საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/09/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 90, 04/10/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 11/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 300390000.05.002.001899
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
426
30/09/2000
სსმ, 90, 04/10/2000
300390000.05.002.001899
საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/10/2000 - 03/06/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 426

2000 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულებისა და ქვეყანაში ეკონომიკური წონასწორობის დაცვის, ამ კანონით განსაზღვრული ძირი­თადი პრინციპების განხორციელების მიზნით: დამტკიცდეს დებულება „საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ“.

ე. შევარდნაძე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ

დებულებაში გამოყენებული ძირითადი ცნებები:

ეკონომიკური აგენტი (მეწარმე სუბიექტი) – იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, განურჩევლად საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა და საქმიანობის ხასიათისა.

საქონელი – პროდუქცია, სამუშაო, მომსახურება.

ურთიერთშენაცვლებადი საქონელი – საქონელთა ჯგუფი, რომლებიც ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების, ხარისხის, ტექნიკური მახასიათებლების, ფასის ან სხვა პარამეტრების მიხედვით იმდენად მსგავსია, რომ მყიდველი ცვლის ან მზადაა შეცვალოს ერთი საქონელი მეორით მოხმარების (მათ შორის საწარმოო) პროცესში.

კონკურენცია – ბაზარზე დამოუკიდებლად მოქმედი ეკონომიკური აგენტების მეტოქეობა, რის პროცესშიც თითოეული მათგანის მოქმე­დება ზღუდავს მეტოქის შესაძლებლობას მოიპოვოს უპირატესობა ბაზარზე და ხელს უწყობს მომხმარებლისათვის საჭირო საქონლის წარმოებას.

კონკურენცია წარმოიშობა მაშინ, როდესაც ბაზარზე ერთდ­როულად გამოდის რამდენიმე ეკონომიკური აგენტი, ხდება ურთიერთ­შენაცვლებადი საქონლის მიწოდება და მოხმარების შესახებ გადაწყ­ვეტილება მიიღება ფასის, ხარისხის, შეფუთვის, სერვისისა და სხვა ეკო­ნომიკური პარამეტრების გათვალისწინებით.

მონოპოლიური მდგომარეობა – ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ორგანოს განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც მას საშუალებას აძლევს არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე და შეზღუდოს კონკურენცია.

მონოპოლიური საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ეკონომიკურ აგენტს საშუალებას აძლევს არსებითი გავლენა მოახდინოს სასაქონლო ბაზარზე ურიერთშენაცვლებადი (კონკურენტული) საქონლის საბაზრო ფასზე და შეზღუდოს კონკურენცია.

                

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური მდგო­მარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების (შემდგომში – ეკონომიკური აგენტები) სახელმწიფო რეესტრს (შემდგომში – რეესტრი) „მონო­პოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესრულების მიზნით აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური (შემდგომში – ანტიმონოპოლიური სამსახური).

    მუხლი 2

რეესტრის წარმოების მიზანია:

ა) ქვეყნის ცალკეულ სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების დადგენა, აღრიცხვა და მათი საქმიანობის კონტროლი;

ბ) მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში ეკონომიკური აგენტების საქმიანობის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება.

    მუხლი 3

1. დებულება განსაზღვრავს რეესტრის სტრუქტურასა და მისი წარმოების წესს.

2. რეესტრში შესული მონაცემები საჯაროა.

თავი II

რეესტრის სტრუქტურა

    მუხლი 4

1. რეესტრში შეყვანას ექვემდებარებიან ეკონომიკური აგენტები, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად (საქართ­ველოს პრეზიდენტის 95 22.02.98.წ. ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცებული ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტების გარდა, რომ­ლებიც ბუნებრივ მონოპოლიათა რეესტრში არიან შესული), რომელთაც საქარ­თ­­ველოს სასაქონლო ბაზრებზე უკავიათ მონოპოლიური მდგომარეობა. მონოპოლიური მდგომარეობის განმსაზღვრელი წილი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამა თუ იმ საქონლის (მომსახუ­რების) ბაზარზე მოქმედებს ერთადერთი ეკონომიკური აგენტი, დგინდება ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ კონკრეტული სასაქონლო ბაზრის მიხედ­ვით.

2. ეკონომიკური აგენტი ჩაითვლება მონოპოლიური მდგომა­რეობის მქონედ, თუ მისი წილი კონკრეტულ სასაქონლო ბაზარზე პირდაპირ ან არაპირდაპირ (ფილიალის შვილეული საწარმოს მეშვეობით ან სხვაგვარად) აღემატება ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დადგე­ნილ ზღვრულ ოდენობას.

    მუხლი 5

რეესტრის შედგენა ხდება ურთიერთშენაცვლებადი საქონლის ჯგუფის, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული ეკონომიკური საქმიანობის სახეობების მიხედვით, პრო­დუქ­ციის ეროვნული კლასიფიკატორის გათვალისწინებით.

