ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი

  • Word
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/12/1966
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 25/05/2000
ძალაში შესვლის თარიღი 03/08/1994
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000338
  • Word
-
16/12/1966
გაურკვეველი, -, 25/05/2000
430003000.00.000.000338
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო

პაქტი

მიღებულია და ღიაა ხელმოსაწერად, სარატიფიკაციოდ და შესაერთებლად გენერალური ასამბლეის 1966 წლის 16 დეკემბრის 2200A(XXI) რეზოლუციით ძალაშია: 1976 წლის 3 იანვრიდან, 27–ე მუხლის შესაბამისად

პრემბულა

წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები,

ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისად, ადამიანთა მოდგმის ყველა წევრის თანდაყოლილი ღისების, განუყოფელი და თანასწორი უფლებების აღიარება მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობის და მშვიდობის საფუძველია,

აღიარებენ, რომ ეს უფლებები გამომდინარეობს ადამიანის პიროვნების თანდაყოლილი ღირსებიდან,

აღიარებენ, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისად, შიშისა და გაჭირვებისაგან თავდახსნილი თავისუფალი პიროვნების იდეალის მიღწევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება ისეთი პირობები, სადაც ყველას შეეძლება თავისი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ისევე, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა,

ითვალისწინებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიხედვით სახელმწიფოების ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას,

აცნობიერებენ, რომ პიროვნება, რომელსაც გააჩნია მოვალეობები და პიროვნებებისა და იმ საზოგადოებების წინაშე, რომელსაც იგი მიეკუთვნება, პასუხისმგებელია, იღვწოდეს ამ პაქტით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემისა და დაცვისათვის,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

ნაწილი I

    მუხლი 1

1. ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ამ უფლების საფუძველზე ისინი თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და თავისუფლად ისწრაფვიან ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარებისაკენ.

2. ყველა ხალხს შეუძლია საკუთარი მიზნებისათვის თავისუფლად განკარგოს თავისი ბუნებრივი სიმდიდრე და რესურსები ურთიერთ სარგებლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე ვალდებულებებისადმი ზიანის მიყენების გარეშე. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება რომელიმე ხალხს ჩამოერთვას საარსებო საშუალებები.

3. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები, მათ შორის, რომელთაც ეკისრებათ არათვითმმართველი და სამეურვეო ტერიტორიების მართვის პასუხისმგებლობა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების დებულებების შესაბამისად, ხელი უნდა შეუწყონ თვითგამორკვევის უფლების განხორციელებას და პატივი უნდა სცენ ამ უფლებას.

ნაწილი II

    მუხლი 2

1. წინამდებარე პაქტის თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, დამოუკიდებლად და საერთაშორისო დახმარებისა და თანამშრომლობის გზით, განსაკუთრებით, ეკონომიკურ დ ტექნიკურ სფეროში, მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით მიიღოს ზომები ამ პაქტით აღიარებული უფლებების პროგრესულად სრული რეალიზაციისათვის ყველა სათანადო საშუალებებით, საკანონმდებლო ზომების მიღების ჩათვლით.

2. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები იძლევიან იმის გარანტიას, რომ წინამდებარე პაქტში ჩამოთვლილი უფლებები განხორციელებული იქნება რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა გარემოებათა მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

3. განვითარებად ქვეყნებს, ადამიანის უფლებათა და ეროვნული ეკონომიკის სათანადო გათვალისწინებით, შეუძლიათ განსაზღვრონ, რა მოცულობით ძალუძთ ამ პაქტით აღიარებული ეკონომიკური უფლებების გარანტირება იმ პირთათვის, რომელნიც არ არიან მათი მოქალაქეები.

    მუხლი 3

წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, უზრუნველყონ მამაკაცთა და ქალთა თანასწორი უფლება, ისარგებლონ ამ პაქტით გათვალისწინებული ყველა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით.

    მუხლი 4

წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ იმ უფლებების გამოყენების დროს, რომლებსაც ესა თუ ის სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ პაქტის თანახმად, აღნიშნულ სახელმწიფოს შეუძლია ეს უფლებები დაუქვემდებაროს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შეზღუდვებს, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს შეთავსებადია ამ უფლებათა ბუნებასთან, და მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით.

