ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმი

  • Word
ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმი
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/06/1989
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 21/04/2000
ძალაში შესვლის თარიღი 20/08/1998
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000319
  • Word
-
27/06/1989
გაურკვეველი, -, 21/04/2000
430003000.00.000.000319
ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული

ოქმი

მიღებული მადრიდში 1989 წლის 27 ივნისს

ოქმის მუხლების სია:

მუხლი 1: მადრიდის კავშირის წევრობა

მუხლი 2: დაცვის უზრუნველყოფა საერთაშორისო რეგისტრაციით

მუხლი 3: საერთაშორისო განაცხადი

მუხლი 3 bis : ტერიტორიული მოქმედება

მუხლი 3 ter : „ტერიტორიული გაფართოების“ მოთხოვნა

მუხლი 4: საერთაშორისო რეგისტრაციის შედეგები

მუხლი 4 bis : ეროვნული ან რეგიონალური რეგისტრაციის შეცვლა საერთაშორისო რეგისტრაციით

მუხლი 5: ზოგიერთი მონაწილე მხარის მიერ ნიშნის დაცვაზე უარის თქმა და საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების ძალადაკარგულად ცნობა

მუხლი 5 bis : ნიშნის ზოგიერთი ელემენტის გამოყენების კანონიერების დამადასტურებელი საბუთი (მტკიცებულება)

მუხლი 5 ter : საერთაშორისო რეესტრში ჩანაწერების ასლი; წინასწარი ძიება; ამონაწერი საერთაშორისო რეესტრიდან

მუხლი 6: საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების ვადა; საერთაშორისო განაცხადის დამოკიდებულება და დამოუკიდებლობა

მუხლი 7: საერთაშორისო რეგისტრაციის ვადის გაგრძელება

მუხლი 8: საერთაშორისო განაცხადისა და რეგისტრაციის საფასურები

მუხლი 9: საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელის შეცვლის შესახებ ჩანაწერის შეტანა

მუხლი 9 bis : საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი ჩანაწერების შეტანა

მუხლი 9 ter : გარკვეული ჩანაწერების შეტანის საფასური

მუხლი 9 quarter : რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოს ერთიანი უწყება

მუხლი 9 quinqu ies : საერთაშორისო რეგისტრაციის გარდაქმნა ეროვნულ ან რეგიონალურ განაცხადად

მუხლი 9 sexies : მადრიდის (სტოკჰოლმი) ხელშეკრულების შენარჩუნება

მუხლი 10: ასამბლეა

მუხლი 11: საერთაშორისო ბიურო

მუხლი 12: ფინანსები

მუხლი 13: ოქმის ზოგიერთი მუხლის შესწორებები

მუხლი 14: ოქმში მონაწილეობა; ძალაში შესვლა

მუხლი 15: დენონსაცია

მუხლი 16: ხელმოწერა, ენები, სადეპოზიტარო ფუნქციები

მუხლი 1. მადრიდის კავშირის წევრობა

ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფოები (შემდგომში „მონაწილე სახელმწიფო“), მაშინაც კი, როდესაც ისინი არ არიან 1967 წელს სტოკჰოლმში გადამოწმებული და 1979 წელს შესწორებული ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების (შემდგომში მონაწილეები „მადრიდის (სტოკჰოლმი) შეთანხმება“)“ და ამ ოქმის 14 (1)(b) მუხლში მოხსენიებული ორგანიზაციები (შემდგომში „მონაწილე ორგანიზაცია“), რომლებიც ამ ოქმის მონაწილეებს წარმოადგენენ, შეიძლება გახდნენ იმავე კავშირის წევრები, რომლის ქვეყნებიც მადრიდის (სტოკჰოლმი) შეთანხმების წევრები არიან. ამ ოქმში ყველა მოხსენიებული ყველა „მონაწილე მხარე“ გულისხმობს ორივეს - მონაწილე სახელმწიფოს და მონაწილე ორგანიზაციას.

    მუხლი 2. დაცვის უზრუნველყოფა საერთაშორისო რეგისტრაციით

(1) თუ ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი შეტანილი იყო მონაწილე მხარის უწყებაში, ან, თუ ნიშანი რეგისტრირებული იყო მონაწილე მხარის უწყების მიერ, პიროვნებას, ვის სახელზეც არის ეს განაცხადი (შემდგომში „ძირითადი განაცხადი“) ან ეს რეგისტრაცია (შემდგომში „ძირითადი რეგისტრაცია“), შეუძლია ამ ოქმის დებულებების გათვალისწინებით უზრუნველყოს მისი ნიშნის დაცვა მონაწილე მხარეების ტერიტორიაზე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს რეესტრში ამ ნიშნის რეგისტრაციით (შემდგომში „ორგანიზაცია“, „საერთაშორისო ბიურო“, „საერთაშორისო რეესტრი“ და „საერთაშორისო რეგისტრაცია“ - შესაბამისად), იმ პირობით, თუ:

(i) ძირითადი განაცხადი შეტანილი იყო მონაწილე სახელმწიფოს უწყებაში ან ძირითადი რეგისტრაცია გაკეთებული იყო ასეთი უწყების მიერ და პიროვნება, ვის სახელზეც არის ეს განაცხადი, ან რეგისტრაცია, წარმოადგენს ამ მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეს ან მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან ნამდვილი და მოქმედი სამრეწველო ან კომერციული დაწესებულება აღნიშნულ მონაწილე სახელმწიფოში.

(ii) ძირითადი განაცხადი შეტანილი იყო მონაწილე ორგანიზაციის უწყებაში ან ძირითადი რეგისტრაცია გაკეთებული იყო ასეთი უწყების მიერ, და პიროვნება, ვის სახელზეც არის ეს განაცხადი ან რეგისტრაცია, წარმოადგენს მონაწილე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს, ან მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, ან ნამდვილი და მოქმედი სამრეწველო ან კომერციული დაწესებულება აღნიშნული მონაწილე ორგანიზაციის ტერიტორიაზე.

(2) საერთაშორისო რეგისტრაციაზე განაცხადი (შემდგომში „საერთაშორისო განაცხადი“) შეტანილი უნდა იქნეს საერთაშორისო ბიუროში იმ უწყების (შემდგომში „წარმოშობის უწყება“) შუამდგომლობით, რომელშიც იყო შეტანილი ძირითადი განაცხადი ან რომელმაც მოახდინა რეგისტრაცია იმისდა მიხედვით, რომელ შემთხვევასაც ექნება ადგილი.

(3) ამ ოქმში მოხსენიებული სიტყვები „უწყება“ და „მონაწილე მხარის უწყება“ ყველგან გულისხმობს ისეთ უწყებას, რომელსაც დაევალა მონაწილე მხარის სახელით ნიშნების რეგისტრაცია. ამასთან, ამ ოქმში მოხსენიებული სიტყვა „ნიშნები“ ყველგან გულისხმობს სასაქონლო ნიშნებს და მომსახურების ნიშნებს.

(4) ამ ოქმში მოხსენიებული სიტყვები „მონაწილე მხარის ტერიტორია“ იმ შემთხვევაში, როცა მონაწილე მხარე სახელმწიფოა, გულისხმობს ამ სახელმწიფოს ტერიტორიას, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მონაწილე მხარე სამთავრობათაშორისი ორგანიზაციაა - ტერიტორიას, რომელზეც გამოიყენება ამ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი ხელშეკრულება.