    მუხლი 6

რეესტრში მიეთითება:

ა) სასაქონლო ბაზრის დასახელება (პროდუქტიული და გეოგრაფიული საზღვრების აღნიშვნით);

ბ) ეკონომიკური აგენტის საფირმო სახელწოდება;

გ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

დ) იურიდიული მისამართი;

ე) საწესდებო კაპიტალის ოდენობა;

ვ) სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი;

ზ) მისი წილი შესაბამის ბაზარზე (ნატურალური და ღირებულე­ბითი გამოხატულებით);

თ) სახელმწიფო რეგულირების დაწესებული ფორმა (ანტიმო­ნოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისას).

თავი III

რეესტრის წარმოებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი

    მუხლი 7

1. რეესტრს აწარმოებს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური.

2. რეესტრში შეყვანის საფუძველს წარმოადგენს შესაბამის სასაქონლო ბაზარზე ეკონომიკური აგენტის მონოპოლიური მდგომა­რეობა.

    მუხლი 8

მონოპოლიური მდგომარეობის განსაზღვრა ხდება კონკრეტული სასაქონლო ბაზრის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით. სასაქონლო ბაზრის ანალიზი ხორციელდება:

ა) შერჩევითი გამოკვლევების მასალების, სასაქონლო ბაზარზე ეკონომიკური აგენტის წილის განსაზღვრისათვის საჭირო მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც წარმოადგენენ:

ა.ა) საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი,

ა.ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებები,

ა.გ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები,

ა.დ) ეკონომიკური აგენტები, მათი გაერთიანებები,

ა.ე) მომხმარებელთა კავშირები და საზოგადოებები,

ა.ვ) სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები,

ბ) ეკონომიკური აგენტების საქმიანობის სახელმწიფო კონტრო­ლის განხორციელების შედეგებზე დაყრდნობით;

გ) შესასწავლი სასაქონლო ბაზრის პროდუქტიული და გეოგ­რაფიული საზღვრების განსაზღვრით და შესაბამის სასაქონლო ბაზარზე ეკონომიკური აგენტების წილის დადგენით.

    მუხლი 9

1. რეესტრი საჭიროებს აუცილებელ დაზუსტებას წელიწადში ერთხელ (მთელი წლის შედეგების მიხედვით ანტიმონოპოლიური სამ­სა­ხურის ინიციატივით).

2. რეესტრის დაზუსტებისას:

ა) ხდება მონოპოლიზებული სასაქონლო ბაზრებისა და რეესტრში შეტანილი ეკონომიკური აგენტების საქმიანობის ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზი (ანალიზდება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, საქონლის ნომენკლატურის ცვლილე­ბები, ვლინდება მიზეზები, რომლებიც განაპირობებენ ამ ცვლილებებს);

ბ) ხორციელდება რეესტრში შეყვანილი ეკონომიკური აგენტის საქმიანობისათვის დაწესებული სახელმწიფო რეგულირების ფორმის ეფექტიანობის ანალიზი.

    მუხლი 10

1. ანტიმონოპოლიური სამსახური უფლებამოსილია წლის განმავლობაში შეიტანოს რეესტრში ცვლილებები (ეკონომიკური აგენტის რეესტრში შეყვანა, გამოყვანა, დაწესებული რეგულირების ფორმის შეცვლა).

2. ცვლილებების შეტანის საფუძველია:

ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობისათვის დაწესებული სა­ხელმწიფო რეგულირების ფორმის არაეფექტიანობა;

ბ) სასაქონლო ბაზრებზე სიტუაციის მნიშვნელოვანი შეცვლა;

გ) ეკონომიკური აგენტის (რეგულირების დაწყების მომენტიდან არანაკლებ ერთი წლისა), სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ცენტ­რალური და ადგილობრივი ორგანოების, სხვა დაინტერესებული იურიდიული და ფიზიკური პირების ანტიმონოპოლიური სამსახური­სადმი დასაბუთებული მომართვა.

3. ეკონომიკური აგენტის რეესტრიდან გამოყვანა ხდება:

ა) შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის წილის შემცირების შემთხვევაში ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დაწესებულ ზღვრულ სიდიდესთან შედარებით, ამასთან ასეთი შემცირება არ უნდა იყოს მოკლევადიანი და (ან) სეზონური ხასიათისა;

ბ) წარმოების დემონოპოლიზაციის სამუშაოთა წარმატებით შესრულების შემთხვევაში.

    მუხლი 11

1. რეესტრში შესატანი ცვლილებები მტკიცდება საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანებით, რომელსაც თან უნდა ახლდეს განმარტებითი ბარათი.

