ჰააგის შეთანხმება სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო დეპონირების შესახებ

  • Word
ჰააგის შეთანხმება სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო დეპონირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/1961
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 01/04/2005
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2003
სარეგისტრაციო კოდი 480220000.03.030.000528
  • Word
-
31/12/1961
გაურკვეველი, -, 01/04/2005
480220000.03.030.000528
ჰააგის შეთანხმება სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო დეპონირების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ჰააგის შეთანხმება

სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო დეპონირების შესახებ

    მუხლი 1

(1) სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო დეპონირების მიზნით მონაწილე სახელმწიფოები ქმნიან სპეციალურ კავშირს.

(2) მხოლოდ სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო კავშირის წევრ-სახელმწიფოებს შეუძლიათ გახდნენ ამ შეთანხმების მხარეები.

    მუხლი 2

ამ შეთანხმების მიზნებისათვის:

,, 1925 წლის შეთანხმება” ნიშნავს 1925 წლის 6 ნოემბრის სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო დეპონირების შესახებ ჰააგის შეთანხმებას;

,,1934 წლის შეთანხმება” ნიშნავს 1925 წლის 6 ნოემბრის სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო დეპონირების შესახებ ჰააგის შეთანხმებას, რომელიც გადაისინჯა ლონდონში 1934 წლის 2 ივნისს;

,,ეს შეთანხმება” ან ,,წინამდებარე შეთანხმება” ნიშნავს სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო დეპონირების შესახებ ჰააგის შეთანხმებას, რომელიც დადებული წინამდებარე აქტით;

,,ინსტრუქცია” ნიშნავს დებულებებს ამ შეთანხმების განხორციელების მიზნით;

,,საერთაშორისო ბიურო” ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ბიუროს;

,,საერთაშორისო დეპოზიტი” ნიშნავს საერთაშორისო ბიუროში შეტანილ საერთაშორისო დეპოზიტს;

,,ეროვნული დეპოზიტი” ნიშნავს მონაწილე სახელმწიფოს ეროვნულ უწყებაში შეტანილ დეპოზიტს;

,,მრავლობითი დეპოზიტი” ნიშნავს დეპოზიტს, რომელიც რამდენიმე ნიმუშს შეიცავს;

,,საერთაშორისო დეპოზიტის წარმოშობის სახელმწიფო” ნიშნავს მონაწილე სახელმწიფოს, სადაც განმცხადებელს აქვს ნამდვილი და მოქმედი სამრეწველო ან კომერციული საწარმო ან, თუ განმცხადებელს ასეთი საწარმოები აქვს რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოში, მაშინ იმ მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც მან მიუთითა თავის განაცხადში; თუ განმცხადებელს არა აქვს ასეთი საწარმო რომელიმე მონაწილე სახელმწიფოში, მაშინ იმ მონაწილე სახელმწიფოს, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; თუ მას არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მონაწილე სახელმწიფოში, მაშინ იმ მონაწილე სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის იგი;

,,სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს სიახლის ექსპერტიზას” ნიშნავს მონაწილე სახელმწიფოს, რომლის ეროვნული კანონი ითვალისწინებს სისტემას, რომელიც მოიცავს ეროვნული უწყების მიერ თითოეულ დეპონირებულ ნიმუშზე სიახლის წინასწარ ex officio ძიებასა და ექსპერტიზას.

    მუხლი 3

მონაწილე სახელმწიფოების მოქალაქეებსა და პირებს, რომლებიც არ არიან რომელიმე მონაწილე ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან ნამდვილი და მოქმედი საწარმო მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შეუძლიათ ნიმუშების დეპონირება საერთაშორისო ბიუროში.

    მუხლი 4

(1) საერთაშორისო დეპონირება საერთაშორისო ბიუროში შეიძლება განხორციელდეს:

1. პირდაპირ, ან

2. მონაწილე სახელმწიფოს ეროვნული უწყების შუამავლობით, თუ ეს ნებადართულია ამ სახელმწიფოს კანონით.

(2) ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს ეროვნული კანონი შეიძლება მოითხოვდეს საერთაშორისო დეპოზიტების, რომლის წარმოშობის სახელმწიფოდაც იგი არის მიჩნეული, შეტანას ეროვნული უწყების საშუალებით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა არ მიაყენებს ზიანს საერთაშორისო დეპონირების მოქმედებას სხვა მონაწილე სახელმწიფოებში.

    მუხლი 5

(1) საერთაშორისო დეპოზიტი უნდა შედგებოდეს განცხადების, ერთი ან მეტი ფოტოსურათის ან სამრეწველო ნიმუშის სხვა გრაფიკული გამოსახულებისაგან, აგრეთვე გადახდილი უნდა იყოს ინსტრუქციით დადგენილი საფასურები.

