დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 810 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 29/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.05.001.003.389 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„გ) მომსახურება – სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია; იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა; იარაღის ჩამოწერა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემა; ფიზიკური პირების მიერ იარაღის ცალკეული ეგზემპლარის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის მიერ ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (რეგისტრაციაში ცვლილებები) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; საფელდიეგერო მომსახურება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:
„ე1) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას უფლებას აძლევს ფიზიკურ პირს, გადააადგილოს მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული იარაღი:
ე1.ა) სააგენტოში ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით;
ე1.ბ) შენახვის უფლებით არსებული იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით;
ე2) იარაღის ჩამოწერა – იარაღის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე უვარგისი და გამოუსადეგარი იარაღის აღრიცხვიდან მოხსნა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურება;“;
გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა:
ო.ა) უფლებამოსილი პირის მიერ გამოკვლევის შედეგად დადგენილი, დაზუსტებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდის) დადამღვა იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და რომელიც ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სავალდებულო რეგისტრაციას. საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;
ო.ბ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება;“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სააგენტოს ფუნქციები და მიზანი
1. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაცემა;
ბ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის გაცემა;
გ) იარაღის ცალკეული ეგზემპლარის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
დ) ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;
ე) იარაღის რეგისტრაცია;
ვ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება;
ზ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია;
თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება;
ი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება;
კ) სატრანსპორტო საშუალებების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათი მისაბმელების რეგისტრაცია (რეგისტრაციაში ცვლილებები);
ლ) სატრანსპორტო საშუალების ან ტრაქტორის მართვის უფლების მინიჭება და შესაბამისი მოწმობის გაცემა;
მ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
ნ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
ო) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა და ამ კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებების შესრულება;
ო1) საფელდიეგერო მომსახურება;
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სააგენტოს მიზანია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება, მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სფეროს კონტროლი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მომსახურების გაუმჯობესება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარების ხელშეწყობა.“.
3. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. სააგენტოს მიერ მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტების გამოყენების უფლება
ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას სააგენტოს უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის, საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ამასთანავე, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტებს.“.
4. მე-6 მუხლის:
ა) „ლ“–„ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ერთი ერთეული იარაღის რეგისტრაცია ან იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა – 20 ლარი;
მ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა – 10 ლარი;
ნ) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა – 5 ლარი;“;
ბ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“, „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები:
„ღ) დამხმარე ტექნიკური საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა – 10 ლარი;
ყ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 10 ლარი;
შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დეკლარანტის თხოვნის საფუძველზე საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განსაზღვრული დეკლარაციის შევსება – 10 ლარი.“.
5. მე-7 მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით – 8 სამუშაო დღე;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა – ერთი სამუშაო დღე;“.
6. მე-8 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ფიზიკური პირი, რომელსაც ჯილდოდ გადაეცა იარაღი; საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თადარიგის გადამდგარ უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობა; საქართველოს პროკურატურის სისტემიდან პენსიაზე გასული თანამშრომლები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ იუსტიციის მრჩევლის ან იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება; პენსიაზე გასული მოსამართლეები – ამ კანონის მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებით სარგებლობისას;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) სააგენტოს სანომრე ნიშნების დასამზადებელი მასალით უზრუნველყოფის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ კანონის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (გარდა „ე.ლ“ ქვეპუნქტისა) განსაზღვრული მომსახურებით სარგებლობისას.“.
7. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით:
ა) განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი;
ბ) განაცხადის შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: ამ კანონში მითითებულ სამუშაო დღეებში არ ჩაითვლება შაბათი და კვირა, აგრეთვე საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.“.
8. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:
ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;
ბ) ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი;
გ) 3 სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 დეკემბერი.
№810–IIს
დოკუმენტის კომენტარები