    მუხლი 5

1. წინამდებარე პაქტში არაფერი უნდა განიმარტოს, იმგვარად რომ გულისხმობდეს რომელიმე სახელმწიფოს, ჯგუფის ან პირის უფლებას, ეწეოდეს საქმიანობას ან ჩაიდინოს რაიმე მოქმდება, რომელიც მიმართულია წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების მოსპობის ან უფრო მეტი მოცულობითი შეზღუდვისაკენ, ვიდრე ეს ამ კონვენციით არის გათვალისწინებული.

2. არ შეიძლება ადამიანის რომელიმე ძირითადი უფლება, რომელიც აღიარებულია ან არსებობს რომელიმე სახელმწიფოში კანონის, კონვენციების, წესებისა და ჩვეულებების ძალით, შეიზღუდოს ან შემცირდეს იმ მიზეზით, რომ წინამდებარე პაქტი არ აღიარებს ასეთ უფლებებს ან აღიარებულია ნაკლები მოცულობით.

ნაწილი III

    მუხლი 6

1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად.

2. ზემოაღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

    მუხლი 7

წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, რაც, კერძოდ, გულისხმობს:

a) ანაზღაურებას, რომელიც ყველა მშრომელს უზრუნველყოფს სულ მცირე:

i) სამართლიანი ხელფასითა და ტოლფასოვანი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურებით რაიმე ნიშნით განსხვავების გარეშე, კერძოდ, ქალებისათვის ქმნის შრომის ისეთი პირობების გარანტიას, რომელიც მამაკაცის შრომის პირობებზე უარესი არ იქნება, და თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების შესაძლებლობას;

ii) მასა და მის ოჯახს ღირსებული არსებობის შესაძლებლობებით, წინამდებარე პაქტის დებულებათა შესაბამისად.

b) უსაფრთხო და ჯანსაღი შრომის პირობებს;

c) თითოეულისათვის უფრო მაღალი სამსახურებრივ საფეხურზე დაწინაურების თანაბარ შესაძლებლობას, მხოლოდ და მხოლოდ შრომითი სტაჟისა და კომპეტენციის შესაბამისად;

d) დასვენების, თავისუფალი დროის ქონის და სამუშაო საათების გონივრული შეზღუდვის, აგრეთვე პერიოდული ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობას ისევე, როგორც ანაზღაურებას საზოგადოებრივი უქმე დღეებისათვის.

    მუხლი 8

1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ უზრუნველყონ:

a) თითოეული ადამიანის უფლება თავისი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გასავითარებლად და დასაცავად, შექმნან პროფესიული კავშირები და შევიდეს ასეთ კავშირებში თავისი არჩევანით და ორგანიზაციის შესაბამისი წესების თანახმად. აღნიშნული უფლების გამოყენება არ ექვემდებარება არავითარ შეზღუდვას იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც გათვალისწინებული კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად;

b) პროფესიული კავშირების უფლებაა შექმნან ეროვნული ფედერაციები და კონფედერაციები და ამ უკანასკნელთა უფლება შექმნან საერთაშორისო პროფესიუილი ორგანიზაციები ან შეუერთდნენ მათ;

c) პროფესიული კავშირების უფლებაა იმოქმედონ თავისუფლად, რაიმე შეზღუდვის გარეშე, იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად;

d) გაფიცვების უფლება იმ პირობით, რომ ეს უკანასკენლი განხორციელდება კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ეს მუხლი არ ეწინააღმდეგება კანონის შესაბამისად ამ უფლების გამოყენების შეზღუდვას იმ პირთათვის, რომლებიც იმყოფებიან შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის შემადგენლობაში.

3. ამ მუხლში არაფერი აძლევს უფლებას ასოციაციათა თავისუფლებისა და ორგანიზაციის უფლების დაცვის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1948 წლის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, მიიღონ საკანონმდებლო ზომები აღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიების საზიანოდ ან კანონი გამოიყენონ ისე, რომ ზიანი მიადგეს ამ გარანტიებს.

