დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/07/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 17/12/2007 |
ძალაში შესვლის თარიღი | 05/11/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.000675 |
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ
2006-2007
საქართველოს მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა -
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებით,
ესწრაფვიან რა, განამტკიცონ და გააღრმავონ მეგობრული ურთოერთობები პარტნიორული ფინანსური თანამშრომლობით,
აცნობიერებენ რა, რომ ამ ურთიერთობების შენარჩუნება ამ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს,
მიზნად ისახავენ რა, ხელი შეუწყონ საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას,
2006 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული სამთავრობო მოლაპარაკებების ოქმის საფუძველზე -
შეთანხმდნენ შემდეგზედ:
მუხლი 1
(1) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას, ან ორივე მთავრობის მიერ ერთობლივად შესარჩევ სხვა მიმღებ მხარეს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) მიიღოს შემდეგი თანხები:
1. სესხი მაქსიმუმ 13.000.000,-- ევროს (სიტყვიერად: ცამეტი მილიონი ევრო) ოდენობით პროექტისათვის ”ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია (ფაზა 2)”, იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა;
2. ფინანსური დახმარება მაქსიმუმ 1.000.000,-- (სიტყვიერად: ერთი მილიონი ევრო) ოდენობით ”ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის (ფაზა 2)” პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა;
3. ფინანსური დახმარება მაქსიმუმ 4.000.000,-- ევროს (სიტყვიერად: ოთხი მილიონი ევრო) ოდენობით პროექტისათვის ”კრედიტების საგარანტიო ფონდი”, იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა და დადასტურდა, რომ იგი, როგორც კრედიტების საგარანტიო ფონდი აკმაყოფილებს საშუალო საწარმოების ფინანსური დახმარებით ხელშეწყობის განსაკუთრებულ წინაპირობებს;
4. ფინანსური დახმარება მაქსიმუმ 2.000.000,-- ევროს (სიტყვიერად: ორი მილიონი ევრო) ოდენობით პროექტისათვის ”კვლევისა და ექსპერტთა ფონდი”.
(2) საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2002-2003) 2003 წლის 20 აგვისტოს შეთანხმებაზე დამატებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას პროექტისათვის ”კადასტრი და მიწის რეგისტრაცია” KfW-სგან მიიღოს მაქსიმუმ 700.000,-- ევროს (სიტყვიერად: შვიდასი ათასი ევრო) ღირებულების ტექნიკური დახმარება სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებისათვის. გარდა ამისა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას პროექტისათვის ”ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია (ფაზა I)” KfW-სგან მიიღოს მაქსიმუმ 500.000,-- ევროს (სიტყვიერად: ხუთასი ათასი ევრო) ღირებულების ტექნიკური დახმარება სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებისათვის.
(3) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა როგორც წესი მზად არის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი ნორმების ფარგლებში და დაფარვის წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირველ პუნქტში დასახელებული თანხების გარდა, დამატებით თავის თავზე აიღოს ფინანსური თავდებობა მაქსიმუმ 15.000.000 (სიტყვიერად: თხუთმეტი მილიონი) ევროს ოდენობის თანხაზე, რათა შესაძლებელი გახდეს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ ფინანსური თანამშრომლობის შერეული დაფინანსების კრედიტების გამოყოფა პირველი პუნქტის პირველ ქვეპუნქტში დაახელებული პროექტისათვის ”ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია (ფაზა 2)”.
(4) საქართველოს მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შეთანხმდნენ, რომ თბილისში გახსნან სამხრეთ კავკასიის ეკორეგიონალური ბუნების დაცვის პროგრამის რეგიონალური სამდივნო. ხელშეკრულების გერმანული მხარე ამისათვის გამოყოფს ფინანსურ დახმარებას მაქსიმუმ 1.500.000,-- ევროს (სიტყვიერად: ერთი მილიონ ხუთასი ათასი ევრო) ოდენობით. წინამდებარე ხელშეკრულების მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები გამოყენებას ჰპოვებს ასევე ამ პროექტისათვის.
(5) თუ ვერ ხერხდება პირველი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ნახსენები დადასტურების მიღება, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას, რომ რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისაგან მიიღოს სესხი, ამ პროექტისათვის ფინანსური დახმარების სახით გათვალისწინებული თანხის ოდენობით.
(6) საქართველოს მთავრობისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ურთიერთშეთანხმებით, პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტები შეიძლება შეიცვალოს სხვა პროექტებით. იმ შემთხვევაში, თუ პირველი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტი შეიცვალა სხვა პროექტით, რომელიც როგორც გარემოს დაცვის ან სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტი ან საშუალო საწარმოებისათვის კრედიტების საგარანტიო ფონდი ან თვითდახმარებაზე ორიენტირებული სიღარიბის დაძლევის ღონისძიება ან ქალის საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიება, აკმაყოფილებს ფინანსური დახმარების ხელშეწყობის განსაკუთრებულ წინაპირობებს, შესაძლებელია გამოყოფილ იქნას ფინანსური დახმარება, სხვა შემთხვევებში - სესხი.
(7) იმ შემთხვევაში, თუ მოგვიანებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, KfW-სგან მიიღოს სხვა დამატებითი სესხები ან ფინანსური დახმარებები პირველ პუნქტში დასახელებული პროექტების მომზადებისათვის ან დამატებითი ფინანსური დახმარებები პირველ პუნქტში დასახელებული პროექტების განხორციელებისა და მომსახურებისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის, მაშინ ასევე გამოყენებას ჰპოვებს წინამდებარე ხელშეკრულება.
