საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ

  • Word
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 01/11/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.110.010.05.001.000.989
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1103
12/10/2001
სსმ, 31, 01/11/2001
010.110.010.05.001.000.989
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის (შემდეგში – აღწერის) მომზადების, ჩატარების, მოპოვებული მასალების დამუშავების, შედეგების გამოქვეყნებისა და გავრცელების სამართლებრივ საფუძველს. იგი აწესრიგებს აღწერის პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შორის ურთიერთობებს, განსაზღვრავს აღწერის ჩატარების ძირითად საპროგრამო დებულებებსა და მეთოდებს, აღწერაში მოქალაქეთა მონაწილეობასა და აღმწერი პერსონალის უფლება-მოვალეობებს, აღწერის შედეგად მიღებული პერსონალური მონაცემების საიდუმლოობის სახელმწიფო გარანტიებს.

    მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მოსახლეობის აღწერა – განსაზღვრულ დროში ქვეყნის მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარების მახასიათებელი მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შეფასების, ანალიზის, განზოგადებისა და გამოქვეყნების საერთო პროცესი;

ბ) მოსახლეობის აღწერის მასალების დამუშავების პროგრამა – სისტემა, რომელიც იძლევა მოსახლეობის აღწერის დროს მოპოვებული ინდივიდუალური მონაცემების საფუძველზე მიღებული შედეგების ნაერთ, განზოგადებულ სიდიდეთა ერთობლიობად გარდაქმნის შესაძლებლობას;

გ) აღწერის მეთოდი – მოსახლეობის შესახებ მონაცემთა მოპოვების წესი;

დ) კრიტიკული მომენტი – დროის განსაზღვრული მომენტი, რომლის შესაბამისად წარმოებს მოსახლეობის აღწერა;

ე) შინამეურნეობა – საზოგადოების ძირითადი მეურნეობრივი საყოფაცხოვრებო უჯრედი – ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც ექვემდებარება ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ერთობლივი ცხოვრების საერთო წესებს და ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო ბიუჯეტით (მისი ნაწილით), ნათესაური ან/და არანათესაური ურთიერთობებით. (შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი პირისაგანაც);

ვ) აღმწერი პერსონალი – სპეციალურად მომზადებული მუშაკები, რომლებიც თითოეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ორგანიზებას უწევენ და ატარებენ მოსახლეობის აღწერას;

ზ) საცხოვრისი – მუდმივად ან დროებით საცხოვრებლად მოწყობილი და გამოყენებული, ერთი ან მეტი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი ბინა;

თ) მუდმივი მოსახლეობა – ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც მუდმივად ცხოვრობს მოცემულ ადგილზე, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებოდა იგი აღწერის ჩატარების მომენტში;

ი) ფაქტობრივი მოსახლეობა – ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც აღწერის თარიღისათვის იმყოფებოდა მოცემულ ადგილზე, მიუხედავად იმისა, იქ მუდმივად ცხოვრობდა თუ დროებით;

კ) მიკროაღწერა – მოსახლეობის შერჩევითი (10%-მდე) აღწერა.

    მუხლი 2. აღწერის ძირითადი პრინციპები

აღწერის ძირითადი პრინციპებია:

ა) საყოველთაო ხასიათი;

ბ) ათწლიანი ციკლით ჩატარება;

გ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი პროგრამითა და წესით ჩატარება;

დ) მონაცემების მოპოვება თითოეული შინამეურნეობისა და მასში მცხოვრებთა ინდივიდუალური რეგისტრაციით, მოპოვებული მონაცემების გამოყენება მხოლოდ ნაერთი, განზოგადებული სახით;

ე) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აღწერის ჩატარება ერთსა და იმავე დროს, ერთ პერიოდში, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

    მუხლი 3. აღწერის ჩატარების მიზანი და აღწერის თარიღი

1. აღწერა ტარდება საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობის შესახებ ზუსტი მონაცემების მიღების მიზნით, რაც აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დასადგენად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად, აგრეთვე საზოგადოების ინფორმირებისათვის.

2. აღწერის თარიღი და კრიტიკული მომენტი თითოეული აღწერისათვის (მიკროაღწერების ჩათვლით) დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, აღწერის სავარაუდო თარიღამდე არა უგვიანეს 4 წლისა.

3. აღწერის თარიღის დადგენისას მხედველობაში მიიღება კალენდარული წლის დასაწყისთან მიახლოებული, მოსახლეობის ნაკლები მოძრაობით გამორჩეული პერიოდი.

4. საქართველოს ზოგიერთ მთიან, ძნელად მისადგომ რაიონში (დასახლებულ პუნქტში), რომელთანაც აღწერის პერიოდში კავშირი გართულებულია, აღწერა ტარდება საყოველთაო აღწერის დაწყებამდე. აღწერის ხანგრძლივობა და წესი თითოეული ასეთი რაიონისათვის (დასახლებული პუნქტისათვის) დგინდება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.

    მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებზე, აღწერის თარიღისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა პირზე (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების ჩათვლით), აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ, მაგრამ ამ თარიღისათვის ქვეყანაში დროებით არმყოფ პირებზე.

    მუხლი 5. მოქალაქეთა ვალდებულება

1. საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია გაიაროს აღწერა. აღწერა სავალდებულოა და აღსაწერმა პირმა არ შეიძლება უარი თქვას აღწერის პროგრამით გათვალისწინებული კითხვების მიხედვით მონაცემთა მიწოდებაზე.

2. გამოკითხვის პროცესში აკრძალულია მოსახლეობისათვის რაიმე საბუთის მოთხოვნა.

    მუხლი 6. აღწერის პროგრამა და მეთოდი

1. აღწერა ტარდება სპეციალური პროგრამით, რომელსაც სამთავრობო დაწესებულებების, სამეცნიერო და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობით ადგენს და ამტკიცებს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.

2. აღწერის პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს: ტერიტორიულ (საცხოვრებელი ადგილის მისამართი), დემოგრაფიულ (სქესი, ასაკი, ქორწინება, დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, ეროვნული კუთვნილება, ენა, განათლება, სარწმუნოება, შვილიანობა), ეკონომიკურ (არსებობის საშუალებათა წყაროები, ძირითადი საქმიანობა), აგრეთვე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის შესწავლისათვის საჭირო სხვა საკითხებს.

3. აღწერას ატარებს სპეციალურად მომზადებული აღმწერი პერსონალი ყველა იმ საცხოვრისის შემოვლით‚ რომელშიც ცხოვრობს ან შეიძლება ცხოვრობდეს მუდმივი ან ფაქტობრივი მოსახლეობა (მოსახლეობის მიერ საცხოვრებლად დაკავებული საწარმოებისა და ორგანიზაციების კუთვნილი ნაგებობების ჩათვლით). აღმწერი პერსონალი ახორციელებს აღსაწერ პირთა გამოკითხვას და მის საფუძველზე ავსებს აღწერის დოკუმენტაციას.

    მუხლი 7. აღწერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები

1. აღწერის მომზადებაზე, ჩატარებაზე, მოპოვებული მასალების დამუშავებაზე, შედეგების გამოქვეყნებასა და გავრცელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და მის ტერიტორიულ ორგანოებს.

2. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამუშავებს აღწერის პროგრამას, განიხილავს აღწერის ჩატარების მეთოდურ და ორგანიზაციულ საკითხებს, განსაზღვრავს ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე საჭირო სამუშაოთა ჩამონათვალს და მათი შესრულების ვადებსა და შემსრულებლებს.

3. აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შეთანხმებული მოქმედების უზრუნველსაყოფად და მათი კოორდინაციის განსახორციელებლად, აღწერის თარიღის დადგენიდან არა უგვიანეს 3 თვისა, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე, იქმნება მოსახლეობის აღწერის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისია. კომისიის თავმჯდომარეა სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

4. მოსახლეობის აღწერის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. მოსახლეობის აღწერის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის სხდომები ტარდება 3 თვეში ერთხელ მაინც კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადებით.

6. მოსახლეობის აღწერის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისია თავის საქმიანობას აგრძელებს აღწერის ჩატარებიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

7. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ანალოგიური კომისიები იქმნება აგრეთვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მართვის ყველა დონეზე. კომისიების თავმჯდომარეები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ აღწერისათვის მზადებას, მის ჩატარებასა და გრაფიკის შესაბამისად დადგენილ ვადაში მოპოვებული მასალის საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში წარდგენას (ჩაბარებას).

8. საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები, სხვა სამინისტროები და უწყებები უზრუნველყოფენ მათ სისტემაში მყოფი მოსახლეობის (სამხედრო მოსამსახურეთა, მოსახლეობის სხვა სპეცკონტინგენტების, დახურულ ტერიტორიაზე და სოციალური და სამედიცინო დანიშნულების დაწესებულებებში მცხოვრებთა) ამ კანონით დადგენილი წესით აღწერის დროულობასა და ხარისხს.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი № 3168, სსმI, №19, 01.06.2006 წ., მუხ. 157

    მუხლი 8. აღმწერი პერსონალი და მისი შრომის ანაზღაურება

1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები აღწერის მომზადებისა და ჩატარებისათვის, ხოლო საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აღწერის შედეგად მიღებული მონაცემების დასამუშავებლად იყენებენ როგორც საკუთარ, ისე მოწვეულ სპეციალისტებს, მათ შორის‚ დასაქმების სამსახურებში რეგისტრირებულ უმუშევრებს, რომლებსაც აქვთ სათანადო კვალიფიკაცია.

