„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5002-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110715005, 15/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 220020000.05.001.016410
  • Word
5002-რს
01/07/2011
ვებგვერდი, 110715005, 15/07/2011
220020000.05.001.016410
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) საოპერაციო დღე − კომერციული ბანკის მიერ დადგენილი საბანკო დღის დროის გარკვეული მონაკვეთი, რომლის შემდგომ ბანკის მიერ კლიენტისგან მიღებული დავალებები ითვლება მეორე საბანკო დღეს მიღებულად;

2) საბანკო დღე − კალენდარული დღე, რომლის დროსაც ხორციელდება გადარიცხვის ოპერაციები ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის საშუალებით;“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკი შეიძლება შეიქმნას სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით. კომერციული ბანკების საქმიანობა რეგლამენტირდება ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.“;

ბ) მე-4–43 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 მუხლის მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უცხოეთის ბანკის ფილიალზე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა) საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი უფლებამოსილია სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიიზიდოს დეპოზიტები. ასეთ შემთხვევაში მასზე ლიცენზია გაიცემა, თუ წარმოდგენილი იქნება იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში ფილიალის გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული.

4. ეროვნული ბანკი უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე შესაბამისი სახეობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე:

ა) დამფუძნებელი ბანკის განცხადება;

ბ) იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში ფილიალის გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული;

გ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამფუძნებელ ბანკს, მინიჭებული რეიტინგის თანახმად, ამ კანონიდან გამომდინარე, ენიჭება უცხოური სანდო ბანკის სტატუსი;

დ) ფილიალის ადმინისტრატორების  დანიშვნის აქტი;

ე) იმ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

5. უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის დადგენილი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები.“.

4. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოსთან იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელიც შედგება დამოუკიდებელი წევრებისაგან. წევრი ჩაითვლება დამოუკიდებლად, თუ ის არ არის კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირი და მას ან/და მასთან ნათესაური კავშირის მქონე იმ პირებს, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან, არ აქვთ კომერციული ბანკის მიმართ ფინანსური ვალდებულება.“.

5. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკის მართვა და მისი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, საბანკო საქმიანობის ლიცენზიისათვის დართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. ეროვნული ბანკის წესები, ნორმატივები და ინსტრუქციები, რომლებიც შეეხება ერთზე მეტ კომერციულ ბანკს, ექვემდებარება აუცილებელ გამოქვეყნებას და ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან ან ამ წესებში, ნორმატივებსა და ინსტრუქციებში მითითებული თარიღიდან. თუ არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების საბანკო საქმიანობის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი, კომერციული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების შესაბამისად.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. კომერციულ ბანკს უფლება აქვს, შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკს  შესათანხმებლად წარუდგინოს მის მიერ კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას ელექტრონული (ციფრული) ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა. კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევისას ელექტრონული (ციფრული) ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე კონკრეტული საბანკო მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ ელექტრონულ (ციფრულ) ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.“.

6. მე-20 მუხლს:

ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) უპროცენტო საბანკო მომსახურება;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო მომსახურების განხორციელებამდე და სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოშვებამდე კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამისი საბანკო პროდუქტის აღწერა.“.

7. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციულ ბანკს არ აქვს უფლება, რომელიმე კლიენტთან დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სესხის გაცემის ან რაიმე საბანკო მომსახურების გაწევის პირობაა ამ ბანკის ან მისი რომელიმე მონათესავე საწარმოს არასაბანკო მომსახურების შესყიდვა ან გამოყენება, თუ კლიენტს არ მიეცა აღნიშნული არასაბანკო მომსახურების სხვა მომწოდებლისგან მიღების შესაძლებლობა.“.

8. 33-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ისეთი აქტივის ამოღების შემთხვევაში, რომელიც ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე კომერციული ბანკის აქტივი იყო, ის ავტომატურად ჩაითვლება ლიკვიდირებული ბანკის აქტივად, რომლის განკარგვის უფლებასაც იძენს ეროვნული ბანკი. თუ ლიკვიდირებული ბანკის ამოღებული აქტივი არის ფულადი სახსრები, ისინი უნდა გადაირიცხოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ლიკვიდირებული ბანკების მოუკითხავი თანხების ანგარიშზე და განაწილდეს ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. არაფულადი სახის მატერიალური აქტივის ამოღების შემთხვევაში, მისი განკარგვის მიზნით, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც განსაზღვრავს ამოღებული აქტივის განკარგვის წესს ლიკვიდირებული ბანკის ვალდებულებათა დასაკმაყოფილებლად.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

№5002-რს