დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1662 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/10/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 20/11/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.020.000.05.001.000.438 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (20/11/1998 - 22/07/1999)
საქართველოს კანონი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – მიწის ყველა ნაკვეთი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით არ გამოიყენება;
ბ) პერსპექტიული განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის ზონა – ქალაქებისა და სხვა დასახლებათა დადგენილი წესით დამტკიცებული, გენერალური გეგმით გათვალისწინებული, პერსპექტიული განაშენიანებისათვის შერჩეული ტერიტორიები;
გ) ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია – ტერიტორიულ-სივრცითი და ფუნქციური ორგანიზაციის მიზნით დადგენილი წესით დამტკიცებული რაიონული დაგეგმარების სქემები და პროექტები, ქალაქებისა და სხვა დასახლებათა გენერალური სქემები და გეგმები, განვითარების ქალაქმშენებლობითი პროგრამები;
დ) მიწის ნორმატიული ფასი – გარკვეული ხარისხისა და ადგილმდებარეობის მქონე მიწის ნაკვეთის ღირებულება;
ე) ტერიტორიული ზონირება – ადგილმდებარეობის, ინფრასტრუქტურის, ბუნებრივ-ეკოლოგიური და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით ქალაქის, რაიონის ტერიტორიის ზონებად დაყოფა;
ვ) პრესტიჟულობა – სინთეზური მახასიათებელი, რომელიც ასახავს ტერიტორიის ფასეულობას სხვა ტერიტორიებთან მიმართებაში.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (შემდგომში – სახელმწიფო მიწის) მართვისა და განკარგვის საკითხებს და განსაზღვრავს იმ სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას, რომლებიც სახელმწიფო მიწით სარგებლობასა და განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმოადგენენ სახელმწიფოს.
მუხლი 3. სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1. გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემის შესახებ იღებენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოები.
2. ქალაქებისა და სხვა დასახლებათა პერსპექტიული განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის ზონაში არსებული სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთები სარგებლობაში ან საკუთრებაში გაიცემა ქალაქებისა და სხვა დასახლებების დადგენილი წესით დამტკიცებული გენერალური გეგმების, განაშენიანების პროექტებისა და სხვა ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის საფუძველზე.
3. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო, ადგილობრივ არქიტექტურულ სამსახურებთან შეთანხმებით, ორგანიზებას უწევს ინფორმაციის გამოქვეყნებას სარგებლობაში ან საკუთრებაში გასაცემი სახელმწიფო მიწის შესახებ, იღებს და რეგისტრაციაში ატარებს განცხადებებს, განცხადებების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განმცხადებლებს მათი მიღების შესახებ. საინფორმაციო ცნობის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალებას აძლევენ წინასწარ გაეცნონ მიწის ნაკვეთს და ქმნიან ამისათვის საჭირო პირობებს.
4. სახელმწიფო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში ან საკუთრებაში გაიცემა კონკურსის ან აუქციონის წესით.
5. სახელმწიფო მიწის ნაკვეთის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემაზე მოწყობილ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საკონკურსო პირობების სრულად დაკმაყოფილება და სახელმწიფოსათვის ყველაზე უკეთესი პირობების შეთავაზება.
6. სახელმწიფო მიწის ნაკვეთის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემაზე მოწყობილ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება, რომელთა შორის უმთავრესია ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზება.
7. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ეძლევათ ინდივიდუალური განხილვის წესით, კონკურსის ან აუქციონის გამოუცხადებლად.
8. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს წერილობით ეცნობება 10 დღის განმავლობაში;
9. სადავო საკითხები წყდება სასამართლოს მეშვეობით.
10. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, აფორმებენ, რეგისტრაციაში ატარებენ და გასცემენ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ან საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტებს.