    მუხლი 9

ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

    მუხლი 10

წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ:

1. ოჯახს, რომელიც საზოგდოების ბუნებრივი და ძირითადი ერთეულია, უნდა გაეწიოს შეძლებისდაგვარად ყველაზე ფართო დაცვა და დახმარება, განსაკუთრებით მისი შექმნის დროს და იმ პერიოდში, სანამ ბავშვზე ზრუნვის და მისი აღზრდის პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე ის დამოუკიდებელი გახდებოდეს. ქორწინება უნდა ხდებოდეს დასაქორწინებელ პირთა თანხმობით;

2. განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ დედები მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ დროის გონივრული მონაკვეთის განმავლობაში. ამ პერიოდის მანძილზე მომუშავე დედებს უნდა მიეცეთ ანაზღაურებადი შვებულება ან შვებულება შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფით;

3. დაცვისა და დახმარების განსაკუთრებული ღონისძიებანი უნდა განხორციელდეს ყველა ბავშვისა და მოზარდის მიმართ ოჯახური წარმოშობისა და სხვა გარემოებების მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ბავშვები და მოზარდები დაცულ უნდა იქნან ეკონომიკური და სოციალური ექსპლუატაციისაგან. მათი შრომის გამოყენება ზნეობისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო ან სიცოცხლისათვის საშიშ ან მათი ნორმალური განვითარების დამაბრკოლებელ რომელიმე სფეროში კანონით უნდა დაისაჯოს. სახელმწიფოებმა ასევე უნდა დააწესონ ასაკობრივი ზღვარი, რომლის ქვემოთაც ბავშვთა ანაზღაურებადი შრომის გამოყენება კანონით აკრძალული და დასჯადი იქნება.

    მუხლი 11

1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი, კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით; აგრეთვე უფლებას, განუწყვეტილივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ამ უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად მიიღებენ შესაბამის ზომებს, აღიარებენ რა, ამ მხრივ, თვისუფალ თანხმობაზე დაფუძნეული საერთაშორისო თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას.

2. წინამდებარე პაქტის მონაწილე უფლებას არ განიცდის შიმშილის, ინდივიდუალურად და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, განსაკუთრებული პროგრამების ჩათვლით, რომლებიც საჭიროა, რათა:

a) გაუმჯობესდეს სურსათის წარმოების, შენახვისა და განაწილების მეთოდები ტექნიკური და სამეცნიერო ცოდნის სრული გამოყენების და აგრარული სისტემების ისეთი განვითარებისა თუ რეფორმის გზით, რითაც მიიღწევა ბუნებრივი რესურსების ყველაზე ეფექტური გამოყენება და განვითარება,

b) მხედველობაში იქნას მიღებული როგორც სურსათის იმპორტიორი, ისე ექსპორტიორი ქვეყნების პრობლემები, სურსათის მსოფლიო მარაგის მოთხოვნილების შესაბამისად სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფის მიზნით.

    მუხლი 12

1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტებზე.

2. ზომები, რომლებიც წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ამ უფლების სრული რეალიზაციისათვის, უნდა შეიცავდეს ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია:

a) მკვდრადშობადობისა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებისა და ბავშვის ჯანსაღი განვითარების უზრუნველსაყოფად;

b) გარემოს ჰიგიენისა და მრეწველობაში შრომის ჰიგიენის ყველა ასპექტის გასაუმჯობესებლად;

c) ეპიდემიური, ენდემური, პროფესიული და სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად, სამკურნალოდ და შესამოწმებლად;

d) ისეთი პირობების შესაქმნელად, რომლებიც ავადმყოფობის შემთხვევაში ყველასათვის უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებასა და მოვლას.

    მუხლი 13

1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.

2. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ზემოაღნიშნული უფლების სრულად განხორციელებისათვის:

a) დაწყებითი განათლება უნდა იყოს ყველასათვის სავალდებულო და უფასოდ ხელმისაწვდომი;

b) საშუალო განათლების მიღება მისი სხვადასხვა ფორმით, ტექნიკური და პროფესიული საშუალო განათლების ჩათვლით, უნდა გახდეს საყოველთაოდ შესაძლებელი და ხელმისაწვდომი ყველა შესაფერისი საშუალებით, კერძოდ, უფასო განათლების თანდათანობით შემოღების გზით;

c) უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომი თითოეულის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველა შესაფერისი საშუალებით და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით;

d) ძირითადი განათლება უნდა წახალისდეს და გახდეს შეძლებისდაგვარად ინტენსიური იმ ადამიანებისათვის, რომელთაც არ მიუღიათ ან არ დაუსრულებიათ დაწყებითი განათლების სრული კურსი;

e) აქტიურად გატარდეს ყველა საფეხურის სკოლათა სისტემის განვითარების პოლიტიკა, შეიქმნას სტიპენდიების შესაფერისი სისტემა და განუწყვეტლივ უმჯობესდებოდეს საგანმანათლებლო პერსონალის მატერიალური პირობები.

3. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას პატივი სცენ მშობლებისა და, შესაბამის შემთხვევაში, კანონიერი მეურვეების თავისუფლებას, ბავშვებისათვის აირჩიონ არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ დაარსებული, არამედ სხვა სკოლებიც, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დადგენილი ან მოწონებული საგანმანათლებლო მოდელის მოთხოვნების მინიმუმს შეესაბამება, და უზრუნველყონ ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა საკუთარი რწმენის შესაფერისად.

4. ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალურ სტანდარტებს.

    მუხლი 14

წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, რომელსაც მონაწილედ გახდომის დროისათვის არ ჰქონდა შესაძლებლობა თავისი მეტროპოლიის ან მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ სხვა ტერიტორიაზე უზრუნველყო სავალდებულო უფასო დაწყებითი განათლება, ვალდებულებას კისრულობს, ორი წლის ვადაში შეიმუშაოს და მიიღოს დეტალური სამოქმედო გეგმა, რათა თანდათან წლების გონივრული რაოდენობის განმავლობაში, რაც აღნიშნული უნდა იყოს ამ გეგმაში განახორციელოს საყოველთაო სავალდებულო უფასო განათლების პრინციპო.

    მუხლი 15

1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას:

a) მონაწილეობა მიიღოს კულტურულ ცხოვრებაში;

b) სარგებლობდეს მეცნიერული პროგრესის შედეგებით და იყენებდეს მათ;

c) მიიღოს სარგებელი იმ მორალური და მატერიალური ინტერესების დაცვით, რომლებიც გამომდინარეობის მისი ავტორობით შექმნილი ნებისმიერი მეცნიერული, ლიტერატურული თუ მხატვრული ნაშრომიდან.

2. აღნიშნული უფლების სრული განხორციელებისათვის წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომები უნდა შეიცავდეს იმ ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია მეცნიერულ და კულტურულ მიღწევათა დასაცავად, გასავითარებლად და გასავრცელებლად.

3. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ თავისუფლებას, რომელიც აუცილებელია სამეცნიერო კვლევისა და შემოწმედებითი მოღვაწეობისათვის.

4. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ სარგებელს, რომელიც გამომდინარეობს მეცნიერებისა და კულტურის სფეროში საერთაშორისო კონტაქტებისა და თანამშრომლობის წახალისებისა და განვითარებიდან.

ნაწილი IV

    მუხლი 16

1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, პაქტის ამ ნაწილის შესაბამისად წარმოადგინონ მოხსენებები მათ მიერ გატარებული ღონისძიებებისა და იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც პაქტით აღიარებული უფლებების დაცვისას მიაღწიეს.

2. a) ყველა მოხსენება უნდა წარედგინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც ამ პაქტის დებულებათა შესაბამისად, მის ასლებს განსახილველად უგზავნის ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს;

b) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა მოხსენებების ასლები ან შესაბამისი ნაწილი ამ მოხსენებებიდან უნდა გაუგზავნოს, აგრეთვე, სპეციალიზებულ დაწესებულებებს, რომელთა წევრებიც ეს სახელმწიფოები არიან იმდენად, რამდენადაც ასეთი მოხსენებები ან მოხსენებათა ნაწილები, ზემოაღნიშნულ დაწესებულებათა დამფუძნებელი აქტების თანახმად, მათ კომპეტენციაში შემავალ რაიმე საკითხს ეხება.

