დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3314 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/02/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 09/03/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.320.050.05.001.001.446 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ.86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. „დაუსაბუთებელი ქონება“ არის ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს არ გააჩნია ან იგი შეძენილია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.
5. „ქონებრივი წარმომავლობის დასაბუთება“ არის დეკლარირებული ქონებისა და ფინანსური რესურსების საკუთრებაში მიღების ფორმის დოკუმენტური ან სიტყვიერი ახსნა-განმარტება წყაროს მითითებით.“.
2. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებზე.“.
3. მე-12 მუხლის:
ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება აქვთ მიიღონ საჩუქარი, თუ ერთი წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების საერთო ღირებულება არ აღემატება საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობას ოჯახის თითოეულ წევრზე.
2. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ პირად საკუთრებაში მიიღონ საჩუქარი საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან ან დაწესებულებისგან ან საერთაშორისო ორგანიზაციისგან ან მათი წარმომადგენლობებისგან და წარმომადგენლებისგან, ასევე სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირებისგან, თუ მისი ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის ოდენობის ნახევარს. ასეთი წყაროებიდან მიღებული და ზემოაღნიშნულზე მეტი ღირებულების საჩუქარი გადაცემის მომენტიდან ან იმ მომენტიდან, როცა თანამდებობის პირმა ან მისი ოჯახის წევრმა შეიტყო მისთვის საჩუქრის გადაცემის შესახებ, 72 საათის განმავლობაში უნდა ჩაბარდეს სახელმწიფო ხაზინას. შესაბამისმა საჯარო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს საჩუქრის გადაცემის შესახებ ინფორმაციის საჯარო რეესტრში შეტანა.
3. თუ თანამდებობის პირს ან/და მისი ოჯახის წევრს ახლო ნათესავი გადასცემს საჩუქრებს, რომელთა საერთო ღირებულება ერთი წლის განმავლობაში აღემატება საარსებო მინიმუმის ათმაგ ოდენობას, თანამდებობის პირი თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარადგენს გადაცემული საჩუქრების დასახელებას, ღირებულებას/ოდენობას და მიუთითებს მჩუქებლის ვინაობას.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-13 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა.“;
ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან:
ა) თუ მან ან მისი ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები;
ბ) თუ სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ თანამდებობის პირის მფლობელობაშია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება.“.
5. მე-14, მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14
1. პირი არ შეიძლება გამწესდეს თანამდებობაზე თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროსთვის ქონებრივი დეკლარაციის წარდგენამდე. ბიურო დეკლარაციას გადასცემს თანამდებობაზე გამწესებელ ორგანოს/ორგანოებს, თანამდებობის პირს. კოლეგიური საჯარო დაწესებულება/თანამდებობის პირი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცნობა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას.
2. თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველი წლის პირველიდან 30 აპრილამდე შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციები.
3. თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში პირველიდან 30 აპრილამდე შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები.
4. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე არსებული მონაცემები.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი თავისუფლდება დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის ვალდებულებისაგან, თუ მან თანამდებობა დატოვა ისეთ თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცების გამო, რომელზე მყოფი პირისთვისაც, ამ კანონის შესაბამისად, დეკლარაციის შევსება სავალდებულოა.
6. თანამდებობის პირი თავისუფლდება დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის ვალდებულებისგან, თუ იგი თანამდებობის დატოვებიდან ერთი თვის განმავლობაში აირჩევა, დაინიშნება ან დამტკიცდება ისეთ დანამდებობაზე რომელზე მყოფი პირისთვისაც, ამ კანონის შესაბამისად, დეკლარაციის შევსება სავალდებულოა.
7. დეკლარაციები წარედგინება თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს.
8. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციები შეივსება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმების მიხედვით.
