საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით, "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით, "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-3/687
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, 0, 25/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 27/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000020.01(2).003.000123
  • Word
1-3/687
14/11/1997
გაურკვეველი, 0, 25/11/1997
000000020.01(2).003.000123
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით, "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.128

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის

ბრძანება №1-3/687

1997 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით, "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე

1997 წლის 25 ნოემბრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს დებულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“.

2. დაევალოს სამინისტროს:

ა) იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს (ბ-ნი გ. ნიშნიანიძე) უზრუნველყოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის(გადაცემის) წესის შესახებ“ დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად.

3) საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს (ბ-ნი რ. ოქრუაშვილი), „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ გაზეთ „მესაკუთრე“-ში გამოქვეყნება.

3. დებულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ ძალაში შედის პრესაში გამოქვეყნებისთანავე.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის სამმართველოს (რ.თაბუკაშვილი) და მინისტრის მოადგილეს ბ-ნ მ.გაბუნიას.

მინისტრი                       ა. სილაგაძე

დებულება

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“

    მუხლი 1

ზოგადი ნაწილი

1.წინამდებარე დებულება შემუშავებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების“ მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის), პირობებს, წესსა და ვადებს.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას განეკთვნება საწარმოები, ამ საწარმოთა ქვედანაყოფები, ლიკვიდირებას დაქვემდებარებული საწარმოები, შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებანი, რომელთა ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ფლობით, სარგებლობით, განკარგვით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:

ა) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანოები;

ბ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით – უზუფრუქტი(სასყიდლიანი და უსასყიდლო),ქირავნობა, იჯარა, თხოვება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო იმ უწყებასთან ან ორგანიზაციასთან შეთანხმებით, რომლის ბალანსზეც ირიცხება გადასაცემი ქონება.

5. სახელმწიფო ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო-მუნიციპალური დაქვემდებარების ქონებაზე – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრების ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემის უფლება შესაძლებელია გადასცეს თავის ტერიტორიულ ორგანოს.

6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის უფლებით გაიცემა მხოლოდ კონკურსის ფორმით, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო.

7. ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით გადაცემული სახელმწიფო ქონების გირავნობა დაუშვებელია.

8. ხელშეკრულების მონაწილე მხარეებად გამოდიან სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო და უშუალოდ ქონების მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი. მხარეთა მიერ ხელშეკრულების გაფორმება უნდა დადასტურდეს ნოტარიალური წესით.

9. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ სრულდება ან არასათანადოდ სრულდება, რის გამოც ზიანი მიადგება სახელმწიფოს ქონებრივ ინტერესებს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ვალდებულია შეიტანოს სარჩელი სასამართლოში ამ ხელშეკრულებათა გადასინჯვის ან გაუქმების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10. სახელმწიფო ქონების ვადიანი სარგებლობის ფორმით გაცემისათვის ინიციატორი შესაბამის განაცხადს წარუდგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, რომლებიც თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის საკონკურსო საფუძველზე განხილვის შემდგომ ღებულობენ გადაწყვეტილებას მისი ვადიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ.

11. სახელმწიფო ქონების ვადიანი სარგებლობის ფორმით გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.

    მუხლი 2

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გაცემის ფორმები; ქირა

1.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით:

ა) უზუფრუქტი;

ბ) ქირავნობა;

გ) იჯარა;

დ) თხოვება.

2. წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილი ფორმებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შესაძლებელია გადაცემულ იქნეს ვადიან სარგებლობაში,სასყიდლით (სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა) ან უსასყიდლოდ (თხოვება, უსასყიდლო უზუფრუქტი).

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის,ქირავნობის, იჯარის ფორმით გაცემისას წლიური ქირა არ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულების „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ შესაბამისად მიღებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების 10 % - ზე ნაკლები.

სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ფორმების მიხედვით დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის თანხა ჩარიცხულ უნდა იქნეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს ანგარიშზე, ხოლო მისი განაწილება ხორციელდება პრივატიზებიდან შემოსული თანხების განაწილების წესის შესაბამისად.

