დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5351-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/11/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111125019, 25/11/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.016474 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 49. ბიუჯეტის შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა და სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა
1. სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობების დაბრუნების და შემოსულობის სხვა სახეში გადატანის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს დაბრუნების ქვეანგარიშზე მიმართული სახსრების გარეშე.
3. ბიუჯეტის შემოსულობის შესრულების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებისას კორექტირება ხდება ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის დაბრუნებული ან შემოსულობის სხვა სახეში გადატანილი თანხით.
4. სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა, მათ შორის, დონორების დაფინანსებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში, შესაძლებელია დაბრუნების ქვეანგარიშიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული წესის შესაბამისად.
5. დონორების დაფინანსებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტის გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულების დაფარვისთვის პასუხისმგებელია პროექტის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულება.
6. დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა, მათ შორის, დონორების დაფინანსებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში, არ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსა და ანგარიშგებაში.“.
2. 491 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.11.2011, სარეგისტრაციო კოდი: 190020010.05.001. 016457) პირველი მუხლის მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 25 ნოემბერი.
№5351–IIს
დოკუმენტის კომენტარები