დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3323 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/02/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 09/03/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.230.100.05.001.001.448 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (19/12/2012 - 25/12/2013)
საქართველოს კანონი
საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საწარმოებისა და ორგანიზაციების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების ან/და სახელმწიფო სესხების დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის ზოგად პრინციპებს, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ წინადადებების წარდგენის, განხილვის, მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების წესებს აღნიშნული საწარმოებისა და ორგანიზაციების საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საწარმო – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და ორგანიზაციად ცნობილი წარმონაქმნი (მათ შორის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია);
ბ) კომისია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კომისიის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები;
გ) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის;
დ) სასესხო დავალიანება:
დ.ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება – სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტის დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი და დადგენილ ვადაში დაუფარავი ვალდებულება;
დ.ბ) ვადადაუმდგარი სასესხო დავალიანება – საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, აგრეთვე იმ საწარმოებზე, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხი და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტი, რომლის დაბრუნების ვადა ჯერ არ დამდგარა;
ე) გადახდისუუნარობა – საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების დაფარვის შეუძლებლობა;
ვ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია – ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების (მათ შორის, ჯარიმები, საურავები, პირგასამტეხლო და სხვა) გაყინვა ან/და გადავადება ამ კანონით დადგენილი წესით;
ზ) დავალიანების გაყინვა – ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების გადახდის ვალდებულების შეჩერება განსაზღვრული ვადით;
თ) დავალიანების გადავადება – ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების გადახდის ვალდებულების განვადება;
ი) განსაკუთრებული შემთხვევა – როდესაც ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულის) რესტრუქტურიზაცია ხორციელდება შემდეგი პირობებით:
ი.ა) იმ საწარმოს საპრივატიზებოდ მომზადება მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, ან/და საწარმოს აქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სტრატეგიული დანიშნულება ან/და საექსპორტო პოტენციალი;
ი.ბ) საწარმოს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების არსებობა, რომელიც წარმოიშვა იმ საქონლის/მომსახურების მიწოდებაზე მიუღებელი ანაზღაურების გამო, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო;
კ) უიმედო სესხი – სასესხო დავალიანება, რომელიც ვერ დაიფარება სასესხო დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ხასიათის ღონისძიებების განხორციელების შედეგად, ამასთანავე, საწარმო ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან/და ლიკვიდირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1556 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.194
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1966 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.255
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარება და ჩამოწერა, პატიება, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ამ კანონით დადგენილი წესი (მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში) ვრცელდება ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის განხორციელების დროისათვის არსებულ ვადაგადაცილებულ დავალიანებებზე.
3. ამ კანონით დადგენილი წესით ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის უფლება საწარმოს ეძლევა მხოლოდ გადახდისუუნარობის შემთხვევაში და მხოლოდ ერთხელ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა.
4. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა არ აღემატება 5 წელს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა, როდესაც ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულის) რესტრუქტურიზაცია ხორციელდება არა უმეტეს 15 წლის ვადით.
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
მუხლი 3 . ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები.
1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლის კომისია.
2. კომისიას უფლება აქვს, ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის შესწავლისას მოიწვიოს საწარმოს, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები.
3. კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ;
ა1) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის შესახებ;
ა2) ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ;
ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება უიმედო სასესხო დავალიანებების ჩამოწერის შესახებ;
გ) ცალკეული ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების ოდენობის დაზუსტების შესახებ, ამ დავალიანების საწარმოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის გათვალისწინებით;
დ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობით ან სრულად პატიების შესახებ ;
ე) ცალკეული სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების შესახებ;
ვ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანების დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.
4. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესასწავლად საწარმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) საწარმოს ხელმძღვანელის წერილობით მიმართვას;
ბ) პარტნიორთა/აქციონერთა კრების, უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ;
გ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის განხორციელებაზე იმ კრედიტორთა თანხმობას, რომელთა მოთხოვნა შეადგენს კრედიტორთა (სახელმწიფოს გარდა) მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობას შესაბამისი ბიუჯეტის მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ. თუ საწარმოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის/ერთეულების ბიუჯეტის/ბიუჯეტების მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება არ აღემატება ამ ბიუჯეტის/ბიუჯეტების საკუთარი შემოსულობების 5 პროცენტს, აღნიშნულ თანხმობას გასცემს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო, ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში კი – ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;
ე) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის გეგმას;
ვ) წინადადებებს ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების გაყინვის ან/და გადავადების პირობებისა და ვადების შესახებ;
ზ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს/ორგანოების მიერ გაცემულ ინფორმაციას ან შედარების აქტს საგადასახადო დავალიანების (გადასახადების ცალკეული სახეების, ჯარიმებისა და საურავების მიხედვით) შესახებ;
თ) დებიტორებისა და კრედიტორების სიას (თანხების მითითებით), დამოწმებულს საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ;
ი) უძრავი ქონების ჩამონათვალს და ამ ქონების ღირებულების შესახებ აუდიტორულ დასკვნას;
კ) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებულ გასული და მიმდინარე წლების საბუღალტრო ბალანსებს და ამავე ფორმით დამოწმებულ დოკუმენტს გადახდისუუნარობის განმაპირობებელი მიზეზების აღწერის შესახებ.
შენიშვნა: ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს არ ევალება ამ პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა.
41. სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის შესასწავლად საწარმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს წერილობით მიმართვას (განცხადებას), რომელშიც აღწერილი იქნება ის პირობები და მიზეზები, რომელთა გამოც საწარმო ითხოვს სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის განხილვას. მიმართვას (განცხადებას) უნდა ერთოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის მე-4 ან 41 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით – ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას, რომელიც ორი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობის შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტები შეიძლება წარედგინოს მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. საწარმოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
6. კომისიის მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ა) საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობები, ვადები, მათი დაფარვის გრაფიკი და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;
ბ) შესაბამის მხარეებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.
7. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კომისიის ოქმს და ხელშეკრულების/ხელშეკრულებების ასლს/ასლებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.
8. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანება რესტრუქტურიზებულად ითვლება და საწარმო რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობას იწყებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული თარიღიდან.
81. სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის თარიღი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
9. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა ეგზავნება საწარმოს. დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებს ან/და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს უარი ეთქვა ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებასა და ჩამოწერაზე, პატიებაზე, მესამე პირისათვის გადაკისრებაზე, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობაზე.
10. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1556 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.194
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3643 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.291
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3599 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.351
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
მუხლი 4. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები
1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გაყინვის ვადა არ აღემატება 24 თვეს, ხოლო ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადავადების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 36 თვისა (გაყინვის პერიოდის დასრულებიდან).
2. რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებას გაყინვის პერიოდში პროცენტები და საჯარიმო სანქციები არ ერიცხება.
3. გადავადების პერიოდში რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებას გადაუხდელ თანხაზე ყოველთვიურად ერიცხება სარგებელი 0,5 პროცენტის ოდენობით.
4. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს განმეორებით, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მათ შორის, იმ დავალიანებასთან ერთად, რომელიც უკვე რესტრუქტურიზებულია (შესაბამის პერიოდამდე დარიცხულ სარგებლის თანხასთან ერთად).
5. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 180 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არა უმეტეს 60 თვისა.
6. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა ხორციელდება საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების და ამავე ხელშეკრულების თანახმად გაფორმებული გრაფიკის შესაბამისად.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
მუხლი 5. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები
1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გაყინვის ვადა არ აღემატება 24 თვეს, ხოლო ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გადავადების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 36 თვისა (გაყინვის პერიოდის დასრულებიდან).
2. რესტრუქტურიზაციის პერიოდში რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ სასესხო დავალიანებას გრაფიკით დარჩენილ გადასახდელ თანხაზე ყოველთვიურად ერიცხება სარგებელი 0,5 პროცენტის ოდენობით.
3. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სესხით მოსარგებლე საწარმოს შორის დადებული ხელშეკრულებისა და ამავე ხელშეკრულების თანახმად გაფორმებული გრაფიკის შესაბამისად.
4. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებიდან, პირველ რიგში, იფარება ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის სახით არსებული ნაშთი, ხოლო შემდეგ სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადაუხდელობის შედეგად დარიცხული საურავი.
5. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს განმეორებით, მაგრამ მხოლოდ ერთხელ.
6. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულისა – შესაბამის პერიოდამდე დარიცხულ სარგებლის თანხასთან ერთად) რესტრუქტურიზაციის ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 180 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არა უმეტეს 60 თვისა.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
მუხლი 6. საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმა
საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმა უნდა შეიცავდეს:
ა) ამ საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზს;
ბ) ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და სხვა სახის ღონისძიებებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ამ საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების დაფარვა;
გ) ამ საწარმოს წარმოების ზრდის, პროდუქციის რეალიზაციის, საწარმოო დანახარჯების, მოგებისა და სხვა სახის ძირითად მაჩვენებლებს;
დ) ფულადი შემოსავლებისა და ფულადი რესურსების გამოყენების გაანგარიშებებს.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
მუხლი 7. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები
1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმო ვალდებულია:
ა) სრულად და დროულად დაფაროს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებანი;
ბ) შეასრულოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;
გ) (ამოღებულია).
2. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმოს უფლება აქვს წინასწარ დაფაროს რესტრუქტურიზებული თანხა ან მისი ნაწილი ამ პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად და წერილობით მოითხოვოს შესაბამისი ცვლილების შეტანა (მათ შორის, გადახდის ვადისა და თანხის შემცირება) დავალიანებების დაფარვის შესახებ გაფორმებულ გრაფიკში. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისია. თანხის წინასწარ დაფარვის შემთხვევაში წინასწარ დაფარულ თანხას სარგებელი არ ერიცხება.
3. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში კრედიტორებს, რომლებმაც საწარმოს თანხმობა მისცეს დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე, უფლება არა აქვთ სასამართლოში შეიტანონ განცხადება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ და სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
4. იმ კრედიტორებს, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, უფლება არა აქვთ განსაკუთრებულ შემთხვევებში რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოს მიმართ სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4525 - სსმ I, №9, 31.03.2007 წ., მუხ.90
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
მუხლი 8. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დამთავრება ან ვადამდე შეწყვეტა
1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა მთავრდება და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წყდება:
ა) საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით;
ბ) ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემთხვევაში;
გ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, თუ საწარმომ წინასწარ (ვადამდე) სრულად დაფარა რესტრუქტურიზებული დავალიანება ამ პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად;
დ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტისას:
ა) რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელ თანხაზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან საწარმოს მიმართ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები;
ბ) რესტრუქტურიზებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელი თანხების იძულებით ამოსაღებად საგადასახადო ორგანოები იყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სესხით მოსარგებლე საწარმოს მიმართ სასამართლოში აღძრავს სამოქალაქო სარჩელს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი.
2. ამ კანონით დადგენილი წესით იმპორტის გადასახადების რესტრუქტურიზაცია ხორციელდება მხოლოდ 2005 წლის 1 იანვრამდე ამ გადასახადებში არსებულ დავალიანებებზე.
3. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონის მიზნებისათვის 2008 წლის განმავლობაში, მხოლოდ სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსებიდან გაცემულ კრედიტებზე (სესხებზე), ჯამში არა უმეტეს 100 000 000 ლარისა, რომელთა დაფარვის ვალდებულება წარმოიშობა 2008 წლის 1 იანვრიდან შემდგომ პერიოდებში.
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217
საქართველოს 2008 წლის 12 მარტის კანონი №5860 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.22
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3599 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.351
მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონით დარეგულირებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარება და ჩამოწერა, პატიება, მესამე პირისათვის გადაკისრება, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობა ხორციელდება მხოლოდ იმ საწარმოების მიმართ, რომელთაც საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ წერილობითი მიმართვა (განცხადება) და ამავე კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სრულად წარუდგინეს (დარეგისტრირებულია შესაბამისი წესით) 2014 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3452 - სსმ I, №42, 22.07.2010 წ., მუხ.271
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5505 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 19 დეკემბრის კანონი №113 - ვებგვერდი, 27.12.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 13 თებერვალი.
№3323-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1556 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.194
2. საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217
3. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3643 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.291
4. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4525 - სსმ I, №9, 31.03.2007 წ., მუხ.90
5. საქართველოს 2008 წლის 12 მარტის კანონი №5860 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.22
6. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
7. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1966 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.255
8. საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3452 - სსმ I, №42, 22.07.2010 წ., მუხ.271
9.საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3599 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.351
10. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
11. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5505 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.
12. საქართველოს 2012 წლის 19 დეკემბრის კანონი №113 - ვებგვერდი, 27.12.2012წ.
დოკუმენტის კომენტარები