    მუხლი 17

1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები მოხსენებებს წარმოადგენენ ეტაპობრივად, იმ პროგრამის შესაბამისად, რომელსაც ამ პაქტის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკური და სოციალური საბჭო შეიმუშავებს მონაწილე სახელმწიფოებთან და დაინტერესებულ სპეციალიზებულ და სპეციალიზებულ დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ.

2. მოხსენებებში შეიძლება გაკეთდეს მითითებები იმ ფაქტორებსა და სიძნელეებზე, რომლებიც წინამდებარე პაქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულების ხარისხზე ახდენს გავლენას.

3. თუ წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფომ შესაბამისი ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ან რომელიმე სპეციალიზებულ დაწესებულებას წინასწარ გაუგზავნა, ამ ინფორმაციის გამეორება აუცილებლობას არ წარმოადგენს, საკმარისია აღნიშნულ ინფორმაციაზე ზუსტი მითითების გაკეთება.

    მუხლი 18

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შესაბამისად, ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებუელბებს შეუთანხმდეს, წარმოადგინონ მოხსენებები ამ პაქტის იმ დებულებათა განხორციელებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის შესახებ, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროს განეკუთვნება. ეს მოხსენებები შეიძლება შეიცავდეს განხორციელების მიზნით მათი კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღწეული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების დეტალურ აღწერას.

    მუხლი 19

ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია ადამიანის უფლებათა კომისიას შესასწავლად და ზოგადი რეკომენდაციებისათვის, ან საჭიროების შემთხვევებში, ინფორმირებისათვის გადაუგზავნოს მე–16 და მე–17 მუხლების შესაბამისად სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მოხსენებები, და მე–18 მუხლის შესაბამისად სპეციალიზებული დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მოხსენებები.

    მუხლი 20

წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს და დაინტერესებულ სპეციალიზებულ დაწესებულებებს შეუძლიათ ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს წარუდგინონ შენიშვნები, რომლებიც ეხება მე–19 მუხლის თანახმად გაცემულ ნებისმიერ ზოგად რეკომენდაციას ან ადამიანის უფლებათა კომისიის ნებისმიერ მოხსენებაში ასეთი რეკომენდაციებზე ან მასში მითითებულ სხვა დოკუმენტებს.

    მუხლი 21

გეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია გენერალურ ასამბელას დროდადრო წარუდგინოს მოხსენებები ზოგადი ხასიათის რეკომენდაციებთან და წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებისა და სპეციალიზებული დაწესებულებებისაგან მიღებული იმ ინფორმაციის მოკლე შინაარსთან ერთად, რომლებიც წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებების საყოველთაო დაცვის უზრუვნელსაყოფად განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ შდეგებს ეხება.

    მუხლი 22

ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოების, მათი დამხმარე ორგანოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალიზებული დაწესებულებების ყურადღება მიაპყროს ყველა იმ საკითხზე, რომელიც პაქტის ამ ნაწილით მითითებულ მოხსენებებში წამოიჭრება და არც შეიძლება ამ ორგანოებს დაეხმაროს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოიტანონ გადაწყვეტილებანი იმ საერთაშორისო ღონისძიებათა მიზანშეწონილობის შესახებ, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ამ პაქტის თანდათანობით და ეფექტურ განხორციელებას.

    მუხლი 23

წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ პაქტით აღირებული უფლებების განხორციელების ხელშემწყობი საერთაშორისო ღონისძიებების გატარება გულისხმობს ისეთი მეთოდების გამოყენებას, როგორებიცაა კონვენციების დადება, რეკომენდაციათა მიღება, ტექნიკური დახმარების გაწევა და კონსულტაციების მიზნით, რეგიონალური და ტექნიკური ხასიათის შეხვედრების ჩატარება, აგრეთვე დაინტერესებულ მთავრობებთან ერთად ორგანიზებული გამოკვლევები.

    მუხლი 24

წინამდებარე პაქტში არაფერი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ზიანი მიადგეს გაერთაინებული ერების ორგანიზაციის და სპეციალიზებული დაწესებულებების წესდებების დებულებებს, რომლებიც განსაზღვრავენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვადასხვა ორგანოებისა და სპეციალიზებული დაწესებულებების შესაბამის მოვალეობებს იმ საკითხებში, რომლებსაც ეხება წინამდებარე პაქტი.

