შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2381
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 31/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 24/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 040200140.05.001.003819
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2381
18/12/2009
სსმ, 50, 31/12/2009
040200140.05.001.003819
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (20/12/2011 - 25/05/2012)

საქართველოს კანონი

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები და რეგულირების სფერო

1. ამ კანონის მიზნებია: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით აღიარებული პრინციპების საფუძველზე ხელი შეუწყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების განხორციელებას, უზრუნველყოს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სისტემის გამართული ფუნქციონირება და შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურებში მონაწილე ყველა პირის უფლებათა დაცვა, ხელი შეუწყოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების ეფექტიანად განხორციელებას.

2. ეს კანონი ადგენს არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესს, პირობებსა და პროცედურებს, აგრეთვე აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც მათი განხორციელებისას წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მშვილებელს/მიმღებ ოჯახს შორის.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომლებსაც სურთ არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა, ასევე საქართველოს მოქალაქეზე და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლებიც, ამ კანონის თანახმად, ექვემდებარებიან შვილად აყვანას ან მინდობით აღზრდას.

    მუხლი 3. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივი  საფუძვლები

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის, გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“, ჰააგის კონვენცია „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს კანონი და სხვა სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გადაუდებელი მინდობით აღზრდა – მინდობით აღზრდა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით, რა დროსაც არ ხდება მინდობით აღსაზრდელისა და მიმღები ოჯახის თავსებადობის შეფასება;

ბ) გასაშვილებელი ბავშვი – 18 წლამდე პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აღრიცხულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრში;

გ) გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – სისტემა, რომელიც მოიცავს გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემების ერთობლიობას;

დ) დედობილი/მამობილი – მიმღები ოჯახის წევრი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოვლისა და აღზრდისათვის გადაეცა ბავშვი;

ე) მიტოვებული ბავშვი – 18 წლამდე პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად აღიარებულია მიტოვებულად;

ვ) მიმღები ოჯახი – დედობილის/მამობილის ოჯახი, რომელსაც მინდობით აღსაზრდელად გადაეცა ბავშვი;

ზ) მინდობით აღზრდა – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის მოვლა და აღზრდა;

თ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახისათვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ბავშვი;

ი) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

კ) ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე პირი, რომლის აღმოჩენის მომენტში და ამ მომენტიდან 6 კვირის ვადაში ვერ დადგინდა მისი ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მის მიტოვებულ ბავშვად აღიარებამდე;

ლ) ობოლი – ბავშვი, რომელსაც არ ჰყავს არც ერთი მშობელი;

მ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების დაცვა და მისი მშობელთა მზრუნველობას მოკლებულად ცნობისათვის თავის არიდება;

ნ) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული პირის ბიოლოგიურ ოჯახში ან მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნება;

ო) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე;

პ) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ჟ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი;

რ) შვილად აყვანა – კანონით დადგენილი წესით მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოშობილი ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის. 

    მუხლი 5. მშვილებელი

მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა:

ა) რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი პირი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა პირი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;

ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული აქვს მშობლის უფლება;

გ) რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (სამინისტროს მიერ დამტკიცებული დაავადებათა სიის მიხედვით) არ შეუძლია მშობლის მოვალეობათა ჯეროვნად შესრულება;

დ) რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. შვილად აყვანას დაქვემდებარებული პირი

1. შვილად აყვანას ექვემდებარება რეესტრში აღრიცხული 18 წლამდე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი.

2. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება პირს:

ა) რომლის მშობელიც (მშობლებიც) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ბ) რომელიც არის ობოლი;

გ) რომელიც აღიარებულია მიტოვებულ ბავშვად;

დ) რომლის მშობელსაც (მშობლებსაც) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება;

ე) რომლის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით და შესაბამისი ფორმის შევსებით.

3. პირს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, რის შემდეგაც გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები აღირიცხება რეესტრში.

