სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

  • Word
სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3323
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/02/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 09/03/2004
სარეგისტრაციო კოდი 200.230.100.05.001.001.448
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3323
13/02/2004
სსმ, 6, 09/03/2004
200.230.100.05.001.001.448
სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

კონსოლიდირებული ვერსია (28/03/2007 - 12/03/2008)

საქართველოს  კანონი

საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საწარმოებისა და ორგანიზაციების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ზოგად პრინციპებს, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე დავალიანებების რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების წარდგენის, განხილვის, მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების წესებს აღნიშნული საწარმოებისა და ორგანიზაციების საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით.

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საწარმო – საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო;

ბ) ორგანიზაცია – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და ორგანიზაციად ცნობილი წარმონაქმნი;

გ) კომისია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კომისიის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები;

დ) საწარმოს (ორგანიზაციის) რესტრუქტურიზაცია – საწარმოს (ორგანიზაციის) საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიმართული სამართლებრივი, ორგანიზაციული, ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა სახის ღონისძიებების ერთობლიობა;

[ე) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადაუხდელობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება, რომელიც არ არის გადახდილი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში; (მოქმედებს 2009 წლის 1 იანვრამდე)].

ვ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება – სახელმწიფო სახსრების ხარჯზე გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტის დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება, რომელიც არ არის გადახდილი დადგენილ ვადაში;

ზ) გადახდისუუნარობა – საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების სრულად დაფარვის შეუძლებლობა;

თ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია – ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების, ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავების გაყინვა ან/და გადავადება ამ კანონით დადგენილი წესით;

ი) დავალიანებების გაყინვა – ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების გადახდის შეჩერება განსაზღვრული ვადით;

კ) დავალიანებების გადავადება – ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების გადახდის ვალდებულების განვადება;

ლ) განსაკუთრებული შემთხვევა:

ლ.ა) იმ საწარმოს საპრივატიზებოდ მომზადება მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, აქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სტრატეგიული დანიშნულება და საექსპორტო პოტენციალი;

ლ.ბ) საწარმოს (ორგანიზაციის) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების არსებობა, რომელიც წარმოიშვა იმ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებაზე მიუღებელი ანაზღაურების გამო, რომელიც უნდა დაფინანსებულიყო შესაბამისი ბიუჯეტიდან;

მ) უიმედო სესხი – სასესხო დავალიანება, რომელიც ვერ დაიფარება სასესხო დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ხასიათის ღონისძიებების განხორციელების შედეგად;

ნ) სახელმწიფო დახმარება – სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი სახით, გარკვეული ვადითა და ნებისმიერი ფორმით გაწეული დახმარება. კერძოდ – გადასახადებისაგან გათავისუფლება ან მათი გადავადება, ვალების ჩამოწერა, რესტრუქტურიზაცია, სესხების გაცემა განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით, სესხის შეღავათიანი გარანტიები, უძრავი ქონების შეძენა განსაკუთრებული პირობებით, პრეფერენციული პირობები სახელმწიფო შესყიდვების დროს და მოგების მიღების გარანტია, აგრეთვე სხვა ექსკლუზიური უფლებების მინიჭება, რომლებიც ზღუდავენ კონკურენციას ან ქმნიან მისი შეზღუდვის საშიშროებას, ანიჭებს რა უპირატესობას გარკვეულ ეკონომიკურ აგენტებს ან გარკვეული საქონლის წარმოებას;

ო) სახელმწიფო დახმარების გეგმა – სახელმწიფო დახმარების განხორციელებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური რესურსებისა და შესაბამისი ვადების ჩვენებით გათვალისწინებული ღონისძიებები.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1556 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.194

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217

    მუხლი 2. ზოგადი დებულებანი

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია, მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრული წესით.

2. ამ კანონით დადგენილი წესი ვრცელდება ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის განხორციელების დროისათვის არსებულ ვადაგადაცილებულ დავალიანებებზე.

[3. ამ კანონით დადგენილი წესით საწარმოს (ორგანიზაციას) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის უფლება ეძლევა მხოლოდ გადახდისუუნარობის შემთხვევაში და მხოლოდ ერთხელ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა. (მოქმედებს 2009 წლის 1 იანვრამდე)].

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების დაფარვა ხორციელდება პროპორციულად, პროგრესულად მზარდი პრინციპით.

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217

    მუხლი 3. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლის კომისია.

