„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 05/06/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 22/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 450.040.000.05.001.001.081
  • Word
1462
18/05/2002
სსმ, 16, 05/06/2002
450.040.000.05.001.001.081
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33(40), 1999 წელი, მუხ. 167) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.     ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურის უძრავ და მოძრავ ძეგლებზე, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, ისტორიულ დასახლებებში განთავსებულ ურბანისტულ ძეგლებზე, ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებზე, აგრეთვე ურბანისტული ძეგლებისა და უძრავი ძეგლების დამცავ ზონებზე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3.   კანონში გამოყენებული ტერმინები

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანტიკვარული ნივთი – ასი და მეტი წლის წინათ შექმნილი, კულტუროლოგიური თვალსაზრისით ღირებული საგანი;

ბ) არქეოლოგიური ძეგლი – არქეოლოგიური ნაშთი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი:

ბ.ა) არქეოლოგიური ზონა – არქეოლოგიური დაზვერვის ან გათხრების შედეგად დასაბუთებულად განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც შეიცავს მოძრავი ან უძრავი ძეგლის ნაშთებს ან რომლის ფარგლებშიც მოსალოდნელია ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების აღმოჩენა;

ბ.ბ) არქეოლოგიური სამუშაოები – ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადამიანის საქმიანობით შექმნილი სტრუქტურების მიწასა თუ წყალში გამოსავლენად და შესასწავლად; არქეოლოგიური ძეგლის მოკვლევის, გათხრის, რესტავრაცია-კონსერვაციისა და მეცნიერული შესწავლის სრული ციკლი, შესწავლილი მასალის პუბლიკაციის ჩათვლით;

ბ.გ) არქეოლოგიური დაზვერვა – ძეგლის არსებობის, მისი სტრატიგრაფიისა და ქრონოლოგიის ვიზუალურად ან სასინჯი თხრილებით განსაზღვრა;

ბ.დ) არქეოლოგიური გათხრები – არქეოლოგიური ძეგლის გამოვლენის მიზნით ჩატარებული მიწის ან წყალქვეშა სამუშაოები, რომელთა მიზანია მატერიალური ნაშთების მოკვლევა, ადგილზე ფიქსაცია, აღწერა, ლაბორატორიებსა და საცავებში გადატანა, დამუშავება-გაანალიზება და შესაბამისი სამეცნიერო-დოკუმენტური ანგარიშის მომზადება;

გ)  განაშენიანების რეგულირების ზონა – ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცით-კომპოზიციური სტრუქტურის, განაშენიანებაში არსებულ ძეგლთა მნიშვნელობის განმტკიცებისა და ახალმშენებლობათა ისტორიულ გარემოსთან შერწყმის მოთხოვნები;

დ) დამცავი ზონების სისტემა – დადგენილი წესით დამტკიცებული ტერიტორიების სისტემა, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა დაიცვას უძრავი ძეგლი, უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი და კულტურული ფენა არასასურველი ზეგავლენისაგან;

ე) ისტორიული დასახლება – ისტორიული ქალაქი, დაბა, სოფელი ან მათი ნაწილები, რომელთა ტერიტორიაზეც განთავსებულია ურბანისტული ძეგლები (ანსამბლები, კომპლექსები, კვარტალები, მოედნები, უბნები, ქუჩები, ძველი დაგეგმარებისა და განაშენიანების ნაშთები) და რომელთა ფარგლებშიც მოქმედებს ამ კანონით განსაზღვრული დამცავი ზონების სისტემის მოთხოვნები;

ვ) ისტორიული დასახლების დაცვა – ღონისძიებათა სისტემა, რომელიც აუცილებელია ისტორიული დასახლებისა და მის ტერიტორიაზე განთავსებული ურბანისტული ძეგლის დაცვის, კონსერვაციისა და რესტავრაციისათვის, აგრეთვე მისი უწყვეტი განვითარებისა და თანამედროვე ცხოვრებაში ჰარმონიული ადაპტაციისათვის;

ზ) ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა – მრავალდისციპლინური მიდგომის საფუძველზე შემუშავებული სპეციალური დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ისტორიული დასახლებებისა და მათი ურბანისტული ძეგლების, ისტორიული გარემოს კულტურული ფასეულობის ძირითადი ასპექტების ამსახველ ინფორმაციულ მასალასა და მათი დაცვისათვის აუცილებელი ქალაქმშენებლობითი რეგლამენტაციის საკითხებს;

თ) კულტურული მემკვიდრეობა – კულტურის ის ნაწილი, რომელმაც საზოგადოების განვითარების პროცესში დაიმკვიდრა, შეინარჩუნა ან აღიდგინა ფასეულობის მნიშვნელობა და რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას;

ი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – სამართლებრივ, ინსტიტუციურ, სააღრიცხვო, სამეცნიერო, საპროექტო-საძიებო, ტექნოლოგიურ, პრაქტიკულ, მაკონტროლებელ, საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, მოვლა-პატრონობასა და მომავალი თაობებისათვის გადაცემას;

კ) კულტურის მოძრავი ძეგლი – მატერიალური კულტურის ძეგლი, რომელსაც გადაადგილება არ უცვლის იმ თვისებას, რომლის გამოც მას მიენიჭა მოძრავი ძეგლის სტატუსი, და რომელიც არ წარმოადგენს კულტურის უძრავი ძეგლის განუყოფელ ნაწილს;

ლ) კულტურის უძრავი ძეგლი – მატერიალური კულტურის ძეგლი ან მისი ნაწილი, რომელიც ისტორიულად, ფუნქციურად და კომპოზიციურად შერწყმულია გარემოსთან და რომლის გადაადგილება შეუძლებელია ან დაკავშირებულია რთულ საინჟინრო ღონისძიებებთან და გაუმართლებელია მეცნიერული, ეთიკური და სხვა თვალსაზრისით;

მ) კულტურის უძრავი ძეგლის გადაადგილებული ფრაგმენტი – კულტურის უძრავი ძეგლის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოცალკევებულია კულტურის უძრავი ძეგლისაგან და კანონით აღიარებულია ცალკე უფლების ობიექტად;

ნ) კულტურული ფასეულობა – ისტორიული, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოლოგიური, მემორიალური, რელიგიური, ტექნიკური, ურბანისტული, ესთეტიკური, მხატვრული და სხვა ფასეულობა;

ო) კულტურული ფენა – მიწის შრეები და წყლით დაფარული ტერიტორია (ფსკერი), რომელიც შეიცავს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის კვალს;

პ) უძრავი ძეგლის ლანდშაფტის დაცვის ზონა – ტერიტორია, რომელიც მოიცავს ძეგლის გარშემო ისტორიულად ჩამოყალიბებულ ბუნებრივ და ხელოვნურ გარემოს და რომელიც უზრუნველყოფს ძეგლის ოპტიმალურ ექსპოზიციას;

ჟ) უძრავი ძეგლის დაცვის ზონა – უძრავი ძეგლის უშუალოდ გარემომცველი ტერიტორია, რომლის სტატუსი უზრუნველყოფს უძრავი ძეგლის დაცვას ფიზიკური ზეგავლენისაგან;

რ) უძრავი ძეგლის ტერიტორია – უძრავი ძეგლის მიერ უშუალოდ დაკავებული და მასთან ისტორიულად და ფუნქციურად დაკავშირებული ტერიტორია;

ს) უძრავი ძეგლის გაწმენდა – ძეგლის მცენარეული საფარისაგან, თანამედროვე სამშენებლო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლება მიწის არსებული ზედაპირის მოხსნის გარეშე;

ტ) ურბანისტული ძეგლები – მხატვრულად და ისტორიულად ფასეული ანსამბლები, კომპლექსები, კვარტალები, მოედნები, უბნები, ქუჩები და ძველი დაგეგმარების ნაშთები, აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ურბანისტული ძეგლები;

უ) ძეგლის ადაპტაცია – ძეგლის ისეთი გადაკეთება, რომელიც შეესაბამება მის ახალ გამოყენებას გარე სახის მაქსიმალურად შენარჩუნებით;

ფ) ძეგლის დასაშვები გამოყენება – ძეგლის ისეთი გამოყენება, რომელიც არ იწვევს მის თვისებათა შეუქცევად ცვლილებებს;

ქ) ძეგლის კონსერვაცია – ძეგლის არსებული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

ღ) ძეგლის მოვლა-პატრონობა – ძეგლის მიმართ განხორციელებული ყველა ის ღონისძიება (შენახვა, კონსერვაცია, რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, რეგენერაცია და ადაპტაცია), რომლის მიზანია მისი, როგორც ძეგლის, ყველა იმ ნიშან-თვისების შენარჩუნება და აღდგენა რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი;

ყ) ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი – ახალაღმოჩენილი ან ადრე ცნობილი ობიექტი, რომელზედაც ვრცელდება ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ღონისძიებები;

შ) ძეგლის სახელმწიფო აღრიცხვა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოების მიერ ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;

ჩ) ძეგლის სააღრიცხვო ბარათი – ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის პირველადი დოკუმენტი, რომელშიც მოკლედაა ასახული ძეგლის რაობა, მდებარეობა, მდგომარეობა და სხვა ძირითადი მონაცემები;

ც) ძეგლის პასპორტი – ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის ძირითადი დოკუმენტი, რომელშიც ვრცლადაა ასახული ძეგლის შესახებ არსებული ინფორმაცია;

ძ) ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრი – სახელმწიფოს მიერ წარმოებული ძეგლთა სარეგისტრაციო ნუსხა;

წ)  ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაცია – ძეგლთა აღრიცხვის შემდეგ შედგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც შეიცავს:

წ.ა)    ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიას;

წ.ბ)   ძეგლის სააღრიცხვო ბარათს;

წ.გ)   ძეგლის პასპორტს;

წ.დ)  ძეგლთა სახელმწიფო რეესტრს;

ჭ) ძეგლის რესტავრაცია – ძეგლის დაზიანებული ან დაკარგული ფრაგმენტების მეცნიერული მეთოდებით აღდგენა;

ხ) ძეგლის რეკონსტრუქცია – ძეგლისთვის მეცნიერულად დასაბუთებული, მეტ-ნაკლებად დასრულებული პირვანდელი სახის მიცემა არსებული და ახალი ელემენტების გამოყენებით;

ჯ) ძეგლის სტატუსი – ობიექტის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც იწვევს მასზე ამ კანონის მოქმედების გავრცელებას;

ჰ) ძეგლის შენახვა – ძეგლზე მუდმივი მზრუნველობა მისი მხატვრული ელემენტების, კონსტრუქციების, საინჟინრო ქსელებისა და მოწყობილობების და საექსპლუატაციო რეჟიმის დასაცავად.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8.   საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი:

ა) ავლენს და აღრიცხავს ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებს, გარდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი მოძრავი ძეგლებისა, უზრუნველყოფს მათ ექსპერტიზასა და კლასიფიკაციას;

ბ) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და რეგისტრაციას;

გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად უზრუნველყოფს არქეოლოგიური ზონებისა და უძრავი ძეგლების დამცავი ზონების დადგენა-დამტკიცებას;

დ) იხილავს:

დ.ა) ისტორიული დასახლებების დაგეგმარების, განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის პროექტებს;

დ.ბ) ქალაქის ისტორიული ნაწილის დაცვის ზონაში და რეგულირების ზონის საზღვრებში ცალკეული შენობების რესტავრაციისა და ახალი შენობა-ნაგებობების პროექტებს;

დ.გ) ქალაქის ისტორიულ გარემოში დისონანსის შემტანი შენობა-ნაგებობების ლიკვიდაციისა და მათი ახალი, ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოსთან არქიტექტურულ-მხატვრული ხასიათითა და მასშტაბით შერწყმული შენობა-ნაგებობებით ჩანაცვლების საკითხს კანონით გათვალისწინებულ უწყებებთან ერთად;

დ.დ) ქალაქის ისტორიულ ნაწილში და რეგულირების ზონაში კეთილმოწყობისა და მხატვრული გაფორმების პროექტებს (მცირე ფორმები, საინჟინრო მოწყობილობები, რეკლამები);

დ.ე) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ისტორიული დასახლებების არეალისათვის შემუშავებულ წინადადებებს;

ე) პასუხისმგებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობასა და ამ კანონის დაცვაზე;

ვ) რეკომენდაციას უწევს განსაკუთრებული მნიშვნელობის ურბანისტულ ძეგლებსა და ცალკეულ ობიექტებს მათი ნაკრძალებად გამოცხადებისათვის, აგრეთვე აყენებს განსაკუთრებული ძეგლების ბაზაზე მუზეუმ-ნაკრძალების შექმნის საკითხს;

ზ) ზედამხედველობას უწევს უძრავი ძეგლებისა და მათი დამცავი ზონების გათვალისწინებას მიწის კადასტრისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტაციის შედგენის დროს;

თ) მოითხოვს ძეგლებზე წარმოებული საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების უფლების დამადასტურებელ საბუთს (ლიცენზიას, დეპარტამენტის წერილობით ნებართვას, არქეოლოგიურ დასკვნას და სხვ.);

ი) ქმნის კულტურული მემკვიდრეობის ერთიან საინფორმაციო ბანკს;

კ) ძეგლის შეფასებისა და ძეგლთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გამოყოფს ექსპერტს ან ქმნის საექსპერტო კომისიას;

ლ) დადგენილი წესით შეიმუშავებს და აფინანსებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამებს;

მ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად აჩერებს ყველა სამუშაოს, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კულტურულ მემკვიდრეობას;

ნ) მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის გამოვლენისა და მოძრავი ძეგლის დაცვის მიზნით აკონტროლებს ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობას;

ო) აწყობს სახელმწიფო შესყიდვებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონით დადგენილი სხვა შემოსავლებიდან ძეგლზე სამუშაოების ჩასატარებლად;

პ) მონაწილეობს ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების მიმღებ კომისიაში, მიუხედავად ამ ძეგლის საკუთრების ფორმისა და სამუშაოს შემსრულებლისა;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აყენებს ფიზიკური და იურიდიული პირების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს და სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით აცნობებს კანონის დარღვევის შესახებ; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისათვის საფრთხის შექმნის, დაზიანების ან განადგურებისას მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;

რ) საომარი მოქმედებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე;

ს) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

2. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პროექტებზე, საკითხებსა და წინადადებებზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ დეპარტამენტის დადებითი დასკვნის საფუძველზე.

3. დეპარტამენტთან მოქმედებს სამეცნიერო-მეთოდური საბჭო. საბჭოს შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი.“.

4. მე-11 მუხლის სათაურიდან და პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სამეცნიერო-მეთოდური“.

5. მე-18 მუხლის პირველ პუნქტს სიტყვის „საბჭოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამთავრობო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე“.

6. III კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კარი III. ისტორიული დასახლებებისა და ურბანისტული ძეგლების დაცვა“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

„თავი III1. ისტორიული დასახლების ქალაქმშენებლობითი რეგულირება

    მუხლი 231. ისტორიული დასახლების დაცვა

1. ისტორიული დასახლების დაცვა წარმოადგენს ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს და იგი გათვალისწინებულ უნდა იქნეს რაიონული და ქალაქმშენებლობითი დაგეგმარების ყველა დონეზე. ისტორიული დასახლების სტატუსს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარდგინებით.

2. ისტორიული დასახლების, მისი ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დაცვის მოთხოვნა განაპირობებს ქალაქმშენებლობით-სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობის შეზღუდვას, რაც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ დასახლების ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დაცვისა და შენარჩუნების პირობებში.

3. ისტორიული დასახლების, მისი ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები ადგენენ ქალაქმშენებლობითი რეგულირების განსაკუთრებულ წესს, რომელიც წარმოადგენს ისტორიული დასახლების, მისი ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დაცვის თანამიმდევრულ და ურთიერთდაკავშირებულ ღონისძიებათა სისტემას.

4. ისტორიული დასახლების, მისი ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დაცვასა და ქალაქმშენებლობით განვითარებას შორის წონასწორობის სტრატეგიისა და ურბანისტული ძეგლების დაცვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა ხდება ისტორიული დასახლების გენერალური გეგმით. ამ პრინციპების დეტალიზების, ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დაცვის კონკრეტული ქალაქმშენებლობითი საკითხები წყდება დეტალური დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტით. გენერალური გეგმისა და დეტალური დაგეგმარების პროექტის დონეზე შემუშავებული ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა ეფუძნება დასახლების ისტორიულ-კულტურულ საყრდენ გეგმას.

    მუხლი 232. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა

1. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა უნდა მოიცავდეს:

ა)  ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს, როგორც უმნიშვნელოვანესი ქალაქმაფორმირებელი ელემენტების ისტორიული დასახლების გეგმარებით სტრუქტურაში ლოკალიზების თავისებურების ამსახველ გრაფიკულ და ტექსტურ მასალას;

ბ)  არქიტექტურულ გეგმარებით და სივრცით-კომპოზიციურ ასპექტებს ძირითად ისტორიულ ეტაპებზე;

გ)  არქიტექტურულ-კომპოზიციური დომინანტების ვიზუალურ-სივრცითი კავშირებისა და მათი გავლენის ზონების ანალიტიკურ სქემებს;

დ)     არქეოლოგიური ძეგლებისა და მნიშვნელოვანი კულტურული ფენების საზღვრებს;

ე) ბუნებრივი ლანდშაფტის იმ მნიშვნელოვანი ელემენტების ამსახველ გრაფიკულ მასალას, რომლებიც უზრუნველყოფს დასახლების ისტორიული პანორამისა და ლოკალური ხედების სრულყოფილ აღქმას;

ვ)  იმ მასივების განაშენიანების და ცალკეული შენობა-ნაგებობების დაფიქსირებას, რომლებიც არღვევენ დასახლების ისტორიულად ჩამოყალიბებულ სტრუქტურასა და სივრცობრივ ორგანიზაციას, ზღუდავენ ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს აღქმის პირობებს, საფრთხეს უქმნიან მათ შენარჩუნებას;

ზ) ურბანისტული ძეგლის გარემოსათვის მიუღებელ ახალმშენებლობათა შეზღუდვას ან აკრძალვას, ცალკეულ შენობა-ნაგებობათა მასშტაბის, სტრუქტურისა და პროპორციების დადგენასთან დაკავშირებული ქალაქმშენებლობითი ურბანისტული რეგლამენტაციის შემუშავებას;

თ) ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოსათვის შეუსაბამო ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მდგომარეობის, საჰაერო აუზის დაბინძურების წარმოშობის წყაროებისა და ზონების დაფიქსირებასა და შეფასებას;

ი)  ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს მახასიათებლებისა და იერის გაუმჯობესების ზომებს, კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირების წინადადებებს.

2. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის მასალები მტკიცდება ამ კანონის მოთხოვნებით გათვალისწინებული და ქალაქმშენებლობის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი წესით და ისინი თან ერთვის ისტორიული დასახლების დამცავი ზონების პროექტებს.

3. ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დამცავი ზონების სისტემა წარმოადგენს ამ დასახლების გენერალური გეგმის, დეტალური დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტის განუყოფელ ნაწილს.

    მუხლი 233. ისტორიული დასახლებისა და მისი ურბანისტული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ისტორიული დასახლების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში და გადაწყვეტილების მიღებაში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის შესაბამისი წინადადებების მიწოდების გზით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ინფორმაციის ხელმისაწვდომობით უზრუნველყოფენ საზოგადოების უფლების რეალიზაციას პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, რომლებშიც მიეთითება ამ გადაწყვეტილების განხილვის ადგილი და თარიღი.

3. ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივ განხილვას აფინანსებს ისტორიული დასახლების დაცვით ზონებში კონკრეტული პროექტის დამკვეთი.

4. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:

ა) ისტორიული დასახლების დაცვის საკითხებზე წინადადებები შეიტანონ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში;

ბ) საკუთარი სახსრებით მოიწვიონ დამოუკიდებელი ექსპერტები და ჩაატარონ ექსპერტიზა ისტორიული დასახლების დაცვის განსახილველ პროექტებზე. მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული წინადადებები უნდა ეფუძნებოდეს ამ კანონის მოთხოვნებს;

გ) განსახილველ პროექტზე მოამზადონ ალტერნატიული წინადადება ან დააფიქსირონ დამოუკიდებელი აზრი ექსპერტების მოწვევის გარეშეც.

5. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა უნდა განიხილონ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე წარდგენილი წინადადებები.

6. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ დასვან საკითხი ასეთ გადაწყვეტილებათა სასამართლო წესით გაუქმებისა და სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების იმ თანამდებობის პირთა ადმინისტრაციული ან სხვა სახის პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებმაც დაარღვიეს ამ კანონის მოთხოვნები.“.

8. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არქეოლოგიური ძეგლი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.“.

9. 28-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები „გამონაკლისს წარმოადგენს საცხოვრებელი ფონდი, რომლის გადაცემა საკუთრებაში დასაშვებია ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“.

10. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოთა დროებით შეჩერების გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად.“.

11. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. უძრავი ძეგლის დაკარგული არქიტექტურული ფორმებისა და ელემენტების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ აღსადგენი არქიტექტურული ფორმებისა და ელემენტების სრული იდენტიფიკაციისა და ზუსტ მეცნიერულ მონაცემებზე დაფუძნებული საპროექტო დოკუმენტაციის ბაზაზე.“.

12. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აგრეთვე თანამედროვე წარმოების ტირაჟირებადი ნივთები“.

13. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 51. საკუთრების უფლება ახალაღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგლზე

„ახალაღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი, განურჩევლად მისი აღმოჩენის ადგილისა, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.“.

14. 62-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „(ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაზე)“.

15. V კარის სათაურს სიტყვის „დაცვის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სამართლებრივი“.

16. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIV1 თავი:

„თავი XIV1. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 761. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევისათვის სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 18 მაისი.

1462–რს