    მუხლი 7. დედობილი/მამობილი

დედობილი/მამობილი შეიძლება იყოს სრულწლოვანი პირი – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, გარდა:

ა) იმ პირისა, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

ბ) იმ პირისა, რომელსაც შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ან მეურვის/მზრუნველის უფლებები და მოვალეობები კანონით განსაზღვრულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო;

გ) იმ პირისა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (სამინისტროს მიერ დამტკიცებული დაავადებათა სიის მიხედვით) არ შეუძლია ბავშვის აღზრდა;

დ) იმ პირისა, რომელსაც ან რომლის ოჯახის წევრსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) მინდობით აღსაზრდელის მშობლისა, აგრეთვე მეურვისა/მზრუნველისა, რომლებსაც აკისრიათ ამ ბავშვის რჩენის ვალდებულება;

ვ) იმ პირისა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო ჩამოერთვა მინდობით აღსაზრდელი.

    მუხლი 8. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირი

1. 18 წლამდე პირი მინდობით აღზრდას ექვემდებარება, თუ:

ა) ბავშვის დატოვება მშობელთან (მშობლებთან) ან მეურვესთან/მზრუნველთან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ბავშვისთვის საზიანოა და მეურვე/მზრუნველი ამის თაობაზე მიმართავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;

ბ) მშობლის (მშობლების) უფლება, გადაწყვიტოს (გადაწყვიტონ), ვისთან იცხოვროს ბავშვმა, შეზღუდულია და ბავშვი უნდა განთავსდეს თავისი ოჯახის გარეთ;

გ) მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) ან შეეზღუდა (შეეზღუდათ) მშობლის უფლებები და მოვალეობები და ბავშვი უნდა განთავსდეს თავისი ოჯახის გარეთ.

2. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

 

თავი II. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები და მათი უფლებამოსილებანი

    მუხლი 9. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები

1. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო არის სააგენტო.

2. შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოა სასამართლო.

3. სააგენტოს გარდა, ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალება ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, წინასწარი საქმიანობა (გარიგება) კონკრეტული ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს შორის, ან ასეთი საქმიანობისათვის (გარიგებისათვის) ხელის შეწყობა შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის მიზნით. ამასთანავე, დაშვებულია შვილად აყვანის დროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, ხოლო საერთაშორისო გაშვილების დროს – მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი – სხვა შესაბამისი აკრედიტებული იურიდიული პირის მიერ მომსახურების გაწევა.

    მუხლი 10. სააგენტოს უფლებამოსილებანი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში

      1. სააგენტო:

ა) კოორდინაციას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას;

ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას და შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის საკითხებში ბავშვთა უფლებების დაცვას;

გ) აწარმოებს რეესტრს, უზრუნველყოფს მის სისტემატიზებასა და დამუშავებას;

დ) დროულად ახორციელებს დედობილის/მამობილის ფინანსურ უზრუნველყოფას;

ე) ახორციელებს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მხოლოდ სააგენტოა უფლებამოსილი, განახორციელოს საერთაშორისო გაშვილება.

3. სააგენტო ვალდებულია 18 წელს მიღწეული პირის მოთხოვნით მიაწოდოს მას მისი ბიოგრაფიული მონაცემები, აგრეთვე მისი ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) შესახებ ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

4. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის შენახვა.

    მუხლი 11. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილებანი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში

1. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები არიან მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე.

2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათ შორის, ბავშვზე ზრუნვის, მისი განათლებისა და ჯანმრთელობის უფლებების დაცვის მიზნით და შვილად აყვანის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე არის გასაშვილებელი ბავშვის წარმომადგენელი;

ბ) ახორციელებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის გამოვლენას, აგრეთვე მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის, მინდობით აღსაზრდელის, დედობილისა და მამობილის რეგისტრაციას და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას;

გ) შეიმუშავებს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას და ახორციელებს ამ გეგმის შესრულების მონიტორინგს;

დ) ზედამხედველობს მინდობით აღსაზრდელის საცხოვრებელი პირობების, აღზრდის, განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე დედობილისა და მამობილის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

ე) ახორციელებს მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის, აგრეთვე ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასებას;

ვ) ახორციელებს მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის, აგრეთვე ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის თავსებადობის შეფასებას (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა), თავსებადობის შემდეგი ნეგატიური კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ვ.ა) მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის, აგრეთვე მინდობით აღსაზრდელსა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელზე ნაკლებია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა;

ვ.ბ) ბავშვი, თუ მან მიაღწია 10 წელს, არ ეთანხმება შვილად აყვანას ან მინდობით აღზრდას;

ვ.გ) მშვილებელი და გასაშვილებელი ბავშვი, აგრეთვე მინდობით აღსაზრდელად გადასაცემი ბავშვი და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირი განსხვავებული რელიგიური კუთვნილების არიან;

ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის საკითხებზე ატარებს კონსულტაციებს;

თ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საქმიანობის წესს ადგენს მინისტრი.