    მუხლი 3. საერთაშორისო განაცხადი

(1) ყოველი საერთაშორისო განაცხადი, ამ ოქმის თანახმად, წარდგენილი უნდა იყოს ინსტრუქციით დადგენილ ბლანკზე. წარმოშობის დამდგენი უწყება ადასტურებს, რომ საერთაშორისო განაცხადში წარმოდგენილი მონაცემები შეესაბამება მონაცემებს, რომლებიც დადასტურების თარიღისათვის არსებობს ძირითად განაცხადში ან ძირითად რეგისტრაციაში იმის მიხედვით, თუ რომელ შემთხვევას ექნება ადგილი. გარდა ამისა, ხსენებულმა უწყებამ უნდა უჩვენოს:

(i) ძირითადი განაცხადის შემთხვევაში - ამ განაცხადის შეტანის თარიღი და ნომერი;

(ii) ძირითადი რეგისტრაციის შემთხვევაში - რეგისტრაციის თარიღი და ნომერი და ასევე იმ განაცხადის შეტანის თარიღი და ნომერი, რომლის საფუძველზეც მოხდა მისი რეგისტრაცია.

წარმოშობის დამდგენმა უწყებამ უნდა უჩვენოს საერთაშორისო განაცხადის წარდგენის თარიღიც.

(2) განმცხადებელმა უნდა მიუთითოს იმ საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომლისთვისაც მოითხოვება ნიშნის დაცვა და, აგრეთვე, თუ შესაძლებელია, შესაბამისი კლასი ან კლასები ნიშნების სარეგისტრაციოდ ნიცის ხელშეკრულებით დადგენილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით. თუ განმცხადებელი არ მიუთითებს კლასებს, საერთაშორისო ბიურო თვითონ ანაწილებს საქონელსა და მომსახურებებს აღნიშნული კლასიფიკაციის შესაბამისი კლასების მიხედვით. განმცხადებლის მიერ მითითებული კლასები ექვემდებარება შემოწმებას საერთაშორისო ბიუროს მხრიდან, რომელიც აღნიშნულ შემოწმებას აწარმოებს ეროვნულ უწყებასთან ერთად. ეროვნულ უწყებასა და საერთაშორისო ბიუროს შორის უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა უკანასკნელის მოსაზრებას ენიჭება.

(3) თუ განმცხადებელი მოითხოვს ფერის, როგორც მისი ნიშნის განმასხვავებელი მახასიათებლის დაცვას, იგი ვალდებულია:

(i) განაცხადოს ამის შესახებ და საერთაშორისო განაცხადთან ერთად წარმოადგინოს მითითება იმ ფერზე ან ფერთა კომბინაციაზე, რომლის დაცვაც მოეთხოვება;

(ii) განაცხადს თან დაურთოს აღნიშნული ნიშნის ფერადი ასლები, რომლებიც მიმაგრებული უნდა იყოს საერთაშორისო ბიუროს მიერ გაცემულ შეტყობინებებზე; ასეთი ასლების რაოდენობა დგინდება ინსტრუქციით.

(4) საერთაშორისო ბიურო დაუყოვნებლივ არეგისტრირებს ნიშნებს, რომლებიც შეტანილია მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღად ითვლება წარმოშობის ქვეყანაში საერთაშორისო განაცხადის შეტანის თარიღი იმ პირობით, თუ საერთაშორისო ბიურომ საერთაშორისო განაცხადი მიიღო ამ თარიღიდან ორი თვის ვადაში. თუ საერთაშორისო განაცხადი არ იქნა მიღებული ამ ვადაში, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღად ითვლება თარიღი, როდესაც საერთაშორისო განაცხადი იქნა მიღებული საერთაშორისო ბიუროში. საერთაშორისო ბიურო დაუყოვნებლივ ატყობინებს დაინტერესებულ უწყებებს საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ. საერთაშორისო რეესტრში რეგისტრირებული ნიშნები ქვეყნდება პერიოდულ ბიულეტენში, რომელსაც გამოსცემს საერთაშორისო ბიურო საერთაშორისო განაცხადში არსებული მონაცემების საფუძველზე.

(5) საერთაშორისო რეესტრში რეგისტრირებული ნიშნების გაცნობის მიზნით ყოველი უწყება საერთაშორისო ბიუროსაგან ღებულობს აღნიშნული ბიულეტენის ეგზემპლარების გარკვეულ რაოდენობას უფასოდ და გარკვეულ რაოდენობას მე-10 მუხლში მოხსენიებული ასამბლეის (შემდგომში „ასამბლეა“) მიერ დადგენილი პირობების შესაბამისი ფასდაკლებით. ყველა მონაწილე მხარისათვის ასეთი გაცნობა ითვლება საკმარისად და არაფერი სხვა არ უნდა იყოს მოთხოვნილი საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელისაგან.

    მუხლი 3 bis . ტერიტორიული მოქმედება

საერთაშორისო რეგისტრაციის შედეგად წარმოქმნილი დაცვა მონაწილე მხარეზე ვრცელდება მხოლოდ იმ პიროვნების მოთხოვნით, რომელიც საერთაშორისო განაცხადის განმცხადებელი ან საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელია. ამასთან, არ შეიძლება არანაირი ასეთი მოთხოვნის გაკეთება იმ მონაწილე მხარის მიმართ, რომლის უწყებაც წარმოშობის დამდგენი უწყებაა.

მუხლი 3 ter . „ტერიტორიული გაფართოების“ მოთხოვნა

(1) საერთაშორისო რეგისტრაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ მონაწილე მხარეზე დაცვის გავრცელების შესახებ ყოველი მოთხოვნა სპეციალურად უნდა იყოს მითითებული საერთაშორისო განაცხადში.

(2) მოთხოვნა ტერიტორიული გაფართოების შესახებ შეიძლება აგრეთვე გაკეთდეს საერთაშორისო რეგისტრაციის შემდეგ. ყოველი ასეთი მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს ინსტრუქციით გათვალისწინებულ ბლანკზე. მოთხოვნა მიღებისთანავე რეგისტრირდება საერთაშორისო ბიუროს მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ ატყობინებს ასეთი ჩანაწერის შესახებ დაინტერესებულ უწყებას და უწყებებს. ეს ჩანაწერი ქვეყნდება საერთაშორისო ბიუროს პერიოდულ ბიულეტენში. ასეთი ტერიტორიული გაფორმება ძალაშია საერთაშორისო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის შეტანის თარიღიდან; იგი წყვეტს თავის მოქმედებას იმ საერთაშორისო რეგისტრაციის შეწყვეტასთან ერთად, რომელსაც იგი ეხება.

მუხლი 4. საერთაშორისო რეგისტრაციის შედეგები

(1) (a) მე-3 და 3 ter მუხლების დებულებების შესაბამისად განხორციელებული რეგისტაციის ან ჩანაწერის შეტანის თარიღიდან ნიშნის დაცვა ყოველ მითითებულ მონაწილე მხარეში იქნება ისეთივე, როგორიც იქნებოდა ნიშნის უშუალოდ ამ მონაწილე მხარის უწყებაში წარდგენისას. თუ საერთაშორისო ბიუროში არ იქნა განცხადებული უარი მე-5 მუხლის (1) და (2) პუნქტების შესაბამისად ან ხსენებული მუხლების შესაბამისად განცხადებული უარი შემდგომში გამოთხოვილი იქნა უკან, აღნიშნული თარიღიდან ნიშნის დაცვა მითითებულ მონაწილე მხარეში იქნება ისეთივე, როგორიც იქნებოდა ამ მონაწილე მხარის უწყების მიერ ნიშნის რეგისტრაციისას.

