დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 507 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 170050000.10.003.016667 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (30/12/2011 - 30/04/2012)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №507
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ სანო ტა რო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნო ტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობები, მათი გა დახდევინების წესი და მომსახურების ვადები“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური
სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობები, მათი გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. მოქმედების სფერო
სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობები, მათი გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები (შემდგომში – წესი) ადგენს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობას, მომსახურების ვადებს და საზღაურის გადახდევინების წესს, აგრეთვე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის განკუთვნილი საფასურის ოდენობას, მომსახურების ვადებს და საფასურის გადახდევინების წესს.
მუხლი 2. სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის ცნება
სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაური (შემდგომში – საზღაური) არის სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის, აგრეთვე სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის გადახდილი ანაზღაურება, რომელშიც არ შედის დამატებული ღირებულების გადასახადი.
მუხლი 3. საზღაურის ოდენობა
1. იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის ნამდვილობისთვის კანონით სავალდებულოა სანოტარო ფორმის დაცვა, საზღაური შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ამ წესით.
2. იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის ნამდვილობისთვის კანონით სავალდებულო არ არის სანოტარო ფორმის დაცვა, აგრეთვე ნოტარიუსის სხვა მომსახურებისათვის საზღაურის ოდენობა შეიძლება დაწესდეს ამ წესით ან განისაზღვროს ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.
3. საზღაურის ოდენობა დგინდება გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების საფუძველზე ან გარიგების ღირებულებისგან დამოუკიდებლად განსაზღვრული განაკვეთებით.
4. საზღაურის ოდენობის დადგენისას, კერძოდ, მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების დაწესებისას, მხედველობაში მიიღება სანოტარო მოქმედების სირთულე, გაწეული სამართლებრივი კონსულტაცია, შესრულებული ტექნიკური სამუშაო და დახარჯული დრო.
5. იმ სანოტარო მოქმედებისათვის, რომლის შესრულებისთვისაც ამ წესით დადგენილია საზღაური, ნოტარიუსი ვალდებულია გადაახდევინოს საზღაური მხოლოდ ამ წესით დაწესებული ოდენობით. ნოტარიუსს უფლება აქვს დაინტერესებულ პირს შეუთანხმდეს საზღაურის ოდენობაზე იმ მომსახურებისათვის, რომლისთვისაც ამ წესით არ არის დადგენილი საზღაური.
მუხლი 4. სანოტარო მოქმედებათა ანაზღაურების წესი
1. ამ წესის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება შემდეგი მომსახურება:
ა) სანოტარო მოქმედების შესრულება;
ბ) დოკუმენტის პროექტის შედგენა;
გ) დოკუმენტის ასლების გაცემა და ტექნიკური სამუშაოს შესრულება;
დ) სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა.
2. საზღაური გადაიხდევინება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5. საზღაურის გადახდევინების ვადა
1. საზღაური გადაიხდევინება შესაბამისი მომსახურების გაწევისთანავე.
2. ნოტარიუსი უფლებამოსილია არ გასცეს მასთან სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარდგენილი დოკუმენტები შესაბამისი მოქმედებისათვის საზღაურის გადახდამდე და გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე.
3. ნოტარიუსი ვალდებულია:
ა) დაინტერესებულ მხარეს გააცნოს სანოტარო და სხვა მოქმედებათა შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის განაკვეთები;
ბ) სანოტარო წესით დამოწმებულ ყველა დოკუმენტზე მიუთითოს გადახდილი საზღაურის ოდენობა.
4. ნოტარიუსი მოვალეა გადახდისათვის ვალდებულ პირს საზღაურის მიღებისას წარუდგინოს ანგარიში და მიუთითოს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) ნოტარიუსის სახელი, გვარი და სანოტარო ბიუროს მისამართი;
ბ) ანგარიშის ნომერი და გაცემის თარიღი;
გ) გადახდისათვის ვალდებული პირის სახელი, გვარი და მისამართი;
დ) სანოტარო მოქმედებისათვის ელექტრონულ სანოტარო რეესტრში მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ე) გარიგების ღირებულება და გადახდევინებული საზღაურის ოდენობა;
ვ) ამ წესის ის მუხლები, რომელთა შესაბამისადაც მოხდა საზღაურის გადახდევინება.