თავი III.  შვილად აყვანის პროცედურები

    მუხლი 12. გასაშვილებელი ბავშვის გამოვლენა და აღრიცხვა

1. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ხელმძღვანელი, მიუხედავად ამ დაწესებულების სამართლებრივი ფორმისა, ასევე ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია ნაპოვნი ბავშვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სააგენტოს.

2. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ხელმძღვანელი, მიუხედავად ამ დაწესებულების სამართლებრივი ფორმისა ან/და მისი დაქვემდებარებისა, ვალდებულია თავის მიერ სააგენტოსათვის მიწოდებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში ან/და სააგენტოს მოთხოვნით წარუდგინოს მას აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი ბავშვების ბიოგრაფიული მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

3. ბავშვი რეესტრში აღრიცხვიდან მოიხსნება მხოლოდ გაშვილების, გარდაცვალების, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის შეცვლის ან სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში.

4. გასაშვილებელი ბავშვის აღრიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 13. სამედიცინო დაწესებულებაში ჩვილის იდენტიფიცირების  ხელშემწყობი ღონისძიებები

1. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მელოგინის აღნიშნულ დაწესებულებაში შესვლიდან 24 საათში, მინისტრის მიერ დადგენილი წესით აცნობოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შესული მელოგინის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ორგანოს.

2. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია აგრეთვე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს ინფორმაცია მელოგინის მიერ ჩვილის მიტოვებისა და მელოგინის გაპარვის შესახებ.

3. მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამისი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ადგენს ჩვილის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი დედის ვინაობას (საიდენტიფიკაციო მონაცემებს) და სავარაუდო საცხოვრებელი ადგილის მისამართს.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 14. ბავშვის მიტოვებულად აღიარება

1. ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენისას ბავშვის დროებითი განთავსების საკითხს წყვეტს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, რომელიც, ამასთანავე, მისი მშობლის (მშობლების) ვინაობის დასადგენად დაუყოვნებლივ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

2. ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენისას მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებული არიან, ბავშვის აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში განახორციელონ ღონისძიებები ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობის დასადგენად (ამ კანონის მიზნებისათვის ვინაობის დადგენა გულისხმობს პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ან დაბადების რეგისტრაციის შესახებ ცნობის მოძიებას, ასევე დაბადების მოწმობის მოძიებას, რომელშიც მშობლების შესახებ გრაფები შევსებულია). თუ აღნიშნულ ვადაში ვერ დადგინდა ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ამ ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 დღისა მიმართავს სასამართლოს ნაპოვნი ბავშვის მიტოვებულად აღიარებისათვის.

3. სასამართლო ბავშვის მიტოვებულად აღიარების საკითხს განიხილავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

4. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად.

5. თუ მშობელმა (მშობლებმა) მიატოვა (მიატოვეს) ან განაცხადა (განაცხადეს) ბავშვის მიტოვების თაობაზე ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დადგინდა ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მაგრამ 7 დღის ვადაში ვერ მოხერხდა მშობლის (მშობლების) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში წარდგენა ან მასთან (მათთან) სხვაგვარად დაკავშირება ან/და ის (ისინი) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის მოვალეობების შესრულებას და უფლებების განხორციელებას, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც რეგისტრაციაში გატარებულია ნაპოვნი ბავშვი ან/და მისი მშობელი (მშობლები), რომლის (რომელთა) ვინაობაც დადგინდა, სააგენტო მიმართავს სასამართლოს მშობლის (მშობლების) უფლების შეზღუდვის ან ბავშვის მიტოვებულად აღიარების მოთხოვნით. ამასთანავე, ბავშვის დაბადების ფაქტის რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვამდე სააგენტო შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.

6. სასამართლო ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მშობლის (მშობლების) უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ მშობლის (მშობლების) მოვალეობის შეუსრულებლობა გამოწვეულია დროში აღმოფხვრადი მიზეზებით, მათ შორის, მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობით ან მშობლის (მშობლების) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნით.

