პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ

  • Word
პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/01/1981
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 11/04/2006
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2006
სარეგისტრაციო კოდი 490030000.03.030.000583
  • Word
-
28/01/1981
გაურკვეველი, -, 11/04/2006
490030000.03.030.000583
პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია

პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ

სტრასბურგი

28.01.1981

პრეამბულა

ქვემორე ხელის მომწერი სახელმწიფოები, ევროპის საბჭოს წევრები,

მიიჩნევენ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანს წარმოადგენს მის წევრებს შორის ერთიანობის მიღწევა, რომელიც ძირითადად დაფუძნებულია კანონის, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა აღიარებაზე;

მიიჩნევენ სასურველად პიროვნების უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის გარანტიების გავრცელებას, განსაკუთრებით თითოეული ადამიანის უფლებას კონფიდენციულობის დაცვის შესახებ; ასევე ითვალისწინებენ რა ამა თუ იმ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაცემული პერსონალური ინფორმაციის მზარდ ნაკადს, რომელიც ექვემდებარება ავტომატურ დამუშავებას;

ამავე დროს, ადასტურებენ რა თავიანთ ვალდებულებებს , უზრუნველყონ ინფორმაციის გაცვლის თავისუფლება საზღვრებისგან დამოუკიდებლად;

აღიარებენ რა კონფიდენციალობის დაცვის ძირითადი ასპექტების შეთანხმების აუცილებლობას ხალხთა შორის ინფორმაციის თავისუფალ გაცვლასთან ,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. მიზნები და ამოცანები

წინამდებარე კონვენციის მიზანს წარმოადგენს თითოეული პიროვნების უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფა ხელშეკრულების ყოველი მხარის ტერიტორიაზე, მათი ეროვნებისა თუ საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, კერძოდ კი კონფიდენციალობის დაცვის უფლების უზრუნველყოფა პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას, რომელიც მოცემულ პიროვნებას შეეხება („მონაცემთა დაცვა“).

    მუხლი 2. განსაზღვრება

მოცემულ კონვენციაში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები და განსაზღვრებები

ა) „პერსონალური მონაცემები“-აღნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც შეეხება განსაზღვრულ ან განმსაზღვრელ პირს („ინფორმაციის სუბიექტს“);

ბ) „მონაცემთა ავტომატიზებული ფაილი“ - აღნიშნავს ინფორმაციის ნებისმიერ ნაკრებს, რომელიც ექვემდებარება ავტომატურ დამუშავებას;

გ) „ავტომატური დამუშავება“ - აღნიშნავს შემდეგ ოპერაციებს, რომლებიც სრულდება ინფორმაციის მთელ ნაკრებზე ან მის ნაწილზე ავტომატიზებული საშუალებებით, კერძოდ: მონაცემთა შენახვა, ამ მონაცემებზე ლოგიკური/მათემატიკური ოპერაციების შესრულება, მათი შეცვლა, წაშლა, ინფორმაციული მოძიება და გავრცელება;

დ) „ფაილის ადმინისტრატორი“ - აღნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, დაწესებულებას ან სხვა ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია გადაწყვიტოს, რა მიზნებისთვისაა გათვალისწინებული მოცემული ავტომატიზებული ფაილი, პერსონალური მონაცემების რომელი კატეგორიები ექვემდებარება შენახვას და რა ოპერაციების ჩატარება შეიძლება მათთან მიმართებით.

    მუხლი 3.მოქმედების სფერო

1. მხარეები იღებენ ვალდებულებას იხელმძღვანელონ წინამდებარე კონვენციით პერსონალური მონაცემების ავტომატიზებულ ფაილებთან მუშაობისა და პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას, რომელიც ხორციელდება კერძო და საზოგადოებრივ სექტორებში.