(b) მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების კლასების მითითება არ ზღუდავს მონაწილე მხარეებს ნიშნის დაცვის ფარგლების განსაზღვრის თვალსაზრისით.

(2) ნებისმიერი საერთაშორისო რეგისტრაცია სარგებლობს სამრეწველო საკუთრების პარიზის კონვენციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პრიორიტეტის უფლებით ამავე მუხლის პუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმალობების დაცვის გარეშე.

    მუხლი 4 bis . ეროვნული ან რეგიონალური რეგისტრაციის შეცვლა საერთაშორისო რეგისტრაციით

(1) როდესაც ნიშანი, რომელიც მონაწილე მხარის უწყებაში ეროვნული ან რეგიონალური რეგისტრაციის საგანს წარმოადგენს, ამავე დროს საერთაშორისო რეგისტრაციის საგანიცაა და ორივე რეგისტრაცია ერთი და იმავე პირის სახელზეა, საერთაშორისო რეგისტრაცია ადგილობრივი და რეგიონალური რეგისტრაციის შემცვლელად განიხილება ისე, რომ არ არღვევს ამ რეგისტრაციებით მოპოვებულ უფლებებს, თუ:

(i) საერთაშორისო რეგისტრაციიდან გამომდინარე დაცვა ხსენებულ მონაწილე მხარეზე ვრცელდება 3 ter მუხლის (1) ან (2) პუნქტების თანახმად;

(ii) ეროვნულ ან რეგიონალურ რეესტრში ჩამოთვლილი ყველა საქონელი და მომსახურება ასევე ჩამოთვლილია ხსენებულ მონაწილე მხარესთან დაკავშირებით საერთაშორისო რეესტრშიც;

(iii) დაცვის ასეთი გაფართოება ძალაში შედის ეროვნული ან რეგიონალური რეგისტრაციის თარიღიდან.

(2) უწყება, რომელიც მოიხსენიება (1) პუნქტში, ვალდებულია მოთხოვნისთანავე შეიტანოს აღნიშვნა მის რეესტრში საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ.

    მუხლი 5. ზოგიერთი მონაწილე მხარის მიერ ნიშნის დაცვაზე უარის თქმა და საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების ძალადაკარგულად ცნობა

(1) ნებისმიერი მონაწილე მხარის უწყებას, რომელსაც საერთაშორისო ბიურომ შეატყობინა 3 ter მუხლის (1) ან (2) პუნქტების თანახმად ამ მონაწილე მხარეზე საერთაშორისო რეგისტრაციის შედეგად წარმოქმნილი დაცვის გავრცელების შესახებ, უფლება აქვს, თუ მოქმდი კანონმდებლობა ამის ნებას იძლევა, უარის შეტყობინებაში განაცხადოს, რომ ნიშანს, რომელიც ასეთი გაფართოების საგანია, ხსენებული მონაწილე მხარის ტერიტორიაზე დაცვა არ ენიჭება. ყოველი ასეთი უარი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმ მოსაზრებებს, რომლებიც სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის თანახმად შეიძლებოდა  გამოეყენებინა უარის განმცხადებელ უწყებას ნიშნის უშუალოდ იქ შეტანის შემთხვევაში. ამავე დროს დაცვაზე არ შეიძლება ეთქვას ნაწილობრივი უარიც კი, მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით დასაშვებია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კლასებისა ან შეზღუდული რაოდენობის საქონლისა და მომსახურების რეგისტრაცია.

(2) (a) ყოველმა უწყებამ, რომელსაც სურს გამოიყენოს ასეთი უფლება, მისი უარი დასაბუთებულ მოსაზრებასთან ერთად საერთაშორისო ბიუროს უნდა შეატყობინოს ამ უწყებისათვის მოქმედი კანონით დადგენილ ვადაში (b) და (c) ქვეპუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მაგრამ არაუგვიანეს ერთი წლისა მას შემდეგ, რაც (1) პუნქტში მითითებული დაცვის გაფართოების შესახებ შეტყობინება საერთაშორისო ბიურომ გაუგზავნა ამ უწყებას.

(b) მიუხედავად (a) ქვეპუნქტის მოთხოვნისა, ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია განაცხადოს, რომ ოქმის თანახმად განხორციელებული საერთაშორისო რეგისტრაციისათვის ერთწლიანი ვადა, რომელზეც ლაპარაკია (a) ქვეპუნქტში, შეცვლილია 18 თვით.

(c) ასეთ განცხადებაში შეიძლება მითითებული იყოს აგრეთვე იმაზე, რომ თუ უარი დაცვაზე უარი შეიძლება დაცვის მინიჭებაზე შედავების შედეგს წარმოადგენდეს, ხსენებული მონაწილე მხარის უწყებას შეუძლია ასეთი უარი საერთაშორისო ბიუროს შეატყობინოს 18-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ. ამ უწყებას შეუძლია მოცემული საერთაშორისო რეგისტრაციის მიმართ დაცვის მინიჭებაზე უარი საერთაშორისო ბიუროს შეატყობინოს 18-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

(i) მან 18-თვიანი ვადის გასვლამდე შეატყობინა საერთაშორისო ბიუროს 18-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ასეთი შედავების შემოსვლის შესაძლებლობის შესახებ; და

(ii) შედავებაზე დაფუძნებული უარის შესახებ შეტყობინება მოხდა შედავების ვადის დაწყების დღიდან არაუმეტეს 7 თვეში; თუ შედავების ვადა ამ შვიდთვიან ვადაზე ადრე იწურება, შეტყობინება უნდა მოხდეს შედავების ვადის გასვლიდან ერთ თვეში.

(d) ნებისმიერი (b) და (c) ქვეპუნქტების შესაბამისი განცხადება შეიძლება გაკეთდეს 14(2) მუხლში მითითებული დოკუმენტით, ხოლო მისი მოქმედების დაწყების თარიღი დაემთხვევა იმ ქვეყნის ან მთავრობათშორისო ორგანიზაციის მიმართ ოქმის ძალაში შესვლის თარიღს, რომელმაც გააკეთა განცხადება. ნებისმიერი ასეთი განცხადება შეიძლება გაკეთდეს მოგვიანებითაც; ასეთ შემთხვევაში განცხადება ძალაში შედის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის (შემდგომში „გენერალური დირექტორი“) მიერ განცხადების მიღებიდან სამი თვის შემდეგ ან უფრო მოგვიანებითი თარიღიდან, რომელიც მითითებული იქნება განცხადებაში იმ საერთაშორისო რეგისტრაციების მიმართ, რომელთაც გააჩნიათ განცხადების ძალაში შესვლის თარიღის თანხვედრილი ან უფრო გვიანდელი თარიღი.

(e) ამ ოქმის ძალაში შესვლიდან ათი წლის გასვლის შემდეგ ასამბლეა გადასინჯავს (a)-დან (d)-მდე ქვეპუნქტებით დადგენილი სისტემის მოქმედებას. ამის შემდეგ ხსენებული ქვეპუნქტები შეიძლება შეიცვალოს ასამბლეის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.

(3) საერთაშორისო ბიურო უარის შესახებ შეტყობინების ერთ-ერთ ასლს დაუყოვნებლივ გადაუგზავნის საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელს. ხსენებულ მფლობელს გააჩნია იგივე საშუალებები, როგორიც მის მიერ ნიშნის უშუალოდ იმ უწყებაში წარდგენისას, რომელმაც გაგზავნა შეტყობინება მისი უარის შესახებ. თუ საერთაშორისო ბიურო მიიღებს ინფორმაციას (2)(c)(i) პუნქტის შესაბამისად, მან დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნოს ხსენებული ინფორმაცია საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელს.