2. განმარტებითი ბარათი უნდა შეიცავდეს:

ა) სასაქონლო ბაზრის ანალიზს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური აგენტი შეყვანილია რეესტრში;

ბ) ეკონომიკური აგენტის იმ მოქმედებების ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისადმი შესაბამისობის შეფასებას, რამაც განაპირობა ბაზარზე მისი წილის შეცვლა;

გ) რეესტრში შეყვანილი ეკონომიკური აგენტის საქმიანო­ბისათვის, მის მიერ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევისას, დასაწესებელი სახელმწიფო რეგულირების ფორმის ეკონომიკურ დასაბუთებას;

დ) ეკონომიკური აგენტის დემონოპოლიზაციის, დივერსი­ფიკაციისა და წარმოების განვითარების შესაძლებელი მიმართულების შეფასებას. შესაბამის სასაქონლო ბაზარზე კონცენტრაციის დონის შემცირების მიზნით სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ მას­ტიმულირებელ ღონისძიებებს.

3. ბრძანების ასლი 3 სამუშაო დღის განმავლობაში გადაეგ­ზავნებათ:

ა) ეკონომიკურ აგენტს, ვის მიმართაც გამოიცა ბრძანება;

ბ) საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს;

გ) სასამართლოს, სადაც ეკონომიკურმა აგენტმა გაიარა რეგისტრაცია.

    მუხლი 12

დამტკიცებული რეესტრი, გადაწყვეტილება ეკონომიკური აგენ­ტების რეესტრში შეყვანის (გამოყვანის), მის საქმიანობისათვის რეგულირების დაწესების შესახებ ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის შემდეგ.

თავი IV

რეესტრში შეყვანილი ეკონომიკური აგენტების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი და რეგულირება

    მუხლი 13

1. ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ რეესტრში შეყვანილი ეკონომიკური აგენტების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება მუდმივად.

2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს:

ა) ეკონომიკური აგენტის მიერ ანტიმონოპოლიური სამსახურისათვის მისი საქმიანობის ამსახველი საერთო მაჩვენებლების სახით ანგარიშის წარდგენას, რომლის ფორმასა და წარდგენის პერიოდულობას დადგენილი წესით ამტკიცებს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი;

ბ) ქვეყნის და ლოკალურ სასაქონლო ბაზრებზე ეკონომიკური აგენტების მდგომარეობის დაზუსტებას, მათი საქმიანობის ამსახველი ძირითადი მაჩვენებლების ანალიზს;

გ) რეესტრში შეყვანილი ეკონომიკური აგენტის მიერ სხვა ეკონომიკური აგენტის (მისი შვილეული საწარმოს) აქციების ან წილის (პაის) შეძენისას სავალდებულო ანტიმონოპოლიური ექსპერტიზის მოწყობას;

დ) სასაქონლო ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების საქმიანობის ანალიზსა და ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამოვლენისას აღმკვეთ ღონისძიებათა განხორციელებას.

    მუხლი 14

1. მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკურ აგენტს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევისას, თუ შეუძლებელია ან ეკონომიკურად არაეფექტიანია მისი იძულებითი დაყოფა (დაწვრილერთეულება), ანტიმონოპოლიური სამსახური უწე­სებს მის საქმიანობას სახელმწიფო რეგულირებას.

2. სახელმწიფო რეგულირება გულისხმობს:

ა) კონკრეტული ეკონომიკური აგენტების საქმიანობისათვის, მისი ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით, ანტიმო­ნოპოლიური სამსახურის მიერ რეგულირების ფორმების (რენტაბელობის ზღვრული დონე, ფიქსირებული ფასები და სხვ.) შემუშავებასა და დადგენილი წესით მათ დამტკიცებას;

ბ) რეგულირების დამტკიცებული ფორმის შესრულების კონტ­როლს.

    მუხლი 15

კონკრეტული ეკონომიკური აგენტების საქმიანობის რეგულირების განსაზღვრული მეთოდების გამოყენების შესახებ გადაწყ­ვეტილების მიღებისას სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური ვალდებულია განიხილოს დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები.

    მუხლი 16

ეკონომიკური აგენტების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შე­სახებ“, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და მათ საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

თავი V

ეკონომიკური აგენტის პასუხისმგებლობა

    მუხლი 17

ამ დებულებით განსაზღვრული წესების შეუსაბამო მოქმედებისათვის ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VI

რეესტრის გაუქმება

    მუხლი 18

რეესტრის გაუქმება ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძა­ნებულების საფუძველზე.

 

 

თავი VII

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 19

ამ დებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაით­ვალოს „მონოპოლისტი საწარმოებისა და გაერთიანებების სახელმ­წიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს 1993 წლის 30 აპრილის კოლეგიის სხდომის გადაწყ­ვეტილებით დამტკიცებული (ოქმი 12) დებულება.