არასრულწლოვანთა საქმეების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
არასრულწლოვანთა საქმეების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 265
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/05/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 10, 30/05/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 010220020.05.002.000659
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
265
20/05/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 10, 30/05/1997
010220020.05.002.000659
არასრულწლოვანთა საქმეების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/05/1997 - 25/08/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №265

1997 წლის 20 მაისი

ქ.თბილისი

არასრულწლოვანთა საქეების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს არასრულწლოვანთა საქმეების სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

არასრულწლოვანთა საქმეების სამთავრობო კომისიის დებულება

1. არასრულწლოვანთა საქმეების სამთავრობო კომისიის ამოცანები და მუშაობის ორგანიზაცია

1.1. არასრულწლოვანთა საქმეების სამთავრობო კომისიის ამოცანაა:

- არასრულწლოვანთა სოციალური დაცვისათვის, პროფესიული მომზადებისა და მოწყობისათვის გამიზნული მუშაობის ორგანიზაცია;

- არასრულწლოვანთა შორის სამართალდარღვევებისა და უმეთვალყურეობის აცილება;

- არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა, მათი ნორმალური სულიერი, გონებრივი და ფიზიკური განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;

- დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მოქალაქეების მიერ ამ მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა კოორდინაცია;

- შრომა-გასწორების, სასწავლო, სპეციალური სასწავლო-აღმზრდელობითი და სხვა დაწესებულებებისადმი კონტროლის განხორციელება არასრულწლოვანთა ნორმალური ცხოვრების, სწავლის, დასვენების პირობების შექმნისა და მათთან პროფილაქტიკურ-აღმზრდელობითი მუშაობის სწორად წარმართვის მიზნით;

- არასრულწლოვანთა, მათ მშობელთა ან შემცვლელ პირთა საკითხების განხილვა.

1.2. არასრუწლოვანთა საქმეების კომისიები იქმნება: მთავრობასთან (სამთავრობო კომისია), აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, მხარეებში - საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებთან, ქალაქების მერიებთან და რაიონების გამგეობებთან.

1.3. არასრულწლოვანთა საქმეების სამთავრობო კომისიას ქმნის საქართველოს პრეზიდენტი, ავტონომიურ რესპუბლიკაში - მისი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, მხარეში - საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, ქალაქში - მერი, რაიონში - გამგებელი.

1.4. არასრულწლოვანთა საქმეების კომისიები პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული არიან შესაბამისად: სამთავრობო კომისიის, მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, მერისა და გამგებლის წინაშე.

1.5. არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარე, მოადგილე, განთავისუფლებული პასუხისმგებელი მდივანი და 6-14 წევრი, მათ შორის: განათლების, შინაგან საქმეთა, შრომისა და სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტის, ეკლესიის, სხვა ორგანოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის შემადგენლობას ამტკიცებს შესაბამისად: საქართველოს პრეზიდენტი, ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, მერი, გამგებელი.

1.6. არასრულწლოვანთა საქმეების კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის, თანამდებობის პირებისათვის (რომლებიც ვალდებული არიან 15 დღის განმავლობაში აცნობონ კომისიას გადაწყვეტილების შესრულების მიზნით მიღებული ზომები) და მოქალაქეებისათვის.

1.7. არასრულწლოვანთა საქმეების კომისია დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დახმარებით შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს მოზარდთა მოწყობისა და თავისუფალი დროის გონივრული ორგანიზაციისათვის; შეისწავლის არასრულწლოვანთა შორის სამართალდარღვევების გამომწვევ მიზეზებს და იღებს ზომებს მათ თავიდან ასაცილებლად; განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დევნილთა, ობოლთა, უმეთვალყურეოდ დარჩენილთა, ძნელადაღსაზრდელ მოზარდთა ზნეობრივ აღზრდას და აღნიშნულ კონტინგენტთან ინდივიდუალური მუშაობის ორგანიზაციას.

1.8. არასრულწლოვანთა საქმეების საქალაქო (რაიონული) კომისიები შინაგან საქმეთა, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების, სხვა სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამოავლენენ და აღრიცხვაზე აჰყავთ: მოზარდები, რომლებსაც არ ჰყავთ მშობლები ან ჰყავთ ისინი, მაგრამ ეს უკანასკნელნი ვერ უზრუნველყოფენ ბავშვთა ნორმალური აღზრდის სათანადო პირობებს; სამართალდამრღვევი, დანაშაულის ჩამდენი, ძნელადაღსაზრდელი და უმეთვალყურეოდ დარჩენილი მოზარდები; არასრულწლოვანნი, რომლებმაც მიატოვეს სკოლა, არ არიან დასაქმებული, აგრეთვე სხვა მოზარდები, რომლებიც სახელმწიფოსა და საზოგადოების დახმარებას საჭიროებენ.