(2) განცხადება უნდა შეიცავდეს:

1. იმ მონაწილე სახელმწიფოების სიას, სადაც განმაცხადებელი ითხოვს, რომ მოქმედებდეს საერთაშორისო დეპონირება;

2. იმ ნაკეთობის ან ნაკეთობების მითითებას, რომლებშიც სამრეწველო ნიმუში უნდა იქნეს ჩართული;

3. თუ განმაცხადებელს სურს მე-9 მუხლით გათვალისწინებული პრიორიტეტის მოთხოვნა, დეპოზიტის თარიღის, სახელმწიფოსა და ნომრის მითითებას, რაც წარმოქმნის პრიორიტეტის უფლებას;

4. ისეთ სხვა მონაცემებს, რომლებიც შეიძლება დადგენილ იქნეს ინსტრუქციით.

(3) (ა) დამატებით, განაცხადი შეიძლება შეიცავდეს:

1. სამრეწველო ნიმუშის დამახასიათებელი ნიშნების მოკლე აღწერას;

2. განცხადებას სამრეწველო ნიმუშის ნამდვილი შემქმნელის შესახებ;

3. მოთხოვნას გამოქვეყნების გადადების შესახებ, რასაც მე-6 (4) მუხლი ითვალისწინებს.

(ბ) განაცხადს აგრეთვე შეიძლება თან დაერთოს ნაკეთობის ან ნაკეთობების ნიმუშები ან მოდელები, რომლებშიც სამრეწველო ნიმუშია განხორციელებული.

(4) მრავლობითი დეპოზიტი შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე ნიმუშს, რომლებიც განკუთვნილია სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთი და იმავე კლასის ნაკეთობებში ჩასართველად 21-ე (2) მუხლის მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 6

(1) საერთაშორისო ბიურო აწარმოებს სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო რეესტრს, სადაც არეგისტრირებს საერთაშორისო დეპოზიტებს.

(2) საერთაშორისო დეპოზიტი ჩაითვლება დეპონირებულად იმ თარიღიდან, როდესაც საერთაშორისო ბიურომ მიიღო განაცხადი დადგენილი ფორმით – გადასახდელი საგანაცხადო საფასური, თანდართული ფოტოსურათი ან ფოტოსურათები, ან სამრეწველო ნიმუშის სხვა გრაფიკული გამოსახულებები, ან, თუ საერთაშორისო ბიურომ განაცხადის მასალები მიიღო სხვადასხვა თარიღით, ამ თარიღებს შორის უკანასკნელი თარიღიდან. რეგისტრაციას უნდა ჰქონდეს იგივე თარიღი.

(3) (ა) თითოეულ საერთაშორისო დეპოზიტს საერთაშორისო ბიურო აქვეყნებს პერიოდულ ბიულეტენში:

1. რეპროდუქციას შავ-თეთრ ფერებში, ან განმაცხადებლის მოთხოვნით დეპონირებული ფოტოსურათების ან სხვა გრაფიკული გამოსახულების ფერად რეპროდუქციას;

2. საერთაშორისო დეპონირების თარიღს;

3. ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა მონაცემებს.

(ბ) საერთაშორისო ბიურო ეროვნულ უწყებებს პერიოდულ ბიულეტენებს უგზავნის რაც შეიძლება მოკლე დროში.

4. (ა) მე-(3) პუნქტის (ა) ქვეპუნქტში აღნიშნული გამოქვეყნება განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება გადაიდოს ისეთი პერიოდით, რომლის მოთხოვნაც მას შეუძლია. აღნიშნული პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს თორმეტ თვეს საერთაშორისო დეპონირების თარიღიდან. მაგრამ, თუ პრიორიტეტია მოთხოვნილი, ამ პერიოდის საწყისი თარიღი იქნება პრიორიტეტის თარიღი.

(ბ) (ა) ქვეპუნქტში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში განმცხადებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს სასწრაფო გამოქვეყნება, ან შეუძლია გამოითხოვოს დეპოზიტი. დეპოზიტის გამოთხოვა შეიძლება შეიზღუდოს ერთი ან რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოთი, და მრავლობითი დეპოზიტის შემთხვევაში, მასში შემავალი რამდენიმე ნიმუშით.

(გ) თუ განმცხადებელი დადგენილი დროის განმავლობაში ვერ გადაიხდის იმ საფასურებს, რომელიც გადახდილი უნდა იყოს (ა) ქვეპუნქტში აღნიშნული პერიოდის ამოწურვამდე, საერთაშორისო ბიურო გააუქმებს დეპონირებას და არ განახორციელებს მე-(3) პუნქტის (ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პუბლიკაციას.

(დ) (ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერიოდის ამოწურვამდე საერთაშორისო ბიურო კონფიდენციალურად ინახავს იმ დეპოზიტების რეგისტრაციას, რომელთა პუბლიკაცია გადადებულია, ამასთან საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ არის ასეთ დეპოზიტებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან ნაგებობა. ამ დებულებების გამოყენება ხორციელდება დროის შეუზღუდავად , თუ განმცხადებელმა გაითხოვა თავისი დეპოზიტი აღნიშნული პერიოდის ამოწურვამდე.

(5) მე-(4) პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რეესტრი და საერთაშორისო ბიუროში შეტანილი ყველა დოკუმენტი და ნაკეთობა დასათვალიერებლად ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.

