დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების წესის" დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 118 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 03/12/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 07/12/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 17/04/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(0).003.000414 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/12/1998 - 27/09/1999)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.010.003.414
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №118
1998 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
"კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების წესის" დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების, კომერციული ბანკების საიმედოობის და მდგრადობის და შესაძლო რისკის თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით, "საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის" 59-ე მუხლის და "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის" მე-10, 21-ე, 25-ე, 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს "კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების წესი".
2. "კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების წესი" ძალაში შევიდეს 1999 წლის 1 იანვრიდან, ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების შემდეგ.
3. კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს ევალებათ დასახონ და განახორციელონ კონკრეტული ღონისძიებები "კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების წესით" დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების ამ წესთან შესაბამისაობაში მოყვანისათვის და უზრუნველყონ მათი განუხრელი და სისტემატიური დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში 1999 წლის 1 აპრილიდან მათ მიმართ განხორციელდეს "საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის" 59-ე მუხლით და "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის" 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.
4. კომერციულ ბანკებს ევალებათ 1999 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკების ზედამხედველობის სამმართველოს წარუდგინონ ეკონომიკური ნორმატივების და ლიმიტების გაანგარიშებები "კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების წესის" მოთხოვნების შესაბამისად.
5. ამ ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს ბანკების ზედამხედველობის სამმართველოს (ლევან ქისტაური).
ი. მანაგაძე
კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების
წ ე ს ი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ბანკების საქმიანობის ზედამხედველობა და რეგულირება;
2. ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების მიზანს წარმოადგენს საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების, კომერციული ბანკების საიმედობის და მდგრადობის, შესაძლო რისკის თავიდან აცილების და მათი ეფექტიანი საქმიანობისათვის ეკონომიკური პირობების უზრნველყოფა და ამ გზით ბანკების მეანაბრეთა, სხვა კრედიტორთა, საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის ინტერესების მაქსიმალური დაცვა;
3. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების მთავარ მეთოდს წარმოადგენს ბანკებისათვის ეკონომიკური ნორმატივების და ლიმიტების დადგენა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
4. ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების მიზნებისათვის განისაზღვრება "მთლიანი კაპიტალი" , "ხელუხლებელი კაპიტალი და რეზერვები" და "რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები";
5. ბანკებისათვის დადგენილი ეკონომიკური ნორმატივების და ლიმიტების გაანგარიშება წარმოებს ყოველთვიურად ბანკის ნაერთი ბალანსიდან.
მუხლი 2. ზედამხედველობის მიზნით განსაზღვრული მთლიანი კაპიტალი
1. კაპიტალი წარმოადგენს საბანკო საქმიანობის განხორციელების და მისი სტაბილურობის ზრდის, ბანკის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ძირითად ბაზას;
2. ბანკის კაპიტალის მიზანია უზრუნველყოს საბანკო საქმინობის წარმოება, გააძლიეროს ბანკის ოპერაციების გაფართოების შესაძლებლობები, როგორც მიმდინარე ეტაპზე, ისე მომავალში, ამასთან, იგი უნდა იძლეოდეს მოსალოდნელი და მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების და ზარალის განეიტრალების საშუალებას;
3. ბანკის კაპიტალის დანიშნულებაა უზრუნველყოს მეანაბრეთა და კრედიტორთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა და საბანკო სისტემის შესაძლო ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დაყვანა, რათა ბანკის გაკოტრების შედეგებით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური პროცესები არ გავრცელდეს სხვა ბანკებზე, არ მიიღოს სისტემური ხასიათი და თავიდან იქნეს აცილებული საბანკო სისტემის კრიზისი;
4. კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის მიზნებიდან გამომდინარე განისაზღვრება "მთლიანი კაპიტალი", რომელიც მუდმივად და სრულყოფილად ასახავს მოსალოდნელ ფინანსურ დანაკარგებს და ზარალს და წარმოადგენს მისი განეიტრალების საშუალებას;
