ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაციის შესახებ

  • Word
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 455
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/10/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 20/10/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 330030000.05.002.001914
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
455
17/10/2000
სსმ, 97, 20/10/2000
330030000.05.002.001914
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/10/2000 - 26/10/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №455

2000 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაციის შესახებ

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის განხორციელებას საგანგებო და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის. ამ პროექტის რეალიზაციით კიდევ უფრო განვითარდება და განმტკიცდება რეგიონის ლიდერების მიერ ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას, დიდი აბრეშუმის გზის აღდგენასა და ევრაზიის დერეფნის დაჩქარებულ განვითარებას, რაც თავისთავად მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც უდიდესი სახელმწიფოების სტრატეგიული და საიმედო პარტნიორი ქვეყნის, დამკვიდრებას მსოფლიო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში. ეს კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესსა და ნდობას, გააფართოებს მის სტრატეგიულ ფუნქციას, შექმნის აუცილებელ პირობებსა და გარემოს ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვისათვის და უზრუნველყოფს საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების უსაფრთხო, მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაცია მოითხოვს ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების მხრიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას, რამაც უნდა განაპირობოს საპროექტო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დაჩქარებულად წარმართვა. სწორედ ამიტომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ ხელშეკრულებისა და მისი დანართების (ერთად სამთავრობათშორისო ხელშეკრულება) ზოგიერთი საინვესტიციო პირობაც საგანგებოდ, მხოლოდ აღნიშნული პროექტის საჭიროებისათვის ჩამოყალიბდა, რითაც მონაწილე ქვეყნებმა განსაკუთრებული რეჟიმი შექმნეს ამ პროექტის განვითარებისათვის.

ყოველივე ამის გათვალისწინებით:

1. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 2 ნოემბრის №477 და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 თებერვლის № 43 ბრძანებულებებზე დაყრდნობით:

ა) დაინიშნოს სს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია საქართველოს მხარის წარმომადგენლად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტში ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან ხელშეკრულების 2.2 მუხლისა და ამავე ხელშეკრულების მე-2 დანართის 5.1 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულს, სს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტს გიორგი ჭანტურიას მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საქართველოს მხარის სახელით ხელი მოაწეროს სამთავრობათშორისო ხელშეკრულების დანართებს.

2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ ხელშეკრულების VI მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ზემოხსენებული ხელშეკრულების პირობების დაცვისა და შესრულების ხელშეწყობის მიზნით სამეთვალყურეო კომისიის შექმნას და ამ კომისიაში ყოველი მონაწილე ქვეყნის მხრიდან ორი წარმომადგენლის დანიშვნას, დაინიშნონ: საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული, სს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი გიორგი ჭანტურია და საქართველოს პარლამენტის ევრაზიის დერეფნის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ვაშაყმაძე საქართველოს წარმომადგენლებად აღნიშნულ კომისიაში.

3. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში საქართველოს მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური დაცვის მიზნით სს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ ნავთობკომპანიებთან ერთად, რეგიონალურ და ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, შეიმუშაოს და განავითაროს მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის სპეციალური პროგრამები. ამასთან ერთად გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალურად დასაქმება აღნიშნულ პროექტში, მასში საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებისა და საქართველოს კომპანიების პრიორიტეტული ჩაბმა, საქართველოს სატრანსპორტო, სამრეწველო და მომსახურების ინფრასტრუქტურის, საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მასალების მაქსიმალური გამოყენება პროექტის განხორციელების პროცესში.

4. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაციის პროცესში სს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ, როგორც საქართველოს მხარის წარმომადგენელმა აღნიშნულ პროექტში, ისევე როგორც საქართველოს შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა, უზრუნველყონ სამთავრობათშორისო ხელშეკრულების” პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა დროული და ეფექტიანი შესრულება.

5. საქართველოს მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის სამთავრობათშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის (განსაკუთრებით, მილსადენისა და მასზე მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად) საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი), სს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ (გ. ჭანტურია) შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით გამართონ მოლაპარაკება საერთაშორისო დონორ და საფინანსო ორგანიზაციებთან აუცილებელი ფინანსური სახსრების მოზიდვის შესახებ.

6. საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტების მიერ 1998 წლის 29 ოქტომბერს ხელმოწერილი ანკარის დეკლარაციის დებულებებისა და პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტისათვის დასავლეთის საინვესტიციო კაპიტალის მოსაზიდად ხელშემწყობი პირობების შექმნას და შესაბამისად პროექტის დაფინანსების გაიაფების აუცილებლობას, სს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ (გ. ჭანტურია) ფინანსთა სამინისტროსთან (ზ. ნოღაიდელი) და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან (ი. ჩხარტიშვილი) ერთად შეისწავლოს საერთაშორისო საფინანსო და სადაზღვევო ორგანიზაციებთან შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები ინვესტორების პოლიტიკური რისკის დაზღვევის ხელშეწყობის მიზნით. იმავდროულად, რადგანაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის ხელშეწყობისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კავკასიის ენერგეტიკულ დერეფანში ნავთობის მაქსიმალური რაოდენობით მოზიდვას, სს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ შესაბამისად განავითაროს ნავთობის ტრანსპორტირებისა და გადამუშავების ინფრასტრუქტურა.

7. მოწონებული იქნეს სს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ინიციატივა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისა და მასმედიის მხრიდან დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელების შესახებ, რითაც უზრუნველყოფილ იქნება აღნიშნული პროექტის ღიად და გამჭვირვალედ განხორციელება და საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება, განსაკუთრებით პროექტის განხორციელების ეკოლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებით. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

8. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის შესახებ სამთავრობათშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული საქართველოს შემოსავალი პირდაპირ და მთლიანად იქნეს მიმართული სახელმწიფო ბიუჯეტში.

9. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის მიერ დამკვიდრებული ბიუჯეტთან ანგარიშსწორების (არასაგადასახადო) წინასწარი შეთანხმების პრაქტიკა. ფინანსთა სამინისტროსა და სს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას შორის შეთანხმებებს საფუძვლად დაედოს მათ მიერ მსოფლიო ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურებთან ერთად შემუშავებული პრინციპები, რაც გულისხმობს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად სს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის მიერ ადრეული ნავთობის მილსადენიდან მიღებული შემოსავლების ნაწილის გამოყენებას:

ა) ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობის მილსადენის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა განსახორციელებლად;

ბ) ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ნავთობის ტრანზიტის ინფრასტრუქტურის დაჩქარებული განვითარების ამოცანათა გადასაჭრელად;

გ) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტში სს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (როგორც პროექტში საქართველოს მხარის წარმომადგენლის) ვალდებულებათა შესასრულებლად;

დ) შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულების მხარდასაჭერად და საკოორდინაციოდ;

ე) არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პროექტის მონიტორინგის მხარდასაჭერად.

10. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და მისი განხორციელებისათვის საგანგებო საინვესტიციო პირობების შექმნის ხელშეწყობის აუცილებლობიდან გამომდინარე, სამთავრობათშორისო ხელშეკრულების” მიმართება ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების” მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებთან განისაზღვროს ამავე ქარტიის მე-10 მუხლის 5 (ა) პუნქტით დაშვებული გამონაკლისის წინაპირობის შესაბამისად.

11. ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისათვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით გამომდინარე, საგანგებო მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარმართვას იმავე მიდგომებისა და პრინციპების გამოყენებით, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის კოორდინაციით სს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ დაამკვიდრა ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობის მილსადენის პროექტის რეალიზაციის პროცესში; შესაბამისად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს საგანგებო კოორდინაციას პირადად გაუწევს საქართველოს პრეზიდენტი.

ე. შევარდნაძე