საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის უნივერსიტეტად ჩამოყალიბების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის უნივერსიტეტად ჩამოყალიბების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 566
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 07/01/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 010220020.05.002.000053
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
566
31/12/2002
სსმ, 3, 07/01/2003
010220020.05.002.000053
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის უნივერსიტეტად ჩამოყალიბების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/01/2003 - 08/06/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №566

2002 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის უნივერსიტეტად ჩამოყალიბების შესახებ

1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ.

ე. შევარდნაძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის

წ ე ს დ ე ბ ა

თავი I

იურიდიული სტატუსი და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

    მუხლი 1. იურიდიული სტატუსი

1. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი ეროვნული კულტურის, განათლების და მეცნიერების კერაა, რომელიც დაარსდა 1923 წლის 10 ოქტომბერს აკაკი ფაღავას სტუდიის საფუძველზე. 1992 წელს ინსტიტუტს ეწოდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი.

2. უნივერსიტეტის სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

3. უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საბანკო ანგარიშები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. უნივერსიტეტი საკუთარი სახელით განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი №19, 380008.

6. უნივერსიტეტის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.

    მუხლი 2. უნივერსიტეტის ავტონომიურობა

1. უნივერსიტეტი ავტონომიური დაწესებულებაა.

2. უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე უფლებამოსილია გამოიყენოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები, გადაწყვიტოს მის გამგებლობას მიკუთვნებული მართვისა და ყველა სხვა საკითხი.

3. უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, განათლებისა და ხელოვნების სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონი „განათლების შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს წესდება.

თავი II

მიზნები, საქმიანობის საგანი და უფლებები

    მუხლი 3. უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობა

უნივერსიტეტის ძირითადი მიზნები და საქმიანობაა:

ა) ქართული თეატრის, კინოს, ტელერადიო მაუწყებლობის, კულტურის სხვა საგანმანათლებლო სფეროს სპეციალისტების აღზრდა და მომზადება;

ბ) სტუდენტის პიროვნული, კულტურულ-ზნეობრივი და ინტელექტუალური მოთხოვნილებების ჩამოყალიბება;

გ) საერთაშორისო კონფერენციების, კონგრესებისა და სიმპოზიუმების მოწვევა და ფესტივალების გამართვა;

დ) სასწავლო-აღმზრდელობითი საქმიანობა;

ე) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-მეთოდური სამუშაოების შესრულება;

ვ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა;

ზ) თეატრის, კინოს, ხელოვნებისა და განათლების დარგში საერთაშორისო ურთიერთობის განვითარება თავისი კომპეტენციების ფარგლებში;

თ) მართვის მექანიზმების დანერგვა ამ წესდებით დასახული მიზნების მიღწევისათვის.

    მუხლი 4. უნივერსიტეტის უფლებები

უნივერსიტეტს უფლება აქვს:

ა) თავისი საქმიანობა წარმართოს განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთისა და ერთიანი სახელმწიფო ფინანსური ნორმატივების შესაბამისად, რისთვისაც სახელმწიფოსგან იღებს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებას;

ბ) აწარმოოს ფასიანი წესით სწავლება სახელმწიფო სექტორის სასწავლო გეგმებითა და სასწავლო პროგრამებით, მოიწვიოს უნივერსიტეტის თანამშრომლები;

გ) განსაზღვროს თავისი საქმიანობის (შემოქმედებით-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და სხვ.) პრიორიტეტები;

დ) განსაზღვროს სტუდენტთა მისაღები კონტინგენტი და სპეციალობები დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს;

ე) განიხილოს მაგისტრატურის, ასისტენტურა-სტაჟირებისა და ასპირანტურაში მიღების გეგმების პროექტები და დადგენილი წესით წარადგინოს დასამტკიცებლად;

ვ) მიანიჭოს სპეციალისტს სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) შეიმუშაოს წინადადებები სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების ცვლილებების შესახებ და დადგენილი წესით წარადგინოს დასამტკიცებლად;

თ) დაადგინოს პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-თანამშრომელთა სასწავლო სამეცნიერო დატვირთვის მოცულობა, რაც აისახება შრომით ხელშეკრულებაში;

ი) გამართოს მოლაპარაკება უცხოეთის ანალოგიურ სასწავლებლებთან სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

კ) გახდეს უმაღლს სასწავლებელთა ნებისმიერი გაერთიანების წევრი;

ლ) მოაწყოს ადგილობრივი და საერთშაორისო სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები და სხვ.;

მ) გაუწიოს სასწავლო-მეთოდური დახმარება საქართველოს თეატრის, კინოსა და კულტურის სხვა სასწავლებლებსა და შემოქმედებით ორგანიზაციებს;

ნ) ქვეყანაში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით შეადგინოს საშტატო ნუსხა;

ო) დადგენილი წესების დაცვით, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით მოახდინოს უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

პ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად დამოუკიდებლად განკარგოს ფინანსური სახსრები, გადაწყვიტოს მის გამგებლობაში არსებული სხვა საკითხები (სამეურნეო ხასიათის შეკვეთები, შესყიდვები და სხვ.);

ჟ) შეიძინოს სწავლებისათვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და სრულყოს სწავლება მისი სასწავლო პროცესში დანერგვით;

რ) არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში დააწესოს სახელმწიფო სტიპენდიებისა და ხელფასების დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება;

ს) შექმნას სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა ფონდები, რომელსაც განკარგავს დამოუკიდებლად.

