საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5354-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111208020, 08/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.016504
  • Word
5354-IIს
25/11/2011
ვებგვერდი, 111208020, 08/12/2011
030000000.05.001.016504
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო აცნე, 39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII8 თავი:

თავი VII8

ადმინისტრაციული სამართალწარმოება ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით

    მუხლი 2130. მოსამართლის ბრძანება პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე

ბრძანებას ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) წესდების მე-7 თავის შესაბამისად მიღებული რეზოლუციებით (შემდგომ − გაეროს რეზოლუციები) განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − კომისია) შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

შენიშვნა: ამ თავის მიზნებისთვის ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, ან ამ შემოსავლით შეძენილი ქონება, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობენ, სარგებლობენ ან განკარგავენ ამ თავით განსაზღვრული პირები.

    მუხლი 2131. კომისიის შუამდგომლობა

კომისიის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს და მასში უნდა მიეთითოს ტერორიზმთან დაკავშირებული ან გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის და მისი ქონების შესახებ მონაცემები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    მუხლი 2132. ქონებაზე ყადაღის დადების საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე გადაწყვეტილებას კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში, ტერორიზმთან დაკავშირებული ან გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული პირისათვის შეუტყობინებლად.

2. მოსამართლე კომისიის შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

3. კომისიის შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე მხედველობაში იღებს ყადაღას დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებებს.

4. თუ კომისიის შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ მასში მითითებული პირი არის გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული პირი ან/და არის ტერორისტი, აფინანსებს ტერორიზმს ან რაიმე ფორმით არის ტერორიზმთან დაკავშირებული, იგი გამოსცემს ბრძანებას აღნიშნული პირის ქონებაზე ან მის ნაწილზე ყადაღის დადების თაობაზე.

5. მოსამართლის ბრძანებაში პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) მონაცემები შუამდგომლობის ავტორის შესახებ;

დ) მონაცემები შუამდგომლობაში მითითებული პირის შესახებ;

ე) შუამდგომლობის დაკმაყოფილებისას − მონაცემები შუამდგომლობაში მითითებული პირის ქონების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6. პირის ქონებაზე ყადაღის დადება ხდება უვადოდ, ვიდრე არ მოხდება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმება.

7. მოსამართლის ბრძანება დგება სამ ცალად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, მეორე ეგზავნება კომისიას, ხოლო მესამე − შუამდგომლობაში მითითებულ პირს. თუ აღნიშნული პირისთვის ბრძანების გადაცემა ვერ ხერხდება, იგი ქვეყნდება საჯაროდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.

    მუხლი 2133. ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანების ძალაში შესვლა და გასაჩივრება

1. პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას.

2. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში, ხოლო თუ გადაცემა ვერ ხერხდება მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

3. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება მისი შეტანიდან 15 დღის ვადაში.

4. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

    მუხლი 2134. კომისიის შუამდგომლობა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. კომისიას უფლება აქვს, ბრძანების გამომცემ სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით პირის ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე შემდეგ შემთხვევებში:

ა) გაეროს რეზოლუციებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად პირი ამოღებულ იქნა გაეროს რეზოლუციიდან ან ამ პირის მიმართ სანქციები გაუქმდა;

ბ) კომისიის მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირი, რომლის ქონებასაც დაედო ყადაღა, არ წარმოადგენდა გაეროს რეზოლუციებში მითითებულ პირს;

გ) კომისიის მიერ პირი ამოღებულ იქნა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების სიიდან;

დ) გარკვეული გარემოებების გამო მიზანშეწონილი აღარ არის პირის ქონებაზე ყადაღის მოქმედება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას განიხილავს თავდაპირველი ბრძანების გამომცემი სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით.

3. მოსამართლე ბრძანებით აუქმებს პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე ბრძანებას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 25 ნოემბერი.

№5354-II