საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • Word
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2356
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 01/07/2003
სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.05.001.001.297
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2356
06/06/2003
სსმ, 19, 01/07/2003
360.060.000.05.001.001.297
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (08/11/2011 - 24/11/2011)

საქართველოს კანონი

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

კარი I

ზოგადი ნაწილი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს „წითელი ნუსხა“ – საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების ჩამონათვალი;

ბ) საქართველოს „წითელი წიგნი“ – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების სტატუსის, გავრცელების არეალის, ადგილსამყოფლის, რაოდენობის, გამრავლების ადგილებისა და პირობების, მათ დასაცავად მიღებული ზომებისა და დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების შესახებ;

გ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები – გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ბიოლოგიური სახეობები ან/და მათი სხვა ტაქსონომიური ერთეულები, რომელთა რაოდენობისა და გავრცელების არეალის შემცირება, საარსებო პირობების გაუარესება ან სხვა გარემოებები მიუთითებს მათი დაცვისა და კვლავწარმოებისათვის სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობაზე;

დ) ტაქსონომიური ერთეული (ტაქსონი) – ერთმანეთისაგან გენეტიკურად მეტ-ნაკლები ხარისხით განსხვავებული გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი;

ე) ბიომრავალფეროვნება – გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში.

2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს „ცხოველთა სამყარო“ და „გარეული ცხოველები“ აქვთ „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

    მუხლი 2. კანონის რეგულირების საგანი

ეს კანონი აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენის, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და გამოყენების სფეროში (შემდგომში – საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფერო), გარდა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი საკითხებისა, რომლებიც საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში რეგულირდება 1973 წლის 3 მარტს ქ. ვაშინგტონში შესრულებული კონვენციით „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“.

    მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროს შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროს შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „გარემოს დაცვის შესახებ“ და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 4. კანონის ძირითადი მიზანი

ამ კანონის ძირითადი მიზანია, საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და გამოყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირებით, დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და მათი მდგრადი განვითარებისათვის პირობების შექმნა.

თავი II

კომპეტენციათა გამიჯვნა საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

    მუხლი 5. საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია;

გ) ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, ნორმატიულ-მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და დაფინანსება;

დ) საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცება;

ე) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება;

ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა დადება და ამ ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა.

    მუხლი 6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების კომპეტენცია საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობენ საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენაში.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებენ და ახორციელებენ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების რეგიონულ პროგრამებს.

    მუხლი 7. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენცია საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საბინადრო გარემოს დაცვის, მათი აღდგენითი და შენარჩუნების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

თავი III

ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები და ვალდებულებები საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

    მუხლი 8. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დროულად მიიღონ სრული და ობიექტური ინფორმაცია საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ან ამ კანონით განსაზღვრულ სხვა დაწესებულებებს მიმართონ წინადადებებით საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) ხელი შეუწყონ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების განხორციელებას;

დ) მონაწილეობა მიიღონ საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროს მიკუთვნებულ საკითხთა განხილვაში;

ე) დადგენილი წესით მოითხოვონ იმ ობიექტების განთავსების, დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან ექსპლუატაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა შეცვლა, რომელთა განთავსებამ, დაპროექტებამ, მშენებლობამ, რეკონსტრუქციამ ან ექსპლუატაციამ შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე.

    მუხლი 9. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ვალდებულებები საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

კარი II

ძირითადი ნაწილი

თავი IV

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა

    მუხლი 10. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ძირითადი მოთხოვნები

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო.

2. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს და საარსებო პირობების გაუარესება, გარდა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე შესაძლო მავნე ანთროპოგენური ზეგავლენის მოხდენის გათვალისწინება სავალდებულოა:

ა) „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენისას;

ბ) (ამოღებულია);

გ) საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად მთავარი, მოვლითი და სპეციალური ჭრებისას ან/და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვისას და განხორციელებისას;

დ) სასუქების, შხამქიმიკატებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, აგრეთვე იმგვარი საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელებისას, რომელმაც შეიძლება უშუალოდ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მოსპობა, რაოდენობის შემცირება, საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება.

საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3479-სსმI, №29, 26.07.2006წ., მუხ.233

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 11. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაცვა

1. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა, გარდა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა .

2. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 12. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა დაცვა

1. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა მოსპობა, მათი რაოდენობის ან/და გავრცელების არეალის შემცირება.

2. სატყეო ფონდის მიწებზე აკრძალულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა ჭრა ან ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა სახეობებს.

21 . ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ “ ქვეპუნქტებით დადგენილ შემთხვევებზე.