(4) დაინტერესებული პირის მოთხოვნით საერთაშორისო ბიურო აცნობებს მას ნიშნის დაცვაზე უარის თქმის მოტივის შესახებ.

(5) ნებისმიერი უწყება, რომელიც საერთაშორისო ბიუროს არ შეატყობინებს მოცემული საერთაშორისო რეგისტრაციის მიმართ წინასწარი ან საბოლოო უარის შესახებ (1) და (2) პუნქტების შესაბამისად, ამ საერთაშორისო რეგისტრაციის მიმართ კარგავს (1) პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს.

(6) მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ საერთაშორისო რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობა მონაწილე მხარის ტერიტორიაზე არ შეიძლება გამოცხადებულ იქნეს ისე, რომ საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელს დროულად არ მიეცეს შესაძლებლობა დაიცვას მისი უფლებები. გადაწყვეტილება საერთაშორისო რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ უნდა ეცნობოს საერთაშორისო ბიუროს.

    მუხლი 5 bis . ნიშნის ზოგიერთი ელემენტის გამოქენების კანონიერების დამადასტურებელი საბუთი

ნიშანში შესული ისეთი ზოგიერთი ელემენტის გამოყენების კანონიერების დამადასტურებელი საბუთი, როგორიცაა: გერბები, გერბის ფარები, პორტრეტები, დამსახურების ნიშნები, წოდებები, საფირმო დასახელებები, განმცხადებლის სახელისაგან განსხვავებული პიროვნების სახელები ან სხვა მსგავსი წარწერები, რომლებიც შეიძლება მოთხოვნილი იყოს მონაწილე მხარის უწყების მიერ, თავისუფლდება ყოველგვარი ლეგალიზაციისა და სხვა დამოწმებებისაგან, გარდა წარმოშობის დამდგენი უწყების მიერ დამოწმებისა.

    მუხლი 5 ter . საერთაშორისო რეესტრში ჩანაწერების ასლი; წინასწარი ძიება; ამონაწერი საერთაშორისო რეესტრიდან

(1) ნებისმიერი პირის მოთხოვნით საერთაშორისო ბიურო ინსტრუქციით დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ იძლევა საერთაშორისო რეესტრში ნიშნის შესახებ შეტანილი ჩანაწერების ასლს.

(2) საერთაშორისო ბიუროს აგრეთვე შეუძლია ანაზღაურების შემდეგ ჩაატაროს წინასწარი ძიება იმ ნიშნებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ საერთაშორისო რეგისტრაციის საგანს.

(3) ამონაწერები საერთაშორისო რეესტრიდან ამონაწერები, რომლებიც მოთხოვნილია მათი ერთ-ერთი მონაწილე მხარისადმი წარდგენის მიზნით, თავისუფალია ნებისმიერი ლეგალიზაციისაგან.

    მუხლი 6. საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების ვადა; საერთაშორისო რეგისტრაციის დამოკიდებულება და დამოუკიდებლობა

(1) საერთაშორისო ბიურო ახდენს ნიშნის რეგისტრაციას ათი წლით მისი გაგრძელების შესაძლებლობით მე-7 მუხლში მითითებული პირობების შესაბამისად.

(2) საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღიდან ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ეს რეგისტრაცია დამოუკიდებელი ხდება შესაბამისად ძირითადი განაცხადისაგან ან მისგან გამომდინარე რეგისტრაციისაგან, ან ძირითადი რეგისტრაციისაგან მომდევნო დებულებების გათვალისწინებით.

(3) საერთაშორისო რეგისტრაციიდან გამომდინარე დაცვა იმისგან დამოუკიდებლად, იყო თუ არა გადაცემის საგანი, აღარ შეიძლება მოითხოვებოდეს, თუ საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღიდან ხუთი წლის გასვლამდე შესაბამისად ძირითადი განაცხადი ან მისგან გამომდინარე რეგისტრაცია, ან ძირითადი რეგისტრაცია იყო გატანილი, მას გაუვიდა მოქმედების ვადა, მისგან გამომდინარე უფლებების მფლობელმა უარი განაცხადა ან მასზე გამოტანილი იქნა საბოლოო გადაწყვეტილება უარის თქმის, გაუქმების, რეესტრიდან ამოღების ან ძალადაკარგულად ცნობის შესახებ საერთაშორისო რეგისტრაციაში არსებული საქონლისა და მომსახურების მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ. იგივე გამოიყენება, თუ:

(i) ძირითადი განაცხადის მოქმედად არცნობის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას,

(ii) ძირითადი განაცხადის გატანასთან ან ძირითადი განაცხადიდან გამომდინარე რეგისტრაციის გაუქმებასთან, რეესტრიდან ამოღებასა ან მისი ძალადაკარგულად ცნობასთან დაკავშირებულ სასამართლოში შეტანილ სარჩელს, ან

(iii) ძირითად რეგისტრაციაზე შედავებას მოჰყვა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად, ძირითადი განაცხადის ან მისგან გამომდინარე რეგისტრაციის ან ძირითადი რეგისტრაციის შესახებ უარის თქმის, მისი გაუქმების, რეესტრიდან ამოღების ან ძალადაკარგულად ცნობის ან განაცხადის მასალების გატანის თაობაზე იმ პირობით, რომ გასაჩივრების, სასამართლოში შეტანილი სარჩელის ან მესამე პირის შედავების განხილვა დაიწყო ხსენებული ვადის გასვლამდე. იგივე გამოიყენება აგრეთვე, თუ ძირითადი განაცხადი გატანილი იყო ან, ძირითადი განაცხადიდან გამომდინარე, რეგისტრაციასა ან ძირითად რეგისტრაციზე მფლობელმა უარი თქვა ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ იმ პირობით, რომ გატანის ან უარის თქმის მომენტისათვის ხსენებული განაცხადი ან რეგისტრაცია (i), (ii) ან (iii) პუნქტების შესაბამისი პროცედურის საგანს უნდა წარმოადგენდეს და რომ ასეთი პროცედურა დაიწყო ხსენებული ვადის გასვლამდე.

(4) წარმოშობის უწყება, როგორც ეს ინსტრუქციითაა გათვალისწინებული, ატყობინებს საერთაშორისო ბიუროს მე-(3) პუნქტთან დაკავშირებული ფაქტებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, ხოლო საერთაშორისო ბიურო, როგორც ეს ინსტრუქციითაა გათვალისწინებული, ატყობინებს ამის შესახებ დაინტერესებულ პირებს და ახორციელებს გამოქვეყნებას შესაბამისად. წარმოშობის უწყება საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საერთაშორისო ბიუროს თხოვნით დადგენილი წესით ამოიღოს საერთაშორისო რეგისტრაცია რეესტრიდან, ხოლო საერთაშორისო ბიურო ახორციელებს შესაბამის პროცედურას.

    მუხლი 7. საერთაშორისო რეგისტრაციის ვადის გაგრძელება

(1) ყოველი საერთაშორისო რეგისტრაცია შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო ათი წლით დაწყებული წინა დაცვის ვადის გასვლის მომენტიდან 8(7) მუხლით გათვალისწინებული ძირითადი საფასურის და 8(2) მუხლით გათვალისწინებული შემავსებელი და დამატებითი საფასურების უბრალო გადახდის გზით.

(2) ვადის გაგრძელებისას დაუშვებელია რეგისტრაციის ბოლო სახის რაიმე ცვლილება.

