კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების წესის შესახებ

  • Word
კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1680
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 07/12/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.150.000.05.001.000.448
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1680
30/10/1998
სსმ, 5, 07/12/1998
270.150.000.05.001.000.448
კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების წესის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულება

    მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, გაფიცვის უფლების რეალიზაციის წესს, ვრცელდება ყველა მუშაკზე, დამსაქმებელზე, მუშაკთა და დამსაქმებელთა გაერთიანებებზე და მათ მიერ უფლებამოსილ ორგანოებზე, აგრეთვე ყველა საწარმოზე, დაწესებულებასა და ორგანიზაციაზე მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კოლექტიური შრომითი დავაუთანხმოება დაქირავებულ მუშაკებსა და დამსაქმებლებს შორის (შემდგომშიმხარეები) სოციალურ-შრომით ურთიერთობათა საკითხებზე;

ბ) კოლექტიური შრომითი დავის განხილვა­შემათანხმებელი პროცედურა, რომელსაც განიხილავს შემათანხმებელი კომისია, შუამავალი ან შრომითი არბიტრაჟი;

გ) შემათანხმებელი კომისია ორივე მხარის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისია.

დ) კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური (შემდგომში – სამსახური) – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, რომელიც ხელს უწყობს შემათანხმებელი პროცედურის ორგანიზებას და შეიძლება მონაწილეობდეს კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტაში;

ე) შუამავალი ერთი ან რამდენიმე პირი, რომელიც არჩეულია მხარეთა შეთანხმებით ან სამსახურის რეკომენდაციით;

ვ) შრომითი არბიტრი შუამავალი, რომელიც მოლაპარაკების გზით აწესრიგებს შრომით დავას ადმინისტრაციასა და დაქირავებულ მუშაკებს შორის;

ზ) შრომითი არბიტრაჟი­კოლექტიური შრომითი დავის განმხილველი დროებითი ორგანო, რომელსაც ქმნიან მხარეები და სამსახური შემათანხმებელი კომისიის ან შუამავლის მონაწილეობით;

თ) კოლექტიური შრომითი დავის დაწყების დრო ამ კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული თარიღი;

ი) შემათანხმებელი პროცედურა­მხარეთა წარმომადგენლების მიერ მოლაპარაკების მეშვეობით დავის მოწესრიგება;

კ) გაფიცვა კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების მიზნით მუშაკთა დროებითი, ნებაყოფლობითი უარი შრომითი მოვალეობების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე;

ლ) ლოკაუტი დაქირავებულ მუშაკებზე ეკონომიკური ზემოქმედების მიზნით საწარმოს, ორგანიზაციის დახურვა და მუშების მასობრივი დათხოვნა.

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1666– სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.209

თავი II. კოლექტიური შრომითი დავის განხილვის წესი

    მუხლი 3. მუშაკთა მიერ მოთხოვნების წამოყენება

1. მოთხოვნების წამოყენების უფლება აქვთ მუშაკებსა და მათ წარმომადგენლებს.

2. ორგანიზაციის მუშაკთა მოთხოვნების წამოყენება ხდება კრებაზე (კონფერენციაზე), რომელსაც ესწრება კრებაზე (კონფერენციაზე) წარგზავნილ წარმომადგენელთა 2/3. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით; ამასთან, კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტაში მონაწილეობისათვის მუშაკები ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს.

3. მუშაკთა წარმომადგენლების მიერ მოთხოვნების წამოყენება ხდება კრების (კონფერენციის) გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. დამსაქმებელი ვალდებულია მუშაკებს ან მათ წარმომადგენლებს კრების (კონფერენციის) ჩასატარებლად გამოუყოს ნაგებობა და უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მის ჩატარებას.

5. მუშაკთა წარმომადგენლების მიერ მსგავსი მოთხოვნების წამოყენებისას, კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტაში მონაწილეობისათვის მათ უფლება აქვთ შექმნან ერთიანი ორგანო.

6. მოთხოვნები წერილობით წარედგინება დამსაქმებელს.

7. მოთხოვნების წერილობითი ასლი უნდა გაეგზავნოს სამსახურს რეგისტრაციისათვის, რომელიც ვალდებულია შეამოწმოს მისი მიღება დამსაქმებელის მიერ.