3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა დაცვის სამართლებრივი საკითხები წესრიგდება ამ კანონის, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ტყის კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1089-სსმI, №7, 06.04.2009წ., მუხ.23

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 13. დაცულ ტერიტორიებზე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ბუნებრივ პირობებში დაცვა (კონსერვაცია) ხორციელდება სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიების შექმნით.

2. დაცულ ტერიტორიებზე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი V

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების სტატუსი

    მუხლი 14. საქართველოს „წითელი ნუსხა“

1. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის სტატუსის მინიჭება ხორციელდება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მისი შეტანით.

2. გარეულ ცხოველთა სახეობებიდან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეიძლება შეტანილ იქნეს სახეობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობენ მუდმივად ან დროებით (მიგრირებადი სახეობები).

3. ველურ მცენარეთა სახეობებიდან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ბუნებრივად გავრცელებული სახეობები.

4. საქართველოს „წითელ ნუსხას“ ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. საქართველოს „წითელი ნუსხის“ განახლება ხორციელდება ყოველ ათ წელიწადში ერთხელ.

    მუხლი 15. საქართველოს „წითელი ნუსხის“ სტრუქტურა და შედგენის წესი

1. საქართველოს „წითელი ნუსხა“ შედგება ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მოცემულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობები, ხოლო მეორე ნაწილში – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა სახეობები.

2. საქართველოს „წითელი ნუსხის“ თითოეული ნაწილი შედგება სახეობათა ძირითადი სისტემატიკური კატეგორიების შესაბამისად დაჯგუფებული ქვენაწილებისაგან.

3. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თითოეული სახეობის ან საჭიროების შემთხვევაში სხვა ტაქსონომიური ერთეულის იდენტიფიკაცია უნდა მოიცავდეს სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის:

ა) მეცნიერულ სახელწოდებას ქართულ და ლათინურ ენებზე (სახელწოდების განმსაზღვრელის ჩათვლით);

ბ) მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის აღმნიშვნელ კატეგორიებს.

4. საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტს ადგენს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია, რომელიც შექმნილია „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

5. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ შესაბამისი სამეცნიერო სპეციალიზაციის მქონე და, ამავდროულად, სახელმწიფო მოხელის სტატუსის არმქონე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ან/და წევრ-კორესპონდენტი, აგრეთვე სახელმწიფო მოხელის სტატუსის არმქონე, შესაბამისი სამეცნიერო სპეციალიზაციის მქონე ექსპერტი.

6. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის ათწლიან სამუშაო გეგმას ამტკიცებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი.

7. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში განსახორციელებელი სამეცნიერო გამოკვლევებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის რეკომენდაციით, ამგვარი სამუშაოების განთავსებას ბაზური, პროგრამულ-მიზნობრივი და დაფინანსების სხვა სახეობების (მათ შორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული ფინანსური დახმარების) გამოყენებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურაში შემავალ სამეცნიერო დაწესებულებებში დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი.

8. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას უფლება აქვს, უსასყიდლოდ ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების განკარგულებაში არსებული იმ ინფორმაციით, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გავრცელების, ინვენტარიზაციის, დაცვის, აღდგენისა და გამოყენების საკითხებთან.

9. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოსა და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დასკვნები, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რომელიც პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს ან დასაბუთებული შენიშვნებით უბრუნებს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს.

    მუხლი 16. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაცია და მათი განსაზღვრის კრიტერიუმები

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაცია და მათი განსაზღვრის კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) საბჭოს მიერ დამტკიცებული „წითელი ნუსხის“ კატეგორიების კლასიფიკაციასა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებს.

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაციასა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიებისა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ“ დებულების შესაბამისად, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

    მუხლი 17. გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შეტანა საქართველოს „წითელ ნუსხაში“

1. საქართველოს „წითელი ნუსხაში“ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის შეტანის საფუძველს წარმოადგენს მათი რაოდენობისა და გავრცელების არეალის შემცირება, საარსებო პირობების გაუარესება ან სხვა ისეთი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებს, რომ მათი დაცვისა და კვლავწარმოებისათვის აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება.

2. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შეტანა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ ხორციელდება მათი მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების გათვალისწინებით.

3. წინადადებები საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანის თაობაზე შეიძლება წარადგინოს მოქალაქემ, სამეცნიერო-კვლევითმა, სასწავლო ან სხვა დაწესებულებამ და ორგანიზაციამ (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა). ამგვარი წინადადება შეიძლება უშუალოდ წარედგინოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას. კომისია ოთხი თვის ვადაში შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი სახეობის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანის მიზანშეწონილობის თაობაზე და აწვდის მას დაინტერესებულ პირს.

4. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის მიერ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანის თაობაზე დადებითი დასკვნის გამოტანის შემთხვევაში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეიძლება შეტანილ იქნეს შესაბამისი დამატება ამ კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.

    მუხლი 18. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ამოღება საქართველოს „წითელი ნუსხიდან“

1. საქართველოს „წითელი ნუსხიდან“ სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის ამოღების საფუძველს წარმოადგენს მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია ამ სახეობის მდგომარეობის გაუმჯობესების (რაოდენობის ზრდის, გამრავლების ან/და გავრცელების არეალის გაფართოების, საარსებო პირობების აღდგენის) შესახებ.

2. საქართველოს „წითელი ნუსხიდან“ სახეობა ან სხვა ტაქსონომიური ერთეული შეიძლება ამოღებულ იქნეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.

3. აკრძალულია საქართველოს „წითელი ნუსხიდან“ სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის ამოღება, თუ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცებიდან არ არის გასული ხუთი წელი მაინც.

თავი VI

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვა, მონიტორინგის სისტემა და აღდგენითი ღონისძიებები

    მუხლი 19. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვა და მონიტორინგის სისტემა

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობის სისტემატური შეფასების მიზნით წარმოებს ამ სახეობების აღრიცხვა და მათი მდგომარეობის მონიტორინგი.

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვისას და მათი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახეობების ან სხვა ტაქსონომიური ერთეულების გავრცელების, რაოდენობის, მდგომარეობის, წარსულში და ამჟამად მათი გამოყენების და საარსებო გარემოს შესახებ მონაცემები, ინფორმაცია ბუნებათსარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აღრიცხვის, კადასტრისა და მონიტორინგის შესახებ და სხვა აუცილებელი ცნობები.

3. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

4. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

5. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3347-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.237

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 20. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენითი ღონისძიებები

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენითი ღონისძიებები მოიცავს ამ სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით განხორციელებულ მოქმედებებს.

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა სახეობების აღდგენითი ღონისძიებები მოიცავს მათ დაცვას ბიოლოგიური საშუალებებით (პრეპარატებით), ხელოვნურ გაშენებასა და ამ სახეობათა ბუნებრივ გარემოში კონსერვაციას.

4. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 21. საქართველოს „წითელი წიგნი“ და მისი წარმოების წესი

1. საქართველოს „წითელ წიგნში“ აღწერილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების ან სხვა ტაქსონომიური ერთეულების მდგომარეობა, რის საფუძველზედაც ხორციელდება გრძელვადიანი პროგნოზირება და მათი დაცვის, აღდგენითი და შენარჩუნების პრაქტიკული ღონისძიებების შემუშავება.

2. საქართველოს „წითელ წიგნში“ შეტანილი უნდა იქნეს მონაცემები საქართველოს „წითელი ნუსხით“ განსაზღვრული სახეობების მდგომარეობის და დაცულობის სტატუსის, გავრცელების არეალის, გამრავლების ადგილების, ადგილსამყოფლის, რაოდენობის, გამრავლების პირობების, დაავადებების, დასაცავად მიღებული ზომებისა და დაცვისათვის, აღდგენისა და შენარჩუნებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ.

3. საქართველოს „წითელ წიგნში“ მოცემული უნდა იყოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების (ინდივიდების, ეგზემპლარების) ფერადი გრაფიკული გამოსახულებები და ამ სახეობათა გავრცელების არეალის ფერადი რუკები.

4. საქართველოს „წითელი წიგნის“ პროექტს საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტთან ერთად შეიმუშავებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია.

5. საქართველოს „წითელი წიგნის“ პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოს დასკვნები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რომელიც იწონებს ან დასაბუთებული შენიშვნებით უკან აბრუნებს აღნიშნულ პროექტს.

6. საქართველოს „წითელი წიგნის“ ოფიციალური გამომცემელია საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.

7. საქართველოს განათლების სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს „წითელი წიგნის“ ოფიციალური გამოცემის საფუძველზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს, გამოსცეს და გაავრცელოს საქართველოს „წითელი წიგნის“ ადაპტირებული ვარიანტი სკოლამდელი და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის.

8. საქართველოს „წითელი წიგნი“ გამოიცემა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ და იგი უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს „წითელი ნუსხის“ ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.

თავი VII

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება)

    მუხლი 22. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული  ცხოველებისა და ველური მცენარეების მოპოვების  (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შემთხვევები  

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების (გარდა ტყვეობაში გამრავლებულისა) მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) დასაშვები ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გარდა, დასაშვებია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) მათი გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამეცნიერო მიზნებისათვის, რაც ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობით (აღნიშნული თანხმობა შესაძლებელია შეიცავდეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) გარკვეულ შეზღუდვებს ან/და პირობებს).