თავი III.

სასწავლო პროცესი, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, სწავლების ენა და ფორმები

    მუხლი 5. სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა

1. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტს.

2. უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი წარიმართება დადგენილი წესით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების მიხედვით.

3. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს პროფესიული უმაღლესი განათლების შემდგომი საფეხური – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, ასისტენტურა-სტაჟირება, ასპირანტურა.

4. სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო მუშაობის ფორმები დგინდება შინაგანაწესით (შემდგომში – შინაგანაწესი), რომელსაც სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს თანხმობის საფუძველზე ამტკიცებს რექტორი.

5. შინაგანაწესი გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. იგი ადგენს უნივერსიტეტის თანამშრომელთა, მათ შორის პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-თანამშრომელთა მუშაობის ნორმებს, სტუდენტთა მოძრაობის პირობებსა და წესს, სტუდენტთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს, სწავლის პირობებსა და სწავლების რეჟიმს (მეცადინეობათა სახე, ყოველდღიური საათების რაოდენობა, სასწავლო გეგმით განსაზღვრული თანმიმდევრობა, მეცადინეობათა შორის შესვენებების ხანგრძლივობა და გრაფიკი, სასწავლო პროცესის შიდა კონტროლის წესი და განხორციელების ფორმები. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა სასწავლო წლის განმავლობაში დაუშვებელია.

    მუხლი 6. სწავლების ენა და ფორმები

1. უნივერსიტეტის სწავლების ენა არის ქართული.

2. უნივერსიტეტში განათლების მიღება შეიძლება სწავლების დასწრებული და ზოგიერთ სპეციალობაზე დაუსწრებელი ფორმით.

3. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს უფასო (სახელმწიფო დაკვეთა) და ფასიანი სწავლების წესით.

4. უნივერსიტეტში მეცადინეობის სახეებია: ლექცია, სემინარი, პრაქტიკა, საკურსო და სადიპლომო მუშაობა, კონსულტაცია, ინდივიდუალური მუშაობა და სხვ.

5. უნივერსიტეტში სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგილების დაკავება ხდება კონკურსით, რომლის პირობებს და მოწყობის წესს ადგენს უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების საფუძველზე. საგამოცდო კომისიების შედგენის პრინციპს განსაზღვრავს თავად უნივერსიტეტი, სპეციფიკის გათვალისწინებით.

თავი IV

უნივერსიტეტის სტრუქტურა

    მუხლი 7. უნივერსიტეტის სტრუქტურა

1. უნივერსიტეტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: ფაკულტეტი, დეკანატი, კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სასწავლო-მეთოდური სამმართველო, განყოფილება, ბიბლიოთკა, სასწავლო თეატრი, საფინანსო სამსახური, ბუღალტერია, სამეურნეო და დამხმარე სამსახურები. სტრუქტურული ერთეულების მუშაობის წესი და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით, თანამდებობრივი ინსტრუქციებითა და სპეციალური დებულებებით, რომლებსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო.

2. უნივერსიტეტის სასწავლო, მეთოდური და სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულები დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მათთვის შინაგანაწესით დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობის გზით.

3. სასწავლო მეთოდური სამმართველო განსაზღვრავს პროფესორ-მასწავლებელთა დატვირთვის შესაბამისობას, პედაგოგთა მოწვევის აუცილებლობას, აწარმოებს კათედრებთან კოორდინაციას და დატვირთვის ნორმების შესრულების კონტროლს, სასწავლო-მეთოდური ცვლილებების პროცესს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოზე დასამტკიცებლად.

4. სტრუქტურულ ერთეულებს უფლება აქვთ მიმართონ რეკომენდაციებითა და წინადადებებით რექტორსა და სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს, მიიღონ მონაწილეობა მათ განხილვაში.

თავი V

უნივერსიტეტის მართვა, მართვის ორგანოების უფლებამოსილებანი

    მუხლი 8. უნივერსიტეტის მართვა

უნივერსიტეტის მართვას ახორციელებენ:

ა) სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო;

ბ) რექტორი;

გ) ადმინისტრაცია-რექტორატი და დეკანატები.

    მუხლი 9. რექტორი

1. რექტორი უნივერსიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირია.

2. „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნივერსიტეტის რექტორს ფარული კენჭისყრით ირჩევს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო და საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს განათლების მინისტრის წარდგინების საფუძველზე თანამდებობაზე ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. რექტორი აირჩევა უნივერსიტეტის სრული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით ექვსი წლით.

4. რექტორი მოქმედებს უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად. მასვე ეკისრება უნივერსიტეტის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.

5. რექტორი პირადი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაკისრებული ამოცანების განხორციელების თვალსაზრისით ასრულებს სახელმწიფო წარმომადგენლის ფუნქციებს მისდამი რწმუნებულ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში.

6. რექტორის არჩევნებს აწყობს უნივერსიტეტის სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო. რექტორობის კანდიდატი უნდა იყოს უნივერსიტეტის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო ხარისხის ან წოდების მქონე ხელოვანი, მეცნიერი, რომელსაც აქვს უმაღლეს სასწავლებელში ან სამეცნიერო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.

7. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება გამოაქვს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს. საბჭოს ამავე სხდომაზე ღია კენჭისყრით აირჩევა საორგანიზაციო კომისია, რომელიც შემდგომში წარმართავს რექტორის არჩევნების პროცესს. რექტორი განაგრძობს თავისი მოვალეობის შესრულებას საქართველოს პრეზიდენტის მიერ ახალი რექტორის დამტკიცებამდე.

8. რექტორის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვთ უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულს და ამ თანამდებობის დაკავების მსურველ სხვა პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესდების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ პირობებს. არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განცხადებებსა და წარდგინებებს თანდართული საბუთებით საორგანიზაციო კომისია იღებს კონკურსის გამოცხადების დღიდან ორი კვირის განმავლობაში.

9. საორგანიზაციო კომისია საბუთების მიღების შეწყვეტის დღიდან ერთ კვირაში განიხილავს შემოსულ განცხადებებს და გამოაქვს მოტივირებული გადაწყვეტილება კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ (საორგანიზაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით). არჩევნებში მონაწილეობისათვის დაშვებულ კანდიდატთა სია შეიტანება ფარული კენჭისყრის ბიულეტენში განცხადების შემოტანის დროის მიხედვით.

10. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მიერ რექტორის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3-ის მონაწილეობით. რექტორი არჩეულად ითვლება, თუ მისმა კანდიდატურამ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა, ანუ საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობით ნახევარზე მეტი (50+1 პროცენტი).

11. იმ შემთხვევაში, თუ კენჭს იყრიდა ორზე მეტი კანდიდატი და არც ერთი მათგანი არ იქნა არჩეული, საბჭოს იმავე სხდომაზე იმართება ხელახალი ფარული კენჭისყრა იმ ორი კანდიდატისათვის, რომელთაც პირველ ტურში მიიღეს ხმების უმრავლესობა.

12. თუ კენჭს იყრიდა 1 ან 2 კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმების რაოდენობა, ერთ თვეში ინიშნება ხელახალი არჩევნები.

13. ხმის დამთვლელ კომისიას სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო ირჩევს ღია კენჭისყრით. კომისიის მუშაობის შინაგანაწესს ადგენს საორგანიზაციო კომისია. არჩევნების შედეგებს ამტკიცებს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო ღია კენჭისყრით, ხმების უმრავ-ლესობით.

14. ფარული კენჭისყრა იმართება ბიულეტენების მეშვეობით. ბიულეტენში შეტანილი უნდა იქნეს ყველა კანდიდატის გვარი. საბჭოს წევრი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. ყველა სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ჩაითვლება ბათილად.

15. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ წესდებით რექტორი უნივერსიტეტის სახელით:

ა) ხელმძღვანელობს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს და რექტორატს;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს ხელშეკრულებებს, ხსნის ანგარიშებს ბანკში;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

დ) ამტკიცებს აბიტურიენტთა მიმღებ საგამოცდო კომისიას, საგნობრივი კომისიებისა და ტექნიკური სამდივნოს შემადგენლობას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს უნივერსიტეტის ქონებას;

ვ) განსაზღვრავს საწარმოო და სოციალური ფონდების გამოყენების მიმართულებებს;

ზ) ამყარებს ურთიერთობას საქართველოსა და უცხოეთის სხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

თ) სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს თანხმობის საფუძველზე ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს;

ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით, განსაზღვრული ვადით, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს პედაგოგიურ პერსონალსა და სხვა მუშაკებს, იღებს წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის ზომებს;

კ) იწვევს ცნობილ კვალიფიციურ პროფესორ-მასწავლებლებს;

ლ) ასარჩევად წარადგენს პრორექტორების კანდიდატურებს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოზე;

მ) განსაზღვრავს უნივერსიტეტის პრორექტორების კომპეტენციის ფარგლებს;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ სხვა საქმიანობას;

ო) განსაკუთრებულ შემთხვევაში შეღავათს უწევს ფასიანი განყოფილების სტუდენტებს სწავლის ქირის გადახდაში.

16. რექტორი სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს უნივერსიტეტის წესდების პროექტი;

ბ) შეიმუშაოს და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს წესდებაში ცვლილებები;

გ) სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოზე დასვას საკითხი უნივერსიტეტის სპეციალობების შემოღებისა და გაუქმების შესახებ;

დ) განსაზღვროს და დაამტკიცოს სტუდენტთა (მათ შორის უცხოელ სტუდენტთა) მიღებისა და ჩარიცხვის ფორმები და წესი კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) დაამტკიცოს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით.