    მუხლი 25

წინამდებარე პაქტში არაფერი უნდა განიმარტოს იმდავარად, რომ ლახავდეს ყველა ხალხის თანდაყოლილ უფლებას, მთლიანად და თავისუფლად ფლობდეს და იყენებდეს თავის ბუნებრივ სიმდიდრეს და რესირსებს.

ნაწილი V

    მუხლი 26

1. წინამდებარე პაქტი ხელმოსაწერად ღიაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოსათვის და მისი ნებისმიერი სპეციალიზებული დაწესებულების წევრისათვის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სტატუსის ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოსა და ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბელამ მოიწვია წინამდებარე პაქტის მონაწილედ გადახდომად.

2. წინამდებარე პაქტი ექვემდებარება რატიფიკაციას. სარატიფიკაციო დოკუმენტები დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

3. წინამდებარე პაქტი შესაერთებლად ღიაა ამ მუხლის პირველ პარაგრაფში მითითებული ნებისმიერი სახელმწიფოსათვის.

4. შეერთება ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეერთების დოკუმენტის დეპონირებით.

5. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა უნდა ცნობოს წინამდებარე პაქტის ხელმომწერ ან მასთან შეერთებულ ყველა სახელმწიფოს თითოეული სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტის დეპონირების შესახებ.

    მუხლი 27

1. წინამდებარე პაქტი ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ოცდამეთხუთმეტე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებიდან სამი თვის შემდეგ.

2. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელიც ახდენს წინამდებარე პაქტის რატიფიცირებას ან შეერთებას ოცდამეთხუთმეტე სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, წინამდებარე პაქტი ძალაში შედის ამ სახელმწიფოს მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან საკუთარი სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტის დეპონირების დღიდან სამი თვის შემდეგ.

    მუხლი 28

ამ პაქტის დებულებები ფედერაციული სახელმწიფოს ყველა ნაწილზე ვრცელდება რაიმე შეზღუდვისა ან გამონაკლისის გარეშე.

    მუხლი 29

1. წინამდებარე პაქტის ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შესწორების შემოთავაზება და წარუდგინოს ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. შემდეგ გენერალური მდივანი შემოთავაზებულ შესწორებებს უგზავნის წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს და თხოვნასთან ერთად შეატყობინებს მას, მხარს უჭერენ თუ არა, ამ წინადადების განსახილველად და კენჭის საყრელად მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის მოწვევას. თუ ასეთი კონფერენციის მოწვევას მხარს დაუჭერს მონაწილე სახელმწიფოთა არანაკლებ ერთი მესამედი, გენერალური მდივანი იწვევს ამ კონფერენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით. ამ კონფერენციის დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ მიღებული ყველა შესწორება, დასამტკიცებლად წარედგინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბელეას.

2. შესწორებები ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მათი დამტკიცების და წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედის მიერ მათი სათანადო კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად მიღების შემდეგ.

3. ძალაში შესვლის შემდეგ, შესწორებები სავალდებულო ხდება იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც ისინი მიიღეს, ხოლო სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის სავალდებულო რჩება წინამდებარე პაქტის დებულებები და მათ მიერ მიღებული ყველა წინა შესწორება.

    მუხლი 30

26–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად გაკეთებული შეტყობინების მიუხედავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი პაქტის იმავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს აცნობებს შემდეგს:

a) 26–ე მუხლის თანახმად ხელმოწერის, რატიფიკაციისა და შეერთების შესახებ;

b) 27–ე მუხლის თანახმად წინამდებარე პაქტის ძალაში შესვლის თარიღის და 29–ე მუხლის თანახმად ნებისმიერი შესწორების ძალაში შესვლის თარიღს.

    მუხლი 31

1. წინამდებარე პაქტი, რომლის ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად აუთენტურია, დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივში.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი წინამდებარე პაქტის დამოწმებულ პირებს უგზავნის პაქტის 26–ე მუხლში მითითებულ ყველა სახელმწიფოს.