სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016240
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
31/01/2012
ვებგვერდი, 31/01/2012
040030000.22.027.016240
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/01/2012 - 23/08/2012)

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №18

2012 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №118 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

ზ. ადეიშვილი

    სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა მიერ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, პირის დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის, ასევე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამოქალაქო რეესტრის სააგენტო;

ბ) ტერიტორიული სამსახური სააგენტოს ტერიტორიული სამსახური;

გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ტერიტორიული სამსახური, რომელიც ახორციელებს თავის უფლებამოსილებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრულ ფაგლებში;

დ) საკონსულო თანამდებობის პირი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი , რომელიც „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესითა და ფარგლებში ;

ე) მონაცემთა ბაზა საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილების განხორციელებისას ინფორმაციის დამუშავების შედეგად შექმნილ მონაცემთა ერთობლიობა;

ვ) მონაცემთა ელექტრონული ბაზა ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემთა ბაზა ან მისი ნაწილი;

ზ) წყვილი ქალი და მამაკაცი, რომლებიც ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესაბამისად, განისაზღვრებიან ბავშვის მშობლებად.

მუხლი 3. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი

1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი სრულდება ელექტრონული და მატერიალური ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.

2. ელექტრონული ფორმით შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, მისი შემდგომი შენახვის უზრუნველყოფის მიზნით, შევსების შემდეგ მატერიალური ფორმით ამოიბეჭდება ერთ ეგზემპლარად.

3. მატერიალური ფორმით ამობეჭდილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ხელს აწერს და ბეჭდით ადასტურებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილი პირი.

4. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის სისწორესა და შევსების ხარისხზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელმაც შეავსო აღნიშნული ჩანაწერი.

5. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შევსების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

მუხლი 4. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შენახვა

1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერები (ელექტრონული და მატერიალური ფორმით) ინახება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის იმ ორგანოში, რომელმაც განახორციელა შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია.

2. სამოქალაქო აქტების ჩანაწერები, მათ შენახვაზე პასუხისმგებელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ ქრონოლოგიური წესით ფორმირდება სამოქალაქო აქტების ჩანაწერების წიგნებად.

3. ყოველი 5 წლის შემდეგ სამოქალაქო აქტების ჩანაწერების წიგნები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ შესანახად გადაეცემა სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალურ არქივს, სადაც ინახება 75 წლის განმავლობაში, შესაბამის წიგნში თავმოყრილი სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესრულების წლიდან.

4. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების წიგნებში თავმოყრილი სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესრულების წლიდან ყოველი 75 წლის გასვლის შემდეგ, შესაბამისი სამოქალაქო აქტების ჩანაწერების წიგნები სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის მიერ მუდმივად შესანახად გადაეცემა საქართველოს ეროვნულ არქივს.

მუხლი 5. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ადგილი

სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას ახორციელებს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური განმცხადებლის სურვილისამებრ, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადენილი.

მუხლი 6. განცხადების წარდგენა

1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელებისათვის დაინტერესებული პირი მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წერილობითი განცხადებით.

2. განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

3. განცხადებას სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ უნდა დაერთოს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები.

4. წარმოდგენილი საბუთების ნამდვილობაში დასაბუთებული ეჭვის შეტანის შემთხვევაში ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია გადაამაწმოს დოკუმენტში მითითებული მონაცემები (ინფორმაცია).

5. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მათში ცვლილებებისა, შესწორებებების და/ან დამატებების შეტანის, აგრეთვე სამოქალაქო აქტებთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების განხორციელებისთვის ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში მითითებულ ინფორმაციას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება დოკუმენტების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის იმ ორგანოებში წარდგენაზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან.

მუხლი 7. განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენა

1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ელექტრონული ფორმით განცხადების წარდგენა დაიშვება ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

ა) განცხადება დადასტურებულია განმცხადებლის ციფრული ხელმოწერით;

ბ) ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა საზღვარგარეთ მყოფი განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

2. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას .

3. საზღვარგარეთ მყოფი განმცხადებელი, რომელიც მიმართავს სააგენტოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით, უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ან შესაბამისი ცნობის გაცემასთან ერთად მოითხოვოს მისი ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელებისთვის აუცილებელი, უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტების ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის საშუალებით.

6. დოკუმენტების ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების ფაქტის ნამდვილობის შესაბამისი ელექტრონული რეესტრის საშუალებით შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში დედნების წარმოსადგენად უფლებამოსილი პირი განსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 60 კალენდარული დღისა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

8. განმცხადებლის ვინაობასთან ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით მომსახურების გაწევაზე. განცხადების მიღებამდე მომსახურების გაწევაზე უარის თქმა შესაძლებელია ზეპირი ფორმით, რაც უნდა დასტურდებოდეს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერით.

9. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის უფლებამოსილი პირის თანხმობის გამოხატვა, ასევე განცხადებაზე უფლებამოსილი პირის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის პირველი-მე-4 და მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით.

მუხლი 8. დოკუმენტების წარდგენის პირობები

  1. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში მითითებულ მონაცემებს ან აღნიშნული მონაცემების მიღება სააგენტოს შეუძლია სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან.

 2. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი სხვა სახელმწიფოში გაცემული(დამოწმებული) დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნ ს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ასევე ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 3. აპსოტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული დოკუმენტები შეიძლება წარდგენილ იქნ ს ელექტრონული ფორმით ან ფოტოასლის სახით, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის საშუალებით.

  4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტრონული ფორმით ან ფოტოასლის სახით წარმოდგენილ დოკუმენტს უნდა ერთოდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ შესრულებული/დამოწმებული თარგმანი წარმოდგენილი უნდა იქნეს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული სახით.

  5. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტები მატერიალური ან ელექტრონული ფორმით უნდა დაერთოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს.

მუხლი 9. მომსახურების საფასური

ამ წესით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადაიხდება კანონმდებლობით დადგენილი საფასური.

მუხლი 10 . სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა

1. ტერიტორიული სამსახური მონაცემთა ბაზაში დაცული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების საფუძველზე უფლებამოსილი პირის მოთხოვნით გასცემს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას.

2. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, რომელსაც არ გააჩნია წვდომა სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას გასცემს მხოლოდ მასთან დაცული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე.

4. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა პირზე, რომლის მიმართ რეგისტრირებულია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. აღნიშნული პირის გარდაცვალების შემთხვევაში მოწმობა შეიძლება გაიცეს მის მემკვიდრეებზე.

5. დაბადების მოწმობა გაიცემა აგრეთვე მშობლებზე, მშვილებლებზე, მეურვეებზე, მზრუნველებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებზე.

6. პირებზე, რომელთაც ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლებები, არ გაიცემა იმ შვილების დაბადების მოწმობები, რომელთა მიმართაც მათ ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლებები.