    მუხლი 7

(1) (ა) საერთაშორისო ბიუროში რეგისტრირებულ დეპოზიტს ისეთივე მოქმედება აქვს განმცხადებლის მიერ განაცხადში მითითებულ ყოველ სახელმწიფოში, როგორიც ექნებოდა მას, თუ განმცხადებელი დააკმაყოფილებდა დაცვისათვის ეროვნული კანონით დადგენილ ყველა ფორმალობას და ასეთი სახელმწიფოს უწყება შეასრულებდა ყველა მოქმედი ადმინისტრაციული აქტის მოთხოვნებს.

(ბ) მე-11 მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, სამრეწველო ნიმუშების დაცვა, რომელთა დეპოზიტი რეგისტრირებულ იქნა საერთაშორისო ბიუროს მიერ, ყოველ მონაწილე სახელმწიფოში წესრიგდება ამ სახელმწიფოში გამოყენებული ეროვნული კანონის დებულებებით იმ სამრეწველო ნიმუშებისათვის, რომელთა დაცვა მოთხოვნილია ეროვნული დეპოზიტის საფუძველზე და რომელთა მიმართ ყველა ფორმალობა და ადმინისტრაციული აქტის მოთხოვნები დაკმაყოფილებული და შესრულებულია.

(2) საერთაშორისო დეპოზიტს არ ექნება ძალა წარმოშობის სახელმწიფოში, თუ ამას ითვალისწინებს მოცემული სახელმწიფოს კანონები.

    მუხლი 8

(1) მე-7 მუხლის დებულებების მიუხედავად, მონაწილე სახელმწიფოს ეროვნული უწყება, რომლის ეროვნული კანონი ითვალისწინებს, რომ ეროვნულ უწყებას შეუძლია ადმინისტრაციული ex officio ექსპერტიზის საფუძველზე, ან მესამე პირის შედავებიდან გამომდინარე უარი თქვას დაცვის მინიჭებაზე, უარის თქმის შემთხვევაში საერთაშორისო ბიუროს ექვს თვეში ატყობინებს იმის შესახებ, რომ სამრეწველო ნიმუში არ აკმაყოფილებს მისი ეროვნული კანონის მოთხოვნებს, რომლებიც განსხვავდება მე-7 მუხლით გათვალისწინებული ფორმალობებისა და ადმინისტრაციული აქტებისაგან. თუ ექვს თვეში ასეთი უარი არ იქნა შეტყობინებული, მოცემულ სახელმწიფოში საერთაშორისო დეპოზიტი მოქმედი გახდება აღნიშნული დეპონირების თარიღიდან. ამასთან, მონაწილე სახელმწიფოში, რომელიც ახორციელებს სიახლის ექსპერტიზას, საერთაშორისო დეპოზიტი, ინარჩუნებს რა თავის პრიორიტეტს, ძალაში შევა აღნიშნული პერიოდის ამოწურვიდან, თუ უარი არ იქნა შეტყობინებული ექვსი თვის განმავლობაში, თუკი ეროვნული კანონი არ ითვალისწინებს უფრო ადრეულ თარიღს თავის ეროვნულ უწყებაში შეტანილი დეპოზიტებისათვის.

(2) (1) პარაგრაფში აღნიშნული ექვსთვიანი პერიოდი აითვლება იმ თარიღიდან, როდესაც ეროვნული უწყება მიიღებს პერიოდული ბიულეტენის იმ გამოცემას, რომელშიც გამოქვეყნებულია მონაცემები საერთაშორისო დეპოზიტის რეგისტრაციის შესახებ. ეროვნული უწყება აცნობებს ამ თარიღს ნებისმიერ პირს, რომელიც ამას მოითხოვს.

(3) განმცხადებელი ეროვნული უწყების მიერ (1) პუნქტში აღნიშნული უარის თქმის შემთხვევაში თავის უფლებებს იცავს იმავე საშუალებებით, როგორსაც იგი გამოიყენებდა თავისი სამრეწველო ნიმუშის დეპონირებისას ეროვნულ უწყებაში; ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითი გადაწყვეტილება ექვემდებარება განმეორებითი ექსპერტიზის მოთხოვნას ან აპელაციას. ასეთი უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს:

1. მიზეზები, რომელთა გამოც მიიჩნიეს, რომ სამრეწველო ნიმუში არ აკმაყოფილებს ეროვნული კანონის მოთხოვნებს;

2. მე-2 პუნქტში აღნიშნული თარიღი;

3. დრო, რომელიც დაშვებულია განმეორებითი ექსპერტიზის მოთხოვნის ან აპელაციისთვის;

4. ორგანო, რომელსაც ასეთი მოთხოვნით ან აპელაციით უნდა მიმართონ.

