დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4967-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110711043, 11/07/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 03/06/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 330090000.05.001.016389 |
საქართველოს კანონი
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 24.06.2005, მუხ. 186) დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი:
„მუხლი 341. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების განვითარება და რეაბილიტაცია
1. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების განვითარების ან/და რეაბილიტაციის მიზნით თვითმმართველი ერთეულის − საკრებულოს (ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მთავრობის) დადგენილებით შესაძლებელია დადგინდეს სარეაბილიტაციო არეალი.
2. სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებაში ან/და რეაბილიტაციაში თვითმმართველი ერთეული მონაწილეობს თავისი გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულების ან თავის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, როგორც რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტი (დამკვეთი, მშენებელი).
3. სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებაზე ან/და რეაბილიტაციაზე მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4. სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარება ან/და რეაბილიტაცია შესაძლებელია დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი ბიუჯეტის, რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტის, უძრავი ქონების მესაკუთრის ან/და მესამე პირის სახსრებით.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ სარეაბილიტაციო არეალში მდებარე მრავალბინიანი სახლის განვითარებისას ან/და რეაბილიტაციისას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა საჭირო არ არის, ხოლო მრავალბინიანი სახლის ისეთი განვითარებისას, როდესაც შენობის საერთო ფართობი იზრდება 5 პროცენტზე მეტით, ისე, რომ გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და მისი ფუნქციონირება შესაძლებელია დამოუკიდებლად, თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობით.
6. თუ მრავალბინიანი სახლის ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებისას შენობის საერთო ფართობი იზრდება 5 პროცენტზე მეტით, ისე, რომ გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და მისი ფუნქციონირება შესაძლებელია დამოუკიდებლად, დამატებული ფართობი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტის ან/და უძრავი ქონების მესაკუთრის საკუთრებად და მას საკუთრებაში გადაეცემა ფართობის გაზრდის დაფინანსებისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების პროპორციულად, ხოლო თუ გაზრდილი ფართობი შენობის საერთო ფართობის 5 პროცენტზე ნაკლებია ან/და გაზრდილი ფართობი არ არის იზოლირებული და მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლებელია, დამატებული ფართობი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაა.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ სარეაბილიტაციო არეალში მდებარე იმ სახლის განვითარება ან/და რეაბილიტაცია, რომელიც არ არის მრავალბინიანი, თუ ამის შედეგად შენობის ფართობი 5 პროცენტზე მეტით არ იზრდება, შესაძლებელია განხორციელდეს შენობის მესაკუთრის თანხმობის გარეშე და დამატებული ფართობი მესაკუთრის საკუთრებაა, ხოლო თუ განვითარების შედეგად შენობის ფართობი იზრდება 5 პროცენტზე მეტით, ისე, რომ გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და მისი ფუნქციონირება შესაძლებელია დამოუკიდებლად, მესაკუთრის თანხმობა აუცილებელია.
8. თუ სარეაბილიტაციო არეალში მდებარე შენობა ავარიულია და მისი არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, ამასთანავე, მისი გამაგრება შეუძლებელია, შენობის განვითარებისთვის ან/და რეაბილიტაციისთვის აუცილებელი დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება ხორციელდება შენობის მესაკუთრის თანხმობის გარეშე. ახლად აშენებული შენობის ფართობი სულ მცირე დემონტირებული შენობის ფართობის ტოლი უნდა იყოს, ხოლო ახლად აშენებული შენობის ღირებულება უნდა აღემატებოდეს დემონტირებული შენობის ღირებულებას. ამის უზრუნველსაყოფად რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია დემონტაჟის განხორციელებამდე შეაფასოს შენობის ფართობი და ღირებულება და მესაკუთრეს წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა, ხოლო ახალი შენობის აშენების შემდეგ – შეაფასოს მისი ფართობი და ღირებულება და მესაკუთრეს წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა.
9. რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტი უფლებამოსილია მიიღოს მშენებლობის ნებართვა სარეაბილიტაციო არეალში მდებარე ნებისმიერ უძრავ ქონებაზე.
10. ამ მუხლის შესაბამისად განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მესაკუთრისთვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 24 ივნისი.
№4967-რს
დოკუმენტის კომენტარები