5. ანგარიშის ერთი პირი რჩება ნოტარიუსს და თან ერთვის სანოტარო საქმის წარმოებას.
6. ნოტარიუსი ვალდებულია ინფორმაცია ამ წესით განსაზღვრული საზღაურის განაკვეთების თაობაზე განათავსოს თვალსაჩინო ადგილას.
თავი II
გარიგების ღირებულება
მუხლი 6. გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველი
1. გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველია სანოტარო მოქ მედების შესრულებისას გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღი რე ბულება.
2. სანოტარო მოქმედების შესრულებისას გარიგების ღირებულებაა გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) მხარეთა მიერ გაცხადებული ღი რე ბუ ლ ე ბა.
3. გარიგების ან სამკვიდროს ღირებულების უცხოური ვალუტით გა მოხატვის შემთხვევაში საზღაური გამოიანგარიშება გადახდევინების დღი სათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურ სით უცხოური ვალუტის მიმართ.
4. მხარეთა მიერ საგნის (ნივთის ან უფლების) აშკარად შეუსაბამო ღი რებულების გაცხადების შემთხვევაში გარიგების ღირებულების განსა ზღ ვრის საფუძველია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალი ს წი ნებული საგნის (ნივთის ან უფლების) საბაზრო ღირებულება.
5. ნოტარიუსს უფლება არა აქვს მოსთხოვოს სანოტარო მოქ მე დე ბის შესრულების მთხოვნელ პირს გარიგების საგნის (ნივთის ან უფ ლე ბის) ღირებულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, კანონმდებ ლ ო ბით განსაზღვრული შემთხვევების გარდა.
მუხლი 7. რამდენიმე გარიგების შემცველი დოკუმენტი
თუ დოკუმენტი რამდენიმე გარიგებას შეიცავს, გარიგების ღირებულებაა მათი ჯამური ღირებულება.
მუხლი 8. გარიგების შეცვლა ან ვალდებულებაში პირთა შეცვლა
1. იმ გარიგების დამოწმებისას, რომელშიც ცვლილების შეტანას მოჰყვება გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების ზრდა/შემცირება, გარიგების ღირებულებაა ის თანხა, რომლითაც გაიზარდა/შემცირდა გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულება.
2. ვალდებულებაში პირის შეცვლისას გარიგების ღირებულებაა ვალდებულების ღირებულების ნახევარი.
3. მრავალპირიან ვალდებულებაში გარიგების ღირებულებაა ვალდებულების თავდაპირველი ღირებულების ნახევრის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება გარიგებაში შესაცვლელი პირის ვალდებულებით განსაზღვრულ წილს.
4. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, გარიგებაში ისეთი ცვლილების შეტანისას, რომელიც არ არის დაკავშირებული გარიგების ღირებულებასთან ან პირთა შეცვლასთან, ცვლილების დადასტურებისათვის საზღაური 25 ლარია.
მუხლი 9. გარიგების ღირებულება უძრავი ნივთის გაყოფის, მისი ნაწილების შეერთების და უძრავი ნივთების გაერთიანებისას
1. უძრავი ნივთის გაყოფისას გარიგების ღირებულებაა გასაყოფი ნივთის ღირებულება.
2. უძრავი ნივთის ნაწილების შეერთებისას მეორე უძრავ ნივთთან გარიგების ღირებულებაა შესაერთებელი ნაწილის ღირებულება.
3. უძრავი ნივთების შეერთების საფუძველზე, ერთი უძრავი ნივთის წარმოქმნისას გარიგების ღირებულებაა უფრო მეტი ღირებულების შესაერთებელი ნივთის ღირებულება.