(4) (ა) მონაწილე სახელმწიფოს ეროვნულმა უწყებამ, რომლის ეროვნული კანონი 1 პუნქტში მითითებული სახის დებულებებს შეიცავს, რომლებიც მოითხოვს დეკლარაციას სამრეწველო ნიმუშის ნამდვილი შემქმნელის შესახებ, ან სამრეწველო ნიმუშის აღწერას, შეიძლება გაითვალისწინოს, რომ მოთხოვნის თანახმად და უწყების მიერ ასეთი მოთხოვნის გაგზავნიდან არანაკლებ სამოცდღიანი პერიოდის განმავლობაში, განმცხადებელმა საერთაშორისო ბიუროში შეტანილი განაცხადის ენაზე უნდა წარადგინოს:

1. დეკლარაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის სამრეწველო ნიმუშის ნამდვილი შემქმნელი;

2. მოკლე აღწერილობა, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს ფოტოსურათებით ან გრაფიკული გამოსახულებით წარმოდგენილი სამრეწველო ნიმუშის არსებით ნიშნებს.

(ბ) ეროვნულმა უწყებამ ასეთი განცხადებებისა და აღწერილობების შეტანასთან, ან მათ შესაძლო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არ უნდა მოითხოვოს არანაირი საფასური.

(5) (ა) ნებისმიერი ეროვნული უწყება, რომლის ეროვნული კანონი შეიცავს 1-ლ პუნქტში აღნიშნული სახის დებულებებს, შესაბამისად, შეატყობინებს ამის შესახებ საერთაშორისო ბიუროს.

(ბ) თუ თავისი კანონმდებლობის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოს აქვს სამრეწველო ნიმუშების დაცვის რამდენიმე სისტემა, რომელთაგან ერთ-ერთი ითვალისწინებს სიახლის ექსპერტიზას, ამ შეთანხმების დებულებები, რომლებიც შეეხება იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ახორციელებენ სიახლის ექსპერტიზას, გამოიყენება მხოლოდ აღნიშნული სისტემისათვის.

    მუხლი 9

თუ სამრეწველო ნიმუშის საერთაშორისო დეპოზიტი შეტანილია იმავე სამრეწველო ნიმუშის პირველი დეპონირებიდან ექვსი თვის განმავლობაში სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო კავშირის წევრ-სახელმწიფოში და თუ მოთხოვნილია პრიორიტეტი საერთაშორისო დეპონირებისათვის, პრიორიტეტის თარიღი იქნება იმ პირველის დეპონირების პრიორიტეტის თარიღი.

    მუხლი 10

(1) საერთაშორისო დეპონირების მოქმედება შეიძლება განახლდეს ყოველი ხუთი წლით, განახლებისათვის ინსტრუქციით დადგენილი საფასურის გადახდით თითოეული ხუთწლიანი პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში.

(2) ექვემდებარება რა ინსტრუქციით გათვალისწინებულ დამატებით გადასახადს, საერთაშორისო დეპოზიტის მოქმედების განახლებისათვის ენიჭება ექვსთვიანი შეღავათიანი პერიოდი.

(3) განახლებისათვის საფასურის გადახდისას უნდა აღინიშნოს საერთაშორისო დეპოზიტის ნომერი და აგრეთვე, თუ განახლება არ უნდა განხორციელდეს ყველა მონაწილე სახელმწიფოში, სადაც დეპონირების ვადა იწურება, ის მონაწილე სახელმწიფოები, სადაც განახლება უნდა მოხდეს.

(4) განახლება შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ რომელიმე სამრეწველო ნიმუშით, რომელსაც შეიცავს მრავლობითი დეპოზიტი.

(5) საერთაშორისო ბიურო ახორციელებს განახლების რეგისტრირებას და გამოქვეყნებას.

    მუხლი 11

(1) (ა) მონაწილე სახელმწიფოს მიერ სამრეწველო ნიმუშისათვის, რომელიც საერთაშორისო დეპონირების საგანს წარმოადგენს, მინიჭებული დაცვის ვადა არ უნდა იყოს ნაკლები:

1. ათ წელზე საერთაშორისო დეპონირების თარიღიდან, თუ დეპოზიტი განახლებული იქნა;

2. ხუთ წელზე საერთაშორისო დეპონირების თარიღიდან, თუ დეპოზიტი არ იქნა განახლებული.

(ბ) აღნიშნულის მიუხედავად, თუ იმ მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც ახორციელებს სიახლის ექსპერტიზას, ეროვნული კანონის დებულებების მიხედვით დაცვის ვადა იწყება საერთაშორისო დეპონირების თარიღზე უფრო გვიან, მაშინ (ა) პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური ვადა აითვლება იმ თარიღიდან, როდესაც დაცვის ვადა იწყება ამ სახელმწიფოში. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო დეპონირების ვადა არ განახლებულა, ან განახლდა მხოლოდ ერთხელ, არანაირ გავლენას არ მოახდენს დაცვის მინიმალურ ვადაზე, რომელიც ზემოთ არის განსაზღვრული.

(2) თუ მონაწილე სახელმწიფოს ეროვნული კანონი ითვალისწინებს ეროვნული დეპონირების სამრეწველო ნიმუშების 10 წელზე მეტი ხნით დაცვას, ვადის გაგრძელებით ან გაუგრძელებლად, მაშინ საერთაშორისო დეპოზიტის და მისი ვადის გაგრძელების საფუძველზე ამ სახელმწიფოში საერთაშორისო დეპონირების სამრეწველო ნიმუშების დაცვის ხანგრძლივობაც ასეთივე ვადით განისაზღვრება.