1.9. კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებშიც მითითებულია არასრულწლოვანთა მოწყობის ფორმები, ეგზავნებათ განათლების, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების, სხვა ორგანოებს, კერძო თუ სახელმწიფო საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებს შესაბამისი ზომების მისაღებად.

1.10. არასრულწლოვანთა საქმეების საქალაქო (რაიონული) კომისიები კონტროლს უწევენ სამომსახურეო ტერიტორიაზე განლაგებულ სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში, შრომა-გასწორების კოლონიებში, არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანაწილებლებში, სასწავლო და სხვა დაწესებულებებში არასრულწლოვანთა მოვლა-პატრონობის მდგომარეობას, შრომისა და სწავლის სწორ ორგანიზაციას, პროფილაქტიკურ-აღმზრდელობითი მუშაობის მიმდინარეობას; საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან აღნიშნულ დაწესებულებებს.

1.11. არასრულწლოვანთა საქმეების საქალაქო (რაიონული) კომისიები შინაგან საქმეთა ორგანოებთან ერთად მეთვალყურეობას უწევენ იმ არასრულწლოვანთა ყოფაქცევას, რომელთა მიმართ გამოყენებული იყო აღმზრდელობითი ან ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომები, აგრეთვე სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან; განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ არასრულწლოვანებს, რომლებიც დაბრუნდნენ სპეციალური სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებებიდან ან მოიხადეს სასჯელი შრომა-გასწორების კოლონიებში; კონტროლს უწესებენ პირობით მსჯავრდებულ და სასჯელის გადავადების მქონე არასრულწლოვანთ; აღრიცხავენ აღნიშნულ კონტინგენტს და კოორდინაციას უწევენ დაინტერესებული ორგანოების საქმიანობას მათი გამოსწორების მიზნით.

2. არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის უფლება-მოვალეობანი

2.1. არასრულწლოვანთა საქმეების საქალაქო (რაიონულ) კომისიას უფლება აქვს:

- შეამოწმოს ბავშვთა და მოზარდთა განთავსებისა და აღზრდის პირობები სკოლა-ინტერნატებში, საბავშვო სახლებში, სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით და სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებებში, შრომა-გასწორების კოლონიებში, მიმღებ-გამანაწილებლებში, აგრეთვე შეამოწმოს არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციის მიერ გაწეული პროფილაქტიკური მუშაობის მდგომარეობა;

- შეამოწმოს, თუ როგორ არის ორგანიზებული აღმზრდელობითი მუშაობა საბავშვო სახლებსა და სკოლებში, აგრეთვე სხვა სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში;

- მოითხოვოს საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების ადმინისტრაციისაგან კომისიის მუშაობისათვის საჭირო მონაცემები;

- მოაწყოს არასრულწლოვანთა მიღება-გასაუბრება, განიხილოს მათი საჩივრები და განცხადებები, გაეცნოს მათ პირად საქმეებს;

- ჩააბას საზოგადოებრიობა არასრულწლოვანთა შორის აღმზრდელობით საქმიანობაში;

- შინაგან საქმეთა ორგანოსთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიტანოს წარდგინება განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის შესახებ, ხოლო გადავადების ვადის გასვლის შემდეგ მსჯავრდებულის სასჯელისაგან განთავისუფლების ან განაჩენით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის შესახებ (სისხლის სამართლის კოდექსის 47-1 მუხლი);

- თანხმობა მისცეს შრომა-გასწორების კოლონიის ადმინისტრაციას შეიტანოს წარდგინება სასამართლოში თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთათვის სასჯელის მოხდის დროს პატიმრობის პირობების შეცვლის შესახებ (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 376-ე მუხლი);

- თანხმობა მისცეს შრომა-გასწორების კოლონიის ადმინისტრაციას შრომა-აღმზრდელობით კოლონიაში დატოვოს 18 წლის ასაკს მიღწეული მსჯავრდებული;

- დასვას საკითხი შესაბამისი ორგანოების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინაშე დისციპლინური ან საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების გამოყენების შესახებ იმ თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებიც არ ასრულებენ კომისიის გადაწყვეტილებას.