    მუხლი 4. მუშაკთა მოთხოვნების განხილვა

დამსაქმებელი ვალდებულია განიხილოს მუშაკთა მოთხოვნები და მათი მიღებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში თავისი გადაწყვეტილების შესახებ წერილობით აცნობოს მუშაკთა წარმომადგენელს.

    მუხლი 5. შემათანხმებელი პროცედურები

1. კოლექტიური შრომითი დავის განხილვა ხდება შემათანხმებელი კომისიის მიერ, შუამავლის მონაწილეობით ან შრომითი არბიტრაჟის მიერ.

2. შემათანხმებელ კომისიაში შეთანხმების მიუღწევლობისას კოლექტიური შრომითი დავის მონაწილე მხარეები დავას განიხილავენ შუამავლის მონაწილეობით ან შრომით არბიტრაჟში.

3. კოლექტიური შრომითი დავის არც ერთ მხარეს უფლება არა აქვს თავი აარიდოს შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას.

4. მხარეების წარმომადგენლები, შემათანხმებელი კომისია, შუამავალი, შრომითი არბიტრაჟი, სამსახური ვალდებულნი არიან გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა კოლექტიური შრომითი დავის გადასაწყვეტად.

5. შემათანხმებელი პროცედურების ჩატარების ვადები განისაზღვრება ამ კანონის მე-6-8 მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. შემათანხმებელი პროცედურების ჩატარებისათვის გათვალისწინებული ვადები, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა შეთანხმებით.

    მუხლი 6. კოლექტიური შრომითი დავის განხილვა შემათანხმებელი კომისიის მიერ

1. შემათანხმებელი კომისია იქმნება კოლექტიური შრომითი დავის დაწყების მომენტიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში და ფორმდება შესაბამისი აქტით, რომელიც შეთანხმებულია მუშაკთა წარმომადგენლებთან და დამტკიცებულია დამსაქმებლის შესაბამისი ბრძანებით.

2. შემათანხმებელი კომისია იქმნება მხარეების წარმომადგენლებისაგან თანასწორუფლებიანობის საფუძველზე.

3. დამსაქმებელი შემათანხმებელ კომისიას უქმნის მუშაობისათვის საჭირო პირობებს.

4. შემათანხმებელმა კომისიამ კოლექტიური შრომითი დავა უნდა განიხილოს კომისიის შექმნიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.

5. შემათანხმებელი კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა წარმომადგენლების შეთანხმებით და იგი ფორმდება ოქმით. გადაწყვეტილებას მხარეებისათვის აქვს სავალდებულო ძალა და უნდა შესრულდეს დადგენილი წესითა და ვადებში.

    მუხლი 7. კოლექტიური შრომითი დავის განხილვა შუამავლის მონაწილეობით

1. კოლექტიური შრომითი დავის განხილვისათვის მხარეების შეთანხმებით, სამსახურისაგან დამოუკიდებლად ან მისი რეკომენდაციით, შეიძლება მოწვეულ იქნეს შუამავალი.

2. თუ მხარეები სამსახურისათვის მიმართვიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში ვერ შეთანხმდებიან შუამავლის კანდიდატურაზე, მაშინ მას ნიშნავს სამსახური დადგენილი წესით.

3. კოლექტიური შრომითი დავის განხილვის წესს განსაზღვრავს შუამავალი მხარეებთან შეთანხმებით. დავის განხილვა შუამავლის მონაწილეობით გრძელდება მისი მოწვევიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში და მთავრდება შეთანხმების შესახებ წერილობითი გადაწყვეტილების მიღებით ან შეუთანხმებლობის თაობაზე აქტის შედგენით.

    მუხლი 8. კოლექტიური შრომითი დავის განხილვა შრომით არბიტრაჟში

1. შრომით დავაში შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის განხილვიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, სამსახურის ან მხარეების მიერ რეკომენდებული შრომითი არბიტრებისაგან მხარეთა შეთანხმებით იქმნება შრომითი არბიტრაჟი. იგი შედგება სამი კაცისაგან. შრომითი არბიტრაჟის შემადგენლობაში არ შეიძლება შეყვანილ იქნენ კოლექტიური შრომითი დავის მონაწილე მხარეების წარმომადგენლები.

2. შრომითი არბიტრაჟის შექმნა, მისი შემადგენლობა და რეგლამენტი განისაზღვრება დამსაქმებლის, მუშაკთა წარმომადგენლისა და სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

3. შრომით არბიტრაჟში შრომითი დავა განიხილება მისი შექმნიდან შვიდი კალენდარული დღის განმავლობაში.