(3) მონაწილე სახელმწიფოს თავისი ეროვნული კანონის შესაბამისად საერთაშორისო დეპონირებით შეტანილი სამრეწველო ნიმუშებისათვის შეუძლია შეზღუდოს სამრეწველო ნიმუშების დაცვის ვადა (1) პუნქტით გათვალისწინებული ვადით.

(4) (1) (ბ) პუნქტის შესაბამისად, დაცვის ვადა მონაწილე სახელმწიფოში შეწყდება საერთაშორისო დეპონირების ვადის ამოწურვის თარიღიდან, თუ ქვეყნის ეროვნული კანონი არ ითვალისწინებს დაცვის ვადის გაგრძელებას საერთაშორისო დეპონირების ვადის გასვლის თარიღის შემდეგ.

    მუხლი 12

(1) საერთაშორისო ბიურო ახორციელებს იმ ცვლილებების რეგისტრაციასა და გამოქვეყნებას, რომლებიც გავლენას ახდენს იმ სამრეწველო ნიმუშის მფლობელობაზე, რომელიც წარმოადგენს ძალაში მყოფი საერთაშორისო დეპოზიტის საგანს. ნათელია, რომ მფლობელობის გადაცემა შეიძლება შეიზღუდოს საერთაშორისო დეპონირებით წარმოქმნილი უფლებებით მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოში და მრავლობითი დეპოზიტის შემთხვევაში მასში შემავალი მხოლოდ რომელიმე სამრეწველო ნიმუშით.

(2) (1) პუნქტში აღნიშნულ რეგისტრაციას იგივე ძალა ექნება, რაც ექნებოდა მონაწილე სახელმწიფოს ეროვნულ უწყებებში განხორციელებულ რეგისტრაციას.

    მუხლი 13

(1) საერთაშორისო დეპოზიტის მფლობელს შეუძლია საერთაშორისო ბიუროს მიმართოს განცხადებით, რომელშიც უარს იტყვის თავის უფლებებზე ყველა ან რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს მიმართ, ხოლო მრავლობითი დეპოზიტის შემთხვევაში მასში შემავალ რომელიმე სამრეწველო ნიმუშის მიმართ.

(2) საერთაშორისო ბიურო ახორციელებს ასეთი განცხადების რეგისტრაციას და გამოქვეყნებას.

    მუხლი 14

(1) არც ერთ მონაწილე სახელმწიფოს არ შეუძლია დაცვის უფლების აღიარებისათვის პირობად მოითხოვოს, რომ ნაკეთობაზე, რომელიც შეიცავს სამრეწველო ნიმუშს, დატანილი იყოს ნიშანი, ან სპეციალური აღნიშვნა მოცემული სამრეწველო ნიმუშის დეპონირების შესახებ.

(2) თუ მონაწილე სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს ნაკეთობაზე სპეციალური აღნიშვნის დატანას ნებისმიერი სხვა მიზნით, ასეთმა სახელმწიფომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულად უნდა ჩათვალოს, თუ სამრეწველო ნიმუშზე უფლების მფლობელის ნებართვით საზოგადოებისათვის შეთავაზებულ ყველა ნაკეთობაზე, ან ამ ნაკეთობაზე მიმაგრებულ იარლიყზე დატანილი იქნება საერთაშორისო სამრეწველო ნიმუშის სპეციალური აღნიშვნა.

(3) საერთაშორისო სამრეწველო ნიმუშის სპეციალური აღნიშვნა შედგება სიმბოლოსაგან (დიდი ასო D ჩასმული წრეში), რომელსაც თან ერთვის:

1. საერთაშორისო დეპონირების წელი და დეპოზიტორის სახელი, ან სახელის დამკვიდრებული აბრევიატურა, ან

2. საერთაშორისო დეპოზიტის ნომერი.

(4) საერთაშორისო სამრეწველო ნიმუშის სპეციალური აღნიშვნის არსებობა ნაკეთობაზე, ან იარლიყზე, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მიჩნეული საავტორო უფლებით, ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მინიჭებულ დაცვაზე უარის თქმად, მაშინ როდესაც ასეთი აღნიშვნის უქონლობის შემთხვევაში ასეთი დაცვა შეიძლება იქნეს მოთხოვნილი.

    მუხლი 15

(1) ინსტრუქციით დადგენილი საფასური შედგება:

1. საფასურისაგან საერთაშორისო ბიუროსათვის;

2. საფასურისაგან განმცხადებლის მიერ აღნიშნული მონაწილე სახელმწიფოებისათვის, სახელდობრ:

(ა) საფასურისაგან თითოეული მონაწილე სახელმწიფოსათვის;

(ბ) საფასურისაგან თითოეული მონაწილე სახელმწიფოსათვის, რომელიც ატარებს სიახლის ექსპერტიზას და მოითხოვს საფასურს ასეთი ექსპერტიზისათვის.