(8) პირველი პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამზადებელი და თანმდევი ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარებები შეიცვლება სესხებით, თუ ისინი არ იქნა გამოყენებული გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის.
მუხლი 2
(1) პირველ მუხლში აღნიშნული თანხების გამოყენება, მათი გამოყოფის პირობები, ასევე შემსრულებლისათვის პროექტის განხორციელების დაკისრების პროცედურა განისაზღვრება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და სესხისა და ფინანსური დახმარების მიმღებ მხარეებს შორის დასადები ხელშეკრულებებით, რომლებიც რეგულირდება გერმანიაში მოქმედი კანონმდებლობით.
(2) პირველი მუხლის, პირველი პუნქტის, 1-4 ქვეპუნქტებში აღნიშნული თანხების გამოყოფაზე თანხმობა უქმდება, თუ თანხმობის გაცემის წლიდან 8 წლის განმავლობაში არ გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები სესხებისა და ფინანსური დახმარების შესახებ. აღნიშნული თანხებისათვის ეს ვადა იწურება 2014 წლის 31 დეკემბერს.
(3) საქართველოს მთავრობა, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ არის სესხის მიმღები, უზრუნველყოფს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიმართ ყველა სახის ანგარიშსწორების ევროში განხორციელებას, ასრულებს რა სესხის მიმღების ვალდებულებებს პირველი პუნქტის მიხედვით დასადები ხელშეკრულებების საფუძვველზე.
(4) საქართველოს მთავრობა, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ არის ფინანსური დახმარების მიმღები, უზრუნველყოფს თანხის დაბრუნების თაობაზე რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის შესაძლო პრეტენზიების დაკმაყოფილებას, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას პირველი პუნქტის მიხედვით დასადები ხელშეკრულებების საფუძველზე.
მუხლი 3
საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ყოველგვარი გადასახადისა და სხვა ოფიციალური მოსაკრებლისაგან, რომლებიც დაკავშირებული იქნება საქართველოში მე-2 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებასთან.
მუხლი 4
(1) საქართველოს მთავრობა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრებით დაფინანსებული ფირმებისაგან და ექსპერტებისაგან საქონლის მოწოდებისა და სხვადასხვა სამუშაოების შესრულებისას ამ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე პროექტების განხორციელებისას არ ამოიღებს პირდაპირ გადასახადებს (მეტადრე საშემოსავლო, მოგების და სხვა სახის პირდაპირ გადასახადებს) და სოციალურ მოსაკრებლებს.
გადასახადებისაგან გათავისუფლება არ ეხება:
1. ფირმებს, ადგილსამყოფელითა და ხელმძღვანელობით საქართველოში,
2. უცხოურ ფირმებს, რომლებიც 2000 წლის OECD-სამოდელო ხელშეკრულების (შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ) მე-5 მუხლის შესაბამისი პრინციპების გათვალისწინებით საქართველოში აარსებენ გადასახადის გადამხდელ საწარმოს, რომელთა საქმიანობა არ ფინანსირდება ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფილი სახსრებით,
3. ადგილობრივ თანამშრომლებს, წარმოგზავნილი (გერმანელი ან შესაბამისად უცხოელი) სპეციალისტების გამოკლებით.
(2) არაპირდაპირი გადასახადებისას (მეტადრე სააქციზო გადასახადებისას) საქართველოს მთავრობა გარანტიას იძლევა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრები, რომლებიც ითვალისწინებს ამ შეთანხმების ფარგლებში განსაზღვრული პროექტების სასარგებლოდ სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულებისათვის და საქონლის მოწოდებისათვის ფირმებისა და ექსპერტების დაფინანსებას, არ იქნება გამოყენებული ამ პუნქტში დასახელებული გადასახადების დასაფარავად.
(3) გამომდინარე იქიდან, რომ წინა პუნქტის შესაბამისად აღნიშნული სახსრები არ უნდა იქნეს გამოყენებული არაპირდაპირი გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს მთავრობამ წინასწარ უნდა გამოყოს თავისი ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრები. რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი დასაბუთება. საქართველოს მთავრობამ უნდა აანაზღაუროს წინამდებარე მუხლის დარღვევით ამოღებული შესაძლო გადასახადები.
(4) საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს იმ მასალების, დანადგარების და დამხმხარე მასალების იმპორტს, რომელთა შემოტანა საქართველოში შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე ხდება ამ შეთანხმებით დაფინანსებული პროექტების მიზნების მისაღწევად, ყოველგვარი გადასახადების, ბაჟის, მოსაკრებლებისა თუ სხვა სახის გადასახადებისაგან, რომლებიც დაწესებულია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 5
სესხებისა და ფინანსური დახმარების გამოყოფიდან გამომდინარე პირებისა და საქონლის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით ტრანსპორტირებისას საქართველოს მთავრობა მგზავრებსა და მომწოდებლებს ანიჭებს სატრანსპორტო ფირმების არჩევის თავისუფლებას, არ მიმართავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც გამორიცხავენ ან გააძნელებენ იმ სატრანსპორტო ფირმების თანასწორუფლებიან მონაწილეობას, რომელთა ადგილსამყოფელი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია და საჭიროების შემთხვევაში გასცემს ამ სატრანსპორტო ფირმების მონაწილეობისათვის სათანადო ნებართვას.
მუხლი 6
ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც საქართველოს მთავრობა აცნობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ. განმსაზღვრელია შეტყობინების მიღების დღე.
შესრულებულია თბილისში, 2007 წლის 24 ივლისს ორ დედნად, თითოეული ქართულ და გერმანულ ენაზე. ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
საქართველოს მთავრობის სახელით
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით
დოკუმენტის კომენტარები