5. იმისათვის, რომ კაპიტალის ცალკეული ელემენტი ან მისი ნაწილი ჩაითვალოს "მთლიან კაპიტალში", იგი არ შეიძლება იყოს ისეთი შეთანხმების, გარიგების ან პირობის სუბიექტი, რომელიც ეწინააღმდეგება ბანკების სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველყოფას, არ შეესაბამება ამ წესებით დადგენილი პრუდენციული ეკონომიკური სტანდარტების მოთხოვნებს;
6. ზედამხედველობის მიზნით განსაზღვრული ბანკის "მთლიანი კაპიტალი" შედგება ორი კომპონენტისაგან: "პირველადი კაპიტალი" და "მეორადი კაპიტალი";
7. ზედამხედველობის მიზნით განსაზღვრული ბანკის "მთლიანი კაპიტალის" ძირითად საბაზისო კომპონენტს წარმოადგენს "პირველადი კაპიტალი", რომელიც დაქვითვამდე შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:
ა) საკუთარი ჩვეულებრივი აქციების რეალიზაციიდან ან პარტნიორების მიერ წილის შენატანით მიღებული კაპიტალი (მათი ნომინალური ღირებულება), № 010 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხა ან მისი ნაწილი;
ბ) რეალიზებული საკუთარი ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციების ან პარტნიორთა წილის ნომინალზედა ღირებულება, №013 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხა;
გ) გაუნაწილებელი მოგება, №№011+/-019-917 (დ)-941-950-951+960+969-970-971-979+/-980+/-981საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხა.
8. "პირველადი კაპიტალის დაქვითვა" შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:
ა) ბანკის საწესდებო კაპიტალში ასახული ფიქსირებული აქტივების გადაფასება, № 010 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხის შესაბამისი ნაწილი;
ბ) ბანკის მიერ დროებით გამოსყიდული საკუთარი აქციები, №034 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხა;
გ) არამატერიალური აქტივები, გუდვილი, №925 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხა.
9. "პირველადი კაპიტალი" = 010 (საკუთარი ჩვეულებრივი აქციების ან პარტნიორთა წილის თანხობრივი მოცულობა) – 010-ში ასახული ფიქსირებული აქტივების გადაფასების თანხა + 011+013+/-019-034-917(დ)-925-941-950-951+960+969-970-971-979+/-980+/-981;
10. "მეორადი კაპიტალი" შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:
ა) საკუთარი პრივილეგირებული აქციების რეალიზაციიდან მიღებული კაპიტალი (მათი ნომინალური ღირებულება), №010 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხის შესაბამისი ნაწილი;
ბ) მიზნობრივი ფონდები, №№ 016, 018 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხა;
გ) საერთო რეზერვები – საიმედო სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი, №945 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხის შესაბამისი ნაწილი;
დ) სუბორდინირებული სესხი, იმ პირობით, თუ იგი მიღებულია მინიმუმ 5 წლის სარგებლობის ვადით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და სესხის გამოყენებაზე შეზღუდვების გარეშე, ამასთანავთე თუ კრედიტორს არა აქვს სუბორდინირებული სესხის პირობების შეცვლის უფლება;
11. "მეორადი კაპიტალის" გაანგარიშებისას, სუბორდინირებული სესხი სარგებლობის უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მცირდება სუბორდინირებული სესხის მოცულობის 20%-ით;
12. თუ ამ წესის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის დ) ქვეპუნქტის და მე-11 პუნქტის პირობების გათვალისწინების შედეგად, სუბორდინირებული სესხის მოცულობა შეადგენს "პირველადი კაპიტალის" 25%-ზე მეტს, სუბორდინირებული სესხის მოცულობიდან "მეორადი კაპიტალის" გაანგარიშებაში აიღება მხოლოდ "პირველადი კაპიტალის" 25-ის შესაბამისი თანხა;
13. თუ "მეორადი კაპიტალი" შეადგენს "პირველადი კაპიტალის" 50%-ზე მეტს, "მეორადი კაპიტალის" გაანგარიშებაში აიღება მხოლოდ "პირველადი კაპიტალის" 50%-ის შესაბამისი თანხა;
14. "მეორადი კაპიტალი" = №№010 (საკუთარი პრიველეგირებული აქციების თანხა) + 016 + 018 + 945 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხის შესაბამისი ნაწილი + სუბორდინირებული სესხი ან მისი ნაწილი;
15. "მთლიანი კაპიტალი დაქვითვამდე" უდრის "პირველადი კაპიტალის" და "მეორადი კაპიტალის" ჯამს;
16. "მთლიანი კაპიტალის დაქვითვა" შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:
ა) ინვესტიციების თანხობრივი მოცულობა საქართველოს რეზიდენტი ბანკების საწესდებო კაპიტალში №№191,825 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხა ან მათი ნაწილი;
ბ) არაკონსოლიდირებული ინვესტიციების თანხობრივი მოცულობა შვილობილი ორგანიზაციების საწესდებო კაპიტალში, №№191,825 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხა ან მათი ნაწილი;
17. "მთლიანი კაპიტალი" უდრის "პირველადი კაპიტალის" და "მეორადი კაპიტალის" ჯამს, "მთლიანი კაპიტალის დაქვითვის" გამოკლებით;
18. "ხელუხლებელი კაპიტალი და რეზერვები" წარმოადგენს "პირველადი კაპიტალის", ბანკის პრივილეგირებული აქციების, მიზნობრივი ფონდების და საერთო რეზერვების – საიმედო სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების თანხობრივ მოცულობათა ჯამს.