თავი II. სახელმწიფო მიწის იჯარა
მუხლი 4. სახელმწიფო მიწის იჯარით გაცემის წესი
გადაწყვეტილება ქალაქის, რაიონის ტერიტორიის ფარგლებში მოქცეული სახელმწიფო მიწის იჯარით გაცემაზე მიიღება ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 5. სახელმწიფო მიწის იჯარის ხელშეკრულება, მისი გაფორმებისა და რეგისტრაციის წესი
1. მოიჯარე მიწათსარგებლობის უფლებას მოიპოვებს ხელშეკრულების საფუძველზე.
2. იჯარის ხელშეკრულება იდება საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული ფორმით. იჯარის ხელშეკრულებით განისაზღვრება სახელმწიფო მიწის ფართობები, საიჯარო ქონების შემადგენლობა და მისი ღირებულება, დგინდება იჯარის ვადა, მიწისა და სხვა ქონების გამოყენებისათვის საიჯარო ქირის ოდენობა და გადახდის წესი, მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა, იჯარით აღებული ობიექტების მოვლისა და გამოყენების, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ მათი დაბრუნების პირობები.
3. საიჯარო ურთიერთობის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ მხარეები ერთობლივად აღწერენ იჯარით აღებული მიწისა და სხვა ობიექტების რაოდენობას და მდგომარეობას და აფიქსირებენ ქონების აღწერის ოქმში.
4. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე გასაფორმებელ იჯარის ხელშეკრულებაში მიწის ნაკვეთის მეიჯარედ შეიტანება სახელმწიფო, წარმოდგენილი საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სახით.
5. იჯარის ხელშეკრულებას საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი საქალაქო, რაიონული სამსახური ატარებს რეგისტრაციაში და საჯარო რეესტრში და იგი ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. იჯარის ვადა განისაზღვრება მეიჯარისა და მოიჯარის შეთანხმებით ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ის არ უნდა აღემატებოდეს 99 წელს. იჯარის ვადა უნდა დაფიქსირდეს იჯარის ხელშეკრულებაში.
7. იჯარის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია ქონების აღწერის ოქმი და საიჯარო ნაკვეთის გეგმა, რომელსაც ადგენს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანო.
მუხლი 6. სახელმწიფო მიწის იჯარის ქირა და გადახდის წესი
1. იჯარით აღებული სახელმწიფო მიწით და სხვა ქონებით სარგებლობისათვის მოიჯარე მეიჯარის სასარგებლოდ იხდის იჯარის ქირას.
2. მიწის იჯარის ქირა შედგება მიწის იჯარის ქირისა და იჯარით გაცემული, მიწასთან მყარად დაკავშირებული, ქონების იჯარის ქირისაგან. ქონების იჯარის ქირა ცალკე სტრიქონით აღირიცხება იჯარის ხელშეკრულებაში.
3. საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრება იჯარის ხელშეკრულებით.
4. მიწის იჯარის ქირა შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით. ერთ-ერთ მხარეს, მიწით სარგებლობისათვის გადასახადისა და ამორტიზაციის ნორმების, რეგულირებადი სახელმწიფო ფასებისა და ტარიფების შეცვლისას, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, უფლება აქვს მოითხოვოს იჯარის ქირის ოდენობის შეცვლა. თუ მიწის იჯარის ხელშეკრულების დადების შემდეგ წარმოიშვა ისეთი გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, მაშინ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა.
5. იჯარის ქირის გადახდა არ ათავისუფლებს მოიჯარეს მიწით სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახდელებისაგან.
6. საიჯარო ქონების აღწერის ოქმის, საიჯარო ნაკვეთების გეგმის შედგენისა და იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციის ხარჯებს მოიჯარე გაიღებს.
მუხლი 7. საიჯარო ქონების გაცემა ქვეიჯარით
1. მოიჯარეს უფლება აქვს მეიჯარესთან შეთანხმებით სრულად გაასხვისოს იჯარის უფლება.
