ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

  • Word
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 03/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 370.010.000.05.001.001.274
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2260
08/05/2003
სსმ, 14, 03/06/2003
370.010.000.05.001.001.274
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/06/2003 - 12/10/2007)

საქართველოს კანონი

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

თავი I.

ზოგადი დებულებანი

ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „წყლის შესახებ“, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“, „მიწების მელიორაციის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვისა და დაცვის შესახებ“, „წიაღის შესახებ“ და „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონებს, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს.

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი არეგულირებს:

ა) ნიადაგების კონსერვაციასა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებას, ეროზიის, ღვარცოფის, მეწყრის, ზვავის, წყალდიდობის, ნიადაგის დაბინძურების, განმეორებითი დაჭაობებისა და დამლაშების, წიაღისეულის, აგრომადნეულისა და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების, აგრეთვე ანთროპოგენური ზეგავლენის შედეგად ნიადაგების დანაკარგების აღკვეთას;

ბ) მლაშობი, ბიცობი, დაჭაობებული, ეროზირებული, მჟავე, ძლიერდაქვიანებული და სხვა დაბალნაყოფიერი ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებას და რაციონალურ გამოყენებას;

გ) ნიადაგში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები დონეების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების ნორმების დადგენას;

დ) ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა ნიადაგების კონსერვაციის, ნაყოფიერების ამაღლებისა და ექსპლუატაციის, აგრეთვე აგროქიმიკატების გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებისას.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნიადაგი – დედამიწის ზედა, ფხვიერი და ნაყოფიერი ფენა, რომელიც ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთმოქმედების შედეგია;

ბ) ნიადაგის ეროზია – ნიადაგის ზედა ფენის რღვევა, დაშლა, გაფანტვა და ჩამორეცხვა ანთროპოგენური და სხვა ფაქტორების ზეგავლენის შედეგად;

გ) ნიადაგის ნაყოფიერება – ნიადაგის უმთავრესი და არსებითი თვისება, რომელიც განასხვავებს მას დედაქანისაგან და რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის უზრუნველმყოფი თვისებების ერთობლიობას;

დ) ნიადაგის ტიპი – ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტაქსონომიური ერთეული;

ე) მლაშობი ნიადაგი – წყალში ხსნადი მარილებით მდიდარი ნიადაგი, რომელიც ხასიათდება უარყოფითი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით და მნიშვნელოვნად აბრკოლებს მცენარეთა ზრდა-განვითარებას;

ვ) ბიცობი ნიადაგი – ნიადაგი, რომლის პროფილშიც ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოხატულია ზედაპირიდან 100 სმ-ის ფარგლებში;

ზ) მჟავე ნიადაგი – ნიადაგი, რომელსაც ახასიათებს ფუძეებით მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე რეაქცია;

თ) ძლიერდაქვიანებული ნიადაგი – ნიადაგი, რომლის ზედაპირის 20-40% დაფარულია 5 სმ-ზე მეტი დიამეტრის ქვებით;

ი) დეგრადირებული ნიადაგი – ნიადაგი, რომლის ბიოლოგიური თვისებები გაუარესებულია, ხოლო ეკონომიკური მაჩვენებლები დაცემულია სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად;

კ) ნიადაგის ბონიტირება – ნიადაგის, როგორც სოფლისა და სატყეო მეურნეობის წარმოების ძირითადი საშუალების, ხარისხობრივი შეფასება, რაც დაფუძნებულია ნიადაგის თვისებებსა და მოსავლიანობის დონეზე და გამოხატულია რაოდენობრივი მაჩვენებლებით;

ლ) დაჭაობება – პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნიადაგში ტენიანობის გაზრდის შედეგად და რომელსაც თან სდევს მცენარეულობის, მიკროფლორისა და ჟანგვა-აღდგენის რეჟიმის შეცვლა, რკინის ქვეჟანგისა და დაუშლელი ორგანული ნივთიერებების დაგროვება;