2.2. არასრულწლოვანთა საქმეების საქალაქო (რაიონული დაყოფის მქონე ქალაქებში), სამხარეო კომისიები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების არასრულწლოვანთა საქმეების კომისიები;

- შეიმუშავებენ და სათანადო სახელმწიფო ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებენ ღონისძიებებს არასრულწლოვანთა შორის უმეთვალყურეობისა და სამართალდარღვევების აცილების, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის, ბავშვთა და მოზარდთა მოწყობისა და უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად;

- ამოწმებენ და წარმართავენ არასრულწლოვანთა საქმეების რაიონული (საქალაქო) კომისიების მუშაობას, ახდენენ ამ მუშაობის კოორდინაციას და უწევენ მათ მეთოდურ დახმარებას, განაზოგადებენ დადებით გამოცდილებას;

- ამოწმებენ რაიონული (საქალაქო) კომისიების გადაწყვეტილებებს სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში არასრულწლოვანთა გაგზავნის შესახებ და აუქმებენ ამ გადაწყვეტილებებს, თუ ისინი მიიჩნიეს უკანონოდ ან დაუსაბუთებლად;

- აღნიშნულ მოვალეობათა შესრულებისას არასრულწლოვანთა საქმეების საქალაქო, სამხარეო და ავტონომიური რესპუბლიკების არასრულწლოვანთა საქმეების კომისიები სარგებლობენ იმ უფლებებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ დებულების 2.1 პუნქტით.

2.3. არასრულწლოვანთა საქმეების სამთავრობო კომისია:

- აერთიანებს და წარმართავს მუშაობას არასრულწლოვანთა შორის უმეთვალყურეობისა და სამართალდარღვევათა ასაცილებლად, მათი წარმომშობი მიზეზების აღმოსაფხვრელად, ბავშვთა და მოზარდთა მოსაწყობად და უფლებების დასაცავად;

- ამოწმებს და კოორდინაციას უწევს რაიონის (ქალაქის), მხარისა და ავტონომიური რესპუბლიკის არასრულწლოვანთა საქმეების კომისიების მუშაობას მათთვის მეთოდური დახმარების გაწევის მიზნით, განაზოგადებს მუშაობის დადებით გამოცდილებას.

3. არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის მიერ განსახილველი საქმეები ზემოქმედების ზომები და მათი გამოყენების წესი

3.1. არასრულწლოვანთა საქმეების რაიონული (საქალაქო) კომისია განიხილავს იმ არასრულწლოვანთა საქმეებს:

- რომელთაც 14 წლის ასაკამდე ჩაიდინეს საზოგადოებრივად საშიში ქმედობა;

- რომელთაც 14-დან 16 წლამდე ასაკში ჩაიდინეს ისეთი საზოგადოებრივად საშიში ქმედობა, რისთვისაც აღნიშნული ასაკის პირნი სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად სისხლის სამართლის წესით არ აგებენ პასუხს;

- რომელთაც 14-დან 18 წლამდე ასაკში ჩაიდინეს ისეთი ქმედობა, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ მათ მიმართ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ან იგი შეწყვეტილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 და მე-9-1 მუხლებით;

- ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევები:

სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი დატაცება, წვრილმანი ხულიგნობა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვის და გამოყენების წესების უგულებელყოფა. კომისიები განიხილავენ მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი) კომისიას განსახილველად გადასცემს შესაბამის მასალებს;

- რომელთაც ჩაიდინეს სხვა ანტისაზოგადოებრივი ქმედობანი (ლოთობა, პროსტიტუცია, ნარკოტიკული ან ტოქსიკური ნივთიერების ხმარება, მათხოვრობა, მაწანწალობა, სწავლისათვის ბოროტად თავის არიდება, აზარტული თამაშები და სხვ.).