მუხლი 3. ზედამხედველობის მიზნით განსაზღვრული რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები
1. "რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები" წარმოადგენს, აქტივების საკრედიტო რისკის ხარისხის და შესაძლო გაუფასურების გათვალისწინებით კლასიფიცირებულ აქტივებს;
2. "რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების" გასაანგარიშებლად, ბანკის აქტივები იყოფა 4 კატეგორიად;
3. "რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების" გაანგარიშების მიზნით დაყოფილი ბანკის აქტივების თითოეულ კატეგორიას შეესაბამება ამ კატეგორიის აქტივების რისკის ამსახველი კოეფიციენტი:
ა) I კატეგორიის აქტივები, 0% რისკი – რისკის კოეფიციენტი 0;
ბ) II კატეგორიის აქტივები, 20% რისკი – რისკის კოეფიციენტი 0,2;
გ) III კატეგორიის აქტივები, 50% რისკი – რისკის კოეფიციენტი 0,5;
დ) IV კატეგორიის აქტივები, 100 % რისკი – რისკის კოეფიციენტი 1,0.
4. 0-პროცენტიანი რისკის მატარებელ, I კატეგორიის აქტივებს წარმოადგენს:
ა) ბანკში არსებული ნაღდი ფულადი სახსრები ლარებში და "ეგთო" ქვეყნების ვალუტებში;
ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკში საკორესპონდენტო და მინიმალური რეზევრების ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრები;
გ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია "ეგთო" ქვეყნების ცენტრალური მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ.
5. 20-პროცენტიანი რისკის მატარებელ, II კატეგორიის აქტივებს წარმოადგენს:
ა) ნაღდ ფულთან გათანაბრებული დოკუმენტების თანხმობრივი მოცულობა ლარებში და "ეგთო" ქვეყნების ვალუტებში;
ბ) მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც გარანტირებულია "ეგთო" ქვეყნების რეზიდენტი ბანკების მიერ;
გ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია საქართველოს მთავრობის და/ან ეროვნული ბანკის მიერ;
დ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული და გარანტირებული სავალო ფასიანი ქაღალდებით;
ე) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც გარანტირებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ;
ვ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია ამავე ბანკში და/ან "ეგთო" ქვეყნების რეზიდენტ ბანკებში დაჯავშნული ფულადი სახსრებით;
ზ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია "ეგთო" ქვეყნების ცენტრალური მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული და გარანტირებული სავალო ფასიანი ქაღალდებით და რომლებიც ამ წესით შესაბამისად კლასიფიცირებული არ არის 0-პროცენტიანი რისკის მატარებელი აქტივების კატეგორიაში;
თ) ოქროს და სხვა ძვირფასი ლითონების სტანდარტიზირებული ზოდები;
ი) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია ოქროს და სხვა ძვირფასი ლითონების სტანდარტიზირებული ზოდებით.
