დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5294-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/11/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111201028, 01/12/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 010230000.05.001.016476 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზანი
1. ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის (შემდგომ – კონტროლის პალატა) სტატუსს და დამოუკიდებლობის გარანტიებს.
2. კონტროლის პალატის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და ორგანიზაცია განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) „ა“ –„ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „ვ“–„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ფინანსური აუდიტი მოიცავს:
ვ.ა) აუდიტის ობიექტის ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;
ვ.ბ) საქართველოს მთავრობის ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;
ვ.გ) საქმიანობისა და ფინანსური სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას;
ვ.დ) შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციის შემოწმებას;
ვ.ე) აუდიტის ობიექტის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად მართვის შემოწმებას;
ვ.ვ) აუდიტიდან გამომდინარე ნებისმიერი საკითხის შესწავლას, შეფასებას და ანგარიშის წარდგენას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად;
ზ) შესაბამისობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის კანონიერებისა და მიზნობრიობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;
თ) ეფექტიანობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის ან/და განხორციელებული პროგრამების/პროექტების ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;“.
3. მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კონტროლის პალატის სტატუსი და დამოუკიდებლობა“.
4. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. კონტროლის პალატის საქმიანობის ძირითადი მიზნები
კონტროლის პალატის საქმიანობის ძირითადი მიზნებია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.
მუხლი 5. კონტროლის პალატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები
1. კონტროლის პალატა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. კონტროლის პალატა ხელმღვანელობს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დეკლარირებული ძირითადი პრინციპებით.
3. კონტროლის პალატის საქმიანობის პრინციპებია:
ა) ობიექტურობა;
ბ) დამოუკიდებლობა;
გ) საჯაროობა;
დ) პროფესიონალიზმი.“.
5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. კონტროლის პალატის უფლებამოსილება
კონტროლის პალატა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად:
ა) ახორციელებს აუდიტს ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა და გასცეს დასკვნები საფინანსო და ეკონომიკური სფეროების მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, ასევე იმ პროგრამებზე, რომელთა დასაფინანსებლად განსაზღვრულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრების გამოყენება ან რომლებიც გავლენას ახდენს ამ სახსრების ფორმირებაზე, აგრეთვე საქართველოს პარლამენტს, სხვა შესაბამის ორგანოებსა და დაწესებულებებს წარუდგინოს საგადასახადო კანონმდებლობის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემასა და სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები.“.
6. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კონტროლის პალატის ორგანიზაცია და სტრუქტურა“.
8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. კონტროლის პალატის სისტემა
1. კონტროლის პალატას ხელმძღვანელობს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
2. კონტროლის პალატა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, მათ შორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში. კონტროლის პალატის სტრუქტურას განსაზღვრავს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
3. კონტროლის პალატაში იქმნება პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობასა და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
4. კონტროლის პალატის ორგანიზებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ამ კანონისა და კონტროლის პალატის რეგლამენტის შესაბამისად.“.
9. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
10. მე-10 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კონტროლის პალატის მოსამსახურეებს;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) თანამდებობაზე ნიშნავს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით;“;
გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ამტკიცებს საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებს და თანამდებობრივ სარგოებს კონტროლის პალატისათვის დადგენილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში;“;
დ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ორგანიზებას უწევს ერთგვაროვანი აუდიტორული პრაქტიკის განვითარების მიზნით აუდიტის შედეგებზე ჩამოყალიბებული შეფასებების განზოგადებას;
ი) უფლებამოსილია მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელების მიზნით გამოსცეს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებები;“;
ვ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:
„პ1) უფლებამოსილია კონტროლის პალატის წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს კონტროლის პალატის მოსამსახურეს;“.
11. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი
კონტროლის პალატის პრეზიდიუმი სათათბირო ორგანოა. იგი უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული დავა კონტროლის პალატის აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით ამ კანონის VI თავის შესაბამისად.“.
12. IV თავი ამოღებულ იქნეს.
13. მე-17−მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. კონტროლის პალატის აუდიტორული უფლებამოსილება
1. კონტროლის პალატის აუდიტორული უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ 50 პროცენტი და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, სხვა იურიდიულ პირებზე, ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე.
2. საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად კონტროლის პალატა ამოწმებს:
ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებას;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების პროექტების შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას;
გ) სახელმწიფო ვალის ფორმირებასა და მართვას, სახელმწიფო კრედიტების გაცემას;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოში რეგისტრირებულ საკრედიტო და საფინანსო დაწესებულებებში სახელმწიფო სახსრების მოძრაობის კანონიერებას;
ვ) საქართველოს დიპლომატიური სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და გამოყენებას. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის კორპორაციის) საქმიანობას კონტროლის პალატა ამოწმებს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გადაცემული ქონების ან/და სახსრების ხარჯვისა და გამოყენების ფარგლებში. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) მიმართ;
თ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების მართვასა და განკარგვას;
ი) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომელშიც ავტონომიური რესპუბლიკა ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტსა და მეტს, ასევე სახელმწიფოს მიერ 50 პროცენტი და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდები – აქცია, წილი − განთავსებულია ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ამ საწარმომ ინფორმაცია თავისი ფინანსური ანგარიშგების შესახებ მოთხოვნისამებრ უნდა წარუდგინოს კონტროლის პალატას;
კ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ სახელშეკრულებო ვალდებულებასა და სესხს, რომლის გარანტად დგას სახელმწიფო, აგრეთვე მის საქმიანობას იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საბიუჯეტო ან სახელმწიფო ფონდების კუთვნილი თანხების, ასევე რაიმე ფორმით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების გამოყენებასთან ან მართვასთან;
ლ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების მართლზომიერებას.
3. კონტროლის პალატა დამოუკიდებლად განსაზღვრავს წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმას.
მუხლი 18. არაგეგმური აუდიტი
არაგეგმური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტი ტარდება საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით, აგრეთვე კონტროლის პალატის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის, საპარლამენტო უმცირესობის ან/და იმ ფრაქციის მიმართვის საფუძველზე, რომელიც არ არის გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში.
მუხლი 19. აუდიტის ჩატარების ვადა
აუდიტის ჩატარების ვადაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.“.
14. მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონით დადგენილი აუდიტის ჩატარების უფლება აქვთ აუდიტორსა და აუდიტორ-სტაჟიორს.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. კონტროლის პალატა უფლებამოსილია აუდიტის ჩასატარებლად მოიწვიოს კერძო სამართლის სუბიექტი, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი უფლება-მოვალეობები.“;
გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-3 პუნქტის:
დ.ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აუდიტის განმახორციელებელი კონტროლის პალატის მოსამსახურეები უფლებამოსილი არიან, აუდიტის განხორციელების მიზნით:“;
დ.ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია და ნებისმიერი დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), აუდიტის ობიექტს მოსთხოვონ დოკუმენტური მასალის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა, გადაიღონ დოკუმენტების ასლები;“;
დ.გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საჭიროების შემთხვევაში დალუქონ საწყობები, არქივები და სალაროები, გარდა კერძო სამართლის სუბიექტისა;“;
ე) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. კონტროლის პალატა თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით უფლებამოსილია ცალკეული გადასახადის გადამხდელების შესახებ მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია (საგადასახადო საიდუმლოება) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
32. კონტროლის პალატის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება აუდიტის ობიექტისათვის სავალდებულოა.“;
ვ) მე-4 პუნქტის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აუდიტის ობიექტს გააცნონ აუდიტის სახეობა, მიზანი, პერიოდი და მხარეთა უფლება-მოვალეობანი;
გ) უზრუნველყონ სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) აუდიტის შედეგები არ გახადონ საჯარო აუდიტის ანგარიშის შედგენამდე;
ე) აუდიტის პროცესში შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დოკუმენტების ორიგინალები დაურთონ აუდიტის მასალებს, ხოლო მათი დამოწმებული ასლები დატოვონ აუდიტის ობიექტში;“;
ზ) მე-5−მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
15. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სპეციალისტსა და ექსპერტზე ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით, მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 31 პუნქტით დადგენილი უფლება-მოვალეობებისა.“.
16. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
17. 23-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუდიტის ობიექტს უფლება აქვს:
ა) აუდიტის პროცესში წარადგინოს შენიშვნები და მოსაზრებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) გაასაჩივროს აუდიტის ანგარიში ამ კანონით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) გამოყოს კონტროლის პალატასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუდიტის ობიექტი ვალდებულია კონტროლის პალატის მიერ დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით წარადგინოს სრული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. შესაბამისი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში აუდიტის ობიექტს შეუძლია კონტროლის პალატას მიმართოს თხოვნით, გააგრძელოს ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. კონტროლის პალატა უფლებამოსილია, აუდიტის ობიექტის თხოვნით, აღნიშნული ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ, არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.“;
დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
18. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. აუდიტის შედეგების რეალიზაცია
1. აუდიტის შედეგებზე დგება ანგარიში. კონტროლის პალატა უფლებამოსილია აუდიტის შედეგებზე ასევე შეიმუშაოს რეკომენდაცია. აუდიტის ანგარიში და რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარედგინება აუდიტის ობიექტს, ასევე შეიძლება წარედგინოს აუდიტის ობიექტის ზემდგომ ორგანოს ან იმ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია აუდიტის ობიექტი.
2. კონტროლის პალატა უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში აუდიტის ობიექტის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას წინასწარი აუდიტის შედეგებზე შეიმუშაოს რეკომენდაცია და გაუგზავნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტს.