17. რექტორი ანგარიშვალდებულია სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოსა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წინაშე უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო-საფინანსო-ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურული საქმიანობისათვის.

18. რექტორს უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეუწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით.

19. რექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პრორექტორი სასწავლო დარგში.

    მუხლი 10. პრორექტორი

1. პრორექტორი რექტორის წარდგინებით სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მიერ არჩეულად ითვლება, თუ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი (50+1 პროცენტი) პრორექტორი აირჩევა სრული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობით ექვსი წლით.

2. პრორექტორს სასწავლო დარგში ევალება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისა და შემოქმედებით მუშაობასთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობის ხელმძღვანელობა. რექტორის შვებულების, მივლინების, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით არყოფნის პერიოდში უნივერსიტეტის საერთო ხელმძღვანელობა.

3. სამეცნიერო დარგის პრორექტორს ევალება პროფესორ-მასწავლებელთა, სტუდენტთა სამეცნიერო შრომების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სასწავლო-მეთოდური სამმართველოს, კრებულის, სახელმძღვანელოების მომზადებისა და გამოცემის ხელმძღვანელობა, ბიბლიოთეკის, სასწავლო ლაბორატორიების, კაბინეტებისა და სამეცნიერო განყოფილებათა ხელმძღვანელობა და კონტროლი.

4. უნივერსიტეტის პრორექტორს კინო-ტელე დარგში ევალება კინოფაკულტეტის, საერთაშორისო ასოციაციებთან და უმაღლეს სასწავლებელთან ურთიერთობის კოორდინირება.

5. უნივერსიტეტის პრორექტორს სამეურნეო-ადმინისტრაციულ დარგში ევალება შესაბამისი ტექნიკური, სამეურნეო და ადმინისტრაციული საქმიანობის ხელმძღვანელობა.

    მუხლი 11. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო

1. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო უნივერსიტეტის კოლექტიური მართვის უმაღლესი ორგანოა, რომლის გადაწყვეტილებაც სავალდებულოა ყველასათვის. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: რექტორი (საბჭოს თავმჯდომარე), პრორექტორები, ფაკულტეტების დეკანები, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, კათედრების გამგეები, სწავლული მდივანი, სტუდენტთა წარმო-მადგენელი, აგრეთვე სხვა პირები რექტორის რეკომენდაციით. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს უფლებამოსილების ვადა სამი წელია.

2. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება და შემადგენლობა მტკიცდება რექტორის ბრძანებით.

3. საბჭოს სწავლულ მდივანს რექტორის წარდგინებით ირჩევს საბჭო.

4. საბჭოს ქვორუმია წევრთა ორი მესამედი. გადაწყვეტლების მიღება ხდება ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით (გარდა თანამდებობაზე არჩევნებისა, რომელიც ყოველთვის ფარულია).

5. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილება ძალაშია რექტორის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ.

6. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების საკითხის დასმის უფლება აქვს რექტორს ან საბჭოს წევრთა მესამედს (წერილობითი განცხადებით რექტორის სახელზე).

7. საბჭოს ოქმს ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სწავლული მდივანი.

8. მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო:

ა) წარმართავს სასწავლო-აღმზრდელობით და სამეცნიერო საქმიანობას;

ბ) განიხილავს სტუდენტებისათვის სახელობითი სტიპენდიების დანიშვნის საკითხს;

გ) იხილავს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, სასწავლო თეატრის წესდებას;

დ) სვამს ფილიალების, ფაკულტეტების, კათედრების, სამეცნიერო კვლვითი ცენტრის, სასწავლო-მეთოდური სამმართველოს, ლაბორატორიების, კოლეჯების, ლიცეუმებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების საკითხს;

ე) შეიმუშავებს და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების განმსაზღვრელ რეგლამენტებს;

ვ) ირჩევს რექტორის მიერ წარდგენილ პრორექტორთა კანდიდატურებს;

ზ) განიხილავს სწავლების ფორმებს, აბიტურიენტთა მიღების წესს, რეკომენდაციებს მისაღებ კონტინგენტთან დაკავშირებით;

თ) განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო გეგმებისა და მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ;

ი) რეკომენდაციას უწევს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მაგისტრატურაში, ასპირანტურასა და ასისტენუტრაში ჩასარიცხად;

კ) აჯამებს პედაგოგიურ, საშემსრულებლო და სასწავლო პრაქტიკის წლის შედეგებს;

ლ) განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო-სამხატვრო მუშაობის გეგმების შესახებ;

მ) ისმენს და ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის ანგარიშებს;

ნ) განიხილავს სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის შექმნისა და გამოცემის საკითხებს;

ო) ამტკიცებს სადისერტაციო თემებს;

პ) განიხილავს და ირჩევს პროფესორ-მასწავლებლებს თანამდებობაზე მოქმედი დებულების შესაბამისად;

