დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 131/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 09/08/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110809025, 11/08/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016168 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №131/ნ
2011 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010წ., №126, მუხ.1840) დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატება და ცვლილებები:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი:
„მუხლი 331. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა
1. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია საგანმანათლებლო დაწესებულების განაცხადი ავტორიზაციის საბჭოს წინაშე.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებამ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადში უნდა დაასაბუთოს, რომ მის მიერ მოთხოვნილი მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობა განპირობებულია საგანმანათლებლო პროგრამის თავისებურებებით, საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობითა და მათი კვალიფიკაციით, ასევე მატერიალური რესურსი იძლევა ამ რაოდენობის მოსწავლეთათვის/პროფესიულ სტუდენტთათვის/სტუდენტთათვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობას.
3. ავტორიზაციის საბჭო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია დაეთანხმოს საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნას ან შეამციროს მის მიერ მოთხოვნილი მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.“;
ბ) 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა ხორციელდება ამ დებულების 331 მუხლით გათვალისწინებული განაცხადისა და ამ განაცხადში ასახულ გარემოებებზე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
3. ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდისას მხედველობაში მიიღოს დაწესებულების ის ფართი, რომელშიც ექსპერტთა ვიზიტის დროს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ასევე სხვა მატერიალური რესურსის შეძენასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებები. თუ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ჩარიცხვის მომენტისთვის არ იარსებებს შესაბამისი გარემოებები, ამ გარემოებების გათვალისწინებით გამოტანილი გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი ამ დებულების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“;
გ) 35-37-ე მუხლები ამოღებულ იქნეს;
დ) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთა ადგილების რაოდენობის რეგისტრაციის წესი
1. საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილ მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში დაწესებულება განსაზღვრავს და ცენტრს წარუდგენს მისაღებ მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მისაღებ მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ცენტრისთვის წარდგენა ხდება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების გამოცხადებამდე.
3. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ მისაღებ მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობის შესახებ წარმოდგენილი მონაცემები არ შეესაბამება ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, ცენტრი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს შესაბამის დაწესებულებას.
4. მისაღებ მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება ხდება დაწესებულების მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ფაქტობრივი, მიმდინარე წელს მისაღები/მიღებული და დამამთავრებელ მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა რაოდენობის გათვალისწინებით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე
დოკუმენტის კომენტარები