3. რეკომენდაციის შესაბამისად გატარებული ღონისძიებების შესახებ კონტროლის პალატას უნდა ეცნობოს 1 თვეში, თუ კონტროლის პალატის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.
4. კონტროლის პალატა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაციას ყოველწლიურად წარუდგენს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
5. კონტროლის პალატა უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას გაუგზავნოს ინფორმაცია აუდიტის შედეგებზე, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წინაშე დასვას აუდიტის შედეგების განხილვის საკითხი და გაატაროს სხვა შესაბამისი ღონისძიებები დარღვევათა თავიდან ასაცილებლად.“.
19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:
„მუხლი 241. კონტროლის პალატის ურთიერთობა სამართალდამცავ ორგანოებთან
1. დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს. სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნება მხოლოდ ის მასალა (ან მისი ნაწილი), რომელიც უშუალოდ შეიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ. წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებისა და მისი რეალიზაციის ღონისძიებათა შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აცნობონ კონტროლის პალატას.
2. კონტროლის პალატა უფლებამოსილია სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიმართვის საფუძველზე ექსპერტად ჩართოს აუდიტორი.“.
20. 25-ე და 26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. კონტროლის პალატის საქმიანობის შედეგების გამოქვეყნება
კონტროლის პალატა უფლებამოსილია გამოაქვეყნოს აუდიტის ანგარიში, აგრეთვე სხვა ინფორმაცია მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, იგი ვალდებულია არ გაამჟღავნოს კანონით დაცული საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ეხება აუდიტის ობიექტს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 26. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები
1. კონტროლის პალატა აუდიტორული საქმიანობის განხორციელებისას იყენებს აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დეკლარირებულ საჯარო სექტორის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს.
2. კონტროლის პალატა აუდიტის პროცედურებთან დაკავშირებით შეიმუშავებს და ამტკიცებს მეთოდოლოგიებს, სახელმძღვანელოებსა და ინსტრუქციებს.“.
21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:
„თავი V1
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
მუხლი 261. პასუხისმგებლობა კონტროლის პალატის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის
კონტროლის პალატისათვის აუცილებელი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მიწოდებისთვის თავის არიდება, მცდარი ინფორმაციის წარდგენა, მის საქმიანობაში ჩარევა ან მისი საქმიანობისთვის სხვაგვარად ხელის შეშლა −
გამოიწვევს პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
მუხლი 262. სამართალწარმოება
1. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
2. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. დაჯარიმების შესახებ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევს ასევე ეკისრება იმ მოვალეობის შესრულება, რომლის შეუსრულებლობისთვისაც მას შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას იმ მოვალეობის შესრულების ნაწილში, რომლის შეუსრულებლობისთვისაც სამართალდამრღვევს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
3. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.“.
22. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კონტროლის პალატის აუდიტის ანგარიშის გასაჩივრება“.
23. 27-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კონტროლის პალატის აუდიტის ანგარიშის გასაჩივრება“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუდიტის ობიექტები, რომლებიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, არიან ადმინისტრაციული ორგანოები, უფლებამოსილი არიან, კონტროლის პალატის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ მხოლოდ კონტროლის პალატაში.
2. აუდიტის ობიექტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოებისა, უფლებამოსილი არიან, კონტროლის პალატის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ უშუალოდ კონტროლის პალატაში, ასევე სასამართლოში – კანონით დადგენილი წესით.“.
24. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
25. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. საჩივრის განხილვის წესი
1. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს მისი წარდგენიდან 20 დღის ვადაში. განსახილველი საქმის სირთულის გათვალისწინებით, ეს ვადა, პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 20 დღით.
2. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების სხვა საკითხები განისაზღვრება კონტროლის პალატის რეგლამენტით.“.
26. 30-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
27. VII და VIII თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VII
კონტროლის პალატის ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან. საერთაშორისო ურთიერთობები
მუხლი 31. მოხსენებები, ანგარიშები და ინფორმაციები
1. კონტროლის პალატა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 1 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის შესახებ.
2. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა წარუდგენს თავის მოხსენებას. მოხსენებასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინება კონტროლის პალატის დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ.
3. კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. ეს ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა. ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საჯაროდ.
4. კონტროლის პალატის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშები ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
5. კონტროლის პალატა 2 წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების შესახებ.
მუხლი 311. კონტროლის პალატის საერთაშორისო ურთიერთობები
კონტროლის პალატა უფლებამოსილია სხვა სახელმწიფოთა უმაღლეს აუდიტორულ, მაკონტროლებელ და სხვა შესაბამის ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადოს შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ.