2. წინამდებარე კონვენციის ხელმოწერისას ან მისი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირებისას, ასევე ამის შემდგომ ნებისმიერ პერიოდში, ყოველი სახელმწიფო უფლებამოსილია, ევროპის კავშირის გენერალური მდივნის სახელზე დეკლარაციის წარდგენის გზით, განაცხადოს შემდეგზე:

ა) იმის თაობაზე, რომ იგი არ გამოიყენებს მოცემულ კონვენციას პერსონალური მონაცემების ავტომატიზებული ფაილების გარკვეული კატეგორიის მიმართ, რომელთა სიაც დეპონირებული იქნება. თუმცა, ეს სია არ უნდა შეიცავდეს მონაცემთა ავტომატიზებული ფაილების იმ კატეგორიებს, რომლებზეც ვრცელდება ადგილობრივი კანონები მონაცემთა დაცვის შესახებ. შემდგომში ყოველთვის, როცა მონაცემთა დაცვის შესახებ ადგილობრივი კანონების მოქმედების სფეროში მოხვდება პერსონალური მონაცემების ავტომატიზებული ფაილების დამატებითი კატეგორიები, სახელმწიფო, ახალი დეკლარაციის წარდგენის გზით, შესაბამის ცვლილებებს შეიტანს აღნიშნულ სიაში;

ბ) იმის თაობაზე, რომ იგი აღნიშნული კონვენციით იხელმძღვანელებს ასევე იმ ინფორმაციის დამუშავებისას, რომელიც მიეკუთვნება პირთა ჯგუფებს, ასოციაციებს, ორგანიზაციებს, კომპანიებს, კორპორაციებს და სხვა ნებისმიერ ორგანიზაციას, რომლების უშუალოდ ან არაპირდაპირი გზით შედგებიან ინდივიდუმებისაგან, იმისდა მიუხედავად, წარმოადგენენ თუ არა მოცემული ორგანიზაციები იურიდიულ პირს;

გ) იმის თაობაზე, რომ იგი აღნიშნული კონვენციით იხელმძღვანელებს ასევე იმ პერსონალური მონაცემების ფაილებთან მიმართებით, რომლებიც არ ექვემდებარებიან ავტომატიზებულ დამუშავებას.

3. ყოველი სახელმწიფო, რომელმაც მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული ნებისმიერი დეკლარაციის წარდგენის გზით გააფართოვა მოცემული კონვენციის მოქმედების სფერო, უფლებამოსილია თითოეულ დეკლარაციაში განაცხადოს იმის შესახებ, რომ მოქმედების სფეროს ამგვარი გაფართოება შეეხება პერსონალური ინფორმაციის ფაილთა მხოლოდ გარკვეულ კატეგორიებს, რომელთა სიებიც დეპონირებული იქნება.

4. ყოველ მხარეს, რომელიც, ზემოაღნიშნული მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დეკლარაციის წარდგენის გზით, წინამდებარე კონვენცის მოქმედების სფეროდან გამორიცხავს პერსონალური მონაცემების ავტომატიზებული ფაილების გარკვეულ კატეგორიას, უფლება არ აქვს მოცემული კონვენცია გამოიყენოს იმ მხარის შესაბამისი კატეგორიის ფაილების მიმართ, რომელიც არ გამორიცხავს მათ.

5. ანალოგიურად, მხარეს, რომელმაც ზემოთ აღნიშნული მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არ გააფართოვა მოცემული კონვენციის მოქმედების სფერო, უფლება არ აქვს მოითხოვოს მოცემული კონვენციის გამოყენება იმ მხარის პუნქტების მიმართ, რომელმაც განახორციელა ამგვარი გაფართოება.

6. ზემოთ აღნიშნული მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციები მათ წარმდგენ სახელმწიფოსთან მიმართებით მოქმედებს მოცემული კონვენციის ძალაში შესვლის მომენტიდან იმ შემთხვევაში, როცა მათი წარდგენა მოხდება რატიფიცირების, მიღების, მოწონების ან მასთან შეერთების შესახებ დოკუმენტების ხელმოწერის ან დეპონირებისას. იმ შემთხვევაში, თუ მათი წარდგენა მოხდა მოგვიანებით, მოქმედების ვადა იწყება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ მათი მიღებიდან სამი დღის შემდეგ. შესაძლებელია ამ დეკლარაციების უკან გამოთხოვა მთლიანად ან ნაწილობრივ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით. უკან გამოთხოვა ძალაში შედის შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან სამი თვის შემდეგ.