6. 50-პროცენტიანი რისკის მატარებელ, III კატეგორიის აქტივებს წარმოადგენს:
ა) ნაღდი ფულადი სახსრები და ნაღდ ფულთან გათანაბრებული დოკუმენტების თანხობრივი მოცულობა "ეგთო" არაწევრი ქვეყნების ვალუტებში;
ბ) მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს რეზიდენტი ბანკების მიერ;
გ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია საქართველოს და "ეგთო" ქვეყნების ადგილობრივი მთავრობების (მუნიციპალიტეტების) მიერ;
დ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია საქართველოს და "ეგთო" ქვეყნების ადგილობრივი მთავრობების (მუნიციპალიტეტების) მიერ გამოშვებული და გარანიტრებული სავალო ფასიანი ქაღალდებით.
7. 100-პროცენტიანი რისკის მატარებელ IV კატეგორიის აქტივებს წარმოადგენს:
ა) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია "ეგთო" არაწევრი ქვეყნების მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ;
ბ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია "ეგეთო" არაწევრი ქვეყნების მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული და გარანტირებული სავალო ფასიანი ქაღალდებით;
გ) მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც გარანტირებულია "ეგთო" არაწევრი ქვეყნების რეზიდენტი ბანკის მიერ;
დ) ბანკის მიერ დაგირავებული საქართველოს ეროვნულ ბანკში მინიმალური რეზერვების ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები და/ან მისი ნაწილი;
ე) კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები;
ვ) ინვესტიციები იურიდიული პირთა საწესდებო კაპიტალში, გარდა ინვესტიციებისა საქართველოს რეზიდენტი ბანკების საწესდებო კაპიტალში და არაკონსოლიდირებული ინვესტიციებისა შვილობილი ორგანიზაციების საწესდებო კაპიტალში (რომლებიც არ მონაწილეობენ რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების გაანგარიშებაში);
ზ) ფიქსირებული აქტივების ნარჩენი ღირებულება;
თ) სესხები და დანარჩენი აქტივები, რომლებიც ასახული არ არის 0,20 და 50-პროცენტიანი რისკის მატარებელი აქტივების კატეგორიებში;
8. გარესაბალანსო ანგარიშებზე რიცხული აქცეპტები, გაცემული გარანტიები და ბანკის სხვა ვალდებულებები ძირითადი თანხებით მიკუთვნებიან 100 პროცენტიანი რისკის მატარებელ IV კატეგორიის აქტვებს;
9. რისკის მიხედვით შეწონილი თითოეული კატეგორიის აქტივების მოცულობა გაიანგარიშება, როგორც აქტივების თითოეული კატეგორიის საბალანსო მოცულობა გამრავლებული ამ კატეგორიის აქტივების შესაბამისი რისკის კოეფიციენტზე;
10. "რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების" მოცულობა უდრის რისკის მიხედვით შეწონილი თითოეული კატეგორიის აქტივების ჯამს გამოკლებული საყურადღებო, არასტანდარტული, საეჭვო და უიმედო სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის (№ 945 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხის შესაბამისი ნაწილი) თანხა.
მუხლი 4. ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები
1. ბანკებისათვის დადგენილ ეკონომიკურ ნორმატივებს და ლიმიტებს წარმოადგენს:
ა) კ1 (პირველადი კაპიტალი შეფარდებული რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან) x100≥ 12 %;
ბ) კ2 (მთლიანი კაპიტალი შეფარდებული რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან) x100≥ 15 %;
გ) კ3 (ერთი ინსაიდერისათვის გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა შეფთარდებული მთლიან კაპიტალთან) x100≤5 %;
დ) კ4 (ყველა ინსაიდერისათვის გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა შეფარდებული მთლიან კაპიტალთან) x100≤25 %;
ე) კ5 (ერთი აუტსაიდერისათვის გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა შეფარდებული მთლიან კაპიტალთან) x100≤15 %;
ვ) კ6 (ათი უმსხვილესი მსესხებლისათვის გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების სერთო თანხა შეფარდებული საკრედიტო დაბანდებასთან) x100≤50 %;
