დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის განხორციელების აღიარების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4701-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/05/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110520021, 20/05/2011 |
სარეგისტრაციო კოდი |
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია
რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის განხორციელების აღიარების შესახებ
საქართველოს პარლამენტი:
ითვალისწინებს ჩერქეზების მიმართ რუსეთის იმპერიის კოლონიურ პოლიტიკას რუსეთ-კავკასიის ომის (1763–1864 წწ.) პერიოდში, როდესაც იმპერიის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ წინასწარ დაგეგმა და შემდგომ განახორციელა ეთნიკური ნიშნით წმენდა ჩერქეზეთის ტერიტორიებზე, ხოლო მათგან დაცლილ ადგილებში მიზანმიმართულად ჩაასახლა სხვა ეთნიკური ჯგუფები;
ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მრავალი სადამსჯელო სამხედრო ექსპედიციის შედეგად ფიზიკურად განადგურდა ან სამშობლოდან განიდევნა ჩერქეზი მოსახლეობის 90%-ზე მეტი;
ითვალისწინებს რუსეთის იმპერიის მრავალ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლებითაც დასტურდება რუსეთ-კავკასიის ომის დროს იმპერიის სამხედრო შენაერთების აგრესიული ქმედებები, კერძოდ, ხელოვნურად მოწყობილი შიმშილობები და ეპიდემიები, რომლებიც მიზნად ისახავდა მშვიდობიანი მოსახლეობის − ჩერქეზი ეროვნების წარმომადგენელთა − ფიზიკურ განადგურებას;
ითვალისწინებს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1992 წლის 7 თებერვლის №977–XII-B დადგენილებას „რუსეთ-კავკასიის ომის წლებში ადიღელების (ჩერქეზების) გენოციდის აქტის დაგმობის შესახებ“ და სამართლებრივ-პოლიტიკურ შეფასებას აძლევს რუსეთ-კავკასიის ომის (1763–1864 წწ.) შედეგებს;
ითვალისწინებს ხანგრძლივ კვლევას, რომელმაც მოცემულ შემთხვევაში დაადგინა გენოციდის როგორც ფაქტი, ისე განზრახვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. აღიარებულ იქნეს რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში ჩერქეზების (ადიღელების) მასობრივი განადგურება და ისტორიული სამშობლოდან განდევნა გენოციდის აქტად, თანახმად „სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ“ ჰააგის 1907 წლის 18 ოქტომბრის IV კონვენციისა და „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილების და მისი დასჯის შესახებ“ გაეროს 1948 წლის 9 დეკემბრის კონვენციისა.
2. აღიარებულ იქნენ ლტოლვილებად რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში და შემდგომ დეპორტირებული ჩერქეზები, თანახმად „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის 28 ივლისის კონვენციისა.
თბილისი,
2011 წლის 20 მაისი.
№4701–Iს
დოკუმენტის კომენტარები