თავი II. მონაცემთა დაცვის ძირითადი პრინციპები

    მუხლი 4. მხარეთა ვალდებულებები

1. ყოველი მხარე იღებს ვალდებულებას, განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები შესაბამის კანონმდებლობაში იმ დებულებათა ჩართვისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ თავში წარმოდგენილი მონაცემების დაცვის ძირითადი პრინციპების რეალიზაციის შესაძლებლობებს.

2. აღნიშნული ღონისძიებები მიღებული უნდა იქნეს არაუგვიანეს მოცემული კონვენციის ძალაში შესვლის დღისა ყოველი მხარისთვის.

    მუხლი 5. მონაცემთა ხარისხი

პერსონალური მონაცემები, რომლებიც ექვემდებარებიან ავტომატიზებულ დამუშავებას:

ა) მიღებული და დამუშავებული უნდა იყოს პირდაპირი და კანონიერი გზით;

ბ) შენახული უნდა იქნეს ზუსტად განსაზღვრული კანონიერი მიზნებისთვის და არ უნდა იყოს გამოყენებული მათთან შეუთავსებელი გზით;

გ) უნდა იყოს ადეკვატური და არ უნდა აღემატებოდეს იმ მიზნებს, რომლებისთვისაც ისინი ინახება;

დ) უნდა იყოს ზუსტი და, საჭიროებისამებრ, განახლებადი;

ე) დაცული უნდა იყოს ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიკაციის საშუალებას მხოლოდ იმ დროში, რაც საჭიროა იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ინახება ეს მონაცემები.

    მუხლი 6. მონაცემთა სპეციალური კატეგორიები

პერსონალური მონაცემები, რომლებიც შეეხება რასობრივ წარმომავლობას, პოლიტიკურ, რელიგიურ ან სხვა მრწამსს, ისევე როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობასა თუ სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, არ ექვემდებარება ავტომატიზებულ დამუშავებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადგილობრივი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მათი დაცვის შესაბამის გარანტიებს. იგივე ეხება სისხლის- სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ მონაცემებსაც.

    მუხლი 7. მონაცემთა დაცვა

ავტომატიზებულ ფაილებში შენახული მონაცემების დაცვის მიზნით, მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოების შესაბამისი ზომები მათი შემთხვევითი თუ არასანქცირებული დარღვევის, შემთხვევითი დაკარგვის, ასევე მათთან არასანქცირებული შეღწევის, შეცვლის ან გავრცელების წინააღმდეგ.

    მუხლი 8. დამატებითი გარანტიები მონაცემთა სუბიექტებისათვის

ნებისმიერ პირს უნდა შეეძლოს:

ა) მონაცემთა ავტომატიზებული ფაილის არსებობის ფაქტის დადგენა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფაილის, მისი ძირითადი მიზნების, ასევე მოცემული ფაილის ადმინისტრატორის პიროვნების, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ან ძირითადი სამუშაო ადგილის შესახებ;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდულობითა და გადაჭარბებული დაგვიანებისა თუ დანახარჯების გარეშე, მონაცემთა ავტომატიზებულ ფაილში მასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების არსებობის ფაქტის დადასტურება, ასევე მისთვის მონაცემთა მიწოდება მისაღები ფორმით;

გ) საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს მოითხოვოს ამ მონაცემთა გასწორება ან წაშლა, თუ მათი დამუშავება მოხდა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გზით, და რომელიც ეთანადება აღნიშნული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლებში გადმოცემულ ძირითად პრინციპებს;

დ) თავისი უფლებების რეალიზაციის მიზნით მიიღოს ზომები საკუთარ განაცხადზე პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, რომელიც ავტომატიზებულ ფაილში პერსონალური მონაცემების არსებობის ფაქტის დადასტურებას შეეხება, თუ მონაცემთა მიწოდება, შეცვლა ან წაშლა განხორციელდა მოცემული მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტების მოთხოვნათა დარღვევით.