(3) დაცვის ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე საერთაშორისო ბიურო არაოფიციალური შეტყობინების გაგზავნის გზით საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელს ან, საჭიროების შემთხვევაში, მის წარმომადგენელს ახსენებს ვადის გასვლის ზუსტ თარიღს.

(4) ინსტრუქციით დადგენილი დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში საერთაშორისო რეგისტრაციის გაგრძელებისათვის ნებადართულია ექვსთვიანი შეღავათიანი ვადა.

    მუხლი 8. საერთაშორისო განაცხადისა და რეგისტრაციის საფასური

(1) წარმოშობის უწყებას შეუძლია თავის შეხედულებისამებრ დაადგინოს და თავის სარგებლობისათვის მოკრიბოს საფასური, რომელიც შეიძლება მან მოითხოვოს განმცხადებლისაგან საერთაშორისო რეგისტრაციისათვის ან საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელისაგან საერთაშორისო განაცხადის შემოტანის, ან საერთაშორისო რეგისტრაციის ვადის გაგრძელებისათვის.

(2) საერთაშორისო ბიუროში ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაცია ექვემდებარება იმ წინასწარი საერთაშორისო საფასურის გადახდას, რომელიც (7) (a) პუნქტის თანახმად უნდა შეიცავდეს:

(i) ძირითად საფასურს;

(ii) შემავსებელ საფასურს საერთაშორისო კლასიფიკაციის ყოველ კლასზე, რომელიც სამზე მეტს აღემატება და რომლებსაც მიეკუთვნება საქონელი ან მომსახურება, რომელთა მიმართაც უნდა იქნეს გამოყენებული ნიშანი;

(iii) დამატებით საფასურს 3 ter მუხლის ესაბამისად დაცვის გაფართოების ყოველი მოთხოვნისათვის.

(3) ამ მუხლის მე-2 (ii) პუნქტში მითითებული შემავსებელი საფასური შეიძლება საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღის შენარჩუნებით გადახდილ იქნეს ინსტრუქციით დადგენილ ვადაში, თუ საქონლისა ან მომსახურების ჩამონათვალის კლასების რაოდენობას განსაზღვრავს, ან გადამოწმების შემდეგ, შეცვლის საერთაშორისო ბიურო. თუ განმცხადებლის მიერ ხსენებული ვადის გასვლამდე შემავსებელი საფასური არ იქნა გადახდილი ან საქონლის ან მომსახურების ჩამონათვალი არ იქნა შემცირებული მოთხოვნილ დონემდე, საერთაშორისო განაცხადზე საქმის წარმოება შეწყვეტილად ითვლება.

(4) საერთაშორისო რეგისტრაციიდან სხვადასხვა შემონატანების წლიური შემოსავალი (2) (ii) და (iii) პუნქტებში აღნიშნული საფასურებიდან მიღებული შემონატანების გაუთვალისწინებლად და ამ პროტოკოლის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯებისა და საჭირო გასავლების გამოკლების შემდეგ საერთაშორისო ბიუროს მიერ თანაბრად ნაწილდება მონაწილე მხარეებს შორის.

(5) ყოველი წლის ბოლოს თანხები, რომლებიც მიიღება (2) (ii) პუნქტით გათვალისწინებული შემავსებელი საფასურებიდან, იყოფა დაინტერესებულ მონაწილე მხარეებს შორის იმ ნიშნების რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც აღნიშნული წლის განმავლობაში გათვალისწინებული იყო თითოეული მათგანის მიმართ, ხოლო იმ მონაწილე მხარისათვის, რომელიც ატარებს ექსპერტიზას, ეს რაოდენობა მრავლდება კოეფიციენტზე, რომელიც უნდა განისაზღვროს ინსტრუქციით.

(6) თანხები, რომლებიც მიიღება (2) (iii) პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საფასურებიდან, იყოფა მე-(5) პუნქტით გათვალისწინებული წესის მსგავსად.

(7) (a) ნებისმიერ მონაწილე მხარეს ყოველ საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომელშიც იგი მითითებულია 3 ter მუხლის შესაბამისად, და ყოველი ასეთი რეგისტრაციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით უფლება აქვს განაცხადოს, რომ მას სურს შემავსებელი და დამატებითი საფასურებიდან მიღებული წლიური შემოსავლიდან კუთვნილი წილის ნაცვლად მიიღოს საფასური (შემდგომში „ინდივიდუალური საფასური“), რომლის ოდენობა მითითებული იქნება განცხადებაში და შეიძლება შეიცვალოს მომდევნო განცხადებებში, მაგრამ იგი არ უნდა აღემატებოდეს თანხას, რომელიც, საერთაშორისო პროცედურიდან გამომდინარე დანაზოგის გამოკლებით, შეეძლო მიეღო ხსენებული მონაწილე მხარის უწყებას ამ უწყების რეესტრში განმცხადებლისაგან ნიშნის ათი წლით რეგისტრაციიისა ან რეგისტრაციის მფლობელისაგან დაცვის ვადის ათი წლით გაგრძელებისათვის. თუ შესაძლებელია ამგვარი ინდივიდუალური საფასურის გადახდა, მაშინ:

(i) არანაირი მე-2 (ii) პუნქტში მოხსენებული შემავსებელი საფასური არ უნდა იქნეს გადახდილი, თუ 3 ter მუხლის შესაბამისად მითითებულია მხოლოდ ის მონაწილე მხარეები, რომლებმაც გააკეთეს განცხადება ამ ქვეპუნქტის შესაბამისად და

(ii) არანაირი მე-2 (iii) პუნქტში მოხსენებული დამატებითი საფასური არ უნდა იქნეს გადახდილი იმ ნებისმიერი მონაწილე მხარის სასარგებლოდ, რომელმაც გააკეთა განცხადება ამ ქვეპუნქტის შესაბამისად.

(b) ნებისმიერი (a) ქვეპუნქტის შესაბამისი განცხადება შეიძლება გაკეთდეს 14 (2) მუხლში მითითებული დოკუმენტით, ხოლო მისი მოქმედების დაწყების თარიღი დაემთხვევა იმ ქვეყნისა ან მთავრობათაშორისო ორგანიზაციის მიმართ პროტოკოლის ძალაში შესვლის თარიღს, რომელმაც გააკეთა განცხადება. ნებისმიერი ასეთი განცხადება შეიძლება გაკეთდეს მოგვიანებითაც; ასეთ შემთხვევაში განცხადება ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ განცხადების მიღებიდან სამი თვის შემდეგ ან უფრო გვიანდელი თარიღიდან, რომელიც მითითებული იქნება განცხადებაში იმ საერთაშორისო რეგისტრაციების მიმართ, რომელთაც გააჩნიათ განცხადების ძალაში შესვლის თარიღის თანხვედრილი ან უფრო გვიანდელი თარიღი.

    მუხლი 9. საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელის ცვლილებების შესახებ ჩანაწერის შეტანა

იმ პირის მოთხოვნით, რომლის სახელზეცაა საერთაშორისო რეგისტრაცია, ან დაინტერესებული უწყების მოთხოვნით, რასაც იგი აკეთებს ეხ ოფფიციო, ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, საერთაშორისო ბიუროს რეგისტრაციის მფლობელის ნებისმიერი ცვლილების შესახებ ჩანაწერი შეაქვს საერთაშორისო რეესტრში ყველა ან გარკვეული მონაწილე მხარის გათვალისწინებით, რომელთა ტერიტორიაზეც მოქმედებდა ხსენებული რეგისტრაცია და იმ ყველა ან გარკვეული საქონლისა და მომსახურებისათვის, რომლებიც ჩამოთვლილია რეგისტრაციაში, თუ ახალი მფლობელი არის პირი, რომელიც 2(1) მუხლის შესაბამისად უფლებამოსილია შეიტანოს საერთაშორისო განაცხადი.

    მუხლი 9 bis . საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი ჩანაწერის შეტანა

საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო რეესტრში შეაქვს შემდეგი ჩანაწერები:

(i) საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელის ვინაობისა და მისამართის ნებისმიერი ცვლილების შესახებ;

(ii) საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელის წარმომადგენლის დანიშვნის და ასეთი წარმომადგენლის შესახებ სხვა მონაცემების შესახებ;

(iii) ყველა ან გარკვეული მონაწილე მხარის მიმართ საერთაშორისო რეესტრში არსებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის ნებისმიერი შეზღუდვის შესახებ;

(iv) ყველა ან გარკვეული მონაწილე მხარის მიმართ ნებისმიერი უარის თქმის, რეესტრიდან ამოღების ან საერთაშორისო რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ;

(v) ინსტრუქციით დადგენილი ნებისმიერი სხვა შესაბამისი მონაცემების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია იმ ნიშნის უფლებებთან, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია.

    მუხლი 9 ter . გარკვეული ჩანაწერების შეტანის საფასური

ნებისმიერი ჩანაწერის შეტანა რეესტრში მე-9 და მე-9 bis მუხლების შესაბამისად შეიძლება დაექვემდებაროს საფასურის გადახდას.

    მუხლი 9 quater . რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოს ერთიანი უწყება

(1) თუ რამდენიმე მონაწილე სახელმწიფო თანახმაა განახორციელოს ნიშნების შესახებ ადგილობრივი კანონების უნიფიცირება, მათ შეუძლიათ შეატყობინონ გენერალურ დირექტორს,

(i) რომ ერთიანი უწყება ცვლის ყოველი მათგანის ეროვნულ უწყებას; და

(ii) რომ მათი შესაბამისი ტერიტორიები მთლიანობაში მიჩნეული უნდა იქნეს ერთ სახელმწიფოდ ყველა ან ნაწილი დებულებების გამოყენების თვალსაზრისით, რომლებიც წინ უძღვის ამ მუხლს და ასევე 9 quinqu ies და 9 sexies მუხლების დებულებების თვალსაზრისითაც.

(2) ეს შეტყობინება არ შედის მოქმედებაში გენერალური დირექტორის მიერ სხვა მონაწილე მხარეებისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის თარიღიდან სამი თვის გასვლამდე.

    მუხლი 9 quinqu ies . საერთაშორისო რეგისტრაციის გარდაქმნა ეროვნულ ან რეგიონალურ განაცხადად

თუ 6(4) მუხლის შესაბამისად, წარმოშობის უწყების მოთხოვნით, საერთაშორისო რეგისტრაცია ამოღებულია რეესტრიდან ხსენებულ რეგისტრაციაში მითითებული საქონლისა და მომსახურების მთლიანი ან ნაწილობრივი ჩამონათვალის მიმართ, და პირს, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელი იყო, იგივე ნიშანზე სარეგისტრაციოდ განაცხადი შეაქვს ერთ-ერთი მონაწილე მხარის უწყებაში, რომლის ტერიტორიაზეც საერთაშორისო რეგისტრაცია მოქმედებდა, ასეთი განაცხადის შეტანის თარიღად შეიძლება მიჩნეულ იქნეს 3(4) მუხლის შესაბამისად საერთაშორისო რეგისტრაციის ან 3 ter (2) მუხლის შესაბამისად ტერიტორიული გაფართოების შესახებ ჩანაწერის შეტანის თარიღი და, თუ საერთაშორისო რეგისტრაცია სარგებლობდა პრიორიტეტით, ეს განაცხადიც ისარგებლებს ამავე პრიორიტეტით, თუ:

(i) ასეთი განაცხადი შეტანილ იქნა საერთაშორისო რეგისტრაციის რეესტრიდან ამოღების დღიდან სამი თვის ვადაში;

(ii) განაცხადში ჩამოთვლილი საქონელი და მომსახურება ფაქტობრივად მოცულია საერთაშორისო რეგისტრაციაში იმ მონაწილე მხარის მიმართ მითითებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალით, სადაც ხდება განაცხადის შეტანა; და

(iii) ასეთი განაცხადი აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას, საფასურებთან დაკავშირებული მოთხოვნების ჩათვლით.

    მუხლი 9 sexies . მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების შენარჩუნება

(1) თუ მოცემული საერთაშორისო განაცხადის ან მოცემული საერთაშორისო რეგისტრაციის მიმართ წარმოშობის დამდგენი უწყება არის იმ სახელმწიფოს უწყება, რომელიც ერთდროულად ამ ოქმისა და მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების წევრია, ოქმის დებულებები არ იმოქმედებს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც აგრეთვე ერთდროულად ამ ოქმისა და მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების წევრია.

(2) ამ ოქმის ძალაში შესვლიდან ათი წლის ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუადრეს ხუთწლიანი ვადის გასვლისა იმ თარიღიდან, როცა მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების წევრი ქვეყნების უმრავლესობა გახდება ოქმის წევრი, ასამბლეას შეუძლია სამი-მეოთხედი ხმის უმრავლესობით გააუქმოს (1) პუნქტი ან შეზღუდოს (1) პუნქტის ფარგლები. ასამბლეის კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ერთდროულად ხსენებული შეთანხმებისა და ამ ოქმის წევრები არიან.

    მუხლი 10. ასამბლეა

(1) (a) მონაწილე მხარეები იმავე ასამბლეის წევრებს წარმოადგენენ, რომელსაც მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების მონაწილე ქვეყნები.

(b) თითოეული მონაწილე მხარე ასამბლეაში წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება თან ახლდნენ მოადგილეები, მრჩევლები და ექსპერტები.

(c) დელეგაციის ხარჯებს გაიღებს მონაწილე მხარე, რომელმაც გამოყო ეს დელეგაცია,  ყოველი მონაწილე მხარის ერთი დელეგატის მგზავრობისა და დღიური ხარჯებისა გარდა, რომელსაც გაიღებს კავშირის ფონდი.

(2) მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმებით გათვალისწინებული ფუნქციების გარდა ასამბლეა:

(i) აწარმოებს ყველა საქმიანობას, რაც დაკავშირებულია ამ ოქმის განხორციელებასთან;

(ii) ოქმის არამონაწილე და კავშირის წევრი ქვეყნების შენიშვნების სათანადო გათვალისწინებით საერთაშორისო ბიუროს აძლევს მითითებებს ოქმის გადასინჯვის მიზნით კონფერენციების მოსაწყობად;

(iii) იღებს და შეაქვს ცვლილებები ოქმის განხორციელებასთან დაკავშირებულ ინსტრუქციაში;

(iv) ასრულებს ფუნქციებს, რომლებიც მას ევალება ამ ოქმით.

(3)(a) ყოველ მონაწილე მხარეს აქვს ერთი ხმა ასამბლეაში. მხოლოდ მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების მონაწილე ქვეყნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას მონაწილე მხარეებს, რომლებიც არ არიან ხსენებული შეთანხმების მონაწილეები, არ აქვთ კენჭისყრის უფლება, მაშინ, როცა მონაწილე მხარეებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას მხოლოდ ამ უკანასკნელთ აქვთ კენჭისყრის უფლება.