თავი VIII
კონტროლის პალატაში სამსახურებრივი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები. სოციალური დაცვის გარანტიები
მუხლი 32. სამსახურებრივი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები
კონტროლის პალატის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, როგორებიცაა სამსახურში მიღება და სამსახურიდან განთავისუფლება, უფლება-მოვალეობანი, სამსახურისა და სტაჟირების გავლის, პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები სხვაგვარად რეგულირდება ამ კანონითა და კონტროლის პალატის თავმჯდომარის ნორმატიული აქტით.
მუხლი 321. საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი
1. საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი ადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და ფუნქციების განხორციელებისას მოსამსახურეთა ქცევის წესებსა და ნორმებს.
2. კონტროლის პალატის მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი.
3. საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
მუხლი 322. კონტროლის პალატის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება
1. კონტროლის პალატის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შრომის ანაზღაურების ოდენობაზე ნაკლები.
2. კონტროლის პალატის აუდიტორის შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას კონტროლის პალატის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაითვალისწინოს საქართველოში მოქმედ უმსხვილეს აუდიტორულ ფირმებში არსებული შრომის ანაზღაურების დონე.
3. კონტროლის პალატის დანარჩენ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 33. სოციალური დაცვა
1. აუდიტორი ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ზიანი, რომელიც მიადგა აუდიტორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონით დადგენილი წესით.
2. აუდიტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან 1 წლის განმავლობაში.
3. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით. იგი იკრძალება სახელმწიფოს ხარჯზე.
4. კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებაში შრომისუნარიანობის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვისას ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
5. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“.
28. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35. კონტროლის პალატის აუდიტი
კონტროლის პალატის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტს ახორციელებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია.“.
29. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი:
„თავი IX1
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი
მუხლი 361. საჯარო აუდიტის ინსტიტუტი
1. საჯარო აუდიტის ინსტიტუტი (შემდგომ − ინსტიტუტი) არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ინსტიტუტის დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
2. ინსტიტუტის ფუნქციებია: საჯარო აუდიტის სწავლება, საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება (შემდგომ − სერტიფიცირება) და განგრძობადი სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, კვლევითი/ანალიტიკური, საექსპერტო, საკონსულტაციო და საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურება.
3. ინსტიტუტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
4. ინსტიტუტის დებულებას ამტკიცებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
5. ინსტიტუტის დაფინანსება ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მათ შორის, კონტროლის პალატის მიერ სუბსიდირების გზით.
6. ინსტიტუტის მომსახურების საფასურს, მისი გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ინსტიტუტი.
7. ინსტიტუტის მომსახურების შესყიდვაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
8. ინსტიტუტის სახსრები და შემოსავლები ხმარდება ინსტიტუტის ფუნქციების შესრულებას და კონტროლის პალატის სისტემის განვითარებას.
9. ინსტიტუტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კონტროლის პალატა.
მუხლი 362. ინსტიტუტის აუდიტორული მომსახურების ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა
1. ინსტიტუტი პასუხისმგებელია აუდიტორული მომსახურების ხარისხის კონტროლის სათანადო პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებასა და გამოყენებაზე.
2. ინსტიტუტის აუდიტორული მომსახურების ხარისხს უზრუნველყოფს კონტროლის პალატა.
მუხლი 363. ინსტიტუტისა და კონტროლის პალატის თანამშრომლობა
1. კონტროლის პალატა უფლებამოსილია გაითვალისწინოს ინსტიტუტის აუდიტორული შეფასებები.
2. კონტროლის პალატა თავისუფლდება ინსტიტუტის მომსახურების საფასურის გადახდისაგან.
მუხლი 364. სერტიფიცირება
1. სერტიფიცირება მოიცავს საჯარო აუდიტის სფეროში საკვალიფიკაციო კურსის გავლას და პროფესიული ცოდნის შეფასებას.
2. საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ აუდიტორს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის „საჯარო სექტორში“ მოიაზრება ამ კანონით განსაზღვრული აუდიტის ობიექტები.
4. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი.
5. სერტიფიცირების პირობები და წესი განისაზღვრება კონტროლის პალატის თავმჯდომარის ნორმატიული აქტით.“.
30. 37-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონტროლის პალატამ 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის აუდიტის ჩასატარებლად შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და ნორმატიული ბაზის მომზადება.“;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვა „შედეგობრიობა“ შეიცვალოს სიტყვით „პროდუქტიულობა“.
მუხლი 2
1. პირი, რომელიც 2013 წლის 1 ივნისამდე არ გაივლის სერტიფიცირებას ამ კანონით დადგენილი წესით, კარგავს საჯარო სექტორში აუდიტის განხორციელების უფლებას.
2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ 2012 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
ა) საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დებულების დამტკიცება;
ბ) საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა.
3. საქართველოს კონტროლის პალატა უფლებამოსილია 2011 წლის საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში განახორციელოს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სუბსიდირება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 24 ნოემბერი.
№5294-IIს
დოკუმენტის კომენტარები