საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 236
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110616013, 16/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.016396
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/06/2011 - 20/09/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 23 6

2011 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახე

მუხლი 1. საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით :

კომისიის თავმჯდომარე საქართველოს ფინანსთა მინისტრი

კომისიის წევრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

კომისიის წევრი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

კომისიის წევრი –     საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

კომისიის წევრი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი

კომისიის წევრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

კომისიის წევრი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე)

კომისიის წევრი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი

კომისიის წევრი სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

კომისიის წევრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი

კომისიის წევრი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი მოადგილე (სახაზინო სამსახურის შიდა ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების დეპარტამენტის კურატორი)

კომისიის წევრი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

კომისიის წევრი საქართველოს პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

2. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის თანდართული დებულება.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ- მინისტრი          ნ. გილაური

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების   რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 1. ეს დებულება შემუშავებულია „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

 2. კომისია არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია).

 3. კომისია თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს – „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით/განკარგულებებით, კომისიის გადაწყვეტილებებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში, თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილებები

1. კომისია უფლებამოსილია განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს წინადადება:

 ა) ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ;

 ბ) საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ, საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში;

გ) საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ, საწარმოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

დ) სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ;

ე) ცალკეული სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობით ან სრულად პატიების შესახებ;

ვ) ცალკეული სასესხო დავალიანების დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.

2. კომისია უფლებამოსილია განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება:

 ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის შესახებ;

ბ) ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ;

 გ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის შესახებ (თუ საწარმომ, ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში წინასწარ (ვადამდე) სრულად დაფარა რესტრუქტურიზებული თანხა ამ პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად);

 დ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით შესაბამის ხელშეკრულებასა ან/და რესტრუქტურიზებული დავალიანების დაფარვის გრაფიკში სათანადო ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ საწარმომ ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში წინასწარ (ვადამდე) დაფარა რესტრუქტურიზებული თანხის ნაწილი ამ პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად), მათ შორის:

 დ.ა) გადახდის ვადის შემცირების თაობაზე;

 დ.ბ) თანხის შემცირების თაობაზე;

 ე) ცალკეული სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების შესახებ;

 ვ) ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების ოდენობის დაზუსტების შესახებ, ამ დავალიანების საწარმოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის გათვალისწინებით.

 3. კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ.

    მუხლი 3. კომისიის მუშაობის რეგლამენტი

1. კომისია თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე.

2. კომისიის სხდომას საჭიროების მიხედვით იწვევს კომისიის თავმჯდომარე.

3. კომისიის სხდომის მომზადებას, გამართვასა და სხვა ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფასა და კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) შიდა ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).

4. დეპარტამენტი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, კომისიის თავმჯდომარის მიერ სხდომის გამართვის თარიღისა და კომისიის სხდომის სავარაუდო დღის წესრიგის განსაზღვრის მიზნით.

5. სავარაუდო დღის წესრიგი, სათანადო ინფორმაციასა და შესაბამის მასალებთან ერთად, სხდომის თარიღამდე არა უგვიანეს ორი დღისა, წარედგინება კომისიის წევრებს.

6. სავარაუდო დღის წესრიგში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილება, რაც გულისხმობს საკითხის განსახილველად დამატებას, განსახილველი საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას და/ან გადადებას კომისიის სხვა სხდომაზე განსახილველად.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებულ საკითხთან დაკავშირებული მასალები კომისიის წევრებს გადაეცემათ უშუალოდ სხდომაზე.

8. კომისიის სხდომაზე მტკიცდება დღის წესრიგი სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.

9. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

10. კომისიის სხდომაზე კომისიის წევრის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის სხდომაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს კომისიის წევრის (გარდა პარლამენტის წევრისა) მიერ განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირმა ან კომისიის წევრის უფლებამოსილების განმახორციელებელმა პირმა. ამ შემთხვევაში, კომისიის სხდომაზე წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. უფლებამოსილი და უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი სარგებლობს ყველა იმ უფლებამოსილებით, რაც გათვალისწინებულია კომისიის წევრისათვის.

 11. კომისიას უფლება აქვს საკითხის შესწავლისას მიიწვიოს საწარმოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

12. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.

13. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა, ხოლო ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

14. კომისიის სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელშიც ასევე აისახება კომისიის გადაწყვეტილება.