7. შვილად აყვანის მოწმობა ნაშვილებზე გაიცემა ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) და მშვილებლის (მშვილებლების) თანხმობით, აგრეთვე იმ შემთხვევაში , თუ შვილად აყვანის შედეგად ნაშვილების მშობლების მონაცემები არ შეცვლილა.

8. ბიოლოგიური მშობლის ან მშვილებლის გარდაცვალების შემთხვევაში , შვილად აყვანის მოწმობა გაიცემა ცოცხლად მყოფი მშობლის (მშობლების) და/ან მშვილებლის (მშვილებლების) თანხმობით. მშობლის (მშობლების) და მშვილებლის(მშვილებლების) გარდაცვალების შემთხვევაში, შვილად აყვანის მოწმობა გაიცემა ნაშვილების განცხადების საფუძველზე.

9 . ქორწინების მოწმობა არ გაიცემა თუ ერთი და იგივე პირის მიმართ რეგისტრირებულია ქორწინების ორი ან მეტი მოქმედი სამოქალაქო აქტი. ამ შემთხვევაში, ქორწინების მოწმობის ნაცვლად შეიძლება გაიცეს ცნობა ქორწინების ყველა მოქმედ აქტზე მითითებით.

10 . ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში, ქორწინების მოწმობა გაიცემა აღნიშვნით – „შეწყვეტილია“.

11. გარდაცვლილი პირის დაბადების მოწმობა გაიცემა აღნიშვნით – „გარდაცვლილია“.

1 2 . გარდაცვალების რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა ნებისმიერ პირზე.

1 3 . სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა იბეჭდება და ივსება სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით ან „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოწმობის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მოთხოვნით სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება დაიბეჭდოს ან/და შეივსოს აგრეთვე ინგლისურ ენაზე.

1 4 . სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის შევსების წესი განისაზღვრება სააგენტო ს თავმჯდომარის ბრძანებით.

1 5 . სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებასთან ერთად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წარედგინება განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

1 6 . სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 11. წარმომადგენლობა

1. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირი უფლებამოსილია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ წესის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით შედგენილი მინდობილობით (რწმუნებულებით).

3. სხვა სახელმწიფოში დამოწმებული მინდობლობა(რწმუნებულება) წარდგენილი უნდა იქნეს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული სახით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. უცხო ენაზე შედგენილ მინდობილობას(რწმუნებულებას) უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს შესრულებული/დამოწმებული თარგმანი წარმოდგენილი უნდა იქნეს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული სახით.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით ან ფოტოასლის სახით, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტების ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის საშუალებით.

6. წარმოდგენილი დოკუმენტის ნამდვილობაში დასაბუთებული ეჭვის შეტანის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მუხლი 12. თანხმობა

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის უფლებამოსილი პირის თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს:

ა) სათანადო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;

ბ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით;

გ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

მუხლი 13. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. პირს, რომელსაც „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არა აქვს პერსონალური მონაცემების (მათ შორის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლის) მიღების უფლება, ადმინისტრაციული წარმოების მასალები გასაცნობად წარედგინება აღნიშნული მონაცემების შემცველი დოკუმენტების გამორიცხვით.

2. დაბადების ან შვილად აყვანის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ასლი გაიცემა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნით, საგამოძიებო ორგანოს დადგენილების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის მონაცემები შეიძლება გამოქვეყნდეს ინტერნეტ-გვერდზე. გამოქვეყნებულ მონაცემებს აქვს იურიდიული ძალა და საწინააღმდეგოს დადგენამდე ითვლება უტყუარად.

მუხლი 14. პროცედურული და ტექნიკური საკითხების მოწესრიგება

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურული და ტექნიკური საკითხები წესრიგდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, თუ კანონით ან ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.

თავი II

დაბადების რეგისტრაცია

მუხლი 15. დაბადების რეგისტრაციის საფუძველი

დაბადების რეგისტრაციის საფუძველია ბავშვის/პირის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნდა დაერთოს შესაბამისი საბუთები.

მუხლი 16. დაბადების რეგისტრაცია სამედიცინო დაწესებულების მიერ წარდგენილი ცნობის საფუძველზე

1. დაბადების რეგისტრაციისათვის აუცილებელი მონაცემები დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მიეთითება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით გაცემული დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის საფუძველზე.

2. თუ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში მითითებულია ბავშვის ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადების შესახებ, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო დაბადების რეგისტრაციას ახორციელებს ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საბუთების წარდგენისთანავე, მაგრამ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. აღნიშნულ ვადაში საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში დაბადების რეგისტრაცია განხორციელდება საერთო წესით.

მუხლი 17. დაბადების რეგისტრაცია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე

პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ან დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლზე დაბადების რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემები მიეთითება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე.

მუხლი 18. დაბადების რეგისტრაცია მშობლის (მშობლების) ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე

1. ქორწინებაში მყოფი მშობლები შვილის დაბადების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განცხადებასთან ერთად წარუდგენენ:

ა) ქორწინების მოწმობას;

ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (განცხადების ერთ - ერთი მშობლის მიერ წარდგენის შემთხვევაში, მეორე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარედგინება);

გ) დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. ქორწინებაში არმყოფი მშობლები შვილის დაბადების რეგისტრაციისათვის ერთობლივ განცხადებასთან ერთად წარადგენენ:

ა) ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ;

ბ) დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტს.

3. თუ ქორწინებაში არმყოფი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი არასრულწლოვანია, განცხადებას დაბადების რეგისტრაციის შესახებ ასევე უნდა დაერთოს არასრულწლოვანი დედის და/ან მამის მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე.

4. ქორწინებაში არმყოფი ერთ-ერთი მშობლის მიერ განცხადების პირადად წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი განცხადება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეიძლება წარედგინოს ამ წესის მე-7 და მე-11 მუხლებით დადგენილი წესით ან ნოტარიულად დამოწმებული სახით.

5. ქორწინებაში არმყოფი დედა შვილის დაბადების რეგისტრაციისათვის განცხადებასთან ერთად წარადგენს:

ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტს.

6. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დაბადების რეგისტრაციისათვის განცხადებასთან ერთად წარადგენს:

ა) დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) მშობლების ქორწინების მოწმობას (არსებობის შემთხვევაში) .

მუხლი 19 . ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია

1. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს :

ა) ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც გაცემულია სამედიცინო დაწესებულების მიერ ემბრიონის იმპლანტაციისთანავე;

ბ) ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება:

ბ.ა) ბავშვის გამჩენ ქალსა და გენეტიკურ მშობლებს შორის,ან;

ბ.ბ) ბავშვის გამჩენ ქალს, გენეტიკურ მშობელს, დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად ჩასაწერ პირსა (რომელიც არ არის ბავშვის გენეტიკური მშობელი) და დონორს შორის, ან ;

ბ.გ) ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსდა დონორებს შორის.

2. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლებად მიიჩნევიან:

ა) გენეტიკური მშობლები;

ბ) გენეტიკური მშობელი და ხელშეკრულების საფუძველზე დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლად ჩასაწერი პირი;

გ) წყვილი.

3. დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად დონორის ან „სუროგატული დედის“ მითითება დაუშვებელია.

4. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების წარუდგენლობის შემთხვევაში დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლები არ მიეთითება. ამ შემთხვევაში, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელი და გვარი მიეთითება მეურვებისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე.

მუხლი 20. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის სახელის და გვარის ჩაწერა

1. ქორწინებაში არმყოფი დედის ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის სახელი იწერება დედის მითითებით, ხოლო ბავშვის გვარად იწერება დედის გვარი.

2. ქორწინებაში მყოფი მშობლების ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის სახელი და გვარი იწერება მშობლების ურთიერთშეთანხმებით. თუ მშობლებს საერთო გვარი აქვთ, ბავშვის გვარად ჩაიწერება მშობლების გვარი, ხოლო თუ მშობლებს საერთო გვარი არ აქვთ მშობელთა შეთანხმებით – ერთ-ერთი მშობლის გვარი. მშობლების ურთიერთშეთანხმებით ბავშვის გვარად შეიძლება მიეთითოს ორივე მშობლის შეერთებული გვარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთ მშობელს მაინც აქვს ორწევრიანი (ორმაგი) გვარი.

3. ქორწინებაში არმყოფი მშობლების ერთობლივი განცხადების საფუძველზე მათი ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას, ბავშვის სახელი და გვარი იწერება მშობლების ურთიერთშეთანხმებით. ბავშვის გვარი ჩაიწერება ერთ-ერთი მშობლის გვარის მიხედვით. მშობლების ურთიერთშეთანხმებით ბავშვის გვარად შეიძლება მიეთითოს ორივე მშობლის შეერთებული გვარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთ მშობელს აქვს ორწევრიანი (ორმაგი) გვარი.

4. თუ მშობლებს სხვადასხვა გვარი აქვთ და ისინი ვერ თანხმდებიან ბავშვის სახელის და/ან გვარის საკითხზე, ბავშვის სახელისა და გვარის ჩაწერის საკითხს წყვეტს სასამართლო. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ბავშვის სახელი ჩაიწერება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო ბავშვის გვარად ჩაიწერება მშობლების შეერთებული გვარი. თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს ორწევრიანი (ორმაგი) გვარი, მაშინ ბავშვის გვარად ჩაიწერება დედის გვარი.

5. ქორწინებაში მყოფი მშობლების ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას, თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისათვის ბავშვის დედა გარდაცვლილია ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება – ბავშვის სახელი და გვარი იწერება ბავშვის მამის მითითებით. თუ მშობლებს საერთო გვარი აქვთ, ბავშვის გვარად ჩაიწერება მშობლების გვარი, ხოლო თუ მშობლებს საერთო გვარი არ აქვთ – ერთ-ერთი მშობლის გვარი ან ორივე მშობლის შეერთებული გვარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთ მშობელს აქვს ორწევრიანი (ორმაგი) გვარი.

6. ქორწინებაში არმყოფი მშობლების ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას, თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისათვის ბავშვის დედა გარდაცვლილია ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და არ არსებობს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ჯერ კიდევ გაუჩენელ ბავშვთან დაკავშირებით წარდგენილი მშობელთა ერთობლივი განცხადება მამობის დადგენის შესახებ, ბავშვის სახელი და გვარი იწერება ბავშვის მამის (მამობის დამდგენი პირის) მითითებით. ბავშვის გვარად ჩაიწერება ერთ-ერთი მშობლის გვარი ან ორივე მშობლის შეერთებული გვარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთ მშობელს აქვს ორწევრიანი (ორმაგი) გვარი.

7. თუ უფლებამოსილი პირი არ განსაზღვრავს ბავშვის სახელს და/ან გვარს, ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ბავშვის სქესის გათვალისწინებით ანიჭებს მას სახელს სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, მონაცემთა ბაზაში აღრიცხული შესაბამისი სქესისათვის დამახასიათებელი ტიპური სახელებიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ამ შემთხვევაში ბავშვის გვარად ჩაიწერება დედის გვარი.

8. ბავშვის სახელად ციფრების, სასვენი ნიშნების, გეომეტრიული ფიგურების, გრაფიკული გამოსახულებების, სიმბოლოების, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ხასიათის სიტყვების ან მრავალწევრიანი (ორზე მეტი სახელისგან შემდგარი) სახელის განსაზღვრა დაუშვებელია.

9. დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის გვარის ჩაწერისას განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი გვარისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, რომლებიც დაკავშირებულია სქესის აღნიშვნასთან (გამოხატვასთან).

მუხლი 21. დაბადების რეგისტრაციისას დაბადების ადგილის განსაზღვრა

1. დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის დაბადების ადგილად ჩაიწერება ქვეყანა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (საქართველოში – თვითმმართველი ერთეული) დასახელება, სადაც დაიბადა ბავშვი.

 2. მშობლების სურვილისამებრ, დაბადების ადგილად შეიძლება მითითებულ იქნეს ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბავშვის დაბადების ფაქტობრივი ან მშობლის რეგისტრაციის ადგილი არის უცხო სახელმწიფო.

მუხლი 22. ნაპოვნი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია

1. ნაპოვნი ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას მისი სახელი, გვარი დაბადების თარიღი და ადგილი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მიეთითება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წერილობითი მიმართვისა და ასაკის დადგენის შესახებ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე.

2. ნაპოვნი ბავშვის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მიეთითება: „ბავშვი ნაპოვნია, მშობლები უცნობია".

მუხლი 23. დაბადების რეგისტრაციისას პირადი ნომრის მინიჭება და მისამართზე რეგისტრაცია

1. ტერიტორიული სამსახური პირად ნომერს პირს ანიჭებს დაბადების რეგისტრაციისას.

2. ერთი და იმავე პირისთვის ორი ან ორზე მეტი პირადი ნომრის ან ერთი და იგივე პირადი ნომრის სხვადასხვა პირებისთვის მინიჭება დაუშვებელია.

3. დაუშვებელია პირისათვის კანონიერ საფუძველზე ერთხელ მინიჭებული პირადი ნომრის შეცვლა ან გაუქმება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. გარდაცვლილი პირისათვის მინიჭებული პირადი ნომრის შეცვლა ან ამ ნომრის განმეორებით გამოყენება დაუშვებელია.