ჟ) წყვეტს საუნივერსიტეტო, ქვეყნის რეგიონალური და საერთაშორისო კონკურსების, სიმპოზიუმების, კონფერენციების მოწყობის საკითხებს;

რ) ნიშნავს რექტორის არჩევნებს;

ს) საპატიო დოქტორად ირჩევს მეცნიერებისა და კულტურის გამოჩენილ უცხოელ სპეციალისტებს;

ტ) განიხილავს წესდების პროექტს და მასში შესატან ცვლილებებს შესაბამის ორგანოებში დასამტკიცებლად წარდგენამდე;

უ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ სხვა საქმიანობას;

ფ) განიხილავს უნივერსიტეტის საფინანსო საქმიანობის გეგმას (ბიუჯეტს) და ამტკიცებს მის შესრულებას;

ქ) წყვეტს სწავლის დაწყებისა და დამთავრების საკითხებს.

9. სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე აკონტროლებს საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას:

ა) ამტკიცებს წინა საბჭოს სხდომის ოქმს;

ბ) იწვევს საბჭოს სხდომებს, რომელიც, როგორც წესი, მოიწვევა თვეში ერთხელ, ხოლო საგანგებო შემთხვევაში რიგგარეშე, საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით ან რექტორის გადაწყვეტილებით.

10. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს უნივერსიტეტის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 12. რექტორატი

1. რექტორატი არის უნივერსიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომლის შემადგენლობას ადგენს და ამტკიცებს რექტორი.

2. რექტორატში შედიან: რექტორი, პრორექტორები, ფაკულტეტების დეკანები, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები რექტორის გადაწყვეტილებით.

3. რექტორატი სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოსთან შეთანხმებით:

ა) უზრუნველყოფს აკადემიური პროცესის წარმართვას არსებული წესით, დამტკიცებული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების შესაბამისად;

ბ) ადგენს სხვადასხვა სახის ხარჯთა ნუსხების პროექტს;

გ) ადგენს სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის პირობებსა და წესს სტუდენტთათვის საბიუჯეტო დაფინანსებიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

დ) რექტორის წინაშე სვამს უნივერსიტეტის ქონების იჯარისა და სხვა სამეურნეო საკითხებს;

ე) შუამდგომლობს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს წინაშე, რათა განსაზღვრული წესითა და პირობებით არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსებიდან დაინიშნოს სახელობითი სტიპენდიები და ხელფასების დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება.

4. რექტორატი იკრიბება თვეში ორჯერ.

    მუხლი 13. ფაკულტუტი

1. ფაკულტეტი უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო ქვედანაყოფია.

2. ფაკულტეტზე ხორციელდება სტუდენტების, მაგისტრების, ასპირანტებისა და ასისტენტ-სტაჟიორების მომზადება, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება, ფაკულტეტში შემავალი კათედრების სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო-მეთოდური მუშაობის კოორდინირება.

3. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: დეკანი, მოადგილე, კათედრათა გამგეები, კათედრის მიერ რეკომენდებული წამყვანი სპეციალისტები.

4. ფაკულტეტის საბჭო:

ა) განიხილავს სახელობით სტიპენდიებზე წარსადგენ კანდიდატებს, გასარიცხ სტუდენტთა სიას, რაც ფორმდება რექტორის ბრძანებით;

ბ) განსაზღვრავს სპეციალობების მიხედვით მისაღებ კონტინგენტს მისთვის გამოყოფილი ადგილების ფარგლებში;

გ) იხილავს სასწავლო-სამეცნიერო და შემოქმედებით საკითხებს;

დ) რეკომენდაციას უწევს დეკანის, კათედრის გამგის კანდიდატურებს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოზე ასარჩევად;

ე) განიხილავს კათედრების, განყოფილებების, ლაბორატორიების დახურვის ან გახსნის საკითხს და წარადგენს ინსტიტუტის სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოზე დასამტკიცებლად;

ვ) განიხილავს მაგისტრატურაში, ასპირანტურაში და ასისტენტურა-სტაჟირებით მისაღები კანდიდატების საკითხს;

ზ) რეკომენდაციას უწევს სამეცნიერო მივლინებაში, ფესტივალებზე, კონკურსებისა და სხვა ფორმების მნიშვნელოვან ღონისძიებებზე გასაგზავნ კანდიდატურებს;

თ) ისმენს და იხილავს სტუდენტთა სწავლების ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებს;

ი) ისმენს დეკანატების ანგარიშებს სესიების შედეგების შესახებ;

კ) ირჩევს თავმჯდომარეს.

    მუხლი 14. დეკანი

1. დეკანატი არის უნივერსიტეტის მმართველობითი სტრუქტურის ნაწილი. რექტორის წარდგინებით სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო დეკანად ირჩევს წამყვან პროფესორ-მასწავლებელს მონაწილეთა ხმების უმრავლესობის საფუძველზე სრული საგანმანათლებლო პერიოდით ექვსი წლით.

