რომის კონვენცია 1961 - საერთაშორისო კონვენცია, შემსრულებლის, ფონოგრამების დამამზადებლის და მაუწყებლობის ორგანიზაციების – უფლებათა დაცვის შესახებ

  • Word
რომის კონვენცია 1961 - საერთაშორისო კონვენცია, შემსრულებლის, ფონოგრამების დამამზადებლის და მაუწყებლობის ორგანიზაციების – უფლებათა დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/10/1961
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 20/05/2005
ძალაში შესვლის თარიღი 14/08/2004
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000537
  • Word
-
26/10/1961
გაურკვეველი, -, 20/05/2005
480610000.03.030.000537
რომის კონვენცია 1961 - საერთაშორისო კონვენცია, შემსრულებლის, ფონოგრამების დამამზადებლის და მაუწყებლობის ორგანიზაციების – უფლებათა დაცვის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

რომის კონვენცია, 1961

საერთაშორისო კონვენცია შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლის და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ

შესრულებულია რომში, 1961 წლის 26 ოქტომბერს

მონაწილე სახელმწიფოები, რომლებსაც ამოძრავებთ შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებების დაცვის სურვილი, შეთახმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1 [საავტორო უფლებების დაცვა]

ამ კონვენციიით მინიჭებული დაცვა არ ლახავს და ზიანს არ აყენებს ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების დაცვას. აქედან გამომდინარე კონვენციის არც ერთი დებულება არ უნდა იყოს გაგებული, როგორც ზიანის მიყენება ასეთი დაცვისათვის.

    მუხლი 2 [კონვენციით მინიჭებული დაცვა. ეროვნული რეჟიმის განსაზღვრება]

1. ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული რეჟიმი ნიშნავს რეჟიმს, რომელსაც მონაწილე სახელმწიფო, რომელშიც მოთხოვნილია დაცვა, ეროვნული კანონმდებლობით ავრცელებს:

ა) შემსრულებლებზე, რომლებიც არიან მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეები, იმ შესრულებებთან დაკავშირებით, რომლებიც შესრულდა, ეთერში გადაიცა ან პირველად ჩაიწერა მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

ბ) ფონოგრამების მწარმოებლებზე, რომლებიც არიან მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეები, იმ ფონოგრამებთან დაკავშირებით, რომლებიც მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველად ჩაიწერა ან გამოიცა;

გ) მაუწყებლის ორგანიზაციებზე, რომელთა შტაბბინები განლაგებულია (ადგილსამყოფელია) ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, იმ გადაცემებთან დაკავშირებით, რომლებიც გადაიცა მის ტერიტორიაზე განლაგებული გადაცემების მეშვეობით.

2. ეროვნული რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს ამ კონვენციით უზრუნველყოფილ სპეციალურ დაცვას და განსაზღვრულ სპეციალურ შეზღუდვებს.

    მუხლი 3 [განსაზღვრება: (ა) შემსრულებლები; (ბ) ფონოგრამა; (გ) ფონოგრამების დამამზადებელი; (დ) გამოცემა; (ე) რეპროდუცირება; (ვ) ეთერში გადაცემა; (ზ) ეთერში ხელმეორედ გადაცემა]

ამ კონვენციის მიზნებისათვის:

ა) „შემსრულებლები’’ ნიშნავს მსახიობებს, მომღერლებს, მუსიკოსებს, მოცეკვავეებს და სხვა პირებს, რომლებიც თამაშობენ როლს, მღერიან, კითხულობენ, დეკლამირებენ, უკრავენ, ან სხვაგვარად ასრულებენ ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებებს;

ბ) ,,ფონოგრამა’’ ნიშნავს შესრულების ხმების ან სხვა ხმების მხოლოდ ხმოვან ჩანაწერს;

გ) ,,ფონოგრამის დამამზადებელი’’ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელმაც პირველად ჩაწერა შესრულების ხმები ან სხვა ხმები;

დ) ,,გამოცემა’’ ნიშნავს ფონოგრამის ასლების საზოგადოებისათვის გონივრული რაოდენობით შეთავაზებას;

ე) ,,რეპროდუცირება’’ ნიშნავს ჩანაწერის ასლის ან ასლების დამზადებას;

ვ) ,,მაუწყებლობა“ ნიშნავს საზოგადოებისათვის ხმების ან/და გამოსახულებების გადაცემას უმავთულო საშუალებებით;

ზ) ეთერში ხელმეორედ გადაცემა ნიშნავს ერთი სამაუწყებლო ორგანიზაციის მიერ სხვა სამაუწყებლო ორგანიზაციის გადაცემის ერთდროულ გადაცემას ეთერში.