მ) ნიადაგის მონიტორინგი – ნიადაგში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება დროსა და სივრცეში, მიღებული მონაცემების ანალიზი და პროგნოზი;

ნ) რეკულტივაცია – სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად დაზიანებული მიწების აღდგენა და სასოფლო-სამეურნეო ათვისება;

ო) ნიადაგების კონსერვაცია – ნიადაგების დაცვა და ტიპური სახით შენარჩუნება;

პ) ქიმიური მელიორაცია – თაბაშირის, კირის, ტორფ-კომპოსტების, ბენტონიტების და სხვა ქიმიური შენაერთების გამოყენებით ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გაუმჯობესება;

ჟ) მელიორირებული ნიადაგი – ნიადაგი, რომელზედაც, ჩატარებულია სამელიორაციო ღონისძიებები (ირიგაცია, დაშრობა, ქიმიური მელიორაცია, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ნიადაგის ძირეული და ზედაპირული გაუმჯობესება და სხვა);

რ) მელიორანტი – ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა ნაერთები, რომლებიც გამოიყენება ნიადაგის გასაუმჯობესებლად;

ს) რადიონუკლიდები – რადიოაქტიური ელემენტები (სტრონციუმი, ცეზიუმი და სხვა), რომლებიც ნიადაგში შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა გზით;

ტ) აგრომადნეულები – წიაღისეული, რომელსაც აქვს ნიადაგების გაუმჯობესებისა და ნაყოფიერების ამაღლების თვისებები;

უ) წარმოების ნარჩენები – მრეწველობაში პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი მასა, რომელიც გამოიყენება ნიადაგების გასაუმჯობესებლად;

ფ) ჰუმუსი – ნიადაგში არსებული სპეციფიკური და არასპეციფიკური ორგანული ნივთიერებების ერთობლიობა, მუქად შეფერილი უფორმო მასა, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებსა და მათი ნარჩენების ისეთ მინარევებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ უჯრედული აგებულება;

ქ) ბიოსფერო – აქტიური არეალი, რომლის შედგენილობა, სტრუქტურა და ენერგეტიკა განპირობებულია ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობით;

ღ) მიწა – ხმელეთის ბიოპროდუქტიული სისტემა, რომელიც მოიცავს ნიადაგს, მცენარეულ საფარს, სხვა ბიომასებს, ეკოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებს, რომლებიც მოქმედებენ ამ სისტემაში;

ყ) მიწის კადასტრი – მიწის სახელმწიფო რეგისტრაცია;

შ) ღვარცოფი – მთისა და მთისწინა რეგიონებიდან დიდი რაოდენობით მთის ქანის ნანგრევის დაბლობში ჩამოტანა, რაც იწვევს ნიადაგის გადარეცხვას და ფართობის დარიყვას;

ჩ) მეწყერი – ფერდობების დიდი მოცულობით ჩამონგრევა;

ც) ზვავი – დიდ გროვად წამოსული ჩამორღვეული მიწა ან თოვლი;

ძ) წყალდიდობა – მდინარეების ადიდება თოვლის დნობის ან წვიმების შედეგად;

წ) აბრაზია – ზღვის ნაპირისა და მიმდებარე ტერიტორიის რღვევა-ჩარეცხვა წყლის მიმოქცევისა და ტალღების შედეგად.

    მუხლი 3. კანონის მიზნები

ამ კანონის მიზნებია:

ა) უზრუნველყოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნიადაგების კონსერვაცია და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესება;

ბ) განსაზღვროს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სამართლებრივ ურთიერთობათა პრინციპები, ხელი შეუწყოს ამ სფეროში სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობების კოორდინაციას;

გ) უზრუნველყოს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებისათვის ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის თვით ნიადაგს, ბიომრავალფეროვნებას, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს;

დ) დაადგინოს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა ნორმები, შეზღუდვები და აკრძალვები.

    მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება შემდეგ ღონისძიებებზე:

ა) ნიადაგების ქიმიურ მელიორაციაზე;

ბ) წყალდიდობის, ღვარცოფული, მეწყრული და ზვავური მოვლენების, აგრეთვე ნიადაგების ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე;

გ) ნიადაგების გამოკვლევებსა და ნაყოფიერების მონიტორინგზე;

დ) ნიადაგების ნაყოფიერებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე;

ე) ნიადაგების პოტენციური შესაძლებლობების კომპლექსურ გამოყენებაზე.

თავი II.

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებები და საშუალებები

    მუხლი 5. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებები

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებებია:

ა) ნიადაგების გამოკვლევა და მათი ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლა, ნიადაგების გაუმჯობესებისათვის პროგრესული ტექნოლოგიების შემუშავება-განხორციელება;

ბ) ნიადაგების მდგომარეობის გაუარესების მიზეზების გენეზისური, მსხვილმასშტაბიანი, წვრილმასშტაბიანი, სამელიორაციო, აგროქიმიური, ნიადაგურ-ეროზიული კვლევა, ბონიტირება და მიწის კადასტრის პერიოდულად შედგენა;

გ) ეროზიისაგან ნიადაგების დაცვის ეფექტიანი მეთოდების შერჩევა და გამოყენება; ეროზიის გავრცელების ადგილებში გატყევების, მინდორსაცავი ზოლების აღდგენა-გაშენებისა და სხვა აგროტექნიკური და საინჟინრო მეთოდების გამოყენება;

დ) ნიადაგების დაცვა სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, ღვარცოფი, ზვავი, მეწყერი და სხვა) და ექსტრემალური ეროზიული პროცესებისაგან;

ე) სათიბ-საძოვრების ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების, მცენარეული საფარის გაუმჯობესებისა და კულტურ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება;

ვ) მლაშობი, ბიცობი და მჟავე ნიადაგების ქიმიური მელიორაცია;

ზ) ძლიერდაქვიანებული ნიადაგების ქვებისგან გაწმენდა და მათ გასაუმჯობესებლად სხვა ღონისძიებათა განხორციელება;

თ) რწყვის რეჟიმის, წესებისა და ტექნიკურ საშუალებათა შერჩევა, გრუნტის წყლების ოპტიმალური დგომის განსაზღვრა, განმეორებითი დაჭაობებისა და დამლაშების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება;

ი) ნიადაგის ცალკეული ტიპების ეტალონური ნიმუშების შენარჩუნება და მათი გამოყენებით მონიტორინგის ორგანიზება, აგრეთვე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაცია;

კ) ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით სასოფლო-სამეურნეო კულტურათა განლაგების რაციონალური სტრუქტურის შერჩევა;

ლ) ჭარბტენიანი ნიადაგების ათვისების დაშრობითი, აგრომელიორაციული, ჰიდროტექნიკური და აგროქიმიური ღონისძიებების კომპლექსური განხორციელება;

მ) მაღალმთიან, მთაგორიან და მთისწინა რეგიონებში ნიადაგების ბუნებრივი საფარის შენარჩუნება-აღდგენა და ეროზიული პროცესების თავიდან ასაცილებლად ამ რეგიონებში არსებულ საძოვრებზე ნახირისა და ფარის ვერტიკალური ძოვების წესის დაცვა;

ნ) მდინარეთა ნაპირების და ზღვის სანაპირო ზონის აბრაზიისაგან, ხოლო მიმდებარე ტერიტორიების ეროზიული და სხვა უარყოფითი პროცესებისაგან დაცვა;

ო) გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური მეთოდების გამოყენება;

პ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების დადგენილი ნორმების დაცვა.