3.2. არასრულწლოვანთა საქმეების რაიონულ (საქალაქო) კომისიას ამ დებულების 3.1. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანთა მიმართ შეუძლია გამოიყენოს ზემოქმედების შემდეგი ზომები:

- დაავალდებულოს საჯაროდ ან სხვა ფორმით ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს;

- მისცეს გაფრთხილება;

- გამოუცხადოს საყვედური ან სასტიკი საყვედური;

- არასრულწლოვანს, რომელმაც მიაღწია 15 წლის ასაკს, თუ მას აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი და ზარალის თანხა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას არ აღემატება, დააკისროს მატერიალური ზარალის ანაზღაურება ან დაავალდებულოს, რომ საკუთარი შრომით აანაზღაუროს იგი;

- არასრულწლოვანს, რომელმაც მიაღწია 16 წლის ასაკს, თუ მას აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, დააკისროს ჯარიმა იმ ოდენობით, რომელიც გათვალისწინებულია კანონით;

- გადასცეს არასრულწლოვანი მშობლებს, მათ შემცვლელ პირებს ან სახელმწიფო ორგანოებს სამეთვალყურეოდ;

- თავდებქვეშ გადასცეს არასრულწლოვანი მშრომელთა კოლექტივს ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ამ უკანასკნელთა შუამდგომლობით;

- გაგზავნოს სპეციალურ სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში;

- საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩადენის ან საზოგადოებრივი ქცევის წესების ბოროტად და სისტემატურად დარღვევისათვის მოათავსოს სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში (11-დან 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი შეიძლება გაგზავნოს სპეციალურ სკოლაში, ხოლო 14-დან 18 წლამდე ასაკისა - სპეციალურ პროფტექნიკურ სასწავლებელში);

- არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას უფლება აქვს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში შეიტანოს წინადადება 15-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთათვის იმ უფლების შეზღუდვის შესახებ, რომ მან დამოუკიდებლად განაგოს თავისი შემოსავალი (ხელფასი);

- სასჯელის გადავადების მქონე და პირობით მსჯავრდებულ მოზარდებს დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები, დაავალდებულოს პერიოდულად სარეგისტრაციოდ გამოცხადება შს ორგანოში;

- მოათავსოს ერთ თვემდე ვადით არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანაწილებელში.

3.3. არასრულწლოვანთა საქმეების რაიონულ (საქალაქო) კომისიას მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიმართ, თუ ისინი არასწორ დამოკიდებულებას იჩენენ ბავშვებისადმი ან ბოროტად არიდებენ თავს თავიანთი მოვალეობის შესრულებას ბავშვთა აღზრდისა და სწავლების საქმეში, შეუძლია გამოიყენოს შემდეგი ზომები:

- დააკისროს არასრულწლოვანის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება თუ იგი არ აღემატება შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას;

- დააკისროს ჯარიმა მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით;

არასრულწლოვანთა საქმეების კომისიებს შეუძლიათ გადასცენ საქმეები სამართალდამცავ ორგანოებს იმ მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიმართ, რომლებმაც არასრულწლოვანი ჩააბეს დანაშაულებრივ საქმიანობაში (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი) ან იმ სამკურნალწამლო და სხვა საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში, რომლებიც გაბრუებას იწვევენ (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი).

არასრულწლოვანთა საქმეების კომისიებს უფლება აქვთ სასამართლოებში შეიტანონ განცხადება მშობლებისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, მშობლებისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის გარეშე ბავშვის ჩამორთმევის შესახებ, აგრეთვე სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად მშობლის უფლებაჩამორთმეული პირების ბინიდან გამოსახლების შესახებ, თუ მათი ბავშვებთან ერთად ცხოვრება შეუძლებელია.

სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით და სპეციალურ სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში არასრულწლოვანი შეიძლება გაიგზავნოს არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის გადაწყვეტილებით მშობლის ან მათი შემცვლელი პირების თანხმობის გარეშე. ასეთ შემთხვევებში საქმის განხილვაში აუცილებლად მონაწილეობს პროკურორი.

თუ არასრულწლოვანთ ჰყავთ მშობლები ან მათი შემცვლელი პირები, საბავშვო სახლებში ან სკოლა-ინტერნატებში ამ უკანასკნელთა თანხმობის გარეშე გაგზავნა შეიძლება მოხდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში (თუ მშობლები ან მათი შემცვლელი პირები ხანგრძლივად სხვაგან იმყოფებიან, არიან დასნეულებულნი, მსჯავრდებულნი და ა.შ.). ამავე დროს კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბავშვის შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად მშობლებს კანონით დადგენილი წესით გადაახდევინოს საჭირო თანხა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისიის შუამდგომლობით ეს თანხა შეიძლება შემცირდეს.