2. დეკანი წარმართავს და ხელმძღვანელობს შესაბამისი ფაკულტეტის სასწავლო პროცესს.

3. დეკანს ევალება:

ა) სტიპენდიების დანიშვნა, რაც ფორმდება რექტორის ბრძანებით;

ბ) სახელობითი სტიპენდიების კანდიდატურის შერჩევა სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოზე დასამტკიცებლად;

გ) სტუდენტთა სასწავლო და სასწავლო-შემოქმედებითი პრაქტიკის წარმართვა;

დ) სასწავლო და ჩათვლა) გამოცდების ცხრილების შედგენა და მისი შესრულების კონტროლი;

ე) სტუდენტთა გადაყვანა კურსიდან კურსზე, აკადემიური შვებულების მიცემა, რაც ფორმდება ბრძანებით;

ვ) სტუდენტთა დაშვება სახელმწიფო საატესტაციო გამოცდებსა და სადიპლომო ნაშრომების დაცვაზე;

ზ) სტუდენტთა კონტინგენტის მოძრაობის კონტროლი;

თ) სტუდენტთა სოციალური მდგომარეობის შესწავლა და დახმარება;

ი) შესაბამის კათედრასთან ერთად სპექტაკლებისა და ფილმების გრაფიკის შედგენა;

კ) ჩათვლა-გამოცდების ვადების შეცვლისა და სხვა დისციპლინური საკითხების რეგულირება;

ლ) პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ლექციებზე დასწრების კონტროლი.

მ) ჯგუფხელების ხელმძღვანელობა;

ნ) სტუდენტთა აკადემიური მოსწრებისა და საერთო მონაცემების აღრიცხვა.

    მუხლი 15. კათედრა

1. კათედრა უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულა, რომელიც აერთიანებს პროფილურ და მონათესავე დისციპლინების პროფესორებს, დოცენტებს, უფროს მასწავლებლებს, მასწავლებლებს, ასისტენტებს, მეცნიერ-მუშაკებს.

კათედრა:

ა) წარმართავს მის წევრთა სასწავლო,სამეცნიერო საქმიანობას;

ბ) მონაწილეობს სასწავლო გეგმების შემუშავებაში, სასწავლო-შემოქმედებითი პრაქტიკის, პროგრამების, სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების, მონოგრაფიების, კრებულების, ლექსიკონების, ენციკლოპედიური ცნობარების მომზადებაში;

გ) უნივერსიტეტის ან ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს კანდიდატებს პროფესორის, დოცენტისა და უფროსი მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად;

დ) საბჭოზე წარადგენს პედაგოგებს პროფესორისა და დოცენტის წოდების მისანიჭებლად;

ე) სასწავლო სამმართველოსთან ერთად განსაზღვრავს პედაგოგთა მოწვევის აუცილებლობის საკითხს;

ვ) იხილავს და ამტკიცებს პედაგოგთა წლიურ შრომებს;

ზ) კათედრა ამოწმებს ახალმოწვეული პედაგოგის საჩვენებელ ლექციას;

თ) ხელმძღვანელობს მაგისტრთა, ასპირანტთა და მაძიებელთა მომზადებას, სადიპლომო შრომების მომზადებას და თემატიკის დამტკიცებას;

ი) აპრობირებას უწევს სადისერტაციო შრომებს.

3. კათედრის პროფესიული რეკომენდაციები საფუძვლად ედება რექტორის საკადრო პოლიტიკას.

4. კათედრის შემადგენლობაში შედიან: პროფესორები, დოცენტები, უფროსი მასწავლებლები, კონცერტმაისტრები, მასწავლებლები, მოწვეული მეცნიერი თანამშრომლები, ასისტენტები და ლაბორანტები.

5. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელი შეიძლება იყოს პირი, რომლის განათლება დადასტურებულია შესაბამისი პროფესიისა და ცენზის აღმნიშვნელი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით. აქვს შესაბამისი კათედრის რეკომენდაცია.

6. სხვადასხვა სპეციალობაზე სასწავლო პროცესის წარმართვისათვის უნივერსიტეტში არსებობს კონცერტმაისტერის თანამდებობა, რომელიც სტატუსით და შრომის ანაზღაურებით უთანაბრდება უფროს მასწავლებელს.

7. კათედრას სათავეში უდგას კათედრის გამგე, პროფესორი, ან ცალკეულ შემთხვევაში მეცნიერებათა დოქტორი, კანდიდატი, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა კათედრის მუშაობისათვის. კათედრის გამგის უფლებამოსილების ვადა ექვსი წელია.

8. კათედრის გამგის, კათედრის შემადგენლობაში შემავალი პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერი თანამშრომლების, აგრეთვე კონცერტმაისტერების სამუშაოზე მიღება-გათავისუფლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებით, სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და მუშაკთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 16. სასწავლო-მეთოდური მუშაობა

1. სასწავლო მეთოდური მუშაობა მოიცავს შემდეგ სახეებს: ლექცია, ინდივიდუალური მეცადინეობა, რეპეტიცია, პრაქტიკული მეცადინეობა, სემინარი, სასწავლო პრაქტიკა, შემოქმედებითი პრაქტიკა, საკურსო სამუშაო, კონსულტაცია, სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობა, სადიპლომო შრომა.