    მუხლი 9. გამონაკლისები და შეზღუდვები

1. დაუშვებელია ყოველგვარი გამონაკლისი წინამდებარე კონვენციის მე-5, მე-6 და მე-8 მუხლებიდან, გარდა მოცემულ მუხლში განსაზღვრული ფარგლებისა.

2. ამ კონვენციის მე-5, მე-6, და მე-8 მუხლებიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ გადახვევას ითვალისწინებს ხელშეკრულების მხარის კანონმდებლობა და წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელ ღონისძიებას, რომელიც მიიღება:

ა) სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფოს მონეტარული ინტერესების ან სისხლისსამართლებრივ დანაშაულებებთან ბრძოლის ინტერესების დაცვის მიზნით;

ბ) ინფორმაციის ობიექტებისა და სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით.

3. მე-8 მუხლის „ბ“, „გ“, და „დ“ პუნქტებში განსაზღვრული უფლებების განხორციელებაში არსებული შეზღუდვები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივ კანონმდებლობაში, რომელიც შეეხება სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის გამოყენებულ პერსონალური ინფორმაციის ავრომატიზირებულ ფაილებს იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა ინფორმაციის სუბიექტების კონფიდენციალობის დარღვევის რისკის არარსებობა.

    მუხლი 10. სანქციები და გარანტიები

ყოველი მხარე იღებს ვალდებულებას, დააწესოს შესაბამისი სანქციები და გარანტიები ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, რომელიც შეეხება ამ თავში მოცემული მონაცემების დაცვის ძირითად პრინციპებს.

    მუხლი 11. გაფართოებული დაცვა

მოცემული თავის არცერთი დებულება არ შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნეს, როგორც შემზღუდველი ან სხვაგვარად ხელის შემშლელი რომელიმე მხარის მიერ დაცვის უფრო ფართო ღონისძიებების მიღებისათვის, ვიდრე ამას ითვალისწინებს ეს კონვენცია.

თავი III. მონაცემთა ნაკადების გადაცემა საზღვარზე

    მუხლი 12. პერსონალური მონაცემების ნაკადების გადაცემა საზღვარზე და ადგილობრივი კანონმდებლობა

1. ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს სახელმწიფო საზღვარზე პერსონალური მონაცემების ნებისმიერი საშუალებით გადაცემის მიმართ, რომლებიც ექვემდებარება ავტომატურ დამუშავებას ან მომზადებულია ამ მიზნისათვის.

2. მხარეს, კონფიდენციალობის დაცვის მოტივით, უფლება არ აქვს ხელი შეუშალოს პერსონალური მონაცემების გადაცემას სხვა მხარის ტერიტორიაზე ან მოითხოვოს ამისათვის სპეციალური ნებართვა.

3. მიუხედავად ამისა, თითოეული მხარე უფლებამოსილია არ დაეთანხმოს მე-2 პუნქტის დებულებას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მისი კანონმდებლობა შეიცავს განსაკუთრებულ დებულებებს პერსონალური მონაცემების ავტომატიზებული ფაილების განსაზღვრული კატეგორიებისათვის, რაც განპირობებულია ამ მონაცემების ან ფაილების ხასიათით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სხვა მხარის კანონმდებლობა ითვალისწინებს ეკვივალენტურ დაცვას;

ბ) როცა გადაცემა ხორციელდება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული შუამავლის მეშვეობით მისი ტერიტორიიდან იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც არ წარმოადგენს ხელშეკრულების მონაწილეს; ასევე ისეთი გადაცემის თავიდან აცილების მიზნით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ამ პუნქტის დასაწყისში მითითებული მხარის ფანონმდებლობის გვერდის ავლით.