3.4. არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას წარდგინებანი შეაქვს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებში იმ მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიმართ ზემოქმედების ზომების გამოყენების შესახებ, რომლებიც არასწორად ზრდიან შვილებს ან აფერხებენ კომისიის გადაწყვეტილების შესრულებას, აგრეთვე იმ პირთა პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომლებიც ქმნიან ისეთ პირობებს, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა ადვილად ჩაიდინონ სამართალდარღვევა, ხოლო ზოგჯერ აიყოლიონ ისინი დანაშაულის ან სხვა ანტისაზოგადოებრივი საქციელის ჩადენაში.

3.5. ამ დებულების 3.2. პუნქტით გათვალისწინებული ზემოქმედების ზომების გამოყენებისას საქალაქო (რაიონულმა) კომისიამ უნდა გაითვალისწინოს სამართალდარღვევის ხასიათი და მიზეზები, არასრულწლოვანის ასაკი და ცხოვრების პირობები, სამართალდარღვევაში მისი მონაწილეობის ხარისხი, აგრეთვე მისი ყოფაქცევა ოჯახში, საზოგადოებაში, სკოლაში და სამუშაოზე.

არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის გადაწყვეტილება გაფრთხილების, საყვედურის ან სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. ზემოქმედების ზომა გაქარწყლებულად ითვლება, თუ არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც გამოყენებული იყო იგი, ამ ხნის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს სხვა სამართალდარღვევას. არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას, რომელმაც გამოიყენა ზემოქმედების ზომა, შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით გააუქმოს იგი ერთი წლის ვადის გასვლამდე, თუ არასრულწლოვანმა, რომლის მიმართაც გამოყენებული იყო ზემოქმედების ზომა, სანიმუშო ყოფაქცევით გამოიჩინა თავი.

იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანის მიმართ არჩეული აღმზრდელობითი ზემოქმედების ზომა უშედეგო აღმოჩნდა, კომისიას უფლება აქვს გამოიყენოს ამ დებულების 3.2. პუნქტით გათვალისწინებული უფრო მკაცრი ზომა.

3.6. კომისიის გადაწყვეტილება, რომ არასრულწლოვანმა ან მისმა მშობლებმა ან მათმა შემცვლელმა პირებმა აანაზღაურონ არასრულწლოვანის მიერ მიყენებული ზარალი, რაც გათვალისწინებულია ამ დებულების 3.2 და 3.3 პუნქტებით, უნდა შეასრულოს სასამართლოს აღმასრულებელმა იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი აღემატება შრომის ანაზღაურების 5 მინიმალურ ხელფასს. ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლო წესით, დაინტერესებული ორგანიზაციის ან მოქალაქის სარჩელის საფუძველზე.

3.7. არასრულწლოვანთა საქმეების საქალაქო (რაიონული) კომისიის გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ დაჯარიმებულმა პირმა უნდა შეასრულოს მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის განმავლობაში, ხოლო მისი გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების დღიდან ასევე არა უგვიანეს 15 დღისა.

თუ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებს, რომლებმაც წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინეს, არ გააჩნიათ დამოუკიდებელი ხელფასი, ჯარიმას გადაახდევინებენ მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს.

15 დღეში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილება დაჯარიმებულის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან ჯარიმის თანხის იძულებითი წესით დასაქვითად გადაეგზავნება სასამართლოს ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ქონებაზე გადახდევინების მისაქცევად.

3.8. სპეციალურ სკოლებში არასრულწლოვანები შეიძლება იმყოფებოდნენ 15 წლის ასაკამდე, ხოლო სპეციალურ პროფტექნიკურ სასწავლებელში - 18 წლამდე. გამონაკლის შემთხვევაში მოსწავლეთა სპეციალურ სკოლაში ყოფნა შეიძლება გაგრძელდეს 16 წლის ასაკამდე.

არასრულწლოვანები სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში იმყოფებიან გამოსწორებამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა.

სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულების ადგილსამყოფელის მიხედვით არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას შეუძლია ნება დართოს მოსწავლეს დარჩეს სპეციალურ სკოლაში ან სპეციალურ პროფტექნიკურ სასწავლებელში 3 წლის გასვლის შემდეგაც - მიმდინარე სასწავლო წლის დამთავრებამდე.

სპეციალური სკოლების მოსწავლეები, რომლებსაც შეუსრულდათ 15 წელი, მაგრამ არ გამოსწორდნენ, ასეთი სკოლის ადგილსამყოფელის მიხედვით არასრულწლოვანთა საქმეების კომისიამ შეიძლება გაგზავნოს სპეციალურ პროფტექნიკურ სასწავლებელში.

სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში მოსწავლეთა ყოფნის ხარჯების ნაწილობრივ ასანაზღაურებლად მშობლებს ეკისრებათ გადასახდელი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

არასრულწლოვანთა სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით და სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებებში შემდგომი ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხს პერიოდულად, წელიწადში ორჯერ მაინც, განიხილავენ არასრულწლოვანთა საქმეების კომისიები ამ დაწესებულებების ადგილსამყოფელის მიხედვით, კომისიის ინიციატივით, ამ დაწესებულების წარდგინებით, მშობლის ან მისი შემცვლელი პირის შუამდგომლობით.

3.9. არასრულწლოვანთა სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში არ შეიძლება გაიგზავნონ ყრუ-მუნჯები, სმენადაქვეითებულნი, უსინათლოები, სულით ავადმყოფები, გონებრივად ჩამორჩენილი ან გადამდები ინფექციური და ვენერიული სნეულებით დაავადებული არასრულწლოვანები, აგრეთვე ბავშვები და მოზარდები ისეთი ფიზიკური ნაკლით და დაავადებით, რომლებიც სპეციალური ნუსხის მიხედვით არ მიიღებიან სკოლა-ინტერნატებსა და პროფტექნიკურ სასწავლებელში.

3.10. არასრულწლოვანის სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში ყოფნა შეწყდება დასახელებული დაწესებულების ადგილსამყოფელის მიხედვით არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის გადაწყვეტილებით პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც დირექტორი ამტკიცებს. ამას არასრულწლოვანის გამოშვებამდე არა უგვიანეს 1 თვისა ატყობინებენ არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელიც ვალდებულია მიიღოს ზომები არასრულწლოვანის შრომითი მოწყობის ან მისი სასწავლებელში გაგზავნის და მისთვის საჭირო მატერიალურ-საყოფაცხოვრებო პირობების შექმნისათვის.

თუ არასრულწლოვანი გაგზავნილია აღსაზრდელად საბავშვო სახლში ან სკოლა-ინტერნატში, მაშინ გადაწყვეტილებას საბავშვო სახლიდან ან სკოლა-ინტერნატიდან მისი გამოშვების შესახებ იღებს იმ რაიონის (ქალაქის) კომისია, სადაც მდებარეობს საბავშვო სახლი ან სკოლა-ინტერნატი.

3.11. იმ შემთხვევაში, როდესაც აღსაზრდელი სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობითი ან სამკურნალო-აღმზრდელობითი დაწესებულებიდან, საბავშვო სახლიდან, სკოლა-ინტერნატიდან გამოშვების შემდეგ არ შეიძლება გაიგზავნოს მშობლებთან ან მათ შემცვლელ პირებთან კანონით დადგენილი წესით მათთვის მშობლის ან მეურვის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, აგრეთვე როდესაც შეუძლებელია აღსაზრდელის წინანდელ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება სხვა მიზეზების გამო (არ ჰყავს მშობლები ან მათი შემცვლელი პირები, არ არსებობს საყოფაცხოვრებო, შრომითი მოწყობისა და აღზრდის სათანადო პირობები), რაიონული (საქალაქო) კომისია ამ დაწესებულებების ადგილსამყოფელის მიხედვით მიიღებს ზომებს არასრულწლოვანის მოწყობისათვის, ამასთან უფლება აქვს შეიტანოს წარდგინება მეურვის, მზრუნველის დანიშვნის შესახებ.

3.12. თვრამეტი წლის ასაკის მიღწევამდე შრომა-გასწორების კოლონიებიდან განთავისუფლებულნი იგზავნებიან მშობლებთან ან მათ შემცვლელ პირებთან. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, არასრულწლოვანთა საქმეების კომისია განთავისუფლებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კოლონიის ადმინისტრაციის წარდგინებით, მიიღებს ზომებს არასრულწლოვანის მოსაწყობად სამუშაოზე ან სასწავლებელში, აგრეთვე მისთვის სათანადო საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად. არასრულწლოვანს, რომელსაც არ ჰყავს მშობლები, არასრულწლოვანთა საქმეების კომისია საჭიროების შემთხვევაში გზავნის სკოლა-ინტერნატში ან გადასცემს სამეურვეოდ.