    მუხლი 4 [დაცული შესრულება. შემსრულებელთათვის დაცვის მინიჭების პირობები]

ყოველმა მონაწილე სახელმწიფომ შემსრულებელზე უნდა გაავრცელოს ეროვნული რეჟიმი, თუ დაკმაყოფილებულია რომელიმე შემდეგი პირობა:

ა) შესრულება სრულდება სხვა მონაწილე სახელმწიფოში;

ბ) შესრულება ჩართულია ფონოგრამაში, რომელიც დაცულია ამ კონვენციის მე-5 მუხლით;

გ) შესრულება, რომელიც არ არის ჩაწერილი ფონოგრამაზე, გადაიცემა მაუწყებლის მეშვეობით, რომელიც დაცულია ამ კონვენციის მე-6 მუხლით.

    მუხლი 5 [დაცული ფონოგრამები: 1. დაცვის მინიჭების პირობები ფონოგრამების დამამზადებლებისათვის; 2. ერთდროული გამოცემა; 3. გარკვეული კრიტერიუმების ამოღების უფლებამოსილება]

1. ყოველმა მონაწილე სახელმწიფომ ფონოგრამის მწარმოებელზე უნდა გაავრცელოს ეროვნული რეჟიმი, თუ:

ა) ფონოგრამის მწარმოებელი სხვა მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეა* (ეროვნული კრიტერიუმი);

ბ) ხმის პირველი ჩაწერა განხორციელდა სხვა მონაწილე სახელმწიფოში (ჩაწერის კრიტერიუმი);

გ) ფონოგრამა პირველად გამოიცა სხვა მონაწილე სახელმწიფოში (გამოცემის კრიტერიუმი).

2. თუ ფონოგრამა პირველად გამოიცა სახელმწიფოში, რომელიც არ მონაწილეობს კონვენციაში, მაგრამ მისი პირველი გამოცემიდან ოცდაათი დღის განმავლობაში მოხდა მისი გამოცემა მონაწილე სახელმწიფოში (ერთდროული გამოცემა), ფონოგრამა ჩაითვლება პირველად გამოცემულად მონაწილე სახელმწიფოში.

3. ყოველმა მონაწილე სახელმწიფომ შეტყობინების საშუალებით, რომლის დეპონირებაც უნდა მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შეიძლება განაცხადოს, რომ იგი არ გამოიყენებს გამოცემის კრიტერიუმს, ან არჩევით, ჩაწერის კრიტერიუმს. შეტყობინების დეპონირება შეიძლება განხორციელდეს კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, მასთან შეერთების, ან ნებისმიერ სხვა დროს; ბოლო შემთხვევაში შეტყობინება ძალაში შევა მისი დეპონირებიდან 6 თვის შემდეგ.

    მუხლი 6 [დაცული მაუწყებლობა: 1. დაცვის მინიჭების პირობები სამაუწყებლო ორგანიზაციებისათვის; 2. დათქმის უფლება]

ყოველმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეროვნული რეჟიმის გავრცელება მაუწყებლის ორგანიზაციაზე, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი რომელიმე პირობა:

ა) მაუწყებლის ორგანიზაციის შტაბბინა მდებარეობს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

ბ) მაუწყებლობა განხორციელდა გადაცემიდან, რომელიც სხვა მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზეა განთავსებული.

2. ყოველმა მონაწილე სახელმწიფომ შეტყობინების საშუალებით, რომლის დეპონირებაც უნდა მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შეიძლება განაცხადოს, რომ ის დაიცავს მაუწყებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლობის ორგანიზაციის შტაბბინა სხვა მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზეა და მაუწყებლობა ხორციელდება იმ გადამცემის მეშვეობით, რომელიც ამავე მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზეა განთავსებული. შეტყობინების დეპონირება შეიძლება განხორციელდეს კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, მასთან შეერთების, ან ნებისმიერ სხვა დროს; ბოლო შემთხვევაში შეტყობინება ძალაში შევა მისი დეპონირებიდან 6 თვის შემდეგ.