15. კომისიის სხდომაში მონაწილე კომისიის წევრს უფლება აქვს გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს განსხვავებული აზრი, რაც გადმოიცემა წერილობითი ფორმით. კომისიის წევრის წერილობით ჩამოყალიბებული განსხვავებული აზრი დაერთვის კომისიის სხდომის ოქმს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

16. კომისიის სხდომას ესწრება და სხდომის ოქმს ადგენს დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი.

17. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრები (უფლებამოსილი პირები).

18 კომისიის გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის.

    მუხლი 4. საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის განხილვის მიზნით წარსადგენი დოკუმენტები

 1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესასწავლად საწარმომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 ა) საწარმოს ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა;

 ბ) პარტნიორთა/აქციონერთა კრების, უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილება ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ;

 გ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის განხორციელების თაობაზე იმ კრედიტორთა თანხმობა, რომელთა მოთხოვნა შეადგენს კრედიტორთა (სახელმწიფოს გარდა) მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს;

 დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობა შესაბამისი ბიუჯეტის მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ. თუ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის ბიუჯეტ(ებ)ის მიმართ საწარმოზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება არ აღემატება ამ ბიუჯეტ(ებ)ის საკუთარი შემოსულობების 5 პროცენტს, აღნიშნულ თანხმობას გასცემს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო, ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში კი – ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;

 ე) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის გეგმა;

 ვ) წინადადებები ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების გაყინვის ან/და გადავადების პირობებისა და ვადების შესახებ;

 ზ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს/ორგანოების მიერ გაცემული ინფორმაცია ან შედარების აქტი საგადასახადო დავალიანების (გადასახადების ცალკეული სახეების, ჯარიმებისა და საურავების მიხედვით) შესახებ;

 თ) დებიტორებისა და კრედიტორების სია (თანხების მითითებით), დამოწმებული საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ;

 ი) უძრავი ქონების ჩამონათვალი და ამ ქონების ღირებულების შესახებ აუდიტორული დასკვნა;

 კ) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებული გასული და მიმდინარე წლის (შესაბამისი პერიოდის) საბუღალტრო ბალანსები;

 ლ) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებული დოკუმენტი გადახდისუუნარობის განმაპირობებელი მიზეზების აღწერის შესახებ.

 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას, რომელიც ორი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის თაობაზე.

 3. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს არ ევალება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენა.

    მუხლი 5. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის განხილვის მიზნით წარსადგენი დოკუმენტები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით, კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტები და მათი წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 6. სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, ოდენობის დაზუსტების, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის განხილვის მიზნით წარსადგენი დოკუმენტები

1. სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის საკითხის შესასწავლად საწარმომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს:

ა) წერილობითი მიმართვა (განცხადება);

ბ) იმ პირობების (მიზეზების) აღწერა, რომელთა გამოც საწარმო ითხოვს სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებასა და ჩამოწერას;

გ) დოკუმენტები სესხის გაცემის საფუძვლის, სესხის ოდენობის, განხორციელებული გადახდებისა და სასესხო დავალიანების ოდენობის თაობაზე;

დ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოღების ან/და ლიკვიდაციის ფაქტს.

2. სასესხო დავალიანების ოდენობის დაზუსტების ან/და პატიების საკითხის შესასწავლად საწარმომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს:

ა) წერილობითი მიმართვა (განცხადება);

ბ) იმ პირობების (მიზეზების) აღწერა, რომლებიც წარმოეშვა საწარმოს, და რამაც გამოიწვია დავალიანების ოდენობის დაზუსტების ან პატიების საკითხის განხილვის მოთხოვნა სათანადო დასაბუთებით, დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად;

გ) დოკუმენტები სესხის გაცემის საფუძვლის, სესხის ოდენობის, განხორციელებული გადახდებისა და სასესხო დავალიანების ოდენობის შესახებ.

3. სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის შესასწავლად საწარმომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს:

ა) წერილობითი მიმართვა (განცხადება);

ბ) იმ პირობების (მიზეზების) აღწერა, რომელთა გამოც საწარმო ითხოვს სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრებას ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობას;

 გ) დოკუმენტები სესხის გაცემის საფუძვლის, სესხის ოდენობის, განხორციელებული გადახდებისა და სასესხო დავალიანების ოდენობის თაობაზე;

დ) სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობისა და მესამე პირის მიერ გადახდის შესაძლებლობის დასაბუთება და მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი ან მესამე პირსა და მოვალეს შორის დადებული სათანადო ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას, რომელიც ორი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, ან/და ოდენობის დაზუსტების, ან/და პატიების, ან/და მესამე პირზე გადაკისრების ან/და მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობის შესახებ.