ზ) კ7 (უმსხვილესი კრედიტორის საერთო თანხა შეფარდებული ბანკის მთლიან ვალდებულებებთან) x100≤20 %;
თ) კ8 (ლიკვიდური აქტივები შეფარდებული მთლიან ვალდებულებებთან) x100≥30 %;
ი) კ9 (საშუალო თვიური ლიკვიდური აქტივები შეფარდებული საშუალო თვიურ მთლიან ვალდებულებებთან) x100≥30 %;
კ) კ10 (მიმდინარე აქტივები შეფარდებული მიმდინარე ვალდებულებებთან) x100 =100 %+/-10%;
ლ) კ11 (იურიდიულ პირთა საწესდებო კაპიტალში ბანკის ინვესტიციების სერთო თანხა შეფარდებული ხელუხლებელ კაპიტალთან და რეზერვებთან) x100≤ 50 %;
მ) კ12 (ფიქსირებული აქტვების პირვანდელი ღირებულება შეფარდებული ხელუხლებელ კაპიტალთან და რეზერვებთან)x100≤ 30 %;
2. ბანკები ვალდებულნი არიან განუხრელად და სისტემატურად დაიცვან დადგენილი ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები;
3. ბანკები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად საქართველოს ეროვნულ ბანკში წარადგინონ ამ წესის მოთხოვნების შესაბამისი ანგარიშგებები;
4. ბანკები ვალდებულნი არიან სუბორდინირებული სესხის მიღების შემთხვევაში, სუბორდინირებული სესხის ხელშეკრულება წარადგინონ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
მუხლი 5. სანქციები და შეზღუდვები
1. თუ ბანკს დარღვეული აქვს კაპიტალის საკმარისობის კ1 და/ან კ2 ნორმატივები, ბანკს ეკრძალება აქციონერებზე (პარტნიორებზე) დივიდენდების დარიცხვა და/ან დარიცხული დივიდენდების გაცემა და შესაბამისად წმინდა მოგება მიმართული უნდა იქნეს "პირველადი კაპიტალის" გასაზრდელად;
2. თუ ბანკის კაპიტალის საკმარისობის კ1 ნორმატივი (პირველადი კაპიტალი შეფარდებული რისკის მიხედვით შეწონილ აქიტვებთან) და/ან კ2 ნორმატივი (მთლიანი კაპიტალი შეფარდებული რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან) ნაკლებია შესაბამისად 4 %-ზე და 6 %-ზე, დამატებითი გაფრთხილების გარეშე ბანკისაგან გამოთხოვილი იქნება საბანკო ლიცენზია;
3. ბანკებს ეკრძალებათ ინსაიდერთა სასარგებლოდ ისეთი კრედიტების და ვალდებულებების გაცემა და საბანკო მომსახურების გაწევა, როდესაც კრედიტების და ვალდებულებების გაცემა და საბანკო მომსახურების გაწევა წარმოებს უფრო ხელსაყრელი ვადებით და პირობებით, ვიდრე ყველა დანარჩენ პირთა მიმართ;
4. კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკური ნორმატივების და ლიმიტების გაანგარიშების, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების და მათი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენებს "საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის" 59-ე მუხლით და "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის" 30-ე მუხლით გათვალისწინებულ სანქციებს.
მუხლი 6. ცნებათა განმარტებანი
ამ წესის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ცნებებს აქვს შემდეგი განმარტებანი:
1. "მთლიანი აქტივები". "მთლიანი აქტივების" გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს 03(გარდა 034),04, 05, 06, 07, 08, 15, 16, 17, 18 (გარდა 182, 184), 19, 21-დან 61-ის ჩათვლით, 62 (გარდა 626, 628) 65, 71, 72, 76, 77, 78 (გარდა 781), 80, 81, 82, 89, 90 (გარდა 906), 92, 93, 94 (გარდა 941) პირველი თანრიგის აქტიური და აქტიურ-პასიური საბალანსო ანგარიშების სადებეტო ნაშთები 012, 015, 945 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხების გამოკლებით;
2. "ლიკვიდური აქტივები" არის ფულადი სახსრები და ისეთი სახის აქტივები, რომლებსაც გააჩნიათ ფულად სახსრებად მყისიერად (სწრაფად) გადაქცევის უნარი და შესაძლებლობა, "ლიკვიდური აქტივების" გაანგარიშებაში მონაწილებას იღებს 031, 032, 033, 040, 041,060, 061, 072, 084, 088, 161, 164, 165, 167, 168, (194-ის 5%), 678, 816 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები, გარდა: ყადაღადადებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხებისა; საქართველოს ეროვნულ ბანკში განთავსებული მინიმალური რეზერვების თანხისა ან მისი ნაწილისა, რომლის უზრუნველყოფის ქვეშ კომერციულ ბანკს ნაყიდი აქვს კრედიტი ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებისა, რომლის უზრუნველყოფის ქვეშ ბანკს აღებული აქვს კრედიტი; ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში მონაწილე საბალანსო ანგარიშებზე აღრიცხული ისეთი აქტივებისა, რომლებსაც არ გააჩნიათ ფულად სახსრებად მყისიერად (სწრაფად) გადაქცევის უნარი და შესაძლებლობა;