    მუხლი 7 [შემსრულებელთა მინიმალური დაცვა: 1. განსაკუთრებული უფლებები; 2. ურთიერთობა შემსრულებლებსა და მაუწყებლობის ორგანიზაციებს შორის]

1. ამ კონვენციით მინიჭებული დაცვა შემსრულებელს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას აკრძალოს:

ა) შესრულების ერთ-ერთი და საყოველთაო გაცნობისათვის გადაცემა მისი ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეთერში ან საყოველთაო გაცნობისათვის გადაცემის დროს გამოყენებული შესრულება ადრე გადაცემული შესრულებაა, ან გადაცემა განხორციელებულია შესრულების ჩანაწერის გამოყენებით;

ბ) ჩაუწერელი შესრულების ჩაწერა მისი თანხმობის გარეშე;

გ) შესრულებლის ჩაწერის რეპროდუცირება მისი თანხმობის გარეშე, თუ:

(і) პირველი (ორიგინალური) ჩანაწერი გაკეთდება მისი თანხმობის გარეშე;

(іі) რეპროდუცირება ხორციელდება არა იმ მიზნებისათვის, რაზეც შემსრულებელმა მისცა თანხმობა;

(ііі) პირველი ჩანაწერი განხორციელდა ამ კონვენციის მე-15 მუხლის დებულების შესაბამისად, ხოლო რეპროდუცირება ხორციელდება იმ მიზნებისათვის, რომლებიც განსხვავდება ამავე დებულებებით განსაზღვრული მიზნებისაგან.

2. (1) თუ ეთერში გადაცემა ნებადართულია შემსრულებლის მიერ, მონაწილე სახელმწიფოს, რომელშიც მოთხოვნილია დაცვა, ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საგანს წარმოადგენს, შესრულების დაცვა ეთერში ხელმეორედ გადაცემისაგან, მაუწყებლობის მიზნით შესრულების ჩაწერისა და რეპროდუცირებისაგან.

(2) მაუწყებლობის ორგანიზაციების მიერ მაუწყებლობის მიზნით ჩანაწერების გამოყენების ვადები და პირობები განისაზღვრება იმ მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც მოითხოვება დაცვა.

(3) მიუხედავად აღნიშნულისა, ეროვნული კანონმდებლობა, ამ პუნქტის(1) და (2) ქვეპუნქტებთან მიმართებაში, არ უნდა ართმევდეს შემსრულებელს, ხელშეკრულების მეშვეობით, მაუწყებლობის ორგანიზაციებთან ურთიერთობის კონტროლის უფლებას.

    მუხლი 8 [ერთობლივად მოქმედი შემსრულებლები]

ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს თავისი ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვროს წესი, რომლის შესაბამისადაც შემსრულებლები წარმოდგენილი იქნებიან თავიანთი უფლებების განხორციელების პროცესში, თუ რამდენიმე შემსრულებელი მონაწილეობს ერთსა და იმავე შესრულებაში.

    მუხლი 9 [ვარიეტესა და ცირკის მსახიობები]

ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, თავისი ეროვნული კანონმდებლობით, ამ კონვენციით გარანტირებული დაცვა გაავრცელოს მსახიობებზე, რომლებიც არ ასრულებენ ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებებს.

    მუხლი 10 [რეპროდუცირების უფლება ფონოგრამის დამამზადებლებისათვის]

ფონოგრამების დამამზადებლებს უფლება აქვთ ნება დართონ ან აკრძალონ თავისი ფონოგრამების პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება.

    მუხლი 11 [ფორმალური პროცედურები ფონოგრამებთან დაკავშირებით]

თუ მონაწილე სახელმწიფო ფონოგრამებთან დაკავშირებით, ფონოგრამების დამამზადებლის ან/და შემსრულებლის უფლების დაცვის მიზნით, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ითხოვს ფორმალური პროცედურების დაცვას, ასეთი პროცედურა ჩაითვლება დაცულად, თუ ბრუნვაში გაშვებული, გამოცემული ფონოგრამის ყველა ეგზემპლარი ან მათი ფუტლარები შეიცავს სიმბოლოს P და პირველი გამოქვეყნების თარიღის მითითებას, რომელიც იმგავარად არის განთავსებული, რომ წარმოადგენს ნათელ განცხადებას უფლებების დაცვის თაობაზე; და თუ ასლები ან მათი ფუტლარები არ იძლევა დამამზადებლის ან დამამზადებლის ლიცენზიატის იდენტიფიცირების საშუალებას (სახელის, სასაქონლო ნიშნის ან სხვა შესაბამისი აღნიშვნის მეშვეობით), აღნიშვნა უნდა შეიცავდეს აგრეთვე დამზადებაზე უფლების მფლობელის სახელსაც; ამასთან, თუ ეგზემპლარები ან მათი ფუტლარები არ იძლევა ძირითადი (მთავარი) შემსრულებლების იდენტიფიცირების საშუალებას, აღნიშვნა უნდა შეიცავდეს აგრეთვე იმ პირის სახელსაც, რომელსაც ეკუთვნის შემსრულებლის უფლებები იმ ქვეყანაში, სადაც განხორციელებულია ჩაწერა.

    მუხლი 12 [ფონოგრამების მეორადი გამოყენება]

თუ ფონოგრამა, რომელიც გამოიცა კომერციული მიზნებისათვის, ან ასეთი ფონოგრამის ეგზემპლარი გამოიყენება მაუწყებლის ან საჯარო გადაცემის პროცესში, მოსარგებლემ შემსრულებელს ან/და ფონოგრამის დამამზადებელს უნდა გადაუხადოს სამართლიანი ერთჯერადი ანაზღაურება. ეროვნული კანონმდებლობით შეიძლება განისაზღვროს ანაზღაურების განაწილების წესი, თუ აღნიშნულ მხარეებს შორის შეთანხმება არ არსებობს.

    მუხლი 13 [მინიმალური უფლებები მაუწყებლის ორგანიზაციებისათვის]

მაუწყებლის ორგანიზაციებს უფლება აქვთ ნება დართონ ან აკრძალონ:

ა) თავისი გადაცემის რეტრანსლაცია;

ბ) თავისი გადაცემების ჩაწერა;

გ) რეპროდუცირება:

( i) თავისი გადაცემების ჩანაწერებისა, რომლებიც გაკეთდა მათი თანხმობის გარეშე;

( ii) თავისი გადაცემების ჩანაწერებისა, რომლებიც გაკეთდა მე-15 მუხლის დებულებების შესაბამისად, თუ რეპროდუცირება ხორციელდება იმ მიზნებისათვის, რომლებიც განსხვავდება ამავე დებულებებით განსაზღვრული მიზნებისაგან;

დ) მათი სატელევიზიო გადაცემების საყოვეთაო გაცნობისათვის გადაცემა, თუ ასეთი გადაცემა მიმდინარეობს ადგილებში, სადაც საზოგადოებისათვის შესვლა ფასიანია; ამ უფლების გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების განსაზღვრა წარმოადგენს იმ სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საგანს, სადაც მოითხოვება უფლების დაცვა.

    მუხლი 14 [დაცვის მინიმალური ვადა]

ამ კონვენციით მინიჭებული დაცვის ვადა უნდა შეადგენდეს, სულ მცირე 20 წელიწადს და აითვლებოდეს იმ წლის დასასრულიდან, როდესაც:

ა) განხორციელდა ფონოგრამის ჩაწერა – ფონოგრამებისათვის და მასში შესული შესრულებისათვის;

ბ) განხორციელდა შესრულება – შესრულებისათვის, რომლებიც არ არიან შესული ფონოგრამაში;

გ) განხორციელდა მაუწყებლობა – გადაცემებისათვის.

    მუხლი 15 [დასაშვები გამონაკლისები : 1. სპეციალური შეზღუდვები; 2. თანასწორობა საავტორო უფლებებთან]

1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, კონვენციით მინიჭებულ დაცვაში ეროვნული კანონმდებობით დაუშვას გამონაკლისი, რომელიც უკავშირდება:

ა) პირად სარგებლობას;

ბ) მოკლე ნაწყვეტების გამოყენებას, მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვისას;

გ) მაუწყებლის ორგანიზაციის მიერ საკუთარი საშუალებებით და საკუთარი მაუწყებლობისათვის დროებითი (ეფემერული) ჩანაწერის განხორციელებას;

დ) მხოლოდ და მხოლოდ სასწავლო პროცესში ან სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიუხედავად, ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს თავისი ეროვნული კანონმდებლობით დააწესოს იგივე შეზღუდვები შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების დაცვასთან დაკავშირებით, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულია ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. თუმცა, იძულებითი ლიცენზირება შეიძლება დაწესდეს იმ ფარგლებში, რომლებიც შეესაბამება ამ კონვენციას.

