საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2355
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 24/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.001.296
  • Word
2355
06/06/2003
სსმ, 18, 24/06/2003
080.000.000.05.001.001.296
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1421 და 1422 მუხლები:

     „მუხლი 1421. რასობრივი დისკრიმინაცია

1. რასობრივი დისკრიმინაცია, ესე იგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, სოციალური კუთვნილების, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა, ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ;

ბ) რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

    მუხლი 1422. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შეზღუდვა

1. ინვალიდობის მოტივით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის კანონით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლების განხორციელებაზე უარის თქმა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, -

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი არაერთგზის;

ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) რასაც თან ახლდა ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა;

დ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია,

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.”.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1431 და 1432 მუხლები:

    მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

1. ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

ე) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;

ვ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;

ზ) წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.

შენიშვნა:

კოდექსის ამ და 1432 მუხლების მიზნებისათვის ექსპლუატაციად ჩაითვლება ადამიანის გამოყენება იძულებითი შრომის, დანაშაულებრივ ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ან პროსტიტუციაში ჩაბმის, სექსუალური ექსპლუატაციის ან სხვა სახის მომსახურების გაწევის, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენების, აგრეთვე ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით. ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება გულისხმობს მისთვის პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩამორთმევას, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, ოჯახთან კავშირის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტების აკრძალვას, კულტურულ იზოლაციას, პატივისა და ღირსების შემლახველ პირობებში ანდა ყოველგვარი ანაზღაურების ან არაადეკვატური ანაზღაურებით მუშაობის იძულებას.

    მუხლი 1432. არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

1. არასრულწლოვნის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მისი გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.

2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით;

გ) ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ;

დ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;

ე) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;

ვ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) რამაც გამოიწვია არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.”.

3. 172-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 172. არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით“.

ბ) მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

4. 335-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 335. განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება

1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება განმარტების ან ჩვენების მიცემისათვის, ანდა ექსპერტისა – დასკვნის მიცემისათვის,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;

ბ) დაზარალებულის წამებით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.”.

    მუხლი 2

 ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაინტერესებული სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით მოამზადოს საქართველოს კანონის პროექტი ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის შესახებ, ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის პრევენციისა და ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის საკითხების გათვალისწინებით.

     მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი            ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2355–IIს