5. ერთ პირზე ორი ან მეტი პირადი ნომრის მინიჭების, ასევე ორ ან მეტ პირზე ერთი პირადი ნომრის მინიჭების შემთხვევაში, პირადი ნომრის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხის გადაწყვეტა ხდება ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

6. პირადი ნომერი შედგება თერთმეტი ციფრისაგან. პირველი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის ადმინისტრაციული ერთეულის კოდი, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, რომელიც გარკვეული ფორმულის საფუძველზე მიიღება დანარჩენი ათი ციფრისაგან. შემდეგი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურის კოდი, რომელმაც პირს მიანიჭა პირადი ნომერი, ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – პირისათვის პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერი (000001-დან 999999-მდე), გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666.

7. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისათვის მინიჭებული პირადი ნომრის პირველი ორი ციფრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმნიშვნელია, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, შემდეგი ორი ციფრი პირადი ნომრის მიმნიჭებელ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაზე მიუთითებს, ხოლო დანარჩენი ექვსი ციფრი პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერია, გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666.

8. საკონტროლო ციფრის მიღების ფორმულას განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.

9. პირადი ნომრის მინიჭება აღირიცხება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

10. დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში, პირს შეიძლება შეუნარჩუნდეს ამ ჩანაწერში მითითებული პირადი ნომერი, თუ არ არსებობს მისი გაუქმების სხვა საფუძველი.

11. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის მისამართზე რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „ს აქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ “ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის 98 ბრძანებით „ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ .

მუხლი 24. ტყუპების დაბადების რეგისტრაცია

ტყუპების დაბადების შემთხვევაში ყოველი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ცალ-ცალკე ხდება. დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული უნდა იქნეს ბავშვების დაბადების თანამიმდევრობა.

მუხლი 25. გარდაცვლილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია

თუ ბავშვი გარდაიცვალა დაბადების რეგისტრაციამდე, ხოლო მშობელს არ განუცხადებია მისთვის სახელისა და/ან გვარის მინიჭების შესახებ, დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის სახელი ჩაიწერება ამ წესის მე- 20 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო ბავშვის გვარად ჩაიწერება დედის გვარი. ბავშვის გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება ზოგადი წესით.

თავი III

მამობის დადგენა

მუხლი 26. მამობის დადგენის რეგისტრაციის საფუძველი

1. მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება უფლებამოსილ პირთა განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. განცხადებას მამობის დადგენის შესახებ უნდა ერთოდეს ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები.

3. მამობის დადგენის შესახებ განცხადების ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

მუხლი 27. მამობის დადგენის რეგისტრაცია ბავშვის მშობლების ერთობლივი განცხადებით

1. მამობის დადგენის თაობაზე ერთობლივ განცხადებას მშობლები წარადგენენ პირადად.

2. მშობლის მიერ განცხადების პირადად წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში განცხადება შეიძლება წარადგინოს მის მიერ უფლებამოსილმა პირმა (წარმომადგენელი).

3. განცხადება მამობის დადგენის შესახებ ასევე შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესით.

4. მამობის დადგენის შესახებ მშობლების ერთობლივ განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

გ) ბავშვის არასრულწლოვანი დედის და/ან მამის ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;

დ) ბავშვის არასრულწლოვანი მშობლის დაბადების მოწმობა.

მუხლი 28. მამობის დადგენის რეგისტრაცია ბავშვის მამის განცხადებით

მამობის დადგენის რეგისტრაციის შესახებ ბავშვის მამის განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) ბავშვის მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

გ) ბავშვის არასრულწლოვანი მამის მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;

დ) ბავშვის არასრულწლოვანი მამის დაბადების მოწმობა;

ე) ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ე.ა) ბავშვის დედის გარდაცვალების მოწმობა;

ე.ბ) ბავშვის დედის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება;

ე.გ) ბავშვის დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება;

ე.დ) ბავშვის დედის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

მუხლი 29. მამობის დადგენის რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 30-ე კალენდარულ დღეს ახორციელებს მამობის დადგენის რეგისტრაციას და შესაბამისი ცვლილებები შეაქვს ბავშვის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში.

2. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მამობის დადგენის რეგისტრაციისას ბავშვის მამის შესახებ მონაცემები მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მიეთითება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით მამობის დადგენის რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი პირის მოთხოვნით მამობის დადგენის რეგისტრაცია უკვე განხორციელდა.

მუხლი 30. მამობის დადგენის რეგისტრაცია სრულწლოვანი პირის მიმართ

1. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაციისათვის სხვა საბუთებთან ერთად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წარედგინება ამ პირის წერილობითი თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. თუ სრულწლოვანი პირი, რომლის მიმართ ხორციელდება მამობის დადგენის რეგისტრაცია თანხმობის გამოსახატავად პირადად ვერ ცხადდება, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს თანხმობა წარედგინება ამ წესის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით ან ნოტარიულად დამოწმებული სახით.

მუხლი 31. დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანა

მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შესაბამისი ცვლილებები შეაქვს ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში.

 თავი IV

შვილად აყვანის რეგისტრაცია

მუხლი 32. შვილად აყვანის რეგისტრაციის საფუძველი

1. შვილად აყვანის რეგისტრაციის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვის შვილად აყვანის შესახებ.

2. შვილად აყვანის რეგისტრაცია აგრეთვე შეიძლება განხორციელდეს სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე.

მუხლი 33. შვილად აყვანის რეგისტრაცია უფლებამოსილი პირის მოთხოვნით

1. შვილად აყვანის რეგისტრაციისათვის უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს. განცხადების ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. განცხადებას შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ უნდა დაერთოს:

ა) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება შვილად აყვანის შესახებ;

ბ) ნაშვილების დაბადების მოწმობა;

გ) მშვილებლის (განმცხადებლის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) 10 წლის ასაკს მიღწეული ნაშვილების თანხმობა, თუ მშვილებელი ითხოვს ბავშვის სახელის, გვარის, დაბადების ადგილის ან დაბადების თარიღის, ასევე დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლების მონაცემების შეცვლას, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას აღნიშნული მონაცემების შეცვლის შესახებ.

3. უფლებამოსილი პირის მოთხოვნით შვილად აყვანის რეგისტრაცია ხორციელდება განცხადებისა და თანდართული საბუთების სრულყოფილად წარდგენიდან არა უგვინეს მომდევნო სამუშაო დღისა.

მუხლი 34. შვილად აყვანის რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე

1. სასამართლოს მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახდენს შვილად აყვანის რეგისტრაციას გადაწყვეტილებაში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

2. უფლებამოსილი პირის მიერ შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში, შვილად აყვანის რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ამ წესის 3 3 -ე მუხლის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით შვილად აყვანის რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი პირის მოთხოვნით უკვე განხორციელდა შვილად აყვანის რეგისტრაცია.