4. შრომითი არბიტრაჟი განიხილავს მხარეების მიმართვას, იღებს კოლექტიურ შრომით დავასთან დაკავშირებულ დოკუმენტებსა და ცნობებს, საჭიროების შემთხვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს აწვდის ინფორმაციას კოლექტიური შრომითი დავის მოსალოდნელ სოციალურ შედეგებზე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს კოლექტიურ შრომით დავასთან დაკავშირებით.

5. შრომითი არბიტრაჟის რეკომენდაციები კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების შესახებ მხარეებს გადაეცემათ წერილობით და მათ მიერვე წერილობითი შეთანხმების დადებისას იძენს სავალდებულო ძალას.

    მუხლი 9. მუშაკთა გარანტიები კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტასთან დაკავშირებით

1. კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტაში მონაწილეობისას შემათანხმებელი კომისიის წევრები, შუამავლები და შრომითი არბიტრები თავისუფლდებიან თავიანთი ძირითადი სამუშაოსაგან და სარგებლობენ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი გარანტიებით.

2. პროფკავშირებისა და მათი გაერთიანებების, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები კოლექტიურ შრომით დავაში მონაწილეობის პერიოდში არ შეიძლება ადმინისტრაციის ინიციატივით გადაყვანილ იქნენ სხვა სამუშაოზე იმ პროფკავშირებსა და მათ გაერთიანებებთან, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან წინასწარ შეუთანხმებლად, რომლებაც მათ წარმომადგენლის უფლებამოსილება მიანიჭეს.

    მუხლი 10. სამსახურის მონაწილება კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტასა და მოწესრიგებაში

1. სამსახური:

ა) ახორციელებს კოლექტიური შრომითი დავის რეგისტრაციას;

ბ) ამოწმებს კოლექტიური შრომითი დავის მხარეთა წარმომადგენლების უფლებამოსილებას;

გ) ადგენს შუამავლებისა და შრომითი არბიტრების სიას;

დ) შეისწავლის და განაზოგადებს კოლექტიური შრომითი დავის წარმოქმნის მიზეზებსა და პირობებს, ამზადებს წინადადებებს მათ აღმოსაფხვრელად;

ე) აძლევს მხარეებს მეთოდურ მითითებებს ყველა ეტაპზე კოლექტიური შრომითი დავის შესახებ;

ვ) ორგანიზებას უკეთებს იმ სამუშაოებს, რომლებიც აწესრიგებენ კოლექტიურ შრომით დავას მუშაკთა წარმომადგენლებს, დამსაქმებლებს, სახელმწიფო ორგანოებსა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შორის.

2. სამსახური მოქმედებს კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების შესახებ დებულების თანახმად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

3. სამსახურის თანამშრომლები კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების, მისი წარმოქმნის მიზეზების გამოკვლევის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარგებლობენ ორგანიზაციებში ან მის ფილიალებში შესვლის უფლებით.

თავი III. გაფიცვის უფლების განხორციელება

    მუხლი 11. გაფიცვის უფლება

1. თუ შემათანხმებელმა პროცედურებმა ხელი ვერ შეუწყვეს კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტას ან დამსაქმებელმა თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებს, არ შეასრულა კოლექტიური შრომითი დავის შედეგად მიღწეული შეთანხმება, მუშაკებს შეუძლიათ მოაწყონ გაფიცვა ამ კანონით დადგენილი წესით.

2. გაფიცვაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. პირები, რომლებიც აიძულებენ მუშაკებს მონაწილეობა მიიღონ გაფიცვაში ან იძულებით ათქმევინებენ უარს, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დამსაქმებლის წარმომადგენელს უფლება არა აქვს მოაწყოს გაფიცვა და მონაწილეობა მიიღოს მასში.

    მუხლი 12. გაფიცვის გამოცხადება

1. გადაწყვეტილებას გაფიცვის გამოცხადების შესახებ იღებს საწარმოს, ორგანიზაციის ან მისი ფილიალის გაერთიანებული პროფესიული კავშირების კრება (კონფერენცია).

2. მუშაკთა, პროფესიული კავშირების ორგანიზაციის კრება (კონფერენცია) უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს შესაბამისად მუშაკთა საერთო რაოდენობის, პროფესიული კავშირების ორგანიზაციის წევრების (კონფერენციის დელეგატების) არანაკლებ ორი მესამედი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა მონაწილეთა უმრავლესობამ.