მუხლი 10. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად დადებული გარიგების ღირებულება
1. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული გარიგების ღირებულებაა მოთხოვნის ღირებულება.
2. იპოთეკის გარიგების ღირებულებაა იპოთეკის თანხა.
3. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტში აისახება თვით გარიგება და გარიგება მისი შესრულების უზრუნველყოფის შესახებ, გარიგების ღირებულებაა უფრო მეტი ღირებულების გარიგების ღირებულება.
4. საჯარო რეესტრში გირავნობის უფლებისათვის მინიჭებული რიგითობის შეცვლისას გარიგების ღირებულებაა რიგითობის შემცვლელი იმ უფლების ღირებულება, რომელსაც უფრო ნაკლები ღირებულება აქვს.
მუხლი 11. სერვიტუტთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება
სერვიტუტთან დაკავშირებული გარიგების ღირებულებაა ძირითადი უძრავი ნივთის სერვიტუტით დატვირთვის შედეგად გაზრდილი ღირებულება. თუ მხარეთა მიერ განსაზღვრულია სერვიტუტის გადასახადის წლიური ღირებულება, გარიგების ღირებულებაა სერვიტუტის გადასახადის წლიური ღირებულების თანხა, რომელიც არ უნდა იყოს 5 წელზე გაანგარიშებულ ღირებულებაზე მეტი. გარიგების წლიური ღირებულება არ უნდა იყოს 10 ლარზე ნაკლები.
მუხლი 12. სარგებლობისა და ფლობის უფლებებთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება
1. განსაზღვრული ვადით სარგებლობისა და ფლობის უფლებებთან (მათ შორის, იჯარის, ქირავნობის, თხოვების უფლებებთან) დაკავშირებული გარიგებების ღირებულება გამოიანგარიშება ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის ღირებულებიდან, რომელიც არ უნდა იყოს 5 წელზე გაანგარიშებულ ღირებულებაზე მეტი.
2. უვადო სარგებლობისა და ფლობის უფლებებთან დაკავშირებული გარიგების ღირებულებაა ამ უფლებების წლიური ღირებულების სამმაგი ოდენობა.
3. მიბარების გარიგების ღირებულება გამოიანგარიშება ხელშეკრულების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულებიდან ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდისათვის, მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა.
4. თუ სარგებლობის უფლება თავისი შინაარსით შეესაბამება რომელიმე სერვიტუტს, გარიგების ღირებულება განისაზღვრება ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 13. აღნაგობის უფლებასთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება
აღნაგობის უფლებასთან დაკავშირებული გარიგების ღირებულებაა აღნაგობის უფლებისათვის გადახდილი წლიური ღირებულების თანხა, რომელიც არ უნდა იყოს 5 წელზე გაანგარიშებულ ღირებულებაზე მეტი.
მუხლი 14. უპირატესი შესყიდვის უფლებასთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება
უპირატესი შესყიდვის უფლებასთან დაკავშირებული გარიგების ღირებულებაა გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების 20%.
მუხლი 15. მოთხოვნათა დათმობის შესახებ გარიგების ღირებულება
1. მოთხოვნათა დათმობის ან ვალის გადაკისრების გარიგების დამოწმებისას, ან თავდაპირველ გარიგებაში თანხის გაზრდისას/შემცირებისას გარიგების ღირებულებაა განუხორციელებელი უფლების და შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება ან ის თანხა, რომლითაც გაიზარდა/შემცირდა თავდაპირველი გარიგება.
2. თავდაპირველ გარიგებაში ვადის გაგრძელების შემთხვევაში საზღაურია ამ გარიგებისათვის გადახდილი საზღაურის 20%.
მუხლი 16. გაცვლის ხელშეკრულების ღირებულება
გაცვლის ხელშეკრულების ღირებულება გამოიანგარიშება უფრო მეტი ღირებულების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულებიდან.