2. მოიჯარეს უფლება აქვს მიწა და იჯარით აღებული ქონება ან მისი ნაწილი მეიჯარის თანხმობით გასცეს ქვეიჯარით, თუ კანონმდებლობით ან იჯარის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ამასთან იჯარის ხელშეკრულებისათვის მოიჯარის პასუხისმგებლობა მეიჯარის წინაშე კვლავ უცვლელი რჩება. მოიჯარეს უფლება აქვს იჯარით გასცეს საიჯარო ნაკვეთზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები.
მუხლი 8. იჯარის ხელშეკრულების განახლება, შეცვლა, შეწყვეტა და მოშლა
1. იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს უფლება აქვთ გააგრძელონ მისი მოქმედების ვადა. ხელშეკრულების განახლებისას მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შეიცვალოს ხელშეკრულების პირობები. ისინი შეიძლება შეიცვალოს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნითაც კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. თუ იჯარის ვადის გასვლის შემდეგ არც ერთ მხარეს არ შეუტანია ხელშეკრულების შეწყვეტის ან შეცვლის განცხადება, მაშინ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 589-ე მუხლით დადგენილი წესები.
3. იჯარის ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით შეიძლება ვადამდე მოიშალოს. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. მეიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, თუ მოიჯარე:
ა) დანიშნულებისამებრ არ იყენებს იჯარის ობიექტებს და არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
ბ) არ იხდის საიჯარო ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან სამი თვის განმავლობაში.
5. მოიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, თუ:
ა) მეიჯარე არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს;
ბ) საიჯარო მიწის ნაკვეთი და იჯარის სხვა ობიექტები გამოუსადეგარი გახდა იმ გარემოებათა გამო, რისთვისაც მოიჯარეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
6. იჯარის ხელშეკრულების განახლება, შეცვლა, შეწყვეტა და მოშლა ხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 9. უპირატესობა და შეზღუდვა სახელმწიფო მიწის იჯარით აღებისას
1. სასარგებლო წიაღისეულის და დაცული ტერიტორიების, წიაღით სარგებლობის ობიექტებზე მიწის მინაკუთვნის, იშვიათი და უნიკალური არქეოლოგიური, კულტურული და ისტორიული ძეგლების გავრცელების, აგრეთვე საავტომობილო გზების პერსპექტიული განვითარების საზღვრებში, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიულ ზონებში სახელმწიფო მიწა იჯარით გაიცემა მხოლოდ შესაბამისად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტისა და მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თანხმობით.
2. იმ მიწის ნაკვეთის (მისი ნაწილის) იჯარით გაცემისას, რომელზედაც განლაგებულია სახელმწიფო საკუთრების ობიექტები (შენობა-ნაგებობები), საკითხი უნდა შეთანხმდეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან.
3. მიწის ნაკვეთის იჯარით აღებისას საიჯარო მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს ან მოიჯარეს უპირატესი უფლება აქვს.
თავი III. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო მიწის ქირავნობის, აღნაგობის და უზუფრუქტის ფორმით გაცემა
მუხლი 10. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო მიწის ქირავნობის, აღნაგობის და უზუფრუქტის ფორმით გაცემის წესი
1. გადაწყვეტილება სახელმწიფო მიწის ქირავნობის, აღნაგობის და უზუფრუქტის ფორმით გაცემაზე მიიღება ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო მიწის ქირავნობის, აღნაგობის და უზუფრუქტის ფორმით გაცემა ხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ამ კანონის მეორე თავის შესაბამისად.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიწა სარგებლობაში ეძლევათ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით.
თავი IV. სახელმწიფო მიწის გასხვისება
მუხლი 11. სახელმწიფო მიწის გასხვისების წესი
1. გადაწყვეტილება სახელმწიფო მიწის გასხვისებაზე მიიღება ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით.
2. ქალაქებისა და სხვა დასახლებათა პერსპექტიული განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის ზონაში არსებული სახელმწიფო მიწის ნაკვეთები საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კონკურსის ან აუქციონის წესით მიეყიდებათ ქალაქების (დასახლებების) გენერალური გეგმების, განაშენიანების პროექტებისა და სხვა ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების გათვალისწინებით. ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრში (საადგილმამულო წიგნში).
