარდგინებაზე დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, წარდგინების ავტორთა აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთვოდეს:

ა) სადავო საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების ტექსტი, თუ წარდგინება ეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საკითხს;

ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორების წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი მათი მისამართების მითითებით;

გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ.

5. საერთო სასამართლოს მიერ შეტანილი კონსტიტუციური წარდგინება ხელმოწერილი უნდა იყოს საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის ან საქმის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის წევრთა მიერ და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) კონსტიტუციური წარდგინების შემტანი სასამართლოსა და მოსამართლის/სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის მოსამართლეთა დასახელება და მისამართები;

გ) ნორმატიული აქტის დასახელება, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საერთო სასამართლო, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი, ხოლო თუ ეს აქტი საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმებაა, – მისი ხელმომწერის დასახელება და ხელმოწერის თარიღი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების შემტანი სასამართლოს აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს ნორმატიული აქტი;

ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების შემტანი სასამართლოს აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;

ვ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც კონსტიტუციური წარდგინების შემტან სასამართლოს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;

ზ) კონსტიტუციურ წარდგინებაზე დართული საბუთების ჩამონათვალი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთვოდეს:

ა) იმ ნორმატიული აქტის ტექსტი, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საერთო სასამართლო;

ბ) სასამართლოს აქტი საქმის განხილვის შეჩერების შესახებ.

7. კონსტიტუციური სარჩელი, კონსტიტუციური წარდგინება და თანდართული საბუთები შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.“.

    მუხლი 12

მე-17 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

         „მუხლი 17

1. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებას, საქმის მასალების ფორმალური (და არა შინაარსობრივი) მხარის შემოწმების შემდეგ, რეგისტრაციაში ატარებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილი თანამშრომელი. მათში არაარსებითი ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 3 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად. თუ ამ ვადაში უზუსტობა არ გამოსწორდა, სარჩელისა და წარდგინების რეგისტრაცია უქმდება. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

2. რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დაუყოვნებლივ გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი – მე-4 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯად საქმეს 3 დღის ვადაში გადასცემს კოლეგიას საქმის არსებითად განსახილველად მიღების შესახებ საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო თუ საქმე პლენუმის განსჯადია, იმავე ვადაში ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომისთვის და გადასცემს მას საქმეს. კოლეგიებისთვის საქმეთა გადაცემისას დაცული უნდა იქნეს კოლეგიათა შორის მათი თანაბრად განაწილების პრინციპი.

3. კოლეგიის თავმჯდომარე საქმის მიღებისთანავე კოლეგიის წევრთაგან ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს განმწესრიგებელი სხდომისთვის და გადასცემს მას საქმეს.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი და კოლეგია ვალდებულნი არიან კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების მათთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვიტონ სარჩელისა თუ წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი. პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის თარიღს ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო კოლეგიისას  –  შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარე.

5. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღება ფორმდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ან კოლეგიის საოქმო ჩანაწერით, ხოლო არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისას პლენუმს/კოლეგიას გამოაქვს დასაბუთებული განჩინება.

6. მომხსენებელი მოსამართლე კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შესწავლისას არკვევს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული საფუძველი სარჩელის ან წარდგინების ან მათში მითითებული რომელიმე საკითხის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან აზუსტებს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს, რის საფუძველზედაც განმწესრიგებელი სხდომისთვის ამზადებს განჩინების ან საოქმო ჩანაწერის პროექტს. პროექტი საქმის მასალებთან ერთად გადაეცემა პლენუმის ან შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარეს, რომელიც უზრუნველყოფს განმწესრიგებელ სხდომამდე სულ ცოტა 2 დღით ადრე კოლეგიის წევრებისთვის მათ გადაცემას. თუ კოლეგიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება განმწესრიგებელ სხდომაზე გასატან პროექტს, მას უფლება აქვს წარადგინოს თავისი პროექტი.

7. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მოპასუხეს, ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანამდებობის პირს, რომლის ქმედობის კონსტიტუციურობასაც ეხება წარდგინება, ამის შესახებ აცნობებს განმწესრიგებელი სხდომის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

8. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადი საქმის განხილვა კოლეგიის განსჯადი საქმის განხილვაზე ადრე იწყება. საკონსტიტუციო სასამართლო რიგგარეშე განიხილავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, „ვ“ ქვეპუნქტითა (იმავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში) და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს.“.

