დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3175 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/12/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/12/2003 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.001.420 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს შეუძლიათ შემოიღონ მხოლოდ ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადები.“.
2. მე-6 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადგილობრივ გადასახადებს განეკუთვნება:
ა. სათამაშო ბიზნესის გადასახადი;
ბ. საკურორტო გადასახადი;
გ. სასტუმროს გადასახადი;
დ. რეკლამის გადასახადი;
ე. გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის;
ვ. მიწის გადასახადი.
4. საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს შორის გადასახადების განაწილების წესი განისაზღვრება „საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებისაგან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა კანონებით.“.
3. 42-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წლიური დეკლარაციის მიხედვით გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი მცირდება ფიზიკური პირის მიერ წელიწადში 3000 ლარამდე მიღებულ დივიდენდებსა და პროცენტებზე გადახდილი გადასახადის თანხით, თუ არსებობს მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.
4. 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 134-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკრძალულია აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მიწოდება და თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში – საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და გადაადგილება საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული წესით, აგრეთვე მარკირების გარეშე 10 ლიტრისა და მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელების (გარდა ლუდისა და ღვინისა) საცალო ქსელში მიწოდება. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის ნიშანდება ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.
6. VI კარი ამოღებულ იქნეს.
7. 162-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადასახადი გადაიხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის (თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა მესაკუთრეს მოცემული წლის გადასახადი არა აქვს გადახდილი) ან ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერების დროს.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გადასახადს კრეფს ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესაბამისი რაიონული საგადასახადო ინსპექცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთად.“.
8. 206-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის და ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადი გადაიხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, ხოლო გადასახადი ზენორმატიული დატვირთვისათვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილებში.“;
ბ) მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი – საქართველოს საზღვრის შიგნით გადაადგილებისას.“.
9. 209-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
10. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211-ე, 212-ე, 213-ე, 214-ე და 215-ე მუხლები:
„მუხლი 211. საკურორტო გადასახადი
1. საკურორტო გადასახადს იხდიან ფიზიკური პირები საკურორტო ადგილებში დასვენებისა (მკურნალობისა) და საკურორტო მომსახურების მიღებისათვის.
2. საკურორტო გადასახადის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება ერთ კაცზე თვეში არა უმეტეს 10 ლარით.
მუხლი 212. სასტუმროს გადასახადი
1. სასტუმროს გადასახადს იხდიან იურიდიული და მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც შესაბამისი ქალაქის (რაიონის) ტერიტორიაზე ფიზიკურ პირებს სათანადო ანაზღაურების ფასად გადასცემენ დროებით საცხოვრებელ ფართობს სასტუმროებში, პანსიონატებში, მოტელებში, კემპინგებსა და სხვა ანალოგიურ ობიექტებში.
2. სასტუმროს გადასახადის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება დროებითი საცხოვრებელი ფართობით სარგებლობის ღირებულების არა უმეტეს 2 პროცენტით.
მუხლი 213. რეკლამის გადასახადი
1. რეკლამის გადასახადს იხდიან რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში ახდენენ თავიანთი საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეკლამირებას ან/და ეკონომიკური საქმიანობის მიზნით იძენენ სარეკლამო მომსახურებას. ეკონომიკური საქმიანობის მიზნით გაწეულ სარეკლამო მომსახურებაში იგულისხმება რეკლამის გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, კატალოგებით, პრეისკურანტებით, ცნობარებით, აფიშებით, პლაკატებით, სარეკლამო ფარებითა და ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებებით.
2. ეკონომიკური საქმიანობის მიზნით გაწეულ სარეკლამო მომსახურებად არ ითვლება სოციალური რეკლამისა და საქველმოქმედო ღონისძიებათა რეკლამის გავრცელება.
3. რეკლამის გადასახადის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება რეკლამის დამზადებასა და გავრცელებაზე გაწეული საქმიანობისა და მომსახურების ღირებულების ან/და სარეკლამო საშუალებების ღირებულების არა უმეტეს 10 პროცენტით დღგ-ის გარეშე.