3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესს ამტკიცებს ბუნებრივი რესურსების სააგენტო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესის შესახებ“.

4. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1089-სსმI, №7, 06.04.2009წ., მუხ.23

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 23. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 24. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება)

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევებში:

ა) აღსადგენად და ბუნებრივ პირობებში გასამრავლებლად (გასაშენებლად);

ბ) დენდროლოგიურ და ბოტანიკურ ბაღებსა და პარკებში გასაშენებლად;

გ) სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად;

დ) სამეცნიერო მიზნებისათვის;

ე) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრის განხორციელებისას;

ვ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისას;

ზ) თუ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი , ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები;

თ) თუ ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის გარკვეულ უბნებში და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი , ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები;

ი) არსებული საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მიზნით.

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ველური მცენარე გაშენებულია ხელოვნურად.

2 1 . გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წერილობით თანხმობას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.

22 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანიტარიული ჭრით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო.

23 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იღებენ საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული ორგანოები.

საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1089-სსმI, №7, 06.04.2009წ., მუხ.23

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1917-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.227

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

თავი VIII

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებები

    მუხლი 25. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაფინანსება და დაგეგმვა

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებები ფინანსდება:

ა) შესაბამისი დონის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სათანადო ასიგნებებით;

ბ) შესაბამისი სამინისტროს, უწყებისა და დაწესებულების (ორგანიზაციის) საკუთარი სახსრებით;

გ) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მიღებული ფინანსური დახმარებით;

დ) ქველმოქმედების მიზნით შემოწირული თანხებით.

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვა ხორციელდება ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული, რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი პროგრამებისა და გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების საფუძველზე, აგრეთვე „გარემოს დაცვის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს ტყის კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვა ითვალისწინებს მათ შემუშავებას და სათანადო ასახვას:

ა) დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმებში;

ბ) სატყეო მეურნეობის ორგანიზაციის, განვითარებისა და გაძღოლის გეგმებში (ტყეთმოწყობის პროექტებში);

გ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების (რაიონების) მიწათმოწყობის სქემებში;

დ) განსახლებისა და განვითარების გეგმებსა და პროექტებში;

ე) ინფრასტრუქტურულ გეგმებში;

ვ) განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმებში;

ზ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის გეგმებში, პროექტებსა და პროგრამებში;

თ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენისა და შენარჩუნების ადგილობრივ პროექტებში;

ი) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე გავრცელებულ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების აღდგენისა და შენარჩუნების რეგიონულ პროგრამებში.

4. სამონადირეო მეურნეობებში განსახორციელებელი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვა ხორციელდება სამონადირეო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის პერსპექტიული გეგმების (სამენეჯმენტო გეგმების) შემუშავების გზით.

5. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვისას და განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი მოთხოვნების დაცვა:

ა) ბუნებრივ პირობებში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება;

ბ) ველურ მცენარეთა გავრცელების არეალისა და გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვა.

6. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვის შემადგენელი ნაწილია სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად სამონადირეო სავარგულების წინასწარი გამოყოფა „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

7. დაცული ტერიტორიების ფარგლებში განსახორციელებელი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებები იგეგმება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 26. საქართველოს „წითელი წიგნის“ შედგენისა და გამოცემის დაფინანსება

საქართველოს „წითელი წიგნის“ შედგენა და გამოცემა ფინანსდება:

ა) შესაბამისი დონის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სათანადო ასიგნებებით;

ბ) შესაბამისი სამინისტროს, უწყებისა და დაწესებულების (ორგანიზაციის) სახსრებით;

გ) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და უცხო ქვეყნებიდან მიღებული ფინანსური დახმარებით;

დ) ქველმოქმედების მიზნით შემოწირული თანხებით.

თავი IX

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

    მუხლი 27. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული ორგანოები.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3347-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.237

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

თავი X

ზიანის ანაზღაურება

    მუხლი 28. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების უკანონოდ მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ ამოღების), რეწვისა და მოსპობის (განადგურების) შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების ან მათი ნაწილების უკანონოდ მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ ამოღების), რეწვისა და მოსპობის (განადგურების) შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 29. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

თავი XI

პასუხისმგებლობა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 30. პასუხისმგებლობა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 31. დავის გადაწყვეტა

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში წარმოშობილ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი XII

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

    მუხლი 32. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

    მუხლი 33. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, გლობალური და რეგიონალური მნიშვნელობის მქონე სახეობების დაცვისა და აღდგენის სფეროში

საქართველო თავის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების და საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ახორციელებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, გლობალური და რეგიონალური მნიშვნელობის მქონე სახეობების დაცვისა და აღდგენის ღონისძიებებს.