მუხლი 17. საერთო საკუთრებასთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება
1. წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის ან განსაზღვრული წესით ამ ქონებით სარგებლობის შესახებ გარიგების ღირებულებაა იმ ქონების ფასი, რომელიც ექვემდებარება გაყოფას ან რომლის მიმართაც განისაზღვრება სარგებლობის წესი.
2. საქორწინო ხელშეკრულების ღირებულებაა იმ ქონების ფასი, რომელიც ამ ხელშეკრულების საგანია. მხედველობაში მიიღება უკვე არსებული ქონება. საქორწინო ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა იყოს 60 ლარზე ნაკლები.
3. საკუთრების უფლების შესახებ მოწმობის გაცემისათვის საზღაური გამოიანგარიშება მოწმობაში მითითებული ქონების ფასის 20%-დან.
მუხლი 18. საზღაური სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებებისათვის
1. სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის საზღაური გამოიანგარიშება სამკვიდროს ღირებულებიდან.
2. რამდენიმე მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში საზღაური გამოიანგარიშება თითოეული მემკვიდრის წილის პროპორციულად.
3. მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ და ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის საზღაური გამოიანგარიშება მხოლოდ ქონების იმ ნაწილის ღირებულებიდან, რომელზეც გაიცემა სამკვიდრო მოწმობა (ღირებულება დგინდება საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით).
4. ფასიან ქაღალდებზე (ობლიგაცია, თამასუქი, ჩეკი, აქცია) სამკვიდრო მოწმობათა გაცემისა და მათთან დაკავშირებულ გარიგებათა დამოწმებისათვის საზღაური გამოიანგარიშება ფასიანი ქაღალდების ღირებულებიდან. თუ ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასის დადგენა შეუძლებელია, მხედველობაში მიიღება მათი ნომინალური ღირებულება.
5. სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისათვის საზღაური გამოიანგარიშება დაცული სამკვიდრო ქონების ღირებულების 15%-იდან.
6. სამკვიდროს მმართველის დანიშვნის მოწმობის გაცემისათვის, სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობის გაცემისათვის, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების/სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისათვის საზღაური განისაზღვრება 10 ლარის ოდენობით.
მუხლი 19. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის საზღაურის ოდენობა
1. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული გარიგებების, სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და მათში ცვლილებების, აგრეთვე იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის საფუძველზედაც ხდება სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის წილის გასხვისება, საზღაურის ოდენობა განისაზღვრება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს.
მუხლი 20. საზღაური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, პარტიის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან, ანდა სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის საზღაური 18 ლარია.
2. პარტიის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან, ანდა წესდებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის საზღაური 18 ლარია.
მუხლი 21. სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების ოქმის შედგენისათვის საზღაურის ოდენობა
1. სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების (სხდომის) მიმდინარეობისა (მათ შორის, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით) და გადაწყვეტილებების შესახებ ოქმის შედგენისათვის საზღაურის ოდენობა განისაზღვრება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს.
მუხლი 22. საზღაური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის შედგენისათვის
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის შედგენისათვის საზღაური 100 ლარია.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ჩაშლის შესახებ მოწმობის გაცემისათვის საზღაური 50 ლარია.