მუხლი 214. გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის
1. ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის გადასახადს იხდიან იურიდიული და მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც იყენებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებულ სიმბოლიკას – გერბებს, ისტორიული ან არქიტექტურული ძეგლების გამოსახულებებს, ქალაქის ან მისი ცალკეული ადგილების ხედებსა და სხვა ანალოგიურ სიმბოლოებს.
2. არ შეიძლება ადგილობრივ სიმბოლოდ ქალაქის (რაიონის) ან სხვა დასახლებული პუნქტის სახელის გამოყენება.
3. ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის გადასახადის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებით ნიშანდებული საქონლის მიწოდებიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 2 პროცენტით.
მუხლი 215. მიწის გადასახადი
1. მიწის გადასახადს იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთი.
2. მიწის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
ბ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
3. დასაბეგრი მიწის ფართობი მოიცავს შენობა-ნაგებობებით დაკავებულ, ასევე მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობების სანიტარიულ-ტექნიკურ ზონას, თუ ის არ იმყოფება სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სარგებლობაში.
4. მიწის გადასახადის განსაზღვრის საფუძველია მიწის ფართობის საკუთრების ან მისით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. შენობა-ნაგებობებით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის სარგებლობაში ან საკუთრებაშია, მიწის გადასახადი გადაიხდება ყოველი ნაგებობისათვის ცალ-ცალკე, თითოეული პირის სარგებლობაში ან თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად.
6. მიწის გადასახადის ოდენობა არ არის დამოკიდებული მის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის შედეგებზე და დგინდება ფიქსირებული წლიური გადასახადის სახით, მიწის ფართობის ერთეულზე.
7. მიწის გადასახადი დიფერენცირებულია მიწის ხარისხისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.
8. სხვა სახელმწიფოსათვის სარგებლობაში გადაცემული მიწის გადასახადი გადაიხდება ამ კოდექსით განსაზღვრული წესითა და პირობებით, თუ საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
9. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ა. სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, ბუნებრივი და გაკულტურებული სათიბები და საძოვრები;
ბ. არსებული წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწები;
გ. საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები;
დ. დასახლებული პუნქტების ფარგლებს გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ე. ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მოქცეული მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მათი გამოყენება ნებადართულია არსებული წესის მიხედვით;
ვ. სამელიორაციო ქსელებით დაკავებული მიწები;
ზ. სხვა მიწა, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
10. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის საბაზისო განაკვეთი დიფერენცირებულია ადმინისტრაციული ერთეულებისა და მიწის ხარისხის მიხედვით და დგინდება ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:
ა. საქალაქო (სადაბო) ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებს გარეთ არსებული სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის:
ადმინისტრაციული ერთეულების დასახელება | საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) | |
მიწის ხარისხი | ||
კარგი | მწირი | |
1. თბილისი, მარნეული | 57 | 31 |
2. ბოლნისი, გარდაბანი | 52 | 27 |
3. რუსთავი | 51 | 27 |
4. ბათუმი, გაგრა, გალი, გუდაუთა, გულრიფში, ოჩამჩირე, სოხუმი | 51 | 27 |
5. ქობულეთი, ხელვაჩაური, გურჯაანი, დედოფლისწყარო | 44 | 24 |
6. თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი | 43 | 22 |
7. ყვარელი, გორი, მცხეთა, ახმეტა, დმანისი, ერედვი | 39 | 21 |
8. კასპი, თეთრიწყარო, სამტრედია | 38 | 20 |
9. საგარეჯო, ქარელი, ხაშური | 36 | 20 |
10. ქურთა, წალკა | 34 | 19 |
11. აბაშა, ზუგდიდი | 34 | 18 |
12. ახალქალაქი, ახალციხე | 34 | 19 |
13. მარტვილი, სენაკი, ხობი, ფოთი | 33 | 17 |
14. ნინოწმინდა | 33 | 17 |
15. ახალგორი, ვანი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ოზურგეთი | 30 | 15 |
16. ბაღდათი, თერჯოლა, ხონი, ქუთაისი | 28 | 15 |
17. წალენჯიხა, წყალტუბო, ჩხოროწყუ | 24 | 13 |
18. საჩხერე, ცაგერი, ცხინვალი | 22 | 12 |
19. ამბროლაური, დუშეთი, თიანეთი, ადიგენი, ბორჯომი | 18 | 11 |
20. ასპინძა, ტყიბული, ხულო, ქედა | 17 | 9 |
21. შუახევი, ხარაგაული, ჭიათურა, ლენტეხი, ონი, ჩოხატაური, მესტია, ყაზბეგი, ჯავა | 13 | 8 |
ბ. ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისათვის:
ადმინისტრაციული ერთეულების დასახელება | საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) | |||
სათიბები | საძოვრები | გაკულტურებული | ||
სათიბები | საძოვრები | |||
1. აბაშა, ახალქალაქი, გორი, ბათუმი, ბოლნისი, გაგრა, გალი, გარდაბანი, გუდაუთა, გულრიფში, გურჯაანი, დედოფლისწყარო, დმანისი, ზუგდიდი, თბილისი, თეთრიწყარო, თელავი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, მარნეული, მცხეთა, ნინოწმინდა, ოზურგეთი, ოჩამჩირე, რუსთავი, სამტრედია, სენაკი, სიღნაღი, სოხუმი, ქუთაისი, ქობულეთი, ყვარელი, წალკა, წყალტუბო, ხელვაჩაური, ხობი, ფოთი |
6 |
3 |
8 |
4 |
2. ადიგენი, ასპინძა, ახალგორი, ბაღდათი, ბორჯომი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, თიანეთი, კასპი, მარტვილი, საგარეჯო, საჩხერე, ტყიბული, ქარელი, ქედა, შუახევი, ჩოხატაური, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხარაგაული, ხაშური, ხონი, ხულო, ახალციხე |
4 |
2 |
7
|
3 |
3. ამბროლაური, ახმეტა, დუშეთი, ლენტეხი, მესტია, ონი, ყაზბეგი, ცაგერი, ცხინვალი, ჭიათურა, ჯავა | 2,5 | 1,5 | 4 | 2 |
11. გარანტირებული სამელიორაციო ქსელებით დაკავებული სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის განსაზღვრისას შესაბამისი სასოფლო-ადმინისტრაციული რაიონების (ქალაქების) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები უფლებამოსილნი არიან საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარდგინებით გაზარდონ მიწის გადასახადი 100 პროცენტამდე (იმის გათვალისწინებით, რომ თანაბარ პირობებში მყოფ სამეურნეო სუბიექტებს არ ჰქონდეთ განსხვავებული გადასახადი).
12. ამ მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიწის გადასახადის საბაზისო განაკვეთები შესაბამისი სასოფლო-ადმინისტრაციული რაიონების (ქალაქების) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ხარისხისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება შემცირებულ ან გაუქმებულ იქნეს.
13. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის განაკვეთის გამრავლებით მიწის ნაკვეთის ფართობზე (ჰექტრებში).
14. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ მუხლის მე-9 ნაწილით არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს.
15. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში არა უმეტეს 0,24 ლარით.
16. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტსა და მიწის ფართობზე.
17. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი დიფერენცირებულია მიწის ადგილმდებარეობისა და ზონის მიხედვით.
18. ზონის საზღვრების დადგენა და მიწის გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება ტერიტორიის ექსპერტული სოციალურ-ეკონომიკური შეფასების საფუძველზე, დასახლებული პუნქტის განაშენიანების გეგმის ან სხვა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მონაცემთა გათვალისწინებით, რომელთაც ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარდგინებით.