    მუხლი 3

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის ფორმით

ვადიან სარგებლობაში გაცემის ორგანიზება

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის ფორმით გადაცემის მიზანია, ზემოაღნიშნული ქონების წინამდებარე დებულების მუხლი 1, პუნქტი 4-ით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება მიანიჭოს იმ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

2. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმის მიხედვით კონკურსი შეიძლება იყოს მხოლოდ კომერციული.

3. კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საკონკურსო პირობების სრულად დაკმაყოფილება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემისათვის დაწესებული ქირის მაქსიმალური ფასის გადახდა.

    მუხლი 4

კონკურსის ორგანიზება

1.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში სასყიდლიანი ფორმებით გადაცემის მიზნით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ერთი წლის ვადით ქმნის მუდმივმოქმედ კომისიას 5-7 წევრისაგან.

2. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს თავისი მუშაობის რეგლამენტს.

3. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.

4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში, თავმჯდომარის (ან მისი მოვალეობის შემსრულებლის) ხმა ითვლება გადამწყვეტად. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.

 5. საკონკურსო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებც ოქმში კეთდება აღნიშვნა.

6. კონკურსის ჩასატარებლად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია ადგენს:

ა) საკონკურსო პირობებს;

ბ) კონკურსის ჩატარების შესახებ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის პროექტს.

7. საკონკურსო კომისია, კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე ადგენს გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას წინამდებარე დებულების მუხლი 1, პუნქტ 4-ში გათვალისწინებული ფორმებით გადასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

8. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) კონკურსის პირობებს;

ბ) წინამდებარე დებულების მუხლი 1, პუნქტი 4-ით გათვალისწინებული ფორმებით გადასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისათვის დაწესებული ქირის საწყის ფასს;

გ) ხსენებული ქონების დასახელებას და ადგილსამყოფელს;

დ) განცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და კონკურსის ჩატარების ვადას;

ე) ბეს სიდიდეს (არანაკლებ ერთი წლის ქირის ოდენობა);

ვ) საკონკურსო კომისიის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს;

ზ) მონაწილეთა წინადადებების შემცველი კონვერტის გახსნის თარიღს, დროს და ადგილს;

თ) ხსენებული ქონების მიერ დაკავებულ მიწის ფართობს.

9. დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საკითხს განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო.

10. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს წინამდებარე დებულების მუხლი 1, პუნქტი 4-ით გათვალისწინებული ფორმებით გადასაცემ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას.

11. საკონკურსო კომისია იღებს და ატარებს რეგისტრაციაში კონკურსში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს.

12. მონაცემები იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შესახებ, რომლებმაც წარმოადგინეს განაცხადები კონკურსში მონაწილეობაზე, არ ექვემდებარება გამოქვეყნებას კონკურსის დაწყების მომენტამდე.

13. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ საკონკურსო კომისია გადასცემს შეჯამებულ ოქმს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც 10 დღის ვადაში ამტკიცებს შედეგებს.

14. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი, რომელშიც სავალდებულოა აისახოს ფიზიკური ან იურიდიული პირის თანხმობა გამოცხადებული საკონკურსო პირობების შესრულებაზე;

ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი წინადადებები, მოთავსებული ცალკე კონვერტში, რომელიც ილუქება მათ მიერ;

გ) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიული ორგანოს საანგარიშსწორებო ანგარიშზე ბეს შეტანის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები;

ე) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ვ) იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ ნოტარიულად დამტკიცებული სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს.

15. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც 30-ე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

16. კონკურსში მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში, უარი განაცხადოს წერილობით კონკურსში მონაწილეობაზე. საკონკურსო კომისია ახდენს განაცხადის გამოთხოვნის რეგისტრაციას.

17. განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება რეგისტრაციის თარიღით.

18. საკონკურსო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან განმცხადებელი იძენს კონკურსში მონაწილის სტატუსს.

19. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას კონკურსში მონაწილეობაზე. თუ:

ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილი იქნეს სახელმწიფო ქონების დროებით მოსარგებლედ;

ბ) თუ დარღვეულია წინამდებარე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების მოთხოვნები.