თავი IV. ურთიერთდახმარება

    მუხლი 13. მხარეთა თანამშრომლობა

1. წინამდებარე კონვენციის დანერგვის მიზნით, მხარეები თანხმობას აცხადებენ ურთიერთდახმარებაზე.

2. ამისათვის:

ა) ყოველი მხარე თანამშრომლობისათვის გამოყოფს ერთ ან რამდენიმე ორგანოს, რომელთა დასახელებასა და მისამართს შეატყობინებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს;

ბ)ყოველი მხარე, რომელიც თანამშრომლობისათვის გამოყოფს ერთზე მეტ ორგანოს, ვალდებულია ზემოთ აღნიშნულ შეტყობინებაში განსაზღვროს თითოეული მათგანის კომპეტენციის სფერო.

3. ამა თუ იმ მხარის მიერ აღნიშნული მიზნისთვის გამოყოფილი ორგანო, მეორე მხარის მიერ გათვალისწინებული ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია:

ა) წარმოადგინოს ინფორმაცია თავისი ქვეყნის კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის შესახებ მონაცემთა დაცვის სფეროში;

ბ) ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად და კონფიდენციალობის დაცვის მიზნის გათვალისწინებით, განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება საიმედო ინფორმაციის მიწოდებისათვის, რომელიც შეეხება ავტომატური დამუშავების ყოველ კონკრეტულ შემთხვევას, რასაც ადგილი აქვს მის ტერიტორიაზე, გარდა დამუშავების პროცესში მყოფი პერსონალური მონაცემებისა.

    მუხლი 14. საზღვარგარეთ მცხოვრები მონაცემთა სუბიექტების დახმარება

1. ყოველი მხარე ვალდებულია დახმარება აღმოუჩინოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ნებისმიერ პირს ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში, რომელიც ეთანადება ამ კონვენციის მე-8 მუხლში აღნიშნულ პრინციპებს.

2. იმ შემთხვევაში, თუ პირი ცხოვრობს სხვა მხარის ტერიტორიაზე, მას უნდა მიეცეს საკუთარი განაცხადის წარდგენის უფლება მისთვის დახმარების გაწევის თაობაზე იმ შუამავალი ორგანოს მეშვეობით, რომელსაც თანამშრომლობისათვის გამოყოფს ეს მხარე.

3. განაცხადი დახმარების გაწევის თაობაზე უნდა შეიცავდეს ყველა აუცილებელ დეტალს, რომელიც მათ შორის შეეხება:

ა) სახელს, მისამართს და განაცხადის წარმდგენი პირის სხვა მნიშვნელოვან მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას;

ბ) პერსონალური მონაცემების ავტომატიზებულ ფაილს, რომელსაც ეკუთვნის განაცხადი ან ფაილის ადმინისტრატორს;

გ) განაცხადის მიზნებს.

    მუხლი 15. დახმარების გარანტიები, რომელსაც გასწევენ შესაბამისი ორგანოები

1. ამა თუ იმ მხარის მიერ თანამშრომლობისათვის გამოყოფილ ორგანოს, რომელმაც მიიღო ინფორმაცია განაცხადის დამატების ან თანამშრომლობისათვის გამოყოფილი ორგანოს მხრიდან პასუხის სახით დახმარების გაწევის შესახებ მის განაცხადზე, არ აქვს ამ ინფორმაციის გამოყენების უფლება იმ მიზნებისათვის, რომლებიც განსხვავდება განაცხადში მითითებული მიზნებისაგან.

2. ყოველი მხარე იძლევა გარანტიას, რომ ყველა პირი, რომელიც მიეკუთვნება თანამშრომლობისათვის გათვალისწინებულ ორგანოს ან მოქმედებს მათი სახელით, ვალდებული იქნება დაიცვას საიდუმლოება ან კონფიდენციალობა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

3. თანამშრომლობისთვის გამოყოფილ ორგანოებს, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უფლება არ აქვთ დამოუკიდებლად და პირის სპეციალური თანხმობის გარეშე წარადგინონ განაცხადი მონაცემთა სუბიექტის სახელით, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ.