თავი III
გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის გამოანგარიშების წესი
მუხლი 23. გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის განაკვეთები
1. ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის განაკვეთებია:
№ | როცა გარიგების ღირებულებაა | საზღაურის ოდენობა ლარებით არის გარიგების ღირებულების |
1
| 500 ლარის ჩათვლით | 3% |
2
| 501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით | 15 ლარი + 500 ლარის ზევით თანხის 2,5% |
3 | 1001 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით | 27,5 ლარი + 1000 ლარის ზევით თანხის 1,5% |
4
| 2001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით | 42,5 ლარი + 2000 ლარის ზევით თანხის 1% |
5
| 3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით | 52,5 ლარი + 3000 ლარის ზევით თანხის 0,5% |
6
| 5001 ლარიდან 20000 ლარის ჩათვლით | 62,5 ლარი + 5000 ლარის ზევით თანხის 0,4 % |
7 | 20001 ლარიდან 100000 ლარის ჩათვლით | 122,5 ლარი + 20000 ლარის ზევით თანხის 0,3% |
8 | 100001 ლარიდან 500000 ლარის ჩათვლით | 362,5 ლარი + 100000 ლარის ზევით თანხის 0,2% |
9 | 500001 ლარიდან 1000000 ლარის ჩათვლით | 1162,5 ლარი + 500000 ლარის ზევით თანხის 0,1% |
10 | 1000000 ლარის ზევით | 1662,5 ლარი + 1000000 ლარის ზევით თანხის 0,05 %. |
2. თუ ამ წესიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ცალმხრივ გარიგებათა დამოწმებისათვის საზღაურია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების ნახევარი ოდენობა.
3. ამ მუხლით განსაზღვრული საზღაური არ უნდა იყოს 10 000 ლარზე მეტი.
4. თუ გარიგების დამოწმებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს ორი ან ორზე მეტი ნოტარიუსი, ამ მუხლით განსაზღვრული საზღაური თანაბრად გაიყოფა ყველა ნოტარიუსზე, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 24. საზღაური ქონების გაყოფის ან ქონებით სარგებლობის წესის დასადგენად დადებული გარიგების დამოწმებისათვის
წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის ან ამ ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ გარიგების დამოწმებისათვის საზღაურია გარიგების ღირებულების მიხედვით დადგენილი განაკვეთის ნახევარი.
მუხლი 25. საზღაური სანივთო უფლების შესახებ გარიგების დამოწმებისათვის
სანივთო უფლების შეძენის და წინასწარი დაპირების შესახებ გარიგების დამოწმებისათვის საზღაური 10 ლარია.
მუხლი 26. საზღაური სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეკრულების დამოწმებისათვის
1. სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეკრულების დამოწმებისათვის საზღაურია ამ ქონების შეძენის ფასის 0,2%, რომელიც არ უნდა იყოს 200 ლარზე მეტი.
2. ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების დამოწმებისათვის საზღაური 1 ლარია.
მუხლი 27. სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის ძირითადი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების დამოწმების საზღაური
სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის ძირითადი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების დამოწმების საზღაურია 1 ლარი.
მუხლი 28. საზღაური გარიგების გაუქმების (მოშლის) დამოწმებისათვის
1. ორმხრივი ან მრავალმხრივი გარიგების გაუქმების (მოშლის) დამოწმებისათვის საზღაური 15 ლარია.
2. მინდობის ხელშეკრულების გაუქმების (მოშლის) დამოწმებისათვის საზღაურია ამ ხელშეკრულების დამოწმებისათვის განკუთვნილი საზღაურის ნახევარი.
3. თუ, ამ წესის 32-ე მუხლის თანახმად, დადასტურებული განცხადების ან მინდობილობის/რწმუნებულების გაუქმების (მოშლის) დამოწმება ან ცვლილების დადასტურება არ მოხდა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, შესრულებული სანოტარო მოქმედებისათვის საზღაურის ოდენობაა ამ წესის 32-ე მუხლით გათვალისწინებული საზღაურის ნახევარი.
მუხლი 29. საზღაური სხვა სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის
1. საზღაური ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების ნახევარი ოდენობით გადაიხდევინება შემდეგი მოქმედებების შესრულებისათვის:
ა) საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა, მაგრამ არა უმეტეს 10 ლარისა;
ბ) სამკვიდრო მოწმობის გაცემა;
გ) სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება, მაგრამ არანაკლებ 10 ლარისა.
2. საზღაური ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების მეოთხედი ოდენობით გადაიხდევინება შემდეგი მოქმედებების შესრულებისათვის:
ა) ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპოზიტზე მიღება, მაგრამ ყოველი თვისათვის არანაკლებ 4 ლარისა;
ბ) საჯარო რეესტრში გირავნობის უფლებისათვის მინიჭებული რიგითობის შეცვლასთან დაკავშირებული გარიგების დამოწმება, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა;
გ) საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ განცხადების დამოწმება, მაგრამ არანაკლებ 4 ლარისა.