2. ძირითად აღმწერ პერსონალად დროებით დაქირავებული მუშაკები აღწერის სამუშაოებით დაკავებულნი არიან: აღმწერი – 20 დღით, ინსტრუქტორ-კონტროლიორი – 30 დღით, სააღწერო სექტორის გამგე – 60 დღით, სტატისტიკის რაიონული (საქალაქო) განყოფილების რწმუნებული მოსახლეობის აღწერის საკითხებში – 4,5 თვით.

3. აღწერის სამუშაოების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ამ მიზნით შესაძლებელია აგრეთვე სხვადასხვა სახის გრანტის გამოყენება.

4. აღწერის ჩატარების წინა წელს ქვეყნის ტერიტორიულ ბიუჯეტებში გაითვალისწინება ხარჯები შესაბამის ტერიტორიებზე სამისამართო მეურნეობის მოწესრიგებისა და კარტოგრაფიული მიზნებისათვის.

5. აღწერის მომზადებისა და ჩატარების სამუშაოებისათვის აღმწერი პერსონალის ერთჯერადი დამატებითი ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 9. პერსონალურ მონაცემთა დაცვა

1. აღწერის პერსონალური მონაცემები საიდუმლოა და აღწერილი პირის თანხმობის გარეშე არ ექვემდებარება გაცემა-გასხვისებას. აღწერილი პირის შესახებ მონაცემები ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღმწერ პერსონალს ეკრძალება აცნობოს ვინმეს პირის შესახებ შევსებული აღწერის დოკუმენტის შინაარსი. პერსონალური მონაცემების გამოყენების წესის დარღვევისათვის აღმწერ პერსონალს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. აღწერის პირველადი მასალები არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოში მტკიცებულებათა სახით გამოსაყენებლად ან შესასწავლად.

3. აღწერის მონაცემები „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვრცელდება მხოლოდ ნაერთი, განზოგადებული სახით.

    მუხლი 10. აღწერის შედეგების გამოქვეყნება

აღწერის შედეგებზე ნაერთი, განზოგადებული სახით ინფორმაციის გამოქვეყნებას და თემატური კრებულების გამოცემას უზრუნველყოფენ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი ტერიტორიული ორგანოები. აღწერის წინასწარი შედეგები ქვეყნდება აღწერის ჩატარებიდან 6 თვის, ხოლო საბოლოო შედეგები – არა უგვიანეს 18 თვის ვადაში.

    მუხლი 11. საცდელი აღწერა

1. აღწერის ორგანიზებისა და მეთოდური დებულებების პროექტების, მისი მასალების დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების შემოწმებასა და აღწერის მომზადება–ჩატარებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტების სწავლების მიზნით ძირითად აღწერას 2–2,5 წლით უსწრებს საცდელი აღწერა, რომლის მიზანია განისაზღვროს, თუ რამდენად მისაღებია აღწერის პროგრამა, აღწერის დოკუმენტაციის ფორმა და შინაარსი, განმარტებითი მუშაობის ეფექტიანობა, კითხვების შესაბამისი კოდირების სისტემა, აღწერის მასალების ავტომატიზებული დამუშავების ტექნოლოგიური პროცესი და სხვა.

2. საცდელი აღწერის ჩატარებიდან არა უგვიანეს 9 თვისა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამტკიცებს აღწერის კითხვარის საბოლოო ვარიანტს და აღწერის შესაბამის დოკუმენტაციას.

    მუხლი 12. აღწერის მონაცემთა შენახვა

აღწერის ფურცლებზე დაფიქსირებული მონაცემები ინახება აღწერის შედეგების სრულად გამოქვეყნებამდე, ხოლო ელექტრონულ მატარებლებზე არსებული ინფორმაცია – 25 წელი.

    მუხლი 13. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა

ქვეყნის განვითარებისა და ცხოვრების დონის გათვალისწინებით აღწერის მეთოდების დამუშავებისას, აღწერის შედეგების სხვა ქვეყნების მონაცემებთან შედარების მიზნით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გაეროს დემოგრაფიის დეპარტამენტის, ხალხთმოსახლეობის განვითარების ფონდის, სხვა საერთაშორისო დემოგრაფიული და სტატისტიკური ორგანიზაციების რეკომენდაციები, მოსახლეობის წინა და სხვა ქვეყნების ანალოგიური აღწერების გამოცდილებანი.

    მუხლი 14. გარდამავალი დებულება

2002 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდეს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 31 დეკემბრის №549 ბრძანებულების შესაბამისად.

    მუხლი 15. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 12 ოქტომბერი.

№1103-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი № 3168, სსმI, №19, 01.06.2006 წ., მუხ. 157

2. ძალადაკარგულია - საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონი №2291-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.320