    მუხლი 7. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების გრაფიკში ცვლილების მოთხოვნისას წარსადგენი დოკუმენტები

 ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების გრაფიკში ცვლილების მოთხოვნისას, მიმართვის წერილთან ერთად, საწარმომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს:

ა) საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე მოქმედი ხელშეკრულებისა და გრაფიკის ასლები;

ბ) არსებული გრაფიკის მიხედვით გადახდის განუხორციელებლობის განმაპირობებელი მიზეზების აღწერა;

გ) წინადადებები არსებულ ხელშეკრულების გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ.

    მუხლი 8. კომისიის სხდომისათვის მასალების მომზადება

1. საწარმოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი საწარმოს წერილობითი მიმართვა (განცხადება), თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, განსახილველად გადაეცემა, შესაბამისად, შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ორგანოს:

ა) საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციასთან ან/და შიდა საკრედიტო რესურსებიდან გაცემულ სესხებთან დაკავშირებული – სახაზინო სამსახურს;

ბ) საგარეო საკრედიტო რესურსებიდან გაცემულ სესხებთან დაკავშირებული – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს.

2. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/ორგანო შეისწავლის წარდგენილ დოკუმენტაციას და თუ წარდგენილი არ არის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრული პაკეტი, აღნიშნულის შესახებ მიმართვიდან (საქართველოს ფინანსთა სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი) არა უგვიანეს 14 კალენდარული დღისა, აცნობებს საწარმოს.

 3. დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად საწარმოს უწესდება ვადა არა უმეტეს 20 კალენდარული დღისა, რომელიც გამოითვლება შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშაო დღიდან.

 4. თუ საწარმო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართვიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ვერ უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენას (ან არ არის საწარმოს წერილობითი მოთხოვნა ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში საქმის კომისიისათვის გადაცემის შესახებ), საწარმოს წერილობით ეცნობება საკითხის განუხილველად დატოვების თაობაზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არა უმეტეს 7 კალენდარული დღისა.

 5. საკითხის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, საწარმოს უფლება აქვს იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ დებულებით დადგენილი წესით და წარუდგინოს შესაბამისი განახლებული დოკუმენტაცია.

 6. ამ დებულების მე-4, მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში დანარჩენი დოკუმენტების) მიღებიდან არა უგვიანეს 14 კალენდარული დღისა, კომისიისათვის წარსადგენი ინფორმაცია (დოკუმენტაცია) გადაეცემა დეპარტამენტს.

7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით, კომისიის სხდომისათვის მასალების მომზადება და წარდგენა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

    მუხლი 9. კომისიისათვის წარსადგენი ინფორმაცია

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) საწარმოს შესახებ ზოგად მონაცემებს;

ბ) საწარმოს მოთხოვნას (წინადადებებს) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობების შესახებ;

გ) მონაცემებს საგადასახადო დავალიანებების ოდენობისა და სტრუქტურის თაობაზე;

დ) ზოგად მითითებას საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის თაობაზე;

ე) საწარმოს მიერ წარდგენილი საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობისა და გადახდისუუნარობის განმაპირობებელი მიზეზების აღწერას;

ვ) იმ ღონისძიებების აღწერას, რომელთა განხორციელებას გეგმავს საწარმო რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების დაფარვისა და საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, ასევე საწარმოს პროგნოზს მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

 2. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) საწარმოს შესახებ ზოგად მონაცემებს;

ბ) საწარმოს მოთხოვნას (წინადადებებს) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობების შესახებ;

გ) მონაცემებს სასესხო დავალიანების ოდენობისა და სტრუქტურის შესახებ;

დ) ზოგად მითითებას საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე;

ე) სესხის გაცემასთან, სარგებლობასა და დაბრუნებასთან დაკავშირებულ ზოგად ინფორმაციას;

ვ) საწარმოს მიერ წარდგენილი საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობისა და გადახდისუუნარობის განმაპირობებელი მიზეზების აღწერას;

ზ) იმ ღონისძიებების აღწერას, რომელთა განხორციელებას გეგმავს საწარმო რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვისა და საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, ასევე საწარმოს პროგნოზს მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

 3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით, კომისიის სხდომისათვის ინფორმაციის მომზადება და წარდგენა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

 4. სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარების, ჩამოწერის, ოდენობის დაზუსტების, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრებისა ან/და სხვა იურიდიული პირისათვის მოთხოვნის უფლების გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მომზადებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) საწარმოს შესახებ ზოგად მონაცემებს;