(2) ამ მუხლის (1) პუნქტის მე-2 (ა) ქვეპუნქტის მიხედვით მონაწილე სახელმწიფოსათვის ერთი და იმავე დეპოზიტზე გადახდილი ნებისმიერი საფასური გამოქვითული იქნება (1) პუნქტის მე-2 (ბ) ქვეპუნქტში აღნიშნული საფასურის ოდენობიდან, თუ ეს უკანასკნელი საფასური გადასახდელია იმავე სახელმწიფოსათვის.

    მუხლი 16

(1) საფასური მე-15 მუხლის (1) პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში აღნიშნული მონაწილე სახელმწიფოსათვის უნდა შეაგროვოს საერთაშორისო ბიურომ და ყოველ წელს გადაუხადოს განმცხადებლის მიერ აღნიშნულ მონაწილე სახელმწიფოებს.

(2) (ა) ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შეატყობინოს საერთაშორისო ბიუროს, რომ უარს ამბობს თავის უფლებაზე მე-15 მუხლის 2 (ა) ქვეპუნქტში მითითებული დამატებითი საფასურის მიმართ საერთაშორისო დეპოზიტებისათვის, რომლებისთვისაც ნებისმიერი სხვა, ამგვარივე უარის მთქმელი მონაწილე სახელმწიფო წარმოშობის სახელმწიფოდ ითვლება.

(ბ) ასეთმა სახელმწიფომ შეიძლება ასევე განაცხადოს მსგავსი უარი იმ საერთაშორისო დეპოზიტების მიმართ, რომლებისთვისაც თავად ითვლება წარმოშობის სახელმწიფოდ.

    მუხლი 17

ინსტრუქცია არეგულირებს ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ დეტალებს, კერძოდ ესენია:

1. ენები და ასლების რაოდენობა, რაც საჭიროა დეპონირების შესახებ განაცხადის შეტანისათვის, და მონაცემები, რომელებიც განცხადებაში უნდა იყოს მოცემული;

2. საერთაშორისო ბიუროსა და სახელმწიფოებისათვის განკუთვნილი საფასურების ოდენობა, თარიღები და გადახდის ფორმა, სიახლის ექსპერტიზის მქონე მონაწილე სახელმწიფოებისათვის განკუთვნილი საფასურებისათვის დადგენილი ფარგლების ჩათვლით.

3. თითოეული დეპონირებული სამრეწველო ნიმუშის ფოტოსურათების, ან სხვა გრაფიკული გამოსახულების რაოდენობა, ზომა და სხვა მახასიათებლები;

4. სამრეწველო ნიმუშის დამახასიათებელი ნიშნების აღწერის მოცულობა;

5. ფარგლები და პირობები, რომელთა მიხედვითაც ნაკეთობის ნიმუშები, ან მოდელები, რომლებშიც ჩართულია სამრეწველო ნიმუში, შეიძლება თან დაერთოს განაცხადს;

6. სამრეწველო ნიმუშების რაოდენობა, რომელსაც შეიძლება მოიცავდეს მრავლობითი დეპოზიტი, და სხვა პირობები, რომლებიც აწესრიგებს მრავლობითი დეპოზიტის დეპონირებას;

7. ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მე-6 (3) (ა) მუხლში აღნიშნული პერიოდული ბიულეტენის გამოქვეყნებასა და გავრცელებასთან, ეროვნული უწყებისათვის უფასოდ გადასაცემი და შემცირებული ფასით მისაყიდი ბიულეტენის ასლების ჩათვლით;

 8. მონაწილე სახელმწიფოს მიერ შეტყობინების პროცედურა ნებისმიერი უარის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია მე-8 (1) მუხლით, და ასეთი უარის შეტყობინებისა და გამოქვეყნების პროცედურა საერთაშორისო ბიუროს მიერ;

9. საერთაშორისო ბიუროს მიერ იმ ცვლილებების რეგისტრაციისა და გამოქვეყნების პირობები, რომლებიც გავლენას ახდენს მე-12 (1) მუხლში აღნიშნულ სამრეწველო ნიმუშის მფლობელობაზე და მე-13 მუხლით გათვალისწინებულ უარის თქმის უფლებებზე;

10. დეპოზიტებთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ნაკეთობების განკარგვა, რომელთა ვადის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ არსებობს.

    მუხლი 18

წინამდებარე შეთანხმების დებულებები ხელს არ უშლის მოთხოვნას ისარგებლოს უფრო ძლიერი დაცვით, რომელიც შეიძლება მინიჭებულ იქნეს ეროვნული კანონმდებლობით მონაწილე სახელმწიფოში, და არანაირ გავლენას არ ახდენს ხელოვნების ნაწარმოებებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებებისათვის საავტორო უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებებით და კონვენციებით მინიჭებულ დაცვაზე.

მუხლები 19-დან 22-ის ჩათვლით (გაუქმებულია სტოკჰოლმის (1967) დამატებითი აქტის მე-17 (2) მუხლით).

    მუხლი 23

(1) ეს შეთანხმება ხელმოსაწერად ღიაა 1961 წლის 31 დეკემბრამდე.