    მუხლი 16 [დათქმა]

1. ნებისმიერი სახელმწიფო, კონვენციასთან შეერთებით, შეზღუდული უნდა იყოს კონვენციიდან გამომდინარე ვალდებულებებით და სარგებლობდეს ყველა მისი უპირატესობით. თუმცა სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეტყობინების დეპონირებით გააკეთოს განაცხადი, რომ:

ა) მე-12 მუხლათან დაკავშირებით:

(Ι) არ გამოიყენებს ამ მუხლის დებულებებს;

(ΙΙ) არ გამოიყენებს ამ მუხლის დებულებებს გარკვეული შემთხვევების დროს;

(ΙΙΙ) არ გამოიყენებს ამ მუხლის დებულებებს იმ ფონოგრამებთან დაკავშირებით, რომელთა დამამზადებელი არ არის სხვა მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქე;

(ΙV) ზღუდავს ამ მუხლით გათვალისწინებული დაცვის ფარგლებს იმ ფონოგრამებთან დაკავშიარებით, რომლის დამამზადებელიც არის სხვა მონაწილე სახელმწიფოს მოქალქე, იმ ფარგლებით და ვადებით, რომლებითაც ეს უკანასკნელი სახელმწიფო ზღუდავს იმ ფონოგრამებისათვის არსებულ დაცვას, რომლის პირველი ჩაწერა განახორციელა იმ სახელმწიფოს მოქალაქემ, რომელმაც გააკეთა განაცხადი. თუმცა ის ფაქტი, რომ მონაწილე სახელმწიფო, რომლის მოქალაქეა ფონოგრამის მწარმოებელი, არ ანიჭებს დაცვას იმავე კატეგორიის უფლებამფლობელს ან უფლებამფლობელებს, იმ სახელმწიფოს მსგავსად, რომელმაც გააკეთა განაცხადი, არ უნდა იქნეს განხილული როგორც განსხვავება დაცვის ფარგლებს შორის;

ბ) მე-13 მუხლთან დაკავშირებით, არ გამოიყენებს ამავე მუხლის „დ“ პუნქტს; თუ მონაწილე სახელმწიფო აკეთებს ასეთ განაცხადს, სხვა მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მე-13 მუხლის (დ) პუნქტით განსაზღვრული უფლება მიანიჭონ მაუწყებლობის ორგანიზაციებს, რომელთა შტაბბინები მდებარეობს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეტყობინება განხორციელებულია რატიფიკაციის, მიღების ან შეერთების აქტის დეპონირების თარიღის შემდეგ, შეტყობინება ძალაში შევა მისი დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.

    მუხლი 17 [გარკვეული სახელმწიფოები, რომლებიც გამოიყენებენ მხოლოდ ,,ჩაწერის’’ კრიტერიუმს]

ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც 1961 წლის 26 ოქტომბრისათვის ანიჭებს დაცვას ფონოგრამების დამამზადებლებს მხოლოდ და მხოლოდ ჩაწერის კრიტერიუმის საფუძველზე, კონვენციის რატიფიკაციის, მიღების ან მიერთების დროს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეტყობინების დეპონირებით განაცხადოს, რომ ამ კონვენციის მე-5 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, იგი გამოიყენებს მხოლოდ ჩაწერის კრიტერიუმს და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის (ა) (ΙΙΙ) და (ΙV) ქვეპუნქტების მიზნებისათვის – ჩაწერის კრიტერიუმის ნაცვლად ეროვნულ კრიტერიუმს.

    მუხლი 18 [დათქმის გამოთხოვნა]

ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ან მე-17 მუხლის შესაბამისად განახორციელა შეტყობინების დეპონირება, უფლება აქვს გაერთიენებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან დამატებითი შეტყობინების დეპონირებით განახორციელოს მისი ფარგლების შემცირება ან გამოითხოვოს იგი.

    მუხლი 19 [შემსრულებლის უფლებები ფილმებში]

კონვენციის შინაარსის მიუხედავად, ამ კონვენციის მე-7 მუხლი არ გამოიყენება, თუ შემსრულებელმა თანხმობა მისცა მისი შესრულების ჩართვაზე ვიზუალურ ან აუდიო- ვიზუალურ ჩანაწერში.