    მუხლი 6. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების საშუალებები

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების საშუალებებია:

ა) მინერალური და ორგანული სასუქები, აგრომადნეულები, ქიმიური მელიორანტები, წარმოების ნარჩენები;

ბ) ორგანული სასუქების ადგილობრივი რესურსები (ტორფი, ნაკელი, საპროპელი, ბიოჰუმუსი, ორგანული ნარჩენები და სხვა), თესლბრუნვები, ბიოლოგიური მიწათმოქმედება;

გ) ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების ბიოლოგიური მეთოდები – ქიმიური პროდუქტების ალტერნატიული საშუალებები;

დ) მელიორანტები (კირქვა, დოლომიტი, მერგელი, გლაუკონიტიანი თიხები, ფოსფატები, ბენტონიტები, წარმოების ნარჩენები და სხვა);

ე) ნიადაგების ეროზიის საწინააღმდეგო აგროსატყეო, ჰიდროტექნიკური, ორგანიზაციულ-სამეურნეო და აგროტექნიკური ღონისძიებები;

ვ) მაღალმთიან და მთიან რეგიონებში საძოვართმორიგეობის დამკვიდრება;

ზ) ნიადაგების დამუშავების პროგრესული ტექნოლოგიები, ირიგაცია, დრენაჟი და სრულყოფილი სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღები.

თავი III .

ნიადაგების კონსერვაციასა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ურთიერთობები

    მუხლი 7. შეზღუდვები

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად იზღუდება:

ა) ეროზიული პროცესებისაგან ნიადაგების დასაცავად აგროწესების დარღვევით 15 გრადუსზე მეტი დახრილობის ფერდობების სახნავად ათვისება და ნიადაგების დამუშავება ფერდობების დახრილობის გასწვრივ;

ბ) ფერდობების დატერასება ნიადაგების წინასწარი შერჩევისა და სათანადო დაპროექტების გარეშე;

გ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავების წესებისა და რწყვის რეჟიმის დარღვევა;

დ) ნიადაგების ნაყოფიერი ფენის მოხსნა შესაბამისი საპროექტო ორგანიზაციის ნებართვის გარეშე;

ე) ნაყოფიერებადაცემული და დეგრადირებული ნიადაგების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან ამოღება მათი სრულყოფილი გამოკვლევისა და შესაბამისი რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავების გარეშე.

    მუხლი 8. აკრძალვები

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად იკრძალება:

ა) საძოვრების ნიადაგების რღვევა-დაზიანება და ნაყოფიერების დაცემა ნახირისა და ფარის უწესრიგო ძოვებით;

ბ) მინდორსაცავი ზოლების გაკაფვა, ნიადაგდამცავ ნაგებობათა დაზიანება;

გ) იმ სასუქების, მელიორანტების, აგრომადნეულების, პესტიციდებისა და ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ყველა სხვა საშუალების ქვეყანაში შემოტანა და გამოყენება, რომელიც არ არის ნებადართული, რეგისტრირებული და გამოცდილი საქართველოში, ასევე მათი გამოყენება ხარისხობრივი მაჩვენებლების შეუმოწმებლად, რეკომენდაციების გარეშე და რეგლამენტების დარღვევით;

დ) ნიადაგების დაბინძურება რადიონუკლიდებით, მძიმე მეტალებით, ტოქსიკური ელემენტებითა და სხვა ნივთიერებებით;

ე) მელიორირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ჩამოწერა, სარწყავი მიწების ურწყავთა კატეგორიაში გადაყვანა და მათი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების გარეშე;

ვ) ირიგაციის, დრენაჟის, ნაპირგამაგრებების, აგრეთვე ეროზიის, ღვარცოფისა და მეწყერსაწინააღმდეგო და სხვა ნაგებობათა ჩამოწერა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების გარეშე;

ზ) ყოველგვარი მოქმედება, რომელიც გააუარესებს ნიადაგების თვისებებს, შექმნის გაუდაბნოების, დაჭაობების, დამლაშების, გაბიცობების, გამჟავიანებისა და სხვა უარყოფითი პროცესების დაწყების პირობებს.

თავი IV.