კარი III

გარდამავალი ნაწილი

თავი XIII

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 34. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების თაობაზე“;

ბ) (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიებისა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე».

დ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესის შესახებ“.

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 35. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მიღებისა და ამოქმედების ვადები

1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების თაობაზე“ მიღებულ იქნეს 2005 წლის 1 ივლისამდე, ხოლო მისი ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2005 წლის 31 დეკემბერი.

2. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება «„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიებისა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე» მიღებულ იქნეს 2003 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო მისი ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2003 წლის 31 დეკემბერი.

4. 2012 წლის 1 აგვისტომდე გამოცემულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებისა და მათი მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) წესის შესახებ“.

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 36. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცებამდე მოქმედებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალი (წითელი ნუსხა), რომელშიც შეტანილი უნდა იქნეს 1982 წლის საქართველოს სსრ წითელი წიგნით განსაზღვრული სახეობები და „ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ“ 1979 წლის 23 ივნისს ქალაქ ბონში შესრულებული კონვენციით, ამ კონვენციის „აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ“ და „შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ“ შეთანხმებებით და ამავე კონვენციის სხვა შეთანხმებებით მკაცრი დაცვის რეჟიმის ქვეშ მოქცეული სახეობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობენ მუდმივად ან დროებით (მიგრირებადი სახეობები).

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალის (წითელი ნუსხის) დამტკიცების თაობაზე“ მიღებულ იქნეს 2003 წლის 1 აგვისტომდე.

    მუხლი 37. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაციასა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) საბჭოს მიერ დამტკიცებული „წითელი ნუსხის“ კატეგორიების კლასიფიკაციასა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებში ცვლილებისა და დამატების შეტანის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილება და დამატება შეტანილი უნდა იქნეს ამ კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრულ ნორმატიულ აქტებშიც.

კარი IV

დასკვნითი ნაწილი

თავი XIV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 38. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1977 წლის 31 ივლისის №546 დადგენილება „საქართველოს სსრ ტერიტორიაზე გავრცელებული იშვიათ და გადაშენების გზაზე მდგარ სახეობათა გარეული ცხოველებისა და მცენარეების წიგნის „საქართველოს სსრ წითელი წიგნის“ შექმნის შესახებ“ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1977 წ., №4, მუხ.77);

ბ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 3 ოქტომბრის №650 დადგენილება «„საქართველოს სსრ წითელ წიგნში“ შეტანილ ცხოველთა და მცენარეთა იშვიათი და გადაშენების პირას მისულ სახეობათა და არაორგანული ბუნების ძეგლების დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1983 წ., №5, მუხ.70);

გ) საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 31 ივლისის ბრძანებულება „იშვიათი, გაქრობის პირას მისული, შემცირებადი აბორიგენული მცენარეების გენოფონდის გამრავლების, დაცვისა და გამოყენების შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991წ., №7(612), მუხ.481);

დ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 12 აგვისტოს №625 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავრცელებული გადაშენების გზაზე მდგომი, მათ შორის, „წითელ წიგნში“ შეტანილი, გარეული ცხოველების უკანონო მოპოვებით ბუნებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1991 წ., №8);

ე) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 17 აპრილის №433 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის წითელი წიგნის მეორე გამოცემის შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 1992 წ., №4).

    მუხლი 39. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2356–IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3479-სსმI, №29, 26.07.2006წ., მუხ.233

2. საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1089-სსმI, №7, 06.04.2009წ., მუხ.23

3. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1917-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.227

4. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3347-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.237

5. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

20. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3843-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 19. 29/06/2023 - საქართველოს კანონი - 3388-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 18. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 357-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 17. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6904-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 16. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5955-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 15. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4028-რს - ვებგვერდი, 31/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3237-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 13. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3037-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 12. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1657-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 11. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 902-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 10. 23/03/2017 - საქართველოს კანონი - 507-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 9. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5380-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 8. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1033-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 462-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 6. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5293-IIს - ვებგვერდი, 111208012, 08/12/2011 5. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5201-IIს - ვებგვერდი, 111114040, 14/11/2011 4. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3347 - სსმ, 39, 19/07/2010 3. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1917 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 24/03/2009 - საქართველოს კანონი - 1089 - სსმ, 7, 06/04/2009 1. 18/07/2006 - საქართველოს კანონი - 3479 - სსმ, 29, 26/07/2006