    მუხლი 20 [შეუქცევადობა]

1. ეს კონვენცია არ ლახავს უფლებებს, რომლებიც მოპოვებული იყო მონაწილე სახელმწიფოში მის მიმართ კონვენციის ამოქმედებამდე.

2. არცერთი მონაწილე სახელმწიფო ვალდებული არ არის გამოიყენოს ამ კონვენციის დებულებები განხორციელებულ შესრულებასთან ან გადაცემებთან და ფონოგრამებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩაიწერა, ამ სახელმწიფოს მიმართ კონვენციის ამოქმედებამდე.

    მუხლი 21 [სხვა დაცვა]

კონვენციით უზრუნველოყოფილი დაცვა არ ლახავს დაცვის სხვა საშუალებებს, რომლებითაც სარგებლობენ შემსრულებლები, ფონოგრამის დამამზადებლები ან მაუწყებლობის ორგანიზაციები.

    მუხლი 22 [სპეციალური შეთანხმებები]

მონაწილე სახელმწიფოები იტოვებენ უფლებას დადონ ერთმანეთთან სპეციალური შეთანხმებები, თუ ისინი შეძლებენ შემსრულებლებისათვის, ფონოგრამების დამამზადებლებისა და მაუწყებლობის ორგანიზაციებისათვის უფრო ფართო უფლებების უზრუნველყოფას, ვიდრე მათ ენიჭებათ ამ კონვენციით, ან შეიცავს სხვა დებულებებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციას.

    მუხლი 23 [ხელმოწერა და დეპონირება]

კონვენციის დეპონირება უნდა მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. იგი ღიაა ხელმოსაწერად 1962 წლის 30 ივნისამდე ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელიც მოწვეულია შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზციების საერთაშორისო დაცვის დიპლომატიურ კონფერენციაზე და არის საავტორო უფლებების შესახებ მსოფლიო კონვენციის ან ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის წევრი.

    მუხლი 24 [კონვენციაში გაწევრიანება]

1. ეს კონვენცია უნდა იქნეს რატიფიცირებული ან მიღებული ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ.

2. ეს კონვენცია ღიაა ნებისმიერ სახელმწიფოსათვის, რომელიც მოწვეულია 23-ე მუხლში მითითებულ კონფერენციაზე და გაერთიანებული ერების ორაგანიზაციის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსათვის, იმ პირობით, რომ ასეთი სახელმწიფო ყველა შემთხვევაში არის საავტორო უფლებების შესახებ მსოფლიო კონვენციის ან ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის წევრი.

3. კონვენციის რატიფიკაცია, მიღება ან მასთან შეერთება ძალაში შევა სათანადო აქტის გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან დეპონირების შემდეგ.

    მუხლი 25 [ამოქმედება]

1. ეს კონვენცია ამოქმედდება რატიფიკაციის, მიღების ან მასთან შეერთების თაობაზე მეექვსე აქტის დეპონირების თარიღიდან სამი თვის შემდეგ.

2. შემდგომში ეს კონვენცია ყოველ სახელმწიფოში ამოქმედდება, რატიფიკაციის, მიღების ან მასთან მიერთების თაობაზე აქტის დეპონირების თრიღიდან სამი თვის შემდეგ.

    მუხლი 26 [კონვენციის განხორციელება ეროვნული კანონმდებლობის ნორმებით]

1. ყოველი მონაწილე სახელმწიფო ვალდებულებას იღებს თავისი კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ზომები კონვენციის დებულებების განხორციელებისათვის.

2. რატიფიკაციის, მიღების ან შეერთების თაობაზე აქტის დეპონირების თარიღისათვის ყოველ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი ეროვნული კანონმდებლობით უზრუნველყოს კონვენციით გათვალისწინებული პირობების შესრულება.

    მუხლი 27 [კონვენციის გამოყენება გარკვეულ ტერიტორიაზე]

1. ნებისმნიერ სახელმწიფოს უფლება აქვს კონვენციის რატიფიკაციის, მიღების ან მასთან შეერთების დროს, ან შემდგომში ნებისმიერ დროს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით განაცხადოს, რომ ეს კონვენცია ვრცელდება ყველა ან ერთ რომელიმე ტერიტორიაზე, რომლის საერთაშორისო ურთიერთობისთვისაც არის პასუხისმგებელი, იმ პირობით, რომ საავტორო უფლებების შესახებ მსოფლიო კონვენცია ან ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კონვენცია ვრცელდება აღნიშნულ ტერიტორიებზე. შეტყობინება ამოქმედდება მისი დეპონირებიდან სამი თვის შემდეგ.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-16 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-17 და მე-18 მუხლებში აღნიშნული შეტყობინება შეიძლება გავრცელდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ ყველა ან ერთ რომელიმე ტერიტორიაზე.