მუხლი 15
1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ:
ა) ვინაობა, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში მათ მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთები, საქმიანობა;
ბ) მისი და მისი ოჯახის წევრების საიდენტიფიკაციო მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების ადგილი, წელი, თვე და რიცხვი, ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი); დეკლარაციის შევსების მომენტისთვის საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში მის და მისი ოჯახის წევრების მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო (დაკავებული თანამდებობის და ანაზღაურების ოდენობის მითითებით); ოჯახის წევრების შრომითი ბიოგრაფია (სამუშაო ადგილის, დაკავებული თანამდებობის და მუშაობის დროის მონაკვეთის მითითებით);
გ) უძრავი ქონება – მესაკუთრის ვინაობა, ქონების ადგილმდებარეობა და მისამართი; უძრავი ქონების საერთო ფართობი; ქონების ნასყიდობის, ქირავნობის ან გირაოს ღირებულება; ქონების მფლობელობაში მიღების თარიღი. დეკლარაციას თან უნდა დაერთოს მემკვიდრეობის, ნასყიდობის, ჩუქების, პრივატიზების, ქირავნობის ან გირაოს დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
დ) მოძრავი ქონება (გარდა ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშის, ნაღდი ფულის და განკარგვის უფლებით მიღებული ქონებისა), თუ ნივთის ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის ოცმაგ ოდენობას – მესაკუთრის ვინაობა, ნივთის სახეობა, საფირმო სახელწოდება, დამზადების ან გამოშვების დრო, შესყიდვის ფასი და დრო, მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საიჯარო ხელშეკრულების ასლი;
ე) ფასიანი ქაღალდები – მესაკუთრის ვინაობა, საკუთრებაში მიღების დრო, ნომინალი, შესყიდვის ღირებულება, რაოდენობა, მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ვ) საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში –მესაკუთრის ვინაობა, ანგარიშის სახეობა, გახსნის თარიღი, თანხის ოდენობა;
ზ) ნაღდი ფული, მათ შორის, სხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის არარეგისტრირებულად გასესხებული ან/და მისგან არარეგისტრირებული სესხის სახით მიღებული – ნაღდი ფულის მესაკუთრის ვინაობა, იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლისგანაც მიღებულია ან/და რომლისთვისაც გადაცემულია სესხი, სესხის მიღების/გაცემის თარიღი, სესხის მიმღების/გამცემის წერილობითი დასტური;
თ) განკარგვის უფლებით მიღებული ქონება – მესაკუთრის ვინაობა, ქონების სახეობა, სრული სახელწოდება, დამზადების ან გამოშვების დრო, განკარგვის უფლების მფლობელი, უფლების მიღების თარიღი და ქონების მისამართი (უძრავი ქონებისთვის), განკარგვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ი) მოქმედი ან/და წლის განმავლობაში დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის ათმაგ ოდენობას – ხელშეკრულების სახე, ხელშეკრულებაში მონაწილე პირები, ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება, ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა იმ ორგანოს მითითებით, რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების რეგისტრაცია ან დამოწმება;
კ) საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობა – საწარმოს საქმიანობაში მონაწილე პირი და მონაწილეობის ფორმა, საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი, საწარმოს მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი;
ლ) დეკლარაციის შევსების თარიღი და პირის ხელმოწერა.
2. თანამდებობის პირი ვალდებულია დაასაბუთოს ამ მუხლის პირველ პუნქტში დეკლარირებული ქონების და ფინანსური რესურსების წარმომავლობა.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში დეკლარირებული ქონების და ფინანსური რესურსების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში თანამდებობის პირმა უნდა მიუთითოს ასეთი დოკუმენტის არარსებობის გარემოებებზე.
მუხლი 16
1. თანამდებობის პირის საფინანსო დეკლარაცია ასახავს მისი ქონებრივი მდგომარეობის ცვლილებას და შეიცავს ინფორმაციას ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ი“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემების ცვლილებისა და მიღებული შემოსავლების შესახებ.
2. თანამდებობის პირი ვალდებულია უზრუნველყოს ქონებრივი წარმომავლობის დასაბუთება, დაასაბუთოს საფინანსო დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები შემოსავლების ან/და მფლობელობაში მიღებული ქონების შესახებ.
3. საფინანსო დეკლარაციაში შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე ერთი კალენდარული წლის მონაცემები.“.
6. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-18 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეკლარაციის მიღების, შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საჯაროობისა და დეკლარაციების დროულად ჩაბარებაზე კონტროლის უზრუნველყოფის, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელების მიზნით იქმნება თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო (შემდგომში – ბიურო), რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ბიურო უზრუნველყოფს:“;
ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ამ კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენას და საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელთათვისაც დეკლარაციების შევსება სავალდებულოა, აგრეთვე რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;“;
ბ) მე-2–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. ბიუროს ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მუშაობის წესს განსაზღვრავს მისი დებულება, რომელსაც ბიუროს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.
8. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს, მიიღოს დეკლარაციის ასლი და გაეცნოს მას, გარდა დეკლარაციის საიდუმლო გრაფისა.“.
9. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
10. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10–მე-11 პუნქტები:
„10. გაუქმდეს ამ კანონის დანართები – თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ფორმები.
11. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურომ 2004 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ახალი ფორმები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 ივლისიდან, გარდა მე-10 პუნქტით გათვალისწინებული 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის დამატებისა, რომელიც ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 13 თებერვალი.
№3314–IIს
დოკუმენტის კომენტარები