19. მიწის გადასახადით არ იბეგრება:
ა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწებისა;
ბ. სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოცდის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოები ფინანსდება ბიუჯეტიდან;
გ. ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება უსინათლოების, ყრუ-მუნჯების, გონებრივად ჩამორჩენილი და ფიზიკურად განუვითარებელი ბავშვების, ომის ვეტერანთა საზოგადოებების, მოხუცთა და ბავშვთა სახლების, მოზარდთა სოციალური ადაპტაციისა და შრომითი რეაბილიტაციის ცენტრების მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისათვის და ფინანსდება ბიუჯეტიდან; ნაკვეთები, გამოყენებული ბავშვთა სახლების, სპეციალური სკოლა-ინტერნატების, ბავშვთა სოფლებისა და საბავშვო ბაღების მიერ, რომლებიც უსასყიდლოდ ეწევიან ბავშვთა მოვლა-აღზრდას და მათთვის განათლების მიცემას, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
დ. ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციების მიწის ფართობები, რომლებზედაც განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიულ, კულტურულ და არქიტექტურულ ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები, თუ ისინი არ გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისათვის რომელშიც არ იგულისხმება შესასვლელი ბილეთების რეალიზაცია;
ე. ბუნებრივი პარკები, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღები, კულტურისა და დასვენების მუნიციპალური პარკები და სასაფლაოები, ზოოლოგიური ბაღები და პარკები, ოკეანარიუმები, სკვერები, ხეივნები, დაცული ტერიტორიები, სატყეო ორგანიზაციები, აგრეთვე ღია საუწყებო პარკები, ბაღები და ტყე-ბაღები, გარდა ამ ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობისათვის, გამოყენებული ნაკვეთებისა;
ვ. ქალაქის წყალსაცავები და მათი აკვატორიები, ის მიწები, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის და არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ზ. ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრების, გარემოს დაბინძურების კონტროლის სადგურებისა და დანადგარების ფუნქციონირებისათვის გამოყენებული მიწები;
თ. სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისათვის, ელექტროსადგურებისა და სამელიორაციო სისტემებისა და მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი წყალსაცავებით დაკავებული მიწები და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი და ტექნიკური ზონები;
ი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და გამოუყენებელი სათიბები, საძოვრები, სარეკულტივაციო და სამარაგო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები;
კ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის შედეგად;
ლ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზე მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტიც განადგურდა სტიქიის (ქარიშხალი, სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა) და სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად. მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით. კომისიის დასკვნა დგება ორჯერ – სტიქიის დამთავრების მომენტიდან 2 კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ;
მ. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში;
ნ. ნასოფლარების ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები – დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში;
ო. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები – პრივატიზაციის წესით მიღებულ მიწის ფართობებზე;
პ. ქურთის, ერედვისა და თიღვის თემები, სოფლები: ავნევი და ნული – დროებით, კონფლიქტის მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე;
ჟ. ის მიწები, რომლებიც გამოიყენება აეროდრომების, აეროპორტების, ვერტოდრომებისა და აერონავიგაციის უსაფრთხოების ზონებად და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, აგრეთვე ნავსადგურებისათვის პერსპექტიული განვითარების მიზნით დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
რ. სამონადირეო მეურნეობები;
ს. ენერგიის განახლებადი წყაროების (მზის, ქარის, გეოთერმული, ბიომასის ენერგია და ჰიდროენერგია) ასათვისებელი მოწყობილობებისა და ენერგოდამზოგავი საშუალებების (ენერგოდამზოგავი ნათურები) წარმოებისათვის გამოყენებული მიწის ნაკვეთები;
ტ. „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობზე განლაგებული რაიონებისა და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი – მოცემულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე. სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე მიწის გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით;
უ. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი სხვა მიზნით არ გამოიყენება;
ფ. სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება არასამედიცინო ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ქ. 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული, 5 ჰა-მდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
20. დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც შეღავათების მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი მის საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ან მის ნაწილს) ანდა შენობა-ნაგებობებს (ან მათ ნაწილს) იჯარით გადასცემს სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.“.
11. 227-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 227. ინსტრუქციები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ კოდექსის აღსრულების მიზნით ამტკიცებს ინსტრუქციებს, რომლებსაც შეიმუშავებენ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტები. ინსტრუქციის არც ერთ დებულებას, რომელიც არ შეესაბამება ამ კოდექსს, სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.
2. ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ინსტრუქციები უნდა შეუთანხმდეს შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს:
ა. გადასახადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს;
ბ. გადასახადი მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს;
გ. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს;
დ. მიწის გადასახადი – საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს;
ე. სოციალური დაზღვევის გადასახადი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;
ვ. გადასახადი საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის და ზენორმატიული დატვირთვისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს.“.
12. 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
13. 270-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
14. 272-ე მუხლის 25-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„25. „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 683) მე-6 და მე-7 მუხლები 1998 წლის 1 იანვრიდან, ხოლო მე-4, მე-9 და მე-10 მუხლები – 2004 წლის 1 ივლისიდან.“.
15. 273-ე მუხლის:
ა) 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. საწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდებას, საკანალიზაციო წყლების გატარება-ჩაშვებისა და გაწმენდის სამუშაოებსა და მომსახურებას, 2005 წლის 1 იანვრამდე საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებაზე გადასახდელი დღგ განისაზღვროს მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მოცულობის 60 პროცენტიდან. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ანაზღაურება მეტია, მაშინ დღგ-ის გადახდა განხორციელდეს ფაქტობრივი ანაზღაურებით. ამასთან, ამ საწარმოების მიერ მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიხედვით დღგ-ის ჩათვლა განხორციელდეს 60 პროცენტის პროპორციულად, ხოლო თუ ამ პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ანაზღაურება მეტია, მაშინ დღგ-ის ჩათვლა განხორციელდეს ფაქტობრივი ანაზღაურების მიხედვით.“;
ბ) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-10 და მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ 2005 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნებულ იქნეს დღგ-ით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ცენტრალიზებული წესი. ამასთან, დღგ-ის მიხედვით დეკლარაციის წარდგენა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება მოხდება საანგარიშო მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის, ხოლო მოგების გადასახადი ჩაირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტში და დადგენილი წესით გადანაწილდება ბიუჯეტებს შორის.
11. 2005 წლის 1 იანვრამდე ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა სარკინიგზო ტრანსპორტისათვის განხორციელდეს ძირითად საშუალებათა საერთო საბალანსო ღირებულების 7 პროცენტამდე ოდენობით.“;
დ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. 2001 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 1 ივლისამდე:
ა. თამბაქოს ნაწარმის (თამბაქოს ნედლეულის გარდა) იმპორტი საბაჟო გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზის ნაცვლად დაიბეგროს შემდეგი ოდენობის ფიქსირებული გადასახადით:
ა.ა) მოსაწევი თამბაქო (ჩიბუხის) – 20 ლარი 1 კგ-ზე;
ა.ბ) სიგარა – 60 თეთრი 1 ცალზე;
ა.გ) სიგარილა და ფილტრიანი სიგარეტი – 40 თეთრი 1 კოლოფზე (20 ღერი);
ა.დ) ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი – 20 თეთრი 1 კოლოფზე (20 ღერი);
ბ. ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმის მიწოდება (თამბაქოს ნედლეულის გარდა) დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზის ნაცვლად დაიბეგროს შემდეგი ოდენობის ფიქსირებული გადასახადით:
ბ.ა) მოსაწევი თამბაქო (ჩიბუხის) – 20 ლარი 1 კგ-ზე;
ბ.ბ) სიგარა – 60 თეთრი 1 ცალზე;
ბ.გ) სიგარილა და ფილტრიანი სიგარეტი – 20 თეთრი 1 კოლოფზე (20 ღერი);
ბ.დ) ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი – 7 თეთრი 1 კოლოფზე (20 ღერი);
გ. ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკების შეძენისას გადაიხდევინება ფიქსირებული გადასახადი და აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება სრული ოდენობით;
დ. სიგარეტის მიწოდება დღგ-ით არ იბეგრება;
ე. ამ ნაწილის მოქმედების პერიოდში დღგ-ის ჩათვლა არ წარმოებს.“;
ე) კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 ნაწილი:
„14. 2004 წლის 1 ივლისიდან 2006 წლის 1 იანვრამდე:
ა. თამბაქოს ნაწარმის (თამბაქოს ნედლეულის გარდა) იმპორტი საბაჟო გადასახადისა და აქციზის ნაცვლად დაიბეგროს შემდეგი ოდენობის ფიქსირებული გადასახადით:
ა.ა) მოსაწევი თამბაქო (ჩიბუხის) – 20 ლარი 1 კგ-ზე;
ა.ბ) სიგარა – 60 თეთრი 1 ცალზე;
ა.გ) სიგარილა და ფილტრიანი სიგარეტი – 40 თეთრი 1 კოლოფზე (20 ღერი);
ა.დ) ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი – 20 თეთრი 1 კოლოფზე (20 ღერი);
ბ. ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმის (თამბაქოს ნედლეულის გარდა) მიწოდება აქციზის ნაცვლად დაიბეგროს შემდეგი ოდენობის ფიქსირებული გადასახადით:
ბ.ა) მოსაწევი თამბაქო (ჩიბუხის) – 20 ლარი 1 კგ-ზე;
ბ.ბ) სიგარა – 60 თეთრი 1 ცალზე;
ბ.გ) სიგარილა და ფილტრიანი სიგარეტი – 25 თეთრი 1 კოლოფზე (20 ღერი);
ბ.დ) ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი – 10 თეთრი 1 კოლოფზე (20 ღერი);
გ. ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკების შეძენისას გადაიხდევინება ფიქსირებული გადასახადი და აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება სრული ოდენობით.“;
ვ) 28-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„28. 2005 წლის 1 იანვრამდე მიწის გადასახადისაგან გათავისუფლდეს მიწის ის ფართობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავებული სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი საქმიანობის სავაგონო და სალოკომოტივო დეპოებისა და სალიანდაგო დისტანციების მიერ და გამოიყენება ძირითადი საქმიანობისათვის, აგრეთვე არაფუნქციონირებადი რკინიგზის სადგურების მიერ დაკავებული მიწები, რომლებიც არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.“;
ზ) კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 36-ე ნაწილი:
„36. 2005 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურებისათვის) ბუნებრივი აირის მიწოდება და იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადით არ დაიბეგროს.“;
თ) 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„37. ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 47-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები, 1391 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, 143-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი და 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.“;
ი) 38-ე, 61-ე, 67-ე, 68-ე, 69-ე და 70-ე ნაწილები ამოღებულ იქნეს;
კ) 39-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„39. ლტოლვილთა და დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებში, მათი მომსახურებით დაკავებული საწარმოებისათვის, საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში 2005 წლის 1 იანვრამდე საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების მოცულობა განისაზღვროს ფაქტობრივად ანაზღაურებული ღირებულების მიხედვით.“;
ლ) 50-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„50. 2006 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ბაზრების ორგანიზებას, მათი საქმიანობის ამ ნაწილში გადასახდელი დამატებული ღირებულების, მოგებისა (ფიზიკური პირის შემთხვევაში – საშემოსავლო) და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადების ნაცვლად დაიბეგრონ ერთიანი, ფიქსირებული, კომბინირებული გადასახადით ბაზრის ორგანიზებისათვის.“;
მ) 59-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„59. ამ მუხლის 53-ე, 55-ე და 63-ე ნაწილებით განსაზღვრული თანხის 74 პროცენტი ჩაითვალოს დამატებული ღირებულების, 22 პროცენტი – მოგების (ფიზიკური პირის შემთხვევაში – საშემოსავლო), ხოლო 4 პროცენტი – საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადების ანგარიშში. ამ გადასახადების განაწილებას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი.“;
ნ) 63-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„63. 2005 წლის 1 იანვრამდე:
ა. ამ ნაწილით დაწესებული დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობის უფლება აქვთ პირებს, რომელთაც საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში აქვთ პურ-ფუნთუშეულის საცხობი საწარმოო სიმძლავრეები, რომელთა საშუალებითაც ახორციელებენ პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და მიწოდებას. ეს პირები მათი საქმიანობის ამ ნაწილში დამატებული ღირებულების, მოგებისა (ფიზიკური პირების შემთხვევაში – საშემოსავლო) და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადების ნაცვლად იბეგრებიან პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადით;