3. ფულის დეპოზიტზე მიღების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საზღაურის გარდა, ნოტარიუსის საზღაურია ასევე დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის მთლიანი ოდენობა.
მუხლი 30. საზღაური გარიგების პროექტის შედგენისათვის
იმ გარიგების პროექტის შედგენისათვის, რომელსაც არ მოჰყვა სანოტარო მოქმედების შესრულება, საზღაური გადაიხდევინება ასეთი გარიგებისათვის ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი განაკვეთის ნახევარი ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა.
თავი IV
გარიგების ღირებულებისგან დამოუკიდებლად განსაზღვრული საზღაურის განაკვეთები
მუხლი 31. საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურებადი სანოტარო მოქმედებები
საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურდება შემდეგი სანოტარო მოქმედებები:
1 | ანდერძის დადასტურება | 9 ლარი |
2 | ანდერძის გახსნის შესახებ ოქმის შედგენა | 5 ლარი |
3 | ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება | 2 ლარი |
4 | დოკუმენტის თარგმანის სისწორის დამოწმება | თითოეული გვერდისთვის 1 ლარი |
5 | დოკუმენტის ასლისა და დოკუმენტიდან ამონაწერის სისწორის დამოწმება | თითოეული გვერდისთვის 0.5 ლარი |
6 | იმ დოკუმენტის ასლის გაცემა, რომელიც ინახება სანოტარო ბიუროში | 3 ლარი |
7 | მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურება | 10 ლარი |
8 | საზღვაო პროტესტის შესრულება | 300 ლარი |
9 | მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება | 2 ლარი |
10 | მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება | 2 ლარი |
11 | დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება | 2 ლარი |
12 | მოქალაქის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის ფაქტის დადასტურება | 2 ლარი |
13 | ნოტარიუსის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების გადაცემა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის | 3 ლარი |
14 | განცხადების პროექტის შედგენა | 1 ლარი |
15 | განცხადების ან უწყების ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ მოწმობის გაცემა | 2 ლარი |
16 | ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა ქონების შეფასების გარეშე | 20 ლარი |
17 | სააღსრულებო ფურცლის გაცემა | 100 ლარი. |
მუხლი 32. პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებული განცხადების დადასტურებისათვის საზღაურის ოდენობა
პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებული განცხადების, მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურებისათვის (ცვლილება/გაუქმება (მოშლა) საზღაურის ოდენობა 50 ლარია.
მუხლი 33. საზღაური სამართლებრივი კონსულტაციისათვის
საზღაური სამართლებრივი კონსულტაციისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული სანოტარო მოქმედების შესრულებასთან, განისაზღვრება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.
თავი V
სანოტარო მოქმედებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოსა და სხვა ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 34. სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება
1. პირი, რომლის თხოვნითაც სრულდება სანოტარო მოქმედება, ვალდებულია აანაზღაუროს სანოტარო მომსახურებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სატელეფონო კავშირის, ფაქსის, ტელეფაქსის, საფოსტო გზავნილების, სატრანსპორტო, სანოტარო მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოთხოვის, აგრეთვე სანოტარო მომსახურების შედეგად დამოწმებული დოკუმენტის ან/და უფლების რეგისტრაციის ხარჯები. ეს მომსახურება გაიწევა პირთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
2. თუ სანოტარო მოქმედება შესრულებულია სანოტარო ბიუროს გარეთ, საზღაურს ემატება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით განსაზღვრული თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 ლარს.
3. თუ დამკვეთის მოთხოვნით გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურება ხდება დახარჯული დროის შესაბამისად, ნახევარ საათამდე დახარჯული დრო მრგვალდება ნახევარ საათად, ხოლო ნახევრიდან ერთ საათამდე დახარჯული დრო – ერთ საათად.
