დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4981-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/07/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110714024, 14/07/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.016403 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2051 მუხლი:
„მუხლი 2051. ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით
1. საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალული ქონების ღირებულება აღემატება 10 000 ლარს.“.
2. 223-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა ანდა მისი დაფინანსება
1. უკანონო ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნა ან ხელმძღვანელობა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
2. უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
3. უკანონო ფორმირების დაფინანსება, ესე იგი ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების შეგროვება ან მიწოდება, იმის წინასწარი შეცნობით, რომ იგი გამოყენებულ იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უკანონო ფორმირების საქმიანობისათვის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისათვის ფორმირება (ლაშქარი, გაერთიანება, რაზმი ან სხვა ჯგუფი) გულისხმობს ნებისმიერ ფორმირებას, რომელიც შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერებით, ცივი იარაღით ანდა ნებისმიერი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად.
2. ის, ვინც ნებაყოფლობით შეწყვიტა უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა და ჩააბარა ამ შენიშვნის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი საგნები, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“.
3. 225-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 225. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა
1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის იარაღში იგულისხმება ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერება, ცივი იარაღი ანდა ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად.“.
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3531 მუხლი:
„მუხლი 3531. პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა
1. პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მათ სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
2. პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
3. პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 1 ივლისი.
№4981-რს
დოკუმენტის კომენტარები