4. არასრულწლოვანთა საქმეების კომისიაში საქმის მომზადება და განხილვა

4.1. არასრულწლოვანთა საქმეების კომისია განიხილავს საქმეებს:

- რომლებიც გადაცემულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 და 9-1 მუხლებით გათვალისწინებული წესით;

- გამგეობის, შინაგან საქმეთა, განათლების, სხვა ორგანოებისა და წარმოება-დაწესებულებების წარდგინებით;

- მოქალაქეთა განცხადებით;

- საკუთარი ინიციატივით.

არასრულწლოვანთა საქმეების კომისია საქმეებს განიხილავს მათი შემოსვლიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

4.2. საქმის მასალებს, რომელთა განხილვა ევალება საქალაქო (რაიონულ) კომისიას, წინასწარ შეისწავლის კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე და იღებს გადაწყვეტილებას, რომ

- საქმე განიხილონ კომისიის სხდომაზე;

- დამატებით შეისწავლოს საქმის მასალების შემოსული განცხადებების ან წარდგინებების მიხედვით;

- კომისიის სხდომაზე საქმის განხილვამდე მიიღონ ზემოქმედების ზომები არასრულწლოვანის მიმართ.

4.3. კომისიაში საქმის განხილვამდე არასრულწლოვანი შეიძლება გადაეცეს მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს სამეთვალყურეოდ, ხოლო არასრულწლოვანი, რომელიც საბავშვო დაწესებულებაში იზრდება, ზედამხედველობისათვის გადაეცეს ამ დაწესებულების ადმინისტრაციას. თუ მოზარდი 11-დან 14 წლამდე ასაკში ჩაიდენს საზოგადოებრივად საშიშ ქმედობას და ამასთან დაკავშირებით აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ იზოლაცია, იგი შეიძლება მოთავსდეს არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანაწილებელში კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის წერილობითი მითითების საფუძველზე.

თუ კომისიას აქვს ეჭვი, რომ არასრულწლოვანი, რომლის საქმეც განიხილება, ფსიქიკურად არასრულფასოვანია, იგი უნდა გაიგზავნოს სამედიცინო შემოწმებაზე.

4.4. საქმეების მომზადებისა და განხილვის დროს არასრულწლოვანთა საქმეების კომისიამ ზუსტად უნდა დაადგინოს არასრულწლოვანის ასაკი, საქმიანობა, ცხოვრებისა და აღზრდის პირობები, სამართალდარღვევის ფაქტი და მისი დამადასტურებელი მონაცემები, იყვნენ თუ არა მოზრდილი წამქეზებლები და სამართალდარღვევის სხვა მონაწილენი, იყო თუ არა წინათ არასრულწლოვანის მიმართ გამოყენებული ზემოქმედების ზომები. კომისია მოვალეა გამოავლინოს არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი პირობები.

4.5. არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას შეუძლია გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ცნობები, აგრეთვე გამოიძახოს თანამდებობის პირები და მოქალაქეები, რათა მიიღოს ახსნა-განმარტება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც კომისია განიხილავს.

თუ კომისიის მიერ გამოძახებული თანამდებობის პირები და მოქალაქეები არ გამოცხადდებიან და ამასთან საპატიო მიზეზი არ ექნებათ, კომისიას შეუძლია გადადოს საქმის განხილვა და უზრუნველყოს მათი გამოცხადება. ისინი შეიძლება მოყვანილ იქნენ იძულებითი წესით.

4.6. მას შემდეგ, რაც კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის წევრი, რომელსაც ეს დავალებული აქვს, მიიჩნევს, რომ საქმე განსახილველად მომზადებულია, იგი არასრულწლოვანს, მშობელს ან შემცვლელ პირს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - აღმზრდელობითი დაწესებულების წარმომადგენელსაც საქმის განხილვამდე აცნობს ყველა მასალას და ადგენს, თუ ვინ გამოიძახოს კომისიის სხდომაზე, ნიშნავს საქმის განხილვის დროს და ადგილს.

4.7. არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი.

არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას აუცილებლად უნდა დაესწროს არასრულწლოვანი, რომლის საქმეც იხილება, მშობელი ან შემცვლელი პირი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - აღმზრდელობითი დაწესებულების წარმომადგენელი.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლების შესახებ შუამდგომლობის აღძვრის, დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხებისა და მსჯავრდებულთა მიმართ სხვა შუამდგომლობების განხილვისას კომისიის სხდომას აუცილებლად უნდა ესწრებოდეს შრომა-გასწორების კოლონიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და თვითონ მსჯავრდებული.