    მუხლი 28 [კონვენციის დენონსაცია]

1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს მოახდინოს ამ კონვენციის დენონსაცია თავისი სახელით ან ყველა ან რომელიმე ტერიტორიის სახელით, რომლებიც გათვალისწინებულია 27-ე მუხლით.

2. დენონსაცია ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით და ძალაში შედის შეტყობინების მიღების 12 თვის შემდეგ.

3. მონაწილე სახელმწიფომ არ უნდა გამოიყენოს დენონსაციის უფლება ხუთი წლის განმავლობაში მის მიმართ კონვენციის ამოქმედებიდან.

4. მონაწილე სახელმწიფო არ ჩაითვლება კონვენციის წევრად იმ დროიდან, როდესაც ის აღარ იქნება არც სავტორო უფლებების შესახებ მსოფლიო კონვენციის და არც ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის წევრი.

5. ეს კონვენცია აღარ გავრცელდება 27-ე მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე აღარ იქნება გამოყენებული საავტორო უფლებების შესახებ მსოფლიო კონვენცია ან ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კონვენცია.

    მუხლი 29 [კონვენციის გადასინჯვა]

1. ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი შეტყობინების გაგზავნით მოითხოვოს კონფერენციის მოწვევა კონვენციის გადასინჯვის მიზნით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა უნდა შეატყობინოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს ამ მოთხოვნის შესახებ. თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეტყობინების თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში მონაწილე სახელმწიფოების არანაკლებ ნახევარი განაცხადებს თანხმობას ამ მოთხოვნაზე, გენერალური მდივანი შეატყობინებს ამის შესახებ შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ბიუროს დირექტორს, რომლებმაც უნდა მოიწვიონ სარევიზიო კონფერენცია 32-ე მუხლით გათვალისწინებულ სამთავრობათაშორისო კომიტეტთან ერთად.

2. ამ კონვენციაში ნებისმიერი შესწორების შესატანად საჭიროა სარევიზიო კონფერენციაზე დამსწრე სახელმწიფოების ხმების ორი მესამედი, იმ პირობით, რომ ხმების ეს რაოდენობა მოიცავს იმ სახელმწიფოების ორ მესამედს, რომლებიც სარევიზიო კონფერენციის ჩატარების თარიღისათვის არიან ამ კონვენციის წევრები.

3. იმ შემთხვევაში, თუ კონვენციაში შეიტანენ შესწორებებს, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლის კონვენციას და თუ გადასინჯული კონვენციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული:

ა) ეს კონვენცია აღარ იქნება ღია რატიფიკაციის, მიღების ან მასთან შეერთებისათვის გადასინჯული კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან;

ბ) ეს კონვენცია ძალაში რჩება იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში და მათთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან გადასინჯული კონვენციის წევრები.

    მუხლი 30 [დავის გადაწყვეტა]

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ორ ან უფრო მეტ მონაწილე სახელმწიფოს შორის ამ კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან მის გამოყენებასთან დაკავშირებით და რომელიც ვერ გადაწყდება მოლაპარიკებიდ გზით, დავის ნებისმიერი მონაწილის მოთხოვნით შეიძლება განსახილველად გადაეცეს საერთაშორისო სასამართლოს, თუ მხარეები არ არიან შეთანხმებული დავის გადაწყვეტის სხვა ფორმაზე.

    მუხლი 31 [დათქმის შეზღუდვა]

არავითარი პირობის დათქმა არ შეიძლება, თუ იგი არ ეხება კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს, მე-16 მუხლის პირველ პუნქტს და მე-17 მუხლის დებულებებს.

    მუხლი 32 [სამთავრობათაშორისო კომიტეტი]

1. კონვენციით ფუძნდება სამთავრობათაშორისო კომიტეტი, რომლის მოვალეობებს შეადგენს:

ა) ამ კონვენციის განხორციელებასთან და მოქმედებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა; და

ბ) წინადადებების შეგროვება და დოკუმენტაციის მომზადება ამ კონვენციაში შესაძლო ცვლილებების შესატანად.