20. საკონკურსო კომისია კონკურსში მონაწილეთა წინადადებებს განიხილავს გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმიდან გამომდინარე.

21. კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება მონაწილე, რომლის წინადადებები აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და გადაიხდის ქირის მაქსიმალურ ფასს, თანხის ჩაწერით.

22. დადგენილ დღეს და საათზე, საკონკურსო კომისიის სხდომაზე იხსნება კონვერტები შემოსული წინადადებებით. დგინდება ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობა. თუ მონაწილეს წინადადებები არ პასუხობს კონკურსის პირობებს, იგი არ დაიშვება კონკურსში და აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება ოქმში.

23. მონაწილეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს კონვერტის გახსნას.

24. საკონკურსო კომისია იხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მათი დასწრების გარეშე, რის შედეგადაც საკონკურსო კომისიის წევრები კენჭისყრით ადასტურებენ საკუთარ არჩევანს.

25. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის შესახებ აცხადებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე კონვერტის გახსნის დღეს.

26. კონკურსი ითვლება არშემდგარად, თუ:

ა) განაცხადების წარდგენის დადგენილ ვადაში არ იქნა შეტანილი არც ერთი განაცხადი;

ბ) წარდგენილი განაცხადებიდან არც ერთი არ შეესაბამება საკონკურსო პირობების მოთხოვნებს;

ამ შემთხვევაში საკონკურსო კომისია ადგენს ოქმს კონკურსის არჩატარების შესახებ. ოქმი მტკიცდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ.

27. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი მონაწილის წინადადებები აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და მათ მიერ შემოთავაზებულია ქირის ერთნაირი რაოდენობის მაქსიმალური თანხა, კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად იმართება ფარული კენჭისყრა.

28. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დგება შემაჯამებელი ოქმი, რომელიც შეიცავს საკონკურსო კომისიის დასკვნას შემდეგი ფორმით:

ა) წინამდებარე დებულების მუხლი 1, პუნქტი 4-ით გათვალისწინებული ფორმებით გადასაცემი ქონების დასახელება;

ბ) საკონკურსო კომისიის შემადგენლობა;

გ) მონაცემები კონკურსის მონაწილეთა შესახებ;

დ) კონკურსში მონაწილეთა წინადადებები დანართების სახით;

ე) კონკურსში გამარჯვებულის დასახელება;

ვ) კონკურსის შედეგად დადგენილი სახელმწიფო ქონების სარგებლობისათვის დადგენილი ქირის ოდენობა.

29. ოქმს თან უნდა ერთვოდეს გამარჯვებულისათვის განკუთვნილი საკონკურსო კომისიის მიერ მომზადებული წერილის პროექტი, რომელიც შეიცავს შეტყობინებას მისი წინადადებების მიღების შესახებ. აღნიშნული ოქმი და საბუთები დასამტკიცებლად წარედგინება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

30. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს მიერ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ, ოქმის ასლი ეგზავნება ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულს კი ეგზავნება შეტყობინება ხელშეკრულების გასაფორმებლად.

31. კონურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ, 15 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან გააფორმოს სახელმწიფო ქონების გადაცემაზე ხელშეკრულება, ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

32. ოქმის მიღების დღიდან, გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების მიხედვით შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

33. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დასახელება და მისამართი;

ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადამცემისა და მიმღების შესახებ;

გ) სახელმწიფო ქონების სარგებლობისათვის ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ფასი;

დ) დაკავებული მიწის ფართობის სიდიდე;

ე) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;

34. სახელმწიფო ქონებაზე წინამდებარე დებულების მუხლი 1,პუნქტი 4-ით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებაზე გამარჯვებულს ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო დანარჩენ კონკურსში მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის ქვითრის წარდგენის შემდეგ კენჭისყრის შედეგების გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

35. სახელმწიფო ქონებაზე წინამდებარე დებულების მუხლი 1-ის პუნქტი 4-ით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტოირიულ ორგანოსაგან გადაეცემა გამარჯვებულს სანოტარო წესით დამოწმებული სათანადო ხელშეკრულებით.