მუხლი 35. ნაშვილების მონაცემების შეცვლა

შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის მიზნით ნაშვილების დაბადების აქტის ჩანაწერში ცვლილებების შეტანა ან შეცვლილი მონაცემებით დაბადების ახალი რეგისტრაცია დასაშვებია, თუ აღნიშნულის შესახებ პირდაპირ მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან უფლებამოსილი პირის განცხადებაში შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ.

მუხლი 36. შვილად აყვანის ბათილად ცნობა

 1. შვილად აყვანის ბათილად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის და დაბადების აქტის ჩანაწერებში შეაქვს აღნიშვნები შვილად აყვანის, აგრეთვე დაბადების რეგისტრაციის შეცვლილი მონაცემების ბათილად ცნობის შესახებ.

 2. შვილად აყვანასთან დაკავშირებით შეცვლილი მონაცემების ბათილად ცნობის შედეგად დაბადების აქტის ჩანაწერში აღდგენილი უნდა იქნეს შვილად აყვანამდე არსებული მონაცემები, თუ კანონით ან ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 3. შვილად აყვანის ბათილად ცნობის შემთხვევაში ნაშვილების პერსონალური მონაცემები უცვლელი დარჩება, თუ ამის თაობაზე პირდაპირ მითითებულია სასამართლო გადაწყვეტილებაში ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 30-ე კალენდარული დღისა ნაშვილები ან მისი კანონიერი წარმომადგენელი აღნიშნული მოთხოვნით მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს.

 4. თუ შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის მიზნით ნაშვილების მიმართ შედგენილი იყო დაბადების აქტის ახალი ჩანაწერი შეცვლილი მონაცემებით, შვილად აყვანის ბათილად ცნობის შემთხვევაში ბათილად ჩაითვლება აღნიშნული ჩანაწერიც, ხოლო ნაშვილების პერსონალური მონაცემების (პირადი ნომერი, სახელი, გვარი დაბადების თარიღი ან ადგილი) შენარჩუნების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა ხორციელდება ნაშვილების დაბადების აქტის თავდაპირველ ჩანაწერში.

 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს შვილად აყვანის ბათილად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30-ე კალენდარული დღისა. ნაშვილების ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნით ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებები შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული ვადის ამოწურვამდე.

 თავი V

 ქორწინების რეგისტრაცია

მუხლი 37. ქორწინების რეგისტრაციის საფუძველი

1. ქორწინების რეგისტრაციის საფუძველია დაქორწინების მსურველ პირთა განცხადება.

2. დაქორწინების მსურველ პირთა განცხადების ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

მუხლი 38. მოთხოვნის წარდგენაზე უფლებამოსილი პირები

ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს დაქორწინების მსურველი პირები მიმართავენ ერთობლივად. დაქორწინების მსურველი ერთ-ერთი ან ორივე პირის ნაცვლად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით შეიძლება მიმართოს დაქორწინების მსურველი ერთ-ერთი ან ორივე პირის წარმომადგენელმა.

მუხლი 39. ქორწინების რეგისტრაციისთვის წარსადგენი საბუთები და მათი წარდგენის წესი

1. დაქორწინების მსურველ პირთა განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) დაქორწინების მსურველ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი (თუ დაქორწინების მსურველი პირი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში);

გ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ განცხადებას წარადგენს დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი.

2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის ქორწინების რეგისტრაციის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთების გარდა განცხადებასათან ერთად უნდა წარედგინოს დაქორწინების მსურველი პირის დაბადების მოწმობა და მშობლების წერილობითი თანხმობა, მზრუნველის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი წერილობითი თანხმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება ქორწინებაზე თანხმობის შესახებ.

3. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინების რეგისტრაციის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთების გარდა განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინოს მზრუნველის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი წერილობითი თანხმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება ქორწინებაზე თანხმობის შესახებ.

4. ქორწინების რეგისტრაციის მიზნით წარსადგენ განცხადებაზე დაქორწინების მსურველი პირის/პირების ან მისი/მათი წარმომადგენელთა ხელმოწერა სრულდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

მუხლი 40. ქორწინების რეგისტრაცია

1. დაქორწინების მსურველ პირებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ქორწინების რეგისტრაციამდე განემარტებათ ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები და მათი უგულებელყოფის სამართლებრივი შედეგები.

2. ქორწინების აქტის ჩანაწერი წაკითხული და ხელმოწერილი უნდა იქნეს დაქორწინების მსურველი თითოეული პირის და მოწმეთა მიერ პირადად.

მუხლი 41. ქორწინების რეგისტრაციის ვადა

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ ქორწინების რეგისტრაცია, როგორც წესი, ხორციელდება განცხადებაში მითითებულ დროს.

2. ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების შეტანის დღეს ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმა შესაძლებელია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში წარდგენილ ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებათა სიმრავლის გამო.

3. დაქორწინების მსურველი პირების მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება, ერთ-ერთი მხარის სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე და სხვა მსგავსი გარემოებები, მოახდინოს ქორწინების რეგისტრაცია განცხადების შეტანის დღესვე.

4. ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებას ძალა აქვს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში მისი შეტანიდან 2 თვის განმავლობაში.

თავი VI

განქორწინების რეგისტრაცია

მუხლი 42. განქორწინების რეგისტრაციის საფუძველი

1. განქორწინების რეგისტრაციის საფუძველია უფლებამოსილ პირთა განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ.

2. განქორწინების შესახებ უფლებამოსილ პირთა განცხადების ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

მუხლი 43. განქორწინების რეგისტრაციის მიზნით წარსადგენი საბუთები და მათი წარდგენის წესი

1. განქორწინების რეგისტრაციისათვის უფლებამოსილი პირი (პირები) მიმართავს ტერიტორიულ სამსახურს განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) განქორწინების მსურველი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო მეუღლეთა ერთობლივი განცხადების შემთხვევაში – ორივე მეუღლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) წარმომადგენლის პირადობის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ განცხადებას წარადგენს განქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი;

გ) შესაწყვეტი ქორწინების მოწმობა.

2. თუ განქორწინების რეგისტრაციის მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას მიმართავს ერთ-ერთი მეუღლე, მან განცხადებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთების გარდა უნდა დაურთოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;

ბ) მეორე მეუღლის უგზო - უკვლოდ დაკარგულად ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;

გ) მეორე მეუღლის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;

დ) მეორე მეუღლისათვის არანაკლებ 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

3. განქორწინების რეგისტრაციისათვის წარსადგენ განცხადებაზე განქორწინების მსურველი პირის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერა სრულდება შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში.

4. თუ ერთ-ერთ ან ორივე მეუღლეს არ შეუძლია განქორწინების შესახებ განცხადებაზე ხელმოსაწერად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოში გამოცხადება, მისი/მათი ხელმოწერა განცხადებაზე დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

მუხლი 44. განქორწინების რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე

1. სასამართლოს მიერ განქორწინების შესახებ გადაყვეტილების წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს ტერიტორიული სამსახური ახდენს განქორწინების რეგისტრაციას გადაწყვეტილებაში მითითებული მონაცემების შესაბამისად.