2. კომიტეტი უნდა შედგებოდეს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც შეირჩევიან სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფით. კომიტეტი უნდა შედგებოდეს ექვსი წევრისაგან, თუ მონაწილე სახელმწიფოთა რაოდენობა არის თორმეტი ან თორმეტზე ნაკლები, ცხრა წევრისაგან – თუ მონაწილე სახელმწიფოთა რაოდენობა ცამეტიდან თვრამეტამდეა და თორმეტი წევრისაგან – თუ მონაწილე სახელმწიფოთა რიცხვი თვრამეტს აღემატება.

3. კომიტეტი დაკომპლექტდება კონვენციის ამოქმედებიდან თორმეტი თვის შემდეგ წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით ჩატარებული არჩევნებით, რომელშიც ყოველ სახელმწიფოს აქვს ერთი ხმის უფლება და რომლის ორგანიზებასაც მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობის მიერ წინასწარ დადგენილი წესით ახორციელებენ შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი და ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ბიუროს დირექტორი.

4. კომიტეტი ირჩევს თავმჯდომარეს და თანამდებობის პირებს. კომიტეტმა უნდა დაადგინოს თავისი მუშაობის წესები. ამ წესებმა დეტალურად უნდა განსაზღვროს კომიტეტის მომავალი საქმიანობის პრინციპები და მომავალში მისი წევრების არჩევის მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს როტაციის პრინციპის დაცვას სხვადასხვა მონაწილე სახელმწიფოებს შორის.

5. კომიტეტის სამდივნო შედგება შრომის საერთაშორისო ბიუროს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის და ლიტერატურის, და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის თანამდებობის პირებისაგან, რომლებსაც შესაბამისად ნიშნავენ ამ ორგანიზაციების გენერალური დირექტორი და დირექტორები.

6. კომიტეტის სხდომები, რომლებსაც მოიწვევენ მაშინ, როდესაც ამას აუცილებლად მიიჩნევს წევრების უმრავლესობა, ტარდება თანმიმდევრულად შრომის საერთაშორისო ბიუროს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის და ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ბიუროს შტაბბინებში.

7. კომიტეტის წევრების ხარჯებსა ანაზღაურებენ შესაბამისი სახელმწიფოები.

    მუხლი 33 [ენები]

1. ეს კონვენცია შედგენილია ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე. კონვენციის სამივე ტექსტი ავთენტიკურია.

2. ამ კონვენციის ოფიციალური ტექსტები დამატებით უნდა შემუშავდეს გერმანულ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.

    მუხლი 34 [შეტყობინება]

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი 23-ე მუხლით განსაზღვრულ კონფერენციაზე მოწვეულ სახელმწიფოებს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა მონაწილე სახელმწიფოს, აგრეთვე შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ბიუროს ატყობინებს:

ა) კონვენციის რატიფიკაციის, მიღების და მასთან შეერთების თითოეული აქტის დეპონირების თაობაზე;

ბ) კონვენიციიის ძალაში შესვლის თარიღის თაობაზე;

გ) ყველა შეტყობინების, დეკლარაციისა და ინფორმაციის თაობაზე, რომელიც გათვალისწინებულია ამ კონვენციით;

დ) კონვენიციის 28-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების თაობაზე.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ბიუროს დირექტორს ატყობინებს აგრეთვე ყველა მოთხოვნის თაობაზე, რომელიც მას წარედგინება კონვენციის 29-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე ყველა შეტყობინების შესახებ, რომელსაც მიიღებს მონაწილე სახელმწიფოებისაგან კონვენციის გადასინჯვასთან დაკავშირებით. რის დასტურადაც ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელს ვაწერთ ამ კონვენციას.

შესრულებულია რომში, 1961 წლის 26 ოქტომბერს, ერთ ეგზემპლარად, ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე. სათანადოდ დამოწმებულ ასლებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი გადასცემს ყველა სახელმწიფოს, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ კონფერენციაზე 23-ე მუხლის შესაბამისად და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყოველ წევრ-სახელმწიფოს, აგრეთვე შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორუისო კავშირის ბიუროს დირექტორს.