3. "მიმდინარე აქტივები" წარმოადგენს სალაროში, საკორესპონდენტო ანგარიშებზე, ეროვნულ ბანკში განთავსებულ მინიმალური რეზერვების ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრებისა და ერთ თვემდე დაფარვის ვადით აქტივების: სადეპოზიტო ანგარიშებზე რიცხული ფულადი სახსრების, სახაზინო ვალდებულებების, სხვა სავალო ფასიანი ქაღალდების, ბანკის მიერ გაცემული სახსრების, აგრეთვე ბანკის სასარგებლოდ სხვა გადასახდელების თანხობრივ ჯამს, გარდა იმ სესხების, სავალო ფასიანი ქაღალდების და სხვა მოთხოვნებისა, რომელთა დაფარვის ვადა, თუნდაც ერთჯერ, გაგრძელდა;
4. "საკრედიტო დაბანდება" წარმოადგენს ბანკის მიერ გაცემულ ყველა სახის კრედიტების და ოვერდრაფტების თანხობრივ ჯამს. საკრედიტო დაბანდების გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს ბანკის ყველა ვადიან და ვადაგადაცილებულ სასესხო და ოვერდრაფტების ანგარიშებზე რიცხული თანხები;
5. "ოვერდრაფტი" წარმოადგენს მოკლევადიანი დაკრედიტების ფორმას, რომლითაც ბანკი კლიენტს აძლევს უფლებას მის ანგარიშსწორების ანგარიშზე რიცხული ნაშთების გადამეტებით განახორციელოს გადახდები, ანუ ბანკი უშვებს კლიენტის ანგარიშსწორების ანგარიშზე სადებეტო (უარყოფითი) სალდოს არსებობას, ოვერდრაფტის შესახებ ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების (თანხობრივი მოცულობა, დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი) გათვალისწინებით.
6. "ფიქსირებული აქტივები"-ს გაანგარიშებაში ჩაითვება კანონმდებლობის მიხედვით ამორტიზაციას დაქვემდებარებული ერთ წელზე მეტი ვადით სამსახურის მქონე მატერიალური აქტივები, რომელთა მინიმალური ღირებულება განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით, გამოსახულია მატერიალური ფორმით და გამოიყენება საბანკო საქმიანობის განხორციელებისათვის, გარდა კრედიტების გირაოში დასაკუთრებული მატერიალური ფორმით გამოსახული აქტივებისა. "ფიქსირებული აქტვების" მიმდინარე ღირებულებას წარმოადგენს "ფიქსირებული აქტივების ნარჩენი ღირებულება", რომლის გაანგარიშებისას 920, 921, 923, 930, 933, 937 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული "ფიქსირებული აქტივების" თანხობრივ ჯამს აკლდება "ფიქსირებული ქტივებზე" დარიცხული ამორტიზაციის თანხა - 015 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხა, გარდა კრედიტების გირაოში დასაკუთრებული მატერიალური ფორმით გამოსახულ აქტივებზე დარიცხული ამორტიზაციის თანხისა;
7. "ფიქსირებული აქტივების პირვანდელი ღირებულება" წარმოადგენს "ფიქსირებული აქტივების" შეძენისას გადახდილ ღირებულებას. "ფიქსირებული აქტივების პირვანდელი ღირებულება" გაანგარიშებისას 920, 921, 923, 930, 933, 937 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული "ფიქსირებული აქტივების" თანხების ჯამს აკლდება "ფიქსირებული აქტივების" გადაფასების თანხა (017 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხა და/ან საწესდებო კაპიტალში ასახული "ფიქსირებული აქტივების" გადაფასების თანხა);
8. "არამატერიალური აქტივები" წარმოადგენს ისეთ აქტივებს, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული ღირებულება და არ აქვთ მატერიალური ფორმა: პატენტები, საიჯარო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, ნოუ-ჰაუ, გუდვილი და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტები. "არამატერიალური აქტივების" გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს 925 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხა;