3. მიწის ნაკვეთის შემძენ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს შორის, წარმოდგენილს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოების სახით, ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები, რომლებიც ცალკეული კატეგორიების მიწების მიმართ გამოიყენება, მესაკუთრის შეცვლის მიუხედავად უცვლელი რჩება.
მუხლი 12. სახელმწიფო მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, მიწის ფასის გადახდის და შემოსავლების განაწილების წესი
1. საქართველოს ქალაქების, რაიონების მაკრომდებარეობის ინდექსებს, ზონირებას და წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასს ადგენს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით. მიწის ნორმატიული ფასი გამოიყენება სახელმწიფო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გაცემაზე მოწყობილი კონკურსის ან აუქციონის დროს, როგორც საწყისი ფასი.
2. საქართველოს ქალაქების, რაიონების მაკრომდებარეობის ინდექსები დგინდება დასახლებათა სოციალურ-ეკონომიკური და ბუნებრივი მახასიათებლების მიხედვით, შემდეგი პარამეტრების საფუძველზე:
ა) მოსახლეობის რაოდენობა;
ბ) ადმინისტრაციული სტატუსი;
გ) სამეურნეო და ფუნქციური პროფილი;
დ) სიმაღლე ზღვის დონიდან;
ე) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა;
ვ) ადგილი განსახლების სისტემაში.
3. ქალაქებში, რაიონებში ზონების გამოყოფა ხდება ტერიტორიის შემდეგი პარამეტრების გათვალისწინებით:
ა) საინჟინრო ინფრასტრუქტურა;
ბ) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;
გ) სოციალური ინფრასტრუქტურა;
დ) კეთილმოწყობა;
ე) ბუნებრივ-ეკოლოგიური პირობები;
ვ) პრესტიჟულობა.
4. მიწის ნაკვეთის ფასი გადაიხდება მიწის ნაკვეთის გამოყოფიდან ორი თვის ვადაში. მიწის ნაკვეთის ფასის დაწესებულ ვადაში გადაუხდელობისას მიიღება კანონით გათვალისწინებული ზომები.
5. შემძენი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ხდება მხოლოდ მიწის ფასის სრულად გადახდისა და საჯარო რეესტრში (საადგილმამულო წიგნში) მისი, როგორც მესაკუთრის, რეგისტრაციის შემდეგ.
თავი V. სახელმწიფო მიწის და სხვა უძრავი ქონების შესყიდვა და სარგებლობის უფლების გაუქმება სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის
მუხლი 13. სახელმწიფო მიწის და სხვა უძრავი ქონების შესყიდვა და სარგებლობის უფლების გაუქმება სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს უპირატესი უფლება შეისყიდოს მიწის ნაკვეთი და მიწასთან მყარად დაკავშირებული უძრავი ქონება ან გააუქმოს მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკას კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამტკიცებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, ურბანიზაციისა და მშენებლობის, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროებთან და სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებთან შეთანხმებით ამტკიცებს სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემაზე კონკურსის ან აუქციონის ჩატარების წესს.
3. საქართველოს სასაზღვრო ზონაში მოქცეული მიწის გასხვისების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გადავიდა კერძო საკუთრებაში.
თავი VII. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 15. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით:
ა) მიწით მოსარგებლე ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა მიწის ნაკვეთებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები გააფორმონ ამ კანონის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში;
ბ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების გამო ძალადაკარგულად ჩაითვალოს „არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფილი მიწების სანაცვლოდ ახალი მიწების ათვისების ნორმატივის დამტკიცებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების დანაკარგების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 21 იანვრის №31 დადგენილება.
3. საქართველოს ტერიტორიის ნაწილის დროებით მაკონტროლებელი სეპარატისტული სტრუქტურების მიერ მიწის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით მიღებული აქტები ბათილია.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 28 ოქტომბერი.
№1662–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები