საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3365
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/02/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 16/03/2004
ძალაში შესვლის თარიღი 05/04/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.453
  • Word
3365
24/02/2004
სსმ, 7, 16/03/2004
200.000.000.05.001.001.453
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი,  გვ.9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 118-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საანგარიშო პერიოდში დღგ-ის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვის არანაკლებ 25 პროცენტისა იბეგრება ნულოვანი განაკვეთით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გადამეტება დარიცხული დღგ-ის თანხაზე ამ კოდექსის 240-ე მუხლით დადგენილი წესით უბრუნდება გადასახადის გადამხდელს.

2. დღგ-ის სხვა გადამხდელებისათვის ჩასათვლელი თანხის გადამეტება საანგარიშო პერიოდში დარიცხულ დღგ-ის თანხაზე გადაიტანება შემდეგ საანგარიშო პერიოდში და ჩაითვლება მომავალი პერიოდების გადასახდელებში, ან მათ უბრუნდებათ ამ კოდექსის 240-ე მუხლით დაგენილი წესით.“.

2. 119-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 119. დღგ-ის ანაზღაურება (დაბრუნება) გრანტებით შეძენილ საქონელზე

1. გრანტის მიმღებ პირს, რომელიც ყიდულობს გრანტის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საქონელს ან/და ამავე საწყისებზე იღებს სამუშაოს ან მომსახურებას, უფლება აქვს ამ კოდექსის 240-ე მუხლით დადგენილი წესით აინაზღაუროს (დაიბრუნოს) ამ საქონლისათვის, სამუშაოსა თუ მომსახურებისათვის გადახდილი დღგ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე.

2. დღგ-ის ანაზღაურება (დაბრუნება) ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება საგადასახადო ორგანოს წარედგინება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან 3 თვეში. ამ კოდექსის 118-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მოთხოვნები გამოიყენება ამ მუხლის მიმართაც.“.

3. 129-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 129. საწარმოო რესურსებზე ჩასათვლელი აქციზი

1. პირს, რომელიც ყიდულობს აქციზით დაბეგრილ ნედლეულს და იყენებს მას სხვა აქციზური საქონლის საწარმოებლად მისი შემდგომი მიწოდებისათვის, უფლება აქვს მიიღოს საგადასახადო ჩათვლა მის საწარმოებლად შეძენილ საქონელზე გადახდილი აქციზის ოდენობით, ან დაიბრუნოს აქციზი ამ კოდექსის 240-ე მუხლით დადგენილი წესით. ჩათვლის ან დაბრუნების ანალოგიური წესი გამოიყენება აქციზური საქონლის საწარმოებლად მწარმოებლის მიერ იმპორტიორისაგან მიღებულ საქონელზე.

2. ნებადართულია გადახდილი აქციზის ჩათვლა ან დაბრუნება იმ აქციზურ საქონელზე, რომელიც გამოიყენება:

ა. ნიმუშების სახით ანალიზის ჩატარების ან წარმოების პროცესში აუცილებელი შემოწმებისათვის;

ბ. სამეცნიერო კვლევისათვის;

გ. საავადმყოფოებსა და აფთიაქებში სამედიცინო მიზნებისათვის.

3. ამ მუხლის მიხედვით აქციზის ჩათვლა ან დაბრუნება განხორციელდება მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს აქციზის გადახდას ნედლეულის მწარმოებლისათვის ან ნედლეულის იმპორტისას – შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.“.

4. 133-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეექსპორტის მიზნით საქართველოში აქციზური საქონლის შემოტანისას გადახდილი აქციზის (გირაოს) დაბრუნება ხდება რეექსპორტირებული საქონლის ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად. გადახდილი აქციზის შემთხვევაში, მისი დაბრუნება ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო გირაოს შემთხვევაში – საბაჟო ორგანოების მიერ რეექსპორტის განხორციელებიდან 15 დღეში.

2. დროებით შემოტანის მიზნით საქართველოში აქციზური საქონლის შემოტანისას გადახდილი აქციზის დაბრუნება ხდება საქართველოდან აღნიშნული საქონლის ფაქტობრივად გატანილი რაოდენობის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

5. 240-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 240. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხების აკუმულირება და გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება

1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის საგადასახადო ორგანოების მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების არა უმეტეს 3 პროცენტისა, ირიცხება საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე. ამ ქვეანგარიშზე თანხებს ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების პროპორციულად რიცხავს სახელმწიფო ხაზინა.

2. ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე ჩასარიცხი თანხის პროცენტი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

3. თუ გადასახადის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას, საგადასახადო ორგანო:

ა. ზედმეტად გადახდილ თანხას სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე გადაიტანს გადასახადის გადამხდელის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში, კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის სახეებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში;

ბ. გადასახადის გადამხდელის თანხმობის შემთხვევაში დარჩენილ ნაწილს გადაიტანს მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში;

გ. უბრუნებს გადასახადის გადამხდელს დარჩენილ თანხას, სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან, ქვეანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში.

4. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა გადაიტანება სხვა გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში, ცნობები აღნიშნული თანხის გამოყენების შესახებ უნდა აღინიშნოს შეტყობინებაში გადასახადის დარიცხული თანხის შესახებ.

5. ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 5 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 თებერვალი.

№3365რს