ბ) სესხის გაცემასთან, სარგებლობასა და დაბრუნებასთან დაკავშირებულ ზოგად ინფორმაციას;

 გ) მონაცემებს სესხის უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) მონაცემებს სასესხო დავალიანების ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 ე) გარდა ზემოაღნიშნულისა:

 ე.ა) დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნისას – მითითებას საწარმოს მიერ სასესხო დავალიანების გადახდის შეუძლებლობის განმაპირობებელი მიზეზების შესახებ;

 ე.ბ) დავალიანების ოდენობის დაზუსტების ან/და პატიების საკითხის განხილვისას – მითითებას მიზეზების შესახებ, რამაც განაპირობა დავალიანების ოდენობის დაზუსტების ან პატიების საკითხის განხილვის მოთხოვნა, საწარმოს მიერ წარდგენილი დასაბუთებით;

 ე.გ) დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და სხვა იურიდიული პირისათვის მოთხოვნის დათმობის საკითხის განხილვისას – მესამე პირისათვის მოთხოვნის დათმობის ან/და ვალის გადაკისრების მიზანშეწონილობის საწარმოს მიერ დასაბუთებას.

5. საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულებების გრაფიკში ცვლილების შესატანად კომისიისათვის წარსადგენი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) საწარმოს დასახელებას;

ბ) საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საფუძველს;

გ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღს, რესტრუქტურიზებული დავალიანების ოდენობას და რესტრუქტურიზაციის პირობებს;

დ) მონაცემებს ვალდებულების უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადახდის ვალდებულების შესასრულებლად საწარმოს მიერ განხორციელებულ გადახდებს;

ვ) არსებული ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით გადახდის განუხორციელებლობის მიზეზებს და საწარმოს მიერ წარდგენილ წინადადებებს ხელშეკრულების გრაფიკში ცვლილების შეტანის თაობაზე.

6. კომისიისათვის წარსადგენი ინფორმაცია არ უნდა აღემატებოდეს 3-4 გვერდს (დანართების გარეშე) და იგი მზადდება საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.

7. ინფორმაციაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის მომამზადებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ორგანოს დასახელება და ინფორმაციის მომზადების თარიღი.

    მუხლი 10. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

1. კომისია პერიოდულად განიხილავს საკითხს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოების მიერ საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების შესახებ.

2. კომისიის სხდომაზე საკითხები განსახილველად გამოაქვს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ორგანოს/უწყებას.

3. თუ განსახილველად წარდგენილი დოკუმენტების შინაარსობრივი მხარე არ იძლევა საკმარის საფუძველს გადაწყვეტილების მისაღებად, კომისია უფლებამოსილია გადადოს საკითხის განხილვა და დაავალოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ორგანოს საკითხის დამატებით შესწავლა (მათ შორის, დაინტერესებული მხარის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით) და განუსაზღვროს ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე მეტი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.

4. კომისიის სხდომის გამართვიდან ერთი თვის ვადაში დეპარტამენტი, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან/ორგანოსთან ერთად, უზრუნველყოფს სხდომის მიმდინარეობისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ კომისიის სხდომის ოქმის ხელმოწერას ამ დებულების მე-3 მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად.

5. კომისიის მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის თაობაზე ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების გრაფიკში ცვლილების შეტანის, ასევე სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომისიის სხდომის გამართვიდან ერთი თვის ვადაში:

ა) საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები, ვადები, მათი დაფარვის გრაფიკი და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;

ბ) შესაბამის მხარეებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.

 6. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის განხილვისას:

 ა) კომისიის დადებითი დასკვნა წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრს, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოსაცემად;

 ბ) კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მასალები უბრუნდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს.

7. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, საწარმოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის, ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების გრაფიკში ცვლილების შეტანის, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის თაობაზე კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში 14 კალენდარული დღის ვადაში შესაბამისი დასკვნა ეგზავნება საწარმოს (დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებს ან/და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს უარი ეთქვა დასმულ საკითხზე).

 8. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტისას ინფორმაცია ეგზავნება შესაბამისად შემოსავლების სამსახურს ან/და საწარმოს.

    მუხლი 11. საქართველოს მთავრობისათვის მასალების წარმოდგენა

კომისიის მიერ ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დეპარტამენტი შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან/ორგანოსთან ერთად უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი მასალების (საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის) მომზადებას და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენას, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.