(b) ასამბლეის იმ წევრთა ერთი მეორედი, რომლებსაც აქვთ მოცემულ საკითებზე კენჭისყრის უფლება, შეადგენს ამ კენჭისყრის კვორუმს.

(c) თუ რომელიმე სესიაზე დამსწრე ასამბლეის იმ წევრთა რიცხვი, რომლებსაც მოცემულ საკითხზე კენჭისყრის უფლება გააჩნიათ, ნაკლებია ერთ მეორედზე, მაგრამ ტოლია ან მეტია ასამბლეის იმ წევრთა მესამედზე, რომლებსაც ამ საკითხზე კენჭისყრის უფლება გააჩნიათ, მიუხედავად (b) ქვეპუნქტის დებულებებისა, ასამბლეას შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება, გარდა გადაწყვეტილებებისა, რომლებიც დაკავშირებულია მის საკუთარ პროცედურასთან, მაგრამ ყველა ასეთი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ იმ პირობების შესრულებისას, რომლებზეც ლაპარაკია შემდგომში. საერთაშორისო ბიურო ხსენებულ გადაწყვეტილებებს უგზავნის ასამბლეის იმ წევრებს, რომლებსაც ხსენებულ საკითხზე კენჭისყრის უფლება გაჩნიათ და რომლებიც არ იყვნენ წარმოდგენილნი სესიაზე, და სთავაზობს მათ შეტყობინების მათთვის გაგზავნის თარიღიდან სამი თვის ვადაში წერილობით გამოხატონ, ეთანხმებიან გადაწყვეტილებას, ეწინააღმდეგებიან თუ თავს იკავებენ მისგან. თუ ამ ვადის გასვლამდე ისეთი წევრების რიცხვი, რომლებმაც ამ სახით მისცეს ან არ მისცეს ხმა, ან თავი შეიკავეს, არ იქნება ნაკლები წევრთა იმ რიცხვზე, რომელიც დააკლდა კვორუმს სესიაზე, ასეთი გადაწყვეტილება შედის ძალაში იმ პირობით, თუ ამავე დროს საჭირო უმრავლესობა მიღწეულია.

(d) ასამბლეის გადაწყვეტილებების მისაღებად 5(2) (e), 9 sexies (2), (12) და 13(2) მუხლების დებულებების გათვალისწინებით საჭიროა მიცემულ ხმათა ორი მესამედის უმრავლესობა.

(e) მხედველობაში არ მიიღება მათი ხმები, ვინც თავი შეიკავა.

(f) დელეგატს შეუძლია წარმოადგინოს და ხმა მისცეს ასამბლეის მხოლოდ ერთი წევრის სახელით.

(4) მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმებით გათვალისწინებული რიგით და რიგგარეშე სესიების შეკრების გარდა, ასამბლეა შეიძლება შეიკრიბოს რიგგარეშე სესიაზე გენერალური დირექტორის მოწვევით ასამბლეის იმ წევრთა ერთი მეოთხედის მოთხოვნით, რომლებსაც სესიის დღის წესრიგში შესატანად გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრის უფლება გააჩნიათ. ასეთი რიგგარეშე სესიის დღის წესრიგი მზადდება გენერალური დირექტორის მიერ.

    მუხლი 11. საერთაშორისო ბიურო

(1) საერთაშორისო რეგისტრაციას და მასთან დაკავშირებულ ფუნქციებს, ისევე როგორც ყველა სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს, რომლებიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია ამ ოქმთან, ახორციელებს საერთაშორისო ბიურო.

(2) (a) საერთაშორისო ბიურო ასამბლეის მითითებით ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს ამ ოქმის გადასინჯვის მიზნით კონფერენციის მოსაწყობად.

(b) საერთაშორისო ბიუროს, ოქმის გადასინჯვის მიზნით ჩასატარებელი კონფერენციის მომზადებასთან დაკავშირებით, შეუძლია კონსულტაცია გაიაროს მთავრობათაშორისო და არასამთავრობათშორისო საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

(c) გენერალური დირექტორი და მის მიერ დანიშნული პირები ხმის უფლების გარეშე იღებენ მონაწილეობას ასეთ კონფერენციებზე საკითხების განხილვაში.

(3) საერთაშორისო ბიურო ასრულებს ამ ოქმთან დაკავშირებულ მასზე დაკისრებულ ყველა სხვა ფუნქციას.

    მუხლი 12. ფინანსები

როდესაც საქმე მონაწილე მხარეს ეხება, კავშირის ფინანსების მართვა ხდება იმავე დებულებებით, რომლებიც შედის მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების მე-12 მუხლში იმ პირობით, რომ ხსენებული შეთანხმების მე-8 მუხლზე მითითების ნაცვლად უნდა ვიგულისხმოთ მითითება ამ ოქმის მე-8 მუხლზე. გარდა ამისა, ხსენებული შეთანხმების 12(6)(b) მუხლის დებულებებისათვის, თუ ასამბლეა ერთხმად არ მიიღებს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, მონაწილე ორგანიზაცია განიხილება როგორც სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის შესაბამისად გადასახადების პირველ (1) კლასს მიკუთვნებული პირი.

    მუხლი 13. ოქმის ზოგიერთი მუხლის შესწორებები

(1) წინადადებები, რომლებიც დაკავშირებულია მე-10, მე-11, მე-12 მუხლებთან და ამ მუხლში შესწორებების შეტანასთან, შეიძლება შეთავაზებულ იქნეს ნებისმიერი მონაწილე მხარის ან გენერალური დირექტორის მიერ. ეს წინადადებები მონაწილე მხარეებს ეგზავნებათ გენერალური დირექტორის მიერ ასამბლეაზე განხილვამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე.

(2) იმ მუხლებში შესატანი ცვლილებების მიღება, რომლებიც მითითებულია (1) პუნქტში, ხდება ასამბლეის მიერ, რისთვისაც მოითხოვება მიცემულ ხმათა სამი მეოთხედი, ამასთან, მე-10 მუხლსა და ამ პუნქტში შესწორებების შესატანად მოითხოვება მიცემულ ხმათა ოთხი მეხუთედი.

(3) ნებისმიერი შესწორება, რომელიც ეხება (1) პუნქტში მითითებულ მუხლებს, ძალაში შედის ერთი თვის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც გენერალური დირექტორის მიერ იმ სახელმწიფოებისა და მთავრობათაშორისო ორგანიზაციების სამი მეოთხედისაგან, რომლებიც შესწორებების მიღების მომენტისათვის ასამბლეის წევრები იყვნენ და გააჩნდათ შესწორებაზე კენჭისყრის უფლება, მიღებულ იქნება წერილობითი შეტყობინება მათი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად აღნიშნული შესწორებების მოწონების შესახებ. ხსენებული მუხლების მიმართ ამ წესით მიღებული ნებისმიერი შესწორება სავალდებულოა ყველა იმ სახელმწიფოსა და მთავრობათაშორისო ორგანიზაციისთვის, რომლებიც არიან ასამბლეის წევრები შესწორების ძალაში შესვლის მომენტისათვის ან ამის შემდეგ გახდებიან მისი წევრები.

    მუხლი 14. ოქმში მონაწილეობა; ძალაში შესვლა

(1)(a) სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენციის მონაწილე ნებისმიერი სახელმწიფო შეიძლება გახდეს ამ ოქმის მონაწილე.