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელების ობიექტები

    მუხლი 9. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელების ობიექტები

1. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა ობიექტებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ასევე მშენებარე ან აშენებულ სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტებთან ახლოს განთავსებული ან წყალსაცავებისა და ტბორების ქვეშ განლაგებული ნიადაგები;

ბ) მლაშობი, ბიცობი, მჟავე, ეროზირებული, დაჭაობებული, გაუდაბნოებული, კორდდაშლილი, დაზიანებული, გაველურებული, ძლიერდაქვიანებული ნიადაგები;

გ) მაღალმთიან, მთისა და მთისწინა რეგიონებში სათიბ-საძოვრებით დაკავებული ფერდობები.

2. დაცულ ტერიტორიებზე, სატყეო ფონდის მიწებზე, მდინარეთა წყალდაცვითი ზოლების და სანიტარიული დაცვის ზონების ფარგლებში ნიადაგდაცვითი ღონისძიებები განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. მიწის ნაკვეთები, რომლებიც ექვემდებარება ეროზიისაგან ნიადაგების დაცვას, ქიმიურ მელიორაციას, რეკულტივაციას და სხვა ძირეულ და ზედაპირულ გაუმჯობესებას, დროებით გადაეცემა ტენდერში გამარჯვებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ნიადაგის წყლოვანი – მორწყვითი და დაშრობითი – რეჟიმი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი V.

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა დაფინანსება

    მუხლი 10. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა დაფინანსება

1. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია აგროტექნიკასთან და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებთან, ყველა კატეგორიის მიწებზე ხორციელდება ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით.

2. ნიადაგების ქიმიური მელიორაცია და ეროზიისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ღონისძიებები სახელმწიფო საკუთრების მიწებზე ხორციელდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად.

3. ნიადაგების გამოკვლევის, მათი ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლების ღონისძიებები ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწებზე შემუშავდება და ხორციელდება მათივე სახსრებით, მიწის მესაკუთრეთა ნება-სურვილის მიხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ან სათანადო ლიცენზიის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ.

4. ტერიტორიის ღია კარიერული წესით დამუშავების შედეგად დაზიანებული ნიადაგების რეკულტივაცია ხორციელდება ამ სამუშაოთა შემსრულებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ.

თავი VI.

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვა და ზედამხედველობა

    მუხლი 11. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად. სამინისტროს ფუნქციებია:

ა) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სტრატეგიისა და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მართვა;

ბ) ნიადაგების გამოკვლევის, კონსერვაციისა და გაუმჯობესების, აგრეთვე მათი ნაყოფიერების დონის განსაზღვრისა და ამაღლების და საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოების ორგანიზება, შესაბამისი მონიტორინგი და მიწათსარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა;

გ) ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა (აგროქიმიკატების) გამოცდა, რეგისტრაცია და კატალოგის პერიოდულად შედგენა, ასევე სათანადო მონიტორინგი და აგროქიმიკატების ხარისხობრივი მაჩვენებლების შემოწმება;

დ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ ნორმატიული აქტების შემუშავება, მეცნიერულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რეკომენდაციების მიღება, რეგლამენტების შემუშავება-დამტკიცება;

ე) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო სამუშაოების კოორდინაცია;

ვ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების მდგომარეობის, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისა და დაფინანსების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროქიმიური მომსახურების, ნიადაგების ნაყოფიერების დამადასტურებელი ცნობების გაცემისა და მონიტორინგის მდგომარეობის შესახებ მოხსენების მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა ორ წელიწადში ერთხელ;

ზ) მლაშობი, ბიცობი, მჟავე, ეროზირებული, მელიორირებული, დაზიანებული, ძლიერდაქვიანებული, განმეორებით დაჭაობებული და სხვა დაბალნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ინვენტარიზაცია და სათანადო მონიტორინგი, ასევე მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში ნიადაგის ხარისხობრივ და ეკონომიკური შეფასების მონაცემთა შემუშავება.

