მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ

  • Word
მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110407027, 07/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 18/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.016085
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
46/ნ
07/04/2011
ვებგვერდი, 110407027, 07/04/2011
430190000.22.022.016085
მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (07/04/2011 - 21/11/2011)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 46/ნ

2011 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჭ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წეს და პირობები” დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  ა. სეფერთელაძე

 

დანართი

მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობები

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების (შემდგომში – ტესტირება) ჩატარების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. გამოცდის სამართლებრივი შედეგები

ტესტირების შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ის პირები, რომლებიც მიიღებენ მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

თავი II. ტესტირება

   მუხლი 3. ტესტირებაზე გასვლის უფლების მქონე პირები

ტესტირებაზე გასვლის უფლება აქვს მასწავლებელს, რომელსაც მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი.

მუხლი 4. ტესტირების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოები

სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ტესტირების ჩატარებას მასწავლებლებისთვის უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი).

მუხლი 5. ტესტირების ჩატარების ფორმა და შეფასება

1. ტესტირება ტარდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. ინგლისური ენისა და კომპიუტერის ტესტი ინტეგრირებულია ერთდროულად მოწმდება ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტესტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს ტესტის მაქსიმალური ქულის 70%-. ტესტის მაქსიმალური ქულას ტესტირებამდე ადგენს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.

3. მასწავლებელს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტ ქულათა ოდენობას.

თავი III. ტესტირების დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესი

   მუხლი 6. ტესტირების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები

1. ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო).

2. ტესტირებაზე მასწავლებელთა რეგისტრაციას და ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, ტესტირების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ დაქვემდებარებაში მყოფი შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.

მუხლი 7. რეგისტრაცია

1. ტესტირებაზე რეგისტრაცია ხორციელდება ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.

2. მასწავლებელი ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ავსებს სარეგისტრაციო განაცხადის ფორმას.

3. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ტესტირების დაწყებამდე, თითოეულ მასწავლებელზე, რომელმაც სურვილი გამოთქვა ტესტირებაში მონაწილეობაზე, გაიცემა სპეციალური მოსაწვევი, რომელშიც პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება:

ა) ტესტირების ჩატარების თარიღი და უშუალოდ ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო;

ბ) საგამოცდო ცენტრის მისამართი, სადაც ტარდება ტესტირება.

მუხლი 8. ტესტირების ჩატარების დრო და ადგილი

1. ტესტირება ტარდება ცენტრის მიერ დადგენილი განრიგის შესაბამისად.

2. ტესტირება ტარდება ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო ცენტრში.

3. ფორს-მაჟორის ან ტესტირების დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო ცენტრის ბრალეულობით, ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ტესტირების ჩატარების ახალი ვადა.

თავი IV. ტესტირების პროცესი

    მუხლი 9. ტესტირების მიმდინარეობა

1. ტესტირებაზე გასვლის მიზნით მასწავლებელმა მოსაწვევში მითითებულ ადგლზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისას მასწავლებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი.

3. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.

4. ტესტირებისთვის გამოყოფილ დროს ადგენს ცენტრი.

მუხლი 10. მონაწილის მოვალეობები

1. ტესტირების ჩაბარების მიზნით, მასწავლებელი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს შესაბამის დაწესებულებაში რეგისტრაციაზე და თან იქონიოს ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. ტესტირებაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მასწავლებელი ტესტირებაზე არ დაიშვება.

3. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მასწავლებელი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ.

4. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა მასწავლებელს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

5. ტესტირების დროს მასწავლებელს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი (პოლიეთილენის ბოთლი);

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;

დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები ცენტრის წინასწარი თანხმობით.

6. ტესტირების დროს მასწავლებელს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;

გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა მასწავლებლისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება;

) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე.

7. ცენტრი უზრუნველყოფს ტესტირების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.

მუხლი 11. ტესტირების დროს წესის დარღვევა

1. ტესტირების დროს მასწავლებელი მიიღებს გაფრთხილებას ამ წესის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

2. ამ წესის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მასწავლებელი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

3. გაფრთხილების გარეშე მასწავლებლი ტესტირებიდან მოხსნა შესაძლებელია:

ა) ამ წესის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.

4. გაფრთხილების გარეშე მასწავლებელი ტესტირებიდან მოხსნა ფორმდება ოქმით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

მუხლი 12. ტესტირების პროცესზე დასწრება

1. ტესტირების დროს დაშვებელია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომლებსაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის ტესტირებაზე ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას, მას ეკრძალება გამოცდის შინაარსთან დაკავშირებით მასწავლებლის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.

მუხლი 13. ტესტირების შედეგების გასწორება

1. მასწავლებლის ნამუშევრები სწორდება ტესტირების დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში.

2. ტესტირების შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

თავი V. ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვა

   მუხლი 14. ტესტირების პროცედურული დარღვევების გასაჩივრება

1. ტესტირების პროცედურულ დარღვევებზე წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ.

2. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მასწავლებელი უფლებამოსილია ტესტირების დღის 21 საათამდე პრეტენზია შეიტანოს საპრეტენზიო კომისიის სახელზე, ცენტრის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შენობაში.

3. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი მასწავლებლის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;

ბ) ტესტირების სხვა მონაწილის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მასწავლებლისთვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ).

4. საპრეტენზიო კომისია 3 დღის განმავლობაში განიხილავს საპრეტენზიო განაცხადს და გადაწყვეტილების შინაარსს დაუყოვნებლივ აცნობებს მასწავლებელს.

5. თუ ამ მუხლის მე–3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა პრეტენზიის წარმდგენი მასწავლებლის უფლებების დარღვევა ტესტირების მონაწილე მასწავლებლის მიერ, საპრეტენზიო კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.

6. თუ ამ მუხლის მე–3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა მასწავლებლის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევა ტესტირების პროცესში მონაწილე მასწავლებლებისა და სხვა პირების მხრიდან (მასწავლებლისთვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ), საპრეტენზიო კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება იმ მასწავლებლის ნაშრომების ნული ქულით შეფასების შესახებ, რომელმაც დაარღვია ტესტირების პროცედურა.

 მუხლის 15. ტესტირების შედეგების გასაჩივრება

1. ტესტირების შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ.

2. მასწავლებელს უფლება აქვს ტესტის შეფასების თაობაზე წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ტესტისა და პასუხების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში. მასწავლებლის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტესტის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადში დავალების ნომრის მითითების არ არსებობის შემთხვევაში, განიხილება ტესტში შემავალი ყველა დავალების შეფასების სისწორე.

3. საპრეტენზიო კომისია საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს განაცხადის შეტანიდან 3 დღის ვადაში.

თავი VI. საბოლოო შედეგები

  მუხლის 16. საბოლოო შედეგები

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შემდეგ ცენტრი სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად შეიმუშავებს და სამინისტროში წარადგენს ტესტირების შედეგებს.

თავი VII. გარდამავალი დებულებანი

  მუხლი 17. გარდამავალი დებულებები

ამ წესის ძალაში შესვლამდე ცენტრის მიერ 2011 წლის ტესტირების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განხორციელებულად.