9. "გუდვილი" წარმოადგენს საზოგადოების პრესტიჟის, საქმიანი რეპუტაციის, მისი პარტნიორიების, კლიენტურის და კადრების, როგორც აქტივის ღირებულებას, რომელიც განისაზღვრება საზოგადოების საბაზრო ღირებულებასა და მისი აქტივების ღირებულებას შორის სხვაობის თანხით. "გუდვილს" საზოგადოების აქტივების დამოუკიდებლად არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, იგი წარმოიშობა და ღირებულებას იძენს მხოლოდ საზოგადოების შერწყმისას ან ერთი საზოგადოების მიერ მეორე საზოგადოების შეძენისას;
10. "მთლიანი ვალდებულებები". "მთლიანი ვალდებულებების" გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს 04,07,08, (090 მინუს 120), 11,13,14,15,16,17,19,20-დან 60-ის ჩათვლით,63,64,67,69,70,71,72,73,74,75,80,81,82,89,90 (გარდა 906), 91,93,94 (გარდა 943,945), პირველი თანრიგის პასიური და აქტიურ-პასიური საბალანსო ანგარიშების საკრედიტო ნაშთები და ბანკის მიერ გაცემული გარანტიების თანხობრივი მოცულობის (გარესაბალანსო ანგარიში 9925) 50%;
11. "მიმდინარე ვალდებულებები" წარმოადგენს ბანკის "მთლიან ვალდებულებებში" ერთ თვემდე ვადაში შესასრულებელ ყველა ვალდებულებათა თანხობრივ ჯამს;
12. "კრედიტორი" წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვის მიმართაც ბანკს გააჩნია ვალდებულება;
13. აქტიურ-პასიური ანგარიშები ექვემდებარება გასალდოვებას, გარდა 075, 076, 079,902,904,906,932 საბალანსო ანგარიშებისა. გაუსალდოვებელი 075,076,079,902,904,932 (გარდა 906) საბალანსო ანგარიშების სადებეტო ნაშთი და/ან მათი ნაწილი მონაწილეობას იღებს "რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების", "მთლიანი აქტივების" და "მიმდინარე აქტივების" გაანგარიშებაში, ხოლო საკრედიტო ნაშთი და/ან მათი ნაწილი მონაწილეობას იღებს "მთლიანი ვალდებულებების" და "მიმდინარე ვალდებულებების" გაანგარიშებაში;
14. "ინსაიდერი" არის ბანკთან დაკავშირებული პირი - ბანკის ადმინისტრაციული მუშაკი და აქციონერი (პარტნიორი), მასთან ცოლ-ქმრული, ახლონათესაური კავშირის მქონე ან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირი;
15. "აუტსაიდერი" არის არაინსაიდერი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი;
16. "სუბორდინირებული სესხი" არის ისეთი სესხი, რომელსაც სხვა დეპოზიტებთან და სესხებთან შედარებით გააჩნია გადახდის (დაფარვის) უფრო დაბალი პრიორიტეტი, ანუ ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკის მძიმე ფინანსური მდგომარეობის, გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სუბორდინირებული სესხის კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება მხოლოდ ყველა სხვა კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ;
17. "კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი" წარმოადგენს ისეთ არასახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდს, რომლის ემიტენტი არის არასახელმწიფო იურიდიული პირი და რომელიც ვალდებულია სავალო ფასიანი ქაღალდით გათვალისწინებული ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდაზე;
18. "ეგთო" - "ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომლის წევრ ქვეყნებში ამ წესის მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩაითვლება შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია, შვეიცარია;
19. "საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები" – "საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში" ამ წესის მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩაითვლება შემდეგი ორგანიზაციები: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი (მსოფლიო ბანკი), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკი, ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აფრიკის განვითარების ბანკი.
დოკუმენტის კომენტარები