    მუხლი 13

მე-18 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტს სიტყვის „სადავო“ წინ დაემატა სიტყვები „არც ერთი“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტს სიტყვის „საკითხი“ წინ დაემატა სიტყვები „ყველა სადავო“;

გ) „ე“ ქვეპუნქტს სიტყვის „საკითხი“ წინ დაემატოს სიტყვები „არც ერთი სადავო“;

დ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) არასაპატიო მიზეზით დარღვეულია მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა.“.

    მუხლი 14

მე-19 მუხლში სიტყვები ,,„გ“, „დ“ და „ე“ პუნქტებში აღნიშნული მოტივებით“ შეიცვალა სიტყვებით „„გ“ – „ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით“.

    მუხლი 15

მე-20 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

            „მუხლი 20

1. საკონსტიტუციო სასამართლო წინასწარ ატყობინებს მოსარჩელეს, კონსტიტუციური წარდგინების ავტორს ან მათ მათი წარმომადგენლებს განმწესრიგებელი სხდომის გამართვის თარიღს.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, ხოლო მოსარჩელის, წარდგინების ავტორის ან მათი წარმომადგენლების წერილობითი განცხადების საფუძველზე ვალდებულია, განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოსარჩელე, წარდგინების ავტორი, მათი წარმომადგენლები და ინტერესების დამცველნი და მოისმინოს მათი განმარტება ამ კანონის მე-18 მუხლში აღნიშნულ საკითხებზე.“.

    მუხლი 16

21-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

        „მუხლი 21

1. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების შესახებ საოქმო ჩანაწერში მიეთითება:

ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი;

გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;

დ) საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ან კოლეგიამ განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება;

ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების შესახებ;

ზ) საქმის განხილვის დაწყების სავარაუდო ვადა.

2. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიუღებლობის შესახებ განჩინებაში აღინიშნება:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

ბ) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი;

გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;

დ) საკითხი, რომელზედაც გამოტანილია განჩინება;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ან კოლეგიამ განსახილველად არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება;

ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობის შესახებ.“.

    მუხლი 17

22-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

       „მუხლი 22

1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს წყვეტს ღია კენჭისყრით, სათათბირო ოთახში.

2. განჩინების ან საოქმო ჩანაწერის პროექტს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს/კოლეგიას წარუდგენს მომხსენებელი მოსამართლე. თუ არსებობს გადაწყვეტილების სხვა პროექტი, მას კენჭი ცალკე ეყრება.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სხდომის დარბაზში.“.

    მუხლი 18

25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში სიტყვა „კანონითა“ შეიცვალა სიტყვებით „ორგანული კანონითა“;

ბ) ბოლოდან მეორე აბზაცი ჩაითვალა მე-3 პუნქტად და მას სიტყვის „ამ“ შემდეგ დაემატა სიტყვები „მუხლის მე-2“;

გ) ბოლო აბზაცი ჩაითვალა მე-4 პუნქტად.

    მუხლი 19

26-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე და მესამე აბზაცები ჩაითვალა შესაბამისად „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებად.

    მუხლი 20

32-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის მეორე და მესამე აბზაცები ჩაითვალა შესაბამისად „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებად;

ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში სიტყვა „კანონისა“ შეიცვალა სიტყვებით „საქართველოს ორგანული კანონისა“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„4. სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას კონსტიტუციური სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მისი უარყოფის შესახებ;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას საერთო სასამართლოს მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის ან კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ;

გ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა არაკონსტიტუციურად ცნობის ან კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ;

დ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული თანამდებობის პირის ქმედობის კონსტიტუციურობის შესახებ;

ე) გადაწყვეტილების ან დასკვნის სამართლებრივ შედეგებს.”.

    მუხლი 21

33-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან და 7 დღის ვადაში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვა „პირი“ შეიცვალა სიტყვით „ასლი“, ხოლო სიტყვები „კანონის მე-19 მუხლის „თ“ პუნქტში“ – სიტყვებით „საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „თ" ქვეპუნქტში".

    მუხლი 22

34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე–მეათე აბზაცები ჩაითვალოს შესაბამისად „ა“ – „ი“ ქვეპუნქტებად.

    მუხლი 23. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 12 თებერვალი.

№1270–IIს