(2) შეთანხმების რატიფიცირება მოხდება და რატიფიკაციის სამართლებრივი აქტები გადაეცემა ნიდერლანდის მთავრობას.

    მუხლი 24

(1) სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო კავშირის წევრ-სახელმწიფოებს, რომელთაც ხელი არ მოუწერიათ ამ შეთანხმებაზე, შეუძლიათ მიუერთდნენ მას.

(2) ასეთი მიერთების შესახებ დიპლომატიური არხებით უნდა აცნობონ გენერალურ დირექტორს* და ამ უკანასკნელის მიერ – ყველა მონაწილე სახელმწიფოების მთავრობებს.

    მუხლი 25

(1) ყოველი მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს სამრეწველო ნიმუშების დაცვა და კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ზომები ამ შეთანხმების გამოყენების უზრუნველსაყოფად.

(2) იმ დროისათვის, როდესაც მონაწილე სახელმწიფო თავისი რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტების დეპონირებას მოახდენს, მას უნდა შეეძლოს თავისი ეროვნული კანონით აამოქმედოს ამ შეთანხმების დებულებები.

    მუხლი 26

(1) ეს შეთანხმება ძალაში შევა ერთი თვის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც გენერალურმა დირექტორმა დაუგზავნა შეტყობინება მონაწილე სახელმწიფოებს რატიფიკაციის ან მიერთების ათი სამართლებრივი აქტის დეპონირების თაობაზე, რომელთაგან სულ მცირე ოთხი სახელმწიფო, ამ შეთანხმების თარიღისათვის არც 1925 წლის და არც 1934 წლის შეთანხმებების მხარეები არ არიან.

(2) ამის შემდეგ რატიფიკაციისა და მიერთების სამართლებრივი აქტის დეპონირების შესახებ გენერალურმა დირექტორმა უნდა შეატყობინოს მონაწილე სახელმწიფოებს. ასეთი რატიფიკაცია და მიერთება ძალაში შევა ასეთი შეტყობინების დაგზავნის თარიღიდან ერთი თვის შემდეგ, თუ მიერთების შემთხვევაში მიერთების შესახებ სამართლებრივ აქტში უფრო გვიანი თარიღი არ არის მითითებული.

    მუხლი 27

ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია შეტყობინოს გენერალურ დირექტორს, რომ ეს შეთანხმება ეხება აგრეთვე იმ ტერიტორიებს მთლიანად ან ნაწილობრივ, რომელთა საგარეო ურთიერთობებზე იგი არის პასუხისმგებელი. იმავდროულად, გენერალური დირექტორი აწვდის ამ შეტყობინებას მონაწილე სახელმწიფოებს და ეს შეთანხმება გავრცელდება აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიებზე გენერალური დირექტორის მიერ ამ შეტყობინების დაგზავნის თარიღიდან ერთი თვის შემდეგ, თუ შეტყობინებაში უფრო გვიანი თარიღი არ არის მითითებული.

    მუხლი 28

(1) ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს ამ შეთანხმების დენონსირება გენერალური დირექტორისათვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე საკუთარი სახელით და შეტყობინებაში 27-ე მუხლის თანახმად მითითებული ყველა ან ნაწილი ტერიტორიების სახელით. ასეთი შეტყობინება ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ მისი მიღებიდან ერთ წელიწადში.

(2) დენონსირება არ ათავისუფლებს ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან საერთაშორისო ბიუროში დენონსირების ძალაში შესვლის თარიღამდე დეპონირებული სამრეწველო ნიმუშების მიმართ.

    მუხლი 29

(1) ეს შეთანხმება ექვემდებარება გადასინჯვას ცვლილებების შეტანის მიზნით, რომლებიც გათვალისწინებულია სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო დეპონირებიდან გამომდინარე დაცვის გასაუმჯობესებლად.

(2) გადასასინჯი კონფერენციები მოწვეული იქნება მონაწილე სახელმწიფოების არანაკლებ ნახევრის მოთხოვნით.

    მუხლი 30

(1) ორ ან მეტ მონაწილე სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია აცნობოს გენერალურ დირექტორს, რომ შეტყობინებაში აღნიშნული პირობების შესაბამისად:

1. თითოეული მათგანის ეროვნულ უწყებას ჩაენაცვლება საერთო უწყება.

2. ისინი ჩაითვლებიან ერთ სახელმწიფოდ ამ შეთანხმების მე-2-დან მე-17 მუხლების გამოყენების მიზნებისათვის.

(2) ასეთი შეტყობინება ძალაში არ შევა გენერალური დირექტორის მიერ სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის შეტყობინების დაგზავნის თარიღიდან ექვსი თვის გასვლამდე.

    მუხლი 31

(1) მხოლოდ ეს შეთანხმება გამოიყენება იმ სახელმწიფოების ურთიერთობებთან მიმართებაში, რომლებიც ორივე წინამდებარე, 1925 ან 1934 წლების შეთანხმებების მხარეები არიან. მიუხედავად ამისა, ასეთი სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობისას იყენებენ 1925 ან 1934 წლების შეთანხმებებს, ვითარების შესაბამისად, იმ სამრეწველო ნიმუშების მიმართ, რომელთა დეპონირება საერთაშორისო ბიუროში განხორციელდა იმ თარიღამდე, როდესაც ეს შეთანხმება მიიღეს ერთმანეთთან ურთიერთობაში გამოსაყენებლად.