3. შემათანხმებელი კომისიის ხუთი კალენდარული დღის მუშაობის შემდეგ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში შესაძლებელია ერთხელ გამოცხადდეს ერთსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა, რომლის შესახებაც დამსაქმებელი გაფრთხილებული უნდა იყოს წერილობით სამი სამუშაო დღით ადრე მაინც. გამაფრთხილებელი გაფიცვის მოწყობისას მისი ხელმძღვანელი ორგანო უზრუნველყოფს აუცილებელ სამუშაოთა (მომსახურებათა) მინიმუმის შესრულებას ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3-4 პუნქტების შესაბამისად.

4. გაფიცვამდე დამსაქმებელი გაფრთხილებული უნდა იყოს წერილობით ათი კალენდარული დღით ადრე მაინც.

5. გაფიცვის შესახებ განცხადებაში აღინიშნება:

ა) მხარეთა უთანხმოების ჩამონათვალი, რაც წარმოადგენს გაფიცვის გამოცხადებისა და მოწყობის საფუძველს;

ბ) გაფიცვის დაწყების თარიღი და დრო, მისი ხანგრძლივობა, მონაწილეთა მოსალოდნელი რაოდენობა;

გ) გაფიცვის ხელმძღვანელი ორგანოს სახელწოდება, მუშაკთა იმ წარმომადგენლების შემადგენლობა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში;

დ) წინადადებები იმ აუცილებელი სამუშაოების (მომსახურების) მინიმუმის შესახებ, რომლებიც გაფიცვის პერიოდში შესრულდება ორგანიზაციაში, ფილიალში, წარმომადგენლობაში.

6. დამსაქმებელი მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ ატყობინებს სამსახურს.

    მუხლი 13. გაფიცვის ხელმძღვანელი ორგანო

1. გაფიცვას ხელმძღვანელობს მუშაკთა კრების (კონფერენციის) მიერ არჩეული ორგანო ან პროფესიული კავშირის შესაბამისი ორგანო.

2. ორგანოს, რომელიც გაფიცვას ხელმძღვანელობს, უფლება აქვს მოიწვიოს მუშაკთა კრება (კონფერენცია), დამსაქმებლისაგან მიიღოს ინფორმაცია სადავო საკითხებზე, მოიწვიოს სპეციალისტები მათზე დასკვნის მოსამზადებლად.

3. გაფიცვის ხელმძღვანელ ორგანოს უფლება აქვს შეაჩეროს გაფიცვა. გაფიცვის განახლებისათვის საჭირო არ არის შემათანხმებელი კომისიის, შუამავლის ან შრომითი არბიტრაჟის მიერ დავის ხელახალი განხილვა. დამსაქმებელი და სამსახური გაფიცვის განახლების შესახებ გაფრთხილებული უნდა იქნენ წინასწარ, სამი სამუშაო დღით ადრე მაინც.

4. მუშაკთა კრების (კონფერენციის) მიერ არჩეული გაფიცვის ხელმძღვანელი ორგანოს უფლებამოსილება შეწყდება, თუ მხარეებმა ხელი მოაწერეს კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების შეთანხმებას, ანდა გაფიცვის უკანონოდ ცნობის შემთხვევაში.

    მუხლი 14. მხარეთა ვალდებულებანი გაფიცვის პერიოდში

1. გაფიცვის პერიოდში მხარეები ვალდებულნი არიან განაგრძონ შემათანხმებელი პროცედურების წარმოება კოლექტიური შრომითი დავის გადასაწყვეტად.

2. დამსაქმებელი, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და გაფიცვის ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულნი არიან ყველა ზომა მიიღონ, რათა გაფიცვის პერიოდში დაცულ იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი, ორგანიზაციის, ფილიალის, წარმომადგენლობის, ფიზიკური პირების ქონება, აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნეს იმ მანქანა­მოწყობილობების მუშაობა, რომელთა გაჩერება საფრთხეს შეუქმნის ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

3. გაფიცვის მოწყობისას ორგანიზაციებში, ფილიალებში, წარმომადგენლობებში, რომელთა მუშაობა დაკავშირებულია ადამიანთა უსაფრთხოებასა და მათ ჯანმრთელობასთან, საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესებთან, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს აუცილებელი სამუშაოების (მომსახურების) მინიმუმის შესრულება, რაც განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოსთან ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოსთან გაფიცვის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ხუთი კალენდარული დღის ვადაში.

