საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3323
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/02/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 09/03/2004
სარეგისტრაციო კოდი 200.230.100.05.001.001.448
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს  კანონი

საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საწარმოების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის ზოგად პრინციპებს, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს აღნიშნული საწარმოების საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482

საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

     მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საწარმო – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და ორგანიზაციად ცნობილი წარმონაქმნი (მათ შორის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია);

ბ) კომისია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კომისიის შემადგენლობაში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები;

გ) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის;

დ) სასესხო დავალიანება:

დ.ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხის და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტის დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი და დადგენილ ვადაში შეუსრულებელი ვალდებულება;

დ.ბ) ვადადაუმდგარი სასესხო ვალდებულება – საწარმოზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხი და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტი, რომელთა დაბრუნების ვადა არ დამდგარა;

ე) გადახდისუუნარობა – საწარმოს მიერ საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების დადგენილ ვადაში დაფარვის შეუძლებლობა;

ვ) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების (მათ შორის, ჯარიმის, საურავის, პირგასამტეხლოს და სხვა) გაყინვა ან/და გადავადება. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია უნდა მოიცავდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციას, აგრეთვე ამ სასესხო დავალიანების ფარგლებში არსებული ვადადაუმდგარი სასესხო ვალდებულების რესტრუქტურიზაციას;

ზ) დავალიანების გაყინვა – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების დაფარვის ვალდებულების განსაზღვრული ვადით შეჩერება;

თ) დავალიანების გადავადება – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების დაფარვის ვალდებულების განვადება;

ი) განსაკუთრებული შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ხორციელდება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულის) რესტრუქტურიზაცია შემდეგი პირობების არსებობისას:

ი.ა) მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად იმ საწარმოს საპრივატიზებოდ მომზადება, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, ან/და რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სტრატეგიული დანიშნულება ან/და საექსპორტო პოტენციალი აქვს;

ი.ბ) საწარმოს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების არსებობა, რომელიც წარმოიშვა იმ საქონლის/მომსახურების მიწოდებისათვის ანაზღაურების მიუღებლობის გამო, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო;

კ) უიმედო სესხი – სასესხო დავალიანება:

კ.ა) რომელიც ვერ დაიფარება მისი ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებების განხორციელების შედეგად;

კ.ბ) რომელიც არის იმ საწარმოს სასესხო დავალიანება, რომელიც ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ლიკვიდირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ.გ) რომელიც არის იმ საწარმოს სასესხო დავალიანება, რომლის ქონებაც, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ახალ შემძენზე დაუტვირთავი და ვალებისაგან თავისუფალი გადავიდა;

კ.დ) რომელიც, კომისიის შეფასებით, ვერ დაიფარება, საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე;

კ.ე) რომელზედაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;

კ.ვ) რომელზედაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესაბამისი პირის გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან/და რეაბილიტაციის შესახებ, რომლითაც ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული;

ლ) ერთი შესასრულებელი ვალდებულება − განსაზღვრული თარიღისათვის არსებული არარესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან ერთი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1556 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.194

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1966 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.255

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482   

საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

    მუხლი 2. ზოგადი დებულებანი

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარება და ჩამოწერა, პატიება, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ამ კანონით დადგენილი წესით.

2. ამ კანონით დადგენილი წესი (მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში) ვრცელდება ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის განხორციელების დროისათვის არსებულ ვადაგადაცილებულ დავალიანებებზე.

3. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების ამ კანონით დადგენილი წესით რესტრუქტურიზაციის უფლება საწარმოს ეძლევა მხოლოდ გადახდისუუნარობის შემთხვევაში და ერთ შესასრულებელ ვალდებულებაზე მხოლოდ ერთხელ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა.

4. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482

საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

    მუხლი 3 . ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლის კომისია.

2. კომისიას უფლება აქვს, ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის შესწავლისას მოიწვიოს საწარმოს, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები.

3. კომისია შეისწავლის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხს და იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:

ა) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე საწარმოს მიერ რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ;

ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება უიმედო სესხად აღიარებული სასესხო დავალიანების ჩამოწერის შესახებ;

გ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანებების გარკვეული ოდენობით ან სრულად პატიების შესახებ;

დ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანებების დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ;

ე) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ;

ვ) ცალკეული სასესხო დავალიანებების მესამე პირისათვის გადაკისრების შესახებ;

ზ) ცალკეული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების ან/და სასესხო დავალიანებების ოდენობის დაზუსტების შესახებ, ამ დავალიანებების საწარმოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის გათვალისწინებით.

4. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესასწავლად საწარმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) საწარმოს ხელმძღვანელის წერილობით მიმართვას;

ბ) პარტნიორთა/აქციონერთა კრების, უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ;

გ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის განხორციელებაზე იმ კრედიტორთა თანხმობას, რომელთა მოთხოვნა შეადგენს კრედიტორთა (სახელმწიფოს გარდა) მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს;

დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობას შესაბამისი ბიუჯეტის მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ. თუ საწარმოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის/ერთეულების ბიუჯეტის/ბიუჯეტების მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება არ აღემატება ამ ბიუჯეტის/ბიუჯეტების საკუთარი შემოსულობების 5 პროცენტს, აღნიშნულ თანხმობას გასცემს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო, ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში კი – ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;

ე) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის გეგმას;

ვ) წინადადებებს ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების გაყინვის ან/და გადავადების პირობებისა და ვადების შესახებ;

ზ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს/ორგანოების მიერ გაცემულ ინფორმაციას ან შედარების აქტს საგადასახადო დავალიანების (გადასახადების ცალკეული სახეების, ჯარიმებისა და საურავების მიხედვით) შესახებ;

თ) დებიტორებისა და კრედიტორების სიას (თანხების მითითებით), დამოწმებულს საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ;

ი) უძრავი ქონების ჩამონათვალს და ამ ქონების ღირებულების შესახებ აუდიტორულ დასკვნას;

კ) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებულ გასული და მიმდინარე წლების საბუღალტრო ბალანსებს და ამავე ფორმით დამოწმებულ დოკუმენტს გადახდისუუნარობის განმაპირობებელი მიზეზების აღწერის შესახებ.

შენიშვნა: ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს არ ევალება ამ პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა.

41. სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის შესასწავლად საწარმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს წერილობით მიმართვას (განცხადებას), რომელშიც აღწერილი იქნება ის პირობები და მიზეზები, რომელთა გამოც საწარმო ითხოვს სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის განხილვას. მიმართვას (განცხადებას) უნდა ერთოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის მე-4 ან 41 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით – ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას, რომელიც ორი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობის შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტები შეიძლება წარედგინოს მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. საწარმოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

6. კომისიის მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:

ა) საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობები, ვადები, მათი დაფარვის გრაფიკი და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;

ბ) შესაბამის მხარეებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.

7. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კომისიის ოქმს და ხელშეკრულების/ხელშეკრულებების ასლს/ასლებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.

8. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანება რესტრუქტურიზებულად ითვლება და საწარმო რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობას იწყებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული თარიღიდან.

81. სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის თარიღი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით .

9. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა ეგზავნება საწარმოს. დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებს ან/და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს უარი ეთქვა ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებასა და ჩამოწერაზე, პატიებაზე, მესამე პირისათვის გადაკისრებაზე, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობაზე.

10. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1556 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.194

საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3643 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.291

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3599 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.351

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482

საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

    მუხლი 4. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები

1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადაა არაუმეტეს 60 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არაუმეტეს 24 თვისა.

2. რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებას გაყინვის პერიოდში სარგებელი და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საურავი არ ერიცხება.

3. გადავადების პერიოდში რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებას გრაფიკით დარჩენილ გადასახდელ თანხაზე ერიცხება სარგებელი წლიური 6%-ის ოდენობით.

4. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს განმეორებით, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მათ შორის, იმ დავალიანებასთან ერთად, რომელიც უკვე რესტრუქტურიზებულია (შესაბამის პერიოდამდე დარიცხულ სარგებლის თანხასთან ერთად).

5. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 180 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არა უმეტეს 60 თვისა.

6. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა ხორციელდება საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების და ამავე ხელშეკრულების თანახმად გაფორმებული გრაფიკის შესაბამისად.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482

საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

     მუხლი 5. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები

1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადაა არაუმეტეს 60 თვისა ან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ბოლო ვადიდან არაუმეტეს 24 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არაუმეტეს 24 თვისა.

2. რესტრუქტურიზაციის პერიოდში რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების გრაფიკით დარჩენილ გადასახდელ თანხაზე დასარიცხი სარგებლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია; ამასთანავე, სარგებლის წლიური ოდენობაა არანაკლებ 6%-ისა.

3. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დროს გადასახდელი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას განსაზღვრავს კომისია.

4. რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანება იფარება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სესხით მოსარგებლე საწარმოს შორის დადებული ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების თანახმად გაფორმებული გრაფიკის შესაბამისად.

5. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებიდან, პირველ რიგში, იფარება ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის სახით არსებული ნაშთი, ხოლო შემდეგ − სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადაუხდელობის შედეგად დარიცხული საურავი.

6. განსაკუთრებულ შემთხვევაში სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულისა – შესაბამის პერიოდამდე დარიცხულ სარგებლის თანხასთან ერთად) რესტრუქტურიზაციის ვადაა არაუმეტეს 180 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არაუმეტეს 60 თვისა.

7. ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად სესხით მოსარგებლე საწარმო, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა, წარადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის ღირებულება უნდა აღემატებოდეს რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების და მასზე დარიცხული სარგებლის ოდენობას.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482    

საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

 

მუხლი 6. საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმა

საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმა უნდა შეიცავდეს:

ა) ამ საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზს;

ბ) ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და სხვა სახის ღონისძიებებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ამ საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების დაფარვა;

გ) ამ საწარმოს წარმოების ზრდის, პროდუქციის რეალიზაციის, საწარმოო დანახარჯების, მოგებისა და სხვა სახის ძირითად მაჩვენებლებს;

დ) ფულადი შემოსავლებისა და ფულადი რესურსების გამოყენების გაანგარიშებებს.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343

     მუხლი 7. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმო ვალდებულია:

ა) სრულად და დროულად დაფაროს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებანი;

ბ) შეასრულოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;

გ) (ამოღებულია).

2. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმოს უფლება აქვს წინასწარ დაფაროს რესტრუქტურიზებული თანხა ან მისი ნაწილი ამ პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად და წერილობით მოითხოვოს შესაბამისი ცვლილების შეტანა (მათ შორის, გადახდის ვადისა და თანხის შემცირება) დავალიანებების დაფარვის შესახებ გაფორმებულ გრაფიკში. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისია. თანხის წინასწარ დაფარვის შემთხვევაში წინასწარ დაფარულ თანხას სარგებელი არ ერიცხება.

3. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში კრედიტორებს, რომლებმაც საწარმოს თანხმობა მისცეს დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე, უფლება არა აქვთ სასამართლოში შეიტანონ განცხადება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ და სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

4. იმ კრედიტორებს, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, უფლება არა აქვთ განსაკუთრებულ შემთხვევებში რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოს მიმართ სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4525 - სსმ I, №9, 31.03.2007 წ., მუხ.90

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482

     მუხლი 8. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დამთავრება ან ვადამდე შეწყვეტა

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა მთავრდება და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წყდება:

ა) საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით;

ბ) ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემთხვევაში;

გ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, თუ საწარმომ წინასწარ (ვადამდე) სრულად დაფარა რესტრუქტურიზებული დავალიანება ამ პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად;

დ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტისას:

ა) რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელ თანხაზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან საწარმოს მიმართ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები;

ბ) რესტრუქტურიზებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელი თანხების იძულებით ამოსაღებად საგადასახადო ორგანოები იყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სესხით მოსარგებლე საწარმოს მიმართ იყენებს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, ხოლო ასეთი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების არარსებობის შემთხვევაში აღძრავს სამოქალაქო სარჩელს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482

საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.   

     მუხლი 81. რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრი 

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიან რეესტრს.

2. რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესს და რეესტრის ფორმას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

     მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 2. ამ კანონით დადგენილი წესით იმპორტის გადასახადების რესტრუქტურიზაცია ხორციელდება მხოლოდ 2005 წლის 1 იანვრამდე ამ გადასახადებში არსებულ დავალიანებებზე.

3. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონის მიზნებისათვის 2008 წლის განმავლობაში, მხოლოდ სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსებიდან გაცემულ კრედიტებზე (სესხებზე), ჯამში არა უმეტეს 100 000 000 ლარისა, რომელთა დაფარვის ვალდებულება წარმოიშობა 2008 წლის 1 იანვრიდან შემდგომ პერიოდებში.

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217

საქართველოს 2008 წლის 12 მარტის კანონი №5860 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.22

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3599 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.351  

     მუხლი 10.  დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. (ამოღებულია - 06.04.2017, №621). (მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3452 - სსმ I, №42, 22.07.2010 წ., მუხ.271

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5505 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 19 დეკემბრის კანონი №113 - ვებგვერდი, 27.12.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1848 - ვებგვერდი, 2 8 .1 2 .2013წ.

საქართველოს 2017 წლის  6 აპრილის კანონი №621 - ვებგვერდი, 13.04.2017წ.

საქართველოს პრეზიდენტი           მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 13 თებერვალი.

№3323-IIს

15. 06/04/2017 - საქართველოს კანონი - 621-IIს - ვებგვერდი, 13/04/2017 14. 31/10/2014 - საქართველოს კანონი - 2755-Iს - ვებგვერდი, 11/11/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 25/12/2013 - საქართველოს კანონი - 1848-რს - ვებგვერდი, 28/12/2013 12. 19/12/2012 - საქართველოს კანონი - 113-Iს - ვებგვერდი, 27/12/2012 11. 09/12/2011 - საქართველოს კანონი - 5505-IIს - ვებგვერდი, 111220015, 20/12/2011 10. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4062-რს - სსმ, 75, 27/12/2010 9. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3599-IIს - სსმ, 54, 12/10/2010 8. 16/07/2010 - საქართველოს კანონი - 3452 - სსმ, 42, 22/07/2010 7. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1966 - სსმ, 35, 19/11/2009 6. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 971 - სსმ, 41, 30/12/2008 5. 12/03/2008 - საქართველოს კანონი - 5860 - სსმ, 6, 25/03/2008 4. 28/03/2007 - საქართველოს კანონი - 4525 - სსმ, 9, 31/03/2007 3. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3643 - სსმ, 44, 27/11/2006 2. 17/06/2005 - საქართველოს კანონი - 1709 - სსმ, 35, 04/07/2005 1. 03/06/2005 - საქართველოს კანონი - 1556 - სსმ, 31, 27/06/2005
totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.