საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 529
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 05/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.008670
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
529
31/05/2006
სსმ, 75, 05/06/2006
040030000.22.022.008670
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (05/06/2006 - 11/10/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.670

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №529

2006 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ

,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის დროებითი წესდება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის დროებითი წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კიბერნეტიკის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) არის ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების შესაბამისად შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.

2. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, შტამპი და ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.

3. წინამდებარე დროებითი წესდების დანიშნულებაა ინსტიტუტის სტატუსის, ამოცანებისა და მიზნების სამართლებრივი, ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობის განსაზღვრა. დროებითი წესდება არეგულირებს ინსტიტუტის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციით და ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ინსტიტუტის წესდების დამტკიცებამდე.

    მუხლი 2. ინსტიტუტის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. ინსტიტუტის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო კადრების მომზადებაში მონაწილეობა.

2. ინსტიტუტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე საქმიანობა, მათ შორის, საპროექტო და ტექნოლოგიური საქმიანობა.

    მუხლი 3. ინსტიტუტის მართვა

1. ინსტიტუტს მართავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. კონკრეტული საკითხის მომზადების ან/და შესწავლის მიზნით დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები/კომისიები სათათბირო ხმის უფლებით.

    მუხლი 4. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

1. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს ინსტიტუტის საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

2. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შეთანხმებით ამტკიცებს ინსტიტუტის საშტატო განრიგს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ინსტიტუტის სტრუქტურასა და სტრუქტურული ერთეულების დროებით დებულებებს;

გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობებზე;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შესარჩევად;

ე) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით დადგენილი სახელფასო ფონდის ფარგლებში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს ინსტიტუტის საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;

ვ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან;

ზ) ინსტიტუტის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით;

თ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ინსტიტუტის ფინანსურ სახსრებს;

ი) დანიშვნიდან 4 თვის ვადაში სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მონაწილეობით შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსტიტუტის წესდების პროექტს ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

კ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ინსტიტუტის შინაგანაწესს;

ლ) უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

მ) უფლებამოსილია, არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილის მოვალების შემსრულებელი/შემსრულებლები;

ნ) ასრულებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პასუხისმგებელია ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე.

    მუხლი 5. ინსტიტუტის პერსონალი

1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან.

2. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.

3. ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება:

ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;

გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა.

4. ინსტიტუტის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნებიან:

ა) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

ბ) დირექტორის მოადგილის/მოადგილეების მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც თანამდებობაზე ინდივიდუალური აქტით ნიშნავს დირექტორი.

5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ამავე ინსტიტუტში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

6. ინსტიტუტის სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება საშტატო განრიგით.

7. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არ არიან ადმინისტრაციული თანამდებობის პირები.

    მუხლი 6. ინსტიტუტის საშტატო განრიგის დამტკიცება

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშვნიდან 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს ინსტიტუტის საშტატო განრიგის შემუშავებას და სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენას. საშტატო განრიგს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 7. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე.

2. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

    მუხლი 8. საკონკურსო კომისია

1. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობებზე კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს ინსტიტუტის საკონკურსო კომისია.

2. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობზე კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისია შედგება 7 წევრისაგან, მათ შორის არის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ინსტიტუტის არა უმეტეს 2 თანამშრომელი და მოწვეული სპეციალისტები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას კონკურსში. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სამეცნიერო თანამდებობზე კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისია შედგება 8 წევრისაგან. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებისა, შედის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

4. საკონკურსო კომისიის სხდომებს თავმჯდომარეობს ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

5. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება არანაკლებ 5 წევრისა. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.

6. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

    მუხლი 9. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

1. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი (ასპირანტი) ან აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

    მუხლი 10. კონკურსის ჩატარების წესი

1. ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საშტატო განრიგის დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს ინსტიტუტის საშტატო განრიგის შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადებას, ხოლო სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების თანამდებობებზე დანიშვნიდან 1 კვირის ვადაში – სამეცნიერო თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადებას.

2. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობებზე კონკურსის შესახებ განაცხადი ქვეყნდება არა უგვიანეს 1 თვით ადრე საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე ყოველდღიურ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. საკონკურსო განაცხადი ასევე ქვეყნდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ინსტიტუტის ვებგვერდებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და გამოიკვრება ინსტიტუტში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

3. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადს თან უნდა დაურთოს:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) კალენდარული ავტობიოგრაფია;

გ) დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი, ხოლო დოქტორანტებისათვის (ასპირანტებისათვის) – ცნობა შესაბამისი საგანმანათლებლო (სამეცნიერო) დაწესებულებიდან;

დ) გამოქვეყნებული, მათ შორის, ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;

ე) 1 სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;

ვ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების ხედვა (საკვლევი პრობლემები, მოსალოდნელი შედეგები, საჭირო რესურსები და ა.შ.) – მხოლოდ მათთვის, ვისაც სურთ სამეცნიერო სტრუქტული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება;

ზ) შესაბამისი დარგის 3 მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი) (სასურველია);

თ) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი (სასურველია);

ი) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (სასურველია).

4. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა საკონკურსო კომისია ამტკიცებს:

ა) იმ პირთა ნუსხას, რომელთა საკონკურსო დოკუმენტაცია სრულყოფილად არის წარდგენილი და შეესაბამება ამ წესდებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) იმ პირთა ნუსხას, რომელთა საკონკურსო დოკუმენტაცია სრულყოფილად არ არის წარდგენილი ან/და არ შეესაბამება ამ წესდებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

5. საკონკურსო კომისია ატარებს გასაუბრებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებთან, რაც ფორმდება ოქმით.

6. საკონკურსო თანამდებობებზე კანდიდატთა შერჩევისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, პატენტები, მონაწილეობა სამეცნიერო სიმპოზიუმებში, კონფერენციებში, საგრანტო, მათ შორის, საერთაშორისო თემატიკაში.

7. საკონკურსო კომისიის დასკვნის საფუძველზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს წარდგენილ კანდიდატს შესაბამის თანამდებობაზე და აფორმებს მასთან შრომით ხელშეკრულებას არა უმეტეს 3 წლის ვადით.

    მუხლი 11. სამეცნიერო თანამდებობების დაკავების წესი

1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი ტარდება ამ წესდების მე-10 მუხლითა და ამ მუხლით დადგენილი წესით.

3. საკონკურსო კომისია სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ ისმენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციას განსახილველ კანდიდატურასთან დაკავშირებით.

    მუხლი 12. ქონება და ფინანსები

1. ინსტიტუტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს ქონება დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ინსტიტუტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტბით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.

4. ინსტიტუტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

გ) გრანტებით მიღებული შემოსავალი;

დ) შემოწირულობები;

ე) საგამომცემლო საქმიანობის შედეგად მოპოვებული სახსრები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

5. ინსტიტუტში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

6. ინსტიტუტი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. ინსტიტუტის საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი

1. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც აკონტროლებს ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონმიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ინსტიტუტი ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს შესაბამისი ახსნა-განმარტებანი.

    მუხლი 14. დროებით წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი, ინსტიტუტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. ინსტიტუტის დროებით წესდებაში ცვლილებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.