2. უნივერსიტეტში სტუდენტთა შემოქმედებითი პრაქტიკა ხორციელდება კათედრის მიერ დამტკიცებული პროგრამით.

3. სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან. თითოეული სემესტრი მთავრდება საგამოცდო სესიით. სასწავლო მეცადინეობა მიმდინარეობს სასწავლო ცხრილის მიხედვით, რომელიც მთელი სემესტრისათვის დგება. დაუსწრებელი სწავლების სასწავლო წელი განისაზღვრება სასწავლო გეგმით. საგამოცდო სესიები დაუსწრებელი სწავლების სტუდენტებისათვის ეწყობა ორჯერ. სტუდენტებისათვის არდადეგები დაწესებულია წელიწადში ორჯერ. არდადეგების ვადა და ხანგრძლივობა განისაზღვრება სასწავლო გეგმით სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

    მუხლი 17. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

1. დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უნივერსიტეტის სტრუქტურული ნაწილია.

მისი მიზანია:

ა) აწარმოოს მეცნიერული კვლევა-ძიება და ხელი შეუწყოს მისი შედეგების პრაქტიკაში დანერგვას;

ბ) მეცნიერ-მუშაკებმა სრულყონ თავიანთი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება. ამასთანავე, პროფესორებმა მოამზადონ სამეცნიერო-პედაგოგიური კადრები;

გ) დაეხმარონ სტუდენტებს დამოუკიდებელ მუშაობაში, უხელმძღვანელონ სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;

დ) მოამზადონ გამოსაცემად:

შრომები თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის პრობლემების შესახებ;

კრებული თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი პროფილით.

2. უნივერსიტეტში დაწესებულია მეცნიერმუშაკთა თანამდებობები: მთავარი მეცნიერიმუშაკი, წამყვანი მეცნიერმუშაკი, უფროსი მეცნიერმუშაკი, მეცნიერმუშაკი და უმცროსი მეცნიერმუშაკი.

3. უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერ მუშაკებს აქვთ შიდასაინსტიტუტო შეთავსების უფლება.

4. პროფესორს, დოცენტს, რომელიც წარმატებით ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, შეუძლია მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს ან დამხმარე სახელმძღვანელოს დასამთავრებლად აიღოს შემოქმედებითი შვებულება ერთ წლამდე, აგრეთვე დროებით გადავიდეს მეცნიერმუშაკის თანამდებობაზე.

    მუხლი 18. სასწავლო თეატრი

1. სასწავლო თეატრი არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მუშაობს ამ თეატრის წესდების შესაბამისად.

2. სასწავლო თეატრისათვის სავალდებულოა რექტორატის გადაწყვეტილება.

3. სასწავლო თეატრის მიზნებია:

ა) უხელმძღვანელოს სტუდენტების საკურსო და სადიპლომო სპექტაკლების გამოშვებას დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.

ბ) სასწავლო, სადიპლომო და კურსდამთავრებულთა ფილმების დემონსტრირების, შეხვედრების, ფესტივლების ორგანიზება.

4. სასწავლო თეატრში საკურსო და სადიპლომო სპექტაკლების მომზადების დაფინანსება ხდება თეატრისათვის გამოყოფილი ხარჯთა ნუსხის საფუძველზე.

5. თეატრს ჰყავს დირექტორი, რომელსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო-სამხატვრო საბჭო.

თავი VI

სტუდენტობა

    მუხლი 19. სტუდენტობა

1. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში შესვლის უფლებით სარგებლობს საშუალო და საშუალო პროფესიული განათლების მქონე პირი (მათ შორის უცხოელი), მიუხედავად მისი ეროვნებისა, რელიგიური და პოლიტიკური მრწამსისა, რომელიც გაიმარჯვებს კონკურსში.

2. უნივერსიტეტში მიღება ხდება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად. მიმღები კომისია განსაზღვრავს შემსვლელის შემოქმედებითი გამოცდების სპეციფიკურ თავისებურებას. უნივერსიტეტში სახელმწიფო სექტორზე სწავლა უფასოა.

3. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს უნივერსიტეტის კაბინეტებით, აუდიტორებით, სამკითხველო დარბაზებითა და სხვა სასწავლო და სასწავლო-დამხმარე დაწესებულებებით, აგრეთვე სპორტული ინვენტარითა და სხვა მოწყობილობებით;

ბ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო დისციპლინების სრულყოფაში, სტუდენტთა სწავლებასა და ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში.

4. სტუდენტი მოვალეა:

ა) სისტემატურად და ღრმად ეუფლებოდეს თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ ჩვევებს არჩეული სპეციალობის მიხედვით, იმაღლებდეს შემოქმედებით, მეცნიერულ და კულტურულ დონეს:

ბ) ესწრებოდეს სასწავლო მეცადინეობებს, დადგენილ ვადებში არსულებდეს სასწავლო გეგმით და სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებულ ყველა სახის დავალებას;

გ) იცავდეს ტრადიციებს, მაღალი მორალის პრინციპებს;

დ) ასრულებდეს ინსტიტუტის შინაგანაწესის მოთხოვნებს.