    მუხლი 16. უარი განაცხადზე თანამშრომლობის გაწევის შესახებ

თანამშრომლობისათვის გამოყოფილ ორგანოს, რომლის სახელზეც არის გაგზავნილი განახცადი დახმარების გაწევის შესახებ, წინამდებარე კონვენციის მე -13 და მე-14 მუხლების თანახმად, უფლება არ აქვს უარი თქვას მის შესრულებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

ა) განაცხადი არ შეესაბამება მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოების უფლებამოსილებას მონაცემთა დაცვის სფეროში;

ბ) განაცხადი არ შეესაბამება კონვენცის დებულებებს;

გ) თუ განაცხადის შესრულება შეუთავსებელი იქნებოდა იმ მხარის სუვერენიტეტთან, უსაფრთხოებასა და სახელმწიფო პოლიტიკასთან (ordre public), რომელმაც თანამშრომლობისა­თვის გამოყო მოცემული ორგანო, ასევე ამ ქვეყნის იურისდიქციაში მყოფი პირების უფლებებსა და თავისუფლებებთან.

    მუხლი 17. დახმარების გაწევის წესი და ღირებულება

1. მხარეთა მიერ მე-13 მუხლის თანახმად ერთმანეთისთვის გაწეულმა დახმარებამ და მე-14 მუხლის თანახმად საზღვარგარეთ მყოფი სუბიექტების მხარდაჭერამ არ უნდა გამოიწვიოს მომსახურების ღირებულების ზრდა და სხვა ხარჯების საფასურის ამოღება, გარდა ექსპერტთა გასამრჯელოებისა და მთარგმნელთა ანაზღაურებისა. გასამრჯელოებისა და ანაზღაურებისათვის საჭირო დანახარჯებს იხდის მხარე, რომელმაც თანამშრომლობისთვის გამოყო დახმარების გაწევის შესახებ განაცხადის წარმდგენი ორგანო.

2. დაუშვებელია მონაცემთა სუბოექტს წარედგინოს მოთხოვნა იმ მომსახურებისა და გასამრჯელოს ანაზღაურების შესახებ, რომელიც განხორციელდა მისი სახელით სხვა მხარის ტერიტორიაზე და განსხვავდება ამ ქვეყნის მცხოვრებთა მხრიდან ანაზღაურებადი ღონისძიებებისგან.

3. დახმარებასთან, კერძოდ მისი გაწევის წესთან და ფორმებთან, აგრეთვე შესაძლოდ გამოსაყენებელ ენებთან დაკავშირებული სხვა დეტალები უნდა დადგინდეს უშუალოდ მონაწილე მხარეების მიერ.

თავი V. საკონსულტაციო ორგანო

    მუხლი 18. კომიტეტის შემადგენლობა

1. საკონსულტაციო ორგანოს დაფუძნება ხდება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ.

2. ყოველი მხარე კომიტეტში წარადგენს თავის წარმომადგენელს და მის მოადგილეს. ნებისმიერ სახელმწიფოს - ევროპის საბჭოს წევრს, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს, უფლება აქვს კომიტეტში წარმომადგენელი იყოს თავისი დამკვირვებლით.

3. საკონსტიტუციო ორგანო, საკუთარი ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, უფლებამოსილია კონკრეტულ სხდომაზე დამკვირვებლის სახით მოიწვიოს ევროპის საბჭოს წევრი ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ წარმოადგემს მხარეს.