კომისიას უფლება აქვს სხდომიდან გაიყვანოს არასრულწლოვანი იმ ხნის განმავლობაში, როდესაც განიხილება გარემოებანი, რომელთა შესახებ მსჯელობას შეუძლია ცუდი გავლენა მოახდინოს მასზე.

4.8. არასრულწლოვანთა საქმეების კომისია განიხილავს მასალებს, რომლებიც შეკრებილია არასრულწლოვანის საქმესთან დაკავშირებით, მოისმენს არასრულწლოვანის, მისი მშობლების ან მათი შემცვლელი პირების, დაზარალებულის, მოწმეების განმარტებას და საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივი გარჩევის შემდეგ მიიღებს ქვემოთ ჩამოთვლილი ზემოქმედების ზომებს:

- გამოყენებულ იქნეს ამ დებულების 3.2 და 3.3 პუნქტებით გათვალისწინებული ზემოქმედების ერთ-ერთი ზომა;

- შეწყდეს საქმე;

- გადაიდოს საქმის განხილვა და მოეწყოს დამატებითი შესწავლა;

- საქმე გადაეცეს ქვემდებარეობით სხვა ორგანოებს.

4.9. კომისიის სხდომაზე შედგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება სხდომის თარიღი და ადგილი, განსახილველი საქმის შინაარსი, ცნობები საქმის განხილვის მონაწილე პირთა გამოცხადების შესახებ, მათი ახსნა-განმარტებების მოკლე ჩანაწერი, საქმესთან დაკავშირებული სხვა მონაცემები, აგრეთვე ცნობები გამოტანილი გადაწყვეტილების საჯაროდ წაკითხვის, მისი გასაჩივრების წესისა და ვადების განმარტების შესახებ.

ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე და პასუხისმგებელი მდივანი.

კომისიას შეუძლია გამართოს გამსვლელი სხდომა იმ პირის მუშაობისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის საქმეც ირჩევა.

4.10. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება მონაწილე წევრთა ხმის უმრავლესობით.

კომისიის გადაწყვეტილება ჩამოყალიბდება წერილობით და უნდა იყოს მოტივირებული. მასში ზემოქმედების ზომის გამოყენების შესახებ მიეთითება: კომისიის დასახელება; საქმის განხილვის თარიღი; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის საქმეც განიხილება; საქმის განხილვისას დადგენილი გარემოებები; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული სამართალდარღვევისათვის და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილებას ხელს აწერენ თავმჯდომარე, პასუხისმგებელი მდივანი და მიღებისთანავე გამოქვეყნდება საჯაროდ.

4.11. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ არასრულწლოვანი, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად მოთავსებული უნდა იქნეს სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში, განაგრძობს დანაშაულებრივ ან სხვა ანტისაზოგადოებრივ საქმიანობას, აგრეთვე თავისი გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველსაყოფად კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვანის დროებით, 30 დღემდე, არასრულწლოვანთა მიმღებ-გამანაწილებელში მოთავსების შესახებ, სადაც მასზე საბოლოოდ გაფორმდება პირადი საქმე და არასრულწლოვანი გაიგზავნება სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში.

გამონაკლის შემთხვევაში არასრულწლოვანის მიმღებ-გამანაწილებელში ყოფნის ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ არა უმეტეს 15 დღისა იმავე კომისიის გადაწყვეტილებით.

4.12. არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის მიზეზებისა და პირობების შესწავლისა და აღმოფხვრის მიზნით არასრულწლოვანთა საქმეების კომისია აღრიცხავს სხდომაზე განხილულ საქმეებს, ყოველ კვარტალში განაზოგადებს ამ მონაცემებს რაიონებში, ქალაქებში, მხარეებში, ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4.13. არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღეში გამგებელთან, მერთან. არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს 10 დღეში ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გამგეობაში, მერიაში, სასამართლოში, რომელთა გადაწყვეტილება საბოლოოა. დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას, გარდა გაფრთხილების სახით სახდელის დადების შესახებ.

4.14. არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის საშტატო ერთეულებით და ფულადი ანაზღაურებით უზრუნველყოფა, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება ეკისრებათ შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეებს, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულებს, ქალაქების მერებს, რაიონების გამგებლებს.