7. სასამართლო ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იმ მშობლის (მშობლების) მიმართ, რომელიც (რომლებიც), მიუხედავად სახელმწიფოს მიერ მისთვის (მათთვის) შეთავაზებული პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებებისა, თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის მოვალეობების შესრულებას და უფლებების განხორციელებას (მიატოვა (მიატოვეს) ან განაცხადა (განაცხადეს) ბავშვის მიტოვების თაობაზე), თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული, დროში აღმოფხვრადი მიზეზები. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მშობლის (მშობლების) უფლება-მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება და ამ მოვალეობებს შეასრულებს და უფლებებს განახორციელებს სააგენტო.

8. პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI,№51,29.09.2010წ.,მუხ.332

    მუხლი 15. მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვა

1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლებსაც სურთ, შვილად აიყვანონ ბავშვი, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადს წარუდგენენ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, რომელიც იწყებს მშვილებელი ოჯახის/პირის შეფასებას.

2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლის თანხმობისას მშვილებელი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მეუღლის თანხმობა, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს;

ბ) საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა) ასლი;

გ) ქორწინების მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;

დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;

ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა;

ვ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

3. უცხო ქვეყნის მოქალაქე ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ განაცხადს და დოკუმენტებს, ასევე მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებულ კვლევას ოჯახის თაობაზე წარუდგენს სააგენტოს.

4. ბავშვის შეთავაზებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა მშვილებელი ოჯახი/პირი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის აყვანის შესახებ. აღნიშნული ვადის გადაცილება ჩაითვლება შეთავაზებული ბავშვის აყვანაზე უარის თქმად.

5. შვილად აყვანასთან (გაშვილებასთან) დაკავშირებული ინფორმაციის და გაშვილებულ ბავშვთა ბიოგრაფიული მონაცემების შენახვისა და გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

6. მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვის წესს ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 16. შვილად აყვანასთან დაკავშირებული შეზღუდვები

1. აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე.

2. აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ ქმედებაში ხელის შეწყობა.

3. აკრძალულია გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლის საჯარო განცხადებით ძებნა ან შეთავაზება. გამონაკლისია საჯარო განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შვილად აყვანის საკითხებზე უნდა მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ორგანოს. ასეთ განცხადებაში არ მიეთითება გასაშვილებელი ბავშვის ვინაობა.

4. შვილად აყვანა არ შეიძლება პირობით, ვადის მითითებით ან წარმომადგენლის მეშვეობით. შვილად აყვანის დროს მშვილებელს უფლება აქვს, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის იურიდიული მომსახურებით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეს – მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი – სხვა შესაბამისი აკრედიტებული იურიდიული პირის მომსახურებით.

5. მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა.

6. დედინაცვლის/მამინაცვლის მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს არ მოქმედებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა.

7. დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს.

8. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, შვილად აყვანის პროცედურებში მონაწილეობს, თავისი სურვილისამებრ, როგორც საქართველოს მოქალაქე ან როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე.

    მუხლი 17. შვილად აყვანის უპირატესი უფლება

1. გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს. ამ შემთხვევაში ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა ან რომელიმე მათგანის შვილი, დედინაცვალი, მამინაცვალი. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს ასევე მიმღებ ოჯახს – დედობილს ან/და მამობილს – ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან არა უადრეს 6 თვისა. შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს ასევე ის მშვილებელი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან/და ძმა. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აგრეთვე გამოიყენება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული შვილად აყვანის პირობები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრის ფარგლებში.

3. შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იქნეს არა მხოლოდ რეესტრში არსებული რიგითობა, არამედ გასაშვილებელი ბავშვის ინტერესები, და გათვალისწინებული უნდა იქნეს მშვილებელ ოჯახთან/პირთან მისი თავსებადობა. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი. შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში მშვილებელი ინარჩუნებს არსებულ რიგითობას და მას უნდა შესთავაზონ სხვა ბავშვი მის მიერ შერჩეული კრიტერიუმების შესაბამისად, ხოლო ბავშვი უნდა შესთავაზონ სხვა მშვილებელს დადგენილი წესით.