    მუხლი 19. კომიტეტის ფუნქციები

1. საკონსულტაციო კომიტეტი უფლებამოსილია:

ა) წარმოადგინოს წინადადებები, რომლებიც მიმართულია წინამდებარე კონვენციის გამოყენების ხელშეწყობისა და გაუმჯობესებისაკენ;

ბ) 21-ე მუხლის თანახმად, წარმოადგინოს წინადადებები წინამდებარე კონვენციაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

გ) ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრება წინამდებარე კონვენციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებულ ნებისმიერ წინადადებასთან მიმართებით, რომელიც განიხილება 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად;

დ) მხარეთა მოთხოვნისამებრ, გამოხატოს საკუთარი აზრი წინამდებარე კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის ირგვლივ.

    მუხლი 20. საქმიანობის წესი

1. საკონსულტაციო კომიტეტის მიწვევის ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. კომიტეტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან 12 თვის განმავლობაში. შემდგომში, კომიტეტის სხდომები უნდა ჩატარდეს არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ, ასევე ნებისმიერ დროს კომიტეტის მოწვევის მოთხოვნისთანავე, რომელსაც მხარს უჭერს მხარეთა წარმომადგენლების ერთი მესამედი.

2. მხარეთა წარმომადგენლების უმრავლესობამ უნდა შეადგინოს კვორუმი, რომელიც აუცილებელია საკონსულტაციო კომიტეტის სხდომის ჩატარებისთვის.

3. ყოველი სხდომის შემდეგ, საკონსულტაციო კომიტეტმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს უნდა წარუდგინოს მოხსენება საკუთარი საქმიანობისა და კონვენციის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

4. კონვენციის დებულებათა შესაბამისად, საკონსულტაციო კომიტეტმა უნდა შეიმუშაოს საკუთარი საქმიანობის რეგლამენტი.

თავი VI. ცვლილებები

    მუხლი 21. ცვლილებები

1. ამ კონვენციაში ცვლილებების შესახებ წინადადებების წარმოდგენა შეუძლიათ მონაწილე მხარეებს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ან საკონსულტაციო კომიტეტს.

2. კონვენციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა უნდა შეატყობინოს ევროპის საბჭოს წევრ-სახელმწიფოებს, ასევე ყოველ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ევროპის საბჭოს წევრი, მაგრამ უკვე შეუერთდა ან მიიღო ამ კონვენციასთან შეერთების წინადადება 23-ე მუხლის დებულების თანახმად.

3. უფრო მეტიც, მინისტრთა კომიტეტის ან მხარეთა მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი წინადადება უნდა გადაეცეს საკონსულტაციო კომიტეტს, რომელმაც მინისტრთა კომიტეტს უნდა წარუდგინოს საკუთარი დასკვნა შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

4. მინისტრთა კომიტეტმა უნდა განიხილოს შემოთავაზებული ცვლილება, ასევე საკონსულტაციო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი მოსაზრება. იგი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოცემულ ცვლილებას.

5. მინისტრთა კომიტეტის მიერ მოწონებული ცვლილების ტექსტი, მოცემული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მისაღებად წარედგინებათ მხარეებს.

6. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მოწონებულია მოცემული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ძალაშია მხარეთა მიერ ამ ცვლილების მიღების შესახებ გენერალური მდივნის ინფორმირებიდან 30-ე დღეს.

თავი VII. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 22. ძალაში შესვლა

1. წინამდებარე კონვენციაზე ხელმოწერა თავისუფალია ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის. იგი ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებასა ან თანხმობას. დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების ან თანხმობის შესახებ დეპონირდება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ.

2. წინამდებარე კონვენცია ძალაშია იმ სამთავიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველი დღიდან,რომელიც გამოითვლება იმ დროიდან, როცა ევროპის საბჭოს წევრმა ხუთმა სახელმწიფომ, წინა პუნქტის დებულებათა შესაბამისად, განაცხადა თანხმობა ამ კონვენციასთან შეერთების თაობაზე.

3. ნებისმიერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოსათვის, რომელიც მოგვიანებით გამოთქვამს თანხმობას წინამდებარე კონვენციასთან შეერთების შესახებ, ეს უკანასკნელი ძალაში შედის იმ სამთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველი დღიდან, რომელიც გამოითვლება რატიფიკაციის, მიღების ან თანხმობის გამოხატვის შესახებ დოკუმენტის დეპონირების დროიდან.

