„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2380
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 24/06/2003
ძალაში შესვლის თარიღი 15/07/2003
სარეგისტრაციო კოდი 410.000.000.05.001.001.305
  • Word
2380
06/06/2003
სსმ, 18, 24/06/2003
410.000.000.05.001.001.305
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ.40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე პუნქტი:

„39. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობები - საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველების სახეობები.“.

2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განსაკუთრებული გარემოსდაცვითი, სამეცნიერო ან ესთეტიკური ღირებულების მქონე გარეული ცხოველი, აგრეთვე გარეული ცხოველი, რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი გამრავლებულია ტყვეობაში ან შეძენილია საზღვარგარეთ კანონით დადგენილი წესით), არ შეიძლება იყვნენ კერძო საკუთრების ობიექტები.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები;“.

4. მე-10 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს „წითელი ნუსხის“ წარმოება;“.

5. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აფინანსებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების გენოფონდის რეზერვატების (ex-situ კონსერვაციის) შექმნასა და ფუნქციონირებას;“.

6. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ნაკრძალებში, ბუნების ძეგლებსა და ეროვნული პარკების ბუნების მკაცრი დაცვის ზონებში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნის ან ვეტერინარული მიზნით გარეული ცხოველების დაჭერა რეგულირდება „გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნისა და ვეტერინარული მიზნით სახელმწიფო ნაკრძალებში, ბუნების ძეგლებსა და ეროვნული პარკების ბუნების მკაცრი დაცვის ზონებში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში გარეულ ცხოველთა დაჭერის შესახებ“ დებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს დაცული ტერიტორიების სამსახური და ამტკიცებს სამინისტრო.“.

7. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების დაცვა

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების, ქვესახეობებისა და სხვა ტაქსონომიური ერთეულების (შემდგომში – ტაქსონი) მდგომარეობის შეფასებისა და დაცულობის სტატუსის მინიჭების მიზნით დგება საქართველოს „წითელი ნუსხა“ და „წითელი წიგნი“.

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მდგომარეობის და დაცულობის სტატუსის მინიჭება ხდება შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ა) გადაშენებული ტაქსონი (Extinct - EX). ტაქსონი გადაშენებულად ითვლება, როდესაც უკანასკნელი ინდივიდი დაღუპულია;

ბ) ბუნებაში გადაშენებული ტაქსონი (Extinct in the Wild - EW). ტაქსონი ბუნებაში გადაშენებულად ითვლება, როდესაც ცნობილია, რომ ამ სახეობის ინდივიდები დარჩენილია მხოლოდ ტყვეობაში;

გ) გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი (Critically Endangered - CR). ტაქსონი გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშეა, როდესაც მას არსებულ პირობებში ყოფნისას უახლოეს მომავალში ემუქრება გადაშენების უაღრესად დიდი საფრთხე;

დ) გადაშენების მოსალოდნელი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი (Endangered - EN). ტაქსონი, რომელიც არ არის უკიდურესი საფრთხის წინაშე, მაგრამ ახლო მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს გადაშენების პირას;

ე) მოწყვლადი ტაქსონი (Vulnerable - VU). ტაქსონი მოსალოდნელი საფრთხის წინაშე არ არის, მაგრამ მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე;

ვ) დაბალი რისკის ტაქსონი (Lower Risk - LR). ტაქსონი არ აკმაყოფილებს გადაშენების მოსალოდნელი საფრთხის წინაშე მყოფთა და მოწყვლადთა კატეგორიების კრიტერიუმებს. ეს ტაქსონი შეიძლება დაიყოს სამ ქვეკატეგორიად:

ვ.ა) კონსერვაციაზე დამოკიდებული ტაქსონი (Conservation Dependent - CD);

ვ.ბ) მოწყვლადთან ახლოს მყოფი ტაქსონი (Near Threatened - NT). ტაქსონი, რომელიც არ უახლოვდება კონსერვაციაზე დამოკიდებულს, მაგრამ ახლოსაა მოწყვლადთან;

ვ.გ) ნაკლებად საგანგაშო ტაქსონი (Less Concern - LC). ტაქსონი, რომელიც არ უახლოვდება კონსერვაციაზე დამოკიდებულს ან მოწყვლადთან ახლოს მყოფს;

ზ) არასრული მონაცემების მქონე ტაქსონი (Data Deficient - DD). ტაქსონი, რომლის შესახებ არსებული ინფორმაცია არასაკმარისია მისი გადაშენების რისკის პირდაპირი ან არაპირდაპირი შეფასებისათვის;

თ) შეუფასებელი ტაქსონი (Not Evaluated - NE). ტაქსონი ამ კატეგორიას მიეკუთვნება მაშინ, როდესაც იგი ვერ ფასდება ვერც ერთი კრიტერიუმის მიხედვით.

3. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ტაქსონების დაცვა და აღდგენა ხორციელდება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების“ შესაბამისად, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების შესახებ“ დებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

4. ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

5. სპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ გარემოში გასაშვებად და ვეტერინარული (განკურნების) მიზნებისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვება რეგულირდება „სპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ გარემოში გასაშვებად და ვეტერინარული (განკურნების) მიზნებისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვების შესახებ“ დებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

6. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვება დაიშვება სამინისტროს ლიცენზიით მხოლოდ სპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ გარემოში გასაშვებად, აგრეთვე ვეტერინარული (განკურნების) მიზნებისათვის.

7. საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიები განისაზღვრება „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.“.

8. 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა იმ სახეობების შენარჩუნების მიზნით, რომელთა გამრავლება ბუნებრივ პირობებში დაცვის გზით შეუძლებელია, იქმნება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების „გენოფონდის რეზერვატი“ (ex-situ კონსერვაცია). პრაქტიკული ღონისძიებანი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების გენოფონდის შექმნისა და ბუნებაში მათი აღდგენისათვის ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს მიერ სპეციალურად საამისოდ უფლებამოსილი კომპეტენტური სამსახურის მიერ.

2. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების და სხვა) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატის, გარდა სამოყვარულო ზოოლოგიური კოლექციებისა, შექმნა და შევსება გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების გზით დაიშვება ლიცენზიის საფუძველზე.

3. გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების გზით ზოოლოგიური კოლექციების შექმნისა და შევსების შესახებ ლიცენზიის გაცემის პროცედურა რეგულირდება „ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების გზით შექმნისა და შევსების შესახებ“ დებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.“.

9. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარეული ცხოველები (გარდა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველებისა), რომლებიც ლიცენზიის საფუძველზე და დადგენილი წესით ამოღებულ იქნენ ბუნებრივი გარემოდან, წარმოადგენენ ლიცენზიის მფლობელის საკუთრებას.“.

10. 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს დაცვა, შეასრულოს გარეულ ცხოველთა იმ სახეობის დაცვის რეჟიმი, რომელიც მიკუთვნებულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სამყაროს ობიექტებს და შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“;“.

11. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნებულია, რომ გარეული ცხოველი არ იქნება გამოყენებული კომერციული მიზნებისთვის.“.

12. 59-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცხოველთა სამყაროს დაცვის, გარეულ ცხოველთა (მათ შორის, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა) პოპულაციებში მიმდინარე რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებების კონტროლის უზრუნველსაყოფად წარმოებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და ამ ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა, რის საფუძველზედაც დგება ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრი.“.

13. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დაარღვიეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა დაცვის წესები;“.

14. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

ზ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „სპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ გარემოში გასაშვებად და ვეტერინარული (განკურნების) მიზნებისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

თ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების გზით შექმნისა და შევსების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2380-II