(2) (ა) ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ორივე – წინამდებარე და 1925 წლის შეთანხმებების მხარეა, განაგრძობს 1925 წლის შეთანხმების გამოყენებას იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას, რომლებიც მხოლოდ 1925 წლის შეთანხმების მხარეები არიან, თუ ამ სახელმწიფომ არ განახორციელა 1925 წლის შეთანხმების დენონსირება.

(ბ) ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც ორივე – წინამდებარე და 1934 წლის შეთანხმებების მხარეა, განაგრძობს 1934 წლის შეთანხმების გამოყენებას იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას, რომლებიც მხოლოდ 1934 წლის შეთანხმების მხარეები არიან, თუ ამ სახელმწიფომ არ განახორციელა 1934 წლის შეთანხმების დენონსირება.

(3) სახელმწიფოებს, რომლებიც მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების მხარეები არიან, არ აკისრიათ ვალდებულებები იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ამ შეთანხმების მხარეები არ არიან, მაგრამ არიან 1925 და 1934 წლების შეთანხმების მხარეები.

    მუხლი 32

(1) წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიკაცია, ან მიერთება იმ სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ შეთანხმების თარიღისათვის არის 1925 ან 1934 წლების შეთანხმების მხარე, ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებაზე თანდართული პროტოკოლის ხელმოწერასა და რატიფიკაციას, ან მიერთებას, თუ ეს სახელმწიფო არ გააკეთებს გამოკვეთილ საწინააღმდეგო განცხადებას ხელმოწერის ან მიერთების სამართლებრივი აქტების დეპონირების დროს.

(2) ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა (1) პარაგრაფში აღნიშნული განცხადება, ან ნებისმიერ სხვა მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც არ არის 1925 და 1934 წლების შეთანხმებების მხარე, შეუძლია ხელი მოაწეროს ან მიუერთდეს ამ შეთანხმებაზე თანდართულ პროტოკოლს. ხელმოწერის ან მიერთების სამართლებრივი აქტების დეპონირების დროს, მას შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ თვლის თავს ვალდებულად შეასრულოს პროტოკოლის მე-2 (ა) ან მე-2 (ბ) ქვეპუნქტების დებულებები; ასეთ შემთხვევაში პროტოკოლის მხარე სხვა სახელმწიფოები არანაირად არ იქნებიან ვალდებულნი გამოიყენონ ასეთ განცხადებაში აღნიშნული დებულებები ამ სახელმწიფოსთან თავიანთ ურთიერთობაში. 23-დან 28-ე მუხლების ჩათვლით დებულებები გამოიყენება ანალოგიურად.

    მუხლი 33

ეს აქტი ხელმოწერილი უნდა იყოს ერთ ეგზემპლარად, რომელიც დეპონირებული იქნება ნიდერლანდის მთავრობის არქივებში. დამოწმებული ასლი ამ უკანასკნელის მიერ გადაეცემა თითოეული იმ სახელმწიფოს მთავრობას, რომელმაც ხელი მოაწერა, ან მიუერთდა ამ შეთანხმებას.

პროტოკოლი *

ამ პროტოკოლის მხარე სახელმწიფოები შეთანხმდნენ შემდეგზე:

(1) ამ პროტოკოლის დებულებები გამოიყენება სამრეწველო ნიმუშებისათვის, რომლებიც წარმოადგენს საერთაშორისო დეპონირების საგანს და რომელთა წარმოშობის სახელმწიფოდ პროტოკოლის მხარე ერთ-ერთი სახელმწიფო ითვლება.

(2) (1) პუნქტში აღნიშნულ სამრეწველო ნიმუშებთან მიმართებით:

(ა) პროტოკოლის მხარე სახელმწიფოს მიერ სამრეწველო ნიმუშებისათვის (1) პუნქტის შესაბამისად მინიჭებული დაცვის ვადა არ უნდა იყოს თხუთმეტ წელზე ნაკლები იმ თარიღიდან, რომელიც გათვალისწინებულია მე-11 მუხლის (1) (ა) ან (1) (ბ) პუნქტებით, იმის მიხედვით, თუ რომელ მათგანს ეხება საქმე;

(ბ) პროტოკოლის მხარე სახელმწიფოებმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოითხოვოს ნაკეთობაზე, რომელშიც ჩართულია სამრეწველო ნიმუშები, ან მასზე მიმაგრებულ იარლიყზე სპეციალური აღნიშვნის არსებობა, არც თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო დეპონირებით წარმოქმნილი უფლებების გამოყენების და არც ნებისმიერი სხვა მიზნით.



*   ,, გენერალური დირექტორი” სტოკჰოლმის დამატებითი აქტის 1-ლი მუხლით (1967) განსაზღვრულია, როგორც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.

* ეს პროტოკოლი ჯერ არ არის ძალაში შესული.