4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების ოქმის შედგენაზე.
მუხლი 35. საზღაური ასლის დამზადებისათვის
1. ასლის დამზადებისათვის საზღაურია მისი გადაღების საბაზრო ფასი.
2. იმ დოკუმენტის ასლის დამზადებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სანოტარო მოქმედების შესრულებასთან და საქმის წარმოებაში რჩება, საზღაური არ გადაიხდევინება.
თავი VI
სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის გადახდევინებული საზღაურის გასაჩივრების წესი
მუხლი 36. გასაჩივრება
პირს, რომელსაც სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის და სხვა სახის მომსახურების გაწევისათვის გადახდევინებული საზღაური არასწორად მიაჩნია, უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.
მუხლი 37. ნოტარიუსის მიერ გადახდევინებული საზღაურის დაბრუნების წესი და მისი პასუხისმგებლობა
სასამართლოს მიერ საზღაურის უკანონო გადახდევინების ფაქტის დადგენისას ნოტარიუსი აბრუნებს საზღაურს და პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VII
საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი
მუხლი 38. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის განკუთვნილი საფასური
საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის განკუთვნილი საფასური არის სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან არსებულ სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლისთვის გადასახდელი საფასურის ოდენობა.
მუხლი 39. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური
1. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის (გარდა დოკუმენტის ასლის დედანთან სისწორის დამოწმების რეგისტრაციისა) საფასურია 2.0 ლარი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით).
2. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური გადაიხდევინება ნოტარიუსთან, რომელიც უზრუნველყოფს მის შეტანას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანგარიშზე.
მუხლი 40. საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან არსებულ სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლისთვის განკუთვნილი საფასურის ოდენობა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან არსებულ სასწავლო ცენტრში სტაჟირების ორივე ეტაპის გასავლელად საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობაა 600 ლარი.
მუხლი 41. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული ვადები და საფასურის ოდენობები
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია საფასურის შემდეგი ოდენობები:
ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტების დამოწმებული ასლების გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი;
ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის ან დოკუმენტების არარსებობის, სანოტარო მოქმედების შეუსრულებლობის თაობაზე ინფორმაციის/ცნობის გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი; ამასთანავე, თუ ინფორმაცია/ცნობა შეიცავს რამდენიმე ნოტარიუსის არქივში დაცული დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას, საფასურის ოდენობა იზრდება შესაბამისი ჯერადობით;
გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლების დამზადება 4 სამუშაო დღის ვადაში – 0,5 ლარი თითოეული გვერდისათვის.
2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი ოდენობის საფასურით:
ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტების დამოწმებული ასლების გაცემა: განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 30 ლარი, განცხადების შეტანიდან ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;
ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის გაცემა: განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 30 ლარი, განცხადების შეტანიდან ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;
გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლების დამზადება განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 5 ლარს დამატებული 0.5 ლარი თითოეული გვერდისათვის.
3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია საბიუჯეტო დაწესებულებებისათვის გაწეული მომსახურება, აგრეთვე ნოტარიუსის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია/ცნობა, დოკუმენტის ასლის დამოწმება.
მუხლი 42. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნება
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადახდილი საფასური განმცხადებელს უბრუნდება, თუ:
ა) განმცხადებელმა განაცხადის შეტანამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება;
ბ) საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;
გ) საფასური გადაიხადა ამ წესის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულმა სუბიექტმა;
დ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში არ აღმოჩნდა დოკუმენტი, რომლის ასლის დამზადებისათვის ან/და დამოწმებისათვის იქნა გადახდილი საფასური;
ე) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა დაჩქარებული მომსახურებისა და დაჩქარების გარეშე მომსახურების დადგენილ საფასურებს შორის.
2. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
დოკუმენტის კომენტარები