2. კომისიას უფლება აქვს, ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესწავლისას მოიწვიოს საწარმოს (ორგანიზაციის), შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

3. კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:

ა) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ;

ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება უიმედო სასესხო დავალიანებების ჩამოწერის შესახებ;

გ) ცალკეული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების ოდენობის დაზუსტების შესახებ, სასესხო დავალიანების საწარმოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის გათვალისწინებით;

დ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის პატიების შესახებ;

ე) ცალკეული სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების შესახებ;

ვ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანების დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.

4. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესასწავლად საწარმო (ორგანიზაცია) კომისიას წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელის წერილობით მიმართვას;

ბ) პარტნიორთა (აქციონერთა) კრების, უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ;

გ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის განხორციელების შესახებ იმ კრედიტორთა თანხმობას, რომელთა მოთხოვნა შეადგენს კრედიტორთა მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობას ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ. თუ საწარმოს მიერ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის მიმართ რიცხული ვადაგადა-ცილებული საგადასახადო დავალიანება არ აღემატება ამ ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობების 5 პროცენტს, აღნიშნულ თანხმობას გასცემს გამგებელი, ხოლო სხვა შემთხვევაში – საკრებულო;

ე) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის გეგმას;

ვ) წინადადებებს ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების გაყინვის ან/და გადავადების პირობებისა და ვადების შესახებ;

ზ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოების მიერ გაცემულ ცნობას საბიუჯეტო და სპეციალური სახელმწიფო ფონდების მიმართ არსებული დავალიანების (გადასახადების ცალკეული სახეების, ჯარიმებისა და საურავების მიხედვით) შესახებ;

თ) დებიტორებისა და კრედიტორების სიას (თანხების მითითებით) დამოწმებულს საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ;

ი) ქონების ჩამონათვალსა და ამ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ საბუთებს;

კ) აუდიტის დასკვნას ქონების ღირებულების შეფასების დასაბუთებით.

5. კომისია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ყველა დოკუმენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნის შესწავლის საფუძველზე ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის თაობაზე.

6. კომისიის მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საწარმოსა (ორგანიზაციასა) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობები, ვადები, მათი დაფარვის გრაფიკი და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

7. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შესაბამის დასკვნასა და ხელშეკრულებას წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ.

8. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებები რესტრუქტურიზებულად ითვლება და საწარმო (ორგანიზაცია) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობას იწყებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან.

9. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა ეგზავნება საწარმოს (ორგანიზაციას), ხოლო განსაკუთრებული შემთხვევის დროს, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებსა და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს (ორგანიზაციას) უარი ეთქვა ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციაზე.

10. კომისიამ სახელმწიფო დახმარების გაცემის გეგმის, დახმარების შეცვლის ან/და განხორციელებული დახმარების შესახებ უნდა აცნობოს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1556 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.194

საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3643 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.291

    მუხლი 4. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები

1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გაყინვის ვადა არ აღემატება 24 თვეს, ხოლო ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადავადების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 36 თვისა (გაყინვის პერიოდის დასრულებიდან).

2. რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებას გაყინვის პერიოდში პროცენტები და საჯარიმო სანქციები არ ერიცხება.

3. გადავადების პერიოდში რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებას გადაუხდელ თანხაზე ყოველთვიურად ერიცხება სარგებელი 0,5 პროცენტის ოდენობით.

4. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს განმეორებით, მაგრამ მხოლოდ ერთხელ.

5. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დამატებითი ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 15 წლისა, აქედან, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არა უმეტეს 5 წლისა.

    მუხლი 5. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები

1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გაყინვის ვადა არ აღემატება 24 თვეს, ხოლო ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გადავადების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 36 თვისა (გაყინვის პერიოდის დასრულებიდან).

2. რესტრუქტურიზაციის პერიოდში რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ სასესხო დავალიანებას გადაუხდელ თანხაზე ყოველთვიურად ერიცხება სარგებელი 0,5 პროცენტის ოდენობით.

3. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სესხით მოსარგებლე საწარმოებს ან/და ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.

4. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებიდან, პირველ რიგში, იფარება ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის სახით არსებული ნაშთი, ხოლო შემდეგ სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადაუხდელობის შედეგად დარიცხული საურავი.

5. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს განმეორებით, მაგრამ მხოლოდ ერთხელ.

6. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დამატებითი ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 15 წლისა, აქედან, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არა უმეტეს 5 წლისა.