    მუხლი 12. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობა

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ:

ა) შეამოწმონ ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობა, ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა შემოტანის წესების დაცვა, მათი გამოყენების რეგლამენტები და აგროწესები, ასევე ნიადაგებზე აგროტექნიკური, აგროქიმიური, აგროსატყეო, ირიგაციული, ფიტოსანიტარიული, სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებების განხორციელების ვითარება და საქართველოს ნორმატიული აქტების სხვა მოთხოვნათა დაცვა;

ბ) შეამოწმონ ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებათა გატარების მდგომარეობა და ეფექტიანობა;

გ) შეამოწმონ ნიადაგების რადიონუკლიდებით, მძიმე მეტალებითა და ტოქსიკური ელემენტებით, ენტომოლოგიური, ჰელმინთოლოგიური, ბაქტერიული და ვირუსული დაბინძურება და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ეფექტიანობა;

დ) მიწათმოქმედებისაგან მოითხოვონ აგროქიმიური, აგროსატყეო, მელიორაციული, მცენარეთა დაცვის და სხვა ღონისძიებების შეზღუდვა ან შეწყვეტა, თუ ისინი ზიანს აყენებს გარემოს ან სხვის გამგებლობაში არსებულ მიწებს.

    მუხლი 13. დაკვირვება ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობაზე

1. დაკვირვება ხორციელდება ნიადაგების ნაყოფიერების შემდეგ კომპონენტებზე: ნიადაგების ქიმიურ მელიორაციაზე, რეკულტივაციაზე, ეროზიისაგან ნიადაგების დაცვის კომპლექსურ ღონისძიებებზე, ნიადაგებში საკვებ ელემენტთა შემცველობაზე, ნიადაგების დაბინძურებაზე, ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, გვალვების, ეროზიისა და სხვა ექსტრემალური მოვლენების გავლენებზე. დაკვირვებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

2. რკინიგზების, საავტომობილო მაგისტრალების და სხვა სამშენებლო ნაგებობათა მიმდებარე ტერიტორიების ნიადაგებზე დაკვირვება ხორციელდება ნიადაგის ნაყოფიერების ყველა კომპონენტზე და შემუშავდება ღონისძიებები, რომლებიც უნდა შეასრულონ სათანადო მშენებელმა ორგანიზაციებმა.

3. ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობაზე დაკვირვებისა და სათანადო გამოკვლევების საფუძველზე დგება როგორც ყოველწლიური, ისე პერსპექტიული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები.

    მუხლი 14. მიწის მესაკუთრის ვალდებულებანი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში მიწის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას:

ა) ამ კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნები ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში და შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებისათვის განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე;

ბ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების რეგლამენტები და მოთხოვნები, ხოლო სასუქების და სხვა ქიმიური პროდუქტების გამოყენებაზე სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოებს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია მათ მიერ დადგენილი ვადებისა და წესების შესაბამისად.

თავი VII.

საერთაშორისო თანამშრომლობა ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში

    მუხლი 15. საერთაშორისო თანამშრომლობა ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში

საერთაშორისო თანამშრომლობა ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VIII.

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 16. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი IX.

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 17. მისაღები ნორმატიული აქტები

1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვლევებისა და ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით, ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:

ა) „აგროქიმიკატების შემოტანის, შენახვის, რეალიზაციისა და რაციონალური გამოყენების ნორმებისა და წესების დამტკიცების შესახებ“;

ბ) „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის დებულების დამტკიცების შესახებ“;

გ) „ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის კომპლექსურ ღონისძიებათა რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ“;

დ) „ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“;

ე) „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროებთან შეთანხმებით, 2004-2005 წლებში გამოსცეს ბრძანება „ნიადაგებში რადიონუკლიდების, მძიმე მეტალების და ტოქსიკური ელემენტების ზღვრულად დასაშვები დონეების დამტკიცების შესახებ“.

3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და სამსახურებთან შეთანხმებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვლევებისა და ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით, 2003-2004 წლებში გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:

ა) „მიწების დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“;

ბ) „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“;

გ) „წარმოების ტოქსიკური ნარჩენებითა და რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა დანიშნულების მიწების კონსერვაციის შესახებ“;

დ) „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული და ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების დებულების დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 18. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 8 მაისი.

№2260-IIს