4. შეთანხმების მიუღწევლობისას აუცილებელ სამუშაოთა (მომსახურებათა) მინიმუმს ადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო.

    მუხლი 15. უკანონო გაფიცვა

1. კოლექტიური შრომითი დავის დროს გაფიცვა უკანონოა, თუ იგი გამოცხადდა იმ ვადების, პროცედურებისა და მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონის მე-3-8 და მე-12-15 მუხლებით.

2. გაფიცვაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებს.

3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გაფიცვის უფლება შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით.

4. გადაწყვეტილებას გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ იღებს სასამართლო.

5. გაფიცვის ხელმძღვანელი ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს მუშაკებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

6. სასამართლოს გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ სრულდება დაუყოვნებლივ. მუშაკებმა უნდა შეწყვიტონ გაფიცვა და შეუდგნენ მუშაობას გაფიცვის ხელმძღვანელი ორგანოსათვის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.

7. თუ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, სასამართლოს უფლება აქვს გადადოს გაფიცვის დაწყება, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღით, ხოლო დაწყებული გაფიცვა შეაჩეროს ამავე ვადით.

8. თუ საფრთხე ემუქრება ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურების საქმიანობას, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს გაფიცვა, მაგრამ არა უმეტეს ათი კალენდარული დღით.

9. თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად არ შეიძლება გაფიცვის მოწყობა, გადაწყვეტილებას კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

    მუხლი 16. მუშაკთა გარანტიები გაფიცვის მოწყობისას

1. მუშაკთა მონაწილეობა გაფიცვაში არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული შემთხვევისა.

2. გაფიცვაში მონაწილე მუშაკებს უნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი და თანამდებობა.

3. დამსაქმებელს უფლება აქვს არ გადაუხადოს მუშაკებს ხელფასი გაფიცვაში მათი მონაწილეობის პერიოდში, გარდა იმ მუშაკებისა, რომლებიც ასრულებენ აუცილებელ სამუშაოთა (მომსახურებათა) მინიმუმს.

4. კოლექტიური ხელშეკრულებით, შეთანხმებით ან შეთანხმებებით, რომლებიც მიღწეულია კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტისას, გაფიცვაში მონაწილე მუშაკებისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საკომპენსაციო გასაცემლები.

5. მუშაკები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ გაფიცვაში, მაგრამ გაფიცვის გამო ვერ ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს, დამსაქმებელმა შეიძლება გადაიყვანოს სხვა სამუშაოზე ან აუნაზღაუროს მოცდენა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

6. კოლექტიური ხელშეკრულებით, შეთანხმებით ან შეთანხმებებით, რომლებიც მიღწეულია კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტისას, მუშაკებისათვის, რომლებიც არ მონაწილეობდნენ გაფიცვაში, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილზე უფრო შეღავათიანი ანაზღაურება.

7. კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგებისა და გაფიცვის მოწყობის პროცესში იკრძალება ლოკაუტი.

    მუხლი 17. დოკუმენტაციის წარმოება კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტისას

კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტასთან დაკავშირებული მხარეთა მოქმედებები, შეთანხმებები და რეკომენდაციები ფორმდება მხარეთა წარმომადგენლების, შემათანხმებელი ორგანოების, გაფიცვის ხელმძღვანელი ორგანოს ოქმებით.

თავი IV. პასუხისმგებლობა კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების წესის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 18. პასუხისმგებლობა კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების წესის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

1. პასუხისმგებლობა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობისათვის თავის არიდების, შეთანხმების შეუსრულებლობისა და უკანონო გაფიცვის მოწყობისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მუშაკები, რომლებმაც არ შეწყვიტეს გაფიცვა გაფიცვის ხელმძღვანელი ორგანოსათვის გაფიცვის უკანონოდ ცნობის, მისი შეჩერების ან გადადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემიდან მეორე დღეს, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი V. დასკვნითი დებულება

    მუხლი 19. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 30 ოქტომბერი

1680Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 – სსმI, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239

2. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487– სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.88

3. საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1666– სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.209

4. ძალადაკარგულია – საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3132 – სსმI, №23, 19.06.2006წ., მუხ.183