4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო შვილად აყვანის პროცედურების განხორციელებისას შვილად აყვანის უპირატესი უფლების გამოყენებისას შეიმუშავებს დასკვნას ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 18. შვილად აყვანის შესახებ დასკვნა

1. სააგენტო სოციალური მუშაკის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ამზადებს დასკვნას მშვილებლის რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 1 კვირის ვადაში.

2. შვილად აყვანის შესახებ დასკვნაში აღინიშნება:

ა) მშვილებლის ბიოგრაფიული მონაცემები, პიროვნული თვისებები, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბავშვის შვილად აყვანის მოტივი;

ბ) გასაშვილებელი ბავშვის ბიოგრაფიული მონაცემები, პიროვნული თვისებები, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

3. საჭიროების შემთხვევაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნა უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ეთნიკური და კულტურული გარემოს გათვალისწინებით აღზრდის შესაძლებლობას.

4. ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე გაშვილების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნა შვილად აყვანის შესახებ მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

5. საერთაშორისო გაშვილების შემთხვევაში სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა შვილად აყვანის შესახებ მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

6. შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებისა და გაცემის წესებს ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 19. საერთაშორისო გაშვილება

1. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მისი შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან შეუძლია იშვილოს რეესტრში აღრიცხვაზე მყოფი, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე პირი, რომელიც რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვეში ვერ აიყვანა შვილად საქართველოს მოქალაქემ. ამ შემთხვევაში სააგენტო ატარებს კვლევას, რომლის საფუძველზე მომზადებულ დასკვნაშიც უნდა აღინიშნოს მიზეზები, რომელთა გამოც საქართველოში ვერ მოინახა ამ ბავშვისათვის მშვილებელი. ჩატარებული კვლევის საფუძველზე სააგენტო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით იწყებს მისი უცხო ქვეყანაში გაშვილების პროცედურას.

3. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადა შეამციროს სასამართლომ.

4. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გასაშვილებლად სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.

5. საერთაშორისო გაშვილების საკითხებში კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად უკავშირდება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ანალოგიურ სამსახურებს და ცვლის მათთან ინფორმაციას.

6. თუ რომელიმე უცხო ქვეყანა არ არის ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე ან/და მისი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანო, მაშინ მინისტრი ამტკიცებს მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოსთან (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციასთან) დასადები სპეციალური ხელშეკრულების ფორმას. სააგენტოს მიერ მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის, „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“ გაეროს კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნებს.

7. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა შეიძლება, თუ მშვილებელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აღრიცხულია რეესტრში.

8. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანის ფაქტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

    მუხლი 20. შვილად აყვანის საქმის წარმოება სასამართლოში

1. საბოლოო გადაწყვეტილება ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გამოაქვს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

2. მშვილებელს ბავშვის შვილად აყვანის შესახებ განცხადება შეაქვს სასამართლოში მშვილებლის ან გასაშვილებელი ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით.

3. გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებს იცავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი.

4. საერთაშორისო გაშვილების დროს გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებს სასამართლოში იცავს სააგენტოს უფლებამოსილი პირი.

    მუხლი 21. სასამართლოს მიერ შვილად აყვანის საქმის განხილვა

1. შვილად აყვანის საქმე განიხილება დახურულ სასამართლო სხდომაზე, ასეთი საქმეების განხილვისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2. აკრძალულია ბავშვის შვილად აყვანა მშვილებლის სასამართლო სხდომაში მონაწილეობის გარეშე. სასამართლო პროცესს უნდა ესწრებოდეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი.

3. საპატიო მიზეზების არსებობისას სასამართლო სხდომა შეიძლება გაიმართოს ერთ-ერთი მშვილებლის მონაწილეობით.

4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შვილად აყვანა შეესაბამება გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებს და ემსახურება მის კეთილდღეობას, იგი ბავშვის შვილად აყვანის შესახებ განცხადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 349-ე და 351-ე მუხლებით დადგენილი წესით გამოიტანს გადაწყვეტილებას ბავშვის შვილად აყვანის შესახებ.

5. სასამართლო ვალდებულია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

6. შვილად აყვანა ძალაშია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

7. მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის (თუ იგი 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა) მოთხოვნით სასამართლო სხდომა შეიძლება იყოს ღია, ხოლო ინფორმაცია – საჯარო.