(b) გარდა ამისა, ნებისმიერი მთავრობათშორისი ორგანიზაცია შეიძლება აგრეთვე გახდეს ამ ოქმის მონაწილე, თუ სრულდება შემდეგი პირობები:

(i) ამ ორგანიზაციის წევრი სულ მცირე ერთი სახელმწიფო მაინც არის სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენციის მონაწილე;

(ii) ამ ორგანიზაციას გააჩნია ორგანიზაციის ტერიტორიაზე მოქმედი ნიშნების სარეგისტრაციო რეგიონალური უწყება იმ პირობით, რომ ეს უწყება არ წარმოადგენს 9 quarter მუხლის საფუძველზე შეტყობინების საგანს.

(2) ნებისმიერ, (1) პუნქტში მითითებულ სახელმწიფოს ან ორგანიზაციას შეუძლია ხელი მოაწეროს ამ ოქმს. ყოველ ასეთ სახელმწიფოს ან ორგანიზაციას შეუძლია, თუკი მან ხელი მოაწერა ამ ოქმს, შესანახად წარადგინოს ამ ოქმის რატიფიცირების, მისი მიღების ან მოწონების შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო თუ მან  არ მოაწერა ხელი, შეუძილა წარადგინოს ამ ოქმთან მიერთების დოკუმენტი.

(30 დოკუმენტები, რომლებიც მითითებულია (2) პუნქტში, შესანახად გენერალურ დირექტორს უნდა ჩაბარდეს.

(4)(a) ეს ოქმი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც ამ ოქმის რატიფიცირების, მისი მიღების, მოწონების ან მასთან მიერთების შესახებ ოთხი დოკუმენტი ჩაბარდა შესანახად იმ პირობით, რომ ამ ოთხი დოკუმენტიდან ერთი მაინც ჩაბარდა მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების მონაწილე ქვეყნის მიერ და დანარჩენიდან ერთი მაინც ჩაბარდა იმ ქვეყნის მიერ, რომელიც არ არის მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების წევრი, ან (1)(b) პუნქტში მითითებული ორგანიზაციის მიერ.

(b) ნებისმიერი სხვა იმ სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიმართ, რომლებზეც მითითებულია (1) პუნქტში ეს ოქმი შედის ძალაში მათ მიერ ოქმის რატიფიცირების, მისი მიღების, მოწონების ან მასთან მიერთების შესახებ გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების გამოგზავნის დღიდან სამი თვის შემდეგ.

(5) ნებისმიერ სახელმწიფოს ან ორგანიზაციას, რომლებზეც მითითებულია (1) პუნქტში, შეუძლია ამ ოქმის რატიფიცირების, მისი მიღების, მოწონების ან მასთან მიერთების შესახებ დოკუმენტის ჩაბარებასთან ერთად განაცხადოს, რომ ამ ოქმის საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი დაცვა, რომელიც განხორციელდა სმ სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიმართ, ოქმის ძალაში შესვლამდე არ შეიძლება გავრცელებულ იქნეს მათზე.

    მუხლი 15. დენონსაცია

(1) ამ ოქმის მოქმედების ვადა დროში შეუზღუდავია.

(2) ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია მოახდინოს ამ ოქმის დენონსაცია გენერალური დირექტორისთვის შეტყობინების გაგზავნით.

(3) დენონსაცია ძალაში შედის გენერალური დირექტორის შეტყობინების დღიდან ერთი წლის შემდეგ.

(4) არცერთი მონაწილე მხარის მიერ არ შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლება ამ მონაწილე მხარის მიმართ ოქმის ძალაში შესვლის თარიღიდან ხუთი წლის გასვლამდე.

(5) (a) თუ ნიშანი წარმოადგენს საერთაშორისო რეგისტრაციის საგანს, რომელიც დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღისათვის მოქმედებაშია იმ სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიმართ, რომელმაც მოახდინა დენონსაცია, ასეთი რეგისტრაციის მფლობელს შეუძლია ამ სახელმწიფოს და ორგანიზაციის უწყებაში იმავე ნიშანზე შეიტანოს განაცხადი, რომელიც მიჩნეული იქნება როგორც შეტანილი საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღით 3(4) მუხლის შესაბამისად ან ტერიტორიული გაფართოების შესახებ ჩანაწერის გაკეთების თარიღით 3 ter (2) მუხლის შესაბამისად და, თუ საერთაშორისო განაცხადი სარგებლობდა პრიორიტეტით, ისარგებლებს იმავე პრიორიტეტით, იმ პირობით, რომ:

(i) ასეთი განაცხადი შეტანილი იქნება დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღიდან ორი წლის ვადაში;

(ii) განაცხადში ჩამოთვლილი საქონელი და მომსახურება ფაქტობრივად იფარება საერთაშორისო რეგისტრაციაში იმ სახელმწიფოსა და ორგანიზაციის მიმართ მითითებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვლით, რომელმაც მოახდინა დენონსაცია; და

(iii) ასეთი განაცხადი შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას, საფასურისადმი მოთხოვნის ჩათვლით.

(b) ამ მუხლის (a) ქვეპუნქტის დებულებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე ნებისმიერი ნიშნის მიმართ, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო რეგისტრაციის საგანს, რომელიც დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღისათვის მოქმედებაშია დენონსაციის განმცხადებელი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციებისგან განსხვავებული მონაწილე მხარეების მიმართ და მათი მფლობელების დენონსაციის გამო არიან უფლებამოსილნი 2(1) მუხლის შესაბამისად შეიტანონ საერთაშორისო განაცხადი.

    მუხლი 16. ხელმოწერა; ენები; დეპოზიტარის ფუნქციები

(1) (a) ოქმზე ხელის მოწერა ხდება ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე დაწერილი ამ ოქმის თითო ეგზემპლარზე და შესანახად წარედგინება გენერალურ დირექტორს მას შემდეგ, რაც მადრიდში მასზე ხელის მოწერა შეწყდება. ტექსტი სამივე ენაზე ერთნაირად ავთენტიკური უნდა იყოს.

(b) ამ ოქმის ოფიციალური ტექსტების დადგენა ხდება გენერალური დირექტორის მიერ დაინტერესებულ მთავრობებთან და ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ არაბულ, გერმანულ, იაპონურ, იტალიურ, პორტუგალიურ, რუსულ და ჩინურ ენებზე და იმ სხვა ენებზე, რომლებსაც განსაზღვრავს ასამბლეა.

(2) ეს ოქმი ღიაა ხელმოსაწერად მადრიდში 1989 წლის 31 დეკემბრამდე.

(3) ესპანეთის მთავრობის მიერ დამოწმებული ამ ოქმის ხელმოწერილი ტექსტის ორ ეგზემპლარს გენერალური დირექტორი უგზავნის ყველა იმ სახელმწიფოსა და მთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელიც შეიძლება გახდეს ამ ოქმის მონაწილე.

(4) გენერალური დირექტორი ამ ოქმს არეგისტრირებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში.

(5) ყველა იმ სახელმწიფოსა და მთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც შეიძლება გახდნენ ან არიან ამ ოქმის მონაწილეები, გენერალური დირექტორი აცნობებს ხელმოწერების, ოქმის რატიფიცირების, მისი მიღების, მოწონების ან მასთან მიერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარების, ამ ოქმის ძალაში შესვლის და მასში ნებისმიერი ცვლილებების შესახებ, აგრეთვე დენონსაციისა და ამ ოქმით გათვალისწინებული ყველა განცხადების შეტყობინების შესახებ.