36. გამარჯვებული ვალდებულია მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაიცვას კონკურსის პირობებით ნაკისრი ვალდებულებები და შესრულებაზე ყოველ 6 თვეში ინფორმაცია წარუდგინოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

37. კონკურსის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისათვის განიხილავს სასამართლო.

    მუხლი 5

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების

უზუფრუქტის ფორმით გაცემა

1.სახელმწიფო საკთრებაში არსებული ქონების უზუფრუქტის ფორმით გაცემა ითვალისწინებს ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე. უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ქონების გაქირავება ან იჯარით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილებით.

 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება უზუფრუქტის ფორმით საკონკურსო საწყისების გარეშე უსასყიდლოდ გადაეცემათ იმ იურიდიულ პირებს და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობის საფუძველზე.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით ხორციელდება საკონკურსო საწყისებზე (კონკურსი), რაზედაც ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც ადგენს ქონების გადაცემის ვადას და პირობებს. სასყიდლის ქირა კი განისაზღვრება წინამდებარე დებულების 2.4. პუნქტის თანახმად.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც გადაცემულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასყიდლიანი ან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ხელშეკრულების დამთავრების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს იმ პირობებით, რომელთაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება უზუფრუქტის შესახებ.

    მუხლი 6

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების

ქირავნობის ფორმით გაცემა

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის ფორმით გაცემა ითვალისწინებს მის გადაცემას ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის განსაზღვრული ვადით ფასიან სარგებლობაში.

2. ქირავნობის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შეიძლება გაიცეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ მხოლოდ საკონკურსო საწყისებზე (კონკურსი).

3. სახელმწიფო ქონების ქირავნობის ფორმით გაცემისათვის ინიციატორი შესაბამის განაცხადს წარუდგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის საკონკურსო საფუძველზე განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ქირავნობის ფორმით გაცემის შესახებ.

4. სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ვალდებულია, გადასცეს დამქირავებელს გასაქირავებელი ქონება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში.

ქონების ვარგისიანობა დგინდება სამინისტროს /ქონების მესაკუთრის/ და აღნიშნული ქონების ქირავნობის ფორმით მიმღების მიერ ურთიერთშეთანხმებით, ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.

5. სახლმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და დამქირავებელს შორის ფორმდება ქირავნობის ხელშეკრულება, რომელშიც უნდა აისახოს მისი მოქმედების ვადა, ქირის ოდენობა, ქირის გადახდის პირობები, გამქირავებლისა და დამქირავლების უფლება-მოვალეობანი.

6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დამქირავებელს არ აქვს უფლება, გაქირავებული ქონება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს (ქვექირავნობა).

7. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიული ორგანოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ საშიშროებას.

8. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტიულ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში.

9. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ არა უგვიანეს 2 თვისა, დამქირავებელს შეუძლია ისარგებლოს ქირავნობის შესახებ ხელშეკრულების ვადის გარკვეული ვადით გაგრძელების უპირატესი უფლებით, სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

    მუხლი 7

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების

იჯარის ფორმით გაცემა

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემა ითვალისწინებს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის სახელმწიფო ქონების გადაცემის დროებით სარგებლობაში კონკურსის ფორმით.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გაცემსის დროს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და მოიჯარეს შორის ფორმირდება ხელშეკრულება. მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირა.

3. მოიჯარეს უფლება აქვს იჯარით აღებული ქონება ან მისი ნაწილი ქვეიჯარით გასცეს მეიჯარის თანხმობით.

4. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ, მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის (მეიჯარისათვის) მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.

5. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; აღნიშნული ქონებისადმი მიყენებული სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.

    მუხლი 8

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების

თხოვების ფორმით გაცემა

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თხოვების ფორმით გაცემა ითვალისწინებს მის გადაცემას დროებით უსასყიდლოდ სარგებლობაში.

2. თხოვების უფლებით შეიძლება ისარგებლონ იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

3. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო უფლებას იტოვებს, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაბრუნების უფლება.

    მუხლი 9

უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების, ფორმებით გაცემული

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების რეგისტრაცია

1. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონება, რომელიც გაიცემა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ფორმებით, აღირიცხება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ რეესტრში.

2. წინამდებარე დებულება ძალაში შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დღიდან.