    მუხლი 6. საწარმოს (ორგანიზაციის) რესტრუქტურიზაციის გეგმა

საწარმოს (ორგანიზაციის) რესტრუქტურიზაციის გეგმა უნდა შეიცავდეს:

ა) მისი საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზს;

ბ) მისი გადახდისუუნარობის განმაპირობებელ მიზეზებს;

გ) ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და სხვა სახის ღონისძიებებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს საწარმოს (ორგანიზაციის) საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანების დაფარვა;

დ) მისი წარმოების ზრდის, პროდუქციის რეალიზაციის, საწარმოო დანახარჯების, მოგებისა და სხვა სახის ძირითად მაჩვენებლებს;

ე) ფულადი შემოსავლებისა და ფულადი რესურსების გამოყენების გაანგარიშებებს;

ვ) ქონების შეფასებაზე აუდიტის დასკვნას.

    მუხლი 7. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმო (ორგანიზაცია) ვალდებულია:

ა) სრულად და დროულად დაფაროს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებანი;

ბ) შეასრულოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია ამ ხელშეკრულებითა და ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის გეგმით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ.

2. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პერიოდში კრედიტორებს, რომლებმაც საწარმოს (ორგანიზაციას) თანხმობა მისცეს დავალიანებათა რესტრუქტურიზაციაზე, უფლება არა აქვთ სასამართლოში შეიტანონ განცხადება საწარმოს (ორგანიზაციის) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ და სასამართლოში საქმე აღძრან დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

3. იმ კრედიტორებს, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, უფლება არ აქვთ განსაკუთრებული შემთხვევების დროს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მყოფი საწარმოს ან/და ორგანიზაციის მიმართ სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4525 - სსმ I, №9, 31.03.2007 წ., მუხ.90

    მუხლი 8. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის დამთავრება ან ვადამდე შეწყვეტა

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ვადა მთავრდება და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წყდება:

ა) საწარმოს (ორგანიზაციის) მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით;

ბ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემთხვევაში;

გ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადამდე საწარმოს (ორგანიზაციის) მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების დაფარვის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტისას:

ა) რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელ თანხაზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან საწარმოს (ორგანიზაციის) მიმართ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები;

ბ) რესტრუქტურიზებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელი თანხების იძულებით ამოსაღებად საგადასახადო ორგანოები იყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სესხით მოსარგებლე საწარმოს (ორგანიზაციის) მიმართ სასამართლოში აღძრავს სამოქალაქო სარჩელს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი.

2. ამ კანონით დადგენილი წესით საბაჟო გადასახადების რესტრუქტურიზაცია ხორციელდება მხოლოდ 2005 წლის 1 იანვრამდე ამ გადასახადებში არსებულ დავალიანებებზე.

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217

 

[მუხლი 10.  დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ეს კანონი ძალაშია 2009 წლის 1 იანვრამდე].

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217

 

საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 13 თებერვალი.

№3323-IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1556 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.194

2. საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217

3. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3643 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.291

4. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4525 - სსმ I, №9, 31.03.2007 წ., მუხ.90

18. 06/03/2024 - საქართველოს კანონი - 4055-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/03/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 18/09/2020 - საქართველოს კანონი - 7168-Iს - ვებგვერდი, 25/09/2020 16. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6965-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 15. 06/04/2017 - საქართველოს კანონი - 621-IIს - ვებგვერდი, 13/04/2017 14. 31/10/2014 - საქართველოს კანონი - 2755-Iს - ვებგვერდი, 11/11/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 25/12/2013 - საქართველოს კანონი - 1848-რს - ვებგვერდი, 28/12/2013 12. 19/12/2012 - საქართველოს კანონი - 113-Iს - ვებგვერდი, 27/12/2012 11. 09/12/2011 - საქართველოს კანონი - 5505-IIს - ვებგვერდი, 111220015, 20/12/2011 10. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4062-რს - სსმ, 75, 27/12/2010 9. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3599-IIს - სსმ, 54, 12/10/2010 8. 16/07/2010 - საქართველოს კანონი - 3452 - სსმ, 42, 22/07/2010 7. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1966 - სსმ, 35, 19/11/2009 6. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 971 - სსმ, 41, 30/12/2008 5. 12/03/2008 - საქართველოს კანონი - 5860 - სსმ, 6, 25/03/2008 4. 28/03/2007 - საქართველოს კანონი - 4525 - სსმ, 9, 31/03/2007 3. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3643 - სსმ, 44, 27/11/2006 2. 17/06/2005 - საქართველოს კანონი - 1709 - სსმ, 35, 04/07/2005 1. 03/06/2005 - საქართველოს კანონი - 1556 - სსმ, 31, 27/06/2005