    მუხლი 22. შვილად აყვანაზე (გაშვილებაზე) უარი

1. შვილად აყვანის (გაშვილების) პროცედურის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ არა უგვიანეს სასამართლოს მიერ შვილად აყვანის (გაშვილების) საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისა, მშობელს (მშობლებს) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობის არსებობისას, აგრეთვე მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს, თუ იგი 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა, შეუძლიათ უარი განაცხადონ შვილად აყვანაზე (გაშვილებაზე).

2. სასამართლოს მიერ შვილად აყვანის (გაშვილების) საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია შეცვალოს საკუთარი დასკვნა და მოითხოვოს სასამართლო პროცესის შეჩერება.

    მუხლი 23. სამოქალაქო აქტებში ცვლილებების შეტანა

1. მშვილებლის მოთხოვნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოტივით ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და განსაკუთრებული მიზეზის არსებობისას – დაბადების თარიღი. დაბადების თარიღი არ შეიძლება შეიცვალოს ერთ თვეზე მეტი ვადით.

2. მშვილებლის მოთხოვნით ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში იგი მიეთითება ნაშვილების მშობლად.

3. 10  წელს მიღწეული ბავშვის სახელის, გვარის, დაბადების ადგილისა და დაბადების თარიღის შეცვლა, აგრეთვე დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად მშვილებლის მითითება ხორციელდება ბავშვის თანხმობით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მშვილებლის მოთხოვნით.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5572-ვებგვერდი , 28.12.2011წ.

    მუხლი 24. შვილად აყვანის სამართლებრივი შედეგები

1. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნაშვილები კარგავს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობებისაგან თავისი ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და ნათესავების წინაშე.

2. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მეუღლეების მიერ ბავშვის შვილად აყვანის ან ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლის შვილის შვილად აყვანის დროს ბავშვი იძენს მეუღლეთა ქორწინების საერთო შვილის სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მშობლისა და შვილისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობების შესაბამისად.

3. ნაშვილები და მისი შთამომავლობა მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ პირადი და ქონებრივი უფლება-მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ბიოლოგიურ ნათესავებს, ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები – ნაშვილებსა და მის შთამომავლობას.

4. ნაშვილების მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დადგება მიუხედავად იმისა, მიეთითება თუ არა მშვილებელი ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მის მშობლად.

    მუხლი 25. შვილად აყვანის საიდუმლოობა

1. მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, ბიოლოგიური მშობელი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს თანამშრომელი და შვილად აყვანის პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ შვილად აყვანის პროცედურის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია.

2. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება ბიოლოგიური მშობლის, მშვილებლისა და სრულწლოვანი ნაშვილების თანხმობის გარეშე აკრძალულია , გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. პასუხისმგებლობა ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5572-ვებგვერდი.28.12.2011წ.

    მუხლი 26. გაშვილების შემდგომი კონტროლი

1. საერთაშორისო გაშვილების დროს ცენტრალური ორგანო ვალდებულია სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოს (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციას) მოსთხოვოს საქართველოდან გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ყოველწლიურად მოწოდება სპეციალური ფორმის შესაბამისად, სანამ გაშვილებულ ბავშვს არ შეუსრულდება 18 წელი.

2. სამინისტრო ამტკიცებს საქართველოდან გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდების სპეციალურ ფორმას.

    მუხლი 27. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ან ბათილად ცნობა

1. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ:

ა) შვილად აყვანა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

ბ) ამას მოითხოვს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნაშვილების ინტერესების გათვალისწინებით;

გ) სასამართლო გადაწყვეტილება შვილად აყვანის შესახებ ეფუძნება ყალბ დოკუმენტებს;

დ) შვილად აყვანა ფიქციურია.

2. შვილად აყვანის გაუქმების შესახებ საქმის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ.

3. სასამართლოს შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ეს შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს.

4. თუ ნაშვილები 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა, შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია მხოლოდ ნაშვილების თანხმობით.

5. აკრძალულია შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ნაშვილების მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებაზე თანახმა არიან მშვილებელი, ნაშვილების ბიოლოგიური მშობელი და ნაშვილები.

6. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 28. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების  გაუქმების მოთხოვნის დაყენებაზე უფლებამოსილი პირი და ასეთი მოთხოვნით განცხადების წარდგენის წესი

1. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში განცხადების წარდგენა შეუძლიათ:

ა) ნაშვილების ბიოლოგიურ მშობელს (მშობლებს), თუ შვილად აყვანა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ ეს აუცილებელია ნაშვილების ინტერესების დასაცავად.

2. დაინტერესებული პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ შვილად აყვანა არ შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს და იგი უნდა გაუქმდეს, ამის თაობაზე აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელიც წყვეტს შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით განცხადების სასამართლოში წარდგენის საკითხს.

3. განცხადება შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარედგინება სასამართლოს მშვილებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. თუ მოსარჩელე არის ნაშვილების ბიოლოგიური მშობელი (მშობლები) და მისთვის (მათთვის) უცნობია მშვილებლის ვინაობა, განცხადება შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარედგინება სასამართლოს ამ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

5. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში საქმე განიხილება საერთო სასარჩელო წარმოების წესით და საქმის განხილვაში მოპასუხედ უნდა ჩაებას მშვილებელი.

    მუხლი 29. შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის შედეგები

1. შვილად აყვანა ბათილად ცნობილად ჩაითვლება შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან.

2. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ, ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში გაუგზავნოს იგი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

3. შვილად აყვანის ბათილად ცნობისას ნაშვილებსა და მშვილებელს, აგრეთვე მათ ნათესავებს შორის წყდება არსებული უფლება-მოვალეობანი. შვილად აყვანის გაუქმებისას უფლება-მოვალეობები აღდგება შვილსა და ბიოლოგიურ მშობელს (მშობლებს) და შთამომავლობით ნათესავებს შორის.

4. თუ შვილად აყვანა გაუქმებულია მშვილებლის მიერ ბავშვის აღზრდის მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, ბავშვს უნარჩუნდება მშვილებლისაგან ალიმენტის მიღების უფლება.

5. შვილად აყვანის გაუქმებისას სასამართლომ ბავშვის ინტერესების შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს შვილად აყვანისას ბავშვისათვის მიკუთვნებული გვარის, სახელისა და სხვა მონაცემების შენარჩუნების საკითხი. თუ ბავშვი 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მისი სურვილიც უნდა გაითვალისწინოს.

6. შვილად აყვანის ბათილად ცნობის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი პირი გადაეცემა მშობელს (მშობლებს), ხოლო თუ ეს შეუძლებელია ან მის ინტერესებს ეწინააღმდეგება, – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5572-ვებგვერდი.28.12.2011წ.

თავი IV. მინდობით აღზრდის პროცედურები

    მუხლი 30. დედობილის/მამობილის აღრიცხვა

1. საქართველოს მოქალაქემ, საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა მოქალაქეობის არმქონე პირმა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომლებსაც სურთ ბავშვის მინდობით აღზრდა (მათ შორის, გადაუდებელი მინდობით აღზრდა), უნდა მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. დედობილის/მამობილის აღრიცხვას სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე ახორციელებენ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 31. მინდობით აღზრდის შესახებ დასკვნის მომზადება და  გადაწყვეტილების მიღება

1. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ენიჭებათ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის საჭიროებებისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა შესაძლებლობების თაობაზე ჩატარებული კვლევისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა).

2. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:

ა) გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა სურვილი ბავშვის ასაკთან, სქესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით;

ბ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვის ახლო ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ გარემოში აღზრდის შესაძლებლობა;

გ) ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა ოჯახში მცხოვრები ბავშვების, მათ შორის, ბიოლოგიური შვილების და შვილად აყვანილი ბავშვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შვიდს;

დ) 10 წელს მიღწეული ბავშვის მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით;

ე) დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს;

ვ) მინდობით აღსაზრდელსა და დედობილს/მამობილს შორის ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს არანაკლებ 15 წლისა.

3. მინდობით აღზრდის პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 32. ხელშეკრულება ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დედობილთან/მამობილთან დებს ხელშეკრულებას ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ.

2. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ვადით, მინდობით აღსაზრდელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე.

3. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:

ა) ბავშვზე ზრუნვისა და მისი აღზრდის პირობებს;

ბ) დედობილის/მამობილის უფლებებსა და მოვალეობებს;

გ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებებსა და მოვალეობებს;

დ) მინდობით აღსაზრდელის უფლებებსა და მოვალეობებს;

ე) მხარეთა პასუხისმგებლობას;

ვ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს.

4. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 33. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა

1. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:

ა) მიმღები ოჯახის ინიციატივით, თუ არსებობს დასაბუთებული მიზეზი (ავადმყოფობა, ოჯახური ან მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, მინდობით აღსაზრდელსა და მიმღები ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი);

ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით, თუ მიმღებ ოჯახში შექმნილია მინდობით აღსაზრდელზე ზრუნვისა და მისი აღზრდისათვის საზიანო პირობები და გარემო;

გ) მინდობით აღსაზრდელის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში;

დ) მინდობით აღსაზრდელის შვილად აყვანის შემთხვევაში;

ე) თუ მინდობით აღსაზრდელი გ ახდა სრულწლოვანი;

ვ) თუ მინდობით აღსაზრდელი დაქორწინდა;

ზ) ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში;

თ) ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე.

2. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ბავშვი გადაეცემა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელმაც უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

    მუხლი 34. დედობილის/მამობილის ფინანსური უზრუნველყოფა

1. მინდობით აღსაზრდელზე ზრუნვის ხარჯები იფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. დედობილი/მამობილი ბავშვის მინდობით აღზრდისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს სოციალურ დახმარებას, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3. დედობილს/მამობილს მინდობით აღსაზრდელის მინდობით აღზრდა ეთვლება შრომით სტაჟში.

    მუხლი 35. მიმღები ოჯახის მოვალეობანი და პასუხისმგებლობა

1. მიმღებ ოჯახს მინდობით აღსაზრდელის მიმართ აკისრია შემდეგი მოვალეობანი:

ა) იზრუნოს მინდობით აღსაზრდელზე მისი ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად;

ბ) შეუქმნას მინდობით აღსაზრდელს ნორმალური ოჯახური გარემო;

გ) აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მინდობით აღსაზრდელისათვის საზიანო პირობებისა და გარემოს შექმნის შესახებ;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყოს მინდობით აღსაზრდელის ურთიერთობას მის კანონიერ წარმომადგენელთან და სხვა ნათესავებთან;

ე) იცხოვროს მინდობით აღსაზრდელთან ერთად;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებები და შეასრულოს მოვალეობები.

2. პასუხისმგებლობა დედობილის/მამობილის მიერ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შეუსრულებლობისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 36. მინდობით აღსაზრდელის უფლებები მიმღებ ოჯახში

1. მინდობით აღსაზრდელი სარგებლობს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით ბავშვის მიმართ დადგენილი ყველა უფლებით.

2. მიმღებ ოჯახში მინდობით აღსაზრდელთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას დაცული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებაში მინდობით აღსაზრდელის მონაწილეობისა და მისი აზრის პატივისცემის პრინციპი.

3. მინდობით აღზრდა არ ზღუდავს მინდობით აღსაზრდელის უფლებებს ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ.

თავი V.  გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 37. გარდამავალი დებულებანი

2010 წლის 1 მარტამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება;

ბ) შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებისა და გაცემის წესების დამტკიცება;

გ) მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვის წესის დამტკიცება;

დ) გასაშვილებელ ბავშვთა აღრიცხვის წესის დამტკიცება;

ე) დაავადებათა სიის დამტკიცება, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის აყვანის, ხოლო აღმზრდელს – ბავშვის მინდობით აღზრდის უფლება;

ვ) ამ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სხვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მათი გამოცემა.

    მუხლი 38. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების  ძალადაკარგულად ცნობა

2010 წლის 1 მარტიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი „შვილად აყვანის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 27.12.2007, მუხ. 416);

ბ) საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი „მინდობით აღზრდის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 27.12.2007, მუხ. 413).

    მუხლი 39. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–36-ე და 38-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი–36-ე და 38-ე მუხლები ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ . სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 18 დეკემბერი.

№2381-II

შეტანილი ცვლილებები:

1 . საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI,№51,29.09.2010წ.,მუხ.332

2 . საქართველოს 201 1 წლის 20 დეკემბრის კანონი №5572-ვებგვერდი , 28.12.2011წ.