    მუხლი 23. იმ სახელმწიფოთა შეერთება, რომლებიც არ არიან ევროპის საბჭოს წევრები

1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, ხმათა უმრავლესობით,ევროპის საბჭოს შესახებ დებულების მე-20 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად და მომლაპარაკებელი მხარეების წარმომადგენელთა ერთხმად გადაწყვეტილებით, რომლებიც უფლებამოსილნი არინ მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის სხდომებში, უფლება აქვს ამ კონვენციასთან შეერთებისთვის მოიწვიოს ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ არის ევროპის საბჭოს წევრი.

2. ნებისმიერ სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელიც შეუერთდება ამ კონვენციას, ეს უკანასკნელი ძალაში შედის იმ სამთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველი დღიდან, რომელიც გამოითვლება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ შეერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირების დროიდან.

    მუხლი 24. ტერიტორიული საზღვრები

1. ნებისმიერ სახელმწიფოს, ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების, თანხმობის ან შეერთების შესახებ თავისი დოკუმენტის დეპონირებისას, უფლება აქვს დათქვას ტერიტორიის ან ტერიტორიათა საკითხი, რომელთან მიმართებაშიც გამოიყენება წინამდებარე კონვენცია.

2. ნებისმიერ სახელმწიფოს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე დეკლარაციის გაგზავნის გზით, უფლება აქვს ნებისმიერ სხვა დროს გაავრცელოს წინამდებარე კონვენციის მოქმედება ამ დეკლარაციაში განსაზღვრულ ნებისმიერ ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიასთან მიმართებით, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის იმ სამთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველი დღიდან, რომელიც გამოითვლება გენერალური მდივნის მიერ ამ დეკლარაციის მიღების დროიდან.

3. წინა ორი პუნქტის თანახმად წარდგენილი ნებისმიერი დეკლარაცია, რომელიც შეეხება დეკლარაციაში განსაზღვრულ ნებისმიერ ტერიტორიას, შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გენერალური მდივნის სახელზე შეტყობინების გაგზავნის გზით. უკან გამოთხოვა ძალაში შედის იმ ექვსთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველი დღიდან, რომელიც გამოითვლება გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების დროიდან.

    მუხლი 25. წინასწარი პირობები

დაუშვებელია წინასწარი პირობების წამოყენება კონვენციის დებულებათა მიმართ.

    მუხლი 26. დეპონსირება

1. ნებისმიერი მხარე ნებისმიერ დროს უფლებამოსილია მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსირება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

2. დენონსაცია ძალაში შედის იმ ექვსთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველი დღიდან, რომელიც გამოითვლება გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების დროიდან.

    მუხლი 27. შეტყობინება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვალდებულია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებსა და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც შეუერთდნენ წინამდებარე კონვენციას, შეატყობინოს შემდეგი:

ა) ყოველი ხელმოწერის შესახებ;

ბ) რატიფიკაციის, მიღების, თანხმობის ან შეერთების შესახებ აქტების დეპონირების შესახებ;

გ) წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შესახებ 22-ე, 23-ე, 24-ე მუხლების თანახმად;

დ) წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ქმედების, შეტყობინების ან ცნობის შესახებ.

რის დასადასტურებლადაც, ქვემორე ხელის მომწერნმა, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი უფლებამოსილება, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შედგენილია სტრასბურგში, 1981 წლის 28 იანვარს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა, თითოეული მათგანი შესრულებულია ერთ ეგზემპლარად და დეპონირდება ევროპის საბჭოს არქივებში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დადასტურებულ ასლებს გადასცემს ევროპის საბჭოს წევრ ყოველ ქვეყანას და თითოეულ სახელმწიფოს, რომლებმაც მიიღეს წინამდებარე კონვენციასთან შეერთების წინადადება.