ბ. პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი თვეში საცხობებისათვის მათი მოქმედი ღუმელების საცხობი ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, შეადგენს:
ბ.ა) 270 ლარს იმ საცხობებისათვის, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი აღემატება 20 კვ.მ-ს;
ბ.ბ) 200 ლარს იმ საცხობებისათვის, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი არ აღემატება 20 კვ.მ-ს;
გ. იმ საცხობებისათვის, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი არ აღემატება 3 კვ.მ-ს, და თითოეული თონისათვის ფიქსირებული გადასახადი განისაზღვრება მათი განთავსების ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და შეადგენს:
გ.ა) 50 000 მოსახლემდე – 20 ლარს;
გ.ბ) 50 000-დან 200 000 მოსახლემდე – 35 ლარს;
გ.გ) 200 000 მოსახლის ზევით – 50 ლარს;
დ. პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ამ ნაწილის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიქსირებული გადასახადების გადახდისას საანგარიშო პერიოდის მიხედვით ნაზარდი ჯამით შეამციროს ფიქსირებული გადასახადის თანხა ფქვილის მწარმოებლებისა და იმპორტიორებისაგან შეძენილ, პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის განკუთვნილ ფქვილზე გადახდილი დღგ-ის თანხებით, მოქმედი ღუმელის 20 კვ.მ-მდე საცხობი ფართობის ყოველ კვ.მ-ზე არა უმეტეს 110 ლარით, ხოლო 20 კვ.მ-ის ზევით საცხობი ფართობის ყოველ კვ.მ-ზე – არა უმეტეს 180 ლარით. ამასთან, იმ საწარმოებს, რომლებიც პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის იყენებენ საკუთარი წარმოების ფქვილს, შეუძლიათ გადასახადის თანხა შეამცირონ ხორბლის მწარმოებელი და იმპორტიორი მომწოდებლებისათვის გადახდილი დღგ-ის თანხებით;
ე. ის პირები, რომელთაც საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში აქვთ საცხობები, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი არ აღემატება 20 კვ.მ-ს, ან თონეები, რომელთა რაოდენობა არ აღემატება სამს, დამატებით თავისუფლდებიან ამ საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან საცხობებსა და თონეებში დასაქმებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების მიხედვით სოციალური გადასახადისაგან, ხოლო ამ თანხების მიმღები ფიზიკური პირები – ამ ნაწილში საშემოსავლო და სოციალური გადასახადებისაგან;
ვ. უმოქმედო ღუმელი (თონე) გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, პურის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის გაანგარიშების მიზნით ექვემდებარება კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანას. ასეთ შემთხვევაში ღუმელის საცხობი ფართობი (თონე) გადასახადის გაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული. კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანა ან ამ რეჟიმის მოხსნა ხორციელდება გადამხდელის გადაწყვეტილებით, რის შესახებაც მან საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, წერილობით უნდა აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს. კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი ღუმელი (თონე) ილუქება შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ლუქით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი ღუმელი (თონე) მოცემული საანგარიშო პერიოდის გადასახადის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება;
ზ. პურის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული პურის მიწოდება მიმოქცევის არც ერთ ეტაპზე დღგ-ით არ იბეგრება;
თ. პურის წარმოებისათვის ფიქსირებულ გადასახადს გადამხდელი იხდის ყოველთვიურად, საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, რისთვისაც შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგენს დეკლარაციას იმავე ვადაში.“;
ო) კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71-ე და 72-ე ნაწილები:
„71. 2004 წლის 1 მარტიდან „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადასახადების ადმინისტრირება განახორციელონ საგადასახადო ორგანოებმა ამ კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით.
72. 2004 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა განახორციელოს მიწების ხელახალი სავალდებულო უფასო რეგისტრაცია. პირებს, რომლებიც 2004 წლის 1 ივლისამდე არ გაივლიან ხელახალ რეგისტრაციას, დაეკისრებათ პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილები ამოქმედდეს 2004 წლის 1 მარტიდან.
მუხლი 3. ეს კანონი, გარდა მე-7 და მე-8 ნაწილებისა, ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2003 წლის 31 დეკემბერი.
№3175–რს
დოკუმენტის კომენტარები