5. აკადემიური წარმატებისათვის, საზოგადოებრივ საქმიანობასა და სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის სტუდენტთა წახალისება ხდება სხვადასხვა ფორმით.

6. სასწავლო დისციპლინის, შინაგანაწესის მოთხოვნებისა და საერთო ცხოვრების წესების დარღვევისათვის სტუდენტის მიმართ შეიძლება მიღებულ იქნეს შინაგანაწესით გათვალისწინებული ზომები.

7. სტუდენტს, რომელიც ჩააბარებს სახელმწიფო საატესტაციო გამოცდებს, დაიცავს სადიპლომო შრომას, სახელმწიფო საატესტაციო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით ენიჭება კვალიფიკაცია მიღებული სპეციალობის შესაბამისად და ეძლევა უნივერსიტეტის დამთავრების სახელმწიფო სერტიფიკატი (დიპლომი).

 

 

თავი VII

პროფესორთა საბჭო

    მუხლი 20. პროფესორთა საბჭო

უნივერსიტეტში მოქმედებს ხელოვნების დარგში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიმნიჭებელი პროფესორთა საბჭო, რომლის მუშაობა წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობით.

თავი VIII

უნივერსიტეტის მუშაკთა უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 21. მუშაკთა უფლება-მოვალეობანი

1. უნივერსიტეტის მუშაკთამოვალეობა და უფლებები, შესასრულებელი სამუშაო, შრომის ანაზღაურებისა და სამსახურის ვადა განისაზღვრება ინსტიტუტის შინაგანაწესით და მუშაკთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

2. უნივერსიტეტის მუშაკს უფლება აქვს შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ინსტიტუტის მართვაში.

3. უნივერსიტეტის მუშაკი ვალდებულია:

ა) შეასრულოს უნივერსიტეტის შინაგანაწესი და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობები;

ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები.

4. უნივერსიტეტის ყველა მუშაკი თანაბრად სარგებლობს მათთვის კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით და მოქმედებს შინაგანაწესით განსაზღვრული ნორმებით.

თავი IX

ბიბლიოთეკა

    მუხლი 22. ბიბლიოთეკა

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა:

ა) უზრუნველყოფს სათანადო სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურითა და საინფორმაციო მასალით სასწავლო პროცესს და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;

ბ) ემსახურება მკითხველს;

გ) იცავს და ამდიდრებს ლიტერატურის ფონდს;

დ) აღრიცხავს შემოსულ ლიტერატურას, ადგენს კატალოგს;

ე) იძენს უნივერსიტეტის პროფილის შესატყვის ბუკინისტურ ლიტერატურას;

ვ) ეხმარება პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკიდან მნიშვნელოვანი წიგნების მიღებაში;

ზ) ქმნის პროფილურ ფონდებს.

თავი X

უნივერსიტეტის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება და კონტროლი

    მუხლი 23. უნივერსიტეტის ქონება

უნივერსიტეტს დადგენილი წესით უფლება აქვს იჯარით გასცეს მისთვის მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემული ის ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ ნორმატივებს და მიღებული შემოსავლები გამოიყენოს უნივერსიტეტის მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, ხოლო მისთვის ფლობელობითა და სარგებლობის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონება დაიტვირთოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანმხებით; გამოიყენოს ქონება კანონით დაშვებული სხვა ფორმით.

    მუხლი 24. ფინანსური სახსრები

1. უნივერსიტეტის ფინანსური სახსრებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოსა და მომსახურების შესრულებით მიღებული შემოსავალი;

გ) შემოწირულობები, გრანტები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრებიდან ინსტიტუტის განკარგულებაში დატოვებული თანხა მთლიანად ხმარდება ამ წესდებით განსაზღვრული უნივერსიტეტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 25. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება

უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის სამინისტროს.

    მუხლი 26. სახელმწიფო კონტროლი

1. უნივერსიტეტის სამეურნეო-საფინანსო და სხვა შესაბამისი საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. უნივერსიტეტმა მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოქმედება.

3. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში არის საქართველოს კულტურის სამინისტრო.

4. უნივერსიტეტი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანონო მოქმედება.

თავი XI

დასკვნითი და გარდამავალი დებულებები

    მუხლი 28. გარდამავალი დებულება

1. უნივერსიტეტის პრორექტორებს ამ წესდების ძალაში შესვლისთანავე უწყდებათ უფლებამოსილება, მაგრამ აგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოზე რექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატების არჩევამდე.

2. რექტორი ვალდებულია ამ წესდების ძალაში შესვლისთანავე სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს ასარჩევად წარუდგინოს პრორექტორთა კანდიდატები.

    მუხლი 29. უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

უნივერსიტეტი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 30. წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.