2. უფლებამოსილი პირის მიერ განქორწინების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განქორწინების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, ამ წესის 43- ე მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენის დღეს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით განქორწინების რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი პირის მოთხოვნით განქორწინების რეგისტრაცია უკვე განხორციელდა.

მუხლი 45. განქორწინების რეგისტრაცია

1. განქორწინების აქტის ჩანაწერი წაკითხული და ხელმოწერილი უნდა იქნეს იმ მეუღლის (მეუღლეთა) მიერ, რომელიც ესწრება განქორწინების რეგისტრაციას.

2. თუ პირი ქორწინების შეწყვეტის გარეშე დაქორწინებული იყო ხელმეორედ, წინა ქორწინებაში მყოფი მეუღლეთა ერთობლივი მოთხოვნით მათი ქორწინება შეწყვეტილად ჩაითვლება მომდევნო ქორწინების რეგისტრაციის დღიდან, რის თაობაზე მიეთითება განქორწინების აქტის ჩანაწერში .

3. განქორწინების რეგისტრაციისთანავე ქორწინების აქტის ჩანაწერში მიეთითება ქორწინების შეწყვეტის შესახებ და ქორწინების შეწყვეტის თარიღი.

4. მსჯავრდებულ მეუღლეს ან ქმედუუნაროდ ცნობილი მეუღლის მეურვეს უნდა ეცნობოს განქორწინების რეგისტრაციის შესახებ, თუ განქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა მსჯავრდებული ან ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მიერ წერილობითი პასუხის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო.

თავი VII

სახელის და/ან გვარის შეცვლის რეგისტრაცია

მუხლი 46 . სახელის და/ან გვარის შეცვლის საფუძველი

1. სახელის და/ან გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, განცხადება. განცხადების ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე-67-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას.

მუხლი 47 . სახელის და/ან გვარის შეცვლისათვის წარსადგენი საბუთები

განცხადებას სახელის და/ან გვარის შეცვლის შესახებ უნდა ერთოდეს:

 ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) განმცხადებლის დაბადების მოწმობა (მოწმობის ასლი);

გ) განმცხადებლის ქორწინების მოწმობა (მოწმობის ასლი) – თუ განმცხადებელი დაქორწინებულია;

დ) განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (მოწმობების ასლები) – თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;

ე) მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის, და/ან გვარის შეცვლაზე – თუ განმცხადებელი თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანია;

ვ) 10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანის თანხმობა – თუ მშობელთან ერთად გვარს იცვლის მისი არასრულწლოვანი შვილი;

ზ) „სამოქალქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე-67-ე მუხლებით განსაზღვრული ერთ-ერთი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტები.

მუხლი 48 . ისტორიული გვარის აღდგენა

1. ისტორიული გვარის აღდგენისათვის პირი განცხადებით მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განცხადებას ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ იხილავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის და ამ წესის შესაბამისად.

3. განცხადების განხილვისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან , ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია.

4. ისტორიული გვარის აღდგენის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ.

5. ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი გამომტანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს გვარის შეცვლის სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას.

მუხლი 49 .სახელის და/ან გვარის შეცვლის რეგისტრაციის წესი

1. სახელის და/ან გვარის შეცვლის (მათ შორის, გვარის ნამდვილად ცნობის ან გვარის დადგენის) საფუძვლის არსებობისას ტერიტორიულ სამსახურს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სახელის და/ან გვარის შეცვლის (გვარის ნამდვილად ცნობის ან გვარის დადგენის) შესახებ.

2. სახელის და/ან გვარის შეცვლის (მათ შორის, გვარის ნამდვილად ცნობის ან გვარის დადგენის) შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი გამომტანი ტერიტორიული სამსახური ახორციელებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას.

3. პირის მიერ სახელის და/ან გვარის შეცვლის (მათ შორის, გვარის ნამდვილად ცნობის ან გვარის დადგენის) შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა ხორციელდება ამ პირის მიმართ რეგისტრირებულ სხვა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში.

მუხლი 50. შვილის დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლის მონაცემების შეცვლა

1. მშობლის სახელის, და/ან გვარის შეცვლა იწვევს მისი არასრულწლოვანი შვილის დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლის მონაცემების შეცვლას.

2. ქორწინებაში არმყოფი დედის მიერ ამ თავით დადგენილი წესით გვარის შეცვლ , აგრეთვე იმ მშობლის მიერ გვარის შეცვლ , რომლის გვარსაც ატარებს მისი არასრულწლოვანი შვილი და მშობლებს სხვადასხვა გვარი აქვთ, იწვევს მისი 10 წლამდე არასრულწლოვანი შვილის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის გვარის შეცვლას.

3. სრულწლოვანი შვილის დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლის მონაცემები შეიცვლება მშობლის ან მისი სრულწლოვანი შვილის მოთხოვნით, სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორებისა და შეცვლისათვის დადგენილი წესით.

თავი VIII

გარდაცვალების რეგისტრაცია

მუხლი 51 . გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველი

გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველია პირის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნდა დაერთოს შესაბამისი საბუთები.

მუხლი 52. გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ მიმართვა

1. გარდაცვალების რეგისტრაციისათვის ფიზიკური პირი (მათ შორის, გარდაცვლილის მშობელი (მშვილებელი), მეუღლე და შვილი (ნაშვილები), მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წერილობითი განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) განმცხადებლის პირადობის დამდასტურებელ დოკუმენტი;

ბ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ადმინისტრაციული ორგანოს განცხადებას პირის გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ უნდა დაერთოს გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები გარდაცვალების რეგისტრაციისათვის წარადგენენ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობას.

4. გამგეობის (მერიის) რწმუნებული პირის გარდაცვალების რეგისტრაციისათვის წარადგენს ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად შედგენილ ოქმს, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ოქმის შედგენის თარიღს;

ბ) ოქმის შედგენის ადგილს;

გ) გარდაცვლილი პირის სახელს, გვარს, სქეს , დაბადების თარიღს და ადგილს, მოქალაქეობას და პირად ნომერს;

დ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას და ნომერს;

ე) გარდაცვლილის უკანასკნელი რეგისტრაციის ადგილს;

ვ) მოწმეების ჩვენების/ახსნა-განმარტების შინაარს:

ვ. ა) გარდაცვლილის გარდაცვალების ადგილს;

ვ. ბ) გარდაცვალების თარიღს;

ვ. გ) გარდაცვალების მიზეზს;

ვ. დ) სხვა ინფორმაციას გარდაცვლილი პირის შესახებ ;

ზ) მოწმეების სახელს და გვარს;

თ) მოწმეების პირად ნომერს;

ი) მოწმეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას და ნომერს;

კ) მოწმეების კავშირს გარდაცვლილთან;

ლ) მოწმეების ხელმოწერას;

მ) ოქმის შემდგენი პირის მონაცემებს:

მ. ა) სახელს და გვარს;

მ. ბ) პირად ნომერს;

მ. გ) თანამდებობას ;

ნ) შენიშვნის გრაფას;

ო) ოქმის შემდგენის ხელმოწერას.

5. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის ”დ” და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ორგანოები გარდაცვალების რეგისტრაციისათვის წარადგენენ შეტყობინებას სამშვიდობო ოპერაციებში, საომარ ან საბრძოლო მოქმედებებში, აგრეთვე სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ.

მუხლი 53. გარდაცვალების რეგისტრაციის წესი

1. გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ტერიტორიული სამსახური ადგენს გარდაცვალების აქტის ჩანაწერს.

2. თუ გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეიცავს პირის იდენტიფიცირებისთვის საკმარის ინფორმაციას, ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა.

3. გარდაცვლილი პირის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში, ტერიტორიული სამსახური გარდაცვალების რეგისტრაციას განახორციელებს საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითების გარეშე (უცნობი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია).

4. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული გარდაცვლილის დაბადების აქტის ჩანაწერში კეთდება აღნიშვნა პირის გარდაცვალების შესახებ.

5. ქორწინებაში მყოფი პირის გარდაცვალების რეგისტრაციის შემთხვევაში, ელექტრონულ ბაზაში დაცული ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში აღინიშნება მეუღლის გარდაცვალების გამო ქორწინების შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 54. გარდაცვალების რეგისტრაციის ვადა

გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

მუხლი 55. გარდაცვალების მოწმობის გაცემის წესი

 გარდაცვალების მოწმობა გაიცემა გარდაცვალების რეგისტრაციისთანავე, ხოლო თუ გარდაცვალების რეგისტრაცია განხორციელდა გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მომართვის საფუძველზე, გარდაცვალების მოწმობა გაიცემა მისი მოთხოვნის დღესვე.

თავი IX

სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანა

მუხლი 56. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე.

2. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის წინაპირობის აღმოჩენის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო თავისი ინიციატივით იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

მუხლი 57. დაინტერესებული პირის ჩართვა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია აცნობოს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ პირს(პირებს), რომლის მიმართ რეგისტირირებულია შესაბამისი სამოქალაქო აქტი.

2. დაინტერესებული მხარის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

მუხლი 58. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანა

1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტების ასლებს.

2. მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის ან შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

 3. გადაწყვეტილებას ხელს აწერს და ბეჭდით ადასტურებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილი პირი. გადაწყვეტილების ასლი გადაეცემა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეებს.

მუხლი 59. ცვლილების, შესწორების და ან დამატების შეტანა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში

1. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერში შესწორების, ცვლილების და/ან დამატების შეტანას ახორციელებს გადაწყვეტილების მიმღები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, ხოლო მატერიალური ფორმით დაცულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ტერიტორიული სამსახური, შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვის ადგილის მიხედვით.

2. მატერიალური ფორმით დაცულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანა ხორციელდება გადაწყვეტილების გამომტანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეტყობინების საფუძველზე.

3. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანისთანავე განმცხადებლის მოთხოვნით გაიცემა შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ახალი მოწმობა.

თავი X

სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია

მუხლი 60 . სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის საფუძველი

სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის საფუძველია:

ა) სასამართლოს ან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შესაბამისი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება;

ბ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის განცხადება, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საქართველოში რეგისტრაციის შესახებ.

მუხლი 61 . სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია სასამართლოს ან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე

1. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას.

2. თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიცავს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის აუცილებელ მონაცემებს, რაც შეუძლებელს ხდის პირის, რომლის მიმართ ხორციელდება სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია, იდენტიფიცირებას ან იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის ზუსტი დროის დადგენას, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

3. დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესის 74-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 62. სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე

1. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საქართველოში ხელახალი რეგისტრაციისათვის უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს.

2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საქართველოში ხელახალი რეგისტრაციის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დამოწმებული ასლი, აღნიშნული ჩანაწერიდან ამონაწერი ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა);

ბ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული, ქართულენოვანი თარგმანი;

გ) განმცხადებლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წარედგინება აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული სახით.

მუხლი 63. სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის ვადა

სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების ან უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 64 . სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანა

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, რომელმაც განახორციელა სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანას სხვა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში.

2. ამ თავით დადგენილი წესით რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანა, აგრეთვე სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა ხორციელდება ზოგადი წესით.

თავი XI

 სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა

მუხლი 65. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით იწყებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის წინაპირობის აღმოჩენის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს საკუთარი ინიციატივით გამოაქვს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობება პირებს, რომელთა მიმართ შედგენილია სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.

მუხლი 66. ზეპირი მოსმენის დანიშვნა

თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად აუცილებელია მხარეთა ახსნა-განმარტების მიღება, მოწმის ან ექსპერტის დაკითხვა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილი პირი წერილობითი გადაწყვეტილებით ნიშნავს ზეპირ მოსმენას.

მუხლი 67. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის განსაკუთრებული პირობები

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია იმ პირის წერილობითი თანხმობა, რომლის მიმართაც შედგენილია სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.

2. თუ პირი, რომლის მიმართ შედგენილია სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არასრულწლოვანია ან ცნობილია ქმედუუნაროდ, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობაზე თანხმობას გამოხატავს მისი ორივე მშობელი, მეურვე ან მზრუნველი.

3. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას (არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა) ჩანაწერის ბათილად ცნობაზე თანხმობის გამოსახატავად.

4. ამ მუხლის მესამე პუნქტში განსაზღვრულ ვადაში თანხმობის წარუდგენლობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილების და სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს.

5. სასამართლოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებისთანავე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეაქვს შესაბამისი აღნიშვნა სამოქალაქო აქტის ბათილად ცნობილ ჩანაწერში.

თავი XII

იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

მუხლი 68. განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ

1. პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების, გარდაცვალების, აგრეთვე დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის დაინტერესებული პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს.

2. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, ასევე უნდა შეიცავდეს:

ა) ინფორმაციას იმ გარემოებების შესახებ, რომელთა გამოც შეუძლებელია განმცხადებლის მიერ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა ან ინფორმაციას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების არათანაზომიერი ხარჯების და ძალისხმევის გამომწვევი გარემოებების შესახებ;

ბ) დეტალურ ინფორმაციას იმ მტკიცებულებების შესახებ, რომლებითაც განმცხადებელი ასაბუთებს დასადგენ ფაქტს;

გ) მოწმეთა სახელს, გვარსა და მისამართს, თუ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები დადგენილი უნდა იქნეს მოწმეთა ჩვენებებით.

3. პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების და დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადებებს უნდა დაერთოს იმ პირთა ფოტოსურათები, რომელთა მიმართაც უნდა დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირები გარდაცვლილები არიან.

მუხლი 69. განცხადების დასაშვებობის შემოწმება

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების ამ წესის 68-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ წესის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს ან განცხადებას არ ერთვის ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფოტოსურათი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს კანონით დადგენილი წესით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

3. ხარვეზის აღმოფხვრამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

4. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

მუხლი 70. განცხადების განხილვის ვადის გაგრძელება

თუ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია კანონით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

მუხლი 71 . გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ

1. გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ უნდა შეიცავდეს პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილსა და მშობლების მონაცემებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. გადაწყვეტილება გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ უნდა შეიცავდეს პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილს, გარდაცვალების თარიღსა და ადგილს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. გადაწყვეტილებები დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა ასევე უნდა შეიცავდეს რეგისტრაციის თარიღს და რეგისტრაციის ორგანოს დასახელებას.

მუხლი 72 . პირის დაბადების თვისა და რიცხვის დადგენის წესი

პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ წარმოებაში საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო დაბადების თვისა და რიცხვის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაბადების თარიღად ჩაითვლება შესაბამისი წლის 30 ივნისი.

მუხლი 73. გადაწყვეტილების განმცხადებლისთვის გადაცემა

თუ განმცხადებელი გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 კალენდარული დღის ვადაში არ მიმართვს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს იურიდიული მიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, აღნიშნული გადაწყვეტილება გაეგზავნება მას ფოსტით.

მუხლი 74. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის წესი

1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას ახორციელებს გადაწყვეტილების მიღებიდან 30-ე კალენდარულ დღეს, თუ განმცხადებელმა არ მოითხოვა მისი რეგისტრაცია ამ ვადის ამოწურვამდე.

2. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში გასაჩივრების შემთხვევაში, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე არ ხორციელდება.

თავი XIII

გარდამავალი დებულებანი

მუხლი 75. გარდაცვალების რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე

2015 წლის 3 0 დეკემბრამდე იმ პირთა გარდაცვალების რეგისტრაცია, რომელთაც მიღებული აქვთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და რეგისტრირებული არიან სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ამ წესის VIII თავით დადგენილი ზოგადი წესის გარდა, აგრეთვე შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად შედგენილი ოქმის საფუძველზე.

 

დანართი №1

  ო ქ მ ი

პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ

 

1. ოქმის შედგენის თარიღი –––                    –––               –––––

                                                რიცხვი     თვე              წელი

2. ოქმის შედგენის ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ქალაქი/რაიონი,

მუნიციპალიტეტი, სოფელი, მისამართი

 

ინფორმაცია გარდაცვლილი პირის შესახებ

 

3. სახელი ––––––––––––––– 4. გვარი ––––––––––––– 5. სქესი –––––– –––––

                                                                                                         მმ     მდ

6. დაბადების თარიღი –– –– ––– 7. დაბადების ადგილი –––––––––––––––

 რიცხვი თვე წელი

8. მოქალაქეობა––––––––––––– 9. პირადი ნომერი – – – – – – – – – – – –

 

10. პირადობის მოწმობის, პასპორტის ან სხვა დოკ მენტის სერია და

ნომერი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

11. უკანასკნელი რეგისტრაციის ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––

მოწმის/მოწმეთა ჩვენების/ახსნა - განმარტების შინაარსი

გარდაცვლილი პირის:

12. გარდაცვალების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

13. გარდაცვალების თარიღი –– –– ––– 14. გარდაცვალების მიზეზი––––––––

                                           რიცხვი თვე წელი

 

15. სხვა ინფორმაცია გარდაცვლილი პირის შესახებ––––––––––––––––––––––

 

მოწმის (გარ და ცვალების ფაქტის დამადასტურებელი პირის) ვინაობა

 

I.

16. სახელი ––––––––– 17. გვარი –––––––18. პირადი ნომერი – – – – – – – – – – – –

 

19. პირადობის მოწმობის სერია და ნომერი–––––––––– 20. კავშირი გარდაცვლილთან:–––––––

 

II.

21. სახელი –––––––––––– 22. გვარი –––––––––––––––23. პირადი ნომერი – – – – – – – – – – – –

 

24. პირადობის მოწმობის სერია და ნომერი––––– 25. კავშირი გარდაცვლილთან:–––––––––––––

26. მოწმეების (გარ აცვალების ფაქტის დამადასტურებელ პირთა) ხელმოწერა:

გარდაცვალების ფაქტთან და გარემოებებთან დაკავშირებით ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს. მე გაფრთხილებული ვარ ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.

 

I. ––––––––––––––––––––––––––––– II.––––––––––––––––––––––––––––

ოქმის შემდგენი პირის მონაცემები

 

27. სახელი –––––––– 28. გვარი –––– 29. პირადი ნომერი – – – – – – – – – – – –

30. თანამდებობა ––––––––––––––––––––-–––––––––––––––––––––––––––––––

31. შენიშვნები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(შენიშვნის გრაფაში სხვა მონაცემებთან ერთად შეიძლება მიეთითოს ოქმის

რომელიმე გრაფის შეუვსებლობის მიზეზის შესახებ)

 

32. ოქმის შემდგენის ხელმოწერა ––––––––––––––––

20. 31/08/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 924 - ვებგვერდი, 31/08/2023 19. 05/06/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 913 - ვებგვერდი, 12/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 28/10/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 868 - ვებგვერდი, 31/10/2022 17. 24/06/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 837 - ვებგვერდი, 27/06/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 03/05/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 825 - ვებგვერდი, 03/05/2022 15. 01/06/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 717 - ვებგვერდი, 01/06/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 25/08/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 598 - ვებგვერდი, 25/08/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 18/05/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 541 - ვებგვერდი, 18/05/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 05/05/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 529 - ვებგვერდი, 05/05/2020 11. 21/10/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 448 - ვებგვერდი, 21/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 08/09/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 442 - ვებგვერდი, 08/09/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 15/02/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 384 - ვებგვერდი, 18/02/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 28/06/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 314 - ვებგვერდი, 28/06/2018 7. 18/04/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 297 - ვებგვერდი, 18/04/2018 6. 10/08/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 163 - ვებგვერდი, 10/08/2016 5. 01/08/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 152 - ვებგვერდი, 01/08/2016 4. 01/07/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 141 - ვებგვერდი, 01/07/2016 3. 25/12/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 113 - ვებგვერდი, 25/12/2015 2. 11/09/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 159 - ვებგვერდი, 11/09/2012 1. 23/08/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 151 - ვებგვერდი, 24/08/2012